გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

როლანდ გიორგაძე - ჩიხორის ბრძოლა

                                             
_ გადი-გამოდი, გუთანოოო... _ ღიღინებდაჭარმაგი კაცი, ჩაჰფრენოდა გუთანს და ბელტს ბელტზე აწვენდა. ხანდახან სახრეს ჰაერში შეათამაშებდა და წიქარას შეუძახებდა: 
– აბა, წიქარა, იყოჩაღე,  ნუ ცქმუტავ და ნუ გარბიხარ წინ! კი ხარ, ჩემო ბატონო, ახალი გახედნილი, გიჭირს უღელთან შეგუება, მაგრამ ეგ არაფერი, წუთისოფელი დაგადინჯებს. შეხედე ნიშასდა მიბაძე, ნახე, როგორ დინჯად ექაჩებაჭაპანს! უღელი თუ თანაბრად არ გასწიეთ, ფუჭი შრომა გამოგვივა  და დროის უქმად დაკარგვა. 
წიქარამ თითქოს შეისმინა პატრონის, კვალში ჩადგა და თანაბრად გასწიეს ხარებმა. 
_ ბევრი აღარ დაგვრჩა,  პატარა მოთმინება და გავალთ ბოლოში.  იცოდეთ, მოთმინება ყველაზე დიდი განძია! ვინც მას ფლობს, იმისთვის  მიუღწეველი არაფერია. _ მერე ისევ შეათამაშა სახრე ჰაერში  და ომახიანად გააგრძელა: – ღირღიტავ, ბანი უთხაროო... _ ეჰ,  ღირღიტა კი არადა, გუთანიც სანთლით საძებარია, ვიღას ახსოვს გუთანი?! მოჯდომიან რკინის ურჩხულებს და აზანზარებენ დედამიწას. მთაგორიან სოფლებში,  ჩემო კარგებო,გუთნის ადგილი ყოველთვის იქნება.იმ მაჯლაჯუნას, რკინის ურჩხულს, ტრაქტორს რომ ეძახიან,  გგონია, ყველაფერი შეუძლია?  არა, ჩემო ბატონო, აბა, ამოვიდეს აქ, თუ ბიჭია! _ მერე ცოტა ხანს შეყოვნდა, ხარებიც შეყოვნდნენ. –  ნიშა, შენ გეკითხები, გამოცდილი კაცი ხარ, ხო, შენ გეკითხები, შენ!  წარმოიდგინე, რა მოხდება მსოფლიოში, ყველამ ერთდროულად რომ დაქოქოს ეს ურჩხულები,წარმოიდგინე? 
ნიშამ  თავი ააქნიააბეზარი ბუზების მოსაცილებლად, რომლებიც თვალებზე მისეოდნენ და საშველს  არ აძლევდნენ.  
_ წარმოიდგინე? წარმოიდგინე  და შეგეშინდა?  ჰა,რავარი სანახავი იქნება აზანზარებული დედამიწა? მეც შემეშინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წესიერად ვერც დაილაპარაკებ და  ვერცღვინიან ჭიქას  მიიტან პირთან.  მერე რაღა გვეშველება?! _ ჩაიქირქილა მეგუთნემ  და ხარებს გადახედა.  
ნიშამ კიდევ ერთხელ აიქნია თავი და უხმოდ უპასუხა: „კაი, კაცო,  მაგის დროა ახლა?! მაგი  კი არადა,ერთი სული მაქვს, როდის გავალთ ბოლოში.თავი უკან მოაბრუნა და პატრონს წამიერად შეაცქერდა,  მერე თავი ჩაღუნა და ძალუმად  გასწია წიქარასთან ერთად.
გიორგი, რომელსაც ნახევარი საუკუნისთვის  უკვე კარგა ხანია,  გადაებიჯებინა, როგორც თავის ტოლსა და სწორს,  ისე ესაუბრებოდა ხარებს,  უყვებოდა თავის ამბებს, შენ წარმოიდგინე, რჩევასაც კი ეკითხებოდა ხოლმე. სოფელში ყველა პატივს სცემდა, ანგარიშსაც უწევდნენ მის ნააზრევს.  ლამაზი საუბარი იცოდა, ბევრსაც კითხულობდა თავისუფალ დროს. აუგს ვერ წამოაცდევინებდი ვინმეზე, ტკბილად მოუბარს ჟამივით ეჯავრებოდა ბილწსიტყვაობა და ასეთ მოსაუბრეებს უხმოდ განერიდებოდა ხოლმე. პატივს სცემდნენ, მაგრამ მისი ახირებულობაც უკვირდათ ხარ-ურემზე ასე გადაკიდება. 
_ რაღაც მოწყენილი მეჩვენებით,  ხომ არ დაიღალეთ, ერთი კუდის მოქნევა ადგილიღა  დარჩა.  აბა, გავმხიარულდეთ და შემოვძახოთ ძველებურად.  იცით თქვენ,ისე არაფერი ალამაზებს შრომას, როგორცგულიანი სიმღერა.  მე წამოვიწყებ, თქვენც თქვენებურად ბანი მითხარით. არ შემარცხვინოთ, ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში ვართ  ახლა ჩვენ.  ხედავთ,როგორ გასუსული  გველოდებიან?! 
გიორგიმ თვალი მოავლო გარემოს,  ჩაახველა, ყელი ჩაიწმინდა და  ომახიანად  შემოსძახა: _ ბროლის ყელსა მოგეხვიე, ორუდილა, ცრემლით უბე ამოგივსე... მამაჩემს უყვარდა ძალიან ეს სიმღერა, მამაჩემს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს!  
ნიშამ თითქოს კვერი დაუკრა ნათქვამს,  დასტურად ყურები გააპარტყუნა, წიქარას გადახედა დაძალმიცემულებმა  წინ გასწიეს.   
_ ვიღა  მღერის ახლა,ბიჭებო, გუთანთან?  ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგინებიან, თანაც ისე უწმაწურად, ყურები დაგესუსხება.  რომ იცოდეთ, გინება საშინელი ცოდვაა,  შე უბედურო,კაცს რომ აგინებ,  ამით ხომ დედა–ღმრთიშობელს აგინებ,  ის ხომ ყველა ჩვენთაგანის დედაა და სასუფევლისაკენ გზის გამკვალავი. არ გეშინია?! ბირჟაზე მთელ დღეს უსაქმურობასა და ბილწსიტყვაობაში რომ  ატარებ, ხადახან მაინც შედი ეკლესიაში, იქნებ რაიმე სიწმინდე გამოგყვეს.გესმის?!  მეტი არაა ჩემი მტერი! – თვითონვე გასცა პასუხი  და  უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი. _ ჰო, სიმღერაზე ვამბობდი, როგორც მარილი  აგემრიელებს  კერძს, ისე მღერა აკეთილშობილებს ნაშრომს და მოსავალიც  ყუათიანი და მადლიანი გამოდის. აპა, რა გეგონათ თქვენ. ასეა,ჩემო ჭკვიანებო, ტალიკა ბიჭებო.თქვენც ხომ გსიამოვნებთ? ჩემი წინაპრები ჭირშიაც მღეროდნენ და ლხინშიც მტრის ჯინაზე  და ასე გაჰქონდათ ლელო.  
გადახნული მიწა გაყორნისფერდა. მზის სხივები ამობრუნებულ ბელტებზე  ციაგობდნენ.გიორგი ერთი თემიდან მეორეზე გადადიოდა და ხმამაღლა ესაუბრებოდა ხარებს.
– ბევრი ზურგს უკან დამცინის, რაღა დროს ხარ-ურემიაო. დაე,  იცინონ,სიცილს რა სჯობია, ოღონდ ნუ შეიგინებიან.სიცილისაგან მკვდარი კაცი ჯერ არ მინახავს.  გაგიკვირდება და,  ჭამისაგანკი გარდაცვლილან. რას არ გაიგებს კაცი, გეყურებათ? კრილოვი თურმე  ჭამას გადაჰყოლია! იცოდეთ, შემთხვევით ბუნებაში არაფერი ხდება, ყველაფერი რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება.ადამიანთა მოდგმას ღმერთმა გამოუგზავნა თქვენი თავი. კაცის გონიერებას, თქვენს   ჯიშსა დამოდგმას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის სამყაროს გაკეთილშობილებაში. ხომ გაგიგონიათ, კაცია და გუნებაო.  კი, უამრავი თანამედროვე ტექნიკაა დღეს, იმითაც შეიძლება მოხვნა, მაგრამ მე მაინც მამაპაპური  ხარ-გუთანი მირჩევნია.  ნახე, მიწას რა სურნელი ასდის, ყველა სუნამოზე უკეთესი, გაგაბრუებს. კვამლ და  მაზუთშერეულ მიწას თუ შხამ-ქიმიკატსაც  მიაყრი, მალე გაბერწდება, გაზარმაცდება და  ქიმიაზე დამოკიდებული გახდება. ასეა ეს!  არ ჭირდება ამას ბევრი  მტკიცება. ნაკელსა და  შლამზე უკეთესი სასუქი გაგონილა?  ახლა ნაყოფს აღარ იკითხავ? უსაფრთხო, ჯანმრთელი და სასარგებლო, რომელიც  სანთლით საძებარია. თუ ზარმაცი არ ხარ, შეუძლებელი არაფერია. კაცი სულ საქმეში უნდა იყო. ასე, ჩემო ლომებო, ღმერთმა ნუ ქნას, მე ვიყო უკანასკნელი მოჰიკანი და მუზეუმში მიგიჩინონ ადგილი.  
მოულოდნელად სახნისი რაღაცას წამოედო  და ჭახანი გაადინა.  ტვირთშემსუბუქებული ხარები წინ გავარდნენ,  გიორგის  კი უსახნისო გუთანი შერჩა ხელთ... 
_ რა ხდება, ბიჭებო, ჩვენს თავს? ცოტაც და გავიდოდით ბოლოში. _ დანანებით თქვა კაცმა, გუთანს ხელი შეუშვა და ჩაიჩოქა.  
სახნისი  ქვასა და ქვას შუა გაჭედილიყო.  გაუკვირდა, ქვა კი არა, კენჭიც არ შეხვედრია აქამომდე. მოეჯაჯგურა, ძვრაც ვერ უყო. წამოდგა,დაცვარული შუბლი  ქუდით მოიწმინდა და  ხარებთან  მივიდა, რომლებსაც თავი ჩაეღუნათ და ახლად ამოწვერილ ბალახს წიწკნიდნენ.  
_ ასეა, ლომებო, მიძალება და გადამეტება არაფრისა შეიძლება.  ნიშანი მოგვცეს მაღლიდან _  გეყოფათო, დასვენების დროაო.  იქნებ სხვა რამის ნიშანიცაა! ბერიკაცმა ხარები უღლიდან გაათავისუფლა და  ყანის ბოლოსკენ გარეკა.  თვითონ კი ძელქვის ხესთან  მოზრდილ ფესვზე ჩამოჯდა, ღვინიან დოქს მისწვდა,  სიმინდის ფუჩეჩიანი თავსახური მოაძრო, ტუჩზე მიიდო და ჩაარაკრაკა. მერე ხელუკუღმა ტუჩები მოიწმინდა და თქვა:_ დაილოცოს შენი მომგონი!  ბიჭებო, თქვენ შორს არ წახვიდეთ, აქაც საკმაოდაა ბალახი.დღეს, როგორც ჩანს,  მეტს ვეღარ ვიმუშავებთ. ჯობია, სახნისს მივხედო. ხელიწალდსა და თოხს წამოავლო  და    ყანისკენგასწია.
გაკრიალებულ ცაზე მზე  ჩვეულებისამებრ მზეობდა დამადლივით  ჰფენდა  დედამიწას მაცოცხლებელ სხივებს. ტყიდან საამოდ უბერავდა გრილი ნიავი. ჩიტების ჟღურტულს, ჟივილ-ხივილს საზღვარი არ ჰქონდა. ბუდობის ჟამი დამდგარიყო, ზოგმა ძველს მიაკითხა, ზოგი კი ახალს აშენებდა. ყვავილების სურნელებისაგან  რეტდასხმული ფუტკრებისა და სხვა მწერების ბზუილი ენანავებოდა გარემოს. სადღაც ხარი ბღაოდა,   სადღაც მამალი ყიოდა, ინდაურებსაც  არ დავიწყებოდათ  ლოყლოყი. უხილავი ხელისაგან გაორკესტრებული დედაბუნება მარადიული სიცოცხლის ჰიმნს გალობდა.
გიორგი გუთანს მიუახლოვდა, მოუხნავ მხარეს ჩამოჯდა და სახნისს დაუწყო თვალიერება. მერე  ჩაიჩოქა და დაშაშრული ხელი მოუსვა, მიწისგან გაათავისუფლა. შეეცადა მის მორყევას, ძვრაც ვერ უყო.  წალდის პირითაც მოსინჯა,  თოხითაც, მაგრამ  უშედეგოდ, არაფერი გამოდიოდა. 
_ აი საქმე,  ეს მინდოდა ახლაა?! _ წამოიწია,მუხლები დაიფერთხა, ისევ  თოხს მისწვდა და ქვის  გარშემო მიწის შემოცლა  დაიწყო. 
დიდხანს ჩიჩქნიდა, ასუფთავებდა,  გავიდა ბოლოში, თითქმის კაცის სიმაღლის ლოდი იყო მართკუთხედის ფორმის. გაუკვირდა, ამოდენა ლოდი აქ საიდან გაჩნდაო. დაღლილი ქვაზე ჩამოჯდა, ცოტა ხანს შეისვენა, მერე ისევ წამოიწია, ვერ ისვენებდა,  რაღაც აფორიაქებდა. ისევ ქვას მიუბრუნდა. გაიფიქრა,– საინტერესოა, რა სიღრმეზე არის ქვა ჩაფლულიო და ისევ თხრა განაგრძო. ერთი ფენა კიდევ მოაცილა, ძირი მაინც არ ჩანდა. მეორე ფენის მოცილებისას თოხი რაღაცას წამოედო. დააწვა თოხს  და მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,  როცა მიწიდან ძვალი ამოვარდა. დაზაფრულს თოხი ხელიდან გაუვარდა და მიწაზე დაემხო.კარგად დააკვირდა,  ადამიანის ბარძაყის ძვალი იყო.  ჯერ ოფლმა დაასხა, მერე შეამცივნა, გააჟრჟოლა. აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. თავდავიწყებული ისევ თხრას შედგა. მეორე ძვალიც გამოჩნდა.ფრთხილად მუშაობდა, აკანკალებული ხელებით, ყოველგვარ მიწიერს მოწყვეტილი. ფიქრიც კი აღარ შეეძლო. ასუფთავებდა და ასუფთავებდა, ფრჩხილებიდან სისხლი სდიოდა, ტკივილი სადღაც გამქრალიყო. რომ ჩაამთავრა, ძლივს წამოიმართა ფეხზე, რაღაცის თქმა უნდოდა,პირგამშრალმა ენა ვერ დაძრა. მის წინ საფლავში, ვინ იცის, როდის გარდაცვლილი მეომრის  ძვლები  ეწყო, ჟანგისგან შეჭმული ხმლითა და ფარის ნაშთებით. თვითონ დაასკვნა, ასე ფარ–ხმალი მხოლოდ მებრძოლს შეიძლება ჩაატანოო.  ლოდის სიგრძეზე იწვა, ახოვანი მეომარი,   ნაუცბათევად, უკუბოვოდ დაფლული. ფიცრის მცირედი ნასახიც  კი არ ჩანდა.– თანაც ახალგაზრდა... იქიდან დაასკვნა, რომ გარდაცვლილს  ერთი კბილიცარ აკლდა.  
_ რამდენი საუკუნეა, ნეტავ, აქ რომ განისვენებს?!რაღაც ომის შედეგი უნდა ყოფილიყო. ნეტავ, რომელი ომის?
ჩამოჯდა მიცვალებულის თავთან და ჩაფიქრდა. გაახსენდა: ამას წინათ საქართველოს ისტორიის ქრონიკებს კითხულობდა. ყოველთვის აინტერესებდა თავისი კუთხის ისტორია  და იქ წააწყდა,  რომ ამ ადგილას ადრე ქალაქი ყოფილა გაშენებული. შუა საუკუნეების ქალაქი ჩიხორი. რომ მე-15 საუკუნეში ერთიანი საქართველოს უკანასკნელ მეფეს, გიორგი მერვეს, ბრძოლა ჰქონდა იმერეთის ერისმთავართან, ბაგრატთან,შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ მეორესთანდა რომ ამ ომში გიორგი მერვე დამარცხდა. საქართველოც დაიშალა  სამეფო სამთავროებად. ისტორიაში  შესულიაჩიხორის ბრძოლის  სახელწოდებით. ამ ბრძოლამ და შემდგომში კიდევ სხვა ბრძოლებმა, შინააშლილობებმა ქალაქი გააპარტახა. დღეს ჩიხორს ნაქალაქარის არაფერი ეტყობა, მხოლოდ ერთი კოშკიღაა შემორჩენილი.
გარინდებული, ჭირისუფალივით იჯდა, ფიქრებმა შორს, წარსულში მოისროლეს...
...ქართლოსმა მებრძოლს ხმალი მოუქნია, ახალგაზრდა ჭაბუკმა ფარი უმარჯვა, მაგრამ ხმალი ისეთი ძალით იყო მოქნეული, ძირს დასცა.ხელმეორედ შემართა ხმალი, მიწაზე განრთხმულმა უმწეოდ შემოხედა. ძალიან ახალგაზრდა იყო, ჯერ უწვერო, ლამაზ სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა. ვერ გაიმეტა სასიკვდილოდ, გაიფიქრა:  ომი წაგებულია, მაინც უკან ვიხევთ ამ სამარცხვინო  და ქვეყნის დამაქცევარ ომშიო.  ის იყო, ფეხი მოინაცვლა უკუსვლით, გზა რომ განეგრძო, რომგვერდიდან მახვილი აძგერეს.შებორძიკდა,  მაგრამ არ წაქცეულა.  მერე სისუსტე მოერია მთელ სხეულს, მკლავი  მოუდუნდადა ჩაიჩოქა. ისევ წამოიწია გაჭირვებით,ირგვლივ მიმოიხედა,  ცას სწვდებოდა ცხენთა  ჭიხვინი, ხმლის ჩახაჩუხი,  მებრძოლთა ყიჟინა  და დაჭრილთა გმინვა-კვნესა.ძალადაკარგულს თვალს უბნელდებოდა.ის იყო, უნდა წაქცეულიყო, რომ ნაცნობი ხმა შემოესმა:
_ ქართლოს! ქართლოს! _ მათე ეძახდა,  სიყრმის მეგობარი, რომელთან  ერთად არაერთ ომში მიეღო მონაწილეობა.
მათემ დაჭრილს  ერთი  ხელიწელზე შემოჰხვია, მეორეთიხმალმომარჯვებულმა უკუსვლით მეგობარი ბრძოლის ველს განარიდა. იდგა 1463 წელი. ჩიხორთან  ქართველები, მტრის გასახარად, უმოწყალოდ  ჩეხდნენ ერთმანეთს. საქართველოს მორიგი დაქცევის  ჟამი დამდგარიყო. 
_ ცოტაც, ჩემო ქართლოს, ცოტაც, ამ ფერდობს ავივლით,მერე ტყე იწყება. მდევარიც არ ჩანს, აუცილებლად გავაღწევთ. 
ქართლოსი ხმას არ იღებდა, ხანდახან  თუ აღმოხდებოდა გმინვა. ტყის  პირას პატარა მინდორზე  კაცისოდენა ლოდთან ჩამოისვენეს.  დაჭრილი ზურგით მიესვენა ქვას   და ხმამისუსტებულმა  სვენებ-სვენებით დაიწყო:
– მე აქ დამტოვე, ჩემი ბრძოლა დამთავრებულია,  შენ კი თავს გაურთხილდი. აწი ორ ოჯახზე მოგიწევს ზრუნვა. _ ძლივს ლაპარაკობდა, მძიმედ სუნთქავდა, არემარეს მოავლო თვალი. არცთუ ისე შორს, შემაღლებულ ადგილზე, ეკლესია შენიშნა, მის მიღმა _ მზე, რომელიც მოძმეთა მიერ დანთხეულ სისხლს თვალს არიდებდა და დასალიერისაკენ მიისწრფოდა. გაიფიქრა:ალბათ, მალე ჩავა მზეო. საიდღანაცშავებით შესუდრული ქალი  ამოილანდა.  დააკვირდა. _ ეს ხომ ჩემი ცოლია, უკვე შავებში?! ესენი ვინღა არიან?! _ ორი ბიჭი აქეთ– იქიდან ამოსდგომოდნენ ქალს. _ ჩემი შვილები... _ გასისხლიანებული სახე ცრემლმა ჩამობანა.  ბოლო ძალა მოიკრიბა და განაგრძო: მე საამქვეყნო პირი აღარ მაქვს. ბრძოლის კანონია, თუ შენ არ მოკალი, ის მოგკლავს.ვერ გავიმეტე, ძალიან ახალგაზრდა იყო, მთლად ბავშვი.  _ შეეცადა წამოწეულიყო, ამოახველა, წითლად შეეღება ტუჩები.  _ მე ოჯახი  მაინცმრჩება,  ცოლ-შვილი. ის აწი უნდა ეწიოს ყველაფერს და საოცნებო ერთიანი საქართველოს მხედარი უნდა გახდეს. ჩემს ცოლ-შვილს მიხედე, არავის დააჩაგვრინო, შენი ნათლულიც სახელოვან მებრძოლად გამოზარდე! ყველაფერი გითხარი, აქ, ამ ქვასთან დამასაფლავე.ახლა კი წადი, იქნებ ერთი ყლუპი წყალი მიშოვნო, იქნება აქ, სადმე ტყეში.
მათემ  ქართლოსს გაფითრებულ  სახეზე ხელიჩამოუსვა,  მერე შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია. სიცივე შეპარვოდა სხეულს. ყელში ბურთგაჩრილი, შლეგიანივით გავარდა ტყისკენ...
უცნობი მეომრის  შესახებ. სოფელში მალევე გაიგეს.  გიორგიმმეზობლებს ნიკოს და ზაზას, დაავალა: სოფლის მეკუბოვეს გადაეცით სასწრაფოდ კუბო გააკეთოსო.
გაუკვირდა მეკუბოვეს, რა დაემართა გიორგის, ვინ გარდაეცვალაო.  აუხსნეს ბიჭებმა, არაფერი უთქვამს, მხოლოდღა თავი გადაიქნია და საქმეს შეუდგა. მებრძოლის ნეშტი  ცრემლმორეულმა გიორგიმ კუბოში ჩაასვენა და სახლში წამოასვენა. პანაშვიდზე  ქალაქიდან  დაზაფრულიოჯახის წევრები  ჩამოვიდნენ. ახლობლები  და მეზობლებიცეწვივნენ. წესის ასაგებად სოფლის მღვდელს უხმო.   მღვდელმა კმევა და ლოცვების თქმა  დაიწყო: – წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულთა მიცვალებულთა, საუკუნიდან ამ ჟამამდე შესვენებულთა მონათა მხევალთა შენთა... ბრძოლის ველზე მომწდართა... სამშობლოსათვის თავდადებულთა...  ხალხისაგან დავიწყებულთა...   შეყოვნდადა გიორგის მიმართა: 
–  კარგი იქნებოდა, სახელით რომ მოგვეხსენებინა,  მაგრამ...  
_ მე ვიცი მაგის სახელი, ქართლოს ქართველიშვილით მოიხსენე. _ მღვდელს გაკვირვება რომ შეატყო, ისევ გაუმეორა, _ ჰო, ქართლოს ქართველიშვილი.
_ საუკუნო იყოს ხსენება მისი! _ გაიმეორა მღვდელმა რამდენჯერმე და სულის მოსახსენებელი პანაშვიდი დაამთავრა.  
დამკვიდრებული, ტრადიციული  წესისა და რიგის მიხედვით  გადაიხადაგიორგიმ ქელეხი, დიდი გულისტკივილით დაიტირა  და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალა.  საფლავის ქვაზე კი დააწერა: საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი  გმირი ქართლოს ქართველიშვილი. 
დროის მდინარებამ ეს ამბავიც წარსულს გადაულოცა და მისთვის ჩვეული ცხოვრება განაგრძო.  წუთისოფლის არტახებში მოქცეული გიორგიც წუთისოფლის კანონებით აგრძელებდა ცხოვრებას.  ყანაში ნაპოვნი ლოდი ქვის მთლელს მოაპირკეთებინა და შემოღობა.  თავისუფალ დროს მივიდოდა ხოლმე, ჩამოჯდებოდა, ჭიქას წაუქცევდა     ბრძოლაში დაღუპულს და  თავის მიცვალებულებთან ერთად მოიხსენებდა. ხის დარგვაზეც  ფიქრობდა, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა, რომელი ხე დაერგო. იმ წელს გვარიანად ჩამოთოვა,გაჭიანურებული ზამთრისაგან შეჭირვებულს ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა გარეთ და საგაზაფხულო საქმიანობასშეუდგებოდა.  გაზაფხულის  პირველი მაცნეების ამოწვერისთანავე  გასწია თავისი ხარებით  ფერდობის მოსახნავად. სანამ ხვნას შეუდგებოდა, მივიდა ქვასთან,  ჩაამოჯდა და გაიფიქრა: ქართლოსის სული ახლა, ალბათ ,ზეციურ საქართველოში, თავისიანებთანნეტარებსო.  ვალმოხდილი კაცივით გაიღიმა, ფეხზე წამოიმართა  და ის იყო, საქმიანობას უნდა შესდგომოდა,  რომ  მისი ყურადღება ქვის ძირში,  ახლად შეფოთლილმა, პატარა მცენარემ  მიიქცია. დაიხარა, კარგად დააკვირდა,  მერე ნორჩ ფოთლებს ფაქიზად მიუალერსა  და უჩვეულოდ აღტყინებული,  ფრთაშესხმულივით შეუდგა საქმიანობას.  
მიწის წიაღიდან მუხა ამოწვერილიყო და მზეს შესციცინებდა.
             

2020 წელი, თბილისი.         скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge