გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მირიან ებანოიძე - ომი

მირიან ებანოიძე

ყველაფერი იმით დაიწყო რომ აღარაა დასაწყისი – უკვე შიგნით ვართ
რამოდენიმე ხეივანი, ვაგზლის ხედები და მაგისტრალი
წინ უკან მარჯვნივ მარცხნისაკენ ნაბიჯებით ადგილზე სვლისას
ჩვენივე თავს გავუღიმებთ, ხელს ჩამოვართმევთ
ეს არის ომი. მაგრამ მტერი არსად არა სჩანს...  

 ატლასის ფარდას მოედო ცეცხლი.
 
პარკში სძინავს მოხუცს _ მისი პულსი სუსტია და ძალიან მშვიდი
პატარა ბიჭი თამაშობს ფეხბურთს და ამ დროს უცებ დაიწყო ომი
მოულოდნელად, წვიმასავით ხმაურიანად...   

ჩვენ ვსვამთ ჩაის. ვათვალიერებთ გამოფენას...
 
მხედველობას არასოდეს ვენდობოდი. ვერ გხედავდი, მაშინ როცა
შენი ხელი მიჭირავს ხელში _ შენ კი ომში ხარ
გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით? 
შენს თვალებში ზიგზაგებად სიხარულით იელვებს ცეცხლი... 
  
სიზმრებში ჭიშკარს გამოვაღებ და კვლავ დავხურავ,..
  
მას პარკში უკვე დაეძინა. ვარსკვლავების ფერფლი ეყრება
იქ, წარსულში, სკოლის კედლებში
გაკრთება ლანდი მისი კლასის დამრიგებელის _ 
ფეხისწვერებით მოაქვს ტანი, ისწორებს კაბას
დაფაზე ხატავს წრეებს წრფეებს რომბებს წრეწირებს
კაბაშეხსნილი, მარცხენა ქუსლით ზეცისაკენ მიიწევს მაღლა. 
 
 
გრძელდება ომი... სადგურიდან სადგურამდე, ბნელიდან ბნელში
ხელისცეცებით ვაგნებთ გასასვლელს. ისევ თავიდან ვიბადებით...
ვიმეორებთ საკუთარ სახელს _ იქნებ დედას არ დავავიწყდეთ
ფეხები კართან გაიწმინდე, დადევი ბურთი, ჩაი დალიე…
ჩვენი სურვილი მარტივია და დაშაქრული.
  
კარები გამოაღე.  უჯრა ზევითაა და მარცხნივ.
 
ტელევიზორი ჩართულია _ სადღაც გკლავენ, მე შურს ვიძიებ
თუმცა არ მახსოვს რომელ არხზე.  ვეღარ ვიხსენებ:
გვქონდა სექსი და სადილად კიბორჩხალები თუ პირიქით _
პურის გულს ვღეჭავთ უხალისოდ... 
  
განმკლავი, ზემკლავი, მიმკლავი, ... ქვემკლავი.
  
ნახევარღმერთივით ბედნიერი ვდგავარ შიგ ომში.
 
 
 
ღრუბლებამდე ვრცელდება ცეცხლი.
მოხუცო სწორდი, ნაბიჯით  იარ! დაფისაკენ, ვარსკვლავებისკენ,
ჩვენ ვტკბებით ნატიფ ხელოვნებით  და ვსვამთ  სიფხიზლეს
 შენ რატომ ხარ პატარავ გარეთ, შედი, ომია,  ცისა და მიწის
  
სველი ფეხებით ვაწვებით მიწას...
ისევ იწყები _ ისევ ისე _სამშობიარო ტკივილები, გვირაბები, ლიანდაგები...
  
მტერი არასდროს შემხვედრია ასე, პირისპირ
უბრალოდ რომ გველაპარაკა ინტიმურად, აუღელვებლად
როგორც შენ... ან თქვენ... მივმართავდი. გეალერსები
.ომი ჩვენია? _ მეკითხები. გტკივა. მშორდები.
  
შენი ხელი ისევ მიჭირავს...
 
ცეცხლი მოედო მის გრძელ კულულებს, ტანსაცმელიც ცეცხლმა მოიცვა
აღარ ისმის არაფერი... ქარი სიტყვებს ღრუბლებში ფანტავს
ველურ ყვავილებს მოაქვთ ცეცხლი.
 ჩვენ ვგავართ ტყეებს _ სიარული არ შეგვიძლია.  
  
ჩაი მიირთვი.  მოითმინე.  ჩააქვრე შუქი...
 
 
ამას ღიად არ აცხადებენ, მაგრამ უკვე დაიწყო ომი
 აქ, ნახატში _ ასკილის ბუჩქი ამოძრავდა
ჯერ აწმყოში, მერე წარსულში...  
ჩემი სახელი ეომება შენს გვარს და სახელს
მოხუცის ქუდი ნაგავშია, ქარმა წაიღო, მას კი კვლავ სძინავს...
მთვარე, მზე და პროჟექტორები უსიცოცხლო სახეს დაჰყურებს
მხოლოდ ქარი ეთამაშება, აღიმებს და ათრთოლებს კუნთებს.
ადექ, მოხუცო, შენი სკოლის დამრიგებელი ქალი მოვიდა
ტირის და მოსთქვამს, რადგან გიცნო პატარა ბიჭი,
,,ვინც ცდილობდა გამოეცნო – ზედაპირის მიღმა სარჩული’’.
ვიხრები, თითქოს სახაზავი გადამივარდა, წითელ ატლასს რომ მოვკრა თვალი.
 
იქ, სიღრმეში,  იხსნება ზეცა თეთრ რკალებად.
იმალები და ისევ ჩნდები... ფერფლის გემოს მიტოვებ პირში.
 
ღრუბლებს მიღმა გრძელდება ომი.
ჭიშკარს ჭრიალით გამოვაღებ _ ეს სიზმარია. იქ შენ დგახარ მორცხვი და მშვიდი
 
 
ნახატზე კი ინგრევა ზეცა... 
ჭრელ მინდორზე ჩიტები და ბეღურების ნაფეხურები დაფარა წვიმამ. 
ნისლში კივილი იგუდება, თავის თავს კოცნის.
ტელევიზორი ჩართულია,  ცომი ფუვდება, ჩვენ განვაგრძობთ ჰაერის სუნთქვას...
 
სათვალის მიღმა  ნაზია და აქეთ კი მკაცრი
აბა, გამოდი დაფასთან და შეხედე რუკას,…
იქ კი წითელი ატლასია  ყველაფრის მიღმა _ 
ვგრძნობ როგორ იწვის, როგორ ზღუდავს, როგორ აკავებს..
ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, მოადუნეთ თქვენი სხეული. 
 
ვუყურებდით ნახატში მიწას...  მერე ვკოცნიდით.
  
წმინდა გიორგი გვეხმარება მივუახლოვდეთ -_ეს ქმნილებაა
შენს წინ დგას და სიკვდილთან მიდის.
ის არასოდეს ამბობს – გუშინწინ
ხელოვნური ნათურის შუქზე საკუთარ სისხლს წვალებით და ზეიმით აქცევს.
ის აქაა ზედაპირით, ხელებით და უცვლელი მკერდით -
რასაც აკეთებ, რამაც დაგთმო, ის, რაც ცეცხლშია
 
აჰა, გვირგვინი მორთმეული ნაზი ხელებით –
პატარა გოგო ლოკავს ნაყინს... იქექება ნაგავში ვიღაც.
ვარსკვლავები შრიალებენ. ნახატში კი ომი გაჩერდა... 
  
მასწ. ჩვენ აქ ვზივართ, ამ სურათში. დაგვინახე, როგორ დავბერდით.
ენას ურცხვად არ ვატრიალებთ. ეს ჩვენა ვართ _
ნაოჭები გაუჩნდა ტილოს, ჩარჩოს _ ბზარები.
 
 იის  სურნელი შეიცვალა ბერგამოტით,
 ჩეფირს ვადუღებთ…და ცეცხლს  ვუცქერთ. აღარ ვმთავრდებით.
 
 თავდამსხმელი გამორბის უკან –
წინ, მარჯვნივ, მარცხნივ ფლანგებისკენ ყველგან ომია, 
საკუთარ კარში გააქვს გოლი... 
თავდასხმა ყველგან თავდასხმაა, დაცვა კი დაცვა,
თუმცა ერთხელ ადგილები შეცვალა ყველამ როცა ომი წამით გაჩერდა
მე ამით მყისვე ვისარგებლე და გავიტანე _ გოოლ.. 
თუმცა არავის დაუნახავს, რადგან გაშეშდა მაყურებელი, გაიყინა მსაჯის სასტვენი. 
ვიცი, ხედავდი პატივცემულო, ის თვალის ჩაკვრა ამად ღირდა...
 
ის იღუპება განუწყვეტლივ, შეუჩერებლად _ მოედანზე, შენს მზერაში
ღმერთის რჩეული მაწანწალა, უსახელოდ, თეთრი პერანგით...
თოვლის ბაბუას სძინავს მერხზე, მაჯა უღონოდ ჩამოუვარდა...
პატარა გოგო ლოკავს ნაყინს და თან კისკისებს.
ციცინათელა დარჩა ღამეში...
  
გულებში ადგილს მოძებნის თოვლი. ეშვება ფარდა.
საგამოფენო დარბაზებში თოვს სინათლეზე ირიბად, ნაზად
მოხუცმა პლედი შეიბერტყა, ნელა წამოდგა, გაუყვა ქუჩას...
 
ომი გრძელდება ვარსკვლავებში, უხმაუროდ, ვნებით, ფარულად...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge