გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბესიკ კაიშაური - სამი ნოველა


ცხოვრება სარკეა

„გაუმარჯოს!„ - მომესალმა ქუჩაში ნაცნობი და ხელი ჩამომართვა.
„სულ გამარჯვების გზით გევლოს ჩემო ბონდო!„ - მივესალმე მეც და „როგორ ხარ`-მეთქი -მოვიკითხე.
„რა ვიცი, ნელთბილად„ - მიპასუხა და „თავად როგორ ხარო?„ - სასხვათაშორისოდ მკითხა.
„კარგად! სამსახურიდან გამანთვისუფლეს„-მეთქი, ვეუბნები სახეგაბადრული და გაბრწყინებული. ის კი მიყურებს და უკვირს: ჩემს სიტყვებსა და გამომეტყველებას შორის საერთო ვერ იპოვა და დაიბნა.
„სიმწრით იცინი, არა?„ - მეკითხება თანაგრძნობით.
„არა, რატომ? მართლა მიხარია!„ - ვეუბნები წელში გამართული და მომღიმარი.
„ალბათ ცუდი სამსახური იყო„ - მკითხაობს ბონდო  და დაბნეულობა უძლიერდება.
„ცუდი სულაც არ იყო, ათას ლარს ვიღებდი თვეში და არაფერს ვაკეთებდი„ - ამ სიტყვებზე ნაცნობის ინტერესი, გაუგებრობა და ბრაზი ერთმანეთში აითქვიფა და ხელის აქნებით მითხრა:
„კარგი ეხლა, რას მეღადავები!„
„გეფიცები, ეგრე იყო! მივდიოდი ერთი-ორი საათით, ათასში ერთხელ ნეკისტოლა დავალებას გავაკეთებდი რამოდენიმე წუთში და დანარჩენი დრო  თავისუფალი ვიყავი„ ვამბობ და პირჯვარ ვიწერ სიმართლის დასტურად.
„შენიც გამკვირვებია ძმაო, ეგეთი კომფორტული სამსახური გქონია, გაგანთავისუფლეს და გიხარია? თუ მეთამაშები, ვერ გავიგე?!„
„აი, რა სწორედ თქვი, ჩემო ბონდო, კომფორტული რომ იყო და არაფერს რომ არ ვაკეთებდი, მაგიტომ მიხარია იქიდან წამოსვლა„
„პირველად მესმის, კომფორტს გაურბოდეს კაცი!„ -ასკვნის ჩემი ნაცნობი და ვატყობ, ჩემთან საუბრის სურვილი უქრება.
მე მხრებზე ხელი მოვხვიე და ერთად გავაგრძელეთ გზა.
„კომფორტის ზონა თუ გაგიგია?„ -ვეკითხები ბონდოს და მისი მდუმარე პასუხიდან გამომდინარე ვაგრძელებ: „ეს ის ზონაა, სადაც და როცა თავს გრძნობ კარგად, მაგრამ არ ვითარდები, როცა ერთფეროვნებასა და არაფრის კეთებას ეგუები და ცოცხლად კვდება შენი პოტენციალი, მიზნები, შესაძლებლობაბი...„
„ახლა რას აკეთებ?„ - უფრო ზრდილობის გულისთვის მეკითხება ნაცნობი.
„ახლა არაფერს, მაგრამ ახლანდელი არაფრის კეთება მილიონჯერ ჯობია კომფორტის ზონაში არაფრის კეთებას და იცი რატომ?„
„რატომ?„ დაინტერისდა ბონდო.
„იმიტომ, რომ კომფორტის ზონაში „არაფრის კეთება„ მომაკვდინებელია, ჭაობია, ერთი ადგილის ტკეპნაა და ამიტომ მოსაწყენიცაა....
ასეთი „არაფრის კეთება„ კი შარში ყოფნაა, ღელვაა, განგაშია... ეს ის მდგომარეობაა, როცა შენს უკან ცოლშვილია, მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობაა და ამ დროს როცა  უმუშევარი ხარ, უფულოდ ხარ, უსუსურად და უსასოოდ ხარ....
„და ეს გიხარია?„ - მაინც ვერ გაერკვა ბონდო.
„ჰო, მიხარია, იმიტომ რომ უმოქმედობის უფლება აღარ მაქვს; იმიტომ, რომ  ზუსტად ვიცი, ღმერთს უნდა ჩემი ბედნიერება და ამას ემსახურება ეს განსაცდელიც. ეს ის ბიძგია, რომელსაც შეუძლია შინაგანი ძალები გაუღვიძოს და მწვერვალები დააპყრობინოს მონდომებულ ადამიანს. კომფორტის ზონაში კი ბედნიერი ვერ იქნები, რადგან ღმერთს შორდები განვითარების შეწყვეტასთან ერთად.
„ჰოდა, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ძმაო! მე ის ვიცი, რომ ცუდ დროში ვცხოვრობთ და ადვილი არ არის სამუშაოს პოვნა, მით უფრო, - მასეთი მაღალი ხელფასით„ - თქვა ბონდომ და სიგარეტს მოუკიდა.
მე შევჩერდი და ბონდოც შევაჩერე.
„მიმოიხედე ირგვლივ, რას ხედავ?„ -ვეკითხები.
„კარგს არაფერს!„ - მეუბნება თანამოსაუბრე და თავაწეული  სიგარეტის კვამლს ზევით უშვებს.
„სწორედ მაგაშია საქმე, ჩემო ძმაო!„ - ვეუბნები მე - „ეს ცხოვრება სარკეა და როგორც იხედები ისეთი ანარეკლი გიყურებს იქიდან„
„ჰო, ფილოსოფოსობა გყვარებია, ვხედავ„ - ეცინება მას და შორიდან ესალმება გამვლელს.
„შენ როცა იძახი: „ცუდი დრო და ცუდი ცხოვრებააო„ - ბუნებრივია, ცუდს დაინახავ შენი ცხოვრების სარკეში.
„და შენ ვერ ხედავ ცუდს?„ - მეკითხება ბონდო და ბრაზი ერევა ხმაში.
„არა, ძმაო, მე მაგ ცუდის დანახვის არც სურვილი მაქვს და არც-დრო, მე სხვანაირად ვიყურები ცხოვრების სარკეში„
„როგორ?„ - მეკითხება ცნობისმოყვარე ნაცნობი და მეც  ვუმხელ ჩემს საიდუმლოს:
„მე ბედნიერებას ვხედავ, მეგობარო, ბედნიერებას, წარმატებას, რეალიზებულ ცხოვრებას..„
„მაშასადამე, ილუზიებში ცხოვრობ!„ - ასკვნის ბონდო და ეღიმება.
„ილუზიებში?„ -  მეც ღიმილით ვიმეორებ მოსაუბრის ნათქვამს და ვმალავ წყენას. –„რატომ ილუზიებში? მე ხომ შედეგს ვიღებ აქედან!„
„რა შედეგს იღებ?„ - მეკითხება ბონდო.
„აი, უყურე, მე ახლა რომ  უმუშევარი რომ ვარ ამას აღვიქვამ სიკეთედ, ღვთის ნებად და მინიშნებად.....გულს უხარია, იმიტომ რომ გრძნობს დადგა გულის საქმის კეთების დრო, აქამდე სხვის მიზნებს ვემსახურებოდი, ახლა დადგა დრო, ვაკეთო ჩემი საქმე. გული გრძნობს და ელოდება სამყაროსგან სიკეთეს და ეს სიკეთე ნამდვილად მოდის„
„მოდის?„
„ჰო, ასეა, და ამაში გასაოცარი არაფერია, ხომ გითხარი, ღმერთს უნდა ჩვენი ბედნიერება, უბრალოდ ელოდება ჩვენს მოქმედებებს ჭეშმარიტი მიზნებისაკენ და როგორც კი დაინახავს ამას, უხარია და გეხმარება, არ გჯერა?„
„რა?„ - მეკითხება დაბნეული.
„შენი სანუკვარი მიზნების ახდენაში რომ ღმერთი გეხმარება, ამისი თუ გჯერა?„ - კვლავ ვეკითხები და განვაგრძობ:
„საკმარისია, შენ გქონდეს ჭეშმარიტი მიზანი და ცხოვრების სარკეში ხედავდე ამ მიზანს უკვე აღსრულებულს, იცი რა მოხდება?„
„რა?„
„ის მიზანი ნამდვილად ასრულდება!„
„როგორ?„
„აი, ასე: მე მაგალითად, დავისახე მიზანი და ახლა მისი ტრანსლირების პროცესში ვარ. დავდივარ როგორც ცოცხალი რადიოსადგური და ჩემი სანუკვარი მიზნის ტრანსლირებას ვახდენ, - ვამბობ, ვწერ, ვხატავ, წარმოვიდგენ ამ მიზანს უკვე ასრულებულად და თან ვუთვალთვალებ, რომელი კარი გამეხსნება.
ღმერთი გამოწმებს, რამდენად გულწრფელად მინდა ის, რაც მინდა და  გიხსნის კარს, თუკი კეთილი სურვილის გარდა ჩემს შეუპოვარ მოქმედებასაც დაინახავს.„
„შენ შემთხვევაში რა მოხდა? „ დაინტერისდა ბონდო.
„.... აგერ, გუშინწინ გავიგე, რომ კონკურსს აცხადებს  ერთი ორგანიზაცია ჩემს საყვარელ საქმეზე.  ახლა ვემზადები კონკურსისა და გასაუბრებისთვის; თან განვაგრძობ ტრანსლირებას, რომ მიზანი მიღწეული მაქვს, შესაბამისად, იმას კი არ ვფიქრობ, გამომივა თუ არ გამომივა, არამედ ცხოვრების სარკეში მიზანს უკვე მიღწეულს ვხედავ, წარმოვიდგენ, რომ  უკვე ვარ ამ ორგანიზაციის წევრი, ვარ პროფესიონალი და ვქმნი უმაღლეს ფასეულობებს. თან მაქვს იმის შეგრძნება, რომ ამ ყველაფრით მე ვრეალიზდები და ვხარჯავ ღმერთისგან ნაბოძებ ტალანტს და რამდენადაც მეტს ვხარჯავ, მით მეტი და მეტზე მეტი მეძლევა ღვთისგან.
„და თუ არ გაგეხსნა ეგ კარი?„ - მეკითხება დაეჭვებული ბონდო.
„მაშინ ჩავთვლი, რომ ეს არ იყო ჩემი ადგილი, მაგრამ კი არ ვნებდები, არამედ გავაგრძელებ ტრანსლირებას იმავე მიზანზე, ვაგრძელებ  მზადებას და თან ყურადღებით ვუთვათვალებ მორიგი კარის გახსნას. ის კი  აუცილებლად გაიხსნება, რადგან ასეთია ცხოვრების კანონი„
„მომისმინე„ - ახლა ბონდომ შემაჩერა და მითხრა- „მაგ შენს ტრანსლირებას რაღაც ჯადოქრობის სუნი უდის, არ გეშინია, რომ ეშმაკის მახეში აღმოჩნდე?!„
მე აღარაფერი მითქვამს.
იქნებ თქვენ გასცეთ პასუხი ბონდოს, ძვირფასო მკითხველო!



წარმატების დღიური

...ესეც  ერთ-ერთ ტრენინგზე მასწავლეს და მაშინვე დავნერგე ჩვევად:  ყოველდღე ვაფიქსირებ და დღიურში ვიწერ წარმატებებს.
რა წარმატებებს?
ეგ სულ ერთია, დიდი, მცირე, მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო... მთავარია, ჩემმა ტვინმა აღიქვას და დაიჯეროს, არც ისე წყალწაღებული ვარ, როგორც მას ჰგონია.
რა, თქვენ ასე არა ხართ?
ჩემსავით ნეგატივზე არა ხართ  ჩაციკლულები?
აბა გაიხსენეთ გუშინდელი, გუშინწინდელი და იმისწინდელი დღე...
რა გაგახსენდათ?
„ისეთი არაფერიო„ - მეტყვით.
მაგრამ აბა, ცუდი რამ მომხდარიყო, ხომ მასინვე ამოგიტივტივდებოდათ მეხსიერებაში.
ასეა, ბატონო, ცუდს დამახსოვრებას ამჯობინებს ჩვენი ძვირფასი ტვინი.
არადა, რამდენი რამ ხდება კარგი. რამდენი ნათელი ეპიზოდი, მადლიანი ურთიერთობა და საქმე მოხდა და ხდება ჩვენგან თუ სხვისგან და ჩვენ ვერ შეგვიმჩნევია, ან ჩვეულებრივ მოვლენად ჩაგვითვლია.
ისე, რატომ არ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარმატებები?
აი, მაგალითად, პირველად ვცადე და გამომივიდა რაღაც საქმე; შვილებს ვეთამაშე და გავახარე; ვიღაცას დავეხმარე; რაღაცა უკეთესად გავაკეთე...
გულის თვალი უნდა ამის დანახვას, გაცნობიერებასა და ამით სიხარულს. გულის თვალის ახელა და გაჯანსაღება გვჭირდება, მაგრამ ვის ახსოვს ეს?
...
...ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ვერ აეწყო ჩემი  საქმე კარგად.
რაღაც ყველაფერი ნაცრისფრად წარიმართა.
ფაქტიურად ვერაფერი დავაფიქსირე ისეთი, წარმატების დღიურში რომ შემეტანა.
საკვები რომ საკვებია, ისიც კი ვერ მივირთვი ისე, წარმატებად რომ ჩამეთვალა.
ისე, გითხრათ რა დროს ვთვლი ხოლმე ჭამას წარმატებად?
ჩემი საიდუმლოა, მაგრამ გაგიმხელთ: უპირველეს ყოვლისა, სასარგებლო საკვები უნდა მიირთვათ. ეს თქვენც იცით, მარამ სასარგებლო საკვები სსარგებლოდ როგორ უნდა მიირთვათ, დარწმუნებული ვარ არ იცით.
აი, ჩემი აღმოჩენაც: ჭამა მაშინაა სასარგებლო, როცა სასარგებლოს ჭამ გაცნობიერებულად და მლოცვარე გულით;  როცა ნელა მიირთმევ, აგემოვნებ, მოგწონს, გიხარია, მადლიერი ხარ და როცა ჭამის პროცესში წარმოიდგენ , - ამ საკვებით როგორ ამდიდრებ შენს  ორგანიზმს ვიტამინებით, ცილებით, ათასგვარი სიკეთეებით და როგორ ძლიერდები ამით; ასეთი ჭამის ფინალი კი, სამადლობელო ლოცვამდე, არის ვიზუალიზაცია, როცა გვერდიდან, სიხარულის ემოციებით  შეხედავ შენს თავს და გაგახარებს შენი წარმატებული მოქმედებები.
ჰოდა, ვინაიდან არც ასეთი პროცედურები არ ჩამიტარებია დღეს, კვება ვერ შევიტანე წარმატების დღიურში; ჩემს საქმეებსაც ზერელედ მოვეკიდე, ვერც ურთიერთობებში ვივაჟკაცე  და გუნება წამხდარი გარეთ გავედი სასეირნოდ.
ერთმა ახალგაზრდა კაცმა სიგარეტი მთხოვა და ამ წარმატების შანსიც გავუშვი ხეიდან ( არ ვეწევი და რა მიმეცა?).
მოკლედ, ჩემი უიღბლო დღის დასასრულს მაღაზიაში შევედი, მერე გამახსენდა, რომ კომუნალური გადასახადების ვადა მეწურებოდა.
აძმარებული განწყობით მივედი აპარატთან. ჩავრიცხე ელექტრო ენერგიის მოხმარების გადასახადი და ის იყო, უკან მობრუნებას ვაპირებდი, ეკრანზე ფეივერკები აკიაფდა და დიდი ასოებით დაეწერა: „თქვენი გადახდა დასრულდა წარმატებით!“
„ვახ, შენ გენაცვალე -მეთქი!„ წარმოვთქვი სიხარულით; უბიდან წიგნაკთან ერთად კალამიც  ამოვიღე და  ღელვისგან აკანკალებული ხელით ჩვწერე:
„გადახდა შევასრულე წარმატებით!“



ტაქსისტი

„ჯავახიშვილის ორმოცდაშვიდთან მიმიყვანე!„ - უკმეხი ტონით უთხრა შუბლშეკრულმა ქალბატონმა და ავტომანქანის უკანა სავარძელზე დაბრძანდა.
ტაქსის მძღოლმა უსიტყვოდ დაძრა ავტომობილი და კარგახანს სარკიდან უთვალთვალა მგზავრს.
„აშკარად ვერ არის კარგადო„ - დაასკვნა ჩვენმა გმირმა და გადაწყვიტა მის განწყობაზე ეზრუნა.
„ქალბატონო, ბოდიშს კი გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ვალდებული ვარ მოგახსენოთ ჩვენი საშეღავათო მომსახურების შესახებ„ - მოწიწებით მიმართა მგზავრს.
„ვერ გავიგე?!„ - აბოჟირებული სახე  მძღოლისკენ მიწია ქალბატონმა.
„მიდა გითხრათ, რომ თქვენ გეკუთვნით უფასო მგზავრობა, თუ ორ შეკითხვაზე სწორად უპასუხებთ, ასეთია ჩვენი სერვისი და შეგიძლიათ ისარგებლოთ!„ - სრული სერიოზულობით მოახსენა მძღოლმა.
„რა შეკითხვაზე?„ - გაოცდა ქალბატონი.
„ნებისმიერზე, ჰო,მართლა, თუ ერთზე ვერ უპასუხებთ, მაგრამ მეორეზე უპასუხებთ, ნახევარ ფასში იმგზავრებთ, აი, ასე!„ - ხალისიანად წარმოთქვა ტაქსისტმა.
ქალბატონმა უნდობლობის ღიმილით უპასუხა გამოწვევას და თავის ფიქრებში ჩაფლულმა სარკმლის მიღმა იწყო ყურება.
„პატივცემულო, მე მაინც შემიბრალეთ, - დამწუხრებულმა მიმართა ტაქსისტმა - მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი იწერება და ჩვენი ხელმძღვანელობა სამსახურიდან გამაგდებს, იმის გამო, რომ არ გამოვიყენე თქვენთან  დაწესებული საშეღავათო მომსახურება.
„კარგი, გიმსენთ„ - თანაუგრძნო  მგზავრმა.
„აბა, მითხარით, ვის ეკუთვნის ნახატი: „წმინდა ოჯახი, წმინდა ელისაბედსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად?„
„ვან გოგს?„ - ეჭვნეულად და უენერგიოდ უპასუხა ქალმა.
„არა, სამწუხაროდ ვერ გამოიცანით. ეს ტილო ეკუთვნის დიდ იტალიელ მხატვარს, -რუბენსს„
„მხატვრობაში ვერ ვერკვევი„ - თავი იმართლა ქალბატონმა.
„მაშინ რა თემაზე შეგეკითხოთ? - აზარტში შევიდა ტაქსისტი.
„რა ვიცი, ....  კინოფილმები იყოს„  -აბილბილდა მგზავრი.
„კარგი, ვინ არის რეჟისორი ფილმისა: „გოტის კოდექსი?„
„კევინ კონოლი!„ -  ემოციურად წარმოთქვა ქალბატონმა.
„ყოჩაღ!„ - ნახევარფასში მგზავრობა მოგებული გაქვთ, გილოცავთ!  თუმცა, ერთი ბონუს შემოთავაზება კიდევ მაქვს, - ანეგდოტს გეტყვით, თუ არ გაგეცინებათ, იმგზავრებთ სრულიად უფასოდ, თუ გაგაეცინათ, მაშინ კარგავთ შეძენილ შეღავათსაც.
„კარგი„ -  დათანხმდა ქალბატონი მგზავრი და გაეღიმა.
„აი, უკვე გაგაეღიმათ!„
„ეგ არ ითვლება„ - კვლავ ეღიმება ქალს.
„კარგი, თემატურ ანეგდოტს შემოგთავაზებთ:  კაცი მარშუტკიდან ჩამოდის და მძღოლს ეუბნება: ფული არ მაქვს და პანჩური დამარტყიო. მძღოლი არტყამს პანჩურს. „ძმურად, ერთი კიდევ დამარტყიო ეხვეწება კაცი და  მძოლი მეორედაც არტყამს პანჩურს. უფულო მგზავრი მადლობას უხდის მძღოლს და  გასძახებს: „ზაურ არ აიღო, შენიც გადახდილიაო„
ქალბატონს ხმამაღლა გაეცინა  და მძღოლს მიმართა:
„შეიძლება ერთი რამ გკითხოთ?„
„მკითხეთ და თუ ვერ გამოვიცანი?.... -  იცინის მძღოლი.
„რატომ მოიქეცით ასე?„
„როგორ?„ -სახეზე შეაშრა სიცილი ჩვენს გმირს.
„ხომ  შიძლება ორივე კითხვაზე მეპასუხა, უფასოდ მატარებდით?„
„რა თქმა უნდა, მაგრამ იმის იმედი მქონდა, რომ ბოლოს ანეგდოტებით მაინც გაგაცინებდით და ორივე კმაყოფილი დავრჩებოდით„ - ისევ  გახალისდა ტაქსისტი.
„თქვენ ეს შეძელით, მაგრამ რატომ?... მაინც ვერ ვხვდები... ახალგაზრდა ლამაზმანი რომ ვიყო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ....„ -  ამბობდა ქალბატონი და თავის თავს სარკეში ათვალიერებდა.
მძღოლმა მანქანა გააჩერა, მგზავრისკენ მიბრუნდა და უთხრა:
„ქალბატონო, მე რამდენიმე  წელია ვტაქსაობ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, სულ ახლახანს გადავწყვიტე ტაქსისტობა, მანამდე გულგრილი ვიყავი ამ საქმიანობისადმი და ბუნებრივია, გულგრილი ვიყავი მგზავრებისადმიც.
როცა დავინახე, რომ სხვა საქმე მაინც არაფერი ჩანდა, ტაქსისტობის გადაწყვეტილება მივიღე და იმ მომენტიდანვე  გამიჩნდა სურვილი ვიყო საუკეთესო ჩემს საქმეში, ეგ არის და ეგ.... მერე მეც ვხარობ, მგზავრი რომ ხარობს ჩემი მომსახურებით და ვბედნიერდები ამით.
... ასე, რომ ჩემს ტაქსში მყოფი მგზავრი არ შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე„ - დასძინა მძღოლმა ღიმილით და ტაქსმა დანიშნულების ადგილისკენ განაგრძო სვლა.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge