გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჩვენს შესახებ

                                                                   რედაქტორისაგან
ბოლო 4 თვეა ამ პროექტის განხორციელებაზე ვფიქრობ. დღესდღეისობით, საქართველოში ჟურნალ-გაზეთების ნაკლებობას არ განიცდის საზოგადოება, თუმცა ჟურნალი, რომელიც მეცნიერულ-ლიტერატურულ ტექსტებს გააერთიანებს, მეცნიერებსა და ლიტერატორებს დააკავშირებს, დააკავშირებს ნიჭიერ ახალგაზრდებსა და გამოცდილ, სახელმოხვეჭილ მწერლებსა და მეცნიერებს,  - რამდენიმე თუ მოიძებნება.
ყოველი სიახლე, რომელიც დადებითი პროცესების განვითარებას ხელს უწყობს - მისაღები და მისასალმებელია. ქუთაისში არაერთი საინტერესო ჟურნალ-გაზეთი დაარსებულა... ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც.
გვერდით შემოვიკრიბე ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ძიებისა და სწორად ჭვრეტის უნარი გააჩნიათ. ეს ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით დაინტერესებულან, თუმცა თითოეულ მათგანს აერთიანებს შინაგანი მზაობა სამყაროს სირთულეებთან გამკლავებისათვის. ჩვენი სარედაქციო კოლეგიის თითოეული წევრი მოაზროვნე საზოგადოების გაცოცხლებულ წარსულსა და აწმყოდ ქცეულ მომავალს წარმოადგენს.
რამდენიმე სიტყვით გეტყვით მათ შესახებ: თორნიკე ფახურიძე მეტაფიზიკოსი ფილოსოფოსია, რომლისთვისაც ცალკეული ჭეშმარიტება არ არსებობს; დავით კაკაურიძე ისტორიკოსია, რომელსაც სამშობლოსა და რწმენის ცნება გაიდიალებული აქვს; ელგუჯა ბერიშილი მხატვარია, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტული ნამუშევრებით გამოირჩევა; ირაკლი ჯაფარიძე მათემატიკოსია, ამავდროულად კი, დღევანდელობის ერთ-ერთი თვალსაჩინო პოეტი, რომლის ლექსებიც ღრმა აზროვანი შინაარსით გამოირჩევა; შოთა ზივზივაძე პოსტმოდერნისტი ფილოსოფოსია, არაერთი საინტერესო ტექსტის ავტორი; გივი მეფარიშილი ფილოსოფოსთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც თავის თავს კანტიანელებს უწოდებენ, ასევე, წერს საინტერესო ლექსებს; ლადო ჯაფარიძე მოჭადრაკეა, მრავალი ტურნირის მონაწილე. ძირითადად, ამუშავებს თეორიებს და იკვლევს ემანუელ ლასკერის თამაშის პრინციპს. ასევე, მიუთითებს თანამედროვე საშუალებების უხეშ ჩარევაზე ჭადრაკში და აღნიშნავს მოჭადრაკეთა ,,პროგრამირების“ საშიშროებას; შოთა ტოგონიძე აღმოსავლეთმცოდნეა, ასევე, თარგმნის ტექსტებს რუსულიდან, ინგლისურიდან და თურქულიდან - ქართულად; ქართლოს ქარჩხაძე ისტორიკოსია. ძირითადად, საქართველოს ისტორიაზე მუშაობს. აქვს საინტერესო ნაშრომები რუსთაველის იდენტობასთან დაკავშირებით; ფრიდონ ლომთაძე მოჭადრაკეა, რამდენიმე საინტერესო თეორიის ავტორი. ამუშავებს თანამედროვე ჭადრაკის პრინციპებს და მიუთითებს კომპიუტერული პროგრამების გავლენაზე ჭადრაკის მიმართ; გიორგი გურგენიძე ეკონომისტია, რამდენიმე დასამახსოვრებელი ტექსტის ავტორი, რომლითაც სხვადასხვა კონფერენციაზე გამოვიდა. არის პრაგმატისტი; ირაკლი გოგაბერიშვილი ეკოლოგია. ასევე, აქტიურად იკვლევს ფეხბურთის ისტორიას და თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებს; ნოდარ თუთბერიძე ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსია, რომელიც თავის ტექსტებს პრინციპულად არ აქვეყნებს. ბექა ფოცხვერია იურისტია, ამავდროულად კი, პოეტი, რომლის ლექსებიც დიდი პუპულარობით სარგებლობს დღევანდელ საზოგადოებაში.
ჩვენი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრებზე საუბარი საჭიროდ ჩავთვალე, რადგან ბევრ  მათგანს შესაძლოა არ იცნობდეთ, ძვირფასო მეგობრებო. ეს ადამიანები, ასე წყნარად და მშვიდად, აკეთებენ საზოგადო საქმეს. მათი დიდი ნაწილი ქუთაისში მოღვაწეობს.
კოლეგიის საპატიო წევრებს წარდგენა არ სჭირდებათ, თითოეული თქვენგანი იცნობთ ამ ადამიანებს: თეიმურაზ ლანჩავა, რობერტ გოლეთიანი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ოთარ ჭუმბურიძე, რენიკო საკანდელიძე, იზოლდა რუსაძე, ირმა ქურასბედიანი, ბადრი ინაშაური (სვანაძე), ჯონი გოგაბერიშვილი, გია ხოფერია, დემურ მიქაძე.  მე მათ მადლობას ვუხდი გვერდით დგომისათვის! ასევე, მადლობას ვუხდი ქალაქ ქუთაისის მერიას და ბატონ გიორგი ჭიღვარიას მხარდაჭერისათვის.
ჩვენი ჟურნალი გამოიცემა კვარტალში ერთხელ.
ჟურნალი ,,აფინაჟის“ მთავარი დევიზია: ,,ხელოვნება, როგორც მეცნიერებისა და ლიტერატურის სინთეზი“. ამ ექვსი სიტყვით ყველაფერი ვთქვი, რასაც შეიძლება რამდენიმე ასეული სიტყვა დასჭირვებოდა.
წარმატებას ვისურვებ ჩვენს ჟურნალს! ის უკვე თქვენს სამსჯავროზეა...фильмы бесплатно DLE -