გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ფარსმან ფორჩხიძე - სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის

ფარსმან ფორჩხიძე

ფარსმან ფორჩხიძე

სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის
XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს პოლიტიკურ დაშლილობას ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია ჰქონდა. დაშლილობის ასეთმა ხანგრძლივობამ  მკვეთრად შეაფერხა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული წინსვლა.მიუხედავად ასეთი მძიმე ვითარებისა, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ენისა და მწერლობის  ტრადიციები იმდენად გამძლე იყო, რომ პოლიტიკურად გათიშულ სამეფო- სამთავროებს შორის კავშირი ცოცხლობდა. სამეფო-სამთავროებს ერთმანეთთან აკავშირებდა სოციალურ ეკონომიკური ცხოვრების საერთო თვისებები.
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის სამეფო სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ოსმალეთის ძველი გავლენა იმერეთის სამეფოზე ფაქტობრივად წარსულს ჩაბარდა, იმერეთი უკვე 40 წელი აღარ იხდიდა ხარკს ოსმალეთის სასარგებლოდ, რამაც სამეფოს ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყო ხელი, ახლა მთავარი ამ წარმატებების შენარჩუნება და კიდევ უფრო განმტკიცება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა  სოლომონ II_ის პოლიტიკა. დავითი( შემდგომში სოლომონ II), დაიბადა 1772 წელს იმერეთის მეფის სოლომონ I_ის  ძმის, არჩილისა და ერეკლე II_ის ასულ ელენეს ოჯახში. ვინაიდან სოლომონ I_ს ტახტის მემკვიდრე შვილი არ დარჩა, მან თავის სიცოცხლეშივე მემკვიდრედ თავისი ძმის-არჩილისა და ერეკლე II_ის ქალიშვილის _ ელენეს შვილი _ დავითი აღიარა.
1783 წლის 23 აპრილს  გარდაიცვალა სოლომონ I, მაგრამ იმერეთის   სამეფოს გავლენიანმა თავადებმა სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან ერთად  ტახტზე აიყვანეს არა დავით არჩილის ძე (რომელიც ამ დროს 12 წლის იყო), არამედ სოლომონ I_ის ბიძის, გიორგის ვაჟი _დავითი (29 წლის). იმერეთში, რასაკვირველია, დავით არჩილის ძის მომხრეებიც იყვნენ, თუმცა მისი არასრულწლოვნების გამო 1784 წელს დავით გიორგის ძე გამეფდა. მიუხედავად იმისა, რომ ტახტზე დავით გიორგის ძე ავიდა, იგი გვერდს ვერ აუვლიდა სოლომონ I_ის ანდერძსა და ერეკლე II_ის  მოთხოვნას, ტახტის კანონიერ მფლობელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, იმერეთის მეფემ  დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სამეფო ტახტის დათმობა აღუთქვა. დავით გიორგის ძე უძლური აღმოჩნდა იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო საკითხების მოგვარებაში. შიგა არეულობამ, გავლენიანი თავადების მძლავრობამ და თვითნებობამ, თურქთა თავდასხმებმა, რაც სოლომონ I_ის გარდაცვალების შემდგომ გახშირდა,  იმერეთის მეფის ხელისუფლების დაკნინება გამოიწვია. ამასობაში დავით არჩილის ძეც სრულწლოვანი გახდა, თუმცა მეფე პირობის შესრულებას და სამეფო ტახტზე უარის თქმას არ აპირებდა.
1789 წლის 11 ივლისს დავით გიორგის ძე იმერელმა ფეოდალებმა ხონის მახლობლად დაამარცხეს, რის შემდეგადაც იგი ახალციხეში გაიქცა. იმერეთის ტახტზე დავით არჩილის ძე ავიდა. ბიძის პატივსაცემად მას სოლომონ II ეწოდა „იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ, ძე არჩლისა, და დაიპყრა ყოველი იმერეთი“. დავით გიორგის ძე „თავის ბედს“ არ შეგუებია და ახალციხიდან ოსმალთა და ლეკთა ჯარებით 1790 წელს ორჯერ შემოიჭრა  იმერეთში, თუმცა ამაოდ, სოლომონმა ის საბოლოოდ დაამარცხა.
მიუხედავად იმ რთული და მძიმე ვითარებისა, რაც საქართველოს ყველა სამეფოსა და სამთავროში სუფევდა, საქართველოს გაერთიანების იდეა არასოდეს ჩამკვდარა და დასამარებულა. იგი მუდამ არსებობდა მოწინავე წრეებში, თუმცა მისი განხორციელება ყოველთვის რთულ და გადაულახავ დაბრკოლებებს აწყდებოდა. ეს აზრი კიდევ უფრო გამძაფრდა და დღის წესრიგში დადგა XVIII საუკუნის მიწურულისათვის. იმერეთში არსებობდა აზრი ქართლ-კახეთთან შეერთების შესახებ, თუმცა იმ დროის პირობებში, იმ საგარეო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც შექმნილი იყო  რუსეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის გავლენით, საქართველოს გაერთიანება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა.
იმერთა მეფე სოლომონ II  ენერგიულად იბრძოდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთიანობისათვის. იგი ძალ-ღონეს არ იშურებდა გურიისა და სამეგრელოს მთავართა დამორჩილებისა და ქვეყნის პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის. მან მოახერხა გურიის სამთავროს რამდენადმე დამორჩილება, თუმცა სამეგრელოს მთავარი, ურჩი დადიანის მორჩილებაში მოყვანა მეფეს ძლიერ უჭირდა.  სოლომონი სამეგრელოს მთავარს როგორც ურჩ ყმას ისე უყურებდა, მისი აზრით დადიანი, ისევე, როგორც სხვა დასავლეთ საქართველოს მთავრები, მეფის მორჩილი  უნდა ყოფილიყო. სოლომონი ყოველი გზით ცდილობდა სამეგრელოს ურჩი ფეოდალი გრიგოლ დადიანი მორჩილებაში ჰყოლოდა. სოლომონმა მოახერხა და შეიპყრო გრიგოლი, რომელიც გარკვეული პერიოდი ტყვეობაში ჰყავდა ქუთაისში, ხოლო სამეგრელოში მთავრად დასვა მისი ძმა - მანუჩარი. მიუხედავად სოლომონის ამ მოპოვებული წარმატებისა, მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა. გრიგოლმა საიდუმლო კავშირი გააბა თავის ბიძა გიორგი დადიანთან, მისი და მათ მხარეზე გადმობირებული ლეჩხუმის მოურავის, - ქაიხოსრო გელოვანის დახმარებით გრიგოლმა შეძლო და ტყვეობას თავი დააღწია. „გიორგიმ მიიმხრო გელოვანი, ერთ ღამეს მათ ქუთაისიდან გააპარეს გრიგოლი და ნოღას ციხეში მიიყვანეს. გრიგოლი ცდილობდა სოლომონთან შერიგებას, თუმცა რასაკვირველია სოლომონმა მისი წინადადება  არ მიიღო. მიუხედავად იმერთა მეფის დიდი მცდელობისა, მან ვერ შეძლო ნოღას ციხის აღება და გრიგოლის დამორჩილება, ამიტომ იძულებული გახდა საქმე მორიგებით დაესრულებინა. 1799 წელს  გრიგოლმა კვლავ მიიღო სამეგრელოს მთავრის ტიტული ხოლო მანუჩარმა სალიპარიტიანო ჩაიბარა. მიუხედავად ამ „შერიგებისა“  გრიგოლ დადიანსა და სოლომონს შორის ფარული თუ აშკარა ბრძოლა კვლავაც გრძელდებოდა.
სოლომონ მეფისაგან თავის დასაღწევად გრიგოლ დადიანმა დახმარებისათვის მიმართა რუსეთის წარმომადგენელს საქართველოში, პავლე ციციანოვს, რომელსაც რუსეთის მფარველობაში შესვლა სთხოვა.
რუსეთის მფარველობას იმერეთის მეფე სოლომონიც ითხოვდა, იგი თავისი მეფობის საწყისი წლებიდანვე ცდილობდა  გაეფორმებინა ქართლ-კახეთისა და რუსეთის იმპერიას შორის  1783 წელს დადებული „გეორგიევსკის“ ტრაქტატის მსგავსი ხელშეკრულება, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთს აღარ აწყობდა „გიორგიევსკის ტრაქტატის“ მსგავსი ხელშეკრულებათა გაფორმება იმერეთის სამეფოსთან. რუსეთის იპერიას საბოლოოდ ჰქონდა მთელი საქართველოს შეერთება გადაწყვეტილი.  XIX საუკუნის დამდეგს  სოლომონ მეფეს რუსეთმა „მფარველობაში“ მიღებაზე დიპლომატიური უარი იმ საბაბით შეუთვალა, რომ  ოსმალეთთან „მეგობრული“ ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა ამ მეგობრულ ურთიერთობას შემდგომში ხელი არ შეუშლია რუსეთისათვის დახმარების ხელი გაეწოდებინა სამეგრელოს მთავრისათვის და იგი რუსეთის მფარველობაში მიეღო. რუსეთმა დახმარების ხელი დადიანს გაუწოდ არა იმიტომ, რომ იგი ებრალებოდა, ან სამეგრელოს მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა, არამედ იმიტომ, რომ იმერეთის მეფე კიდევ უფრო დაესუსტებინა და შემდეგ თავისი სურვილები ეკარნახა მისთვის. დადიანი უნდა გადაქცეულიყო რუსეთის იარაღად იმერეთის სამეფოს შემდგომ გაუქმების საქმეში. სოლომონ II ამას გრძნობდა და ამიტომ იყო, რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან დღითიდღე  მწვავდებოდა.
1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ აშკარა იყო, რომ მეფის რუსეთი ვერ შეურიგდებოდა დასავლეთ საქართველოში დამოუკიდებელი მეფის  ხელისუფლების შენარჩუნებას, მით უფრო ისეთი მეფისა, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა-აღდგენისათვის იბრძოდა. მეფის რუსეთი ხელს უწყობდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური დაშლილობით დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ალექსანდრე I-ს მიმართავდნენ დახმარებისათვის. ეს ნათლად გამომჟღავნდა დამოკიდებულებაში სამეგრელოს სამთავროსადმი. მთავრის თხოვნა მფარველობაში მიღებისა და სოლომონ მეორისაგან დაცვის შესახებ, რუსეთის მთავრობისათვის პირდაპირ მისწრება იყო. სოლომონ მეფის პროგრესული მიზნები, რუსეთის დახმარებით ქვეყნის გაერთიანებისა და საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ, - განწირული აღმოჩნდა.
1803 წლის 4 დეკემბერს სამეგრელოს სამთვარო რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. იმერეთის სამეფო, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის მხრიდან რუსეთის ჯარებით იქნა გარშემორტყმული და სოლომონ II იძულებული ხდებოდა მთავარმართებლის - პავლე ციციანოვის ნებას დამორჩილებოდა.  სამეგრელოს სამთავროს მიღება მფარველობაში რუსეთისათვის აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დასავლეთ საქართველოს შემოერთების საკითხში.
მას  შემდეგ, რაც რუსეთმა სამეგრელოს სამთავრო შეიერთა, მთავარმართებელ ციციანოვის ქედმაღლობა იმერეთის მეფის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. სიტუაცია რუს მოხელეებსა და მეფეს შორის სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა იმ ფონზე, რომ რუსეთი ყოველგვარად ცდილობდა იმერეთის საშინაო საქმეებში ჩარევას. სოლომონ II კი მთელი მონდომებით ცდილობდა იმპერიის მფარველობაში შესვლას საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. ამ მიზნით იმერეთის სამეფო კარმა პეტერბურგში გააგზავნა „ვიცე-კანცლერი“ სოლომონ ლიონიძე, რომელმაც 1803 წლის 5 აგვისტოს რუსეთის საიმპერატორო მთავრობას მფარველობითი ტრაქტატის ძირითადი მუხლები წარუდგინა.  იმერეთის მეფემ იცოდა, რომ რუსეთთან გაფორმებული მფარველობითი ტრაქტატი სანდო არ იქნებოდა, ამიტომ იგი ხელშეკრულების საერთაშორისო აქტად გამოცხადებას ითხოვდა. ცხადი იყო, რომ სოლომონ ლიონიძის ელჩობა პეტერბურგში მარცხით უნდა დასრულებულიყო, ვინაიდან მფარველობითი პუნქტების ამოსავალი წერტილი 1783 წლის ტრაქტატი იყო. XIX  საუკუნის დასაწყისში ასეთი ხელშეკრულების არსებობა რუსეთს საერთოდაც არ აწყობდა.
იმერეთის სამეფოს ბედი რუსეთის მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს სოლომონმაც კარგად იცოდა. სოლომონ მეორე ხვდებოდა რა რუსეთის დაუფარავ ზრახვებს იმერეთის სამეფოს სრულ დამორჩილებასა და შეერთებასთან დაკავშირებით, მან სოლომონ ლიონიძის პეტერბურგში ელჩობის პარალელურად მეორე ელჩი გაგზავნა ოსმალეთის სულთანთან თხოვნით, რათა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვებისაგან თავდასაცავად ოსმალეთის დახმარება მიეღო. მან გრიგოლ დადიანსაც მიმართა მორიგების თხოვნით, თუმცა აქედანაც არაფერი გამოვიდა. სოლომონს ოსმალეთმაც უარი უთხრა დახმარებაზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ პერიოდში ოსმალეთს რუსეთთან მეგობრობა ბევრად უფრო სჭირდებოდა, ვიდრე იმერეთის სამეფოს დახმარება. ხოლო მას შემდეგ, რაც ციციანოვისთვის ცნობილი გახდა, რომ ოსმალეთის სულთანი იმერეთის რუსეთისათვის საბოლოოდ დათმობის წინააღმდეგი აღარ იყო, იგი აშკარა მტრობაზე გადავიდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ და სამეფოს იმპერიისათვის სრულ დამორჩილებას შეუდგა. ციციანოვს ნაბრძანები ჰქონდა იმერეთის სამეფოს ძალით მორჩილებაში მოყვანა, თუმცა, რასაკვირველია, მისთვისაც და რუსეთის მთავრობისთვისაც ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა თუკი იმერეთის მეფე თავისი ინიციატივისა და თხოვნის საფუძველზე გაუგზავნიდა რუსეთის იმპერატორს „სათხოვარ პუნქტებს“.    
მოვლენათა მსვლელობამ სოლომონ II იძულებული გახადა პავლე ციციანოვთან მოლაპარაკებები გაემართა. სოლომონი რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შესვლას ითხოვდა, მაგრამ იმ პირობით, რომ მას შეუნარჩუნდებოდა მეფობა  და  ლეჩხუმი, რომელიც მას დადიანმა წაართვა, უკან დაუბრუნდებოდა. ეს უკანასკნელი პირობა ციციანოვისთვისა და რუსეთისათვის მიუღებელი იყო, არამარტო იმიტომ, რომ ლეჩხუმი უკვე დადიანს ჰქონდა ჩაბარებული, არამედ იმიტომ, რომ რუსეთის მთავრობა კარგად იყო მიხვედრილი სოლომონ მეორის გამაერთიანებელ  ზრახვებს დასავლეთ საქართველოს მიმართ, რაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნდათ.
ციციანოვმა სოლომონ მეფესთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მიხეილ ვორონცოვი, რომელსაც თავისივე შედგენილი ტექსტი გაატანა, რომლის მიხედვითაც მეფეს უნდა ეთხოვა ალექსანდრე პირველისათვის იმერეთის მფარველობაში შესვლა. სოლომონმა ამ პირობების მიღებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მეფე დაჟინებით ითხოვდა ლეჩხუმს.
ციციანოვი მეფის წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობდა და მასთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვდა, სოლომონ მეორე და მთავარმართებელი პავლე ციციანოვი ერთმანეთს შეხვდნენ სოფელ ელაზანურში. იმერთა მეფე დაჟინებით ითხოვდა მისთვის ლეჩხუმის გადაცემას, თუმცა ციციანოვი ამაზე არ თანხმდებოდა, რადგან ლეჩხუმი უკვე დადიანის საკუთრებად ითვლებოდა, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
1804 წლის 20 აპრილს რუსთა ჯარი იმერეთში შეიჭრა და ხალხს რუსეთის ერთგულებაზე აფიცებდა. სოლომონ მეფე იძულებული გახდა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ნაკარნახევი სამფარველო პირობები მიეღო. 1804 წლის 25 აპრილს იმერეთის მეფემ ხელი მოაწერა სათხოვარ მუხლებს, რომლითაც მეფე რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომი გახდა, ხოლო იმერეთის სამეფო უშუალოდ რუსეთის შემადგენელი ნაწილი, იმერეთის სამეფოსთან ერთად რუსეთის მფარველობაში მიღებულად გურიის სამთავროც ჩათვალეს. ეს გარემოება სოლომონ მეფის ერთ ერთ მიღწევად უნდა ჩაითვალოს. ტრაქტატის მიხედვით, იმერეთის მეფობა სოლომონ II_ს საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა, სოლომონს ტახტის მემკვიდრე შვილი თუ არ ეყოლებოდა, მისი ძმისშვილი კონსტანტინე ბატონიშვილი უნდა ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე. იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა რუსეთის იმპერატორის სიგელით უნდა დამტკიცებულიყო, ქვეყნის ადმინისტრაცია და სამართალი მეფის ხელში რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეები კი რუსული კანონებით უნდა განსჯილიყო. ელაზნაურის ტრაქტატით სოლომონ მეორის, როგორც მეფის უფლებები ფაქტიურად  არარაობამდე დავიდა. იგი მოცემული პირობებით რუსეთის მთავრობის უბრალო მოხელე ხდებოდა. მართალია რუსეთი აღიარებდა იმერეთის სამეფო ტახტზე სოლომონის მემკვიდრეობითობას, მაგრამ გაფორმებული აქტი მეფეს ფაქტობრივად რუსი მოხელეების ნება-სურვილის აღმსრულებლად ხდიდა.
ამგვარად, 1804 წლის 25 აპრილის აქტით იმერეთის სამეფომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა არსებობა შეწყვიტა და რუსეთის იმპერიის პროვინციად იქცა.
სოლომონ II ყველა საშუალებით იცავდა რა თავის სამეფოს თავისუფლებას ცარიზმის მოსალოდნელი კოლონიური ჩაგვრისაგან, ამჯერად თავი დამარცხებულად სცნო, მაგრამ მისი მხრიდან ეს იყო მხოლოდ შესვენება ძალების მოსაკრებად  გადამწყვეტი შეტევის წინ, რომლის წამოწყებასაც აპირებდა, მაგრამ არა მარტო ფეოდალურ წოდებასთან ერთად, არამედ მას ჩაფიქრებული ჰქონდა ბრძოლა გაეშალა უფრო ღრმად და ფართოდ, ჩაება მასში ხალხის ფართო მასები.
1804 წლის 29 მაისს რუსეთის წარმომადგენლად იმერეთში დაინიშნა პეტრე ლიტვინოვი, რომელიც დაახლოებით 80 ჯარისკაცის თანხლებით 1804 წლის 4 ივნისს გამოცხადდა მეფესთან ქუთაისში. ლიტვინოვი იმერეთში ფართო უფლებებით აღჭურვილი ჩამოვიდა. ფორმალურად ლიტვინოვი მომრიგებლის როლში გამოდიოდა იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავარს შორის, თუმცა მის ნამდვილ მიზანს იმერეთში რუსთა ჯარების მატება და საბოლოოდ მოსახლეობასა და საზოგადოების ფართო მასებში იმერეთში სამეფო ხელისუფლების საბოლოო გაუქმებისათვის ნიადაგის მომზადება იყო. ლიტვინოვი მეფისგან ითხოვდა პეტერბურგში სამადლობელი დეპუტაციის გაგზავნას იმპერატორის წინაშე, მეფე ასეთი დეპუტაციის გაგზავნას საჭიროდ არ თვლიდა, ვინაიდან მას სამადლობელი არაფერი ჰქონდა. 1805 წლის 19 თებერვალს, ქუთაისში, იმერეთის მეფეს გადასცეს იმპერატორის წყალობის სიგელი, თუმცა სიგელთან ერთად ცხადი იყო, რომ  მეფის ხელისუფლების მოსპობასა და გაუქმებას ჩქარობდნენ.  
ქუთაისში, რუსთა ჯარების თანდათანობით მატებასთან ერთად, კიდევ უფრო იმატებდა ლიტვინოვისა და დაწინაურებულ სამხედრო პირთა თავხედობა მეფის მიმართ. პ. ლიტვინოვი იმერეთში ისე მოქმედებდა, როგორც სამეფოს სრულუფლებიანი გამგებელი.
ლიტვინოვმა სოლომონ მეორის გვერდის ავლით დაიწყო დაომუკიდებელი ქმედებები სამეფოს თითქმის ყოველ საქმეში,  იგი სამეფოს გვერდის ავლით კავშირს ამყარბედა და ურიგდებოდა ვაჭრებს, თავისი ძალაუფლების საილუსტრაციოდ აუქმებდა მეფის მიერ გამოცემულ ბრძანებებსა და განკარგულებებს. ლიტვინოვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართული იყო სოლომონ მეფის დასამცირებლად და  საწინააღმდეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მეფე მის ასეთ თავხედობას აცნობდა მთავარმართებელსა და იმპერატორს, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც შექმნილი იყო ქუთაისში, სოლომონ მეორემ  1805 წლის 23 ოქტომბერს შეკრიბა დარბაზი და განიხილა სამეფოს მომავალი. საფრთხე რეალური იყო იმისა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მეფე დაეკავებინათ და სამეფო გაეუქმებინათ, ამიტომ სოლომონმა დატოვა ქუთაისი.
იმერეთის მეფე არ წყვეტდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ახლა თავის იმედებს იგი რუსეთ-ოსმალეთის შორის მოსალოდნელ ომზე ამყარებდა. მისი აზრით, ამ ბრძოლაში მოგებული სწორედ იმერეთის სამეფო დარჩებოდა, ვინაიდან ბრძოლები როგორც რუსეთს, ასევე ოსმალეთს დაასუსტებდა, რაც, თავის მხრივ, იმერეთს დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას მისცემდა. იმერთა მეფე ორივე სახელმწიფოს ერთგულებას ეფიცებოდა, სინამდვილეში კი, არც ერთის არ სწამდა. ასევე, სოლომონ მეფის ერთგულება არც რუსებს სჯეროდათ და არც ოსმალებს. მას შემდეგ, რაც იმერეთში გავრცელდა ამბავი ციციანოვის სიკვდილის შესახებ, გენერალმა რიკჰოფმა ჯარით დაიკავა ქუთაისი. რუსთა ჯარების მიერ ქუთაისის დაკავებამ დიდი მღელვარება გამოიწვია და მეფეც მოუწოდებდა გენერალს გაეყვანა ჯარი ქალაქიდან. თუმცა გენერალმა მეფის მოწოდება უარყო და მის პირობებს არ დათანხმდა.
სოლომონ მეფის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ხელს უშლიდა და ეწინააღმდეგებოდა იმერეთის დიდგვაროვანი ფეოდალი ზურაბ წერეთელი, რომელიც მეფეს განსაკუთრებით 1805 წლისდან ღალატობდა. მას შემდეგ, რაც მეფემ იგი ჩამოაშორა სამეფო მაღალ მოხელეობას, უკმაყოფილოდ დარჩენილი წერეთელი ძალ-ღონეს არ იშურებდა და რუსებს აწვდიდა მეფის ყველა გეგმასა და ჩანაფიქრს. ის მზად იყო სოლომონი რუსთა დახმარებით იმერეთიდან განედევნათ და მეფობა თვითონ მიეღო.
რუსთა სამხედრო ძალები იმერეთში თანდათან კიდევ უფრო მატულობდა და მეფე გრძნობდა, რომ ეს ძალები მის ტახტიდან ჩამოსაგდებად ემზადებოდნენ. 1807 წლის 16 თებერვალს  გენერალმა რიკჰოფმა მთავარმართებელ გუდოვიჩისგან მიიღო საიდუმლო წერილი, მეფე ქუთაისში შემოეტყუებინათ შეეპყროთ და თბილისში გაეგზავნათ, ხოლო სამეფოს გამგებლობა  რიკჰოფის მეთაურობით დაევალებოდა ზურაბ წერეთელსა და კიდევ რამოდენიმე სხვა პირს. თავის მხრივ, სოლომონ მეფეც აქტიურად ემზადებოდა მომავალი წინააღმდეგობისათვის, რომელიც მას უნდა გაეწია რუსეთის იმპერიისათვის.  სოლომონი  მოკავშირეებს აგროვებდა იმერელ თავად-აზნაურთა სახით.
გუდოვიჩს აღარ დასცალდა იმერეთის სამეფოს ლიკვიდაცია, 1809 წლის მარტში იგი მთავარმართებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას ალექსანდრე ტორმასოვი დანიშნეს. 1810 წლის 29 იანვარს ალექსანდრე ტორმასოვმა ულტიმატუმი წაუყენა მეფეს და მოსთხოვა სამი დღის განმავლობაში გაეგზავნა პეტერბურგში ტახტის მემკვიდრე კონსტანტინე ბატონიშვილი. სოლომონ მეორე ამ ულტიმატუმს არ თანხმდებოდა და რუსეთს ელაზნაურის ხელშეკრულების უგულებელყოფაში ადანაშაულებდა. იგი არსებული ხელშეკრულების გადასინჯვასა და ახლის დადებას ითხოვდა.  
სოლომონ მეორისა და რუსეთის იმპერიალისტური გეგმები ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდიოდა, ამიტომ 1810 წლის 10 თებერვლიდან იმერეთის სამეფოზე ყოველი მხრიდან დაიწყო შეტევა,  დასავლეთ საქართველოში მყოფი რუსთა ჯარების სარდალმა სიმონოვიჩმა გამოსცა მუქარის მოწოდება: თუ თავადაზნაურობა მეფეს მიემხრობოდა და მხარს არ დაუჭერდა რუსეთს, მაშინ მათ ყოველგვარი ქონება ჩამოერთმეოდათ და ხაზინაში გადაირიცხებოდა. ასეთმა მუქარამ შედეგი გამოიღო და მეფეს თავად-აზნაურთა უმრავლესობა ჩამოსცილდა.
20 თებერვალს სიმონოვიჩმა ქუთისის ყველა ეკლესიაში  გამოაქვეყნა ალექსანდრე ტორმასოვის პროკლამაცია სოლომონ მეორის ტახტიდან ჩამოგდებისა და იმერეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. 28 მარტამდე სოლომონ მეორის მომხრეები იარაღით ხელში ებრძოდნენ რუსთა ჯარებს, თავად სოლომონმა დატოვა ვარციხე და  ხანის ხეობაში იმყოფებოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში ახალციხისათვის თავი შეეფარებინა, თუმცა მეფე დათანხმდა მოლაპარაკებას, 28 მარტს იგი მთავარმართებელ ტორმასოვს შეხვდა, მაგრამ როგორც ცხადი იყო მოლაპარაკების ნაცვლად ის დააპატიმრეს და თბილისში გაგზავნეს, რათა შემდგომში პეტერბურგში გადაესახლებინათ. „და რუსთა დაიპყრეს იმერეთი, ვითარცა საქართველო, წელს ქრისტესით 1810“.
მეფე ტყვეობაში დიდხანს არ დარჩენილა, ამავე წლის 10 მაისის ღამით მან მსახურის ტანსაცმელი გადაიცვა,  თბილისიდან გაიქცა და ახალციხეში ჩავიდა, ახლა სოლომონი აჯანყებითა და შეიარაღებული ბრძოლის გზით ცდილობდა ეიძულებინა რუსეთის მთავრობა რათა მისი მეფობა ეცნოთ იმერეთში, იგი მზად იყო ამ მიზნისათვის მშვიდობიანი მოლაპარაკებებიც ეწარმოებინა. ახალციხიდან მეფე იმერეთში ხალხს განმათავისუფლებელი მოძრაობისაკენ მოუწოდებდა. რასაკვირველია, ტახტის კვლავ დასაბრუნებლად სოლომონს სამხედრო დახმარება სჭირდებოდა. იგი საჭიროდ თვლიდა აღეთქვა ხალხისათვის, რომ  ოსმალთა ჯარს იმერეთში არ შემოიყვანდა, მან კარგად იცოდა იმერელთა დამოკიდებულება ოსმალო დამპყრობთა მიმართ.
მიუხედავათ ამ დაპირებისა, დამოუკიდებლობისათვის  მებრძლი მეფე იძულებული გახდა, რომ საგარეო ძალა მოეწვია. ლეკ-ოსმალთა მოშველიება, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავდა, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი სოლომონი ცარიზმის ბატონობას ოსმალთა ბატონობით ცვლიდა. სოლომონი იბრძოდა არა  საკუთარი მიზნებისათვის, არამედ საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად მისი, როგორც სამეფოს მეთაურის  ეს უკიდურესი ღონისძიება კანონზომიერი და სამართლიანი იყო.
1810 წლის ივნისიდან მეფის მეთურობით იმერეთში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ერთსულოვანი არ ყოფილა. ფეოდალთა ერთი ნაწილი ჯერ კიდევ სოლომონ მეფის მხარდამჭერი იყო, თუმცა მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა და მათ შორის გურიისა და სამეგრელოს მთავრები მთელი თავიანთი ენერგიით იბრძოდნენ იმერთა მეფის წინააღმდეგ.
თავდაპირველად აჯანყებულებმა მიაღწიეს წარმატებებს და მრავალგზის დაამარცხეს რუსული ჯარი, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო 1810 წლის სექტემბრის ბოლოსთვის სოლომონ მეფე დამარცხდა და ჯერ ახალციხეში, ხოლო შემდგომ ოსმალეთში გადავიდა. იგი ამჯერად მოსალოდნელ რუსეთ-საფრანგეთის ომზე ამყარებდა იმედებს და 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებული წერილით  ნაპოლეონს რუსთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვდა, თუმცა მის ამ მცდელობას არანაირი ღირებული შედეგი არ მოჰყოლია.1810 წლისათვის ქართლ-კახეთთან ერთად იმერეთის სამეფოს არსებობაც საბოლოოდ დასრულდა, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი მარცხი იყო.
სოლომონ II საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 1815 წლის 7 თებერვალს ორმოცდაერთი წლის ასაკში ტრაპიზონში გარდაიცვალა. მასთან მყოფმა ქართველებმა მეფე ბერძნების წმინდა გიორგის ეკლესიაში დაკრძალეს. ქედუხრელი მეფის ნეშტი 1990 წელს ტრაპიზონიდან ქუთაისში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს.
სოლომონ მეორეს დიდი სიყვარული და ნდობა ჰქონდა ხალხში მოპოვებული, რაც იმის დასტურია, რომ მეფე მოსახლეობის ფართო ფენებს თავიანთი ინტერესების დამცველად მიაჩნდათ, იგი თავისი ბრძოლით ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებოდა და მთელი ძალ-ღონით იცავდა მის დამოუკიდებლობას. სოლომონი II ტახტზე ასვლისთანავე დაადგა თავისი სახელოვანი ბიძის, სოლომონ პირველის გზას და  მიზნად ისახავდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ მას ამ გზაზე ძალზედ რთული და გადაულახავი დაბრკოლება შეხვდა რუსეთის იმპერიის სახით. იმ დიდ განზრახვას, რომელიც მას ჰქონდა ჩაფიქრებული, არც საშინაო და არც საგარეო ვითრება არ უწყობდა ხელს.







ლიტერარურა

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ.,  1973.
ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება,  თბ.,  1962.
გ.  ვაჭრიძე,  იმერეთის დროებითი მმართველობა (1810-1840),  ქუთ.,  1999.
მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810,  თბ., 1989.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს  (1948-2013) შოთა ბოსტანაშვილი - სივრცის პოეტიკა. კრიტიკული დისკურსი - ვიხსენებთ ბრწყინვალე მოაზროვნეს (1948-2013) ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე  შექსპირის ციმბელინში ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი დავით კაკაურიძე - ტყიბული და მისი შემოგარენი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ისტორია / ეთნოგრაფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge