გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ზურაბ ხასაია - მეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ

        მეტაფიზიკა, ანუ ე.წ. ,,პრიმა ფილოსოფია“ მეცნიერებაა ქვეყნიერების არსის შესახებ. ამის თქმისთანავე უსიამოვნოდ დაგვიდგება წინ კანტის აჩრდილი.  დიდი გერმანელი ფილოსოფოსი გვიკრძალავდა ამგვარ განცხადებებს.  ჯერ უნდა ვიკითხოთო, რისი შემეცნება შეგვიძლია და რისი -- არა.  ის თვითონ დარწმუნებული იყო, რომ ადამიანს არ ძალუძს ამდენი და არაა საჭირო ინტელექტუალური ენერგიის ფუჭად ხარჯვა.  
        ასე სწამდა მას და ეფექტურადაც ასაბუთებდა თავის ამ ვარაუდს, რწმენას.  ამ ადამიანის კოლოსალურმა გონებამ და მისმა ამ დასკვნამ გადამწყვეტი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიასა და კულტურაზე და ზოგიერთ სხვა ფაქტორთან ერთად რამდენადმე განსაზღვრა კიდეც მისი განვითარების მიმართულება.
        მეორე არანაკლებ დიდი ფილოსოფოსი გერმანიისა, ჰეგელი, ცივად შენიშნავდა-ხოლმე  ამის შესახებ და ცდილობდა გაებათილებინა კანტის გავლენა, მაგრამ ამაოდ.  ეტყობა, კანტის მიდგომა საკითხისადმი უფრო ეფექტური, ანუ უფრო მარტივი და გასაგები იყო, ვიდრე ჰეგელისა და, რაც მთავარია, კანტის მხარეზე იყო ეპოქის განწყობა, კონტინენტის საერთო სულისკვეთება, რომელიც ცალკეული ადამიანის ნება-სურვილს არ ემორჩილება და თვითონ მიიკვლევს გზას ისტორიის ქარტეხილებსა და  ბედუკუღმართობებში.
        კანტი თავისი მთავარი ნაშრომის დასაწყისშივე ლაპარაკობს ადამიანის გონების ,,უცნაური ბედის“ შესახებ -- დასვას საკითხები, რომელთა გადაჭრა არ შეუძლია.  სიტყვაში ,,უცნაური“ ის რაღაც ცუდს უფრო გულისხმობდა, ვიდრე კარგს.  ეს აშკარად ჩანს კონტექსტიდან, სადაც ეს თემაა განხილული.  ამიტომ გასაგებია კანტის სურვილი:  ამიერიდან ჭკუით მოიქცეს ადამიანი და აღარ დასვას შეუსაბამო, ფუჭი კითხვები.
        კანტის ამგვარი მიდგომის შესახებ ზოგადად უნდა შევნიშნო:,,უცნაური ბედი“, რაზეც კანტი ჩივის, მართლაც არსებობს და შეიცავს უსიამოვნო ამაოებას, მაგრამ იგი არსებითია ადამიანისთვის, მის ცნობილ ,,სიდიადეს“ განაპირობებს და მისგან თავის არიდება მხოლოდ აკნინებს ადამიანს, ხდის ,,ჭიანჭველეთის“ რიგით წევრად და ,,მომხმარებელ არსებად“, ,,მოთხოვნილებათა ჭურჭლად“.  
        ამ მხრივ კანტზე უფრო ღრმად ვაჟა-ფშაველა იხედება, ვინც თავის ლექსში ,,ვედრება“ ბრძნულ, გონებით გაჯერებულ მადლიერებას გამოთქვამს ხსენებული ,,უცნაური ბედის“ მიმართ.  ,,მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“ -- ამბობს პოეტი.  აქ მოცემულია როგორც ბედნიერების, ისე უბედურების, ტანჯვის მაღალი, ტრაგიკული, მეტაფიზიკური გაგება.
        ახლა ვნახოთ კანტისეული მიდგომის უფრო კონკრეტული მხარეც.  ამით კანტის უსამართლო უგულებელყოფასაც ავიცილებთ თავიდან და ჩვენს აზრსაც დავაზუსტებთ.  კანტის არგუმენტთა ეფექტურობა განახევრდება, თუკი ამ დავის დროს გამოყენებულ ძირითად ტერმინებს ზუსტად განვმარტავთ.  
        კანტი მოითხოვდა მეცნიერების საზღვრების დადგენას:რა შეიძლება მოექცეს მეცნიერების ფარგლებში და რა -- არა.  ამ დროს მეცნიერება მას ესმის ე.წ. კლასიკური გაგებით;  კერძოდ, ევკლიდური გეომეტრიისა და ნიუტონური ფიზიკის სახით.  ესენი მიაჩნია მას მეცნიერების იდეალად.  მეტაფიზიკაც იმ შემთხვევაში იქნებაო მეცნიერება, ანუ ქვეყნიერების არსის შემეცნება იმ შემთხვევაში იქნებაო ნამდვილი და სრულფასოვანი, თუ ის აიგება ევკლიდურად და ნიუტონურად, კლასიკური მათემატიკისა და ფიზიკის ანალოგიურად.  კანტმა წარმატებით დაამტკიცა, რომ ეს შეუძლებელია და დაასკვნა კიდეც, რომ მეტაფიზიკა არაა მეცნიერება.
        მაგრამ მეცნიერების ისტორიამ გააბათილა კანტის ამოსავალი დებულება.  კლასიკური მეცნიერება არაა მეცნიერების არც ერთადერთი ფორმა და არც იდეალი.  ის მხოლოდ ერთერთი ისტორიული ფორმაა მეცნიერებისა.  არსებობს არაკლასიკური, უფრო ზუსტად პოსტკლასიკური მეცნიერება, რომელიც ეწინააღმდეგება ევკლიდესა და ნიუტონის ამოსავალ პრინციპებს.  ამის მიუხედავად ის, პირიქით, მეცნიერების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაღრმავებას მოასწავებს.  თუ კლასიკურ ხანაში მეცნიერების უმთავრეს კრიტერიუმად შინაგანი სიცხადე და ინვარიანტულობა (ერთსახოვნება) ითვლებოდა, დღეს ასეთად სხვა რამე ითვლება -- მოვლენათა ,,ქცევების“ ახსნა, ანუ ,,თეორიული მუშაობა“ და აზრთა განვითარების პროვოცირება.  
      შესაბამისად, ინვარიანტულობა, პირიქით, ნაკლად თვლება, რადგან იგი შეიცავს აბსოლუტურ ცოდნაზე პრეტენზიას და ამით აფერხებს მეცნიერების შემდგომ განვითარებას.  მეცნიერებისთვის აღარაა არსებითი შინაგანი სიცხადე.  ის მუდამ ღია უნდა იყოს საწინააღმდეგო ვარიანტების მიმართ და, ამ აზრგაგებით, პირიქით, რამდენადმე წინააღმდეგობრივი და პოლივარიანტული, ანუ მრავალსახა.  სწორედ ესაა გამოთქმული ნილს ბორის ,,დამატებითობის პრინციპში“.  ურთიერთგამომრიცხავი თეორიები, რომელთა შორის ტრადიციულად ერთი ითვლებოდა სწორად და მეორე არასწორად, ერთმანეთს უნდა დავუმატოთ!
        ახლა, ამ ახალ გარემოებათა გათვალისწინებით, კანტის არგუმენტები მეტაფიზიკის წინააღმდეგ სხვაგვარად უნდა შეფასდეს.  თუ მეცნიერებაში კლასიკურ მეცნიერებას ვიგულისხმებთ, მაშინ კანტის არგუმენტები უძლეველია.  მაგრამ თუ მეცნიერებას თანამედროვე მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ ხსენებული არგუმენტები აღარაა საკმარისი და მეტაფიზიკის პრეტენზია, შეიმეცნოს ქვეყნიერების არსი, ხელუხლებელი და უცვლელი რჩება.
        ისტორიული ფაქტი, რომ ფილოსოფოსები არ ეთანხმებიან ერთმანეთს ქვეყნიერების არსის შემეცნებაში და ახალ-ახალ ვარიანტებს ჰქმნიან, არაა მათი არამეცნიერულობისა და ამაო შრომის მაჩვენებელი.  თუ უწინაზრახვოდ და პატიოსნად შევხედავთ ფილოსოფიის ისტორიას, დავინახავთ:  ფილოსოფოსები ქვეყნიერების არსის შესახებ, დაახლოებით, ერთსა და იმავეს ამტკიცებენ, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან.  უმთავრესსა და არსებითში ისინი ჰგვანან ერთმანეთს, ხოლო მათ შორის განსხვავება შედარებით მეორეხარისხოვანია.  
        საწინააღმდეგო შთაბეჭდილებას ჰქმნის თითოეული ფილოსოფოსის ადამიანური სისუსტე -- გახაზოს თავისი მოძღვრების მაინც და მაინც სპეციფიკა, სხვათაგან მისი განმასხვავებელი ნიშნები და მიჩქმალოს მსგავსება.  ჩვენ ვალდებულნი ვართ მივუტევოთ ამ დიდ მოაზროვნეებს ადამიანური სისუსტეები და მადლობა ვუთხრათ სამყაროს უღრმეს საიდუმლოებათა განჭვრეტისა და მეცნიერული შემეცნებისთვის. ჩვენ მთელი ეს საკაცობრიო აზროვნების მოფენა და ნაირ-ნაირი მენტალური ფოიერვერკები უნდა განვიხილოთ არა აზრთა მიერ ერთმანეთის განადგურებად, არამედ ერთმანეთის შევსებად;  თითქოს მთელი ეს ისტორია ერთი კაცის, ანუ საზოგადოდ ფილოსოფიური გონების ისტორიული მსვლელობა იყოს.  თუ ბორის ტერმინს გამოვიყენებთ, ისინი კი არ გამორიცხავენ და ანადგურებენ, არამედ ,,ემატებიან“ ერთმანეთს, ავსებენ შემეცნების საკვირველ პირამიდას ნაირ-ნაირი წახნაგებით. 
        ხომ ერთმანეთის მასშტაბურ ოპონენტებად ითვლებიან პარმენიდე და ჰერაკლიტე, დემოკრიტე და პლატონი,  ეპიკურე და სტოა,  ბერძნები და ქრისტიანები, დეკარტე და ლოკი, სპინოზა და ლაიბნიცი, კანტი და ჰეგელი, ჰეგელი და შოპენჰაუერი, ქრისტიანობა და ნიცშე?  მართლაც, ისინი ხშირად უსამართლოდ ამცირებენ ერთმანეთის დამსახურებას და ასევე ზედმეტად წარმოაჩენენ საკუთარ პერსონას მოწინააღმდეგის, ოპონენტის ხარჯზე, მაგრამ მათ წიგნებში ეს არაა მთავარი.ეს მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის ნაკლებად მოწოდებულ ადამიანთა გასართობი მხარეა დიდი სინამდვილისა.  
        ეს სინამდვილე კი მათ მიერ ნაირ-ნაირი კუთხიდან გაშუქებული ერთი და იგივე საგანია, რაც შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე დებულებაში:  ყველაფერი ერთია -- საგანი, რომელიც ამბოხებია საკუთარ თავს და ბრძოლის ველად, ომის გრიგალად ქცეულა!  რომ ამ ომის გენერალური ხაზი ადამიანზე გადის და მანაც ეს თავისი წილი და ხვედრი ღირსეულად უნდა მიიღოს, თავისი განსაცდელი უნდა განიცადოს.  მან უნდა შეიმეცნოს საქმის არსი, ეს მარად უცვლელი ვითარება და ამით საკუთარ თავზე გაიმარჯვოს, დიდი ტანჯვით განიწმინდოს და ომის უაზრო ქარბუქზე მაღლა დადგეს.
        ამის შემეცნება და მეცნიერულად მოწესრიგებაა მეტაფიზიკა.  მართლაც, ,,უცნაური ხვედრი“ ჩანს იგი, მაგრამ მასზე უკეთესი, ღირებული და მშვენიერი არაფერია სამყაროში.  ტვირთია ის ადამიანისთვის, მაგრამ -- საპატიო ტვირთი!  ფილოსოფოსმა იცის, რომ ყოფნა ტვირთის ზიდვაა, მაგრამ ისიც იცის, რომ შემეცნების ტვირთი ღირსეული და საპატიოა.  მან იცის:მხოლოდ ,,შეწუხებული კაცია“ ბედნიერი, ოღონდ -- შემეცნებით, შეგნებით შეწუხებული!
        მეორე ტერმინი, რომელიც განსაზღვრასა და დაზუსტებას მოითხოვს კანტის არგუმენტებთან გასამკლავებლად, არის ,,სამყარო“.  კანტის არგუმენტი, თუ ოდნავ გავამარტივებთ, ასეთია:  სამყარო უსასრულოა, ადამიანი კი -- სასრულო.  როგორღა შეიმეცნებს სასრულო უსასრულოს?
        მაგრამ უსასრულობის შესახებ სავსებით უნდა დავეთანხმოთ ჰეგელის ღრმა შენიშვნებს.  სამყაროს უსასრულობა წყალ-წყალა სპეკულირების საგანია ხოლმე.  ცდილობენ დიდი აზრი ჩადონ მასში, მაგრამ რაღას ჩადებენ, რაც არა აქვთ?  შედეგად ვიღებთ იმას, რომ უსასრულობა ღატაკი და მოსაწყენი რამ არის.  ის ერთისა და იმავეს გამეორებაა, რის გამოც, პირიქით, ყველა სასრულობაზე ნაკლებია.  ის უარყოფს ყველა სიდიდეს, მაგრამ თვითონ საერთოდ ვერ აღწევს ვერანაირ სიდიდეს და სრული გაურკვევლობაა.  ეს მაშინ, როცა პატარა ნამცეციც კი გარკვეული რამაა და ამით უსასრულოზე მეტია.  
        ამის გაცნობიერებას ემყარება მათემატიკური პარადოქსი ნიკოლო კუზანელისა (XVI ს.) ,,უსასრულოდ მცირესა“ და ,,უსასრულოდ დიდის“ ტოლობის შესახებ და, აგრეთვე, თანამედროვე მათემატიკისა -- სასრულოს მეტობის შესახებ უსასრულოზე.  
         საგნიდან გარეთ, ,,უსასრულოსკენ“ სწრაფვა სამყაროს გულში ჩაღრმავება კი არაა, არამედ ,,სამყაროდან გაქცევა“. ეს გეზი რაიმე საინტერესოს ხილვას კი არ გვპირდება, არამედ მოსაწყენ ხრიოკზე ტრიალს.  მთელი შინაარსი საგნის შიგნითაა.  სამყაროს მთელი სიმდიდრე აქვეა, ჩვენს გარშემო და მეტადრე თვით ჩვენში.  
        ეს იგულისხმებოდა ჰერაკლიტეს (ძვ.წ. VI-V სს) აფორიზმში ,,ღმერთი   აქაცაა!“ და ძველი ჩინელი ბრძენის ლაო-ძის (--VII-VI სს.) ნაკვესში:  ,,ბამბუკის ქოხის კარიდან ჩანს მთელი სამყარო!“. ხოლო მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი ლაიბნიცი იმავე აზრს ახალ ფრაზაში მოაქცევს: ,,თვალით უხილავი მონადა მთელი სამყაროს გამჭვირვალე სარკეა!“. 
        მეტაფიზიკის პრეტენზია მთელი სამყაროს შემეცნებაზე გარეთ კი არაა მიმართული, არამედ შიგნით.  ქვეყნიერების არსი, რის შემეცნებასაც იგი ესწრაფვის, გალაქტიკაში დანახული საგანი კი არაა, არამედ საკუთარ ,,მე“-ში ჩაღრმავებისას ნანახი ვითარება.  აი ეს ვითარებაა ქვეყნიერების მთავარი ამბავი, მისი არქეტიპი ორიგინალში, დედანში, რასთან შედარებითაც ყველაფერი სხვა, სამყაროს უსასრულობის ჩათვლით, მხოლოდ ასლი და მკრთალი მინიშნებაა. 
        ამიტომ თანამედროვე ეპოქა სულ ამაოდ განმარტავს მეტაფიზიკაზე უარისთქმას  თავის მეცნიერულ კულტურად, მეცნიერების გაწმენდად ფუჭი, არამეცნიერული პრობლემებისგან.  სინამდვილეში ეს მეცნიერების ნამდვილ სტიქიაზე უარისთქმა და ამით ადამიანის გონების თვალსაწიერის შევიწროებაა, აზრომეტაფიზიკის შესაძლებლობის შესახებ.
        скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება მირიან ებანოიძე - ჰაიდეგერი და აღმოსავლური აზროვნება ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია გიორგი ასათიანი - მეცნიერება და რელიგია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / ფიზიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ მერაბ მაღრაძე - დიმიტრი უზნაძე მეტაფიზიკური აზროვნების შესახებ ჟურნალი / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge