ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
დევიდ ჰენრი უანგი - მ. ბატერფლაი
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
პერსონაჟები:
რენე გალიმარი
სონგ ლილინგი
მარკი/კაცი # 2/კონსული შარპლესი
რენი/ქალი წვეულებიდან/გამომწვევი გოგო
ამხანაგი შინი/სუზუკი/შუ-ფანგი
ჰელგა
ტულონი/კაცი #1/მოსამართლე
მოცეკვავეები
დრო და ადგილი
მოქმედება ხდება პარიზის ციხეში (აწმყო) და 1960-70 წლებში პეკინში (წარსულის მოგონებებში), ხოლო 1966 წლიდან მოცემულ მომენტამდე - პარიზში.
პირველი მოქმედება
სცენა I
მესიე გალიმარის საკანი. პარიზი. 1988 წ.
სინათლეში იკვეთება საკანში მყოფი რენე გალიმარი, 65 წლის. აცვია აბაზანის ხალათი, დაღლილია და მობერებული. ღარიბულ საკანში ხის ყუთი გდია, რომელზეც დევს გამაცხელებელი ფირფიტა ჩაიდნითა და პორტატული ხმისჩამწერით. გალიმარი თვითონაც ხის ყუთზე ზის და ნაღვლიანი ღიმილით მისჩერებია ხმისჩამწერს.
ავანსცენაზე გამოდის სონგი - ტრადიციულ ჩინურ სამოსში გამოწყობილი ლამაზი ქალი, რომელიც ასრულებს “პეკინის ოპერის“ რეპერტუარიდან ტრადიციულ ცეკვას ჩინური მუსიკისთვის დამახასიათებელი პერკუსიების ჩხარუნის თანხლებით.
შუქები და ბგერები იკვეთება ერთმანეთში. თანდათან ჩინური საოპერო მუსიკა გადადის დასავლურ ოპერაში - სცენაზეა სასიყვარულო დუეტი პუჩინის „მადამ ბატერფლაიდან“. სონგი ცეკვას აგრძელებს, ამჯერად, დასავლური აკომპანემენტით. მიუხედავად იმისა, რომ მისი საცეკვაო მოძრაობები იგივეა, განსხვავებული მუსიკა ცეკვას ბალეტის ხასიათს ანიჭებს.
გალიმარი წამოდგება და ტრიალდება ავანსცენისკენ, სადაც სონგის სილუეტი ცეკვას აგრძელებს ისე, რომ გალიმარს ვერ ამჩნევს.
გალიმარი: ბატერფლაი, ბატერფლაი...
თავს ძალას ატანს, რომ შემობრუნდეს და მაყურებელს დაელაპარაკოს. სონგის გამოსახულება ქრება.
გალიმარი: ჩემი საკნის ზომები ასეთია: ოთხნახევარი ხუთზე. ყველაზე შორეულ კედელზე ერთი ფანჯარაა, აქვეა კარიც, საკმაოდ მძიმე, რომ დამიცვას ავტოგრაფებზე მონადირეებისგან. პასუხს ვაგებ მხოლოდ ამ ხმისჩამწერზე, გამაცხელებელ ფირფიტაზე. და კიდევ, აი, ამ მომხიბლავ ყავის მაგიდაზე.
როცა ჭამა მინდა, მივემართები სასადილო ოთახისკენ - ცხელი, ორთქლადენილი ნაგავი დევს ჩემს თეფშზე. როცა ძილი მინდა, ნათურა თავისით ქრება - რას იზამ, ფერიების ამბავია. მოჯადოებული სივრცის მფლობელი ვარ. ფრანგებმა ვიცით ციხის მოწყობა.
თუმცა, სიმართლე რომ ითქვამს, მე ჩვეულებრივი ტუსაღივით არ მეპყრობიან. რატომ? იმიტომ, რომ ცნობილი სახე ვარ. ხომ იცით, ხალხს ვაცინებ.
სულ არ მიოცნებია ამ დღის დადგომაზე. ისედაც არასდროს მიყურებდნენ, როგორც მახვილგონიერ და ჭკვიან ადამიანს. ერთი ფმოქმედება: პატარა ბიჭი რომ ვიყავი, სკოლაში, კლასის მასშტაბით არაოფიციალური გამოკითხვით გავიმარჯვე ნომინაციაში - „კლასელი, რომლის დაპატიჟებაც წვეულებაზე არავის სურს“. ამ სტატუსის შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში მოვახერხე, მკაცრი კონკურენციის მიუხედავად.
მაგრამ, აბა, ახლა ნახეთ. ეჰ, როგორ იცვლება პოზიციები! შემომხედეთ: ასეთია ყოველი სოციალური ფუნქციონერის ცხოვრება პარიზში. რატომ პარიზში? ერთობ თავშეკავებულად გამოგვდის. ჩემს სახელს იცნობენ ამსტერდამში, ლონდონში, ნიუ-იორკში. შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ! მსოფლიოს ყველაზე დაწინაურებულ ადგილებში. მე ერთადერთი ვარ, ვინც მათ კარგ განწყობაზე აყენებს!
გალიმარი გულმოდგინედ, მკვეთრი ჟესტებით მაყურებლის ყურადღებას სცენის მეორე მხარეს მიმართავს.
სცენა 2
წვეულება. 1988
შუქი ინთება მდიდრულ დარბაზში, სადაც კარგად ჩაცმული ორი მამაკაცი და ერთი ქალი საუბრობენ. გალიმარისკენაც მიმართულია განათება. ის თავისი საკნიდან გაჰყურებს მოსაუბრეებს.
ქალი: და გალიმარზე რას იტყვით?
I მამაკაცი: გალიმარზე?
II მამაკაცი: დიახ, გალიმარზე!
გალიმარი (მაყურებელს): ხედავთ? ისეთი გულმოდგინებით წარმოთქვამენ ჩემს სახელს, თითქოს რაღაც ახალი ცეკვის სახელი იყოს!
ქალი: ის კვლავ იმას აცხადებს, რომ სიმართლის დაჯერება არ შეუძლია.
I მამაკაცი: რაო? არ დავიჯერებო? იმ სასამართლო პროცესის მერეც ამას ამბობს?
ქალი: ჰო, რა სიგიჟეა, არა?
II მამაკაცი (სიცილით): ასე ამბობს, ბნელოდა ........ და ის ქალი კი მეტისმეტად თავაზიანი იყოო....
სამეულს სიცილი უვარდება.
I მამაკაცი: რა გამოდის? ესე იგი, ამტკიცებს, რომ ვითომ ხელით არასდროს შეხებია იმ ქალს, არა?
II მამაკაცი: ალბათ, შეეხო, მაგრამ მხოლოდ ის დაადგინა, რომ შეუფერებელი „აღჭურვილობა“ ჰქონდა. ფრიად საყურადღებო შემთხვევაა სკოლებში სექსუალური განათლების სწავლებასთან დაკავშირებით.
ქალი: რა გინდა, იტყვიან ეროვნულ უსაფრთხოებას იცავდაო. კლერიკალებიც კი ვერაფერში დაადანაშაულებენ.
I მამაკაცი: ეს ხომ წარმოუდგენელია! როგორ შეიძლება, არ სცოდნოდა?
II მამაკაცი: ელემენტარული უვიცობაა.
I მამაკაცი: თან მთელი ოცი წელი, წარმოგიდგენიათ?
II მამაკაცი: დრო სწრაფად მიქრის, როცა სულელი ხარ.
ქალი: მე კიდევ მეგონა, რომ ფრანგები ქალების კალთას გამოკერებული კაცები იყვნენ.
II მამაკაცი: როგორც ჩანს, მესიე გალიმარი მეტისმეტად ცდილობდა, ეროვნულ სტანდარტებს არ ჩამორჩენილიყო.
ქალი: დიდი ვერაფერი გარეგნობის პატრონია, სხვათა შორის.
I მამაკაცი: ჰო, დიდი ვერაფერი.
II მამაკაცი: მართალს ბრძანებთ.
ქალი: სიმართლე გითხრათ, მეცოდება კიდეც.
II მამაკაცი: სადღეგრძელოს გთავაზობთ. მაშ, მესიე გალიმარს გაუმარჯოს!
ქალი: დიახ, გაუმარჯოს გალიმარს!
I მამაკაცი: გალიმარს გაუმარჯოს!
II მამაკაცი: Vive la difference!
თანამოსაუბრენი სვამენ, იცინიან. განათება მათზეა კონცენტრირებული.
სცენა 3
მ. გალიმარის საკანი
გალიმარი (ღიმილით): ხედავთ? ჩემს სადღეგრძელოს სვამენ. სოციალურად უმეცართათვის მფარველი წმინდანივით ვარ! ნუთუ, მართლაც ასეთი სულელები არიან? ამათნაირი კაცები ..... ჩემს კართან კატასავით უნდა ფხაჭნიდნენ კარს და მეხვეწებოდნენ, ჩემი საიდუმლო გავუმხილო! რადგან, რომ იცოდეთ, მე, რენე გალიმარი, ვუყვარდი.... იდეალურ ქალს!
ამ საკანში განმარტოებული ვარ მთელი ღამეები და გონების თვალით ვუყურებ ჩვენი ურთიერთობის განვითარების ამბავს. ყოველ ჯერზე ახალ დასასრულს ვეძებ, ისეთს, რომელიც დაამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას, ისეთ დასასრულს, სადაც ის ქალბატონი ბოლოსდაბოლოს ჩემს მკლავებს დაუბრუნდება. ამ დროს გონებით ვესაუბრები ხოლმე ჩემს იდეალურ აუდიტორიას - თქვენ - ვინც მოსულხართ, რომ გამიგოთ და მეტიც - იქნებ, ოდნავ შეგშურდეთ კიდეც ჩემი!
გალიმარი რთავს ჩანაწერს. ხმის გამაძლიერებლებით „მადამ ბატერფლაის“ დასაწყისი სტრიქონები გვესმის.
გალიმარი: იმისათვის, რომ გაიგოთ, რა ჩავიდინე და რატომ, ჯერ ჩემი საყვარელი ოპერა უნდა წარმოგიდგინოთ. ესაა ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაი“. პირველად მილანში, ლა სკალაში დაიდგა 1904 წელს და დღეს მთელ დასავლურ სამყაროში ცნობილი და საყვარელი ოპერაა.
როცა გალიმარი ოპერაზე საუბრობს, ჩანაწერი წყდება პერიოდულად და იწყება ის პასაჟი, რომელზედაც იმ მომენტში საუბრობს მთხრობელი.
გალიმარი: რატომაც არა? ოპერის გმირი ქალი, ჩიო-ჩიო-სანი, იგივე მადამ ბატერფლაი, ხომ ქალურობის იდეალია, ლამაზი და მამაცი. მისი გმირი კი, რომელსაც ქალი ყველაფერს შესწირავს, (გალიმარი სკამის ქვემოდან იღებს საზღვაო ოფიცრის ქუდს, დაიკოსებს თავზე და გაიბღინძება) - არც ისე კარგი შესახედაობისა გახლდათ, არც ისე გამჭრიახი და საკმაოდ დონდლოც ბრძანდებოდა. ეს იყო ბენჯამინ ფრანკლინ პინკერტონი, ამერიკის ფლოტის ოფიცერი. ოპერის დასაწყისში ის ორ დიდ გარიგებას აგვარებს: ერთი სახლს ეხება, მეორე - ქალს. მოკლედ, მოგების სრულ პაკეტს იღებს.
პინკერტონმა ბატერფლაიზე უფლება ას იენად შეისყიდა. თანამედროვე კურსით, ეს, ალბათ.... 66 ცენტის ტოლფასი იქნებოდა. ამგვარად, ის ერთობ კმაყოფილი ჩანს საკუთარი თავით, როდესაც შარპლესი, ამერიკელი კონსული, ჩამოდის მისი ქორწინების მოწმედ.
მარკი, რომელსაც შარპლესის უკეთ წარმოსაჩენად ოფიცრის კეპი ახურავს, შემოდის და ამ პერსონაჟს ასახიერებს.
შარპლესი/მარკი: პინკერტონ!
პინკერტონი/გალიმარი: შარპლეს! ნახე, რა ვიჩალიჩე. დიდებული დღეა, დიდებული! რიქშით გასვლა-გამოსვლაში ჩემს სახლს, საცოლესა და ქალაქს შორის, 19 ცენტი დავზოგე ჯერ მარტო ამ დილით.
შარპლესი/მარკი: შესანიშნავია! უკვე ვხედავ, რა წარწერა იქნება შენი საფლავის ქვაზე: „დავზოგე ერთი დოლარი და ვალმოხდილი ვწევარ“. (გარშემო მიმოიხედავს). კარგი სახლია, მეტი რა გინდა?!
პინკერტონი: ზღაპრულია! შენ ასე არ ფიქრობ? ისეთივე არ არის, როგორც, შოჯის გამჭვირვალე ტიხრები, რომლებიც სრიალით იხსნება, რომ გამოაჩინოს დანამული ბარი და დისკოს სარკეებიანი ბურთი? უმაღლესი დონეა, რას იტყვი? ვარიკებზე შთაბეჭდილების მოსახდენადაც მაგარი იქნება!
შარპლესი: „ვარიკებიო“? ნუ გავიწყდება, პინკერტონ, მალე ცოლიანი კაცი იქნები!
პინკერტონი: კარგი ჰო, ალბათ.
შარპლესი: რას გულისხმობ?
პინკერტონი: უბრალოდ, ასეთია ეს ქვეყანა, შარპლეს. ეს გეიშები ყველგან არიან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე...
შარპლესი: ვიცი, მეც აქ ვცხოვრობ!
პინკერტონი: ჰოდა, ქორწინების წესებიც კარგად გეცოდინება. მართალი ვარ? ერთი თვით გავეყრები და ქორწინებაც გაუქმებულად ჩაითვლება. ეგ არის და ეგ!
შარპლესი: მერე დაიტოვე ეგ გაყრის ქაღალდი და იკითხე ხოლმე - ლამაზი მოყვანილობის ასოებია. ვინ არის ის ბედნიერი?
პინკერტონი: ჩიო-ჩიო-სანი. მეგობრები ბატერფლაის ეძახიან. იცი, ჩემი ხელიდან ჭამს ხოლმე!
შარპლესი: ეტყობა, მოშიებულია ძალიან.
პინკერტონი: ამერიკელი გოგოებივით - არა. მართალი ყოფილა, რასაც აღმოსავლელი ქალების შესახებ ამბობენ - უყვართ, როცა ცუდად ეპყრობიან!
შარპლესი: მორჩი რა!
პინკერტონი: მართალია და რაც გინდა, თქვი.
შარპლესი: ამ გოგოს მიმართ სერიოზული განზრახვა გაქვს?
პინკერტონი: ცოლად მომყავს, რით ვერ გაიგე?!
შარპლეს: ჰო, ვერაფერს იტყვი, გულუხვი სავაჭრო პირობებით მოგყავს.
პინკერტონი: როცა წავალ, მიხვდება, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცის სიყვარული. შეიძლება, ნეილონის კაბებიც კი ვუყიდო.
შარპლესი: არ აპირებ, ისიც თან წაიყვანო?
პინკერტონი: რაო? სად უნდა წავიყვანო?
შარპლესი: სად და შინ!
პინკერტონი: ამერიკას გულისხმობ? გაგიჟდი? ერთი წუთით წარმოიდგინე, სენტ ლუისში ბრინჯს რომ ყიდულობს...
შარპლესი: არანორმალური ხარ.
პაუზა.
პინკერტონი/გალიმარი (როგორც პინკერტონი): კონსულო, მე მეზღვაური ვარ, მუდმივად პორტში მიწევს მისვლა-მოსვლა! (როგორც გალიმარი): შემდეგ კი მღერიან ცნობილ დუეტს „მთელი სამყარო დასრულდა“.
იგივე დუეტი ჟღერს ხმის გამაძლიერებლებშიც. გალიმარი, რომელიც პინკერტონს ასახიერებს, სინქრონულად აყოლებს ტუჩებს პინკერტონის სიტყვებს ოპერიდან.
გალიმარი: უხეშად რომ ვთარგმნოთ, აი, რას ამბობენ ამ დუეტში: „მთელი სამყარო დასასრულს უახლოვდება, იანკი მოგზაურობს, ღუზას აგდებს, სადაც მოუნდება. სიცოცხლე არაფრად უღირს, თუ ვერ მოიგებს ყველაზე ზღაპრული ქალწულების გულს, მერე კი იმ ადგილებიდან სასწრაფოდ მოუსვამს.“ (მიუბრუნდება მარკს) წინა სცენაში პინკერტონი ვითამაშე - მექალთანე, და ჩემი სკოლის მეგობარი მარკიც განვასახიერე (მარკი თავს მდაბლად გვიხრის). ვითამაშე ასევე შარპლესი - წინდახედულობით შეპყრობილი მგრძნობიარე სული. თუმცაღა, ცხოვრებაში ჩვენი როლები, ძირითადად (არა, - ყოველთვის) პირიქით იყო განაწილებული.
სცენა 4
Ecole Nationale. Aix-en-Provence. 1947.
გალიმარი: არა, მარკ, ალბათ, აჯობებს, შინ დავრჩე.
მარკი: გაგიჟდი? მამაჩემის ვილაში მივდივართ, მარსელში! იცი, ბოლოს რა მოხდა?
გალიმარი: რა თქმა უნდა, ვიცი.
მარკი: რა თქმა უნდა, არ იცი, არაფერიც არ იცი! ...... მათ გაიხადეს, რენე!
გალიმარი: ვინ გაიხადეს?
მარკი: გოგოებმა!
გალიმარი: გოგოებმა? მერე ვინ ახსენა აქ გოგოები?
მარკი: რენე, მისმინე! უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ, ყველანი ტყეში ვაპირებთ ასვლას. შენი აზრით, რა უნდა ვაკეთოთ იქ ბიჭებმა? ფილოსოფიაზე ვისაუბროთ?
გალიმარი: რა გოგოები? ვინ გოგოები? საიდან უნდა მოიყვანო?
მარკი: რაში გაინტერესებს? მთავარია, რომ მოდიან. სატვირთოებით, სარდინებივით ჩალაგებული. აიხსნება საბარგულის კარი, გოგოშკებს ქვიშასავით დაცლიან. და მერე ჯერი ჩვენზეა, გაშალე ფრთები, სულო და გულო.
გალიმარი: შენ ამბობ, რომ ეს გოგონები მხოლოდ ერთი მიზნით....?
მარკი: სანამ შენ ამას გაიგებ, ყველამ უკვე გაიხადა და ჩემს აუზშიწუწაობენ ახლა, რომ იცოდე. უმთვარო ღამეა, ვერავინ ვერაფერს დაინახავს. წარმოიდგინე, სადაც გაიხედავ, ყველგან ძუძუებს ხედავ. თვალებს ხუჭავ და ხელს იწვდენ - რაღაცას აუცილებლად ჩაბღუჯავ, ხვდები? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ტრაკი ვის ფეხებს შორის აღმოჩნდება? ვისი კბილები ვის ჩაესობა?! მთავარია, რომ იქ ხარ, რასაც გინდა მოკიდე ხელი თვალდახუჭულმა, დაუსრულებლად, რამდენხანსაც გაუძლებ. (პაუზა). ხოხ, რა მაგარი გართობაა, არა?
გალიმარი: დილით რა მოხდება?
მარკი: დილით უკვე მზად იქნები ფილოსოფიაზე სასაუბროდ! აბა, რას იტყვი?
გალიმარი: მარკ, არ შემიძლია.... მეშინია, რომ გოგოები უარს მეტყვიან. ამიტომ, არც ვაპირებ, მათ რამე ვთხოვო.
მარკი: თხოვნა რაში გჭირდება? ყველაზე კარგი აქ სწორედ ისაა, რომ თხოვნა არ გჭირდება. ვერ ხვდები? არც მათი თანხმობაა საჭირო. ეს იდეალურია შენნაირი კაცისთვის, დამიჯერე.
გალიმარი: კარგი, წადი .... შეიძლება, მოგვიანებით მოვიდე.
მარკი: კარგი რა, რენე - იქ ვერავინ შეამჩნევს ვერც შენს მოუხერხებლობას და ვერც შენს მუწუკებს. არ უყურებენ ისინი არაფერს!
გალიმარი: დიდი მადლობა.
მარკი: რა ბოთე ხარ, რა!
მარკი სცენის მეორე მხარეს გადის და მსმენელ ქალებს უღიმის და ხელს უქნევს.
გალიმარი: (ჩვენ:) ახლა დავუბრუნდეთ მადამ ბატერფლაის ჩემეულ ვერსიას და იმ მოვლენებს, რაც მაიძულებს, ღალატში ბრალი დავდო.
გალიმარი ამჩნევს, რომ მარკი ვულგარულ ჟესტებს აკეთებს.
გალიმარი: მარკ, რას აკეთებ?
მარკი: ვაჰ! (Sotto voce) რენე, აქ ალბათ ბევრი მაგარი გოგოა. ალბათ მიყურებენ და ფიქრობენ, რა საშიში ვარ.
გალიმარი: აბა, რას უძლებენ?! როგორ შეიძლება, შენმა უზადო დახვეწილობამ მათზე შთაბეჭდლება არ მოახდინოს?!
გალიმარი შარპლესის კეპს მარკს თავზე დააკოსებს და კულისებისკენ მიუთითებს. მარკი გადის და თან ცალი თვალით აქეთ იყურება.
სცენა 5
მ. გალიმარის საკანი.
გალიმარი: შემდეგ შემოდის ბატერფლაი. ამ დროს ვიგებთ მის ასაკს - 15 წლისაა, თუმცა ასაკთან შედარებით ერთობ გონებადამჯდარია.
შუქი ეცემა სცენის იმ ნაწილს, სადაც მოცეკვავე სონგი ვიხილეთ პიესის დასაწყისში.
ისევ გამოჩნდება იმავე ადგილას, ამჯერად, მადამ ბატერფლაის ფორმაში ჩაცმული და „სიყვარულის დუეტისთვის“ მომართული. გალიმარი ზედა სცენას ოდნავ ატრიალებს და უყურებს ერთ ადგილს მიჯაჭვული.
გალიმარი: მაგრამ როცა ის ნარნარით ჩაუვლის მას, იმ კაცს, ლამაზი და მარაოს უკან ნაზად მოღიმარი, განა ჩვენ, კაცებს, უიმედობის ოხვრა არ აღმოგვხდება? განა იმედის ნაპერწკალი არ გვიჩნდება ჩვენ, ვინც არც ისე სიმპათიურები ვართ, არც ისე მამაცები, არც გავლენიანები, მაგრამ მაინც გვჯერა, პინკერტონის მსგავსადვე, რომ ვიმსახურებთ ბატერფლაისნაირ ქალს. ის ჩამოდის, საკუთარ მფლობელობაში არსებული ყველა ნივთი ჩამოაქვს სახელოების ნაკცებში ცამალული, გამოფენს ამ ნივთებს თავისი შეყვარებულისთვის, რომ მან ისიამოვნოს და როგორც უნდა, ისე მოექცეს მის ნივთებს. თვით სიცოცხლესაც კი წინ უდებს, თავს უხრის და ჩურჩულით ეუბნება, რომ იმ ასი იენის ფასიც კი არ ღირს, რაც კაცმა მის გამოსასყიდად გადაიხადა. კაცს უკვე მეტისმეტად ბევრი რამ ერგო მაშინ, როცა ჩვენ ვიცით, რომ მას რეალურად ბევრი არაფერი გაუღია თავის მხრივ.
მუსიკა და განათება მუშაობს, როდესაც სონგი გადის. გალიმარი თავის ყუთზე ჩამოჯდება.
გალიმარი: რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელია ისეთი ქალის პოვნა, ვინც საკუთარ თავს 66 ცენტზე ნაკლებად შეაფასებდა. ყველაზე ახლოს ამ ფასთან დგას ის ფასი, რაც ამ ჟურნალებში წერია. (ის ხელს შეყოფს თავის ყუთში და გამოიღებს ქალების ჟურნალების დასტას და მათ ფურცვლას იწყებს). ეს დიდი განძია, სახვათა შორის, ციხეში. 3-4 დოლარად 7-8 ქალი მოგდის.
პირველად ეს ჟურნალები ბიძაჩემის სახლში აღმოვაჩინე. ერთ მშვენიერ დღეს, როცა 12 წლის ვიყავი. მის კარადაში რომ დავინახე სულ პირველად ... ლამაზად ჩარიგებული - მთელი ტანით ავცახცახდი. არა, აღგზნების გამო კი არა, ძალაუფლების შეგრძნების გამო. აქ უამრავი ქალი იყო - მთელი თარო ქალები - და ისინი სწორედ იმას გააკეთებდნენ, რასაც მოვინდომებდი.
„სიყვარულის დუეტის“ ნოტები შეიჭრება მოლაპარაკეთა შორის. მსხვილი ხედი გამოაჩენს არა სონგს ამჯერად, არამედ სექსუალური პენუარით ხალვათად შემოსილ გოგოს . ის ზურგით დგას ჩვენსკენ. გალიმარი სცენის უკიდურეს წერტილისკენ შებრუნდება და გოგო უყურებს.
გოგო: ვიცი, მიყურებ.
გალიმარი: ყელი.... ყელი გამიშრა.
გოგო: ყოველღამე, დაწოლამდე, ჩემი ფანჯრის ჟალუზებს ღიას ვტოვებ.
გალიმარი: ვერ ვმოძრაობ.
გოგო: ჩემი ფანჯრის ჟალუზებს ღიას ვტოვებ, შუქს კი - ანთებულს.
გალიმარი: ვანძრევ. კანი გახურებული მაქვს, მაგრამ პენისი - მომჩვარული. რატომ?
გოგო: ფანჯრის წინ ვდგები.
გალიმარი: რას აპირებს?
გოგო: თმას ვიშლი და ბაგეებს ვაპობ... ოდნავ.
გალიმარი: ამას რატომ უნდა ვხედავდე?! რა სიბინძურეა. ძალიან ცუდად ვარ.
გოგო: მერე, ნელ-ნელა ვიხდი საღამურს.
გალიმარი: ოჰ, ღმერთო ჩემო. არ მჯერა, ვერ...
გოგო: თავს დაბლა ვხრი, თმა ძირს მეთრევა.
გალიმარი: ახლა წასვლას დააპირებს, მიდის...
გოგო: ვდგავარ განათებულ ადგილას... გამოსაჩენ ადგილას.
გალიმარი: არა. ის... რატომაა შიშველი?
გოგო: შენ რომ დამინახო.
გალიმარი: ფანჯარასთან? არ არის ეს მართალი. არა...
გოგო: არ მრცხვენია.
გალიმარი: არა, მან უნდა.... უნდა მოეწონოს.
გოგო: მე ეს მომწონს.
გალიმარი: მას .... მას უნდა, რომ დავინახო.
გოგო: მინდა, რომ დამინახო.
გალიმარი: არ მჯერა! მღელვარება იპყრობს.
გოგო: ვერ გხედავ. შეგიძლია ის გააკეთო, რაც გსურს. /რაც გინდა, ის გააკეთე.
გალიმარი: ვერაფერს ვაკეთებ. რატომ ვერ ვაკეთებ?
გოგო: რა გინდა, რომ გაგიკეთო.... ამის მერე?
შუქი გოგოზე კონცენტრირდება. მუსიკა აღარ ისმის. სიჩუმეა. გალიმარი ჟურნალებს თავის ადგილას აბრუნებს. შემდეგ გალიმარი აგრძელებს - ჩვენ გველაპარაკება.
გალიმარი: მე-2 მოქმედება იწყება იმით, რომ ბატერფლაი ოკეანეს გაჰყურებს. პინკერტონი ამერიკის ფლოტში გამოიძახეს და მან ცოლს დეტალურად გააცნო თავისი გეგმები. დაბრუნების თარიღის გრაფაში მან ჩაწერა „როცა გულწითელები დაიბუდებენ“. ამან ხელი შეუშალა ცოლის ეჭვიანობის გაღვივებას. ოკეანეს როცა გასცქერის, ამ დროს უკვე სამი წელია გასული და ქმარს თვალიც არ დაუკრავს მისთვის. ამ დროს იღებს პასუხს ერთგული მსახურის, სუზუკისგან.
შემოდის ამხანაგი შინი, რომელიც სუზუკის როლს თამაშობს.
გალიმარი: მე დავქორწინდი ქალზე, რომელიც ჩემზე უფროსია. მას ჰელგა ჰქვია.
ჰელგა: მამაჩემი ავსტრალიის ელჩი გახლდათ. კრიმინალებსა და კენგურუებს შორის გავიზარდე.
გალიმარი: ამის გაგონებაზე პირდაპირ საკურთხეველთან აღმოვჩნდი,
ჰელგა გადის.
გალიმარი: ... სადაც ფიცი დავდე და ჩემი სიყვარული განვაცხადე. ბოდვა არ არის ის ფმოქმედება, რომ ყველა ქალს ენდომებოდა ჩემთან ყოფნა, ასე რომ, დიახაც, კარიერულ კიბეზე სწრაფი ნახტომი გავაკეთე. ვნება ავკრძალე და მის ადგილას პრმოქმედებაკულობა და ცივი გონება დავაყენე!
თუმცა ჩემს ფიც-მტკიცს დიდი ხანია დაჰკარგვოდა თავისი შარმი იმ დროისათვის, როდესაც ჩინეთში ჩავედით. სევდიანი სიმართლეა, რომ ყველა კაცს ლამაზი ქალი უნდა, და რაც უფრო უშნოა კაცი, მით უფრო მეტად ილტვის ლამაზი ქალისკენ.
სუზუკი ბოლო შტრიხებს უსწორებს ბატერფლაის თავის სამოსს, ხოლო გალიმარი - თავის ფრაკს.
გალიმარი: გვიან დავქორწინდი, 31 წლის ასაკში. 8 წელი ვუერთგულე ჩემს ქორწინებას. იმ დღემდე, სანამ ერთ დღესაც მე, როგორც დაბალი რანგის დიპლომატმა პურიტანულ პეკინში, „ასი ყვავილის მმართველობის ჟამს“, გერმანელი ელჩის დარბაზში პირველად არ დავინახე ის..... რომ მღეროდა სასიკვდილო სცენის არიას „მადამ ბატერფლაიდან“ .
სუზუკი სცენიდან გადის.
სცენა 6
გერმანელი ელჩის სახლი. პეკინი. 1960.
სცენის მიღმა ფართი ახლა სცენად იქცევა. რამდენიმე სკამი მიტრიალებულია ამ ადგილისკენ და განასახიერებს ელჩის დარბაზში მყოფ ოციოდე სტუმარს. რამდენიმე „დიპლომატი“ - რენე, მარკი, ტულონი - ოფიციალურად ჩაცმულები შედიან და ადგილებს იკავებენ.
გალიმარიც ჯდება, მაგრა, ჩვენსკენ ტრიალდება და ლაპარაკს აგრძელებს. წინა სცენის საორკესტრო აკომპანემ
ენტის ჩანაწერი პიანინოს ხმით იცვლება. სონგი ირჩევს სიკვდილის სცენას იმ მომენტიდან, როცა ბატერფლაი ხარაკირის დანას იპოვის.
გალიმარი: დასასრული ერთობ სევდისმომგვრელია. პინკერტონი სახლში რჩება და თავის ამერიკელ ცოლს აგზავნის ბატერფლაის შვილის წასაყვანად. როგორც იქნა, დაგვიანებულმა სიმართლემ მის კარამდე მიაღწია.
სონგი, რომელიც ბატერფლაის თამაშობს, მღერის ნაწყვეტს ოპერიდან. მისი ხმა, თუმცა არ არის კლასიკური, მაგრამ ნორმალურად ჟღერს.
სონგი: “Con onor muore/chi non puo serbar/vita con onore”.
გალიმარი: (პარალელურად): „სახელოვანი სიკვდილი სჯობს
შერცხვენილ სიცოცხლეს.“
სცენა განათებულია; სრულად მოიცავს დიპლომატის ელეგანტურ რეზიდენციას. სონგი აგრძელებს სიკვდილის სცენის შემოკლებული ვერსიის გათამაშებას. ყველა ტაშს უკრავს. სონგი მორცხვად უკრავს მაყურებელს თავს. ხალხი მიაწყდება წარმატების მისალოცად. გალიმარი ჩვენთან რჩება.
გალიმარი: ოპერაში ამბობენ, ხმა ყველაფერიაო. ალბათ, ამიტომ, ადრე არასდროს მანიჭებდა სიამოვნებას ოპერა. აქ.... აქ იყო ბატერფლაი თავისი ძალიან დაბალი, თითქმის უხმო ხმით - თუმცა მას ჰქონდა განსაკუთრებული გრაციოზულობა და სინაზე.... მე ამ გოგოს დავუჯერე. მჯეროდა მისი ტანჯვა. მინდოდა, ჩამეხუტებინა ის, ასეთი ნაზი, მისი დაცვაც მინდოდა, მისი სახლში წაყვანაც და მისი გულის გათბობაც მანამ, სანამ არ გაეღიმებოდა.
ამ მონოლოგის მიმდინარეობისას, სონგი გამოეყოფა სცენის შორეულ კუთხეში მჯდარ ხალხს და პირდაპირ გალიმარისკენ აიღებს გეზს.
სონგი: მაპატიეთ, მესიე...?
გალიმარი, შოკირებული, სცენის შორეული კუთხისკენ მიტრიალდება.
გალიმარი: ოჰ, გალიმარი მქვია, მადმუაზელ....? ეს იყო ლამაზი....
სონგი: სონგ ლილინგი.
გალიმარი: ძალიან ლამაზი წარმოდგენა.
სონგ: ო, გთხოვთ.
გალიმარი: ჩვეულებრივ მე...
სონგი: მაიძულებთ, რომ გავწითლდე. მე სულაც არ ვარ ოპერის მომღერალი.
გალიმარი: მე ეგ ოპერა არ მომწონს.
სონგი: ვერც დაგადანაშაულებთ....
გალიმარი: მე ვგულისხმობ, რომ ამბავი თვითონ...
სონგი: დამცინავია.
გალიმარი: ამბავი მომწონს, მაგრამ....იცით?
სონგი: ოჰ, ნუთუ მოგწონთ?
გალიმარი: მე.... იცით, რას ვგულისხმობ, როცა ამას ვამბობ? იმას, რომ რაც მინახავს და
ბევრი მინახავს, ყოველთვის ზორბა ტანის ქალები ასრულებდნენ
ბატერფლაის როლს, თანაც საშინელი გრიმით.
სონგი: დასავლეთში ხომ ცუდი გრიმი უნივერსალური მოვლენაა!
გალიმარი: გასაგებია, მაგრამ მერე ვინ დაუჯერებს მათ ასეთ მდგომრეობაში?
სონგი: თქვენ თუ გჯერათ ჩემი?
გალიმარი: სრულიად!. ერთობ დამაჯერებელი იყავი. პირველად ხდება, რომ....
სონგი: დამაჯერებელი? იაპონელი ქალის როლში? ხომ იცით, რომ ომის
დროს იაპონელები ასობით ჩვენიანს იყენებდნენ სამედიცინო
ექსპერიმენტებისათვის?
გალიმარი: არა, არა! იმის თქმას ვაპირებდი სწორედ, რომ პირველად მოხდა,
ამ ამბის მომხიბვლელობა მთელი სისრულით რომ დავინახე-მეთქი.
სონგი: მართლა?
გალიმარი: სიკვდილის სცენა, მაგალითად. ეს ხომ... ეს ხომ... ნამდვილი თავგანწირვაა.
კაცი არ იმსახურებს, მაგრამ რა უნდა ქნას ქალმა? უყვარს.... ძალიან.
ეს არის ლამაზი ისტორია.
სონგი: ჰო, გასაგებია, დასავლეთისთვის - კი.
გალიმარი: უკაცრავად, რაღაც ვერ გავიგე.
სონგი: ეს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფანტაზიაა, არ მეთახმებით? მორჩილი
აღმოსავლელი და სასტიკი თეთრკანიანი მამაკაცი.
გალიმარი: გასაგებია, მაგრამ ეს სულაც არ მქონია მხედველობაში...
სონგი: აბა, ამ კუთხიდან შეხედეთ: რას იტყოდით, თუ ქერა ქალს, ყველას რომ მოსწონს, შეუყვარდებოდა დაბალი იაპონელი ბიზნესმენი? წარმოიდგინეთ, რომ კაცი მას სასტიკად ექცევა, მერე სამი წლით შინ ბრუნდება. ამასობაში ქალი მის სურათთან ლოცულობს, უარყოფს საქორწინო წინადადებას ახალგაზრდა კენედისგან. მერე, როცა შეიტყობს, რომ კაცი დაქორწინდა, თავს იკლავს. ახლა, დარწმუნებული ვარ, ამ გოგოს ექსცენტრიულ იდიოტად მიიჩნევთ თქვენ. მართალი ვარ? მაგრამ, რადგანაც აღმოსავლეთის წარმომადგენელი თავს იკლავს დასავლელისთვის, - ოჰ! - თქვენ მათი ამბავი მომხიბვლელად მიგაჩნიათ.
სიჩუმე.
გალიმარი: ჰო... გასაგებია... მივხვდი, რასაც გულისხმობთ. ...!
სონგი: ბატერფლაის აღარასდროს ვითამაშებ, მესიე გალიმარ. თუ ნამდვილი თეატრის ნახვა გსურთ, ოდესმე პეკინის ოპერას ეწვიეთ. იქ მრავალმხრივ გაიფართოვებთ თქვენს გრძნობა-გონებას.
სონგი სცენის შორეული კუთხიდან გადის. მასთან ერთად სხვა სტუმრებიც ტოვებენ სცენას.
გალიმარი (ჩვენსკენ): როგორ მინდა, ჩემი დიდი დასავლური მკლავებით დავიცვა.
სცენა 7
მისტერ გალიმარის აპარტამენტი. პეკინი. 1960.
გალიმარი ფრაკს იცვლის და ყოველდღიურ ტანსაცმელს იცვამს. შემოდის ჰელგა.
გალიმარი: ჩინელები წარმოუდგენლადპატივმოყვარე
და აროგანტული ხალხია.
ჰელგა: ჯერ კიდევ პარიზში გაგვაფრთხილეს ამის შესახებ, აღარ გახსოვს?
გალიმარი: ჰმ, პარიზელებსაც რომ ამპარტავნებად მიაჩნიათ, ეს უკვე მათრახის
დაკვრას ჰგავს.
ჰელგა: სულ მაგას არ იმეორებს მადამ სიუ?! – „ჩვენ უძველესი ცვილიზაციის წარმომადგენლები ვართ“. თუმცა, ვერასდროს ვხვდები, საკუთარ ქვეყანაზე ამბობს ამას თუ საკუთარ თავზე ხოლმე.
გალიმარი: აი, აქეთ-იქით დავდივარ და ყოველდღე ყველგან ერთი რამ მესმის - რა ძველია ეს კულტურა. ის ფმოქმედება, რომ სიტყვა „ძველი“ შეიძლება „მოძველებულის“ სინონიმი იყოს, აზრადაც არ მოსდით.
ჰელგა: შენ მათ ვერ შეცვლი. „აღმოსავლეთი აღმოსავლეთია და დასავლეთი - დასავლეთი. ისინი ვერასდროს....“ - ისეა, როგორც იმ კაცმა თქვა.
გალიმარი: თავი დაანებე... სისულელეა. ამ საღამოს... შეხვედრაზე ვიყავი ელჩ კოენინგთან - იქ უნდა ყოფილიყავი.
ჰელგა: კოენინგთან? ოჰ, ღმერთო ჩემო... არ მოგაჯადოვათ ყველანი ბავარიის ისტორიის თხრობით?
გალიმარი: არა. ეგ არა. ის მინდოდა მეთქვა, რომ მგონი დივას ჩინურ ვერსიას გადავაწყდი. ჩინური ოპერის მომღერალია.
ჰელგა: მათ ოპერაც აქვთ? და ჩინურად მღერიან თუ იტალიურად?
გალიმარი: ამ საღამოს იტალიურად იმღერა.
ჰელგა: მერე, როგორ გაართვა თავი?
გალიმარი: რევოლუციამდე დასავლეთში უნდა ჰქონდეს განათლება მიღებული. ძალიან კარგად ლაპარაკობს ფრანგულად. შესანიშნავად იმღერა სიკვდილის სცენა „მადამ ბატერფლაიდან“.
ჰელგა: „მადამ ბატერფლაი“? უნდა მოვსულიყავი აუცილებლად. (ჰელგა ღიღინს იწყებს და ოთახში დაფარფატებს ისე, თითქოს კიმონოს გრძელ სახელოებს მიათრევდეს.) ლამაზად ეცვა? ჩემი აზრით, ეს კლასიკური მუსიკის განუყრელი ნაწილია.
გალიმარი: აი, სწორედ მეც ასე ვიფიქრე. ოღონდ, იმან არ გაგიგოს.
ჰელგა: რატომ, რა მოხდა?
გალიმარი: როგორც ჩანს, ჩინელებს არ მოსწონთ ეს ამბავი.
ჰელგა: მოიცა, სძულს ეს პიესა და მაინც იმღერა? რა სჭირს, მაზოხისტია?
გალიმარი: მათ სძულთ მთელი ეს ისტორია, რადგან თეთრკანიან კაცს ერგება ქალი. მე თუ მკითხავ, მელიისა და ყურძნის ამბავია.
ჰელგა: ისევ პოლიტიკა? რატომ არ შეუძლიათ, მოუსმინონ, უბრალოდ, როგორც შესანიშნავი მუსიკის ნიმუშს? საკუთარ ოპერაში რას უსმენენ, ნეტავ?
გალიმარი: არ ვიცი, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ, მოძველებული იქნება.
ჰელგა გადის.
სცენა 8
ჩინური ოპერა და პეკინის ქუჩები. 1960.
გონგის ხმა ავსებს სცენას.
გალიმარი: ჩემი ცოლის უწყინარი შეკითხვა ისევ ყურში მიდგას. გავიკითხ-გამოვიკითხე, მაგრამ ჩინური ოპერის შესახებ არავის არაფერი სმენია. ოთხი კვირა გავიდა, მაგრამ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ ჩემს სილაჩრეს გადააჭარბა. ამ ჩინელმა დივამ, ჩიო-ჩიო-სანობა რომ არ სურს, რა გააკეთა ისეთი, რომ თავი ასე ამაყად უჭირავს?
ოთახი ბუღით იყო სავსე და ძალიან ცხელოდა. დანაოჭებული სახეები, მოხუცი ქალბატონები, უკბილო პირები, კაცი - კისერზეგამონაზარდით, რაღაც, ადამიანი-გომბეშოს მსგავსი. ყველა იცინის, ჩიბუხები პირიდან უვარდებათ, კბილით ამტვრევენ კაკალს, ცოცხალი ქათამი ჩემს ფეხებთან კენკავს. ყველანი ... მას უყურებენ, ეძახიან, თვალს ვერ აცილებენ.
სცენის შორეული კუთხე უცებ განათდება მკვეთრი თეთრი შუქით. ის გადაიქცევა სივრცედ ჩინური თეატრის წარმოდგენისთვის. შემოდის ორი მოცეკვავე სონგთან ერთად. გალიმარი მოშორებით დგას და უყურებს. სონგი გრაციოზულად დანარნარებს ორ მოცეკვავეს შორის. დოლების ხმა მოულოდნელად წყდება. სონგი გამომწვევ პოზაში დგება და პირდაპირ გალიმარს შეხედავს. მოცეკვავეები გადიან. შუქები იცვლება. პაუზა. შემდეგ სონგი სცენის მარჯვნივ გადის და გალიმარს მიადგება.
სონგი: დიახ, შენ. თეთრკანიანო. მე ახლა შენ გიყურებ.
გალიმარი: მე?
სონგი: სხვა თეთრკანიანს ხედავ აქ ვინმეს? მეტისმეტად ადვილი იყო შენი შემჩნევა. როგორ გგონია, რამდენად ხშირად მოდის ჩემს მოსასმენად ჰალსტუხიანი მამაკაცი?
სონგი ტანსაცმლის გახდას იწყებს. ქვეშ უბრალო განიერი სამოსი აცვია. ახლა ისინი უკვე კულისებში არიან. წარმოდგენა დასრულებულია.
სონგი: გამოდის, თავგადასავლების მოყვარული იმპერიალისტი ხარ?
გალიმარი: მე.... ვფიქრობდი, ეს გააფართოვებდა ჩემს თვალსაწიერს.
სონგი: ოთხი კვირა დაგჭირდა, რატომ?
გალიმარი: დაკავებული ვიყავი.
სონგი: თუმცა, განათლებას ყოველთვის არასათანადოდ აფასებდნენ დასავლეთში, არა?
გალიმარი (სიცილით): არა მგონია, ეს მართალი იყოს.
სონგი: არა, არც მეგონა, რომ ასე იფიქრებდი. შენც იქაური ხარ. საკუთარ ღირებულებებს ობიექტურად ვერ განსჯი!
გალიმარი: ვფიქრობ, შესაძლებელია გარკვეული დისტანციიდან შეხედვაც.
სონგი: მართლა? (პაუზა.) რაღაც ყარს აქ. მოდი, წავიდეთ!
გალიმარი: ეს შენს ერთგულ ფანებს ასდით სუნი.
სონგი: მე მიყვარს ისინი, რადგან ჩემი ფანები არიან და მძულს სუნი, რომელიც თან სდევთ. მეც შემიძლია, შორს დავიჭირო თავი ჩემი ხალხისგან. (სონგი გარშემო მიმოიხედავს და მერე გალიმარს ყურში ჩასჩურჩულებს.) „ხელოვნება ხალხისთვის“ ბინძური მობოდიშებაა იმ არტისტების გამო, სიღარიბეში რომ ხდებათ სული. (პირში სიგარეტს გაიჩრის). ჯენტლმენურად მოიქეცი და სიგარეტს მომიკიდე, თუ შეიძლება, კარგი?
გალიმარი უხერხულად იშმუშნება ასანთის ძებნაში.
გალიმარი: იცი... არ ვეწევი.
სონგი: (საკუთარი ასანთით ანთებს): წაგებული დარჩი! სიგარეტისთვის რომ მოგეკიდებინა, შანსი გქონდა, გენახა, როგორ გამოვუშვებდი კვამლს და უცებ აგეხილებოდა თვალი. კარგი, წავედით ახლა.
ისინი სცენაზე გადი-გამოდიან. პეკინის ქუჩებში ზაფხულის ღამეა ჩამოწოლილი. ქალაქის ხმაური ისმის ხმის გამაძლიერებლებიდან.
სონგი: როგორ მინდოდა,სულ პაწაწინა კაფე მაინც ყოფილიყო აქ, რომ ცოტახანს ჩამოვმსხდარიყავით. კაფე კაპუჩინოთი, ფრაკიანი კაცებითა და ექსპატრიატთა ცუდი ჯაზით.
გალიმარი: თუ ისტორიაში მახსოვრობა არ მღალატობს, რევოლუციამდე შანხაის კლუბებში ჩინელებს არც კი გიშვებდნენ, არა?
სონგი: სულაც არა, მუსიე გალიმარ, მახსოვრობა გღალატობთ! მართალია, არსებობდა ამგვარი წარწერები: „ძაღლები და ჩინელები არ დაიშვებიან!“, მაგრამ ქალი და განსაკუთრებიტ, დახვეწლი აზიელი ქალი - ჩვენ ყოველთვის შევდივართ იქ, სადაც მოვისურვებთ. რა იყო, შენ სხვანაირად წარმოგედგინა? გეგონა, კლუბები ჩინეთში სავსეა ფერმკრთალი, განიერთეძოიანი თეთრკანიანი ქალებით, ათასობით ლოტუსის ყვავილივით ჩამოქნილი გოგო კი გარეთ იცდის? ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მაშინ ხომ კლუბები დაიცლებოდა. (ყოვნი) ჩვენ ყოველთვის ვიწვევდით განსაკუთრებულ აღტაცებას თქვენი, თეთრი რასის, წარმომადგენელი მამაკაცების თვალში. ასე არ არის?
გალიმარი: მაგრამ.... ეს აღტაცება იმპერიალისტურიაო, რაღაც ამგვარს მეტყვი ალბათ.
სონგი: ყველაფრის გჯერა, რასაც გეუბნები? დიახ. ეს მართლაც ყოველთვის იყო იმპერიალისტური აღტაცება. თუმცა ხანდახან... ხანდახან...... ეს აღტაცება ორმხრივიც შეიძლება იყოს. აი, ჩემი ბინაც გამოჩნდა.
გალიმარი: მე არც კი...
სონგი: გმადლობთ. სხვა დროს შემომიარეთ და ჩვენ კიდევ მრავალმხრივ გავაფართოვებთ თქვენს გრძნობა-გონებას.
სონგი გადის. გალიმარი აგრძელებს ქუჩებში უმიზნოდ ხეტიალს და თან ჩვენ მოგვმართავს.
გალიმარი: ეს რა იყო? რას გულისხმობდა ნეტავ, როცა თქვა, - ხანდახან.... ორმხრივიც შეიძლება იყოსო? ქალები ჩემთან ფლირტს არ აბამენ. და მე, როგორც წესი, მათთან საერთოს ვერ ვნახულობ, მაგრამ, ამ საღამოს მე ჩვენს საუბარში არ ჩავჭრილვარ.
სცენა 9
გალიმარის საძინებელი. პეკინი. 1960
შემოდის ჰელგა.
ჰელგა: არ გითქვამს, რომ სახლში გვიან მოხვიდოდი.
გალიმარი: არ ვაპირებდი დაგვიანებას და ამიტომ. რაღაც მოხდა.
ჰელგა: მართლა? და რა მოხდა?
გალიმარი: მე.... მე ჰოლანდიის ელჩის სახლში წავედი.
ჰელგა: იმის მერე კიდევ?
გალიმარი: ელჩს მიღება ჰქონდა ერთი მეცნიერის სტუმრობის გამო. 6-ნაწილიან ტრაქტატს წერს თურმე ჩინეთის რევოლუციაზე. ბევრნი შევიკრიბეთ იმის საჩვენებლად, რომ აქ იმდენხანს მოუწევს ცხოვრება, რაც 6 ტომის დაწერას დასჭირდება და გამოვხატეთ ჩვენი უღრმესი სიმპატიები ამ მეცნიერის წინაშე.
ჰელგა: გასაგებია.... მეც შესანიშნავად გავატარე ეს საღამო. ქალებთან ერთად საბრძოლო ხელოვნების ჩვენებაზე ვიყავი. ზოგი გამომსვლელი მამაკაცი ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ ... რა გითხრა! - განსაკუთრებით ისინი, სქელ ფიცრებს რომ ჩხირივით ამტვრევდნენ. (ჰელგა საკუთარი განცდების გადმოსაცემად მღელვარებისგან ინიავებს)
ჰელგა გადის. სინათლეს შუქი აკლდება.
გალიმარი: ცოლს მოვატყუე. რატომ? აქამდე არავითარი მიზეზი არ მომცემია, მისთვის ტყუილი მეთქვა. მაგრამ ახლა რა მიზეზი მქონდა? ცუდი არაფერი ჩამიდენია. წინა ღამეს სიზმარი ვნახე. სხვები სიზმარში ანგელოზებს ნახულობენ ხოლმე, ან დრაკონებს, ან პირსახოცშემოხვეულ სოფი ლორენს. ჩემს სიზმარში კი სკოლისდროინდელი მარკი გამოჩნდა.
შემოდის მარკი საღამურითა და ჩაჩით.
მარკი: რენე! შენ გოგო გაიცანი?
გალიმარი და მარკი პეკინის ქუჩებს მიუყვებიან. მოსაუბრეთა ხმებს ღამის სიჩუმე უერთდება.
გალიმარი: ასეთი გასაოცარიც არაფერია, გმადლობ.
მარკი: არა! ეს ისეთი გრანდიოზული რამაა, შუა მოგზაურობაში ვიყავი, ძილში რომ შევიტყვე ამის შესახებ .
გალიმარი: გოგოებს ადრეც შევხვედრივარ, იცი შენ.
მარკი: ერთი მაინც დაასახელე. დრო და სივრცე გადმოვჭერი, რომ შენთვის მომელოცა. (ერთ ბოთლ ღვინოს უწვდის გალიმარს).
გალიმარი: მარკ, ეს ღვინო ძალიან ძვირი ღირს.
მარკი: იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა უსხეულო სული ხარ, რატომაც არ უნდა მოიპარო საუკეთესო?
მარკი წამში ხსნის ბოთლს და გალიმართან ერთად სვამს.
გალიმარი: დამაბნიე. იცი.... არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ გვეფიქრა, თითქოს მას მოვწონვარ.
მარკი: „ხანდახან ეს ორმხრივიცაა“ - ამაზე რას იტყვი?
გალიმარი: ოჰ, არ ვიცი.
მარკი: ორმხრივი? ორმხრივი? და ეს რას უნდა ნიშნავდეს?
გალიმარი: შენც გაიგონე?
მარკი: ეს ნიშნავს, რომ ფული ბანკშია და შენ ისღა დაგრჩენია, ჩეკს ხელი მოაწერო.
გალიმარი: მე დაქორწინებული ვარ.
მარკი: და შესანიშნავი მეუღლეც ხარ. მე .... 6 თვის მერე დავიწყე ცუღლუტობა. და დღემდე არც შემიწყვეტია. 300 ქალი 12 წელიწადში! როგორია?!
გალიმარი: მგონია, რომ ეს მაგალითად არ გამოგვადგება.
მარკი: რა თქმა უნდა, არა. ჩემი ცხოვრება საძაგლობაა, ფუი! მაგრამ შენ... შენ სანიმუშო ქმარი ხარ!
გალიმარი: რაც გინდა თქვი და ეს შეუძლებელია. მე აქ უცხოელი ვარ.
მარკი: ჰო, ეს მართალია. მას არ შეუძლია შენი შეყვარება. ეს ტაბუდადებული თემაა. მაგრამ რაღაც მაინც არსებობს ღრმად ჩამარხული მის გულში... და ის საკუთარ თავს ვერ შველის... უნდა დაგმორჩილდეს. ეს მისი ბედისწერაა.
გალიმარი: ეს ყველაფერი როგორ წარმოგიდგენია?
მარკი: ისევე, როგორც შენ. ძველი ამბავია. ეს ხომ უკვე სისხლში გვაქვს გამჯდარი. მათ ჩვენი ეშინიათ, რენე. იქაურ ქალებს ჩვენი ეშინიათ. მათ კაცებს კი... მათ კაცებს ჩვენ ვძულვართ. და იცი, რომ მართლები არიან?
ისინი შენიშნავენ შუქს ფანჯარაში.
მარკი: აი, შეხედე, აგერ იქ, რენე!
გალიმარი: ეს მისი ფანჯარაა.
მარკი: გვიანი ღამეა და შუქი უნთია. შენთვის ანთია ეს შუქი, რენე.
გალიმარი: არ შევხედავ. ეს არ იქნება თავაზიანი ჟესტი.
მარკი: სულაც არ მოგვეთხოვება თავაზიანობა. ჩვენ უცხოელი ეშმაკები ვართ.
შემოდის სონგი ფართო მოსასხამით, სახე მთლიანად დაფარული აქვს შავი პირბადით. საუბრის დროს ირთვება „ერთი მშვენიერი დღის“ არია. ზურგით ჩვენსკენ სონგი დილის ტუალეტის სცენას უხმოდ ასრულებს. მოსასხამი ჩამოუცურდება და თეთრი მხრები მოუჩანს.
მარკი: მთელი ცხოვრება იმ ლამაზ გოგოს ელოდებოდი, რომელიც თავისი ნებით ფეხქვეშ გაგეგებოდა. მთელი შენი ცხოვრება წმინდანივით იღიმებოდი, როცა ასეთი რამ შენთვის ნაცნობ ყველა სხვა კაცს დაემართა. ასეთ კაცებს უყურებ ჟურნალებში, ასეთ კაცებს უყურებ ფილმებში და გაინტერესებს, შენ რა გემართება, რატომ შენ არავინ გეგება ფეხქვეშ. უკვე აღარ გგონია, რომელიმე ლამაზ ქალს ოდესმე თუ მოუნდება შენთან ყოფნა. წლებთან ერთად თმა გითხელდება და იბრძვი და იტანჯები იმისათვის, რომ იმედი არ დაგეკარგოს. ტანჯვა დასრულდა, რენე, რადგან ლოდინი აღარ გჭირდება. (მარკი გადის).
გალიმარი: მარკ? მარკ?
ამ მომენტშისონგი, რომელიც ჩვენსკენ ისევ ზურგშექცევით დგას, მოსასხამს ბოლომდე იხდის და ძირს აგდებს. წამით შიშველი ზურგი გამოუჩნდება. მინიშნება ხმით: რეკავს ტელეფონი, ძალიან ხმამაღლა. წამიერი ჩაბნელება, რასაც მოსდევს სპეციალურად განათებული კადრი საძინებლის მხარეს, სადაც ტელეფონი დგას. გალიმარი უმიზნოდ დააბიჯებს სცენაზე და ტელეფონს იღებს. ისმის ხმა. მისი ლაპარაკის დროს შუქები კონცენტრირდება მისი საწოლის სიახლოვეს. უკვე დილაა.
გალიმარი: დიახ, გისმენთ?
სონგი: (კულისებიდან): ახლა ჯერ ძალიან ადრეა?
გალიმარი: რატომ კითხულობ? კი, საკმადო ადრეა.
სონგი: (კულისებიდან): მაინც რამდენად ადრეა ?
გალიმარი: ახლა... ახლა დილის ექვსის ნახევარია. შენ რატომ....
სონგი: (კულისებიდან): მაგრამ გარეთ უკვე დღეა.
გათენებულა.
გალიმარი: ასეა, გათენებულა. მზეს, ეტყობა, დღეს რაღაც შეეშალა.
სონგის მომდევნო სიტყვების წარმოთქმის დროს განათება მისკენაა მიმართული. ის სკამზე ზის ფეხებგადაჯვარედინებული, მოსასხამით და ტელეფონის ყურმილი ყურთან აქვს მიტანილი.
სონგი: ვიცდიდი, სანამ მზეს დავინახავდი. ამაზე მეტი წესიერების გამოჩენა ერთ ღამეში არ შემეძლო. შეგიძლია, მაპატიო?
გალიმარი: რა თქმა უნდა... მაგრამ რა უნდა გაპატიო?
სონგი: მაშინ უცებ გკითხავ: გულწრფელად გაინტერესებს ეს ოპერა?
გალიმარი: რატომ მეკითხები? ჰო, მაინტერესებს, ნამდვილად მაინტერესებს.
სონგი: თუ ასეა, მომდევნო ხუთშაბათს კიდევ მოდი. „მთვრალ ლამაზმანს“ ვთამაშობ. ესე იგი, შეიძლება, შენი იმედი მქონდეს?
გალიმარი: ჰო, გქონდეს ჩემი იმედი.
სონგ: შესანიშნავია. ახლა უნდა დავწვე. ძალაგამოცლილი ვარ. მეტისმეტად გრძელი იყო ეს ღამე ჩემთვის.
სონგი ყურმილს კიდებს. გალიმარი იცმევს და ემზადება სამსახურში წასასვლელად.
სცენა 10
სონგ ლილინგის აპარტამენტი. პეკინი. 1960.
გალიმარი: რასაკვირველია, წავედი ოპერაში დათქმულ დღეს, შემდეგ იმის მომდევნო კვირასაც... ჩვენი შეხვედრები ძალიან ხანმოკლეა. ის წყვეტს ასე - სულ 15, დიდი-დიდი, 20 წუთი თუ დავყოფთ ხოლმე ერთად. ამგვარად, კვირაში ერთხელ მტოვებს დიდი წყურვილით აღსავსეს, წყურვილს ვერ ვიკლავ და ის უფრო დაუფრო მიძლიერდება. ამასობაში, 15 კვირა გავიდა. მგონი, უკვე ჩემი მეგობრის, მარკის, სიტყვებისაც კი აღარ მჯერა. თუმცა, არა, ჯერ მათში ეჭვს ვერ შევიტან. გულისგულში ვიცი, რომ მას.... ჩემ მიმართ ინტერესი ნამდვილად აქვს. ვეჭვობ, რომ ეს მისი ქცევის თავისებურებაა. გარედან მამაცი და გულღია ჩანს, მაგრამ შინაგანად მორცხვია და მფრთხალი. მასში აღმოსავლური წარმოშობა მის დასავლურ განათლებას ებრძვის.
სონგი (კულისებიდან): წამით დაგტოვებ. მსახურს სთხოვე, რაც მოგინდება.
გალიმარი: ამ საღამოს, როგორც იქნა, თავის ბინაში მიმიწვია. თუმცა დაუჯერებელი აზრია, მაგრამ მგონია, რომ მას ჩემი ეშინია.
გალიმარი ოთახს ათვალიერებს. ხელში იღებს ჩარჩოში ჩასმულ სურათს და აკვირდება. მის შეუმჩნევლად ოთახში სონგი შემოდის 20-იანი წლების შავ ელეგანტურ ტანსაცმელში გამოწყობილი. ის კართან ჩერდება და ანა მეი ვონგივით[1] იყურება.
სონგი: ეგ მამაჩემია.
გალიმარი (გაკვირვებული): მადმუაზელ სონგ...
სონგი მოხდენილი რწევით უახლოვდება გალიმარს და სურათს გამოართმევს.
სონგი: ძალიან კარგი, რომ რევოლუციას ვერ მოესწრო. უეჭველია, დამსხვრეულ შუშებზე დააჩოქებდნენ. არა იმიტომ, რომ ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა, მაგრამ ის ხომ მამაჩემია. შემძულდებოდა, ეს რომ მომხდარიყო და მენახა.
გალიმარი: დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან სტუმრობის ნება რომ დამრთეთ.
სონგი რევერანსით პასუხობს.
სონგი: დიდად გმადლობთ. ოჰ, ჩაი არ დაუსხამთ შენთვის?
გალიმარი: მართალი გითხრა, არც...
სონგი (თავის მსახურს კულისებში): შუ-ფანგ! ჩა! ქვაი-ლა! (გალიმარს) ვწუხვარ. ადამიანს გინდა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს...
გალიმარი: გთხოვ, არ არის საჭირო.
სონგი: ... და სანამ საჭირო წუთი დადგება...
გალიმარი: მართლა არ მინდა ჩაი, არ მწყურია.
სონგი: ... მანამდე ფუჭდება ყველაფერი.
გალიმარი (მკვეთრად): მადმუაზელ სონგ!
სონგი ჯდება.
სონგი: მაპატიე.
გალიმარი: ამჯერად რის გამო მთხოვ პატიებას?
პაუზა; სონგი ხითხითებს.
სონგი: არ ვიცი!
გალიმარი იცინის.
გალიმარი: სწორედ რომ ჩემი შემთხვევაა.
სონგი: ოჰ, რა სულელი და ქარაფშუტა ვარ. გპირდები, რომ ამ საღამოს აღარაფრისთვის არ გთხოვ პატიებას. გესმის ჩემი?
გალიმარი: ეს უკვე კარგი გოგოს სიტყვებია.
შუ-ფანგი, მოსამსახურე გოგო, ჩაის ლანგრით შემოდის და დასხმას იწყებს.
სონგი (შუ-ფანგს): არ გინდა! მე თვითონ დავუსხამ ჩაის ამ ჯენტლმენს.
შუ-ფანგი გადის და თან გალიმარს თვალს არ აცილებს.
გალიმარი: ძალიან ლამაზი ბინა გაქვს.
სონგი: არა, იცი.... მე არც კი ვიცი, რატომ მოგიწვიე ჩემთან.
გალიმარი: ჰო... მე კი მიხარია, რომ ეს გააკეთე.
სონგი ოთახს ათვალიერებს.
სონგი: შენი აქ ყოფნა საშიშროების ელემენტს შეიცავს.
გალიმარი: რაო?
სონგი: ეს უნდა იცოდე შენ.
გალიმარი: მე ეს არ მაწუხებს. ჩვენ ორივემ ვიცით, აქ რატომაც ვარ.
სონგი: არც მე მაწუხებს. თუმცა არა.... ალბათ, ჰო...
გალიმარი: რას გულისხმობ?
სონგი: ჰო, ალბათ, ოდნავ მეშინია სკანდალის.
გალიმარი: რას ვაკეთებთ?
სონგი: შენს გართობას ვემსახურები. ჩემსავე მისაღებში.
გალიმარი: საფრანგეთში ეს თითქმის...
სონგი: საფრანგეთი. საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს. ალბათ, წინაც კი უსწრებს. ჩინელები ის ხალხია, ვისი სულიც მტკიცედაა ფესვგადგმული ორიათასწლოვან წარსულში. რასაც ახლა ვაკეთებ, თუნდაც, ჩაის რომ გისხამ... ეს მოქმედება... გარკვეულ მინიშნებას შეიცავს. კედლები და ფანჯრებიც ამაზე მეტყველებენ. ჩემი საკუთარი გულიც კი, დასავლური კაბით შებოჭილი... ისიც მიგვანიშნებს რაღაცებზე, რასაც ყურს არ ვუგდებ.
სონგი გალიმარს ჩაის ფინჯანს უწვდის. გალიმარი ხელს ერთდროულად ჰკიდებს ჩაის ფინჯანსაც და სონგის ხელსაც.
გალიმარი: კაბა მშვენიერია.
სონგი: არ ვიცი.
გალიმარი: რა არ იცი?
სონგი: ისიც კი არ ვიცი, როგორ მადგას.
გალიმარი: დამიჯერე...
სონგი: შენ საფრანგეთში ცხოვრობ. ყოველდღე უამრავ ლამაზ ქალს ხედავ.
გალიმარი: საფრანგეთიდან? როდიდან არიან ევროპელი ქალები...
სონგი: ოჰ, მაინც რის გაკეთებას ვცდილობ...
სონგი კარისკენ გარბის, თავს ხელში იყვანს და გალიმარს მიუბრუნდება.
სონგი: მუსიე გალიმარ, ალბათ სჯობს წახვიდეთ.
გალიმარი: რატომ...უნდა წავიდე?
სონგი: რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
გალიმარი: ვერაფერს ვამჩნევ.
სონგი: მე ვგრძნობ.... ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი.
გალიმარი: არა, უბრალოდ ნერვიულობ.
სონგი: გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. ძნელია, როცა ვცდილობ თანამედროვე გამოვჩნდე, როცა ვცდილობ, კაცივით ვილაპარაკო, შევინარჩუნო დასავლელი ქალის ძლიერი სახე და ჩემსას მოვარგო.... ბოლოში, მაინც ვმარცხდები. პატარა, შეშინებული გული მეტისმეტად სწრაფად სცემს და მაიძულებს, დავნებდე. მუსიე გალიმარ, მე ჩინელი გოგო ვარ. აქამდე არასდროს... არასდროს მომიწვევია კაცი ჩემს ბინაში. ჩემი მოქმედება წინ უსწრებს ჩემს გადაწყვეტილებას და ეს მაღელვებს.
გალიმარი: რისი გეშინია? რასაკვირველია, ჩემი - არა. ამის იმედი მაქვს.
სონგი: მორიდებული გოგო ვარ.
გალიმარი: ვიცი. და კიდევ ძალიან ლამაზი. (თმაზე ეხება)
სონგი: გთხოვ, ახლა წადი. ამის შემდეგ როცა მნახავ, მე ისევ მე ვიქნები.
გალიმარი: ისეთი მომწონხარ, სწორედ ახლა როგორიც ხარ.
სონგი: ეგოისტურდ იქცევი.
გალიმარი: სხვას რას ელოდი? მე უცხოელი ეშმა ვარ.
გალიმარი სცენიდან ჩადის. სონგი გადის.
გალიმარი (ჩვენ): ნახეთ, როგორ ლაპარაკობდა დასავლელ ქალებზე? სულ სხვანაირად, ვიდრე პირველ ღამეს. ის... ის თავს მათზე დაბალ საფეხურზე მყოფად მიიჩნევს.... და ასევე ჩემზეც.
სცენა 11
საფრანგეთის საელჩო. პეკინი. 1960.
გალიმარი მერხისკენ მიდის.
გალიმარი: ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე. „მადამ ბატერფლაიში“ ჩიო-ჩიო-სანი შიშობს, რომ დასავლელი კაცი, რომელიც პეპელას იჭერს, ჯერ ნემსით გულს გაუპობს მას და შემდეგ აუცილებლად მიაგდებს. დავფიქრდი: მეც რომ დამეჭირა პეპელა, ვინ წამოეგებოდა ჩემი ნემსის წვერზე?
შემოდის მარკი, ბიუროკრატიულ ყაიდაზე ჩაცმული, ქაღალდების დასტით ხელში. გალიმარს ლაპარაკისას გადასცემს მარკი ქაღალდებს. ისიც გულდასმით ეცნობა მათ, ხელს აწერს, ბეჭედს არტყამს ან უკან აბრუნებს.
გალიმარი: მომდევნო ხუთი კვირა დინამოსავით ვიმუშავე. შევწყვიტე ოპერაში სიარული, არც დამირეკავს და არც მიმიწერია მისთვის. ვიცოდი, რომ ეს პატარა ყვავილი ელოდებოდა ჩემს ზარს, მე კი, როცა უზნეოდ მოვიქეცი და გადავწყვიტე, არ დამერეკა, პირველად ვიგრძენი იმ საოცარი ძალის მოწოლა, ეს იყო აბსოლუტური მამაკაცური ენერგია.
მარკი აგრძელებს ბიუროკრატის როლის თამაშს, მაგრამ ახლა თავისთვის ლაპარაკობს.
მარკი: რენე! მე ვარ, მე.
გალიმარი: მარკ, ახლა შენი ხმა ყველგან მესმის. გაგანია მუშაობაშიც კი.
მარკი: ეს იმიტომ, რომ მე განუწყვეტლივ გიყურებ...
გალიმარი: შენ ყოველთვის ყველაზე პოპულარული ბიჭი იყავი სკოლაში.
მარკი: რას იზამ, ცხოვრებაში დაუმარცხებლობის გარანტია არ არსებობს ისევე, როგორც ბედნიერებისა - სკოლაში. რაღაცნაირად ვიცოდი, რომ სადღაც გარეუბანში რენოს ფირმისთვის მუშაობით დავამთავრებდი, შენ კი ამ დროს აღმოსავლეთში ეგზოტიკური ქალების მოხსნით იქნებოდი გალაღებული.
გალიმარი: ამის გამო დამიმეგობრდი?
მარკი: მე შენ ჩემი ცხოვრების ერთი პატარა ნაწილი დაგითმე, ასე რომ, ახლა შენ შეგიძლია ეს სიკეთე უკან დამიბრუნო. (პაუზა.) იზაბელი გახსოვს?
გალიმარი: რა თქმა უნდა მახსოვს! ის იყო ჩემი პირველი ქალი.
მარკი: ჩვენ ყველას გვინდოდა მასთან გორაობა, მაგრამ მას მხოლოდ მე ვუნდოდი.
გალიმარი: ჩემთანაც იყო.
მარკი: ვიცი, შენც კარგად აგორავე.
გალიმარი: შენ იყავი ერთადერთი მათ შორის, ვისაც ოდესმე დაუჯერებია ჩემთვის.
მარკი: უბრალოდ, საამისო მიზეზი მაქვს. (ყოვნი.) რა მოგივიდა, უნდა მიხვედრილიყავი.
გალიმარი: იმ ღამეს მთხოვე, კაფეტერიასთან ბუჩქებში დაგლოდებოდი. ამის შემდეგ რაც მახსენდება, ისაა, რომ იზაბელი ზემოდან მეჯდა. დიდი ამბავი გვქონდა, მოკლედ.
მარკი: ქვედა საცვალს არ ხმარობდა.
გალიმარი: მიწის ჭუჭყს ვიყავი მკლავებით მიწებებული.
მარკი: ზემოდან უყვარდა. გოგო, რომელიც დროს უსწრებდა.
გალიმარი: ზემოთ რომ ავიხედე, ეს ქალი დავინახე... ზემოთ-ქვემოთ დახტოდა ჩემს კვერცხებზე.
მარკი: თან ალბათ კიოდა, არა?
გალიმარი: კიოდა და გარშემო სულ დაალეწა ტოტები ყველაფერს. სულ აქეთ-იქით აგორავა ტალახში ჩემი სირი. სულ ერთიანად დაჟეჟილი მქონდა.
მარკი: ლოკომოტივივით არ ქშენდა და ოხრავდა?
გალიმარი: და ამ ყველაფრის სადღაც შუაში, როცა ფოთლები პირდაპირ პირში მიძვრებოდნენ, ფეხებში სისხლი გამეყინა და, მახსოვს, გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ის არის?“
მარკი: ამაზე საფიქრელად გეცალა?
გალიმარი: ჰო, აბა რა მექნა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფეხები მწყდებოდა.
მარკი: მერე, ეს კარგი არ იყო?
გალიმარი: არა, ასე არ ითქმის იმაზე, რაც ვიგრძენი/რაც დამემართა/როგორც ვიყავი... კარგი კი არა, გადასარევი იყო!
მარკი: დარწმუნებული ხარ, ანუ?
გალიმარი: ჰო, რა თქმა უნდა.
მარკი: მაგარია! მინდოდა, რომ კარგი დრო გაგეტარებინა.
გალიმარი: გავატარე კიდეც.
პაუზა.
მარკი: ჯანდაბა! (პაუზა.) როცა ყველაფერი უკვე ნათქვამი და მოთავებული გვქონდა, საძაგელ ბებრუხანასავით იქცეოდა ხოლმე. იმას ვგულისხმობ, წარმოუდგენელი ენერგია ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიგებდი, იმ ენერგიას რას უშვრებოდა. როცა იძახდა ხოლმე „მოვდივარო“ - ეშმაკმა დალახვროს, ისე ხმამაღლა ღრიალებდა, რომ გაქცევა მოგინდებოდა, „დიდიც არაფერიაო“, - გინდოდა გეთქვა და მოგეკურცხლა.
გალიმარი: ჰო, ტანში გამცრა, რომ დაიძახა - ვიფიქრე, ვიღაც მართლა მოდიოდა (პაუზა.) მაგრამ, იცი, რა მარკ?
მარკი: რა?
გალიმარი: დიდი მადლობა.
მარკი: არ ღირს ამდენ მადლობად.
გალიმარი: ღირს, ის პირველი ქალი იყო ჩემთვის.
მარკი: ჰოდა, გემოც გაუგე.
გალიმარი: ეგ მართალია.
მარკი: მოიცადე! მოდი, ამ წერილს კიდევ ერთხელ შეხედე.
გალიმარი ერთ-ერთ ფურცელს იღებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბეჭედი დაარტყა, და ხელახლა კითხულობს.
გალიმარი (ჩვენსკენ): ექვსი კვირის შემდეგ დაიწყო წერილების მოსვლა.
განათება სონგისკენაა მიმართული, ის მადამ ბატერფლაის თამაშობს. სცენა „სიყვარულის დუეტის“ მუსიკის თანხლებით მიდის.
სონგი: ვიჩხუბეთ? არ ვიცი. ნუთუ, ოპერა აღარ გაინტერესებს? მოდი, გთხოვ - ჩემს აუდიტორიას ძალიან დააკლდა თეთრი ეშმა, რომელსაც შუაგულში უყვარდა ჯდომა.
გალიმარი წერილს თვალს მოაშორებს და ჩვენსკენ იხედება.
გალიმარი: (ჩვენსკენ): ესაა დათმობა, მეტისმეტად ღირსეული თუმცა. (ყოვნი; გალიმარი წერილს აგდებს.) წინა კვირას კიდევ ვერ წავედი ოპერაში, ვაჭრობის შესახებ მოხსენებითი ბარათი მქონდა დასაწერი.
ბიურიკრატი ახლა სხვა წერილს მიაწვდის.
სონგი: ექვსი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. მეგობრების გაჭირვებაში მიტოვება შენი სტილია? ხან შენ მძულხარ, ხან საკუთარი თავი, მაგრამ მენატრები ყოველთვის.
გალიმარი (ჩვენ): ახლა უკეთესია, მაგრამ არ მომწონს, „მეგობარს“ რომ მეძახის. როცა ქალი „მეგობარს“ დაარქმევს კაცს, დამტავრებული საქმეა - გინდა საჭურისი და ჰომოსექსუალი უწოდებია, ერთიდაიგივეა! (ყოვნი; წერილს გადააგდებს.) მეშვიდე კვირაა, ოპერაში არ ვყოფილვარ, უცებ დიდი სურვილი მომაწვა, გავანადგურო ჩემი ფურცლების დასტა.
ბიუროკრატი კიდევ ერთ წერილს უწვდის.
სონგი: შენი სიუხეშე უკვე დაუჯერებელია/ყოველგვარ წარმოდგენას სცილდება. ასეთ სისასტიკეს არ ვიმსახურებ. არ შეწუხდე დასარეკად. კართან მოსულს უკან გაგაბრუნებ!
გალიმარი (ჩვენ): არა, არც მიცდია დარეკვა. (იმ წერილსაც გადაგდებს და ბიუროკრატი კიდევ გაუწვდის სხვას.) და მერე, როგორც იქნა, გამოჩნდა წერილი, რომელმაც ჩემი ექსპერიმენტი დაასრულა.
სონგი: სიტყვებს ვერ ვპოულობ. ღირსებას ფარად მეტად ვეღარ ავიფარებ. უკვე ხარ ჩემი სირცხვილის მოზიარე. რაღა გინდა ჩემგან?
გალიმარი ნელი მოძრაობით უკან უბრუნებს წერილს მარკს. სონგისკენ მიმართული განათება ნელნელა ბუნდოვანდება.
გალიმარი (ჩვენსკენ): ამ წერილის კითხვისას უეცრად შემრცხვა. დიახ, ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა. ის უკვე ჩემს ბადეში იყო გაბმული. თუმცა... გამარჯვება ფუჭი მეჩვენებოდა.
მარკი: ფუჭი გეჩვენება? შენ, რა, შეიშალე?
გალიმარი: არაფერი, მარკ. გთხოვ, დამტოვე.
მარკი (გადის, ქაღალდებით ხელში): ვერაფერი ისწავლე ჩემგან?
გალიმარი: „უკვე ხარ ჩემი სირცხვილის მოზიარე.“ იმ საღამოს მიღებაზე მომიხდა დასწრება. გზად ცუდად ვიგრძენი თავი. ღმერთი თუ არის სადმე, ახლა მან აუცილებლად უნდა დამსაჯოს-მეთქი, ვფიქრობდი. ბოლოსდაბოლოს, ძალა ვიხმარე ახალგაზრდა ქალზე,ერთადერთი მიზნით - მინდოდა, სასტიკი შეურაცხყოფა მიმეყენებინა. სამყაროში უნდა არსებობდეს სამართლიანობა. უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რომ სწორედ იმ საღამოს მეხის გავარდნამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა.
სცენა 12
ხმოვანი მინიშნება: ცალკეული ხმები. შუქ-ჩრდილების მონაცვლეობა. ახლა ფეშენებელურ რეზიდენციაში ვართ. ტულონი, ფრანგი ელჩი, შემოდის და გალიმარს მეგობრულად უთათუნებს ხელს მხარზე.
ტულონი: გალიმარი, ხომ? შეიძლება, რაღაც გითხრათ? მოდი, იქით გავიდეთ.
გალიმარი (ჩვენ): მანუელ ტულონი. საფრანგეთის ელჩი ჩინეთში. უყვარს, როცა ჩვენ ყველას შვილებივით გვიყურებს. აი, დაახლოებით, როგორც ღმერთი.
ტულონი: მომხედე, გალიმარ, ბევრიც რაფერია სათქმელი. მომწონდი, იმ დღიდან, რაც აქ შემოაბიჯე. ლიდერი არ ხარ, მაგრამ აკურატული და მარჯვე/მარიფათიანი იყავი.
გალიმარი: გმადლობთ, სერ.
ტულონი: ძალით ნურაფერს დააჩქარებთ! გასაგებია, ჩვენი საჭიროებები ჩინეთში ცვალებადია. გაუგებარია, როგორ დავკარგეთ ინდოჩინეთი. თითქოს, ვიღაცამ თავისი უცოდინარობით გააფუჭა იქ საქმე. რა თქმა უნდა, პირადად, თქვენ არ გგულისხმობთ.
გალიმარი: გმადლობთ, სერ!
ტულონი: ვაპირებთ, მომავალში უფრო ყურადღებიანები გავხდეთ, მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ. ჩვენი სამუშაო ცვალებადია. ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ, აქაურობის დატოვება მოუხდება. არაფერი პირადული.
გალიმარი: რას ბრძანებთ!
ტულონი: გინდათ, საიდუმლო გაგიმჟღავნოთ? ვიცე-კონსული ლებონი გადაჰყავთ.
გალიმარი (ჩვენ): ჩემი უშუალო უფროსი!
ტულონი: და მისი დეპარტამენტის წევრთა უმრავლესობაც.
გალიმარი (ჩვენ): რისიც მეშინოდა! ღმერთმა, როგორც ჩანს, გაიგო ჩემი ბოროტი გულის ამბავი.
ტულონი: თქვენი გამოკლებით.
გალიმარი (ჩვენ): ... და ის მას განმაშორებს როგორც..... (ტულონს) უკაცრავად, რა ბრძანეთ, სერ?
ტულონი: შეგაშინეთ? მგონი, კი. გამხნევდით, გალიმარ. მინდა, რომ ვიცე-კონსულის პოსტზე ლებონი თქვენ შეცვალოთ.
გალიმარი: და თქვენ...? კარგით, გასაგებია, დიდი მადლობა, სერ!
ტულონი: კეთილი.
გალიმარი: მე.... დიდი მოწიწებით მივიღებ თქვენს შემოთავაზებას.
ტულონი: მოწიწება არ შედის თქვენ მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალში. თქვენ მოგიწევთ კოორდინაცია გაუწიოთ გადახალისებულ სადაზვერვო განყოფილებას. გინდათ, საიდუმლო გაგიმჟღავნოთ? ერთი წლის წინ თქვენც გაგისტუმრებდნენ, მაგრამ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ თქვენ იქეცით ამ რაღაც ახალ, აგრესიულად სანდო.... ვინმედ. ისიც მითხრეს, რომ ჩინელებთან ადვილად ამყარებთ კარგ ურთიერთობებს. ასე, რომ, ვფიქრობ, იღბლიანი კაცი ხართ, გალიმარ. გილოცავთ!
ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს. ტულონი გადის. წვეულება ახმაურდება. გალიმარი უმისამართოდ გადაკვეთს ჩაბნელებულ სცენას.
გალიმარი: ვიცე-კონსულიო? შეუძლებელია! წვეულებიდან რომ გამოვბოდიალდი, დავინახე ცაზე წარწერილი: ღმერთი არ არსებობს. თუ, არა? - ვთქვათ, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ იმ ღმერთს.... ესმის ყველაფერი. სხვანაირად როგორ იქნება?! ღმერთი, რომელიც ქმნის ევას რომ ემსახუროს ადამს, ვინც კურთხევას აძლევს სოლომონს ჰარემში გასახარად, მაგრამ იეზებელს[2] ალმოდებლ საწოლზე მიაჯაჭვავს - ის ღმერთი უეჭველად მამაკაცია. და მას ესმის! ოცდაცხრამეტი წლის ასაკში უეცრად სამყაროში ინიციაციის გზას შევუდექი.
სცენა 13
სონგ ლილინგის აპარტამენტი. პეკინი. 1960.
შემოდის სონგი ფართო მოსასხამით.
სონგი: გაგიჟდი?
გალიმარი: მადმუაზელ სონგ....
სონგი: რამ მოგიყვანა აქ... ასეთ დროს? რვა..... რვა კვირის შემდეგ?
გალიმარი: საოცარი რამ მოხდა...
სონგი: გაბედე და ჩემს კარზე დააკაკუნე, მსახურები შემიშინე, მეზობლებს სკანდალი მოუწყვე...
გალიმარი: დამაწინაურეს. ვიცე-კონსული გავხდი.
პაუზა.
სონგი: და შენი აზრით, ეს რამეს უნდა ნიშნავდეს ჩემთვის?
გალიმარი: იქნები ჩემი ბატერფლაი?
სონგი: რას ლაპარაკობ, გესმის რამე?
გალიმარი: აი, მოვედი ამ საღამოს პასუხის მისაღებად კითხვაზე - იქნები თუ არა ჩემი ბატერფლაი.
სონგი: ვითომ არ იცი მაგ კითხვაზე პასუხი.
გალიმარი: მინდა, რომ შენგან გავიგონო.
სონგი: არ მინდა, რომ გითხრა.
გალიმარი: ესე იგი, ეს არის შენი პასუხი?
სონგი: შენ ხომ იცი, რას ვგრძნობ....
გალიმარი: მე ვიცი ერთი რამ.
სონგი: მაინც რა?
გალიმარი: ერთი რამ მახსენდება იმ წერილიდან, რომელიც დღეს მივიღე.
სონგი: არ გინდა!
გალიმარი: „უკვე ხარ ჩემი სირცხვილის მოზიარე.“
სონგი: ეს რომ დავწერე, უკვე საკმარისია.
გალიმარ: კარგი... მაშინ...
სონგი: არ უნდა გადამესხა სახეზე...
გალიმარი: ... თუ ეს ყველაფერი მართალია...
სონგი: შეჩერდი!
გალიმარი: მაშინ, რა იქნება კიდევ ერთი მოკლე პასუხი?
სონგი: არ მინდა!
გალიმარი: იქნები თუ არა ჩემი ბატერფლაი? (სიწყნარე; ოთახს გადაჭრის და თმაზე შეეხება.) მე შენგან გულწრფელობა მინდა. ჩვენ შორის არაფერი ყალბი არ უნდა იყოს. არც ყალბი სიამაყე.
პაუზა.
სონგი: დიახ, მე ვარ. მე ვარ შენი ბატერფლაი.
გალიმარი: მაშინ ნება მომეცი გულწრფელი ვიყო შენთან. შენ გამო დამაწინაურეს ამ საღამოს. შენ სამუდამოდ შეცვალე ჩემი ცხოვრება. ჩემო პატარა ბატერფლაი, ჩვენ შორის საიდუმლო არ უნდა იყოს: მე ხომ მიყვარხარ.
გალიმარი უხეშად უწყებს კოცნას. სონგი მსუბუქ წინააღმდეგობას უწევს.
სონგი: არა... არა... ნაზად... გთხოვ..... მე არასდროს....
გალიმარი: არა?
სონგი: ვცდილობ, გამოცდილი გეჩვენო, მაგრამ.... სიმართლე ისაა, რომ... არ ვარ.
გალიმარი: გცივა?
სონგი: ჰო, მცივა.
გალიმარი: მაშინ ძალიან, ძალიან ნელა ვიმოქმედებთ.
გალიმარი ეფერება სონგს, რომელსაც მოსასხამი გაეხსნა.
სონგი: არა... ნება მომეცი... ტანსაცმელი არ დამიჭმუჭნო.
გალიმარი: მაგრამ...
სონგი: გთხოვ... ეს ყველაფერი ძლიერ მაშინებს. მორცხვი ჩინელი გოგო ვარ.
გალიმარი: ჩემი საწყალი პატარა საუნჯე.
სონგი: მე ვარ შენი საუნჯე.თუმცა გამოუცდელი, მაგრამ.... არა უვიცი.
ისინი, ჩვენი დედები, რაღაცებს გვასწავლიან იმის შესახებ, როგორ ვასიამოვნოთ მამაკაცს.
გალიმარი: მართლა?
სონგი: ყველაფერს ვეცდები, რომ გაგაბედნიერო. შუქი გამორთე!
გალიმარი დგება და ღამის ნათურისკენ მიემართება. სონგი, ცალ იდაყვზე წამოწეული, თმას უკან გადაიწევს და იღიმება.
სონგი: მუსიე გალიმარ?
გალიმარი: დიახ, ბატერფლაი?
სონგი: „Vieni, vieni“!
გალიმარი: „მოდი, ძვირფასო.“
სონგი: Ah, Dolce notte!
გალიმარი: „ლამაზი ღამე.“
სონგი: „Tutto estatico d’amor ride il ciel!“
გალიმარი: „ერთიანად აღტკინებული სიყვარულისგან,
ზეცა სავსეა სიცილ-ხარხარით“.
გალიმარი ღამის ნათურას აქრობს. შუქი ქრება.
მეორე მოქმედება
სცენა 1
მ. გალიმარის საკანი. პარიზი. 1988.
სინათლე გალიმარზეა მიმართული. ის ზის თავის საკანში, კითხულობს ბროშურას.
გალიმარი: ეს თანამედროვე კრიტიკოსის კომენტარია „მადამ ბატერფლაიზე“: „პინკერტონი იტანჯება იმის გამო, რომ .... საზიზღარი არამზადაა, რომელსაც სიამოვნებით ჩაწიხლავდა მაყურებელთა დარბაზში მყოფი თითოეული მამაკაცი.“ეს ძალადობაა ჩვენზე, მამაკაცებზე, ვინც დარბაზში ვიმყოფებით! შემდეგ, იმავე ტონალობაში კრიტიკოსი აგრძელებს: „ბატერფლაი, უდავოდ, ყველაზე მეტ ინტერესსა და მოწონებას იწვევს პუჩინის „პატარა ქალებიდან“. მისი დამცირების შემთხვევების მთელი რიგი ისეთივე განცდას იწვევს, როგორც ბავშვის წამების ყურება“. (გალიმარი მხარუკუღმა მოისვრის ბროშურას, რომელსაც კითხულობდა.) ვვარაუდობ, რომ მაშინ, როცა მამაკაცების უმრავლესობას, ალბათ, გვინდა პინკერტონის ჩაწიხვლა, ძალიან ცოტა ჩვენგანი თუ გაუშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ პინკერტონის ტყავში შემძვრალიყო.
გალიმარი გადის თავისი საკნიდან.
სცენა 2
გალიმარისა და ბატერფლაის ბინა. პეკინი. 1960.
მოქმედება მიმდინარეობს სადა, მაგრამ კარგად მოწყობილ მისაღებში. გალიმარი ტახტისკენ წავა და ჩამოჯდება, სონგი კი ციფაოში[3] გამოწყობილი შევა და მის ფეხებთან მოკალათდება.
გალიმარი (ჩვენ) : ჩვენ ბინა მოვძებნეთ პეკინის გარეუბანში. ბატერფლაიმ, როგორც მე მას ვეძახდი, ჩვენი ბინა დასავლური ავეჯითა და ჩინური ანტიკვარებით მორთო. სწორედ იქ, იშვიათად თავისუფალ ნაშუადღევსა და საღამოობით, ბატერფლაი ეწაფებოდა განათლებას.
სონგი: ჩინელი კაცები - ისინი განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ.
გალიმარი: ნუთუ „ახალი საზოგადოების ჩინელებიც“ ?
სონგი: დიახ, „ახალი საზოგადოების“ პირობებშიც კი ქალები ერთიანად უვიცები ვრჩებით. განათლების მიღების შანსი დასავლური სამყაროს წარმომადგენელი კაცის სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ვიცი, რომ შენ არ გეშინია ქალების განათლების.
გალიმარი: მე სულაც არ ვარ წმინდანი, ბატერფლაი.
სონგი: მაგრამ შნ პროგრესული საზოგადოებიდან ხარ.
გალიმარი: ჩვენ წამდაუწუმ არ უნდა ვახსენებდეთ ერთმანეთს რამდენად „ხანდაზმული“ კულტურის მატარებლები ვართ, თუ ეს ისაა, რაც შენ იგულისხმე.
სონგი: სწორედ ეგ ვიგულისხმე. ჩვენ, ჩინელები, როგორც ვიცი, მართალია, რომ ოდესღაც მსოფლიოს ვმართავდით. მაგრამ, აქედან რა გამოვიდა? განა, ბევრად უფრო სასიამოვნო არ არის, იმ საზოგადოების ნაწილი იყო, რომელიც დღეს მართავს მსოფლიოს? მითხარი, რა ხდება ვიეტნამში?
გალიმარი: ოჰ, ბატერფლაი, გინდა, რომ სამსახური სახლში გადმოვიტანო?
სონგი: მინდა ის ვიცოდე, რაც შენ იცი. მინდა, ჩემმა საყვარელმა კაცმა გამაკვირვოს. დეტალები აქ ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის ფმოქმედება, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რაც მსოფლიო წესრიგს ფორმას უცვლის.
გალიმარი: მსოფლიოს - არა, საუკეთესო შემთხვევაში - მსოფლიოს ერთ პატარა კუთხეს.
შემოდის ტულონი და ჯდება მერხზე სცენის შორეულ კუთხეში.
სცენა 3
საფრანგეთის საელჩო. პეკინი. 1961.
გალიმარი მიდის ტულონის მერხისკენ. სონგი რჩება შორეულ კუთხეში და მათ უყურებს.
ტულონი: და თან ამაზე უფრო პრობლემური კუთხე ძნელი წარმოსადგენია.
გალიმარი: რაო, მართლა იწყებენ ამერიკელები დაბომბვას?
ტულონი: საიდუმლოც სწორედ ესაა, გალიმარ; დიახ, მართალია. ამერიკელებს აქ საელჩო არ აქვთ და ჩვენ გვთხოვენ, ასი ყური და ასი თვალი გამოვიბათ მათ მაგიერ. ვთქვათ, ჯექ კენედიმ ხელი მოაწერა ბრძანებას ლაოსის - ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვის შესახებ. როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ჩინელებს?
გალიმარი: ჩემი აზრით, ჩინელები ჩხავილს მოჰყვებიან.../ატეხავენ ერთ ჩხავილს და უბედურებას.
ტულონი: ჰა-ჰა-ჰა.
გალიმარი: .... თუმცა, სინამდვილეში, ჰო ში მინი[4] სულაც არ მოსწონთ.
პაუზა.
ტულონი: უსიამოვნებების მთელი თაიგულია. ვიეტნამი ჩვენი კოლონია იყო. ამერიკელები არც ერთხელ არ დაგვხმარებიან მისი შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, ახლა კი, შვიდი წლის შემდეგ, მოდიან და ამ ტერიტორიას გვართმევენ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს ძალიან გამაღიზიანებელია.
გალიმარი: მთელი თქვენდამი სათანადო პატივისცემის მიუხედავად, სერ, უნდა გკითხოთ - ორმოცდათოთხმეტში რატომ უნდა მოეგოთ ჩვენს ომშიჩვენ მაგიერ ამერიკელებს, თუკი ჩვენ თვითონ არ გვქონდა მოგების თავი?
ტულონი: შენ ხუმრობ, არა?
პაუზა.
გალიმარი: აღმოსავლეთში, უბრალოდ, უნდათ, იმასთან ასოცირდებოდნენ, ვინც ძლიერია. თქვენ ჩინელების გვერდით ცხოვრობთ, სერ! როგორ ფიქრობთ, მოსწონთ მათ კომუნიზმი?
ტულონი: მე ჩინეთში ვცხოვრობ და არა ჩინელების გვერდით.
გალიმარი: მაშ, კარგი, მე...
ტულონი: თქვენ კი ნამდვილად ცხოვრობთ ჩინელების გვერდით.
გალიმარი: უკაცრავად, ვერ გავიგე...
ტულონი: საიდუმლოს შენახვა არ შემიძლია.
გალიმარი: რას მეუბნებით?
ტულონი: მხოლოდ იმას, რომ ჭორების მიმართ არ მაქვს იმუნიტეტი. ამბობენ, სახლში აქაური ქალბატონი გყავთ, მართალია? არ მიპასუხოთ. ეს ჩემი საქმე არ არის. (პაუზა.) დარწმუნებული ვარ, ჩინებული ქალია!
გალიმარი: გასაგებია...
ტულონი: მინდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. იმის ძალა გეყოთ, ქუჩაში გასულიყავით და ერთი მათგანი მოგენადირებინათ. ზოგიერთ ჩვენგანს კი გვიწევს, დავკმაყოფილდეთ ექსპატრიატული წარმოშობის ცოლებით.
გალიმარი: გამოდის... იღბლიანი ვყოფილვარ.
ტულონი: ასე, რომ, გალიმარ, თქვენ კარგად გეცოდინებათ, რას ფიქრობენ ჩინელები.
გალიმარი: გულის სიღრმეში ძველ დროებას მისტირიან. აი, სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცების და კაპუჩინოების დროს...
ტულონი: აბა, რას ვეუბნებით ამერიკელებს ვიეტნამის შესახებ?
გალიმარი: უთხარით, რომ არსებობს ბუნებრივი სიახლოვე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ტულონი: ისიც ვუთხრა, რომ თქვენ გამოცდილება გალაპარაკებთ?
გალიმარი: ისინიც, აღმოსავლეთში, ადამიანები არიან. მათ სურთ ის კარგი რაღაცები, რისი მიცემაც ჩვენ შეგვიძლია. თუ ამერიკელები მოგების ნებას გამოამჟღავნებენ, ვიეტნამელები მიესალმებიან მათ ორმხრივად ასარებლო კავშირის პირობით.
ტულონი: არ მესმის, როგორ უნდა გაუძლონ ვიეტნამელებმა ამერიკულ ცეცხლსასროლ იარაღს.
გალიმარი: აღმოსავლეთში ყოველთვის ემორჩილებიან მათზე უფრო ძლიერს.
ტულონი: თქვენს მოსაზრებებს ჩემს მოხსენებაში შევიტან/ჩემი მოხსენებისთვის ჩავინიშნავ. ამერიკელებს უყვართ იმის მოსმენა, როგორი სასურველი იქნებიან ისინი სადმე. (დგება და ემზადება გასასვლელად.)
გალიმარი: ერთი წუთით, სერ!
ტულონი: დიახ?
გალიმარი: იმ .... ჭორზე მინდა გკითხოთ, თქვენ რომ თქვით.
ტულონი: უჰ!
გალიმარი: როგორ გგონიათ, ... რა მასშტაბით არის გავრცელებული?
ტულონი: მხოლოდ ამ საელჩოს მასშტაბით. სადაც არავინ საუბრობს, რადგან ყველა დამნაშავედ ითვლება. ჩვენ ძალიან შევშფოთდით თქვენ გამო, გალიმარ. გვეგონა, აქ ერთადერთი იყავით, ვისაც საიდუმლო არ ჰქონდა. თქვენ კი, როგორც ჩანს, ლოტუსის ყვავილი გიპოვიათ... და ამით ყველას გვაჯობეთ! (გადის.)
გალიმარი (ჩვენ): ტულონს სცოდნია! და არჩევანსაც მიწონებს! ახლა ვხვდები, რა სასარგებლო ყოფილა კაცად დაბადება. საკუთარ კლუბებს ვქმნით, სქელი კარებების მიღმა ვსხედვართ, ვეწევით... და იმას ვზეიმობთ, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ. (მიიწევს სცენის წინა პლანისკენ, სადაც სონგი დგას.) ასე რომ, წლების შემდეგ...
უეცრად ამხანაგი შინი შემოდის. გალიმარი უნებურად უკან გადადამს ნაბიჯს.
გალიმარი (სონგს): არა! რატომ უნდა შემოვიდეს?
სონგი: რენე, ჭკუას მოუხმე! ამ ქალის გარეშე როგორ გაიგებენ მთელ ამ ამბავს? ახლა საკუთარ თავს ნუ დააბნევ.
გალიმარი ცენტრისკენ მიემართება.
გალიმარი (ჩვენ): ახლა თქვენ ნახავთ, რატომ აღმოჩნდა ჩემი ამბავი კარგი გასართობი ამდენი ხალხისთვის, რატომ იცინიან ხოლმე ჩუმჩუმად წვეულებებზე და ვერ იჯერებენ, რაც გაიგეს. გთხოვთ.... ეცადეთ, ეს ამბავი ჩემი თვალით დაინახოთ/აღიქვათ. ჩვენ ყველანი ჩვენი დროისა და გარემოების პატიმრები ვართ. (გადის.)
სცენა 4
გალიმარისა და ბატერფლაის ბინა. პეკინი, 1961.
სონგი (ჩვენ): 1961 წელი. ბინა, რომელიც მუსიე გალიმარმა ჩვენ ორისთვის იქირავა. საღამო მისი წასვლის შემდეგ.
შინი: კარგი, იქნებ გაიგო, როდის აპირებენ ამერიკელები ვიეტნამის დაბომბვის დაწყებას. თუ იმასაც ნახავ, რომელი ქალაქები აქვთ მიზანში ამოღებული, ხომ მთლად უკეთესი.
სონგი: ყველანაირად ვეცდები, მაგრამ არ მინდა, ეჭვი გაუჩნდეს.
შინი: ჰო, რა თქმა უნდა, კიდევ რა ნახე?
სონგი: ამერიკელები ხალხს ამატებენ ვიეტნამში. ჯარისკაცების რაოდენობა 170 000-მდე ნდა გაზარდობ, მათ შორის, 120 000 რეზერვისტი და 11 000 - ამერიკელი მრჩეველი.
შინი: (იწერს): მოიცადე, მოიცადე, 120 000 რეზერვისტი და...
სონგი: ... 11000 ამერიკელი...
შინი: ...ამერიკელი მრჩეველი. (ყოვნი.) ამდენს როგორ იმახსოვრებ?
სონგი: მსახიობი ვარ.
შინი: აჰაა. (ყოვნი.) ამიტომ იცვამთ ხოლმე ასე?
სონგი: როგორ „ასე“, მის შინ?
შინი: როგორ და როგორიც აი ეს კაბაა! თქვენ სულ ასეთი კაბები გაცვიათ. ყოველთვის, როცა აქ მოვდივარ, სულ კაბაში ხართ გამოწყობილი. ეს იმიტომ, რომ მსახიობი ხართ თუ სხვა რამ მიზეზი გაქვთ?
სონგი: ასე.... ვინიღბები, მის შინ.
შინი: ყველა მსახიობი, მგონი, ექსცენტრული პიროვნებაა. დედაჩემი იტყვის ხოლმე, მსახიობები აზარტულ მოთამაშეებსა და მეძავებს ჰგვანანო...
სონგი: ეს ნამდვილად დამეხმარება თვითშეფასებაში.
პაუზა.
შინი: თქვენ ხომ არ აგროვებთ ინფორმაციას არცერთი იმ საშუალებით, რაც კომუნისტური პარტიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არა?
სონგი: ასე რატომ უნდა მოვიქცე?
შინი: ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გაგაფრთხილეთ. დაიმახსოვრეთ: როცა დიდ პროლეტარულ სახელმწიფოზე მუშაობთ, თქვენ ჩვენს თავმჯდომარეს, მაოს წარმოადგეთ ყველგან, რა პოზიციასაც არ უნდა გამოხატავდეთ.
სონგი: ვცდილობ /ვეცდები წარმოვიდგინო, რას იზამს თავმჯდომარე ჩემი პოზიციიდან.
შინი: ჩვენ ყველანი მასზე სწორედ ასე ვფიქრობთ, ჩვენ-ჩვენი პოზიციდან. ნახვამდის, ამხანაგო სონგ! (შინი ემზადება წასასვლელად.) ამხანაგო!
სონგი: დიახ, გისმენთ!
შინი: არ დაგავიწყდეთ: ჩინეთში ჰომოსექსუალიზმი არ არსებობს!
სონგი: დიახ, მსმენია ამის შესახებ.
შინი: ყოველი შემთხვევისათვის, მაინც გაგაფრთხილეთ. (გადის.)
სონგი (ჩვენ): რა შეეფერება ქალს თანამედროვე ჩინეთში.
გალიმარი თავს გამოჰყოფს კულისებიდან
გალიმარი: წავიდა?
სონგი: ჰო, წავიდა. გთხოვ, რენე, შენს სტილში განაგრძე.
სცენა 5
პეკინი. 1961-1963.
გალიმარი მიიწევს ტახტისკენ, სადაც სონგი ჯერ კიდევ ზის. კალთაში ჩაუდებს თავს და ქალი შუბლზე ეფერება.
გალიმარი (ჩვენ): და ამგვარად, 1961 წლიდან 1963 წლამდე ჩვენ ჩვენს რუტინაში ვცხოვრობდით, მე და ბატერფლაი. ის ყოველთვის ამზადებდა მსუბუქ სადილს და მერე, ყოველთვის ძალიან დელიკატურად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ნებაც იყო, ჩემთვის იხდიდა. სიამოვნებას მანიჭებდა ხელებით, პირით...საკმაოდ ბევრი საშუალება არსებობდა, ახლა რომ არ მოვყვე, რაც მეტისმეტად დამასევდიანებს ახლა, ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ, უმეტესად, ჩვენ ვსაუბრობდით. ჩემს ცხოვრებაზე ვსაუბრობდით. ალბათ, იმაზე იშვიათი არაფერი, იპოვო ქალი, ვინც მთელი მონდომებით, მთელი გზნებით მოგისმენს.
სონგი რჩება სცენის შორეულ კუთხეში და უსმენს. შემოდის ჰელგა და თამაშობს სცენის წინა ხაზზე გალიმართან ერთად.
ჰელგა: რენე, ამ დილით ექიმ ბოლეართან ვიყავი.
გალიმარი: რატომ? ავად ხომ არ ხარ?
ჰელგა: არა, არა. უბრალოდ, მინდოდა მეკითხა.... ის, რაზეც ჩვენც ვმსჯელობდით.
გალიმარი: და მე ხომ გითხარი შენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ექიმს რას ეკითხები? უბრალოდ, ცდა არ უნდა დავაკლოთ. დაახლოებით, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც... პოკერის თამაშის დროს.
ჰელგა: რავიცი, წავედი მაინც... მაპატიე. მომისმინე ახლა: ექიმი ამბობს, რომ მე არაფერი მჭირს.
გალიმარი: აი, ხომ ხედავ. ახლა მაინც ხომ შეწყვეტ ექიმებში სიარულს?
ჰელგა: რენე, ბევრს არ გთხოვ. მხოლოდ ერთი ვიზიტი, ერთხელ მიხვალ და მორჩა! და მერე შენ როგორც გადაწყვეტ, ისე მოიქეცი.
გალიმარი: ესე იგი, ვარაუდობ, რომ ის რაღაც დეფექტს აღმოაჩენს.
ჰელგა: არა, რა თქმა უნდა, არა! რაც არ უნდა იყოს... და თუ ვერაფერი ნახა, მაშინ გადავწყვეტთ, რა მოვუხერხოთ არაფერს! წადი აუცილებლად!
გალიმარი: თუ გეტყვის, რომ არაფერი გჭირს, ისევ ისე დაველოდებით, როგორც აქამდე.
ჰელგა: ბოლოსდაბოლოს, ხომ გვეცოდინება, რა ხდება?! (პაუზა.) ძალიან ვწუხვარ. (ქალი გასვლას აპირებს.)
გალიმარი: მართლა გინდა, რომ ექიმ ბოლეართან წავიდე?
ჰელგა: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გინდა, რენე! თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ დრო თვალსა და ხელს შუა გაგვირბის. მხოლოდ იმ შემთხვევაში წადი, თუ ბავშვი გინდა. (გადის.)
გალიმარი (სონგს): მე თანამედროვე კაცი ვარ, ბატერფლაი. და მაინც, წასვლა არ მინდა. ეს ვუდუს სპირიტუალიზმივით აუხსნელი ფენომენია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვითონ ღმერთი დამცინებს, თუკი აღმოჩნდება, რომ უშვილო ვარ.
სონგი: თქვენ, დასავლელი კაცები, შეპყრობილები ხართ თანასწორობისაკენ უცნაური მიდრეკილებით. ცოლი ბავშვს ვერ გიჩენს და ექიმთან შენ მიდიხარ?
გალიმარი: არა, რა არის, იცი? ის უკვე იყო და....
სონგი: და რადგან ვიღაც არაკომპეტენტურმა ექიმმა უშვილობის მიზეზი ვერ უპოვა, ახლა შენ უნდა წახვიდე და გაესინჯო? ეს ხომ არაბუნებრივია?!
გალიმარი: კარგი, მაგრამ ამ პრობლემიდან „ბუნებრივი“ გამოსავალი რა შეიძლება იყოს, მეტყვი?
სონგი: როდესაც იმპერიულ ჩინეთში კაცი გაიგებდა, რომ მისი ერთ-ერთი ცოლი უნაყოფო იყო, მეორესთან მიდიოდა, რომ ვაჟი გაეჩინა.
გალიმარი: შენ რას....? შენს ცოლად მოყვანას.... ვერ შევძლებ, ჯერჯერობით.
სონგი: არ გინდა. არ გთხოვ, ჩემი ქმარი გახდე, თუმცა მე უკვე ვარ შენი ცოლი.
გალიმარი: შენ რა... ჩემგან შვილი გინდა?
სონგი: მეგონა, ამას არასდროს მკითხავდი.
გალიმარი: მერე შენი კარიერა... შენი....
სონგი: არად დაგიდევ ჩემს კარიერას! ეს შენი დასავლური ჭკუა გალაპარაკებს ისევ რაღაც უცნაურობებს. რა თქმა უნდა, ვგიჟდები ჩემს კარიერაზე, მაგრამ, იცი, რაზე გავგიჟდებოდი ყველაზე მეტად? ცოცხალ არსებას რომ ვგრძნობდე ჩემში - დღითა და ღამით - არსებას, რომელიც შენი იქნებოდა. (პაუზა.) დამპირდი.... რომ იმ ექიმთან არ წახვალ. ვინ მიგდია ის ვიღაც დასავლელი ექიმბაში, რომ ჩემი საყვარელი კაცი განსაჯოს? ეგღა მაკლია, კაცის გამოცნობა მასწავლოს ვინმემ! (ტოვებს სცენას.)
გალიმარი (ჩვენ): წავედი თუ არა ექიმ ბოლეართან? რა თქმა უნდა, არა. რომელი კაცი წავიდოდა?!
სცენა 6
პეკინი. 1963
წვეულების ხმები ისმის სახლში ხმის გამაძლიერებლებიდან. შემოდის რენი გამომწვევი სამოსით.
გალიმარი: 1963 წელი. წვეულება ავსტრიის საელჩოში. ვერცერთი ვერ ვიხსნებეთ ავსტრიის ელჩის სახელს, რომელიც, რაღაცნაირდ, ძალიან შეეფერებოდა მას. (რენის.) ჰოდა, ვეუბნები ამერიკელებს, დიემი[5] უნდა წავიდეს. ამერიკას უნდა, რომ პატივს სცემდნენ ვიეტნამელები, ისინი კი ჯერ კიდევ მხარს უჭერენ პრეზიდენტად ამ სემინარიელ არარაობას. კაცი, რომლის მოწოდება სახელის მოსახვეჭად არის მისი რძლის ფანატიკური „მორალური კანონის/ბრძანების“ კამპანია? აღმოსავლელი ქალები თუ კარგები არიან, ნიშნავს, რომ ძალიან კარგები არიან, მაგრამ როცა ცუდად იქცევიან, მათ შეგიძლია, ქრისტიანები უწოდო.
რენი: გეთანხმები.
გალიმარი: და შენ? რას საქმიანობ?
რენი: მე სტუდენტი ვარ. მამაჩემი მესამე მსოფლიოს ქვეყებში ათასნაირი ხარახურის იმპორტითაა დაკავებული.
გალიმარი: მაინც რას ეძახი „ათასნაირ ხარახურას“?
რენი: რავიცი, სათამაშო წყლის თოფები, საკონდიტრო შაქარი, ჰულა-ჰუპები...
გალიმარი: დარწმუნებული ვარ, იქ შაქარს ბევრი დამფასებელი გამოუჩნდება.
რენი: აქ ორი წლით ვარ ჩინურის შესასწავლად.
გალიმარი: ორი წლით?
რენი: ყველას ამას მეკითხება.
გალიმარი: როდის ჩამოხვედი?
რენი: სამი კვირის წინ.
გალიმარი: მერე?
რენი: მომწონს. პრიმიტიულია, მაგრამ... მთავარი ისაა, რომ სწორედ აქ უნდა ისწავლო ჩინური, თუ გინდა, და მეც აქ ვარ.
გალიმარი: ჩინურის სწავლა რატომ გადაწყვიტე?
რენი: ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც მნიშვნელოვანი გახდება ეს ენა.
გალიმარი: მართლა ასე გგონია?
რენი: არ ვიცი, როდის, მაგრამ.... ვიცი, რომ ასე იქნება.
გალიმარი: იცი, მე გეთანხმები ამაში. ასივე პროცენტით. ამას ჰქვია შორსმჭვრეტელობა.
რენი: დიახაც. თუმცა, რაც შეეხება მამაჩემს, ფიქრობს, რომ ეს სრული სიგიჟეა.
გალიმარი: არაუშავს, ერთ დღესაც მადლობას გეტყვის.
რენი: როდის, როცა ჩინელები დაიწყებენ ჰულა-ჰუპების შესყიდვას?
გალიმარი: ნუ გეშინია, იქ მილიარდობით ღიპი დადის და დასჭირდებათ.
რენი: და როცა ისინი სამყაროზე გაბატონდებიან.... კიბატონო,
მერე იღბლიანად ჩამთვლიან, რომ ჩინური ვიცი, არა?
პაუზა.
გალიმარი: ამ ეტაპზე, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, თუნდაც თეორიულად, ჩინელებმა წაიღონ...
რენი: იცი, რა არ მომწონს ჩინეთში?
გალიმარი: არა, არ ვიცი... უკაცრავად. და რა არ მოგწონს?
რენი: ღამით რომ უსაქმოდ არიან.
გალიმარი: რატომაც არა? ყველას შეუძლია საელჩოებში გამართულ წვეულებებზე იაროს.
რენი: ეგ კი, მაგრამ ათზე გყრიან უკვე გარეთ და მერე რა უნდა აკეთო?
გალიმარი: ვშიშობ, ცეკვაზე ჩინელების წარმოდგენა ჭუჭყიანიატაკიანი საცეკვაო დარბაზითა და ფლეიტიანი კაცით შემოიფარგლება.
რენი: დაქორწინებული ხართ?
გალიმარი: დიახ, რატომ მეკითხებით?
რენი: შენ, რა? თავის მოგიჟიანებას აპირებ აქ თუ?
პაუზა.
გალიმარი: რა თქმა უნდა.
რენი: გარეთ დაგელოდები. რა გქვია?
გალიმარი: რენე გალიმარი.
რენი: რა უცნაურია. მეც რენი ვარ. (გადის.)
გალიმარი (ჩვენ): ასე და ამგვარად გადავეყარე ჩემს პირველ, ქორწინების გარეშე, სასიყვარულო კავშირს. რენი ნახატიდან გადმოსულს ჰგავდა. ტანი იმ გოგოებს უგავდა, ჟურნალებში რომ ფოტოებია ხოლმე. თვალებზე რომ ხელსახოცის ქაღალდი გადამეფარებინა, საერთოდ ვერ შევძლებდი მათ შორის განსხვავების დანახვას. ამაღელვებელი ის იყო, რომ შემეძლო ისეთ ქალთან ყოფნა, რომელსაც სულაც არ ეშინოდა, თუ ვინმე სრულიად შიშველს დაინახავდა. მაგრამ, შეიძლება კი ქალი იყოს იმდენად თავისუფალი, იმდენად მოწადინებული და ხალისიანი, რომ მეტისმეტად..... მამაკაცური ჩანდეს?
ხმის გამაძლიერებლებიდან ჩაკ ბერის[6] ღრიალი ისმის, რომელიც თანდათან სუსტდება. ამ დროს რენი შემოდის პირსახოცით და თმას იმშრალებს.
რენი: რა საყვარელი, პატარა ტინკი-ვინკი გაქვს.
გალიმარი: ვერ გავიგე?
რენი: პენისზე გეუბნები. საყვარელი პენისი გაქვს-მეთქი.
გალიმარი: ოჰ, მართლა? დიდი მადლობა. ეს, შენი მხრიდან, ძალიან...
რენი: რა იყო? კომპლიმენტს ვერ მიიღებ?
გალიმარი: არა, პირიქით.... შენი სიტყვები გამამხნევებლად ჟღერს.
რენი: მაგრამ გოგოები არ გეუბნებიან ამას, არა?
გალიმარი: და არც ამ სახელს ეძახიან.... რაო, რა უწოდე წეღან?
რენი: ოჰ! „ტინკი-ვინკი“ ჯერ არავის უწოდებია მაგისთვის?
გალიმარი: ძალიან.... რაღაცნაირად ჟღერს.
რენი: ალბათ იმას გულისხმობ, რომ ბავშვურად ჟღერს. ასე ხომ პატარა პენისებს ეძახიან.
გალიმარი: მე ვიტყოდი... ნორჩებს.
რენი: ჰო, რავიცი, ნორჩი, პატარა - ერთი და იგივეა! კაცების უმრავლესობა ძალიან მგრძნობიარე ხდება პატარა პენისის ხსენებაზე, უჰ, ძალიან... ერთი მეგობარი ბიჭი მყავდა, დანიაში როცა დავბრუნდი. ერთხელ ისე გავბრაზდი , სულ „მოკლე სირი“ ვეძახე. გაბრაზება იმისი უნდა გენახა! გაცოფდა ლამის! ასე მითხრა, თუ „სირის“ დაძახება გინდოდა, „უზარმაზარი სირი“ უნდა დაგეძახაო!
გალიმარი: მე, ალბათ, „პენისს“ ვამჯობინებდი.
რენი: ჰო, რა თქმა უნდა, ეგ ფიზიოლოგიური ტერმინია. „ყლე“ მეტისმეტად ბინძურად ჟღერს, „ასოს“ როცა ამბობენ, უცებ ვერ გაარჩევ, რომელ ასოზეა ლაპარაკი, „კუტუს“ კი როცა ახსენებენ, ასე მგონია, კატის კრუტუნზე ლაპარაკობენ.
გალიმარი: როგორც ჩანს, იმაზე უფრო დიდი პრობლემა ყოფილა ეს სახელები, ვიდრე წარმომედგინა.
რენი: მე... ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში... არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ორგანოს... ამიტომაც ვეძახი „ტინკი-ვინკის“.
გალიმარი: მინდა გითხრა, რომ.... ჩემსას მშვენივრად მიხედე.
რენი: მადლობა, მაგრამ მე ვგულისხმობ, რა მოვუხერხო, ანუ, რა ვუყო ამ ასოებს. აი, მაგალითად, როგორ გითხრა... ოდესმე დაკვირვებიხარ ლაივში? ანუ, რეალურად, იცი, როგორია?
გალიმარი: არა, იცი რა?.... როცა ესა თუ ის ორგანო შენი ნაწილია, რაღაცნაირად, ბუნებრივად უყურებ ამ ამბავს.
რენი: გასაგებია. მაგრამ, აი, წარმოიდგინე. თავისთვის არის. ჰკიდია, რა, თავისთვის ეს პატარა ხორცის ნაჭერი, ჩვენ კი ერთი ამბავი გვაქვს ატეხილი მის გარშემო. ისევე როგორც, ესაა ომების მიზეზი... ომებს იმიტომ იწყებენ ადამიანები, რომ ტანსაცმელი გვაცვია. იმიტომ, რომ არავინ იცის - ვგულისხმობ კაცებს შორის - თუ ვის აქვს ყველაზე დიდი.... ასო. აი, ვთქვათ, მე ვარ კაცი და მაქვსპატარა პენისი და ამ დროს ვაპირებ, წარმოუდგენელი ზომის შენობის აშენებას, ან უზარმაზარი ტერიტორიების დათრევას, ან დიდი წიგნის დაწერას, ამის შესახებ კი დანარჩენმა კაცებმა არ იციან. ხედავ, რაშია საქმე? მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, რეალურად, არ მუშაობს. ანუ, რა ხდება: იპყრობ ქვეყანას, ან, რავიცი, რაც არის, მაგრამ მაინც ტანსაცმელი გაცვია და არავითარი გზა არ რჩება იმის გასარკვევად და დასატოლებლად, ვის უფრო დიდი აქვს. აი, ასეთ საზოგადოებას ვუწოდებთ ჩვენ ცივილიზებულს. მთელ სამყაროს ერთი მუჭა ნეკისტოლაპენისიანი კაცები მართავენ და ეგ არის! (გადის.)
გალიმარი (ჩვენსკენ): ეს ყველაფერი, უბრალოდ, მიუღებელი აღმოჩნდა.
მაღალი სიხშირის ზარი რეკს. სონგი ბატერფლაის კოსტიუმით გამოდის სცენის შორეულ კუთხეში. აშკარად ჩანს, რომ სტრესის ქვეშაა, დამწუხრებულია. მთელი ტანით ცახცახებს, როცა ცდილობს ყვავილებს ღეროები შეაჭრას ვაზაში ჩასადებად.
გალიმარი: თუმცა მე მოვახერხე და ჩვენი ურთიერთობა დროში ხელოვნურად გავწელე რამდენიმე თვის განმავლობაში. რატომ? ღრმად მწამს, რომ ბატერფლაის გამო. მან იცოდა იმ საიდუმლოს შესახებ, რომლის დამალვასაც მე ვცდილობდი. მაგრამ დასავლელი ქალისგან განსხავებით, ის არც კი დამიპირისპირდა, არც დამმუქრებია და არც გაბუტულა. სულ პუჩინის „ბატერფლაის“ სიტყვები მახდენდებოდა:
სონგი: Noi siamo gente avvezza/alle piccole cose/ umili e silenzione.
გალიმარი: “მე იმ ხალხის შვილი ვარ/ ვინც კმაყოფილდება მცირედით/ვინც თავმდაბალია და უტყვი.” პინკერტონი და ბატერფლაი დავინახე ერთად. რას იტყოდა ქალი, კაცს რომ ეღალატა?... არაფერს, არაფერსაც არ იტყოდა. იტირებდა მხოლოდ, როცა მარტო იქნებოდა, იმ თავისი კაბის სახელოების უსაზღვრო სიფუმფულეში თავჩარგული, უწინ რომ კარგად ავსებდა, ახლა კი ისე მოშვებულა, რომ მისი ცრემლების შესაგროვებლადღა თუ გამოდგება. სწორედ მისი ცრემლები და მისი სიჩუმე იყო, რაც ასე მაღელვებდა. მაღელვებდა ყოველთვის, როცა რენისთან ვიყავი.
ტულონი (კულისებიდან): გალიმარ!
შემოდის ტულონი. გალიმარი მისკენ შეტრიალდება. შემდეგი სცენის დროს სონგი სცენის შორეულ კუთხეში ცელვას იწყებს, ხელში ყვავილები უჭირავს. ეს მთვრალის ცეკვაა უღონო მოძრაობებით. სონგი ცეკვის დროს ყვავილების ღეროებს პატარა ნაწილებად აქუცმაცებს.
ტულონი: მოკლავენ იმ კაცს.
გალიმარი: ვინ? ვის მოკლავს? რა თქვით, ვერ მივხვდი...
ტულონი: ასე გვიან რომ მოგადექით, ხომ არ შეგაწუხეთ?
გალიმარი: არა... რა თქმა უნდა, არა.
ტულონი: აი, ვნახოთ, მაშინაც თუ ასე იტყვით, ჩემს საიდუმლოს რომ გაგიმჟღავნებთ. შამპანურს ხომ არ ინებებთ?
გალიმარი: რავიცი.... იყოს, გმადლობთ.
ტულონი: თქვენ ახლა გაოცებული ხართ. არის რაღაც, რაც ძალიან გინდოდათ, გალიმარ! არა, ეს თქვენს დაწინაურებას არ ეხება. ეს შემდეგ იყოს! რაღაც მოხდა მსოფლიოში. თქვენ ამაზე წარმოდგენაც არ გაქვს, მაგრამ დაზვერვის აგენტებს შორის ერთი არაოფიციალური ჭორი დადის, რომელიც ზოგიერთმა ჩვენიანმა შეიტყო ზოგიერთი ამერიკელი მზვერავისგან...
გალიმარი: გისმენთ...
ტულონი: რა და, ამერიკელები საშუალებას მისცემენ ვიეტნამელ გენერლებს, რომ სამხედრო გადატრიალება მოაწყონ... რა დროსაც პრეზიდენტ დიემს მოკლავენ.
კვლავ რეკს ზარი. ტულონი ადგილზე იყინება. გალიმარი უკან მიტრიალდება და ბატერფლაის უყურებს სცენის სიღრმეში. ქალი ნელა და საგულდაგულოდ აწყვეტს ყვავილებს ღეროს. გალიმარი ტულონს მიუბრუნდება.
გალიმარი: ვფიქრობ.... ეს საკმაოდ მახვილგონივრული სვლაა!
ტულონი კვლავ ამოძრავდება.
ტულონი: სწორედ ისაა, რისი მომხრეც იყავით. შევსვათ სადღეგრძელო?
გალიმარი: რაღა თქმა უნდა! ამას მე, უბრალოდ, გამართლებას დავარქმევდი.
ტულონი: მთლად ასეც არ არის. „ეს ტესტია. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოცდა ჩააბარეთ.“
ისინი სვამენ. ზარი კვლავ ჩამოკრავს. ტულონი ადგილზე შეშდება. გალიმარი სცენის შორეულ კუთხეში გაიხედავს და ხედავს, რომ სონგი ახლა მეორე ყვავილს აჭრის ღეროს.
გალიმარი (ტულონს): თქვენ თქვით, რომ ეს ჩემი გამოცდაა?
ტულონი (ამოძრავდება): ეს იმ ყველაფრის ტესტი იქნება, რასაც თქვენ ამბობდით. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ, ალბათ, გენერლები კომუნისტების შეჩერებას შეძლებენ, თქვენ კი გმირი გახდებით. მაგრამ თუ ყველაფერი სხვანაირად მოხდება, მაშინ თქვენი მოსაზრებები ჩირადაც არ ეღირება. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება.... თუმცა ხანდახან ისე უფრო ადვილია ცხოვრება, როცა არავინ გისმენს!
გალიმარი: თქვენც იმავეს ფიქრობდით, ასე არ არის?
ტულონი: პირადად მე, დიახ.
გალიმარი: ანუ, ერთ აზრზე ვართ.
ტულონი: დიახ, მაგრამ ჩემი აზრები იმ მოხსენებაში არ წერია, თქვენი - კი იქაა. გაგვიმარჯოს!
ტულონი გალიმარს ზურგს შეაქცევს და ჭიქას ასწევს. ამ მომენტში სონგი ვაზას აიღებს და მთელი ძალით ძირს დასცემს. ვაზა ნამსხვრევებად იქცევა. სონგი ჩაიკეცება გატეხილ ვაზასთან და მშვიდ, ბავშვურ ნეტარებას მიეცემა. ერთგვარ ტრანსშია. მღერის ნაზად და ხმადაბლა, თითქოს საბავშვო ლექსს ამბობდეს.
სონგი (შეიძლება გაიმეოროს რამდენჯერმე):
„სამყარო მალე დასასრულს ნახავს.
თეთრკანიანი კაცი გზას ადგას.
ღუზას ჩაუშვებს, სადაც როცა მოესურვება.
სიცოცხლე იმ კაცს არაფრად უღირს,
თუ არ იპოვის, სადაც მივა, ყველგან
იმ ქვეყნის ლამაზ ასულებს. “
გალიმარი ავანსცენისკენ მოტრიალდება და ჩვენსკენ, მაყურებლისკენ, მოემართება. სონგი ისევ მღერის.
გალიმარი: მისი სახლიდან გაგულისებული წამოვედი. ის გაიძვერა! ის ნეხვის ჭია, ისა! თავისი გადაწყვეტილებების ტვირთი ზურგზე მე ამკიდა!
რენის სახლისკენ ავიღე გეზი, მაგრამ, გადავიფიქრე. ის ვერ მომცემდა ყველაფერს, რაც ახლა მჭირდებოდა. ის, სკოლის მოსწავლე გოგონა, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში პენისის როლსა და დანიშნულებას ეჭვის ქვეშ აყენებდა. შურისძიება მწყუროდა. ჭურჭელი მინდოდა, რომელშიც ჩემს დამცირებულ ნახევარს დავმალავდი. მიუხედავად იმისა, რომ ბატერფლაი რამდენიმე კვირა იყო, რაც არ მენახა, მისკენ გავეშურე.
გალიმარი სონგის აპარტამენტში შედის.
სონგი: შენ ხარ, რენე?.... სიზმარში ვიყავი.
გალიმარი: ნასვამი ხარ?
სონგი: როცა ვერ ვიძინებ, ვსვამ. სამაგიეროდ, სასმელს სიზმრები მოაქვს, სადაც... თითქმის სამი კვირაა, ჩემთან არ ყოფილხარ, რენე.
გალიმარი: ვიცი. ბევრი საქმე მაქვს. მსოფლიოში უამრავი რამ ხდება.
სონგი: ბედად, ნასვამი ვარ. ასე რომ, თავისუფლად შემიძლია ვილაპარაკო. მსოფლიოს აქ არაფერი ესაქმება, ეს შენი და ჩემი ამბავია. უნაზესი კანიც კი ტყავივით უხეში ეჩვენება კაცს, როცა უწინდელივით ხშირად აღარ ეხება მას. ვაღიარებ, არ ვიცი, თავს რა მოვუხერხო, როგორ შევწყვიტო ეს ყველაფერი. არ ვიცი, როგორ ვიქცე სხვა ადამიანად.
გალიმარი: ერთი თხოვნა მაქვს.
სონგი: ეს არის გამოსავალი? თუ მზად ხარ, ხელი ჩაიქნიო ბინაზე?
გალიმარი: ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ შენ არ მოგეწონება.
სონგი: ნუთუ მართლა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „არ მომეწონება“? შენ ფიქრობ, რომ აქ მარტოს წოლა „მომწონს“? მუდმივად შენს მოლოდინში ყოფნა „მომწონს“? გთხოვ... არ გინდა, არ იდარდო იმაზე, რაც შეიძლება, რომ არ „მომეწონოს“.
გალიმარი: მინდა... გაშიშვლდე.
სიჩუმე.
სონგი: აქამდე მჯეროდა, რომ ჩემი მორიდებულობის გესმოდა. ესე იგი, გინდა, რომ გავიხადო და... რა? სტრიპტიზი ჩაგიტარო? ზემოდან მოვიდე? მკერდზე ბრჭყვიალებიც ხომ არ დავიყარო? კიმონოც ხომ არ მოვიფრიალო და შუა საქმეში კოვბოივით შემოვძახო? მეგონა, პატივს სცემდი ჩემს შელახულ ღირსებას!
გალიმარი: მე კარგად მახსოვს, რომ მრავალი წლის წინ ჩემთან შეგელახა ეგ ღირსება.
სონგი: დიახ, ასეა... და, როგორც ჩანს, თეთრი ეშმა ახლა ამ ჩემი შერცხვენის ამბავს ჩემსავე საწინააღმდეგოდ იყენებს. არ მჯერა, მართალი გითხრა, რომ აქამდე დაეშვა. მეჩვენებოდა, რომ უარყოფილი ვარ პასიური აღმოსავლელი და სასტიკი თეთრკანიანი კაცების მხრიდან. ახლა კი ვხედავ.... ყოველთვის განსაკუთრებულ ზიზღს ვიწვევთ ჩვენ შინაგან არსში დამალული თვისებების გამო.
გალიმარი: მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ....
სონგი: გისმენ?
გალიმარი: ამ თხოვნის მიზანია, ჩვენს შორის დარჩენილი ერთადერთი ბარიერის მოხსნა.
სონგი: ცდები, რენე. ნუ გააკეთილშობილებ შენს თხოვნას ტკბილი სიტყვებით. იყავი, რაც ხარ - უნამუსო კაცი - და დაიმახსოვრე, რომ შენთვის ისიც ზედმეტია, ჩემს სიყვარულს რომ ვემორჩილები... ვემორჩილები ყველაზე უარესს, რასაც შენგან ვიღებ. (პაუზა.) კარგი, მოდი. გამხადე. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ ეს შენი ნება იყო. ჩვენი სიყვარული შენს ხელშია. მე უძლური ვარ ჩემი მამაკაცის წინაშე.
გალიმარი ოთახის გადაჭრას აპირებს.
გალიმარი: ნუთუ იმიტომ არ გავხადე, რომ სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი, რასაც ვიპოვიდი? ალბათ ასეა. ბედნიერების სიხარული იმდენად იშვიათია, რომ ჩვენს ცნობიერებას ყირაზე გადასვლა შეუძლია მის დასაცავად.
აქამდე ჩემში მხოლოდ პინკერტონს ვხედავდი , რომელიც თავის ბატერფლაის მიპარვით უახლოვდებოდა და მზად იყო, მისი სიყვარულის საზღაური თავისი ბინძური ხელებით გადაეხადა. ამის წარმოდგენამ დამაავადმყოფა, მუხლებზე დამცა, იმდენად, რომ ახლა უკვე დაჩოქილი მივხოხავდი მისკენ. ამ დროისთვის პინკერტონი სრულიად გამქრალიყო ჩემი სულიდან. გაქრა, რომ რაღაც ახლით ჩანაცვლებულიყო, რაღაც არაბუნებრივით, რამაც სულ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, რაც აქამდე მწამდა... ეს რაღაც ძალიან ჰგავდა სიყვარულს.
გალიმარი წელზე ხვევს სონგს ხელს, ის კი თმაზე ეფერება.
გალიმარი: ბატერფლაი, თუ შეძლებ, მაპატიე.
სონგი: რენე...
გალიმარი: ყველაფრისთვის გთხოვ პატიებას, დასაწყისიდან დღემდე.
სონგი: მე...
გალიმარი: მინდა...
სონგი: ორსულად ვარ. (ყოვნი.) ორსულად ვარ. (ყოვნი.) ორსულად ვარ. (ყოვნი.)
გალიმარი: მინდა დავქორწინდეთ!
სცენა 7
გალიმარისა და ბატერფლაის ბინა. პეკინი. 1963.
ავანსცენაზე სონგი გადი-გამოდის მაშინ, როცა ამხანაგი შინი მის ნოუთპედში რაღაცას კითხულობს. სცენის შორეულ კუთხეში გალიმარი ისევ დაჩოქილია. მთელი სცენის განმავლობაშია მისი ეს პოზა უცვლელია. თან სონგსა და შინს უყურებს.
სონგი: ბავშვი მჭირდება.
შინი (ნოუთპედში თავჩარგული): სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში მოუკრავთ თვალი.
სონგი: ბავშვი მჭირდება.
შინი: უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტურში.
სონგი: ბავშვი მჭირდება.
შინი: დანიელი გოგოს ოთახში... რას ნიშნავს, როცა ამბობ ბავშვი მჭირდებაო?
სონგი: ამხანაგ კანგს გადაეცი.... ეს გასულ ღამეს მოხდა. მთელი მისია ჩემთან იწვა. მეგონა, აღარ გათავდებოდა.
შინი: რას გულისხმობ?
სონგი: კანგს გადაეცი, რასაც გეუბნები... მან მითხრა, რომ სტრიპტიზი მეჩვენებინა.
შინი: სტრიპტიზი?
სონგი: მისწერე!
შინი: გეუბნები, უკვე აღარაფერი მესმის ამ საქმისა. სულ არაფერი!
სონგი: მან მითხრა, რომ სტრიპტიზი მომეწყო და მეც გამოვიყენე ეს შანსი. ოჰ, ჩვენ, ჩინელებს გვესმის აზარტული თამაშების აზრი.
შინი (წერს): „.... უთხრა მას, რომ სტრიპტიზი მოეწყო“.
სონგი: ხელისგულები დამეცვარა. წამის მეასედში უნდა მიმეღო გადაწყვეტილება.
შინი: ჰეი, არ შეგიძლია, ცოტა ნელა?
პაუზა.
სონგი: შენ წერე უფრო სწრაფად, რას მიყურებ, მე მსახიობი ვარ. უცებ, თავში დამარტყა: - ყველაფერი, რაც კაცს მისგან უნდა, ისაა რომ ფეხქვეშ გაეგოს. როცა ქალი კაცს ემორჩილება, ეს უკანასკნელი უკვე მზადაა, „დიდსულოვნად“ მოიქცეს.
შინი: დროა, სიუხეშე მოიშალო.
სონგი: და ამან გაჭრა! მან ფარ-ხმალი დაყარა. ახლა, თუ იმდენს მოვახერხებ, რომ მას ბავშვით ხელში გამოვეცხადები - ქერათმიანი ჩინელი ბავშვი მჭირდება - ის სამუდამოდ ჩემი გახდება!
შინი: კანგი არ დაგთანხმდება! ბავშვებით ვაჭრობა კონტრრევოლუციური მოქმედებაა!
სონგი: ხანდახან საჭიროა, კონტრრევოლუციური მოქმედება კონტრრევოლუციურ აქტს შეეჯახოს.
პაუზა.
შინი: მოიცა.
სონგი: ერთი ბავშვი მჭირდება.... დაახლოებით, 7 თვის. გაითვალისწინე, რომ ბიჭი უნდა იყოს.
შინი: ეს თავმჯდომარის მოვალეობას არ ჰგავს. იქნებ, ამხანაგ კანგს თვითონ დაელაპარაკო?!
სონგი: მშვენიერი აზრია. ასეც ვიზამ.
შინი დგება, რომ სცენიდან გავიდეს.
სონგი: მის შინ? პეკინის ოპერაში ქალების როლს მამაკაცები რატომ ასრულებენ?
შინი: არ ვიცი. შესაძლოა, ეს მამრობითი სქესის რეაქციონერული გადმონაშთების ბრალია...
სონგი: არა. (ყოვნი.) ეს იმიტომ, რომ მხოლოდ კაცმა იცის, როგორ მსახიობობენ ქალები!
შინი გადის. სონგი შეტრიალდება სცენის შორეული კუთხისკენ, გალიმარის მიმართულებით.
გალიმარი (მიაძახებს შინს): გიხაროდეს, გეშველა! (სონგს.) დაუყოვნებლივ დავივიწყებდი მთელი ამ ღალატის სცენას, ახლა რომ დაბრუნდებოდე და კვლავ ჩემი ბატერფლაი გახდებოდე!
სონგი: მსუყე ლუკმას მთავაზობ! აქ ციხეში ხარ გამოკეტილი, საკანში ლპები. მე კი თვითმფრინავში ვარ უკვე, ჩინეთში ვბრუნდები. თქვენმა პრეზიდენტმა, სხვათაშორის, მაპატია ჩვენ მიერ ერთობლივად ჩადენილი სახელმწიფო ღალატი.
გალიმარი: ჰო, ეგ ვიცი, სადღაც ამოვიკითხე.
სონგი: მინდა.... ნაძირალად იგრძნო თავი.
გალიმარი: ნეტავ სულ ოდნავ მაინც არგინდა, რომ აქ იყო ჩემთან ერთად?
სონგი: მე მსახიობი ვარ, რენე, ხომ არ გავიწყდება?! შენგან მე უდიდესი.... სამსახიობო გამოწვევა მივიღე. (იცინის.) არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დამპლურ პასუხს გაგცემ, ხომ მეთანხმები? შენ ჯერ კიდევ მოხიბლული ხარ ჩემით. აი, რატომ მიყვარხარ, რენე! (ჩვენზე, მაყურებელზე ანიშნებს.) ასე და ამგვარად.... სად გაჩერდი, გახსოვს? მაყურებელს იმ ღამის შესახებ უყვებოდი, მე რომ გამოგიცხადე, ორსულად ვარ-მეთქი.
გალიმარი სონგს წელზე მკლავებს შემოხვევს. იმ პოზაში ჩერდებიან, რითაც დასრულდა სცენა 6.
სცენა 8
იგივე ადგილი.
გალიმარი: ცოლს გავეყრები. ჯერ აქ ვიცხოვრებთ ერთად, მერე საფრანგეთში გადავალთ.
სონგი: ძალიან ... მრცხვენია.
გალიმარი: რატომ?
სონგი: რწმენა რომ შემერყა, ახლა კი შენ მარცხვენ შენი დიდსულოვნებით.
გალიმარი: დიდსულოვნებით? სულაც არა. საკმაოდ ეგოისტური მიზეზით შემოგთავაზე ცოლობა.
სონგი: შენი ბოდიშები სირცხვილის შეგრძნებას კიდევ უფრო მიძლიერებს. წეღანდელი ჩემი გაცოფებისა არ იყოს.
გალიმარი: შენი გაცოფება? ჩემს თხოვნაზე რაღა უნდა ვთქვა?
სონგი: შენ საკმაო მოთმინება გამოიჩინე ჩემი ექსცენტრულობის მიმართ. დასავლელი კაცი, რომელიც მიჩვეულია ქალებისგან საკუთარი სხეულის თავისუფლად გამომზეურებას...
გალიმარი: ეს არასწორი იყო! ნუ მებოდიშები.
სონგი; არა, ეს აუცილებელია. არც შენ გეხალისება, მაგრამ პატიებას მთხოვ.
პაუზა.
გალიმარი: გაგიჟდი?!
სონგი: მე ბედნიერი ვარ. ეს მდგომარეობა კი ხშირად გამოიყურება გიჟურად.
გალიმარი: მაშინ მოდი და მეც გიჟად მაქციე. დავქორწინდეთ!
პაუზა.
სონგი: არა.
გალიმარი: რა თქვი?
სონგი: სულელურად გამომივა მე, შენს მონა-მორჩილს, თუ ვიტყვი, რომ ღირსი არ ვარ?
გალიმარი: ჰო. ფაქტობრივად, ასეა, რადგან შენსავით არავის ვყვარებივარ.
სონგი: დიდი მადლობა. და არც არასდროს ეყვარები ვინმეს ჩემზე მეტად. მე ვიზრუნებ ამაზე.
გალიმარი: მაშ, წინ რა უდგას ჩვენს ქორწინებას?
სონგი: რენე, ჩვენ, ჩინელები რეალისტები ვართ. ჩვენ გვესმის ბრინჯი, ოქრო და იარაღი. შენ დიპლომატი ხარ. შენი კარიერა ელვისებურად ვითარდება. და რა მოხდება ახლა, როცა ცოლს გაეყრები და ჩინელ კომუნისტ მსახიობზე დაქორწინდები?
გალიმარი: ამას რეალისტურობა არ ჰქვია. ამას ჰქვია დანებება ბრძოლის დაწყებამდე.
სონგი: ჩვენ ძალებს ვინახავთ იმ ბრძოლებისთვის, რომელთაც მოვიგებთ.
გალიმარი: ეს ბედის ნამცხვრის გამოთქმასავით ჟღერს.
სონგი: შენი აზრით, საიდან მოდის ბედის ნამცხვრის ტრადიცია?
გალიმარი: წარმოდგენა არ მაქვს და არ მაინტერესებს.
სონგი: უნდა გაინტერესებდეს. მეც ასევე. ეს სავალდებულოა. აი, რატომ ვამბობ, რომ არ ვარ ღირსი. მე ღირსი ვარ, მიყვარდეს და ასევე ვიმსახურებ იმასაც, რომ გიყვარდე. მაგრამ არ ღირს, დავასრულო დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი დიპლომატის კარიერა.
გალიმარი: არც ასეთი მნიშვნელოვანია ეს ჩემი კარიერა! იმაზე მეტი რეზონანსი მოჰყვა, უბრალოდ, ვიდრე იმსახურებდა.
სონგი: თავმდაბლობით ფონს ვერ გახვალ! ეპირფერე სხვას და სხვები შენ დაგიწყებენ პირფერობას. ფრიად ნასიამოვნები უარვყოფ თქვენს წინადადებას. (გადის.)
გალიმარი (ჩვენსკენ): მე და ბატერფლაი მთელი ღამე ვკამათობდით. და ბოლოს, წავედი, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მისი ქმარი ვერასდროს გავხდებოდი. ის რამდენიმე თვით გადაიკარგა... ქალაქგარეთ იმალებოდა, როგორც პატარა რამ ცხოველი. მანამდე, სანამ ერთ ღამეს თვითონვე არ დამირეკა.
კულისებიდან ბავშვის ტირილი ისმის. სონგი შემოდის ბავშვით ხელში.
სონგი: შენ გგავს.
გალიმარი: მართლა? (ყოვნი. უახლოვდება ბავშვს.) ასეა, ახალშობილები თავიდან სულ არ არიან მიმზიდველნი.
სონგი: შეწყვიტე!
გალიმარი: დარწმუნებული ვარ, რაც უფრო გაიზრდება, მით უფრო გალამაზდება და დედას დაემსგავსება.
სონგი: “Chi vide mai/ a bimbo del Giappon…”
გალიმარი: „ასეთი ბავშვი, ნეტავ, ოდესმე თუ დაბადებულა იაპონიაში“... ან, ჩინეთში, ასეთი წყობის...
სონგი: „...Occhi azzurrini?“
გალიმარი: „ლაჟვარდისფერი თავლებით“... სინამდვილეში, ისე, ამას ყავისფერი უფრო ჰქვია, შენ რას იტყვი?
სონგი: „E il labbro“.
გალიმარი: „და რა ტუჩები!“ (კოცნის სონგს.) „და რა ტუჩები!
სონგი: „E I ricciolini d’oro schietto?“
გალიმარი: „და ასეთი ოქროსფერი.... კულულები?“
სონგი: „ფიფი“ უნდა დავარქვა.
გალიმარი: ძვირფასო, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ გაიმეორე, ვერ გავიგე.
სონგი: შენ ეს გაიგონე.
გალიმარი: „სონგ ფიფი“? ხომ არ შემოგთავაზო, მაგალითად, მაიკლი, სტივენი ან ადოლფი?
სონგი: შეიძლება, მაგრამ მაინც არ გავითვალისწინებ.
გალიმარი: ალბათ, ხუმრობ... თუ დაფიქრებულხარ მაინც, რისი ატანა მოუწევს ბავშვს სკოლის პერიოდში?
სონგი: დავფიქრებულვარ.... მხოლოდ, დასავლეთში. იქ თუ ისწავლის.
გალიმარი: ეს უარესია, ვიდრე პინგ პონგი ან ლონგ დონგი, ან თუნდაც...
სონგი: რადგან ის არასდროს იცხოვრებს დასავლეთში, არა?
პაუზა.
გალიმარი: ეს მე არ ამირჩევია.
სონგი: მე ავარჩიე. და აი, რას გპირდები: მე ამ ბავშვს აღვზრდი, ის ჩვენი შვილი იქნება, მაგრამ ზურგზე ტვირთადარასდროს დაგაწვება ჩინეთის ფარგლებს გარეთ.
გალიმარი: რატომ მპირდები ასეთ რამეს? მე მინდა, ვატარო ეს ტვირთი. მინდა, სკანდალი ატყდეს და გაზეთები ამ ამბებით აჭრელდეს!
სონგი (ჩვენ:) რა წინასწარმეტყველურად ჟღერს.
გალიმარი: სერიოზულად ვამბობ.
სონგი: მეც. მისი სახელი ის იქნება, რაც დავარეგისტრირე. და ის არასდროს იცხოვრებს დასავლეთში.
სონგი ბავშვთან ერთად გადის.
გალიმარი (ჩვენსკენ:) შესაძლებელია, რომ მისმა სიჯიუტემ კიდევ უფრო მომანდომა მასთან სიახლოვე? ნუთუ, ჩემი კაპიტულაციის მომენტში მისი უკანდახევა იყო უბრწყინვალესი სტრატეგია, რაც მას შეეძლო აერჩია? შესაძლებლია, რატომაც არა. და ისიც შესაძლებელია, რომ ამ მომენტამდე შეიძლებოდა სულაც არაფერი ჩაედინა, ხმაც კი არ ამოეღო და მე მაინც უწინდელივით გავაღმერთებდი.
სცენა 9
პეკინი. 1966
ჩინური პერკუსიის გადამდები რიტმი ავსებს სცენას.
გალიმარი: მერე კი ჩინეთში ცვლილებები დაიწყო. მაო ძალიან დაბერდა, მისი კულტი კი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოხუცების უმრავლესობის მსგავსად, მას მეორე ბავშვობის ხანა დაუდგა, ამიტომ სახელმწიფოს მართვის სადავეები მათ გადააბარა, ვისაც მისნაირად ჰქონდა ტვინი მოწყობილი. და მას შემდეგ ბავშვები განაგებდნენ შუა სამეფოს[7] იმის მიხედვი თ, თუ როგორ გუნებაზედ იდგნენ. კულტურული რევოლუციის დოქტრინა განუწყვეტელ ანარქიას გულისხმობდა. ჩინელებსა და უცხოელებს შორის კონტმოქმედება შეუძლებელი გახდა. ბინა ჩამოგვართვეს. ახლა მისი სახელი და ჩემი ფული უკვე ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდა.
შემოდის ორი მოცეკვავე მაოს კოსტიუმებში და წითელვარსკვლავიან კეპებში. ისინი ტლანქად ასახიერებენ რევოლუციურ ძალადობას პოლიტიკური პროპაგანდის სტილში.
გალიმარი: და რაღაცნაირად ამერიკელების ომიც არასწორი მიმართულებით წარიმართა. 400 ათასი დოლარი უჯდებოდათ თითოეული ვიეტ კონგის[8] მკვლელობა. ამგვარად, საოცრად ზუსტი აღმოჩნდა გენერალ ვესთმორლენდის[9] შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ამერიკასთან შედარებით, აღმოსავლეთში სულ სხვა ფასი ადევს ცხოვრებას. რატომ არ ნებდებოდნენ ვიეტნამელები? რატომ იყვნენ კმაყოფილი არსებული სიტუაციით, იმის ფონზე, რომ განუწყვეტლივ იხოცებოდნენ?
შემოდის ტულონი. პერკუსიების დაკვრა და ცეკვა გრძელდება სცენის შორეულ კუთხეში.
ტულონი: გილოცავთ, გალიმარ!
გალიმარი: რას გულისხმობთ, სერ?
ტულონი: არა - დაწინაურებას, ეს წინა ჯერზე იყო. ამჯერად შინ გიშვებთ!
გალიმარი: ვერ გავიგე...
ტულონი: არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ.
გალიმარი: მე შევიცვალე... ეს იმიტომ, რომ ამერიკის ომთან დაკავშირებით ვცდებოდი?
ტულონი: რა თქმა უნდა, არა. ჩვენ არ გვანაღვლებს ამერიკელების ამბავი. ჩვენ თქვენი გონების მუშაობაზე ვწუხვართ, თქვენეული ანალიზის ხარისხი გვაფიქრებს. საზოგადოდ, ყველაფერი, რაც თქვენ იწინასწარმეტყველეთ აქ, აღმოსავლეთში... უბრალოდ, არ გამართლდა, რადგან იქიდან არაფერი მომხდარა.
გალიმარი: ვფიქრობ, ეს ნაადრევი დასკვნაა.
ტულონი: ნუ მაიძულებთ, რომ უფრო ხისტი და მოურიდებელი ვიყო. კარგი, თქვენ თქვით, რომ ჩინეთი მზად იყო გაეხსნა დასავლეთისთვის სავაჭრო გზები, მაგრამ ერთდერთ, რასაც გზა გაუხსნეს დასავლეთისკენ, ეს დასავლური გოგრებია. დიახ, თქვენ თქვით, რომ ამერიკელები წარმატებას მიაღწევდნენ ინოჩინეთში, თქვენ ალბათ იხუმრეთ, არა?
გალიმარი: ვფიქრობ, დასასრული უკვე კარგად ჩანს.
ტულონი: ნუ იქნებით პათეტიკური. და ნუ მიიღებთ ამას პირადად თქვენზე. თქვენ ცდებოდით და ეს არ იყო თქვენი ბრალი.
გალიმარი: მაგრამ მაინც სახლში მივდივარ.
ტულონი: ასეა, რას ვიზამთ... რაღაც მინდა, გთხოვოთ - თქვენი ქალბატონის ნომერს ხომ ვერ მომცემთ? (ყოვნი.) გეხუმრე, გეხუმრე! ჩემ მაგიერ გასინჯე კრუასანი, კარგი!
ტულონი გადის. სონგს, რომელსაც მაოს კოსტიუმი აცვია, შემოათრევენ კულისებიდან - ეს სცენის სიღრმეში მიმდინარე ცეკვის ნაწილია, - შემდეგ „სცემენ“ კიდეც და როცა ბოლოს „დაიჩოქებს“, ჩინური ოპერის აკრობატები მის პაროდიას ასახიერებენ.
გალიმარი (პარალელურად): არ მინდა, გავიხსენო, რა ნაჩქარევად გამოვემშვიდობეთ მე და ჩემი ბატერფლაი ერთმანეთს. ალბათ, სჯობდა ჩვენი ურთიერთობა მართლაც დაგვემთავრებინა, სანამ ეს მას შეიწირავდა.
გალიმარი გადის. პერკუსიების ხმა თანდათან მატულობს. მაოს პაროდირების ტემპიც იზრდება და უფრო ისტერიულ ხასიათს იძენს. ამ დროს, კულმინაციურ მომენტში შინი გაივლის სცენაზე ბანერით ხელში, რომელზეც წერია: „მსახიობი უარს აცხადებს თავის დეკადენტურ პროფესიაზე!“ შინი მივა დაჩოქილ სონგთან და იმ მომენტში, როცა სონგის ნიკაპს შეეხება, პერკუსიები დაკვრას წყვეტს ძლიერი დარტყმით. მოცეკვავეები ადგილზე შეშდებიან.
შინი: დამპყრობელო-მსახიობო, შენ მრავალი წელი ცხოვრობდი უბრალო ხალხისგან განსხვავებული ცხოვრებით და ზემოდან დაჰყურებდი მათ ტანჯვა-წვალებას. სანამ გლეხები ფეტვით კმაყოფილდებოდნენ...
სონგი: მე ვერცხლის ლანგრებიდან მორთმეული ფრანგული საკონდიტროს ნუგბარით ვტკბებოდი.
შინი: და აქამდე როგორ მოხვედი?
სონგი: იმპერიალისტების ხელში სათამაშო ვიყავი.
შინი: რას აკეთებდი?
სონგი: მთელი ჩინეთი შევარცხვინე, როცა ყველაფრის ნება მივეცი უცხოტომელს....
შინი: ეს რას ნიშნავს? ხალხს ბოლომდე უნდა უთხრა ყველაფერი, მათ აღსარება სჭირდება.
სონგი: ჩინეთის მტრებთან ყველაზე გარყვნილი საქმით ვიყავი დაკავებული.
შინი: რა სახის გარყვნილებას გულისხმობ? დაგვიზუსტე, თუ შეიძლება.
სონგი: ის უკანიდან მხმარობდა. ამის ნებას მე ვაძლევდი.
მოცეკვავეები ზიზღით გადახედავენ.
შინი: აჰ-აჰ! როგორ შეგიძლია ასეთი გულისამრევი სიტყვების ხმარება?!
სონგი: ჩემი სიტყვები სიბინძურით ჩემს დანაშაულს არ ჩამოუვარდება...
შინი: მაშ, კარგი. ასე უკეთესია.... ახლა რის გაკეთებას აპირებ?
სონგი: მინდა, ჩემს ხალხს ვემსახურო.
პერკუსიების დაკვრა განახლდება ჩინური სიმიანი საკრავების თანხლებით.
შინი: რა თქვი?
სონგი: მინდა, ჩემს ხალხს ვემსახურო.
მოცეკვავეებს უბრუნდებათ რევოლუციური ღიმილი და ასრულებენ გამარჯვების ცეკვას.
შინი: რა თქვი?
სონგი: მინდა, ჩემს ხალხს ვემსახურო!
მოცეკვავეები ტილოს ახდიან ბანერს, რომელზეც წერია: „მსახიობი რეაბილიტირებულია!“
სონგი დაჩოქილი რჩება შინის წინაშე, სანამ მოცეკვავეები დახტიან მათ გარშემო. შემდეგ სონგი გადის. მუსიკა წყდება.
სცენა 10
კომუნა. ჰუნანის პროვინცია. 1970.
შინი: რას გეგმავ ამისათვის?
სონგი: ჰუნანის პროვინციის მინდვრებში 4 წელი ვიმუშავე, ამხანაგო შინ!
შინი: მერე? გლეხები მთელი ცხოვრება ასე მუშაობენ. ხელები მაჩვენე.
სონგი გაუწვდის ხელებს შესამოწმებლად.
შინი: ღმერთმა დასწყევლოს! მაინც როგორი გლუვი კანი გაქვს. მაინც რა დრო გჭირდებათ მსახიობებს, რომ რაიმე სასარგებლო გამოდნეს თქვენგან? მეტისმეტად დიდი დრო გაქვს გატარებული ფუფუნებაში საიმისოდ, რომ რევოლუციას რამე სიკეთე მოუტანო!
სონგი: მე რევოლუციას ვემსახურებოდი!
შინი: რევოლუციას ემსახურებოდი? სისულელეა! კაბებით იპრანჭებოდი. არაფერი მითხრა - იქ ვიყავი და ყველაფერს ვხედავდი! სულ თვალწინ მყავდით შენ და შენი თეთრკანიანი ვიცე-კონსული. სახლიდან გარეთ არ გამოდიოდით და ხალხის ქონებას ანიავებდით . დიახაც, ვიცი, რაც მანდ ხდებოდა. თქვენ ორნი... კაცნი, ადამიანები! ჰომოს, ჰომოს, ჰომოს! (პაუზა; მშვიდდება.) ოჰ, როგორც გენებოთ!... ადექით და ემსახურეთ ხალხს, ძალიანაც კარგი! მაგრამ არა რევოლუციის ფულით. ამჯერად, საკუთარი ფულის დახარჯვა მოგიწევთ.
სონგი: მე ფული არ მაქვს.
შინი: მოკეტე! არ გაქვს და ამის მერე ვეღარც ააქოთებ ჩინეთს შენი ბინძური ტრაკით. წაბრძანდი და ის ადგილი დააბინძურე, საიდანაც მოდის, საერთოდაც, ყოველგვარი სიბინძურე! მიბრძანდი დასავლეთში!
სონგი: რას გულისხმობ?
შინი: მოკეტე! საფრანგეთში მიდიხარ. ჯიბეში ცენტიც არ გექნება! რაც გინდა, ის ქენი. იპოვე შენი კონსულის სახლი და იმას გადაახდევინე შენი ხარჯები...
სონგი: არა.
შინი: როგორ არა. ყოველკვირეულ ანგარიშებსაც მოგვაწვდი სასარგებლო ინფორმაციით!
სონგი: ეს ხომ სიგიჟეა. ოთხი წელი გავიდა...
შინი: მეტი არჩევანი არ გაქვს. ან ეს , ან - სარეაბილიტაციო ცენტრში დაბრუნება!
სონგი: ამხანაგო შინ, ის მხარს არ დამიჭერს, მით უმეტეს, საფრანგეთში. ის ხომ თეთრკანიანია. მე მხოლოდ მისი სათამაშო ვიყავი...
შინი: რას ჰგავს ეს? კიდევ ბილწსიტყვაობ? სად არის ჩემი ჯოხი?
სონგი: თქვენ კაცების არაფერი გესმით!
პაუზა.
შინი: რას ბრძანებთ? მაშ, არ მესმის, არა? მაშინ, აბა, როგორ გავთხოვდი, ჰა? კაცი როგორ ვიშოვე? ხუთი, ექვსი წლის წინ სულ ასეთ რამეებს არ მიყვებოდი?! ძალიან ცუდად ვგრძნობდი მაშინ თავს. მაგრამ ახლა აღარ! რას ამბობს თავმჯდომარე? ის გვეუბნება, რომ ახლა მე უფრო ჭკვიანი ვარ, შენ კი - სულელი, ცალტვინა, ბატისტვინა და იდიოტი! შენ გგონია, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ? რომ „შენ გესმის კაცების“? ძალიანაც კარგი. მაშინ წაბრძანდი საფრანგეთში და ჩვენს უფროსს, მაოს, დაუდექი მსახურად, რასაც მოგთხოვს, ყველაფერს გაუკეთებ!
შინი და სონგი საწინააღმდეგო მიმართულებით გადიან სცენიდან.
სცენა 11
პარიზი. 1968-1970.
შემოდის გალიმარი.
გალიმარი: და რა მელოდა უკან, პარიზში დაბრუნებულს? ნუ, გასაგებია, რომ უკეთესი ჩინური საჭმელი, ვიდრე ჩინეთში ვჭამდი. მეგობრები და ნათესავები. მცირე ბუღალტერიაც, რეგულარული გრაფიკი, გარეუბნებში - საგზაო დარღვევების სერია... და უსირცხვილო სტუდენტების მიერ წამოსროლილი მაოს დევიზები ფრანგულად!
ჰელგა: რენე, რენე? (შემოდის გაწუწული.) რაღაც... შემემთხვა.
(აცემინებს.)
გალიმარი: სულ სველი ხარ.
ჰელგა: ჰო, სურსათის მაღაზიაში ვიყავი... სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომლებიც წითელ დროშებს აფრიალებდნენ....
გალიმარს პირსახოცი მოაქვს.
ჰელგა: ისინი მორბოდნენ, მათ გერდით აღმოვჩნდი. სანამ გავიგებდი, რა ხდებოდა...
გალიმარი პირსახოცს აწვდის.
ჰელგა: გმადლობ... პოლიციამ წყლის ჭავლი მოგვიშვირა. ვყვიროდი, ვცდილობდი, მეთქვა მათთვის, რომ დიპლომატის მეუღლე ვარ, მაგრამ... ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე...(პაუზა.) ნავაჭრიც დავკარგე, იმ გაწამაწიაში ხელიდან გამივარდა. რენე, მითხარი, რა ხდება საფრანგეთის თავს?
გალიმარი: რა ხდება? არც არაფერი.
ჰელგა: არაფერი? მაღაზიები ცეცხლის ალშია გახვეული, ქუჩაში დამტვრეული შუშები ყრია, შენობები ინგრევა... სულ სველი ვარ!
გალიმარი: არაუშავს! გაივლის - აი, რას ვფიქრობ.
ჰელგა: ამიტომ არ გამოდიხარ ოთახიდან?
გალიმარი: ჰო, ფაქტობრივად, ასეა.
ჰელგა: ამიტომაც დგახარ და საკმეველს აკმევ? იცი, რა? მძულს საკმეველი. საშინლად ტკბილი, არაჯანსაღი სუნი აქვს.
გალიმარი: მე კი ფრანგები მძულს. მათ სულ... მენსტრუალური სისხლის სუნი ასდით.
ჰელგა: რა, ჩინელებს უკეთესი სუნი ასდიოდათ?
გალიმარი: გთხოვ, ახლა ნუ დაიწყებ.
ჰელგა: ზუსტად იგივე იყო იქაც, ისეთივე ქაოსი და არეულობა, როგორც წეღან ...
გალიმარი: არ გინდა, რა...
ჰელგა: სტუდენტები გაჰყვირიან რაღაც ლოზუნგებს, აჯახუნებენ კარებებს...
გალიმარი: ჰელგა...
ჰელგა: ეს ყველაფერი ჩინეთშიც ასე იყო, არ გახსოვს?
გალიმარი: ჰელგა, გთხოვ! (პაუზა.) შენ ჩინეთისა არასდროს არაფერი გესმოდა, ხომ მართალია? დადიხარ აქ და მოთქვამ იმ სასაცილო იდეებზე, რომ თითქოს დასავლური სამყარო ნაწილებად იშლება, ჩინეთი კი ყოველთვის სახეში გვაფურთხებდა. მოხვედი აქ და ქუჩიდან გამოყოლილი წყლით ყველაფერი მომიწუწე სახლში. (ჰელგას ხელიდან პირსახოცს გამოგლეჯს და იატაკის მოწმენდას იწყებს.)
ჰელგა: მაგრამ რასაც ვამბობ, ესაა სიმართლე!
გალიმარი: ჰელგა, გაყრას ვითხოვ!
პაუზა; გალიმარი ისევ იატაკს ამშრალებს.
ჰელგა: უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ჩინეთი... ძალიან ლამაზია. საკმეველიც მომწონს.
გალიმარი: იქ ერთი ქალი მყავდა.
ჰელგა: მერე?
გალიმარი: მთელი რვა წელი.
ჰელგა: ვიცოდი, რომ გეყოლებოდა. იმ დღიდან ვიცოდი, რაც დავქორწინდით. და ახლა, რა? გინდა, რომ მასზე დაქორწინდე?
გალიმარი: ვერ დავქორწინდებით. ჩინეთში ცხოვრობს.
ჰელგა: მივხვდი. კარგად იცი, რომ ჩემზე დაქორწინება არავის მოუნდება, არა?
გალიმარი: ვწუხვარ.
ჰელგა: და წასვლა გინდა იმის გამო, ვინც აქ არ არის. ასეა, არა?
გალიმარი: მართალი ხარ.
პაუზა.
ჰელგა: ჯანდაბა! რა საშინელებაა, რომ ყველაფერი მესმის. (პაუზა.) არ მეგონა, თუ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ჩინეთში მართლაც ბედნიერი ვიყავი. მე ყოველთვის ვიცოდი, შინაგანად, რაღაცნაირად, რომ ის არ იყავი, რადაც თავს აჩვენებდი ხალხს, თუმცა ამ მოჩვენებითობას ნამდვილად ახლდა უდიდესი სიამოვნება, როცა შენთან ერთად ხელმკლავით მივდიოდი საელჩოში მოწყობილ მეჯლისებზე, ანდა როცა შენი კაბინეტისკენ მიმავალს დაცვა მესალმებოდა: „დილა მშვიდობის, თქვენო აღმატებულება მადამ გალიმარ“... ეს ყველაფერი ნამდვილად კარგი იყო. (პაუზა.) იმედი მაქვს, დარჩენილი ცხოვრება ამაზე გლამურული არ გექნება. (გადის.)
გალიმარი (ჩვენსკენ): წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მისი სიტყვები!
შემოდის მარკი ორი სასმისით.
გალიმარი (მარკს): ჩინეთში ყველა კაცისგან განვსხვავდებოდი.
მარკი: რა გასაკვირია, თეთრკანიანი ხარ. აი, აიღე!
გალიმარი: გულჩვილობა დამჩემდა.
მარკი: თუ ღმერთი გწამს! არ მინდა ახლა შენი მოგონებები აღმოსავლური სიყვარულის ქალღმერთზე! არ შეიძლება, რომ ამ ერთ საღამოს მხოლოდ დავლიოთ და ბევრი არ ვილაპარაკოთ?
გალიმარი: შენ ისევ არ გჯერა ჩემი, ხომ?
მარკი: როგორ არ მჯერა?! ის იყო ულამაზესი ქალთა შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი...
პაუზა.
გალიმარი: დასავლეთში გატარებული ჩემი ცხოვრება დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა.
მარკი: დასავლეთში ასეთია, საერთოდ, ცხოვრება. შეეჩვევი. შეხედე, მეც გადმომედო. მომწყინდა და მივდივარ. ახლა ბედნიერი ხარ? (გადის და შემოდის.) მომისმინე, ხვალ საღამოს პაემანი მაქვს. არ გინდა, შენც წამოხვიდე? მოვაგვარებ ვინმესთან...
გალიმარი: აუცილებლად. სიამოვნებით წამოვალ.
პაუზა.
მარკი: ნუთუ? ჯერ დამთანხმდები და მეორე წუთში უარს მეტყვი. იცი, რას გეტყვი? გირჩევნია, ჯერ საკუთარ თავში გაერკვე როგორმე.
გადის მარკი. გალიმარს სასმისი უჭირავს დიდხანს, ისე, რომ არ სვამს.
გალიმარი (ჩვენსკენ:) ეს არის უკიდურესი სისასტიკე, არ მეთანხმებით? ის, რომ შემიძლია ვიჯდე და ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო ყველასთან, მსმენელისთვის კი ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია - მეტისმეტად ნოყიერი ულუფა ამ ტრივიალური სამყაროსთვის. რატომ არავის ესმის, რომ ჩინეთში ოდესღაც მართლაც მიყვარდა და ვუყვარდი, მარტივად რომ ვთქვათ, იდეალურ ქალს?
შემოდის სონგი. განასახიერებს ბატერფლაის საქორწინო კაბაში.
გალიმარი (სონგს:) აღარ მინდა, ეს განმეორდეს. ჩემი წარმოსახვა ჯოჯოხეთად იქცა. ნეტავ, ამჯერად, მძინავს თუ დალევა მომივიდა მეტი?
სონგი: რენე!
გალიმარი: ოჰ, ღმერთო! მტკივნეულია მეტისმეტად. ეს შენ იყავი ახლა?
სონგი: რენე, ვერ ვხვდები, რას ამბობ? ხელი შემახე.
გალიმარი: რატომ?
სონგი: ნამდვილი ვარ. ხელი მომკიდე.
გალიმარი: რატომ? ისევ რომ გაუჩინარდე და დამტოვო ჰაერთან ხელჩაჭიდებული? რა გინდა, მაინცდამაინც ჩემი მეზობლები უნდა გააცინო? ისინი...
სონგი ხელს ჰკიდებს გალიმარს.
სონგი: რენე?
გალიმარი ხელში იღებს სონგის ხელს. სიჩუმე.
გალიმარი: ბატერფლაი? ეჭვი არ მეპარებოდა, რომ დაბრუნდებოდი.
სონგი: ამდენი ხანი.... არ დაგავიწყდა?
გალიმარი: არა, სინამდვილეში, ყველაფერი დამავიწყდა. ჩემი გონება, რა გითხრა.... ამ ჩემს უსულგულო თავში არ აღმოჩნდა საკმარისი ადგილი ... შენ და მთელი სამყარო ერთად რომ დატეულიყავით. მხოლოდ ერთისთვის აღმოჩნდა სივრცე. (ყოვნი.) მოდი, შეხედე. ხედავ? შენი საძინებელი ისევ გელოდება კლიმტის[10] პოსტერით, ასე რომ მოგწონდა... ხედავ? ქსიანგ ლუც[11] აქაა, შენ რომ მომეცი.
სონგი: არ ვიცი.... არ ვიცი, რა გითხრა.
გალიმარი: სათქმელიც არაფერია. ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს არაფერს ამბობენ. შემიძლია, ჩაი მოგიმზადო, თუ გინდა...
სონგი: კი მაგრამ, შენი ცოლი სად არის?
გალიმარი: ჩემ გვერდით. ბოლოსდაბოლოს, ის ჩემ გვერდითაა.
გალიმარი გაიწევს, რომ მოეხვიოს სონგს. სონგი კი სწრაფი მოძრაობით გაეცლება.
გალიმარი: ასე რატომ...
სონგი (ჩვენ): ასე დავუბრუნდი რენეს პარიზში, სადაც აღმოვაჩინე...
გალიმარი: რატომ გამირბიხარ? არ ვაჩვენოთ, როგორ ვეხვეოდით ერთმანეთს იმ საღამოს?
სონგი: მაცალე. ვლაპარაკობ.
გალიმარი: შენ ის უნდა აკეთო, რასაც მე გეტყვი! გიხმობ ჩემს გონებაში!
სონგი: რენე, არასდროს გამიკეთებია, რაც გითქვამს. და რატომ უნდა იყოს ეს სხვანაირად შენს წარმოსახვაში? მომშორდი ახლავე... ამბავი გრძელდება და უნდა შევიცვალო.
გალიმარი: მე სახლში შემოგიშვი! ეს არ უნდა მექნა. პარიზის ქუჩებში უფულოდ უნდა მიმეტოვებინე, ამის ღირსი იყავი, მაგრამ წამოგიყვანე!
სონგი: მადლობელი ვარ.
გალიმარი: ჰოდა, გთხოვ.... არ შეიცვალო.
სონგი: კარგად იცი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს. იცი, რომ მაინც გავაკეთებ. და მაინც, ეს რას შეცვლის? რა მნიშვნელობა აქვს, რას გეუბნებიან შენი თვალები? სიმართლეს ხომ ვერ უარყოფ. ისედაც საჭიროზე მეტი იცი.
გალიმარი გადის. სონგი ჩვენსკენ შემობრუნდება.
სონგი: ცვლილებას, რომელიც მე უნდა განვიცადო, სულ ხუთი წუთი სჭირდება. ამიტომ, ვიფიქრე ისარგებლებდით ამ რამდენიმე წუთით და ფეხს მოინაცვლებდით, სასმელს მოწრუპავდით ანდა, მუსიკოსებს მოუსმენდით. აქ ვიქნები, როცა დაბრუნდებით. ზუსტად იმ ადგილას დაგხვდებით, სადაც დამტოვეთ.
სონგი მიდის სარკესთან, რომლის წინაც დგას წყლით სავსე პირსაბანი, და მაკიაჟის მოცლას იწყებს. სასცენო განათება ნახევრად იკლებს, სახლისა კი იმატებს.
მესამე მოქმედება
სცენა 1
სასამართლო პარიზში. 1986.
როგორც დაგვპირდა, სონგმა ტრანსფორმაციის ძირითადი ნაწილი დაასრულა სცენაზე მაშინ, როდესაც სასცენო განათებამ ნახევრად მოიკლო, ხოლო სახლი სრულად განათდა. ამ სცენაში მაყურებელთან ლაპარაკის დროს ის იძრობს პარიკსა და კიმონოს და ძირს აგდებს. ტანზე მორგებული შარვალ-კოსტუმი აცვია.
სონგი: ამგვარად, ჩემი დავალება იმაზე უკეთ შევასრულე, ვიდრე ამის მოლოდინის უფლება მქონდა. მართალია, გალიმარს ნდობა გამოვუცხადე, ვერ უარვყოფ - პარიზში რომ ჩამოვედი, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ფეხით წავედი აეროპორტიდან ქალაქში და ხელის ცეცებით მივაგენი ჩაინათაუნის დასახლებას. მოდით, ერთ რამეზე თავიდანვე შევთანხმდეთ: რაც არ უნდა ითქვას ჩინელებზე, ერთი რამ ცხადია, საშინლად ყარან! კორიდორებში მეძინა სამი დღე, სანამ ვიპოვიდი მკერავს, რომელიც ამ კიმონოს ნისიად შემიკერავდა. როგორც გამოჩნდა, მგონი, სულაც არ მჭირდებოდა ეს კიმონო. იქნებ გალიმარს უფრო ბედნიერად ეგრძნო თავი, მხოლოდ უმნიშვნელოდ შეცვლილი და წამწამებაპრეხილი რომ ვენახე? თუმცა, ხომ იცით... სჯობს თადარიგი დაიჭირო კაცმა, ვიდრე გვიან იყოს თითზე კბენანი.
პარიზში რომ ჩამოვედი, 1970 წელი იდგა. მომდევნო თხუთმეტი წელი, დიახ, ძალიან კომფორტულად ვცხოვრობდი. დიდი შვება იყო, დამიჯერეთ, სადღაც ჩინეთის მოუსავლეთის ავადსახსენებელ კომუნაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ. რენე გვინახავდა მე და პატარა ბიჭს, მე კი ქვეყნის მასშტაბით გამოსვლები მქონდა ჩემი „კულტურული პროგრამის“ შესაფუთად. მერე კი იყო ჯაშუშობა.
სონგი გადაინაცვლებს სცენის სიღრმეში, სკამზე. შემოდის ტულონი მოსამართლის როლის შესაფერისი პარიკითა და მოსასხამით. ჯდება სონგთან ახლოს. 1986 წელია და სონგი სასამართლო დარბაზში ჩვენებას აძლევს მოწმის ამპლუაში.
სონგი: თავიდან დავალებები არ ისე ბევრი იყო. რენეს გაწყვეტილი ჰქონდა მაღალი დონის კავშირები. ამხანაგი შინი დიდად დაინტერესებული არ გახლდათ პარკინგის ბილეთების სტატისტიკით. თუმცა ბოლოს, ჩემი წაქეზებით, რენემ კურიერის თანამდებობდა მიიღო, რის გამოც მნიშვნელოვან დოკუმენტებთან უწევდა შეხება. ის ფოტოებს უღებდა ხოლმე იმ დოკუმენტებს, მე კი ჩუმად ვაწვდიდი ჩინეთის საელჩოს.
მოსამართლე: აცნობიერებდა თუ არა ბრალდებული ამ დანაშაულებრივი ქმედების მნიშვნელობას?
სონგი: არასდროს არაფერი უკითხავს. იცოდა, რომ მე მჭირდებოდა ეს დოკუმენტები, რაც საკმარისი მიზეზი იყო მისთვის.
მოსამართლე: მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ საიდუმლო ინფორმაციას გასცემდა.
სონგი: ვერ გეტყვით, რას ფიქრობდა ამ საკითხზე.
მოსამართლე: არასდროს უკითხავს, რისთვის გჭირდებოდათ ეს დოკუმენტები?
სონგი: არა, არასდროს.
პაუზა.
მოსამართლე: არის ერთი საკითხი, რაც სასამართლოს - და რასაკვირველია, მთელ საფრანგეთს - აინტერესებს.
სონგი: გამოუშვით, გისმენთ.
მოსამართლე: იცოდა თუ არა მესიე გალიმარმა, რომ კაცი იყავით?
სონგი: რა იყო, იცით? მას არასდროს ვუნახივარ სრულიად შიშველი.
მოსამართლე: მაგრამ, ხომ ჰქონდა თქვენთან სხვანაირი ურთიერთობა... როგორ გითხრათ, ხომ....
სონგი: როგორც გნებავთ, ისე მითხარით. მორცხვი არ ვარ. გინდათ მითხრათ, ინტიმურ წუთებში როგორ ვერ უნდა მიმხვდარიყო ამას, არა?
მოსამართლე: დიახ.
სონგი: უნდა გითხრათ, რომ ვერ ხვდებოდა. მე ვმართავდი სიტუაციას, ის მხოლოდ სიამოვნებას იღებდა. რა თქმა უნდა, ორივე ვიღებდით სიამოვნებას... ამ შეხმატკბილებული კავშირისგან. კი უნდა, დაფიქრებულიყო, წესით, რატომ ვიწექი ყოველთვის მუცელზე, მაგრამ... მაგრამ ახლა თქვენ, ალბათ, იფიქრებთ, ეს როგორ შეიძლება, ოცი წელი ხუმრობა ხომ არ არის?... რომ არც ერთხელ... ან ხელი არ წამოსდებია.... ან შემთხვევით მაინც არ დაულანდავს ჩემი ასო... იცით, რას გეტყვით, თქვენო მაღალღირსებავ! ჩემი მოვალეობა სწორედ ის იყო, დამეჯერებინა მისთვის, რომ ქალი ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, სულაც არ აღმოჩნდა ეს რთული ამბავი. სხვათა შორის, დედაჩემი პროსტიტუციით იყო დაკავებული რევოლუციამდე ერთ ზღვისპირა ქალაქში და, ჰო, სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მან ბევრი რამ გაიგო იქ დასავლური სამყაროს კაცებზე. მე, უბრალოდ, მისი ცოდნა გამოვიყენე ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მოსამართლე: ხომ არ დაგვზარდებით, რომ სასამართლოსაც გადასცეთ ეს საიდუმლო ცოდნა? დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი განსაკუთებული ცნობისმოყვარეობით მოგისმენთ.
სონგი: დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. (პაუზა.) მაშ, ასე: წესი ნომერი ერთი: კაცებს ყოველთვის სჯერათ ის, რისი მოსმენაც სურთ. ამიტომ, ქალს შეუძლია, თქვას ყველაზე არარეალური ტყუილი და ამას ყოველ ჯერზე დაუჯერებენ: “ეს პირველია, კაცთან არასდროს ვყოფილვარ“ ან „შენსავით დიდი არავისზე მინახავს“ - ამ ორიდან ერთ-ერთი ან, თუნდაც, ორივე ერთად, კარგად თუ დაფიქრდებით, რეალურად შეუძლებელია ერთი ადამიანის ცხოვრებაში იყოს. ალბათ, თქვენც არაერთხელ გექნებათ მოსმენილი ეს ფრაზები თქვენს სიცოცხლეში, არა, თქვენო მაღალღირსებავ?
მოსამართლე: დღეს ამ პროცესზე, მგონი, ჩემი ცხოვრება არ განიხილება, მესიე სონგ.
სონგი: კარგით, კარგით, უბრალოდ, ვცდილობ, ჩვენს თავყრილობას ოდნავი სიმსუბუქე შევძინო. რა არის, რა ხუთვაა ამ ოთახში!
მოსამართლე: განაგრძეთ.
სონგი: წესი ნომერი ორი: იმ წამიდან, როცა დასავლური სამყაროს წარმომადგენელი კაცი აღმოსავლეთთან შედის კონტაქტში, წასულია მისი საქმე - მას უკვე თავგზა აქვს აბნეული. დასავლეთი ერთგვარ საერთაშორისო „გაუპატიურების მენტალიტეტს“ ამჟღავნებს აღმოსავლეთს მიმართ.იცით, რა არის „გაუპატიურების მენტალიტეტი“?
მოსამართლე: გთხოვთ, მოგვასმენინოთ თქვენეული ახსნა-განმარტება.
სონგი: არსებითად, ესაა ფორმულა „ქალის პირი უარზეა, მაგრამ მისი თვალები თანხმობას აცხადებს“. დასავლეთს თავი მასკულინურად მიაჩნია, ამაზე მიუთითებს მასობრივი იარაღი, მძიმე ინდუსტრია, დიდი ფული. შესაბამისად, აღმოსავლეთი მდედრული ბუნების მატარებლად წარმოგვიდგება - სუსტი, ნაზი, საცოდავი, მაგრამ... დახვეწილი ხელოვნებაში და იდუმალი სიბრძნით სავსე, - ქალური მისტიკის ნიშანი. ქალის პირი უარზეა, მაგრამ მისი თვალები თანხმობას აცხადებს. დასავლეთს სჯერა, რომ გულის სიღრმეში, აღმოსავლეთს ბატონობა სურს, რადგან ქალი საკუთარ თავზე ამას ვერ იფიქრებს.
მოსამართლე: ამას რა კავშირი აქვს ჩემს შეკითხვასთან?
სონგი: თქვენ ელით, რომ აღმოსავლეთის ქვეყნები დაემორჩილებიან თქვენს იარაღს, და იმასაც ელით, რომ იქაური ქალები ფეხქვეშ გაეგებიან თქვენს კაცებს. ამიტომ იძახით ხოლმე, რომ აღმოსავლელი ქალები საუკეთესო ცოლები არიან.
მოსამართლე: მაგრამ ეს ყველაფერი როგორ დაგეხმარათ იმაში, რომ მესიე გალიმარის გაბრიყვება მოახერხეთ? გთხოვთ, მთავარ საკითხს ნუ გადაუხვევთ.
სონგი: ერთი მიზეზი ისაა, რომ როცა ის, ბოლოსდაბოლოს, შეხვდა თავისი ოცნების ქალს, ყველაფერზე მეტად უნდოდა, დაეჯერებინა, რომ ნამდვილი ქალი იყო. და მეორე ის, რომ მეც აღმოსავლეთიდან ვარ. და რადგან ასეა, ეს ნიშნავს, რომ სრული კაცი ვერასდროს ვიქნები.
პაუზა.
მოსამართლე: თქვენი პოლიტიკური თეორია მეტად სუსტია, მესიე სონგ.
სონგი: თქვენ ასე ფიქრობთ? ამიტომაც, წააგებთ აღმოსავლეთთან ყველა გარიგებას.
მოსამართლე: უპასუხეთ ჩემს შეკითხვას: იცოდა თუ არა მესიე გალიმარმა, რომ კაცი იყავით?
პაუზა.
სონგი: უკვე გითხარით, თქვენო მაღალღირსებავ, არასდროს მიკითხავს.
სცენა 2
იგივე.
ბატერფლაის „სიკვდილის სცენის“ მუსიკა ისმის ხმის გამაძლიერებლებიდან. ასეთ მაღალ ხმაზე ჯერ არაფერი მოგვისმენია ამ პიესაში.
შემოდის გალიმარი და ხოხვით მიდის სონგის პარიკისა და კიმონოსაკენ.
გალიმარი: ბატერფლაი? ბატერფლაი?
სონგი რჩება კაცის სახით მოწმეების განყოფილებაში და ჩვენების მიცემას აგრძელებს, რაც ჩვენ არ გვესმის.
გალიმარი (ჩვენ): იმ საშინელი შერცხვენის მომენტში აქ, სასამართლოს ამ დარბაზში.... იმ.... ადამიანთან ერთად რომ ვიყავი..... ახლა იქ, ზემოთ რომ არის.... საქვეყნოდ რომ ყვებოდა ჩემი შერცხვენის ამბავს... იცით, რა მომხვდა ყველაზე მეტად თვალში? მისი ზედაპირულობა. რა მოჩვენებითი და პირმოთნე ყოფილა... სრულიად .... ყოველმხრივ უშინაარსო და უაზრო! იმ ჯიშისა, დისკოთეკებზე რომ დაძრწიან ნივრისსუნიანი ოქროს მედალიონებით. როგორ სულ არ ჰგავს ჩემს ბატერფლაის.
და მაინც, ამ მომენტშიც კი ჩემი გონება სიფხიზლესა და მოქნილობას ინარჩუნებს, ტრამპოლინზე დამკვრელი მუსიკოსის სიმკვირცხლეს. ახლაც კი, თვალწინ მიდგას გამოსახულება ... აი, ის, მოწმედ რომ არის ახლა.... როგორ მელაპარაკება.
სონგი უცებ მთელი ტანით გაიჭიმება ჯიხურში და გალიმარს შეხედავს.
სონგი: ჰო, შენ. თეთრკანიანო.
სონგი გამოდის მოწმეთა განყოფილებიდან და ავანსცენაზე მყოფი გალიმარისკენ მიდის. შუქები იცვლება.
გალიმარი (სონგს): ვის ეძახი? მე?
სონგი: სხვა თეთრკანიან მამაკაცს კიდევ ხედავ აქ?
გალიმარი: დიახ, თეთრი კაცები აქ სულ არიან, რადგან ეს სასამართლო დარბაზი საფრანგეთშია.
სონგი: შენ ხომ თავგადასავლების მოყვარული იმპერიალისტი ხარ. მომიყევი, რატომ დაგჭირდა ამდენი ხანი აქ მოსასვლელად?
გალიმარი: რომელ ადგილას?
სონგი: აქ, ჩინურ თეატრში, სადაც მრავალი წლის წინ შევხვდით.
გალიმარი (ჩვენ): და კიდევ ერთხელ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მოხდა ჩემი ტრანსპორტირება.
ჩინური ოპერის მუსიკა ირთვება ხმის გამაძლიერებლებში. სონგი საოპერო მოძრაობებს ასრულებს, როგორც მათი შეხვედრის ღამეს.
სონგი: გახსოვს ის ღამე, როცა გული გადამიშალე?
გალიმარი: ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.
სონგი: არც ისე. ეს ის ღამეა, რომელმაც თავდაყირა დააყენა შენი ცხოვრება.
გალიმარი: შეიძლება.
სონგი: ოჰ, ჩემს მოტყუებას ნუ ეცდები. ფარისევლობის რომელი ტალღაა ეგ? ერთხელ უკვე კარგად მაჭამე, მთელი ოცი წელი მეყო. საოცარია, რომ თავი ჩინეთის ზომისა არ გამიხდა.
გალიმარი: ვინ თქვა, რომ არა?
სონგი: ვინ უნდა თქვას? და რა არის სასირცხვილო სიამაყეში? გგონია, ამას გავქაჩავდი, ჩვენს შეხვედრამდე რომ არ ვყოფილიყავი სიამაყით სავსე? არა, არც მარტო სიამაყე იყო ეს. ამპარტავნებაც ერია. ამპარტავნება ნამდვილად არ აკლია ადამიანს, როცა სჯერა, რომ შეძლებს მეორე ადამიანის ბედისწერაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ თვალებისა და ტუჩების გამოყენებით. (ცეკვავს.) არ მეთანხმები? აღიარე, რომ ჯერაც გინდივარ, თუნდაც საყელომოჩაჩული პერანგი და საშინაო შარვალი მეცვას.
გალიმარი: ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს...
სონგი: ვერა, რენე? იქნებ, დავუშვათ, უბრალოდ, დავუშვათ, რომ მინდიხარ?
გალიმარი: მართალს ამბობ?
სონგი: და ან იქნებ, უბრალოდ, ისევ გეთამაშები? როგორ უნდა გაარჩიო? (განასახიერებს რა ქალის პერსონაჟს, ნელი ნერვული მოძრაობით გალიმარისკენ მიდის.) „როგორ მინდოდა, სულ პაწაწინა კაფე მაინც ყოფილიყო აქ, რომ ცოტახანს ჩამოვმსხდარიყავით. კაფე კაპუჩინოთი, ფრაკიანი კაცებითა და ექსპატრიატთა ცუდი ჯაზით“. ახლა გინდა, რომ მაკოცო, არა?
გალიმარი: რატომ? ასე სასტიკად რატომ მეპყრობი?
სონგი: შეიძლება ადრე მართლაც სასტიკად გეპყრობოდი, მაგრამ ახლა ასე არ არის. მოდი აქ, ჩემო პატარა.
გალიმარი: მე შენი პატარა არ ვარ!
სონგი: შეცდომა დავუშვი,მაპატიე. ეს მე ვარ შენი პატარა, ხომ მართალია?
გალიმარი: ჰო, მე...
სონგი: ჰოდა, მოდი შენს პატარასთან. თუ გინდა, გამხადე კიდეც - ამის ნებასაც მოგცემ.
გალიმარი: მე ვგულისხმობ, რომ ადრე მართლაც იყავი „ჩემი პატარა“, სანამ.... მაგრამ ახლა უკვე აღარ!
სონგი: ვიყავი? ჰოდა, იქნებ, ახლაც ვარ, ჰა? თუ უკვე გაგიმაგრდა, შეგიძლია... (ტანსაცმლის გახდას იწყებს.)
გალიმარი: გაგიჟდი? რას აკეთებ?
სონგი: გეხმარები, რომ რაღაცეები კარგად დაინახო ჩემი მსახიობობის საშუალებით.
გალიმარი: ახლავე შეწყვიტე! არ მინდა, არ ვაპირებ...
სონგი: ოჰ, რას ბრძანებთ? ხომ არ გავიწყდებათ, რომ თქვენ თვითონ მთხოვეთ, გამეხადა?
გალიმარი: რას მიედ-მოედები! ეს წლების წინ იყო. მერე კი უკან წავიღე ჩემი თხოვნა.
სონგი: არა, უკან კი არ წაიღე, გადაავადე. გადაავადე გარდაუვალი! დღეს ის გარდაუვალი უნდა აღსრულდეს!
ხმის გამაძლიერებლებიდან კაკაფონია ისმის: პუჩინის „ბატერფლაი“ ჩინური გონგის თანხლებით.
გალიმარი: შეწყვიტე ახლავე! არ მინდა, ეს ვნახო!
სონგი: მაშინ იქით გაიხედე.
გალიმარი: შენ მხოლოდ ჩემი წარმოსახვა ხარ! ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ხდება! გიბრძანებ, შეწყვიტო!
სონგი: რა შევწყვიტო? გახდა? ეს ეს არის....
გალიმარი: არა, შეწყვიტე! მინდა, რომ ...
სონგი: რა, გინდივარ?
გალიმარი: მინდა, რომ გაჩერდე!
სონგი: იცი, რას გეტყვი, რენე? შენი პირი უარზეა, მაგრამ შენი თვალები - თანახმანი არიან. იქით გაიხედე.
გალიმარი: რატომ უნდა გავიხედო? ყოველღამე ამბობ, რომ გახდას აპირებ, მაგრამ მერე გთხოვ, რომ გაჩერდე და ჩერდები.
სონგი: როგორც ვხვდები, ამაღამ სხვანაირად იქნება.
გალიმარი: რატომ? რატომ უნდა იყოს ასე?
სონგი: იქნებ, ფრუსტრირებული ვარ უკვე. იქნებ ვამბობ „შემომხედე, სულელო!“ ან იქნებ, უბრალოდ ... სექსი მინდა. (ქვედა საცვლის გახდას აპირებს.)
გალიმარი: გთხოვ, ეს საჭირო არ არის. ვიცი, როგორიც ხარ.
სონგი: მართლა იცი? და როგორი ვარ?
გალიმარი: ვიცი, რომ... კაცი ხარ.
სონგი: თუმცა, არ გჯერა.
გალიმარი: მჯერა. სულ ვიცოდი, სადღაც, გულის სიღრმეში, რომ ჩემი ბედნიერება დროებითი იყო, ჩემი სიყვარული კი - თავის მოტყუება, მაგრამ ჩემმა გონებამ ეს ცოდნა სადღაც შორს გადაისროლა, რომ ავის მოლოდინი ასატანი გაეხადა ჩემთვის.
სონგი: მესიე გალიმარ, აღარ არის საჭირო ლოდინი.
სონგი ქვედა საცვალს გაიძრობს. შიშველია. თანდათან, ჩვენც და სონგიც ვხვდებით, რომ რაც ჩვენ გალიმარის ქვითინი გვეგონა, სინამდვილეში, მისი სიცილი ყოფილა.
გალიმარი: ოჰ, ღმერთო, რა იდიოტია! რა თქმა უნდა, ასეა!
სონგი: რენე... რა თქვი?
გალიმარი: შენს თავს შეხედე! კაცი ხარ, კაცი! (ისევ აუტყდება სიცილი.)
სონგი: ვერ ვხედავ, რა არის ასეთი სასაცილო?!
გალიმარი: „ვერ ხედავ“! მგონი, დიდად არც ადრე გამოირჩეოდი განსაკუთრებული იუმორის გრძნობით, არა? უბრალოდ, ძალიან სასაცილოა, რომ ამდენი დრო ერთ უბრალო კაცს დავახარჯე.
სონგი: რა თქვი?...მე „ერთი უბრალო კაცი“ არ ვარ.
გალიმარი: არ ხარ? სულ იმას არ ცდილობდი, რომ როგორმე ეს არ დამეჯერებინა?
სონგი: ჰო, მაგრამ მე ვგულისხმობ...
გალიმარი: და ახლა, როცა, ბოლოსდაბოლოს დაგიჯერე, მეუბნები, რომ ეს მართალი არ არის? მგონი, იდენტობის პრობლემა გაქვს.
სონგი: შეგიძლია, მომისმინო?
გალიმარი: რა აზრი აქვს? ოცი წელი გისმენდი. მგონი, დავიმსახურე დასვენება.
სონგი: მე ყველა კაცს არ ვგავარ.
გალიმარი: ვინ ხარ ბოლოსდაბოლოს?
სონგი: რენე, როგორ მეკითხები ამას?... კარგი, ამაზე რას იტყვი?
ის ბატერფლაის მოსასხამებს იღებს და ცეკვას იწყებს. მუსიკა არ ისმის.
გალიმარი: ჰო, ეს მართლაც ლამაზია. ვაღიარებ.
სონგი ხელს უწვდის გალიმარს.
სონგი: ეს ის ხელია, რომელსაც წლების განმავლობაში აღმერთებდი. მოდი, შეეხე!
გალიმარი: ჰო, იგივე ჩანს.
სონგი: ახლა... თვალები დახუჭე.
ცალ ხელს სონგი თვალებზე აფარებს გალიმარს.. მეორე ხელით კი გალიმარის ხელს სახეზე იდებს. გალიმარი ბრმასავით წინააღმდეგობას არ უწევს, რომ მისი ხელები სონგის სახეს ეხებოდეს.
გალიმარი: მახსოვს ეს კანი. მისი სახის მოყვანილობა, მისი ლოყების სირბილე, ჩემი ხელის ზურგზე დაფენილი მისი თმა...
სონგი: მე შენი ბატერფლაი ვარ. ამ მოსასხამების ქვეშ, ყველაფრის მიღმა ყოველთვის მე ვიყავი. ახლა თვალი გაახილე და აღიარე, რომ ისევ მაღმერთებ. (გალიმარს თვალებიდან ხელს ააცილებს.)
გალიმარი: შენ, ვინც ჩემი სურვილების თითოეულ წერტილს იცნობდი... როგორ მოგივიდა, ასეთი შეცდომა როგორ დაუშვი?
სონგი: რა შეცდომა?
გალიმარი: შენი ნამდვილი სახე რომ მაჩვენე. თურმე ყველაფერი, რაც მიყვარდა, ყალბი ყოფილა, იდეალური ტყუილი, რომელიც მიწას დაანარცხე... ახლა ეს ყველაფერი უკვე ვადაგასული და ბინძურია.
სონგი: მაშ, სინამდვილეში არასდროს გიყვარდი? მხოლოდ მაშინ, როცა როლში ვიყავი?
გალიმარი: მე ის კაცი ვარ, ვისაც უყვარდა კაცის მიერ გამოგონილი ქალი. სხვა ყველაფერი - ნაკლებად მნიშვნელოვანია.
პაუზა.
სონგი: ახლა რა უნდა ვქნა?
გალიმარი: შესანიშნავი ჯაშუში იყავით, მესიე სონგ, და თანამზრახველიც შესაფერისი იშოვეთ. თუმცა, ახლა თქვენი წასვლის დროა. გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან!
სონგი: სად წავიდე, რენე? შენ ჩემ გარეშე როგორ იქნები? ამას ვერ შეძლებ მას შემდეგ, რაც ოცი წელი ვიყავით ერთად.
გალიმარი: მე ნამდვილად ვეღარ ვიცხოვრებ შენთან ერთად, მით უმეტეს, ოცწლიანი ღალატის შემდეგ.
სონგი: რა ჯიუტი ხარ! სად უნდა წახვიდე?
გალიმარი: პაემანი მაქვს... ჩემს ბატერფლაისთან.
სონგი: მაშ, დაივიწყე შენი სიამაყე და მოდი ჩემთან...
გალიმარი: გაეთრიე ჩემი გონებიდან! ამ საღამოს საბოლოოდ ვისწავლე, როგორ უნდა გავარჩიო ფანტაზია რეალობისგან. და ახლა, როცა კარგად ვიცნობ მათ შორის განსხვავებას, ფანტაზიას ვირჩევ!
სონგი: მე ვარ შენი ფანტაზია!
გალიმარი: შენ ხარ? შენ ისეთივე რეალური ხარ, როგორც, რა ვთქვა, როგორც ... ჰამბურგერი. გაეთრიე! ჩემს ბატერფლაისთან პაემანი მაქვს და არ მინდა, შენმა სხეულმა ეს ოთახი დააბინძუროს. (სონგს თავის გახდილ ტანსაცმელს მიუყრის.) ამას შეხედე.... სუტენიორივით გაცვია!
სონგი: არაფერი შეგეშალოს! ეს არმანის შარვალია, ეს კიდევ... (ქვედა საცვალსა და შარვალს იცვამს.) უბრალოდ, ვიტყვი, რომ ... იმედი გამიცრუე, რენე! ვფიქრობდი, სიყვარულის უმაღლეს წამებში შენ ბევრად უფრო მეტი გახდებოდი, ვიდრე ახლა ხარ, იმედი მქონდა, რომ უფრო მეტად დაემსგავსებოდი... ქალს.
მაგრამ არა. ოჰ, ეს კაცები. შენც ისეთივე ხარ, როგორც ყველა. ამ საქმეში მხოლოდ ისაა გადამწყვეტი, როგორ ვიცვამთ, როგორ მაკიაჟს ვიკეთებთ, როგორ ვიგრძელებთ წამწამებს. თქვენ, კაცებს, ნამდვილად ერთობ მწირი წარმოსახვა გაქვთ.
გალიმარი: თქვენ, მესიე სონგ? თქვენ მაბრალებთ, რომ წარმოსახვის არაფერი მესმის მე? ვინ, ვინ და თქვენ კი კარგად უნდა იცოდეთ, რომ მე თავიდან ბოლომდე წმინდა წყლის წარმოსახვა ვარ და დავრჩები კიდეც ჩემს წარმოსახვაში. ახლა კი გაეთრიე აქედან!
გალიმარი სცენიდან გააგდებს სონგს და მის კიმონოს იღებს.
სონგი: რენე, მე აღარ ვაპირებ ამ მოსასხამების ჩაცმას! შენ, ალბათ, დაგამწუხრებს ეს ამბავი.
გალიმარი (სონგს): უკვე ვწუხვარ! (უყურებს კიმონოს, რომელიც ხელში უჭირავს.) სწორედ ისე, როგორც.... ბატერფლაი.
სცენა 3
მ. გალიმარის საკანი ციხეში. პარიზი. 1988.
გალიმარი: ყოველ ღამე გონების თვალით შევცქეროდი სცენებს ჩემი ცხოვრებიდან და ამ დროს ყოველთვის ვცდილობდი, ახალი დასასრული მომეფიქრებინა ჩემი თავგადასავლისთვის. ამგვარად, ეს ის სცენა, როცა ამ საკანს ვტოვებ და სამუდამოდ ვუბრუნდები ჩემი ბატერფლაის კალთას.
ამ საღამოს გავაცნობიერე, რომ ჩემი ძიება დასასრულს მიუახლოვდა და რომ თურმე არასწორი მიმართულებით ვიყურებოდი. და ახლა, მე თქვენ დაგიმტკიცებთ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩემი სიყვარული ამაო არ გამოდგა. .. ასე რომ, ვუბრუნდები ფანტაზიის სამყაროს, სადაც მას პირველად შევხვდი.
გალიმარი ძირს დაგდებულ კიმონოს იღებს; შემოდიან მოცეკვავეები.
გალიმარი: აღმოსავლური ხილვა მაქვს. აქ არიან ციფაოსა და კიმონოებში გამოწყობილი ჩამოქნილი ტანის მქონე ქალები, რომლებიც კვდებიან უღირსი უცხოელი დემონების სიყვარულის გამო. ისინი დაიბადნენ და აღიზარდნენ იდეალურქალებად. ისინი ნებისმიერ სასჯელს იტანენ, რასაც ჩვენ მათ ვუგზავნით, და სიყვარულით გაძლიერებულნი უვნებელნი გამოდიან ცეცხლიდან. ეს ხილვა იქცა ჩემ ცხოვრებად.
მოცეკვავეები პირსაბანს მიუტანენ და ეხმარებიან გრიმის გაკეთებაში.
გალიმარი: საჯაროდ ისევდაისევ უარვყოფ, რომ სონგ ლილინგი მამაკაცი აღმოჩნდა. ამას მოსდევს მრავალფეროვანი საგაზეთო სათაურები და ჩემი ფრანგი კოლეგების დაბნეულობა. თუმცა როცა მარტო ვარ ჩემს საკანში, ნამდვილად ვიცი, რომ კარგა ხანია, რაც სიმართლეს თვალი გავუსწორე.
სიმართლე კი მსხვერპლს ითხოვს. მსხვერპლშეწირვას იმ შეცდომების გამო, რაც სიცოცხლეში ჩამიდენია. ჩემი შეცდომები მარტივი და სრულყოფილი იყო... კაცი, რომელიც მიყვარდა, გაიძვერა და გარყვნილი აღმოჩნდა. წიხლის მეტი არაფერი დაუმსახურებია, სანაცვლოდ მე მას მთელი ჩემი სიყვარული მივეცი.
დიახ... სიყვარული. რატომ არ უნდა ვაღიარო, რომ ასეა? მან გამანადგურა, ასე არ არის? სიყვარულმა დამაკარგვინა განსჯის უნარი, დამიბრმავა ორივე თვალი, სახეზე გამომეტყველებაც კი შემიცვალა.... სარკეში ვიყურებოდი და ერთი ქალის გარდა ვერაფერს ვხედავდი.
მოცეკვავეები ეხმარებიან მას ბატერფლაის პარიკის მორგებაში.
გალიმარი: ხილვა მაქვს. აღმოსავლური. მისი ნუშისებური თვალების სიღრმეში კვლავ ქალებს ვხედავ. ქალები, რომლებიც მზად არიან თავი გასწირონ კაცის სიყვარულისთვის. იმ კაცისთვისაც კი, ვისი სიყვარულიც სრულიად უღირსებოა.
მოცეკვავეები ეხმარებიან გალიმარს კიმონოს ჩაცმაში. ისინი გადასცემენ დანასაც.
გალიმარი: ღირსეული სიკვდილი სჯობს უღირს სიცოცხლეს. (სცენის ცენტრში სეპუკუს პოზაში ჩაჯდება.) ბატერფლაის სიყვარულს ძალა შესწევს, გაუძლოს უამრავ განსაცდელს - ღალატს, დანაკარგს, მიტოვებასაც კი. მაგრამ როგორ გაუსწორებს იგი თვალს იმ ერთ ცოდვას, რომელიც სხვა დანარჩენის მომცველია? იმ გამანადგურებელი ამბის შეტყობას, რომ ამ ყველაფრის უკან, მისი სიყვარულის ობიექტის ადგილას არც მეტი, არც ნაკლები, მამაკაცი იდგა? (დანის წვერს სხეულზე მიიბჯენს.) 1988 წელია. ბოლოსდაბოლოს, მე ის ვიპოვე. ეს მოხდა პარიზის საგარეუბნო ციხის საკანში. მე ვარ რენე გალიმარი - იგივე მადამ ბატერფლაი.
გალიმარი სცენის სიღრმისკენ შეტრიალდება და დანას დაირჭობს. ამ დროს ხმის გამაძლიერებლებიდან ისმის „სასიყვარულო დუეტის“ ხმები. გალიმარი მოცეკვავეების ხელში ჩაიკეცება და ისინიც დიდი პატივით იატაკზე დაასვენებენ. რამდენიმე ყოვნის განმავლობაში შენარჩუნდება ზემოაღწერილი სცენა. შემდეგ სინათლე კონცენტრირდება სონგზე, რომელიც მამაკაცის სახით დგას და გაშტერებული უყურებს მკვდარ გალიმარს. ის სიგარეტს ანთებს; კვამლი სინათლეებს შორის მიიკვლევს გზას. ორი სიტყვა მოსწყდება კაცის ბაგეს.
სონგი: ბატერფლაი? ბატერფლაი?
კვამლი ზემოთ იწევს, შუქები კი თანდათან ქრება.
[1988]
[1]ანა მეი ვონგი (1905-1961): ჩინური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ცნობილი თავისი ეგზოტიკური სილამაზით. ხშირად თამაშობდა უარყოფით გმირებს.
[2]ღმერთი, რომელმაც ევა შექმნა.... ალმოდებული საწოლი: ევა, ადამი, სოლომონი და იეზებელი ბიბლიური პერსონაჟები არიან. იხ. დაბ; 2:18-25. პირველი მეფეთა წიგნი 11: 1-8 და მეორე მეფეთა წიგნი 9:11-37
[3]ქალის ტანზე მომდგარი ჩინური კაბა.
[4]ჰო ში მინი (1890-1969): ჩრდ. ვიეტნამის პირველი პრეზიდენტი (1945-969)
[5]ნგო დინ დიემი (1901-1963) - სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტი (1955-1963), მოკლეს სამხედრო გადატრიალების დროს, ამერიკის მხარდაჭერით.
[6]ჩაკ ბერი (დ. 1926) - გავლენიანი მუსიკოსი ამერიკული როკენროლის ისტორიაში, რომლის პირველი ჩანაწერი 1955 წელს გამოქვეყნდა.
[7]შუა სამეფო - ჩინეთის სამეფო დომენი ფეოდალურ ეპოქაში.
[8]ვიეტ კონგი - სამხრეთ ვიეტნამის „ეროვნულ-გამათავისუფლებელი ფრონტის“ წევრის ზოგადი სახელი. სწორედ ამ მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდნენ ამერიკელები.
[9]გენერალი უილიამ ვესთმორლენდი (დ. 1914 წ.), ამერიკული ჯარის ნაწილების მეთაური ვიეტნამში 1964-დან 1968 წლამდე.
[10]გუსტავ კლიმტი (1863-1918), ავსტრიელი მხატვარი არტ ნუვოს მიმართულებით. მისი ყველაზე ცნობილი ნახატია „კოცნა“
[11]სასაკმევლე (ჩინ.)
ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ზურაბ ვახანია - სიცოცხლის ფილოსოფია და მიღმასწრაფება
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ბექა ახალაია - ლექსები