გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

პაატა აბაშიძე - ლექსები


                                              პაატა აბაშიძე დაიბადა 1986 წლის 30 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ ცხმორისში. ამავე სოფლის სკოლაში სწავლა დაიწყო 1993 წელს, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორია-ფილოლოგიის განხრით, რომელიც დაასრულა 2008 წელს. 2012 წელს მუშაობა დაიწყო სოფ. ცხმორისში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მუშაობს დღემდე. ჰყავს დედა, მეუღლე და სამი შვილი. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია პაატა აბაშიძეს წარმატებებს უსურვებს!







სწუხან დედები
დედები მხრებით ატარებენ წვიმის ნატერფალს,
სწუხან დედები და ფიქრობენ ჯიუტ ქალებზე,
თვალში მალავენ გაყინული ცრემლის ნატეხებს,
და სველ ტანსაცმელს გაუხდელად, ზედ იმშრალებენ,
და დედებს ასდით წვიმის სუნი, იაფფასიან
სუნამოს სუნში აზელილი, და ხერხემალში
ღრმად ჩაკირული სიცივე და მუნჯი ცახცახი,
მხოლოდ მუნჯივე პროტესტი და მუნჯი დემარში.
დედები, ყველა გამოცდისთვის მუდამ მზად მყოფნი,
მაშინაც, როცა იმდენია გადასატანი,
დახლებთან დგანან და ყიდიან პურს და კარტოფილს,
კარტოფილი და პური სახლში რომ მოიტანონ.
დედები ღამით ბრუნდებიან გადაღლილები,
მაგრამ ურყევი სიამაყეც ზედ აწერიათ,
და ჩვენ ვბრაზდებით, რომ სხდებიან ტელევიზორთან,
და ინტერესით უყურებენ თურქულ სერიალს.
დედები, ასე ძვირფასები, ადრე წვებიან,
ხანდახან ფიქრი ხელს დარევთ და დაათენდებათ,
და მუდამ თითო ამოოხვრით იკუმშებიან,
ჩვენი მამების საფლავები რომ ახსენდებათ,
და ვერც ტირიან, ვერც გმინავენ, ბალიშს ლოყებით
ეკვრიან, მხოლოდ ემატებათ გულზე ბზარები,
იმძინარებენ თავებს, როცა მათ ლოგინებთან,
ფეხის წვერებით, საკოცნელად მივიპარებით.
დედებს სჯერათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად
ჩვენ ვართ ამ ქვეყნად გაცილებით მეტის ღირსები,
და ღმერთის მიმართ რბილ საყვედურს ხშირად ბედავენ,
და ჩვენც მორიგი გამძლეობით ისევ ვივსებით,
მაგრამ მალევე გვახსენდება ცრუ იმედები,
მკვდარი თვალებით რომ გვიმზერენ ხსოვნის ფოსოდან,
რომ შეგვძლებოდა სხვანაირად, რომ არ გვეწერა,
იქნებ ცხოვრება, უკეთესი, ჩვენც გამოგვსლოდა,
და დედებს ჩვენით ეამაყათ, იქნებ, ვინ იცის,
იქნებ საკუთარ სიფხიზლეში არ დაგვეძინა,
და იქნებ ისე არ დაგვეწყო, როგორც დავიწყეთ,
და დანგრეული ოჯახებიც გადაგვერჩინა...
დედები მხრებით ატარებენ წვიმის ნატერფალს,
და სველ ტანსაცმელს გაუხდელად, ზედ იმშრალებენ,
და დედებს ასდით წვიმის სუნი, როცა თბებიან,
სწუხან დედები და ფიქრობენ ჯიუტ ქალებზე.


სამი ოჯახი
გადაფარვოდა  თოვლის ქურქი დათოვლილ სოფელს
და იქ, მაღლობზე მოშორებით ქუჩის დონიდან,
სულ რაღაც სამი მეოჯახე  ხარჯავდა ღონეს.
შეშა კი არა, თოვლი უფრო მეტ ხანს ჰყოფნიდათ.
ჰყეფდა ჩამტვრეულ კიბის ძირში ძაღლი კნავილით,
იყო ღამე და იყო თოვა, თოვა დეკემბრის.
იყო სოფელში სამი ბუხრის გამოძახილი,
იყო ტოტები ჩამომხმარი ხმელი ნეკერჩხლის.
უმთვარო ღამეს იოტი სითბოც არ მოჰყოლია,
ან ამ გაყინულთ მთვარეც თითქმის აღარ სჭირდებათ.
სამი სახლიდან ღმერთი ახლა ისე შორია,
ღმერთამდე მანძილს სამი კვამლი აკავშირებდა.
თუმცა რა უნდა ამ ყინვაში ღმერთსა და მშველელს,
უფრო ხშირია ორღობე და ხეთა ხერგილი.
რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამ სამს დაჰშვენდეს,
დაჰშვენდეს და სთქვა, რომ ყოფილან გადარჩენილი...
ჰა, შეწყდა კვამლი - ძაფი ცაში ვეღარ მიიკვლევს, 
ვერ ისმენს ძაღლი, ვერც ლაპარაკს, ვერც მიმოძახილს
და არც არასდროს დაივიწყებს სოფლის ბილიკებს,
რომლის თავშიაც კერა იყო სამი ოჯახის.


***
ნოემბრის წვიმა ცას 
ბათქაშებს ჩამორეცხს, 
ატყდება ერთბაშად ფოთლების გნიასი. 
დღეები, 
რომლებიც ერთმანეთს გვაშორებს, 
ფანჯარა, 
რომელიც გავაღე მეასედ - მოვხურე უშენოდ. 
ღმერთიც ვერ მნახულობს,
ცარიელ სახლში ვარ, არსად ვემალები,
რამდენჯერ ვილოცო, 
ან თუ ვიმარხულო,
(ან რას მიკეთებს ეს ანჟამბემანები?!).
ერთ დღესაც იხუვლებს, ისე წამოხეთქავს,
ვერ გამოვერკვევი,
კაცი ნოტრ დამიდან,
მოდი, 
ეს ერთიც და, კარი შემოაღე,
მოდი, 
ეს ერთხელაც გავიცნოთ თავიდან,
თორემ, 
მაჯისცემა დამრჩა ნეგატიურ დღესავით ამაო. 
ღმერთი შემახვედრე!
ყველა თვითმკვლელობა ღმერთმა მაპატიოს...
საბოლოოდ ვაღებ სარკმელს ას მეერთედ.


ნაასწლეულზე
ჩემთან,  სოფელში ქარი რომ ბორგავს, 
ბორგავს მიწაც და ამ დროს გამოუჩნდება ცას მთვარე, ღრუბელწამოწეული მთვარე,  რომელიც მოგორავს
ცოტაც და თითქოს სოფლად სუნთქვას ყველა ამთავრებს. 
(სხვანაირადაც ხომ შემეძლო ამის დაწერა!  თუნდაც ასე,  რომ...) 
ჩამსხვრეულ მინებს გაუჩრია ასი წლის ფარდა, 
ბავშვებს გვჯეროდა,  რომ ერთ დღესაც გამოიდარებსო, 
ეს დაჯერება ასე ფუჭად დაგვიმწიფდა და... 
და მიჰყვებოდა ქვეყნის ყაყანს ყანებში  ყველა... 
ქრისტეს ხელივით (ჯვარცმის მერე),   დახვრეტილ ხელებს 
ვეფერებოდით ბავშვები,  ოჯახის ჩუმად, 
რადგან აკრძალვა ჟინს გაძლევს და სულ გაძლიერებს. 
კონტრასტი იყო ეს მრწამსი და ასი წლის რწმენა, 
დაბზარულ მინებს არ შეეძლოთ ფარდის დაგლეჯა... 
ჩვენ,  ბავშვები ვთამაშობდით სოფლის მეჩეთთან
და წარმოსახვით ქრისტესავით გვქონდა მარჯვენა. 
გვქონდა მარცხენაც და მიგვქონდა მხრებით გოლგოთა, 
ასი წლის ფარდას,  ხავსმოდებულს,  სიო უქრიდა. 
ჩვენს ხვალინდელზე,  ჩვენს დღეებზე არვინ ფიქრობდა
და მოდიოდა ისევ ჩვენში ფიქრი გულიდან. 
ასი წლის ფარდა დაგლეჯილი მაინც,  მინებთან -  კიდევ ვერ ირჩევს,  ეს მისია - ვარგა,  არ ვარგა
შემოგვესწავლა (ბავშვობით)  ჩვენ "ათი მცნება". 
და მონობიდან - მინებიდან ავუშვით ფარდა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge