გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურა ოდილავაძე - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ფეისბუქის ლიტერატურა"

ფეისბუქის ლიტერატურა


თავი I. ფეისბუქ-ლიტერატურა

*     *     *
არც ფოლკნერი ვარ და არც ბეკეტი,
არც გოიმი ვარ და არცა სვეტი,
ხანაც გიჟი ვარ, ხანაც კერკეტი,
ფიქრთა სამეფოს პრინცი ვარ –
უოფელიო ჰამლეტი

1. f -ლიტერატურა

გუშინ: ,,მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“;
დღეს: ,,მაჩვენე შენი სტატუსი და გეტყვი ვინ ხარ შენ“.

f -ლიტერატურა (ფეისბუქ-ლიტერატურა) – უკანასკნელი წლების ლიტერატურული ჟანრი, რომელიც პუბლიცისტიკისა და მხატვრული ლიტერატურის მიჯნაზე გადის.
ინტერნეტში კითხვის თავისებურებების გამო, ამ სივრცეში განთავსებული ტექსტი უნდა იყოს მოკლე – არა უმეტეს 2-3 გვერდისა და მეტყველი. ყოველი ფრაზა უნდა იყოს სხარტი, ლაკონური და მკითხველს მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდეს.
ამბის ზოგადი შინაარსის გადმოცემისთვის შესაძლებელია ფოტოს გამოყენება.
დამატებით, ,,ფეისბუქზე“ არის – ე.წ. ,,ფერადი ფორმა“, რომელიც სულ რაღაც 12-15 სიტყვის საშუალებით უნდა გამოხატავდეს დასრულებულ აზრს.
რაც შეეხება მკითხველს, ავტორებსა და მათ შეფასებას, ცხადია, ,,ფეისბუქის“ გარემო გამოირჩევა უპრეცენდენტო დემოკრატიულობითა და თანასწორი პირობებით. აქ სრულიად გამორიცხულია რაიმე სახის ცენზურა და მინიმუმამდეა დაყვანილი მიკერძოება თუ ნეპოტიზმი.
,,ფეისბუქის“ ტექსტების განთავსება, განსხვავებით ნაბეჭდი ლიტერატურისა, არ არის დამოკიდებული გამომცემელთა თუ ხელისუფალთა ნებისგან. გამოქვეყნებისთანავე (,,დადების“) ტექსტი ხელმისაწვდომი ხდება მასობრივი მკითხველისთვის და ის არ არის ჩაკეტილი სალონის ვიწრო წრეში.
,,ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული სტატუსის ხარისხის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოწონების (Like) რაოდენობა, არამედ მეტად ის, თუ რამდენმა გაიზიარა (Share) ტექსტი. სწორედ ეს უკანასკნელი მაჩვენებელი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაინტერესდა მკითხველი ავტორის მიერ დაწერილი პოსტით.
მოკლედ, ,,ფეისბუქზე“ კონკურენციისთვის ყველა კარი ღიაა და ყველაფერი ხელისგულივით მოჩანს.
ამ დემოკრატიულ სივრცეში შეფასების შესახებ შეიძლება ასეც ითქვას:
,,მანახე ვის უსვამ ლაიქებს და გევტყვი ვინ ხარ შენ: კუტოკური კონიუნქტურის მსახური, მართალი ბოლშევიკი თუ ლიბერალი“.
ჩვენ ახალი, XXI საუკუნის ლიტარატურული ჟანრის დაბადების მოწმენი გავხდით, რასაც გულით გილოცავთ!


2. დიდი მადლობა მარკ!

,,ამქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება – ეს არის ადამიანური ურთიერთობის ფუფუნება“ – ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

მამაკაცის ცხოვრებისეულ გზას წარმართავს ორი ძალა: სურვილი, იყოს მნიშვნელოვანი და საწინააღმდეგო სქესთან წარმატება. ძირძველ ივერიაში, იმისთვის რომ ეს გზა როგორმე ვერ დაძლიო, ყველა პირობაა შექმნილი. სწორედ ამ მიზნით ამოავსო ჩვენმა ლიბერალიზმითა და დემოკრატიული სულისკვეთებით გაჟღენთილმა ელიტამ კლანური ურთიერთობების პალიასტომი.
ცხადია, მეც – ერთ რიგით ზ.ო -ს ეს ფეოდალური ჭაობი ჩამძირავდა, რომ არა მარკ ცუკერბერგი და მისი ,,ფეისბუქი“. ამის გამო მსურს მას მადლობა გადავუხადო! ყველაფერი ხომ ამ პიროვნებამ მომცა:
დავიწყებ ორი ტექტონიკური ძვრით: 1. ,,ოდნოებისა“ და ,,ზნაკომსტვა მაილ რუს“ – რუსული ორბიტიდან მოწყვეტა და დასავლურზე გადასვლა!
2. ,,ფეისბუქმა“ დამაძლევინა რასიზმის, ჰომოფობიისა და სხვა სახის შეუწყნარბლობის ნარჩენები, აქ ვისწავლე განსხვავებული აზრის მოთმინებით მოსმენა!

ურთიერთობა მეგობრებთან
,,ფეისბუქმა“ მაჩუქა ბედნიერება ბევრი ახალი მეგობრის შეძენისა და ფუფუნება მათთან ურთიერთობებისა. შედეგად, მოვხვდი უამრავ წვეულებასა და პრეზენტაციაზე. მხოლოდ მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდის – ,,ნოდო მწვადი პართის“ სიხარული რად ღირს!

ქალი
,,ფეისბუქის“ მეშვეობით ქართველმა ქალებმა მოახერხეს საკუთარი სოციუმიდან გაქცევა, თავი დააღწიეს იმ წრეს, სადაც მათ ყველა იცნობს და შესაბამისად, ადვილია მათი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება. ,,ფეისბუქმა“ გაარღვია ჩაკეტილი საზოგადოება, ასე დაიწყო საქართველოში სექსუალური რევოლუციის გამარჯვებით სვლა! მეც ვისარგებლე რევოლუციის ნაყოფით და სწორედ აქ ვისწავლე სიყვარულის ბოდიალისა და ბლუკუნის გარეშე ახსნა, თავისი ქათინაურებითა და ნაირ-ნაირი სმაილიკებით... და სხვა, და სხვა, და სხვა...

მწერლობა
სწორედ ,,ფეისბუქმა“ მასწავლა აზრის ლაკონურად და მკაფიოდ, ემოციურად და შესაბამისი აქცენტებით ჩამოყალიბების ხელოვნება. მან მიმაჩვია გარკვეული მიმართულებით მუდმივ ფიქრსა და დღედაღამ აზრების ჩაწერას. აქ დავხვეწე გემოვნება და სტილი, ვისწავლე აქტუალური თემების შერჩევა, აქ მომეცა ჩემი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

პოპულარობა და წარმატება
არ მიყვარს ხალხმრავალი შეკრებები, სასტიკად გავურბივარ ტელევიზიით გამოსვლას. ,,ფეისბუქმა“ კი მომცა საშუალება ამის გარეშე დამემყარებინა ურთიერთობები უამრავ ადამიანთან. მან მომანიჭა ლაიქებისა და გაზიარებების სიხარულიც. მხოლოდ აქედან შემიძლია ვაკრიტიკო ხელისუფლება და ცხოვრების მანკიერი მხარეები.
მთავარი! რომ არა ,,ფეისბუქი“ და მეგობრების დახმარება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მე შიმშილით ამომძვრებოდა სული.

ახალი ცოდნა და ინფორმაცია
აქ მივიღე ინფორმაციის ზღვა! ცხადია, ,,ფეისბუქის“ მეშვეობით გავეცანი სამხატვრო, ტექნიკურ თუ რელიგიურ ლიტერატურას, გავერკვიე პოლიტიკაში. ერთი სიტყვით, მოხდა ჩემი განათლების შევსება.

მოკლედ, ჩემო მარკ, ყველაფერი ეს შენ მაჩუქე, შეიძლება ითქვას, შენ გამიკაფე გზა!
არ გიცნობ და მიუხედავად ამისა, შენ ხარ ჩემი აზრების გამზიარებელი – ძმა, მზრუნველი ხელით აღმზრდელი – დედა, ცხოვრების მასწავლებელი და მფარველი – მამა. მეტი რაღა?! ჯიგარი ხარ, მარკოზია, გკოცნი და ამისთვის დიიიიიდიიიი მადლობა!


3. ჩემს მკითხველს
დავიწყებ მადლიერებით. დიახ, მე ლაიქებისთვის ვწერ, შეიძლება ითქვას, თქვენს ლაიქებზე ნარკოტიკივით ვზივარ – მეც ისევე მახარებს თქვენი მოწონება, როგორც თქვენ ჩემი ნააზრევის წაკითხვა. ეს ჩვენი ურთიერთსიყვარულის ფორმაა და მასშია ჩემი მაცოცხლებელი ძალა!
მე დღედაღამ ვფიქორბ, ვწერ და ძილის განმავლობაშიც კი ჩანაწერებს ვაკეთებ, რადგან მინდა ყოველ დილით რაღაც საინტერესო დაგახვედროთ. არც მე გავურბივარ შრომასა და თავდადებას, არც თქვენ მაკლებთ ყურადღებასა და ქებას.
ხშირად ზედმეტად მკვეთრიც ვარ... პროტესტი კომფორმიზმისა და შემგუებლობის, კოლექტიური აზროვნებისა და კუტოკური ქედმაღლობის, ფარისევლობისა და დრომოჭმული დოგმების წინააღმდეგ – ჩემი ცხოვრებაა. ამიტომ შეიძლება... მიწევს კიდეც ასეთი ვიყო – არ ვიცი...
არაერთხელ მითქვამს და აქაც გავიმეორებ: მე მორიგი მწვავე პუბლიკაციით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ შიშებს ვძლევ, ჩემში კოლექტივის მონას ვკლავ, ხოლო შემდეგ, ჩემი მაგალითით სხვასაც ვეხმარები, რომ მან კუტოკისა თუ ,,ძლიერთა ამა ქვეყნისა“ შიში დაძლიოს და თამამი იყოს პროტესტში. ამაში ვხედავ ცხოვრების აზრს – ჩემი და სხვა ადამიანების შიშების თერაპიაში... ხშირად, ქირურგიაშიც.
ახლა კი, მოკლედ, ჩვენზე – ქართველებზე. ქართველებს ღმერთმა სამი დიდი თვისება გვიბოძა: ნიჭიერება, სტუმართმოყვარეობა და მეტად განსხვავებული კულტურის შექმნის უნარი... ჩვენ კი ეს ნიჭი – სიძულვილში, ძალადობაში, ელიტარული კუტოკების თაყვანისცემაში, მექრთამეობაში, ღრეობასა და ჩვენი ნაციონალური უბედურების გვირგვინში – ტყულში ცხოვრების წყურვილში გავფლანგეთ. ვცხოვრობთ ასე დღესაც და ვიხრჩობით ამ სიცრუის ჭაობში... არათუ სარკეში ჩახედვა არ გვსურს, თავად სარკეც კი გვძულს. არადა, მართლაც შეგვიძლია: ნიჭით, სტუმართმოყვარეობით (ე.ი. სიყვარულით) და მაღალი კულტურით – გამორჩეული ერი ვიყოთ.
აქვე დავძენ: თუ შენ სარკეში ჩახედვა არ გსურს და საკუთარი მართლობის მიმართ მუდმივად ეჭვები არ გღრნის, უზენაესი კანონმდებელი აუცილებლად მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რომ სარკეში ჩაგახედოს... თუ ამის შემდეგაც არ იხვეწები, არ სწორდები, იცოდე, შენ მოხარშული ხახვი ხარ.
ერთი საკურნებელი მეთოდი მაქვს და ხშირად მივმართავ ხოლმე მას... თუ გსურს სხვას გაუგო, ახსნა მისი ქმედების მოტივი, ასე მოიქეცი: ჩააყენე საკუთარი თავი იმ ვითარებაში, რომელსაც განსჯი, კიცხავ ან დასცინი; გაათამაშე ამ სიტუაციის სხვდასხვა ვარიანტები და პატიოასნად, ტყუილის გარეშე პასუხი გაეცი საკუთარ თავს: შენ როგორ მოიქცეოდი, რას იტყოდი ამ მოცემულობაში?; ასე ბევრჯერ გაიმეორე... ეს მეთოდი თითქმის ყოველთვის იმ ,,ცუდისა“ და ,,უარყოფითი“ პიროვნების გაგებითა და პატიებით სრულდება. მიტევება კი საწყისია ყოველივე კეთილისა და სიყვარულისა.


4. მწერლის ლოცვა
სიყვარულით კანონმდებელო!
ხელოვანი დაჯილდოებულია უნარით ადამიანებში აღძრას ერთგულება, ემოციური დამოკიდებულება ან თაყვანისცემაც კი, რაც ხშირად ხიბლის მიზეზი ხდება.
ადამიანებზე უპირატესობის განცდა კი ყველაზე სამარცხვინო რამაა, რაც შეიძლება მწერალს დაემართოს – ეს შეგრძნება შეურაცხყოფს მასში მთავარს – პიროვნებას. ამიტომ, ღმერთო, გევედრები წერის დროს:
– დამიფარე იმისგან, რომ საკუთარ აზრებსა თუ მსჯელობაში ეჭვი არ შემეპაროს და თავი მუდამ მართალი მეგონოს – კატეგორიული კილოსგან დამიცევ მე;
– აგრეთვე დამიფარე სიბნელეში მხილების სირცხვილით, ადამიანებს ჩემი აზრი თავზე მოვახვიო – მენტორული ტონისგან დამიცავი მე;
– ყველაზე უფრო გევედრები, ღმერთო ჩემო, დამიფარე რიგითი ადამიანების დაცინვისგან; მთლიანად ერის შეუგნებლობასა და უწიგნურობაში დადანაშაულებისგან – მათ ხომ განათლებისა და სოციალური აქტივობისთვის, უბრალოდ, ჯერ ვერც მოიცალეს, ისინი ხომ წლებია ოჯახების, შვილების გამოკვებისთვის იბრძვიან;
– ნაწერებში ზღვარგადასული ცინიზმისგან – დაუნდობლობისა და სისასტიკისგან დამიფარე მე;
– ღმერთო, სამუდამოდ შეინარჩუნე ჩემში ის რიგითობის განცდა, რომელიც შენ მომანიჭე; განამტკიცე ჩემში შეგრძნება იმისა, რომ ვარ ჩვეულებრივი, როგორც ყველა;
– დამიფარე, რომ პროგრესულობა მხოლოდ ჩემი ლამაზი შეფუთვა არ გახდეს, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ადამიანები დავჩაგრო და კუტოკის მტაცებლური ინტერესებით ვიმოქმედო;
– აქვე გევედრები, მომეცი ძალა, მიუხედავად გამდიდრებისა თუ, პირიქით, გაჭირვებისა, ვიცხოვრო ზუსტად ისე, როგორც ამისკენ სხვას მოვუწოდებ; მუდამ მახსოვდეს მთავარი: თუ თანადგომა – ვერა, თანაგანცდა მაინც!
– გთხოვ, ამაცილე ცდუნება, ნაწერში გამეპაროს მორწმუნე ადამიანებსა და მათ წეს-ჩვეულებებზე დაცინვა – მრევლისადმი აგდებული დამოკიდებულება;
ბოლოს მთავარი თხოვნა!
მომეც მე უნარი დროდადრო მაინც საკუთარ თავს გვერდიდან შევხედო...
სიყვარულით კანონმდებელო, ვიცი, დამეხმარები და ამისთვის წინასწარ დიდი მადლობა!
P.S.
შეძახილი საკუთარ თავს: ,,იცხოვრე ისე, როგორც ატრაკებ!”

*     *     *
ფეისბუქელო, შეგირცხვა ნამუსი,
გათენდა, შენ კი არ გიდევს სტატუსი!
იცოდე, სანამ გეძინა, აშენდა ბატონი ბიძინა!



თავი II. მე და ადამიანები

*     *     *
როგორც კოშკი პიზის,
გადახრილი ვუძლებ კრიზისს;
ის არ დასრულდება, მეც არ დავნებდები,
მტერს ვერ გავახარებ და არ დავბერდები!

1. დედა
დედა გულისტკივილით მენატრება... ძალიან, ძალიან მენატრება!
შვილებზე გადაყოლილი მშობელი, რომელმაც დაუჯერებელი მზრუნველობითა და თავგანწირვით, უნიათო, წუწუნა და გულჩვილი  ინფანტილური არსება გამზარდა. მას ასე სწამდა, ასე იცოდა და ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო უნდოდა. ხანგრძლივმა ტანჯვამ და კვდომამ კი, ამ ნესტიანი თიხისგან, უზენაესი კანონმდებლის ნებით, ამჟამინდელი, ტკივილისადმი თითქმის უგრძნობელი კლდის ნატეხი გამოძერწა, თან ისე, რომ არც ის გულუბრყვილო ბავშვი წასულა არსად...
გაიგე ახლა, რომელია კარგი და სწორი?
თითქის ნახევარი საუკუნე იმაზე ფიქრში გავატარე, თუ რა მეშველებოდა მას შემდეგ, დედა რომ აღარ მეყოლებოდა?..
ის სამშობიაროს მთავარი ექიმი იყო და 50 წელი ერთ ადგილზე იმსახურა. ყველა დიდ ოპერაციას აკეთებდა და დასავლეთ საქართველოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. თვეობით სახლში არ მოდიოდა და საავადმყოფოში ცხოვრობდა.
ერთხელ ჰიპერტონიული კრიზის შედეგად, ისე ცუდად გახდა, რომ გაშავდა და ძლივს გადავარჩინეთ. სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა... საღამოს, როდესაც მდგომარეობა სტაბილური გახდა, ოდნავ მოსულიერებულმა ჩუმად მიხმო და ყურში ჩამჩურჩულა: ,,ზურა, გთხოვ, სამშობიაროში წამიყვანე რა, ბარემ იქ დავწვები და გადასხმებსაც იქ ჩავიტარებ, ხოლო ავადმყოფი თუ შემოვა, საქმესაც ვეწევი... მეორე დღეს, ჩემგან მალულად, ასეც მოიქცა.
მან მთლიანად ჩამანაცვლა. ფული, სიგარეტი, სამოსი, საკვები – სამტრედიიდან ვარაზისხევში უწყვეტი ნაკადით მოედინებოდა. კვირაში ერთხელ გამოგზავნილ ყუთებში: საპონი, ტუალეტის ქაღალდი და ასანთიც კი სტაბილურად იდო – ეს ყველაფერი ჩემთვის, მეუღლისთვის, შვილიშვილებისთვის და საუკეთესო ხარისხის. მატარებლით იმდენ მუყაოს ყუთს აგზავნიდა, რომ დროდადრო სადგურის მტვირთავები უჯანყდებოდნენ და ვაგონის ათამდე მძიმე ყუთით დატვირთვაზე მტკიცე უარს აცხადებდნენ... ამ სურსათ-სანოვაგეს დილაადრიან ჩემი სიძე ბუზღუნით ხვდებოდა და ჩემთან კეკელიძეზე ამოჰქონდა. შემდეგ ტვირთს მეგობრებსაც ვუნაწილებდი.
დავუბრუნდეთ ჩემს უწყვეტ წამოწოლას. მაშ ასე, როგორც კი დავკაიფდებოდი, ტახტზე წამოვწვებოდი და ვდარდობდი: ,,რა მეშველებოდა და საიდან მოვიდოდა ყოველივე ეს, დედა რომ აღარ მეყოლებოდა?“. იმდენს კი ვხვდებოდი, რომ ეს ნაკადი როდესღაც შეწყდებოდა, მაგრამ აზრი: ,,ადექი და ხელი გაანძრიე“ – მხოლოდ თეორიული იყო და სადღაც უკანა პლანზე ტივტივებდა...
არადა, წლების განმავლობაში თბილისის წამყვანი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვიყავი, მაგრამ წამლისა და სამსახურის შეთავსება სულ უფრო ჭირდა...
ბოლოსკენ დედა მეუბნებოდა ხოლმე: ,,შვილო, ყველაფერს შევურიგდი, შენ ნარკომანობასაც, ხედავ, წამალიც მე მომაქვს... ერთი რამ მადარდებს, ყველა შენი მეგობარი გაიკეთებს თუ არა, შესანიშნავ ხასიათზე დგება, შენ კი მუდამ დანაღვლიანებული ხარ... ეს მკლავს“. მე კი ვიწექი და ზემომოყვანილ კითხვაზე ვფიქრობდი... და ვდარდობდი...
საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში დედამ საკუთარი ცხოვრება დაივიწყა, გვერდზე გადადო და ჩემი ცხოვრებით იცხოვრა. ის ჯერ ჩემთან ერთად კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მერხზე იჯდა, მერე მედინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ ერთად მოსკოვში დავიცავით დისერტაცია... ბოლოს კი, არათუ წამალი და ალკოჰოლი, პლანიც კი მას მოჰქონდა. ყველა ექთანს ჰქონდა დავალებული, რომ მათ ქმრებს, პლანის მოსავლიდან ჩემთვის ხარკი გადაეხადა.
დადგა დრო და მილიციამ უწყვეტად შემიტია. ამიერიდან გამომძიებლები ერთად გვცემდნენ, პროკურორი და მოსამართლე ორივეს გვასამართლებდა და შემდეგ, კამერაშიც ჩემთან დედა იჯდა.  ფინტი მილიციის, პროკურორისა და მოსამართლის მოსყიდვით სრულდებოდა, მე ,,სვაბოდაზე“ გამოვდიოდი... და ყველაფერი ისევ თავიდან...
როდესაც დაინახა, თუ რა შეუპოვრობითა და უკიდეგანო ფანტაზიის მოხმობით ვჩალიჩობდი წამალს, ერთხელაც მომიგო: ,,ზურა, იმ მიზანსწრაფვის, რომელსაც შენ წამალს ანდომებ, სულ ერთი პროცენტი, კარიერაზე რომ დახარჯო, გარანტიას გაძლევ, ერთ თვეში რაიკომის მდივანი გახდები!“.
უკანასკნელი 15 წელი უბედნიერესი ქალი იყო! ამდენმა შრომამ, ცრემლებმა და ნოტაციებმა შედეგი გამოიღო – 2000 წელს მე წამალს თავი დავანებე. იმხანად ჩემ დასთან ცხოვრობდა. მე თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და კვირაში ერთხელ ვნახულობდი ხოლმე.
მთელმა ოჯახმა ვივახშმეთ და დედამ გვერდზე ოთახში გამიყვანა. ჩემი პროტესტის მიუხედავად, პენსიიდან 20 ლარს მჩუქნიდა. ერთი საათი მაინც ეძებდა ხოლმე და სადღაც გადამალულ ფულს ვერ პოულობდა. ამაზე ერთხელაც გავღიზიანდი და ვუყვირე... საცოდავი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,,ზურა, მაპატიე, სადღაც შევაკვეხე და ვერ ვპოულობ... შვილო, რა ვქნა, შენ მიმაჩვიე, სულ რომ მპარავდი...“.
მერე ჩემთან გადმოვიდა. ჩემზე დიდი ავტორიტეტი არ ჰყავდა. გათენებამდე წარსულს ვიხსენებდით, გარშემომყოფთ ვჭორავდით. ყველა საუბარი ერთნაირად სრულდებოდა – სიყვარულით შემომხედავდა ხოლმე და ერთსა და იმავე, პასუხგაუცემელ კითხვას სვამდა: ,,ერთი ის გამაგებინა და მერე მომკლა, ნეტავ სხვებიც ჩვენზე ასე ლაპარაკობენ, ჩვენც ამდენ ცუდს ჩავდივართ?“.
დედი, იცოდე, სულ შენზე ვფიქრობ და მენატრები, შენ კი აღარ ხარ...
სულ მინდა, სულ- სულ მინდა, გესაუბრო და ჩაგეხუტო, ჩემი უმსგავსობები, სითბოთი და მოფერებით, რაც ასე დაგაკელი ცხოვრებაში,
ოდნავ მაინც შევამსუბუქო... მაგრამ შენ აღარ ხარ.
მე ვტირი... ესღა დამრჩენია


2. 31 აგვისტო
პირველი სურათი, რომელიც 6-7 წლის ბავშვს სამუდამოდ დამამახსოვრდა, ასე გამოიყურება: ქ.პეტროპავლოვს-კამჩატსკი, ძლიერი ქარბუქი; თავიდან ფეხებამდე შეფუთული, ციგაზე ვზივარ და მასზე გამობმული თოკით, თოვლის ბურუსში გახვეული დედა, აღმართში მიმათრევს; გარშემო, მხოლოდ თოვლის გორაკებია – ამ გზით შემოვიდა ჩემში სამყაროში მარტოობის განცდა. როგორც კი წამოვიზარდე, ყურების სიდიდემ და ბანჯგვლიანმა ფეხებმა დამთრგუნეს. ამ დროისთვის კლასის ყველა ხუთოსანი გოგო და ორი პიონერხელმძღვანელი სიგიჟემდე მიყვარდა. სტუდენტობისას, უპასუხო სიყვარულსა და სამყაროს უსამართლოდ მოწყობაზე ვდარდობდი. ერთი სიტყვით, ამა თუ იმ სახით, მარტოსულობის მძიმე განცდა, მუდმივად არ მტოვებდა. მხოლოდ 50 წლის შედმეგ მივხვდი, რომ სწორედ მარტოობაში ვარ თავისუფალი, ალბათ, ბედნიერიც. მთელი ნახევარი საუკუნე დამჭირდა, რათა მარტოობაში მეპოვნა საკუთარი თავი და დედის მუცლის სიმშვიდის მსგავსად, შემყვარებოდა ის.
მანამ კი, დიდი გზა იყო გასავლლი: მძიმე ფიქრებით, უძილო ღამეებით, ტანჯვით, ტკივილით, კვდომით, ცრემლებითა და გაუთავებელი წუწუნით – მე ადამიანის ყოფის მთავარი სიბრძნე გავიგე: ,,მეგობარო, პლანეტები უშენოდაც მოძრაობენ, მზეც თავისით ჩადის და ამოდის, ხვალ მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს. სამყარო შენგან დამოუკიდებლადაც გამართულად ფუნქციონირებს, ხოლო კაცობრიობა სიკვდილისთანავე დაგივიწყებს... ასე რომ, მეგობარო, შენი განცდები ფუჭია; ბედისწერას იქამდე მიენდე, რომ საკუთარ სიცოცხლეზე დიდად ნუ იდარდებ. ადამიანო, დაიჯერე, ამაოდ შფოთავ, დაწყნარდი და გულგრილობამდე მისული, აუტიზმის მსგავსი სიმშვიდე დაისადგურებს შენში.
ჩვენი ცხოვრება – ხანგრძლივი განსაცდელია და გულისტკივილი, ცოტაც სიხარული. ჩვენი დრო ძირითადად დარდს მიაქვს. ფიქრები დღისით გვაწუხებს და ღამით არ გვაძინებს, ისინი ჩვენს გონებას მთლიანად მოიცავენ. სწორედ დარდია, რომ გვღლის, გვთრგუნავს და გახარების საშუალებას არ გვაძლევს, ეს განცდები იწვევს ჩვენს გაღიზანებასა და აგრესიას. ვიღებთ კი, თუნდაც, ამხელა მსხვერპლის გაღების ხარჯზე, რაიმე შედეგს? არა. მაშასადამე, ამგვარი დარდი არაპროდუქტიულია და ფუჭი. ჩვენი მთავარი მტერი ეს განცდებია. ამიტომ ყველაზე სასარგებლო რჩევა ასეთია – განაგდე არაპროდუქტიული ფიქრები და ამაო დარდი! წინააღმდეგ შეთხვევაში, ისინი ,,ჩაგიხვევენ” – ,,უსამართლობა” გულს აგიჩუყებს და შენ ტკივილით, საკუთარი თავის შეცოდებით ტკბობაში საბოლოოდ ჩაიძირები.
ეს ცხოვრება ხომ მართლაც წუთისოფელია, ამიტომ მის მატერიალურ მხარეზე კონცენტრირება არ ღირს. მომავალზე არ იდარდო, იცხოვრე დღევანდელი დღით. იცოდე, ყველა განსაცდელი გადაივლის. გაჭირვების ჟამს, რათა სიძნელეების გადატანა გაგიადვილდეს, საკუთარ თავს ხშირად უმეორე: ,,მძიმე ვარდნას, თუ მას მოთმინებით აიტან, აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ჯილდო – ბედნიერება მოგაკითხავს შენ! სენი, რომელიც არ გკლავს – გაძლიერებს“.
იმისათვის რომ, ყოველდღიური ყოფის წნეხმა არ გაგთელოს, უნდა ისწავლო საკუთარი ფიქრები მართვა. ეცადე, ნეგატიური ზრახვა არ მიიღო და განაგდო იგი – სანამ დამთრგუნველი აზრი, მძიმე განცდად ჩამოყალიბდება, გონებით მისი ,,ტრიალი’’ შეწყვიტე; ნუ დატკბები საკუთარი საცოდაობით და, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უარყოფითი განცდა გულში არ ჩაისახლო. იგივე ეხება ღამის ფიქრებს, რომელთაც უძილობამდე მივყავართ – ნებისყოფის დაძაბვით, როგორმე შეწყვიტე ცნობიერების ნაკადი, ფიქრებს არ გაჰყვე; ფიზიოლოგიურად ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის ერთდროულად ორი ამოცანის ამოხსნაზე ვერ ფიქრობს, ამიტომ მაგალითად, ითვალე, ან ნებისმიერი, მარტივი ამოცანა ამოხსენი. განუწყვეტლივ აკონტროლე შენი აზრები და დამერწმუნე, შენ ფიქრების მართვას ისწავლი. მუდმივად, საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დაუსვი: დარდმა, რაიმე რეალური შედეგი მომცა? არა! მაშ, რა საჭიროა ის?!
გაღვიძებისთანავე ადექი, საყვარელ მელოდიას მოუსმინე, აყევი მას და იცეკვე. შემოქმედებით გატაცება – უებარი გზაა, დარდისგან გასათავისუფლებლად. იკითხე, გააკეთე ჩანაწერები და საკუთარი აზრი გამოხატე.
ცხოვრებამ ათასგზის დამარწმუნა, რომ მომავალზე წუხილი, ცხოვრების, თუნდაც ერთი წლით დაგეგმვა, სიზიფეს შრომას ჰგავს. ჩემს მიერ ,,გათვლილი” 100-ი ვარიანტიდან, რეალური ცხოვრება არა თუნდაც მე-100, არამედ, მაგალითისთვის, 278-ე ვარიანტს მთავაზობდა. ასე რომ, მომავალზე დარდი არაპროდუქტიულია და ამიტომ აზრს მოკლებული. მომავალი, მიუხედავად ჩვენი გათვლებისა და მასზე დარდისა, მაინც მოულოდნელ არჩევანს გვთავაზობს. გაითავისე, რომ ბედისწერა შენთვის მიუწვდოემლი კანონებით მოქმედებს და ,,შეუცნობად არიან გზანი უფლისანი.” მაინც ისე იქნება, როგორც იქნება და წინასწარ თავის მოკვლა, არაფერს სცვლის.
პოზიტიური აზროვების 3 მთავარი თეზისი ასეთია:
1. ყოველივე შენს ხელთაა, შენ უნდა შეძლო ნებისყოფის მობილიზება და ყველაფერი გამოგივა. შენ იმ ადგილს დაიკავებ, რა ადგილსაც საკუთარ თავს მიანიჭებ, ოღონდ ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო;
2. იცოდე, თუ მოინდომებ, ბეტონის ,,კედელში გახვალ”! ამისთვის, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე, შემდეგ წაიკითხო და ,,კედელში გასვლის” ხერხების შესახებ ყველაფერი გაიგო, მერე წარსულის გამოცდილება და შენზე ჭკვიანი ადამიანების რჩევები გაითვალისწინო, კიდევ იფიქრო დაბოლოს... მიზანდასახულად ,,კედლიკენ” გაქანდე. ამჯერად უკანმოუხედავად წინაღობას მივარდე და... შენ ისე გახვალ ,,კედელში”, რომ თავიც კი არ გეტკინება;
3. საქმე გაქვს მძიმედ, გიჯერებ, მაგრამ დარდით არაფერი გეშველება. ასეთ მძიმე დროს, სჯობს იფიქრო, თუ რამდენ ადამიანს, გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე შენ: მძიმედ დაავადებულ შვილს უვლის, ციხეში ზის და მრავალი სხვა... შენ შეგიძლია მათზე იფიქრო, შეიცოდო და შეიყვარო ისინი, ამასობაში საკუთარი დარდიც გადაგივლის.
55 წლის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ცხოვრების დინებამ, მდინარე ზამბეზივით, გადატეხის ადგილს მიაღწია და ვიქტორიას ჩანჩქერივით, სწრაფი ვარდნა იწყო. დროის სვლა აჩქარდა – წლები, თვალის დახამხამებაში გადის, თუმცა, მოვლენებმა ძველი სიკაშკაშე დაკარგეს.
ასაკის მატებასთან ერთად, ფრიად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მივაკვლიე – ჩემი ყოველდღიური განწყობა, აშკარად ფულის ქონაზეა დამოკიდებული. საკმარისია, 100-300 დოლარი უჯრაში მეგულებოდეს და ცხოვრება ფერადი და მშვენიერი მეჩვენება. უფულობისას, პირიქით, სასოწარკვეთა მიპყრობს და ყველა მაღიზიანებს. შენც ასე იქნები – ხშირად, ფული არ გაქვს და ამას განიცდი. მესმის, ძნელია, მაგრამ სანამ უკიდურესად არ გაგიჭირდება, არ ითხოვო. ფუფუნებაზე ნათხოვ ფულს, არც ფასი აქვს და ,,სპონსორებიც” ადვილად მიგიხვდებიან. თუ ითხოვ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი მინიმუმი გჭირდება და გულით მოგცემენ კიდეც. მინიმალურით დაკმაყოფილდი და ბევრი მოგეცემა.
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სამი ფუნდამენტური პრინციპის ჭეშმარიტებაში დამარწმუნდა, რომელთაც საკუთარ თავს გამუდმებით ვახსენებ:
– ,,მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის”;
– ,,ადამიანი ცვალებადია”;
– აშკარად ,,სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!”.
ჩემი ასაკისთვის, არ შეიძლება არ დაფიქრდე ცხოვრების აზრზე. ამასთან   დაკავშირებით, ადამიანს გიჩნდება კითხვა: დააკლდებოდა კი კაცობრიობას რაიმე, რომ საერთოდ არ დაბადებულიყავი? აი, აქ კი გულდაწყვეტით უნდა ვაღიარო – ,,ფარდობითობის თეორია“ მე ვერ შევქმენი, ვერც ,,რობინზონ კრუზო” ან ,,სამი მუშკეტერის” დავწერე, თან ყოვედღიური ყოფისგანაც საკმაოდ დავიღალე. ამიტომ გმირული აღსასრული, ჩემთვის,  საუკეთესო გამოსავალია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ჩემი გაჩენა არ იქნება აზრს მოკლებული – ხსოვნასაც დავტოვებ და ერის ისტორიაში, ვოკალურ-ინსტუმენტალური ანსამბლის, ,,ორერას” ტოლფას წვლილს მაინც შევიტან. ამის გამო, ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს – ამ ცხოვრებას ნუ ეპოტინები, შენ ხომ მაინც, ატომებად დაიშლები. მიწა – მიწად იქცევი და გაქრები...
რწმნენა? გაჭირვების ჟამს – მიწაზე განრთხმული მორწმუნე ვხდები, დალხენისას კი ღმერთი მავიწყდება და მორიგ წარმატებას, საკუთარ ძლიერებას ვაწერ. ხანდახან ალტრუისტი ვარ, ხშირად – ეგოისტი. უსამართლობისგან თავს, ირონიით, არცთუ იშვიათად მწარე სარკაზმიდაც ვიცავ.
და მაინც, რისთვის ცხოვრობს ადამიანი? როგორია მისი ,,ბედნიერების ფორმულა”? რაღა თქმა უნდა, წარმატებისთვის, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვნობის განცდით და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებით იქნას რეალიზებული. ჩვენი ცხოვრების აზრი – შემოქმედებითი შრომით თვითდამკვიდრებაა და ასე საკუთარი თავის წარმოჩენა. ღირს კი დაბადება, შემდეგ წვალება, ამდენის დათმენა, თუ ვერ შეჰქმენი ,,ფარდობითობის თეორია?”. ალბათ, არა და მიუხედავად ამისა, მე მაინც 31 აგვისტოს დავიბადე და ვცხოვრობ.
P.S.
სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ზემოთ დაწერილის სრულად გათავისებისთვის, ჯერ უნდა ყველაფერი დაკარგო, სასტიკი ტკივილი და დიდი გასაჭირი გადაიტანო. ამის გარეშე, მხოლოდ წაკითხვით, მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტნაკლები დაძლევა და ასე ყოველდღიური ყოფის წნეხისგან გათავისუფლება არ მოდის.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლევან ბრეგაძე - განზომილების პარადოქსები ლევან ბრეგაძე - განზომილების პარადოქსები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები თორნიკე სანიკიძე  -  მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი თორნიკე სანიკიძე - მარადიულობის პრობლემა და კოსმოლოგიური კრეაციონიზმი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი)  - ავტორის დაბადება გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - ავტორის დაბადება ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge