გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - რამდენიმე ნიუანსი მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“


         ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული დარგია ლიტერატურა. საკაცობრიო ისტორია მრავალ პროზაულ თუ პოეტურ ნაწარმოებს იცნობს, რომელთა მნიშვნელობა საუკუნეობრივად ასაზრდოებდა ადამიანთა ცნობიერებას და პრაგმატული რეალიზმის სასოწარკვეთილებას ამსუბუქებდა. ლიტერატურული ნიმუშების გაცნობა მკითხველს რამდენადაც სულიერ სიმშვიდესა და ნეტარებას ჰგვრის, იმდენადვე ეხმარება ყოველდღიური რუტინის გამრავალფეროვნებაში, საკუთარი განვლილი ცხოვრების გადაფასებასა და საკუთარი ,,მეს“ გარეგანი თვალით დაკვირვებაში. დამოუკიდებელი ჭვრეტა ხორციელდება მაშინ, როცა სუბიექტის ობიექტივიზაცია ხდება... საბოლოოდ, ამ მიზანს ემსახურება სახელოვნებო ქმნილებათა არსებობა.
       მაგდა გოშნიაშვილის ნაწარმოებში - ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ ვხვდებით მრავალ საინტერესო პასაჟს. ავტორისეული მისტიფიკაციები ტექსტს მიმზიდველ დინამიკას სძენს, რაც ხისტი, ცხოველური რეალიზმიდან გულისამაჩუყებელ სენტიმენტალიზმში გარდაისახება. ვერ ვიტყვით, რომ ნაწარმოები მხოლოდ ფიქციური ეფექტით ხასიათდება, არამედ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს წინადადებათა ტროპულ ესთეტიკას, რაც ყოველდღიური, ყოფითი ერთსახოვანების გადატანაა ნაწარმოებში. მიუხედავად მნიშვნელოვანი სიახლის არარსებობისა, ტექსტში ორიგინალური სამწერლო მიგნებების დანახვა შესაძლებელია, რაც გამოიხატება ავტორის მიერ ბუნებრივი სიუჟეტური ქარგის შექმნით, საგნებისა და პერსონაჟების ზედმიწევნით დახვეწილი აღწერით.
        გოშნიაშვილი ცდილობს, რომ ადამიანთა ცხოვრების ყოველდღიური ფაქტების ჰიპერბოლიზება მოახდინოს, რაც კადეანციური განსრულების სახით წარმოდგინდება. შექმნილი პერსონაჟებისათვის გარემო და სივრცე ლაკრიმატორებად ქცეულა; მათ სურთ, რომ დაშვრენ ტირილში, გული მოიოხონ, შინაგანი დარდი და მწუხარება შესაფერისად გააცნობიერონ და ბედნიერებისაკენ სავალი გზები მოძებნონ. ავტორი ცდილობს მასების ფსიქოლოგიური პორტრეტი წარმოგვიდგინოს, როგორც მოკვდავთა ობლიგატური იგივეობა. ის ულტიმატიზმი და ფორმალიზმი, რაც ნაწარმოების მთლიან პათოსს ჰქმნის, ლამარკისტული პრიმიტივიზმით ხასიათდება, სადაც ცოცხალი ბუნების მგზნებარებას სრულად განსაზღვრავს საგანთა თვისებები, ადამიანები კი არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი, სამომხმარებლო ნივთებისაგან, არამედ ისინი უსულო საგნებზე ბევრად უმწეონი არიან. წიგნის პერსონაჟები პოზიტიურად განიცდიან ჰიპოტეტურ იდიოსინკრაზიას სიმდიდრის, ძალაუფლებისა და სამომხმარებლო ნივთების მიმართ, ხოლო ნეგატიურად - სიყვარულის, ადამიანური სათნოებისა და ოჯახური იდილიის მიმართ. ერთის მხრივ, თითქოს მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ თავდაპირველი ნავთსაყუდელი, სადაც ესა თუ ის პერსონაჟი მენტალურად თუ კარიერულად ვითარდება, - სათაყვანებელი და საოცნებოა.., რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ადამიანმა ნორმალურად და დაფასებულად შეიძლება იცხოვროს, ისე, როგორც ცხოვრობენ ბედნიერი ადამიანები - ბედნიერ ქვეყანაში. მაგრამ ნაწარმოების 2/3-ში იმას ვხედავთ, რომ ადამიანური სიკეთენი რჩება საქართველოში, რჩება ყოველი სათნოება და ამაღელვებელი გრძნობა, რაც შეიძლება რაციოს კეთილშობილებას გააჩნდეს, ხოლო ის ყოველივე, რაც გარეგანი დამატებანია: ფული, სიმდიდრე, ძალაუფლება, ცნობადობა, სრულყოფილი ცხოვრების დინამიკა - გადაინაცვლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 
         განსაკუთრებული როლი ამ ნაწარმოებში უჭირავს ამარიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს. ვხედავთ, რომ სინამდვილეში არც ისეთი ბედნიერების მომტანი ქვეყანა ყოფილა საქართველო ეგოიზმით შეპყრობილი და ზოგადკეთილშობილური გრძნობებისაგან დაცლილი ადამიანებისათვის... ან, იქნებ, ჩვენმა ძვირფასმა ქვეყანამ (რომელიც, არ გაგიკვირდებათ და, ნაწარმოებშიც საქართველოა) აქცია აღნიშნული წიგნის პერსონაჟები ისეთ უსუსურ და დაბეჩავებულ მოკვდავებად, რომელთაც ჰგონიათ, რომ ბედნიერება წარმატების მიღწევასა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენაში მდგომარეობს, რომ საკუთარ, პირად ინტერესებს შეიძლება შესწიროს ადამიანმა ყოველი კეთილმოსურნის გრძნობები?.. საბოლოოდ კი - საკუთარი კეთილშობილური გრძნობების გაღვივებაც ამ ჩვენი ,,უდიდებულესი“ ქვეყნის წყალობით შეძლეს წიგნის პერსონაჟებმა.
         მ. გოშნიაშვილის სამწერლო სტილი საინტერესოა, ჩამოყალიბების პროცესშია, იხვეწება და ისწრაფვის სრულყოფილებისაკენ. პაზიგრაფიული ნიშნებით დაბალანსებულ ნაწარმოებში ავტორისეული ლაკონიზმი გამოსჭვივის, თუმცა ტექსტუალური ზიგომორფულობა არაერთგზის არის დარღვეული. პერსონაჟებს აშკარად ახასიათებთ ხელოვნური, ულოგიკო ობივატელიზმი, რაც მეტად ნეგატიურ განწყობილებას აჩენს მკითხველში. ავტორმა ვერ შეძლო პერსონაჟთა ლექსიკური დიფერენციაცია, ვერ აპოვნინა მათ საკუთარი მეტყველება - მენტალობის, პროფესიისა თუ ზოგადმსოფლმხედველობრივი მიმართულებით, როგორი პათოსითაც ისინი პოზიციონირებენ. შეგვიძლია, აღნიშნული ტექსტის ენა მივიჩნიოთ ავტორის სამომხმარებლო ენად და არა სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოების ენად. აქედანაც გამომდინარეობს ჩვენი ზემოაღნიშნული ფრაზა: გოშნიაშვილი ლიტერატურული სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის. სვლა არასოდეს არის მარტივი, პირიქით, მეტად რთულია; თუმცა, ჩვენის ხედვით, მაგდა გოშნიაშვილი უსათუოდ მიაღწევს იმ ინსტანციას, სადაც ტექსტის ენა გვესახება, სადაც ტექსტის ენის ნაწილი გახდება ავტორი, - სრულად გაუჩინარდება ნაწარმოების დიდებულებაში და არა პირიქით. ავტორის საყოფაცხოვრებო ენისაგან სრულად უნდა განიძარცვოს ტექსტი.
    ,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“ შედგება 38 თავისაგან. ტექსტის მსვლელობა ვითარდება ერთი ოჯახის ირგვლივ, რომლის თავდაპირველი და გამოკვეთილი წარმომადგენლის - სოსო რობაქიძის ირგვლივ იქმნება სიუჟეტი. ეს ყმაწვილი ახალგაზრდა ექიმია, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა და რომელსაც შეუყვარდა მისი კურსელი გოგონა, - შორენა დევდარიანი. ისინი დაქორწინდნენ. 
     თავდაპირველად, სოსო რობაქიძის ოჯახის ირგვლივ ვითარდება მოვლენები, მაგრამ ნაწარმოების მსვლელობაში შემოდის სხვა სიუჟეტები და პერსონაჟები. ნაწარმოების დასაწყისში, ავტორი გვიხატავს აღნიშნული პერსონაჟის ფსიქოპორტრეტს, რომელიც სავსებით ჩვეულებრივი, ნიჭიერი, გონიერი, საკუთარი საქმისა და ოჯახის მოყვარული პიროვნება ჩანს, მისი მეუღლე კი ყოველი ჩამოთვლილი თვისებით დაჯილდოებული, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სითამამე და საკუთარი თავის რწმენა არ გააჩნია, რაც შინაგან კომპლექსებს აღუძრავს. 
     ავტორს შორენა დევდარიანში განსახიარებული ჰყავს ქართველი, კომპლექსიანი ქალი, რომელიც უგრძნობ და შინაგანი ინტელექტის არმქონე - ქართველ კაცებს იმიტომ მოჰყავთ ცოლად, რომ მათთან იჟიმაონ შვილის ან შვილების გაჩენის მიზნით, ყოველი სექსის შემდეგ კი დაუბრუნდნენ ცხოვრებისეულ რუტინას. წავიდნენ უნივერსიტეტში სასწავლებლად, მეგობრებთან დასალევად, ან სამსახურში, სადაც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე გულმოდგინე ზრუნვას განაგრძნობენ... შემდეგ ისევ მივიდნენ სახლში, ცოლის მიმართ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოხატონ კეთილგანწყობა, ან საერთოდ არ გამოავლინონ სითბო და სიყვარული, დაისვენონ და დაიძინონ. მეორე დღეს კვლავ სამსახურში გაეშურონ, რათა მიიღონ გასამრჯელო საარსებოდ და კარიერული განვითარების ფერხულში ჩადგნენ.
      სოსო რობაქიძის მშობლებში განსახიერებულია მზრუნველი, საკუთარი შვილით აღფრთოვანებული, მერკანტილური აზროვნების მშობლები, რომელთან რძლის ფუნქციად მხოლოდ შვილების აღზრდა ესახებათ, არასოდეს მოსწონთ რძალი, რადგან საკუთარი ,,ვაჟკაცის“ შესაფერისად არ მიიჩნევენ და გარდასულ დროთა ნოსტალგიაც კი იპყრობთ, - ხომ შეიძლებოდა, რომ ჩვენი მეგობრის შვილზე დაქორწინებულიყო, ნამდვილად ჩვენი ბიჭის შესაფერისი იყო ის გოგო... არც ახლა არის გვიანო. სოსოს დედა გამოირჩევა მსგავსი ფარული შეტევებით რძლის მიმართ, მამა კი ყოველთვის თავშეკავებულია და მისი შვილის რჩეულის მხარეს იცავს, რომელიც მისი შვილიშვილების დედაც გამხდარა. 
      დასაწყისშივე ვხვდებით შორენას დის ცხოვრების მიმოხილვას, მისი დაქორწინებამდელი და დაქორწინების შემდგომი ცხოვრების მსვლელობას, რაც ნაწარმოების განვითარებასთან ერთად აქტუალური ხდება. 
      ტექსტი პერსონაჟების სიუხვით გამოირჩევა. დროის პოსტულატი შემოუფარგლავია, სხვადასხვა დროის მონაკვეთში მიმდინარეობს მსვლელობა, არ გვაქვს ცალსახა მიმართულება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ავტორი შეთხზვის პროცესში ლავირებდა, წინასწარი სტრუქტურა არ ჰქონდა შექმნილი, ერთგვარი მონახაზი, რაც საშუალებას მისცემდა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო თხრობისას. 
       განვლო წლებმა და სოსო რობაქიძე წარმატებულ ექიმად იქცა თბილისში, სადოქტორო დისერტაციაც კი დაიცვა. შემდგომ ამისა, ხდება ისეთი რამ, რაც სრულად გვიჩვენებს ამ პიროვნების ფსიქოპორტრეტს: როცა სამსახურიდან აშშ-ში ერთი კვირით კონფერენციზე გაემგზავრა, იქვე დარჩა საცხოვრებლად; მიატოვა რა ოჯახი, სამსახური და თავისი ქვეყანა, უკანაც კი არ მოუხედავს. იქვე, ექიმთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიცნო მარტოხელა ქალი, რომელთანაც აიწყო ურთიერთობა. თავდაპირველად მოქალაქეობის მიღებისა გამო მოაწერა ხელი, შემდგომში კი სასიყვარულო ვნებებიც აღეძრა. უპირველესი მიზანი, რაც სოსო რობაქიძეს ამოძრავებდა სხვა არა იყო რა, გარდა კარიერული პროგრესისა და მომხვეჭელობისა, რამეთუ მედიცინა აშშ-ში მაღალგანვითარებული გახლდათ, ჩვენი რომანის მთავარ პერსონაჟს სხვა არაფერი აინტერესებდა. შემდგომში ამისდა მიხედვით ვითარდება ერთდროულად რამდენიმე სიუჟეტი.
     ადამიანმა, რომელსაც, ერთის შეხედვით, არაფერი აკლდა, იქნებოდა ეს ოჯახური სითბო და მზრუნველობა თუ კარიერული წარმატება, მიატოვა ყველაფერი და უკეთესი ცხოვრების მოლოდინში სხვა ქვეყანაში გადაწყვიტა ფეხის მოკიდება. 
      ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი გვესახება ტიპიურ ცედენტად, რომელიც საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების სხვებისათვის გადაბარებას არ ერიდება, პათოგენური გამოვლინება კონკრეტულ დარგში საერთაშორისო აღიარების ცხოველმყოფელ სურვილში მდგომარეობს, რაც ადამიანს უარს ათქმევინებს ყოველგვარ ადამიანურ სულიერებასა და ზნეობრიობაზე. აღწევს წარმატებას და რჩება საკუთარი თავის ტყვეობაში, მისი არსება საგიტალური გაყოფის მოლოდინშია და როცა კარიერულ მწვერვალზე აღმოჩნდება, როცა მისთვის შესაძლებლობების ტაბლდოტი გაიშლება, სწორედ მაშინ იწყება სულისშემძვრელი დანაწევრება მისი პიროვნულობისა.
     აღნიშნული ნაწარმოების დასაწყისიდან დასასრულამდე მრავალგვარ საინტერესო ეპიზოდს ვხვდებით. მ. გოშნიაშვილმა ტექსტუალურ პასაჟებში წარმოსახვითი იდეოგრამები შემოგვთავაზა, რისი საშუალებითაც მკითხველის გონებაში ისახება ვალიდური ცნებები, ზოგადჭეშმარიტ ღირებულებათა გარდაუვალობა, სულიერებისა და სათნოების მოთხოვნილება. 
      ვთვლით, რომ მაგდა გოშნიაშვილი უდავოდ საინტერესო და გამორჩეული შემოქმედია, დახვეწილი და მგრძნობიარე. პროზაული ტექსტების კვალდაკვალ, ჩვენს მიერ განხილული ნაწარმოები (,,ალპური ვარდი, ანუ თოვლზე ამოსული როდოდენდრონი“) მეორე ნამუშევარია მის შემოქმედებაში. ცხოვრებისეული დრამებით აღსავსე რომანი მკითხველს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს და მღელვარე წუთებს აჩუქებს.
 22.11.2020.      
                       скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge