გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან

იაშა კუჭუხიძე

შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან

ბედნიერი პერიოდი მერგო ცხოვრებაში. თითქმის ათი წელი მქონდა ურთიერთობა დიდ ქართველ მეცნიერთან - შალვა ნუცუბიძესთან. ბოლოს მისი ასპირანტი გავხდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში და მისივე ხელმძღვანელობით მოვამზადე საკვალიფიკაციო დისერტაცია. ჩემს წიგნში მოკლედ მაქვს აღწერილი პირველი შეხვედრა ბ-ნ შალვა ნუცუბიძესთან.
ეს იყო 1961 წლის მაისში, მის ბინაში. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვხვდებოდი პიროვნებას, რომელიც მისი შემოქმედების ზენიტში იმყოფებოდა. გასრულებული ჰქონდა დიდტანიანი მონოგრაფიები, რუსულად თარგმნილი ჰქონდა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“, ასევე ჩახრუხაძის ,,თამარიანი“, ნ. ბარათაშილის ,,მერანი“... ბ-ნ შალვა მიხვდა, რომ ძალიან ვნერვიულობდი, ამიტომ შემიქმნა შინაურული განწყობილება - მითხრა: ბიჭო ჩვენს სოფელში, ფარცხანაყანევში, იყო ერთი მღვდელი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: კაჭახიძე, კუჭუხიძე, ლეჟავა და ნუცუბიძეო... მერე ხელით მანიშნა ჩამოვმჯდარიყავი დივანზე, გამოაღო კარადა, აიღო ერთი თავისი ნაშრომი და წააწერა იაშა კუჭუხიძეს შალვა ნუცუბიძისგანო. თარიღი დასვა 1961 წლის 12 მაისი, თუმცა იმ დღეს 13 რიცხვი იყო და მითხრა, არ მიყვარს თარსი რიცხვიო.
საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა, მერე მოყვა თუ როგორ გაიტანა ევროპაში ჩვენი სოფლის სახელი: - იმ დროს, გერმანიაში 1926 წელს და 1931 წელს ჩემი ნაშრომები გამოქვეყნდა, გერმანელმა გამომცემელმა მათი ტრადიციის მიხედვით მთხოვა მოკლედ დამეწერა ჩემს შესახებ. იმ დროს ცოტა არეული დრო იყო ევროპაში, არც საქართველოში იყო დალაგებული ვითარება, ამიტომ მოკლედ დავწერე - ,,გებორენ ინ ფარცხანაყანევი“.
შემდეგ ბატონმა შალვამ გაიცინა, თქვა - არც მაშინ და არც დღეს არც ერთმა გერმანელმა არ იცის რა არის ეს ფარცხანაყანევი - მხარე, ოლქი, მაზრა, თუ სხვა რამო. მკითხველს უნდა შევახსენო, რომ ბატონი შალვას მოგონებები ბევრჯერ გამოსცა მისმა მეუღლემ - ქეთევან ნუცუბიძემ და სხვებმა. მე შევეცდები მეხსიერებაში აღვიდგინო ის ეპიზოდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დღემდე არ გამოქვეყნებულა. თანაც, ბატონი შალვა როცა რაიმეს ყვებოდა, თავისებურად გადმოსცემდა, ზოგჯერ ღიმილით, ხანდახან სინანულით. ყველამ იცის, რომ საბჭოთა კავშირში ყველაზე მრისხანე ხანა 30-ნი წლები იყო, განსაკუთრებით 1937 წელი. მაგრამ ამ მძმე პერიოდში საქართველოში მოხდა დიდი მნიშვნელოვანი მოვლენა: ი. ჭავჭავაძის 100 წლისთავის აღნიშვნა და შ. რუსთაველის 750 წლისთავის ზეიმი. ნუცუბიძეს ბევრჯერ უთქვამს, რომ ამ იუბილეების აღნიშვნით დაინტერესებული იყო თვითონ სტალინი, ამიტომ საქართველოს იმდროინდელმა ხელმძღვანელმა - ბერიამ ხსენებული ღონისძიებები ჩაატარა უმაღლეს დონეზე.
რუსთაველის იუბილეში ჩართული იყო იმდროინდელი ქართული კულტურისა და მეცნიერების წარმნომადგენლები, კერძოდ, ივ. ჯავახიშვილს დაევალა დაეწერა რუსთაველის ეპოქის ისტორია, კ. კეკელიძეს ქართული მწერლობა რუსთაველის ხანაში, შ. ნუცუბიძეს - რუსთაველის მსოფლმხედველობა და ა.შ. როცა ბ-ნი შალვა ამზადებდა რუსულ ტექსტს ,,ვეფხისტყაოსანზე“, მას ციტატები უნდა მოეტანა პოემიდან. გაირკვა, რომ ბევრი რამ დაშორებული იყო რუსთაველისაგან, ამიტომ საჭირო სტროფები თვითონ თარგმნა რუსულად. თარგმანმა დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდმა ფსიქოლოგმა დ. უზნაძემ მთარგმნელს უთხრა: ბატონო შალვა, შენ ხომ არ შეცდი შემოქმედების გზის არჩევაში, შენ დიდ მეცნიერებასთან ერთად, დიდი პოეტობა დაგმშვენდებოდაო... გ. ახვლედიანმა აღტაცება ვერ დაფარა ამ თარგმანის გამო, ხოლო ივ. ჯავახიშვილმა განაცხადა - ამით ,,ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნა სანახევროდ გადაწყვეტილიაო... როგორც კი დამთავრდა საიუბილეო დღეები, თითქმის ყველა მონაწილე აღმოჩნდა რეპრესირებული, ივ. ჯავახიშვილი გაათავისუფლეს უნივერსიტეტიდან, კ. კეკელიძეს აუკრძალეს ლექციების კითხვა, ხოლო შ. ნუცუბიძე, ს. ყაუხჩიშვილი და ვ. ბერიძე დააპატიმრეს (??). მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბერია მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ.
სწორედ საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში ერთ-ერთი შეხვედრის დროს სტალინი ეუბნება ბერიას: რა კარგი იქნება ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი ხეირიანი თარგმანი რომ იყოს რუსულ ენაზეო, ამის გაგონებაზე ბერიამ ყურები ცქვიტა და სტალინს უთხრა, ჩვენ თბილისში ახლახანს ჩავატარეთ რუსთაველის 750 წლისთავის ზეიმი, იქ პროფესორმა შ. ნუცუბიძემ თარგმნა პოემის რამდენიმე ეპიზოდი, რამაც უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია პირველ რიგში პროფესორების: დ. უზნაძის, გ. ახვლედიანისა და ივ. ჯავახიშვილის მხრიდან. სტალინმა ჩამოთვლილი გვარებიდან მხოლოდ ივ. ჯავახიშვილი გაიხსენა და იკითხა - სად არის ახლა შალვა ნუცუბიძეო. ბერიამ სანახევრო ღიმილით უპასუხა - ციხეშიო. სტალინმა იმ წამსვე დაავალა მოსაუბრეს - გაათავისუფლეთ ეს კაცი, შეუქმენით პირობები და დაიწყოს პოემის სრული თარგმანი, თანაც, რასაც დღის მანძილზე თარგმნის, ის მასალა ჩემთან მოიტანეთო. ამ ფაქტებისა და ეპიზოდების შესახებ ბევრი რამ ითქვა, მე შევეხები ისეთ საკითხებს, რომლებიც უშუალოდ ბატონი შალვასგან გამიგონია...
40-იან წლებში ნუცუბიძისეულმა თარგმანმა კრემლში შეყარა ოთხი ქართველი: სტალინი, ბერია, ქავთარაძე და შ. ნუცუბიძე; მსჯელობა ეხებოდა ყველაზე დიდ ქართველს - შოთა რუსთაველს. ნუცუბიძის თქმით, სტალინი ერკვეოდა არა მარტო დიდ პოლიტიკაში, არამედ ხელოვნებისა და პოეზიის უმნიშვნელო წვრილმანებშიც.
ნუცუბიძის თარგმანმა ისე მოხიბლა სტალინი, რომ ერთ დღეს ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ს. ქავთარაძე და შ. ნუცუბიძე ბინაში მიიპატიჟა. აქ ლაპარაკი იყო ისტორიაზე, ხელოვნებაზე, პოეზიაზე და ა. შ. გაიხსენეს 1905 წლის რევოლუციის პერიპეტიები, ალ. წულუკიძე, ქუთაისი, ხონი, სამტრედია... შ. ნუცუბიძემ იმდენი რამ ,,გაახსენა“ მასპინძელს გარდასულ დღეთა შესახებ, რომ სტალინმა ნუცუბიძეს შუბლზე აკოცა...
შემდეგში შ. ნუცუბიძის ქალიშვილი პროფ. თამარ ნუცუბიძე იგონებდა, რომ სტალინის ნაკოცნარი შუბლით მამას ეგონა, ყოველგვარ ციხე-სიმაგრეს გაანგრევდა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.
სტალინი კმაყოფილი დარჩა ,,ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანით და ამ უკანასკნელს მიმართა: - მეც ვთარგმნე ერთი ეპიზოდი, კერძოდ 1416 სტროფი...
სტალინმა შეთავაზა მისი შეტანა ახლადთარგმნილ პოემაში.
ათჯერ მეტადაა გამოცემული ,,ვეფხისტყაოსნის“ ნუცუბიძისეული თარგმანი, მაგრამ, როგორც ბ-ნი შალვა ხუმრობით იტყოდა, არც მაშინ და არც დღეს არც ერთმა რუსმა მკითხველმა არ იცის, ვის მიერაა თარგმნილი 1416 სტროფი...
როცა დადგა სტალინთან გამომშვიდობების მომენტი, კრემლის პატრონმა შ. ნუცუბიძეს აჩუქა მის მიერ ჩასწორებული პოემის ეგზემპლარი და თანაც უთხრა, სანამ მე ცოცხალი ვარ, ამის შესახებ არაფერს იტყვი, როცა მე არ ვიქნები ამ ქვეყნად, როგორც გინდა ისე მოიქეციო. მთარგმნელმა გამოართვა ნაჩუქარი ეგზემპლარი, დიდი მადლობა გადაუხადა და მოემზადა წასასვლელად.
ბ-ნი შალვა იგონებს: - როცა მასპინძლის კაბინეტიდან უნდა გამოვსულიყავი, სამი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული და უცებ სტალინი მეუბნება - მოიცა, მოიცა, შენ რომ ახლა საქართველოში ჩახვიდე , რაღაც წამოგცდება, ეს არც შენთვის იქნება კარგი და არც ჩემთვის, ამიტომ დარჩი მოსკოვში, აქ გააგრძელე მუშაობა და ყოველგვარი მხარდაჭერა გექნება...
ასეც მოხდა. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს სტალინმა დაავალა მას გაეგრძელებინა მუშაობა არეოპაგეტიკის პრობლემებზე... ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ნუცუბიძეს არასოდეს დაუწერია და არც უთქვამს ამის შესახებ არაფერი. იგი 1940 წლიდან რჩება მოსკოვში და იქ აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას.
პირველი, რითაც დაიწყო ბატონმა შალვამ, იყო შეტევა ჰეგელზე... ამ უკანასკნელმა ფილოსოფია გაყო ორ ნაწილად - დასავლეთისა და აღმოსავლეთის აზროვნებად. ჰეგელმა საერთოდ უარყო აღმოსავლეთის როლი აზროვნებაში და ყველაფერი მიაწერა დასავლეთს. ასეთ თვალსაზრისს ქართველმა მეცნიერმა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას უწოდა ევროპოცენტრიზმი და ეს ტერმინი უმალ დამკვიდრდა როგორც ჩვენში, ისე დასავლეთის მეცნიერებაში. ამის შემდეგ შ. ნუცუბიძე იწყებს მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაზე - არეოპაგეტიკაზე მუშაობას.
1937  წელს დიდმა ქართველმა ფსიქოლოგმა დიმიტრი უზნაძემ შ. ნუცუბიძის შემოქმედებაში დაინახა პოეზიის უძირო ლაბირინთებში წვდომის უნარი. ეს თვისება კიდევ უფრო საცნაურია ნუცუბიძის მიერ ჩახრუხაძის ,,თამარიანის“ თარგმნისას. აქ ქართული ლექსი და მისი რუსული თარგმანი მუსიკალურად ერთ სინქრონშია მოქცეული; ამაში უბრალო მკითხველიც ადვილად დარწმუნდება.
მოსკოვიდან დაბრუნებული შ. ნუცუბიძე თავის ბინაში ინახავდა სტალინის ხელით ჩასწორებული ,,ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარს. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ბ-მა შალვამ ხსენებული მასალა გადასცა მის ერთ-ერთ მოწაფეს აკად. ალ ბარამიძეს, რომელიც იმხანად საქ. მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ბ-მა ალექსანდრემ სიამოვნებით ჩაიბარა ეს უნიკალური მასალა და დიდი წერილიც გამოაქვეყნა  ,,ლიტერატურულ საქართველოში“. ამის შემდეგ ეს დოკუმენტი გადაეცა გორის სტალინის სახლ-მუზეუმს. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში, ხსენებული მუზეუმიდან ეს მასალა გაქრა (უფრო სწორედ, ვიღაცამ მოიპარა), როგორც ჩანს, მისი წამღები ელოდება დროს, როცა ეს უნიკალური მასალა გატანილი იქნება აუქციუნზე. მე ვურჩევ ამ პიროვნებას, ახლავე გამოაჩინოს ეს დოკუმენტი, რადგან დღეს საქართველოში ბევრი ფულიანი კაცია და ასეთი მასალისათვის ალბათ თანხებს არ დაიშურებენ.
ბატონი შალვა მოესწრო შოთა რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეს, რომელიც აღინიშნა 1966 წელს. იმ დღეებში ხშირად ვხვდებოდი ბ-ნ შალვას, იგი ძალიან გახარებული იყო და ეს მხცოვანი კაცი ბავშვივით იყო შემართული, სპეციალურად ემზადებოდა იუბილის შესახვედრად; მაგრამ მოხდა ისე, როგორც ადრე ხდებოდა, თვით შალვა ნუცუბიძეს არ მისცეს სიტყვა საიუბილეო დღეებში... ერთ დღეს შემხვდა ძალიან განაწყენებული და მე შემომჩივლა თავისი გულდაწყვეტილობა. როგორც ცნობილია, რუსთაველის 800 წლისთავის იუბილის მთავარი ხელმძღვანელი იყო პოეტი ირაკლი აბაშიძე. ბ-ნი ირაკლი მოხვდა იმ ოთხეულის სიაში, რომელთაც პირველად მიენიჭათ რუსთაველის პრემია (კ. გამსახურდია, ლ. გუდიაშვილი, ე. ამაშუკელი და ი. აბაშიძე).
ბატონმა შალვამ ირ. აბაშიძის ლექსების კრებულზე ბრწყინვალე წერილიც გამოაქვეყნა სათაურით ,,პოეტური სპეკალი“. აი, რა მითხრა მაშინ ბ-მა შალვამ: - მე დღეს ცოცხალი რომ ვარ, ამას რუსთაველს ვუმადლი, მან გადამარჩინა სიკვდილს. საიუბილეო დღეებში თბილისში ჩამოვიდნენ ადრე ჩემი მოწინააღმდეგენი, ახლა კი უპირველესი მხარდამჭერები, მაგალითად ლენინგრადელი აკადემიკოსი ვ. ჟირმუნსკი და სხვები... მივხვდი, რომ საიუბილეო საღამოზე სიტყვას არ მაძლევდნენ... დავიმცირე თავი და აბაშიძეს შევჩივლე ამის შესახებო... მანაც არ დააყოვნა და ასე მიპასუხა - ბ-ნო შალვა, რად გინდა იუბილეზე გამოსვლა, იუბილის შემდეგ დიდი ბანკეტი იქნება, სადაც იქნება მთელი მთავრობა, უცხოელი სტუმრები, იქ გამოდი და შენებურად დასჭექეო... მე მივუბრუნდი აბაშიძეს და ვუთხარი: - ირაკლი, შენ ხონში დაბადებული ხარ, მე კი იქ გაზრდილიო (შ. ნუცუბიძის მამა - ისაკი წლების განმავლობაში მუშაობდა ხონში და ყმაწვილი შალვაც ხშირად იმყოფებოდა მამასთან).
განმეორდა ის, რაც მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 წლისთავის ზეიმზე... გერმანიიდან გამოგზავნილი საპატიო დოქტორის წოდება ნუცუბიძის მაგივრად სხვას გადაეცა.
ბატონ შალვას ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა შეხვდა: ციხეში ყოფნა, უნივერსიტეტიდან გარიცხვა, აკადემიკოსის წოდების ჩამორთმევა... სიცოცხლის მიწურულს, თითქოს ბედმა გაუღიმა - დაინიშნა მისი დაბადების 80 წლისთავის იუბილე, საიუბილეო კომისიის თავმჯდომარედ იყო აკად. ი. ვეკუა, მაგრამ აქაც ბედის ირონია... იუბილემდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა...
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ბ-ნი შალვა მეუბნება: - ვინაა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლევან სანიკიძეო... მეც მოკლედ მოვუყევი ბ-ნი ლევანის შესახებ.
მაშინ ლ. სანიკიძე ახალი გადასული იყო ქუთაისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთ-ერთი ლექციის დროს, რომელიღაც სტუდენტმა ლ. სანიკიძეს უთხრა: - ბ-ნო ლევან, თქვენი ნება რომ იყოს, კიდევ ვის მისცემდით რუსთაველის პრემიასო... სანიკიძე არც დაფიქრებულა და შეკითხვის ავტორს უპასუხა - არა თუ ოთხი, ერთი პრემიაც რომ ყოფილიყო, იმას აუცილებლად შალვა ნუცუბიძეს მივანიჭებდიო. თურმე სტუდენტთა ამ შეკრებას ესწრენოდა შალვა ნუცუბიძის ვაჟი - თამაზი. ბუნებრივია, მას გაუხარდა სანიკიძის ნათქვამი და სახლში რომ მისულა, მამისთვის ყველაფერი უთქვამს. ამიტომ მკითხა ბ-ნმა შალვამ ლ. სანიკიძის შესახებ და იქვე დასძინა - ქუთაისი ნიჭიერი ხალხის მექააო.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შალვა ნუცუბიძემ დაამკვიდრა ტრადიცია - ქართველმა ფილოსოფოსებმა, შეძლებისდაგვარად, ხარკი გაიღონ პოეზიისადმი სიყვარულით. ამ მხრივ, საყურადღებო ნიმუშები შექმნეს ქართველი ფილოსოფოსებიდან პროფესორებმა: ზ. კაკაბაძემ; ა. ბეგიაშვილმა; ჯ. კორძაიამ; ზ. ხასაიამ და სხვებმა. დღეს ამ კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დამწყები ფილოსოფოსი და პოეტი - გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი), რომლის პირველი პოეტური კრებული მიიღო ქართველმა მკითხველმა.
და ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორს პროფ. პ. მელიქიშვილს სტუდენტებმა ჰკითხეს - რა არის გენიალობაო... რექტორის პასუხი ასეთი იყო: - გენიალობა არის შალვა ნუცუბიძის ნიჭიერება და ჩემი შრომისმოყვარეობაო.

ქუთაისი,  2018 წლის აპრილიскачать dle 12.1
მსგავსი სტატიები: