გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარეხი მემანიშვილი - ოთხი ნოველა


გოგოცა

დედამ თქვა, საბრალოს  რაც შვილი გარდაეცვალა, მის მერე თვალისჩინი წაერთვაო...
გათხოვებამდე ულამაზესი ქალი იყო, ტანმორჩილი, შავთვალწარბა და ეშხიანიო...
ოთხი  შვილი გააჩინა:  ორი ვაჟი და ორი ქალიო.

გოგოცას  გამო ჩემთვის გასაკვირი უამრავი რამ ხდებოდა ჩვენს უბანში:
მას და მის ქმარს  ყველაზე სუფთად ეცვა მთელ სოფელში, დაკერებული, დაკემსილი, ოდესღაც შავად შეღებილი, ახლა უკვე მზისგან  გადამწვარი და შეწითლებული, მაგრამ სუფთა.
ხელმადლიანი ქალი იყო. საკურთხის კვერებს დააცხობდა და სანთელს აუნთებდა თუ არა, ბავშვებს გამოგვიტანდა და  ჩამოგვირიგებდა. ჩვენ  სიხარულით გამოვართმევდით  ხოლმე, როგორც ყველაზე  გემრიელ ნუგბარს.

როცა მისი ჩვიდმეტი  წლის შვილის ამირანის წყალში დახრჩობის ამბავი მოსულა, ერთი კი შეუკივლია და გული წასვლია...
მას მერე ორღობესა და შუკაში თვითონ კი არა, მისი ლანდი დადის...შავებში ჩაცმული, თავწაკრული. ისე, თვალებზეც რომ ეფარება ხილაბანდი.. ნელი, მოზომილი ნაბიჯით , თვალისჩინის გარეშე და მუდამ წელში მოხრილი.
რაღაცით სულ მუდამ რიდი გვქონდა მისი და, სულო ცოდვილო, ეჭვით ვუყურებდით, ალბათ ხედავს თორემ, ასე ყველაფერი წესრიგში როგორ აქვსთქო.
შვილები რომ დააოჯახა, გოგოები გაათხოვა,  ქმართან ერთად მარტო დაიწყო ცხოვრება, საკმაოდ მოკრძალებულ სახლში.
უფრო სწორად,ცოლ-ქმარმა შვილს სახლი დაუტოვა, სახლს გვერდით პატარა ფიცრული მიაშენა და იქ გადავიდნენ, ჩვენთვის გვირჩევნია, ჩვენ სულ უნდა ვიტიროთ და ემანდ, ახალგაზრდებს თავი არ მოვაბეზროთო.
  თუ გოგოცა მარტო იყო, ნელა დადიოდა და ნაბიჯებს ითვლიდა, მაგრამ როცა ქმართან ერთად ყანა-ვენახში სამუშაოდ მიდიოდნენ, ქმარს ხელჩაკიდებული მიჰყავდა ...შრომობდნენ, არავის არაფერს ავალდებულებდნენ და არავის აწუხებდნენ.

მე ცნობისმოყვარეობა მკლავდა, მინდოდა გოგოცა ბებოს ოთახში შემეღწია და გამეგო, უსინათლო ქალი საჭმელს როგორ აკეთებდა.
ეს დღეც დადგა. მის შვილიშვილთან ერთად ვთამაშობდი, როცა  დაუძახა,ბებო, წყალი მომიტანეო.

ვედროთი ჭიდან წყალი შევუტანეთ და იქვე დავჯექი.


ახლაც მახსოვს იქაურობის სუნი.სანთლის თუ რაღაცის. სინათლე არ ენთო, ამიტომ კარგად ვერაფერს ვხედავდი.თუმცა
კერასინკაზე დადგმულ კერძს,  ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ირეკლავდა  და მადასაც მიღვიძებდა.

ჯერ ბუჯერთან მივიდა, ხელი მოაფათურა და როდინი ჩამოიღო, მერე ხელის ცეცებით ქვა მოძებნა და ტაბურეტზე დაჯდა.
როდინში დაჭრილი მწვანილი  ჩაყარა, მერე ნიორი დაამატა და დიდხანს, დიდხანს ნაყავდა. შემდეგ კოვზით  საკმაზი ქვაბში ჩაამატა და    როდინი და ქვასანაყი ხელის სწრაფი მოძრაობით  ოსტატურად გარეცხა და  ნარეცხი წყალი გარეთ გადააქცია,
ბუხარში კეცები გადაეწყო და ზედ მჭადი ცხვებოდა. ჩემს იქ ყოფნაში სამჯერ მივიდა ცეცხლთან და  კეცი შეატრიალა.
მერე ცხელი მჭადები კეციდან ამოიღო და ტილოში გადაახვია.

_ბებიაო - წყნარად უთხრა თაკოს - საჭმელი მზადაა და თეფშები მოიტანეთო.


მე სიტყვისუთქმელად გარეთ გამოვედი და სადილად არ დავრჩი, სახე ისე მქონდა აწითლებული, თითქოს რამე
დანაშაულზე წამასწრეს და შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი.

ხანდახან,  თუ ახლომახლო არავინ იყო, ბავშვების ერთ -ერთ თავშესაქცევს საფლავების დათვალიერება წარმოადგენდა.
ამირანის, გოგოცას შვილის,  საფლავზე კი პატარა,  საფეხურჩატეხილი, კიბე  ჩვენ ინტერესს აღვიძებდა.
ჩატეხილი საფეხური მეჩვიდმეტე იყო...
სამჯერ შევესწარი,  შვილის საფლავზე თავდამხობილს და გარინდებულს.
სამივეჯერ  შემეშინდა და გავერიდე..

არასდროს უნახავს ვინმეს ნათლობასა და ქორწილში.არც ფერადი ჩაუცვამს როდესმე.

ლანდივით გაილია გოგოცა...
ლანდივით გაილია და ერთ დღესაც  სამუდამოდ გაქრა.
ალბათ შვილის გვერდით დაკრძალეს.



ალექსა

დილაადრიანად ეზოში რომ შემოვიდა,  არ მესიამოვნა. ჯერ ერთი, საქმეზე  გავდიოდი და მეჩქარებოდა. მერე კიდე და,  არც არყით აქოთებული ადამიანის ნახვა მინდოდა.
შევცდი.
სუფთად იყო. ორი ღერი თმა დავარცხნილიც კი ქონდა.
თვალით მომესალმა და დარცხვენილი მიდგა.
ვინ და როდის დაადგინა, არ ვიცი,მაგრამ,  მიუხედავად იმისა, არაფერს  ითხოვს, ყველა რამეს აწოდებს. მერე ერთი - ორი საათით წაგეხმარება, თუ რამეს გაატან, კიდევაც  გაიყოლებს და ფეხათრეული წავა.ბევრჯერ ზომაზე გადასულს იქვე მიუძინია, მაგრამ მისი გაფუჭებული და
ცუდი არავის უნახავს.
რადგან შემოვიდა, რაღა მეთქვა. რაც არ უნდა იყოს, ჩემი ქმრის მეგობარი იყო.
ვისკი  მქონდა, ნაკლული ჯეკ დენიელსი. მეგობარმა ჩამომიტანა, გავხსენით, მაგრამ არ დაგვილევია.
ჩვენთვის მაგარი გამოდგა. მაშინვე ეგ გამახსენდა.
- წამოდი, რა დაგალევინო მეთქი -თავი ისე გამოვიდე, ვითომ ჩემი გვარი ვისკით ცხოვრობდა.
გამოვუტანე და მაცივრისკენ წავედი, ყინულისათვის...
კონიაკი ეგონა და თვალები ააფახულა.
ყინულის ნატეხი  რომ დამინახა ხელში, თითი საფეთქელთან დაატრიალა.
- გაგიჯდიო?
უყინულოდ დავუსხი.
გადაკრა
სული შეეკრა და წყალს ეცა.
- არ დამიჯერე მეთქი-ვუსაყვედურე.
- რა არი?_ბოთლი შეაჯანჯღარა.
- ვისკი მეთქი.
- კინოებში რო სვამენ? - ერთადერთი, საბუქსირე კბილი გამოუჩნდა.
- ჰო, ეგაა მეთქი- კბილის გამო შემეცოდა.
- რა კაი რამე ყოფილა. გამატანო?- დამეღრიჯა.
- იცი რა ღირს მეთქი?- ისე შევიფერე, ვითომ ორმოცი  დოლარი ჩემი ჯიბიდან გადამეხადოს.
- გაქ რამე , გასაკეთებელი?- თემა შემიცვალა.
- დაფნა მაქვს გასაკრეჭი, მაგრამ მე  გავდივარ და უჩემოდ ვერ იზამ - უარი ვუთხარი
- მაკრატელი მომე და გავპუტავ..  დაფნის ღობე გაბურძგნული რომაა, იმიტომ მოვედი  -  გამოიკეთა პირი.
სასხეპი მაკრატელი გამოვუტანე, მაგიდაზე ოცი ლარი, ყველი და პური დავუტოვე, პირველ საათამდე ვერ მოვალ და საჭმელსაც მოგიტან მეთქი და საქმეზე წავედი.

ალექსა არც რამეს მოგპარავს და არც ვინმეს შემოუშვებს, იმედიანია, მაგრამ ნარგიზას  მაინც გადავძახე, ალექსა  რჩება და გამოხედე ხანდისხანთქო.
შემაგვიანდა,
უფრო სწორად , ალექსა მიმავიწყდა.
ოთხ საათზე მოვედი.
ქვის მაგიდასთან  მოკუნტული იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, დაფნის ღობე სანახევროდაც არ ჰქონდა გაკრეჭილი.
- ცუდად ხო არ ხარ, ალექს - ჩავეკითხე- ნუ ეწევი ამდენს. საჭმელი მოვიტანე და ახლავე მოგიმზადებ რამეს
- უნდა წავიდე, ამას სხვა დროს დავამთავრებო - თვალი ამარიდა - მაგიდაზე საჭმელი ხელუხლებელი იყო. ვისკიანი ჭიქაც არ იყო დაცლილი.

ჩემი ქმრის ნაქონი ჯინსის შარვალი გამოვუტანე, მისთვის მქონდა გარეცხილი და გადადებული.
- მახსოვს ეს რომ იყიდაო- გახუნებულ  თვალებში მგონი ცრემლიც წამოუვიდა.
- როცა მოიცალო, მაშინ გააგრძელე, იცოდე, ჩემი გასაკრეჭი არ გახდეს, თორემ მოგკლავთქო- ცრემლის თავი არ მქონდა.
გააღო და გაბრაცუნდა.
თხუთმეტ წუთში სასწრაფო ამორიხინდა ჩვენს ჩიხში.
გავიხედე, ალექსა ჩამხვლეულა და ხალხი ჩოჩქოლობს.
მეზობლების მომერიდა, დაათრო და  გამოუშვაო.
საავადმყოფომდე მე გავყევი.
გზიდან გათხოვილი დისთვის დამარეკინა.
რომ ამოვბრუნდი, ნარგიზასთან მოვიმწუხრე:
-ალექსას საქმე წასულია, ღვიძლი დიდხანს არ აცოცხლებს მაგ ბრაცუნასთქო.
არ გაკვირვებია.
არც მე მიკვირდა, ისე მენანებოდა.
ორი კვირის მერე კიდევ ამოვიდა. პირველად გაკრეჭილი დაფნაც ამოჩეჩილიყო . თავიდან გაუხდა გასაკრეჭი.
- ნუ სვამ ალექს, ასე ძნელია მაგის მიტოვება?
- გამოიტანე, მიდი, ნუ გენანება - ვისკიზე მითხრა.
გამოვუტანე და დავუსხი.
კიდევ ერთხელ შეაჯანჯღარა,
- რა ნელა ისხმება - ჩაკირკიტებდა
- სულ გაგატანდი, მაგრამ მაგისი წერა გახდები და დამეწერები მეთქი - გავეხუმრე
- იმას მაინც იტყვიან, ვისკით გაიგუდაო - ვერ გამოუვიდა ხუმრობა.
გავუბრაზდი და საქმეზე მარტო დავტოვე.
აბუზღუნდა, მარტო მუშაობა რომ მდომოდა, ნარგიზასთან მივიდოდი, შენთან ლაპარაკი რომ მიყვარს, იმიტომ მოვდივარ აქაო.
- ალექს, არ გეწყინოს, ვერ გაგატან მეთქი.
- ბიჭებს ჩავუტანდი, მარტო ხო არ დავლევდი. მარა, აწი  ხშირ-ხშირად ამოვალო...

სამი თვე ჩაწოლილი ყოფილა. მე საიდან გავიგებდი.
უნდა გამეტანებინა. აბა რაღა გამოვიდა...
აღარაა ალექსა.


მასწავლებელი 

იმ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. ამოივსო სკოლის  ფანჯრები და შესასვლელი. სკოლის ეზოში  მოჭრილი ალვის ხისგან
ცეცხლი რომ დაგვენთო, სამი ლიტრი ნავთი იხარჯებოდა. ამიტომ ბავშვებს სახლიდან რიგრიგობით  მიგვქონდა მშრალი შეშა
და მოსანთები.
ყველგან ციოდა, სკოლაშიც და სახლშიც.
ჩემი უფროსი ძმის ნაქონი კურტკაც რომ ვერ მათბობდა, ჟაკეტი მომიქსოვა ნინომ.
ნინო ჩემი ბიძაშვილია. უნივერსიტეტი დაამთავრა და  იმ წელს , იმ კლასის მასწავლებელი გახდა, რომელშიც ვსწავლობდი.
მეც, სახლში  ნინო დაიას ვეძახდი, სკოლაში ნინო მასწავლებელს.

ერთხელაც მამაჩემმა  შეშა გამიმზადა და "სკოჩით" გაკრა.
ათი წლის ვიქნებოდი...ვიქნებოდი კი არა, ზუსტად მახსოვს, ათის ვიყავი. წინა დღეს მქონდა დაბადების დღე.
დილით ის თავის ჭიშკრიდან გამოვიდა, მე ჩემი ჭიშკრიდან , დამელოდა , და მერე წინ გამიძღვა, ვიწროდ გაკვალულ თოვლიან ბილიკზე.
მიხაროდა მასთან ერთად სიარული.  ლამაზი გოგო იყო. თეთრი კურტკა ეცვა და თეთრი ჩექმები.
- ლექსი ისწავლე? - მოუბრუნებლად მკითხა.
გამიკვირდა.
თვითონაც იქ არ იყო? დედაჩემის მოხლაფორთებული პავიდლოიანი ტორტი ერთად  გავჭერით...როდის ვისწავლიდი,
დენი არ  იყო.
შემრცხვა და თავი ისე დავუქნიე -  გაქნევას უფრო გავდა.
- მომიყევიო  - ვიგრძენი, გაეღიმა
"კარზე მიადგა ჭინჭველას, ვედრებით ჩემო ნათლია..."- დავიწყე და მერე წავიბორძიკე...ისედაც წავიბორძიკე და ასედაც...

გაჩერდა. ჩანთა ბეჭზე გადაიგდო, შეშა გამომართვა და  იღლიაში მოხერხებულად ამოიდო.

კარგად მივდიოდით, სანამ მეზობელი  არ  შემოგვხვდა  გზაზე.

- ბიძია, შეშას რაღაზე წვავთ, გაკვეთილს აქ ყვები და ბარემ აქვე დაუწერე ნიშანიო - გაგვეხუმრა, რადგან ჩვენი საუბარი გაუგონია.
ნინოს სიცილი აუტყდა ...მეც  გამეცინა,  გადამიცდა ფეხი გაკვალული ბილიკიდან  და თოვლში ჩავვარდი.
ნინომ ჩემი ამოყვანა სცადა.
დიდხანს ვიგორავეთ თოვლში, ძლივს ამოვძვერით ნამქერიდან.
მთლად სველები მივედით სკოლაში, კიდევ კარგი, ჯერ გაკვეთილის დაწყებამდე ადრე იყო, ცეცხლი დავანთეთ და გავშრით.

ისეთი ზამთარი იყო,  უამინდობას შეეწუხებინა  სოფელი. ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ ;  ზოგს წყალი შესდიოდა ფეხში და ზოგს თბილი
ტანსაცმელი არ ჰქონდა.
ჩემს კლასში ერთი გოგო სწავლობდა, მაკა. ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდებოდა. ტყუპი დები ყავდა. ხელმოკლედ იყვნენ
(მაშინ ყველა ხელმოკლედ ვიყავით). ორი კვირა არ დადიოდა სკოლაში.
ერთ დღეს ნინომ მთხოვა,  ერთად წავიდეთ და ვინახულოთ, სახლს  მაინც მიმასწავლიო.
დედაჩემისგან ნებართვა ავიღეთ და საღამოს გავედით სახლიდან.
თანაკლასელის ოჯახი  მოწყენილი დაგვხვდა. მაკას ფილტვების ანთება აქვს და სკოლაში ვერ ივლისო - წუხდა დედამისი.
- წამალი თუ გაქვთო -  ეკითხებოდა ნინო.
- კი გვაქვსო -  უხერხულად იშმუშნებოდა დედა.
ნინომ  ბიცოლაჩემის გაკეთებული მოცვის მურაბა ამოიღო ჩანთიდან და  მაგიდაზე დადო;
- წამალივით მოუხდებაო -
ბავშვი ვიყავი, არაფერი გამეგებოდა.
მხოლოდ ის დავინახე, ნინომ ბეჭედი მოიხსნა და დედამისს გადასცა.
უძალიანდებოდა ქალი, მაგრამ ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ მაკას სახლი.
გზაში არაფერი მიკითხავს,
მერე გავიგონე დედაჩემის  ჩურჩული , მამაჩემს ეუბნებოდა, ნიშნობის ბეჭედი დაუტოვებია, რას ეტყვის იმ ბიჭსო.

ნინოს ქორწილი გაზაფხულზე გაიმართა.
მის ქორწილში ცხარე ცრემლით,  ორჯერ ვიტირე:
პირველად , მაყრიონი რომ მოვიდა, სიჩქარეში რაღაცას ფეხი წამოვკარი და სიმწრისგან ვიტირე.
მეორედ, ჩემოდანი რომ გამოიტანეს და მანქანაში ჩასხდნენ,  მაშინ ავტირდი.
ვიცოდი, ჩვენს კლასში  მეტად აღარ გამოჩნდებოდა.



ძნელი  ყოფილა

ვერ დავიძინე იმ ღამეს. ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე _ არაფერმა არ მიშველა.
წინა დილით მოკეთე კაცი  შემხვდა. მეგონა შემთხვევით... თურმე მეძებდა.
რა ხდება მეთქი?
თვალი ამარიდა.
მივეძალე...
დღეს ქორწილი აქვსო. სახელი არ უხსენებია.
რამდენი  თვეა, გელოდებოდაო.
დღეს მეთქი?
ჰო, დღესო.
მე უარი შემომითვალა მეთქი.
მე ჩემი გითხარიო - ქუდი შეიბრუნა და მოსახვევში გაქრა.
იმ ღამეს დაძინება გამიჭირდა.
უკანასკნელმა შანსმა გამაგიჟა.
ხვალ ყველაფერი გვიან იქნება, სხვის ცოლს ხელსაც ვერ შეახებო - ეშმაკი ბეჭზე მაჯდა , სულში ხელებს მიფათურებდა და დაძინებას არ მაცდიდა.
მის ფანჯარასთან ბევრჯერ ვყოფილვარ, თვალდახუჭული ვაგნებდი.იმ ღამითაც, რომ მივედი,  ჯერ არ ეძინა, კენჭი  შევაგდე,
ხმაურზე ფარდა გადასწია.
- შენი დანახვაც არ მინდა, დამივიწყეო,  თავი დამანებეო...
რომ ვსვამდი, იმისდა იყო გულმოსული.
ორი წუთიც  არ იყო გასული, ხელში ატაცებული გადმომყავდა ფანჯრიდან.
თენდებოდა.
ეს დატოვე მეთქი - თითიდან ბეჭედი წავაძრე და გადავაგდე.
არ გამძალიანებია.
ქორწილი აღარ  გადაგვიხდია, იქ არ დაგვედგომებოდა, ამიტომ გვარი გამოვიცვალე და აქით  წამოვედით საცხოვრებლად.
ორ წელიწადში წყვილი ქალ-ვაჟი მოვნათლეთ, მაგრამ არა ქრისტიანულად , ბაბუ...
იქეთური  გვარი რობაქიძე გვაქვს-კე  და თუ შენ მაინც გადახვალ, იმერლები ვართ და მოძებნიდე, იქნებ ჩვენიანი იპოვო ვინმე.
  ჩემი ქალი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სულ ნატროული იყო  სამშობლოსი.  თვალებში ცრემლი არც  გაშრობია.
  მარტო მე მაინც ვერ გავაბედნიერე...
  ძნელი ყოფილა, ბაბუ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge