გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კობა ცხაკაია - ჩემო მეგობარო

                                      
,,- ჩემო ძვირფასო ბავშვობის მეგობარო! ადამიანობის ხვედრი ადვილი არ არის: ადრეული წლებიდან მუდმივად უნდა ისწავლო ყოველდღიური სიბრძნე, რომელიც ღმერთმა ქნას გამოგადგება ზრდასრულ ასაკში. ოჰ... მაგრამ რატომ ვლაპარაკობ ასეთ რამეებზე! ადამიანს არაფერი აქვს დასაძრახი. სინამდვილეში, ადამიანი იყო, მშვენიერია, რადგან მას აქვს დანათლებული უდიდესი მადლი, საჩუქარი! პატიება და სიყვარული! მას უნდა უყვარდეს მთელი გულით და რაც არ უნდა იყოს, ბევრი და ბევრს აპატიოს; ხშირად ამით სარგებლობენ ზოგიერთები და იწყებენ ბოროტად ამ მადლის, ამ ნიჭის გამოყენებას; ადამიანობისადმი უსაზღვრო კეთილგანწყობა ამ დროს იბილწება... ბავშვობა, თითოეული ჩვენგანის ოქროს დრო; ბავშვობა არის ხალისის, ცელქობის დრო... უდარდელი დრო გაფრინდება მყისიერად, მეხსიერებაში, დაგვიტოვებს მხოლოდ მზის შუქს... ბავშვები არიან ისინი, ვინც ჩვენს თვალს ახარებენ. გაივლის ცოტა დრო და მათი ბავშვობაც წავა; ჩვენც წავალთ. ისინი დაიკავებე ჩვენს ადგილებს, მათ ადგილს კი დაიკავებდნენ მათი ბავშვები და ასე იქნება მარად და მარად...
პირველი პედერასტი, რომელიც ცხოვრებაში შემხვდა, იყო ჩემი ტოლი. ჩემსავით გადარეული, მოუსვენარი, გიჟი, ხუჭუჭა, მზისფერი ფერის თმით, ლაჟვარდისფერი თვალებითა და წვინტლებიანი ცხვირით. 
,,მენრილ მორნო. ლემრინ ომრნო. მერნილ რომნო. ელრინმ ნორომ. ნემლირ ნომრო“ - ასე ეძახოდნენ უფროსები; ყოველ შემთხვეაში, ჩვენ ასე გვესმოდა და ასე ვიმეორებდით ის ზედმეტსახელი, რაც მას შეარქვეს.
  • ოო, ჩვენი კინოვარსკვლავიც მოვიდა?! - ასე, აღფრთოვანებული შეძახილებითა და ხელგაშლილები ხვდებოდნენ მის გამოჩენას და ყველა კოცნიდა. დამლაგებელიც კი. მე მხოლოდ მაშინ ვკოცნიდი, როცა ვთამაშობდით დედა - შვოლობანას, ან ცოლ-ქმრობანას. ამ მეორეს თამაშის დროს ყოველთვის მწკბენდა და ან სახეში მირტყამდა ხელს. მთელი ძალით არა, მხოლოდ მისი დადგენილი თამაშის წესები მოითხოვდნენ ამას, როცა ქმარი კოცნის ცოლს, ცოლმა აუცილებლად უნდა ატკინოს რაიმე. 
  • რატომ უნდა მაინცდამაინც ატკინოს? ხომ შეიძლება, მანაც აკოცოს? - მიკვირდა, ვბრაზობდი და მტკიოდა კიდეც.
  • ეგ კინოშია მარტო, ცხოვრებისნაირი თამაშის დროს კი არ შეიძლება.
  • რატომ?
  • იმიტომ, რომ ცოლის უნდა ეშინოდეს, სხვასთან რომ არ გაიქცეს.
  • სხვა ვინ არის?
ამ კითხვაზე მხრებს იჩეჩავდა და იდუმალებით მოცულ პასუხს მცემდა:
  • რაღაც-ვიღაც.
მოკლედ, ძალიან უცნაური ცოლ-ქმრული თამაში გვქონდა, რომელიც სულ არ გავდა ჩემების ცხოვრება - ურთიერთობას. 
  • დღეიდან მე ვიქნები პედერლასტი! - გამომიცხადა მან და თვალი თვალში გამიყარა.
  • რატომ? - მოულოდნელობისაგან  წამოვდექი და გალეულ ბეჭებზე ხელები დავადე.
  • მამაჩემია პედეღასტი და მეც მინდა ვიყო პედერლასტი! - ამაყად გამომიცხადა მან და ფერად-ფერადი კუბიკებით აგებულ სახლს ფეხი გაჰკრა. ლამის ჩემს სიმაღლე სახლი დაინგრა.
  • რაკი პედერასტი ხარ, ბაღში აღარ მოხვალ? - ლამის ტირილით ვკითხე. საპასუხოდ მხრები აიჩეჩა და ხელი მკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ,,გეყო, ჩვენს შორის ყველაფერი ძველებურად იქნება“. გამიხარდა და ადგილზე ხტუნაობა დავიწყე.
  • მყავს მეგობარი პედეღასტი! მყავს მეგობარი პედეღასტი! მყავს მეგობარი ვიყო პედერლასტი!
მან ჯერ გადაიხარხარა, ,,ნუკაბაძის“ მგელივით და მერე ამყვა. ასე ხტუნვა-ხტუნვით შემოვუარეთ მთელ ოთახს, ავანგრიეთ და დავანგრიეთ ხისა და პლასტმასის კუბიკებით უამრავი აშენებული სახლი, გზა, ეზო. თუმცა ჯგუფელები არ აღშფოთებულან, ისინი ჯერ უნდოდ გვიცქერდნენ, მერე ინტერესით და ბოლოს თვითონაც ასკინკილათი აგვედევდნენ. მოკლედ, იყო ერთი ხორხოცი, კისკისი და გნიასი. 
ამ ჩემს მეგობარს ყველაფერი ისეთივე ჰქონდა, როგორ მე და ბევრ ჩვენნაირს, მესამე ,,გ“ ჯგუფში. თუმცა, ერთი რამით მაინც განსხვავდებოდა ჩვენგან. ის  უცნაურად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმით, ანუ რის ვაივაგლახით წარმოსთქვამდა ასო-ბგერა ,,რ“-ს.
  • ,,რაკრაკა რუსთან რუხი რგოლის რაინდმა რეხვა რუსს რკინის რქაში“ - ამ ჩემი (უფრო სწორად კი პაპაჩემის) გამოგონილი ენისგასატეხის გაგონებაზე ეგრევე იწყებდა ტირილს, როცა ვეკითხებოდი:
  • ,,რა გატირებს?“ 
მპასუხობდა:
-რკინის რქიანი მეცოდება. 
- შე ბოთე, რკინის რქიანს რა ჭირს შესაცოდებელი - მეცინებოდა.
- როგორ თუ რა, დებილოო! ჯერ ერთი რქა აქვს, ისიც რკინის და პირდაპირ იმაში ურტყამენ!
- რქაში ურტყამენ და არა თავში.
- რქა თუ იცი რა არის? - მკითხა.
- რქა? მოღუნული ძვალია.
- რატომ ამოდის თავზე? - არ შემეშვა.
- იმიტომ, რომ თავი მისი დედაა. 
- ჰოდა, როცა დედის თვალწინ შვილს ურტყამენ, ცუდი არ არის?
- ჰოო, მაგრამ ეს ხომ ენის გასატეხია!
- ბოროტი ენის გასატეხია! იცოდე, რამდენჯერაც იტყვი, იმდენჯერ ვიტირებ, იმიტომ, რომ გულნატკენ დედაზე ვიფიქრებ! 
- როგორც გინდა!.. მაგრამ იცოდე, მე თუ უნდა შევასრულო რაც შენ გინდა, მაშინ მეც გეტყვი შენ რა უნდა შეასრულო.
- კარგი, მითხარი! - ამოისუნთქა და თვალი თვალში გამიყარა.
ვერაფერი მოვიფიქრე. ასე მემართება ხოლმე, როცა რაღაც მინდა, მაგრამ არ ვიცი რა, მაგრამ ვიცი, რომ კარგია, თუმცა სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამიტომ ვიბნევი და აღარაფერი მინდება, ამ დროს შეიძლება მეც ავტირდე. ეს რომ არ მოხდეს, იქვე ვჯდები, თავს მუხლებში ჩავრგავ და თვალებს ვხუჭავ. ვითომ მძინავს. მეტი დამაჯერობლობისთვის, ზოგჯერ ხვრინვასაც კი ვიწყებ; მან ეს იცოდა და ამიტომ თავი დამანება; არ დამელოდა. არ მოინდომა ჩემი სურვილის გაგონება. მეწყინა, მაგრამ არაფერი ვუთხარი.
  • ,,რაკრაკა რუსთან რუხი რგოლის რაინდმა რეხვა რუსს რკინის რქაში!“ - ამის მერე, მაინც ვამბოდი ამ ენისგასატეხს და შედეგი სულ ერთი და იგივე იყო; შეკითხვებიც, პასუხებიც და თხოვნებიც, მოკლედ, ყველაფერი, როგორც ზევით აღვწერე, ზუსტად ისე მეორდებოდა და მეორდებოდა. 
რაღაცნაირი გავხდი, ბოროტი და დაუნდობელი იმ რაინდივით; მეხალისებოდა მისი ატირება თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობდი, ის რომ ,,რქა“ არის თავის შვილი, ჩემს ენისგასატეხს შიშისმომგვრელ ისტორიად, ან საშინელებათა ფილმად აქცევდა, რომელსაც შავ-ბნელით გაჟღენთილი, არანაკლები უკუნეთით მოცული გაგრძელებები ჰქონდა. ეს ,,სერიები“, თუ ისტორიები იწყებოდა ჩემი თავმუხლ-თვალდახუჭულ - ხვრინვის ანუ რაღაცნაირი ვითომ ძილის დროს და მერე დღეები გრძელდებოდა. ჩვენს შორის ურთიერთობა სხვანაირი გახდა. რა იყო ამის მიზეზი? ,,რაღაც-ვიღაცა“. ჰა-ჰა-ჰა; თუმცა სულელი არ ვიყავი და ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში ყველაფრის სათავე, ,,რაკრაკა რუ“, ,,რუხი რგოლის რაინდი“, ,,რკინის რქიანი რუსი“, ან დედამისი კი არ იყო, არამედ მხოლოდ ასო - ბგერა ,,რ“, რომლის ამდენჯერ და ასე ზედმიყოლებით ერთ წინადადებაში წარმოთქმა ძალიან უჭირდა და რცხვენოდა. 
  • კაპიკი გაკაპიებულა, საკაპიკეში ჩაკაპეიკებულა! - ამ ენისგასატეხს უშეცდომოდ ამბობდა. ერთი ამოსუნთქვით ,,სხლავდა“ (,,კაპიკი გაკაპეიკებულა“). ჩვენგან განსხვავებით, ერთ წუთში შეეძლო მისი ათჯერ გამეორება (,,საკაპიკეში ჩაკაპეიკებულა“). ვერავინ ჯობნიდა, უფროსებიც კი;
  • კაპიკი გაკაპიეკებულა, საკაპეიკეში ჩაკაპიკებულა!
  • აბა მაყვალი!
  • მაყვალი გამაყვალებულა სამაყვალეში ჩამაყვალებულა! 
  • მაშინ, ბაში-აჩუკზე! - ჩაერთვებოდა, რომელიმე უფროსი.
  • ბაში-აჩუკი გაბაშიაჩუკებულა, საბაშა-ჩუკეში ჩაბაშიაჩუკებულა!
  • კარალიოკი! - ეშმაკურად შეაპარებდა მასწავლებელი.
  • კარალიოკი გაკარალიოკებულა საკარალიოკეში ჩაკარალიოკებულა! - დაუფიქრებლად დასჭექდა და სანამ რაიმეს მიხვდებოდა ენისგასატეხი უკვე უშეცდომოდ და უნაკლოდ ჰქონდა ნათქვამი... 
  • ვერ გავიგე როგორ? აბა, კიდევ გაიმეორე! - სთხოვდა მასწავლებელი.
  • კარალიოკი გაკარალიოკებულა საკარალიოკეში ჩაკარალიოკებულა! - უკვე სულ სხვანაირად იმეორებდა ის. მისი ,,რ“, უფრო ,,ლრ“-დ ჟღერდა და ხანდახან ,,ღ“-დაც კი იქცეოდა. შესაბამისად „კარალიოკის“ მაგივრად გამოსდიოდა ,,კარლალიოკი“ ან ,,კაღალიოკი“. ჩვენც მანამდე სანამ მესამე ,,გ“ ჯგუფის პირველი ,,პედერასტი“ გახდებოდა, ,,კარლალიოკს“, ხანდახან კი ,,კაღალიოკას“ ვეძახდით. სახელად ნატალია ერქვა. ის გოგო იყო. ის ბიჭი არ იყო, მაგრამ მანამდე ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცოდი. ამიტომ ბიჭი და გოგო ჩემთვის მხოლოდ ერთს ნიშნავდა - ,,მეგობარს“, ,,ჯგუფელს“, იმას, ვისთანაც თამაში მინდა და მომწოს. ასე იყო ყველა ჩვენს ირგვლივ.
თუმცა გვყავდა ერთი, რომელმაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მასთან რაიმეს გარკვევას აზრი არ ჰქონდა. თუკი რაიმეს ვკითხავდით, ის ან ეგრევე კბენაზე, ან ფრჩხილებით სახის ფხაჭვნაზე გადმოდიოდა, ან თავისით გაგორდებოდა - დაეცემოდა ძირს და ბღავილს იწყებდა. მას მიხეილი ერქვა, თუმცა ჩვენთან ასე არავინ ეძახდა - ის ,,უჟმურა“ იყო. ყოველ შემთხვეაში, ასე ეძახდნენ მას უფროსები. ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს იყო მისი ნამდვილი სახელი, ხოლო მიხეილი კი ტყუილად, თვალის ასახვევად ერქვა; არავის რომ არ ეცნო. 
,,რატომ ტყუილად? ვის რომ არ ეცნო“? ამაზე პასუხი არ გვქონდა, არც გვაინტერესებდა. ჩვენ ბავშვები ვიყავით და ის გვაინტერესებდა, რაც ბავშვებს აინტერესებთ (რატომაა ფანჯარა ფანჯარა, რატომ ჰქვია ღამეს ღამე, რატომ გერჭობა ხიჭვი და ა.შ.) და არა ის, რაზეც უფროსებს უნდა ეჭყლიტათ ტვინი. 
ყველა ,,ჭკუისკოლოფის“ დანახვა ან გაგონება, იმის მერე კარგა ხანს ჩემში ,,უჟმურის“ სახეს ამოატივტივებდა.
  • მე ვიცი, რაც არის პედერასტი! - გვითხრა მან.
  • რა არის? - დავინტერესდით მეც და ნატალიაც.
  • ახხხშშშ! - კატასავით დაიჩხავლა მან და გრძელი და ჭუჭყიანი ფრჩხილები დაგვანახა, მაგრამ როცა ნახა, რომ არაფერს ვაპირებდით, უფრო ახლოს მოვიდა და ყურში ჩაგვჩურჩულა:
  • პედერასტია ისაა, როცა კაცი ჭამს კაცს!
  • კაციჭამია? - აღვფრთოვანდით ორივე და წარმოვიდგინეთ, როგორ ჭამდა კაცებს ნატალიას მამა და მერე ჩვენ როგორ ვახრაშუნებდით ,,ორცხობილასავით“ მათ თოჯინისხელა ორეულებს. 
  • შენ გოგო ხარ და ვერ იქნები პედერასტი. კაცი უნდა იყო! - დამცინავად მიახალა მან ნატალიას და ხელიც კი ჰკრა.
  • შენ ღლა იცი მე ვინა ვარლ! - გაბრაზდა ნატალია და თმებზე მთელი ძალით დაქაჩა. ,,უჟმური“, როგორც ყოველთვის, ეგრევე გაიშხლართა იატაკზე, დაიწყო ხელებისა და ფეხების ქნევა და ბღავილი. ჩვენ გავეცალეთ და ხტუნვა-ხტუნვით გავაგრძელეთ ყვირილი:
  • კაციჭამიები ვართ! კაციჭამიები ვართ! კაციჭამიები ვართ! 
ამასობაში, უფროსებმა მიაქციეს ყურადღება აჩხავლებულ ბავშვს და მის დასამშვიდებლად, განერვიულებული და დაღლილი სახეებით გაემართნენ: 
  • რა გატირებს, მიშიკო? ადექი, მიშიკო, არა გრცხვენია? კაცი არა ხარ?
  • არა ვარ! მე ბავშვი ვარ! ბავშვი ვარ! - არ ცხრებოდა ,,უჟმური“ მიშიკო.
  • ვინ გაწყენინა, ჩემო კარგო მიშიკო? - დამტკბარი ხმით ეკითხებოდა მასწავლებელი და ცდოლიბდა მის ფეხზე წამოყენებას.
  • პედერასტებმა! - მკაფიო ხმით მიაკივლა მან და კიბორჩხალასავით გააგრძელა ფეხებისა და ხელების ქნევა.
  • ვიინ? - ლამის წამოიყვირა მასწავლებელმა. მისი ხმა იმდენად გამყინავი და ხმამაღალი იყო, რომ მოსალოდნელი დასჯის მოლოდინში, ოთხაში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
  • იმ ორმა პედარსტმა! - გაიმეორა უცებ დაწყნარებულმა მიშიკომ და თითი ჩვენკენ გამოიშვირა.
  • შეენ, მიშიკო, უზრდელიც ყოფილხარ და თავხედიც! - გაბრაზდა მასწავლებელი და იატაკიდან ლამის ყურით აწია ,,უჟმური“. მიშიკო გაუძალიანდა, მაგრამ რას აჯობებდა გამოცდილ პედაგოგს. მასწავლებელმა, ასევე მიახოხიალა ის კუთხეში და მთელი კლასის გასაგონად წარმოსთქვა:
  • ყველა უზრდელი და ტუტუცი, ასე მიკუთხებულებით დაისჯება!
  • აბაბაბაბაბაბააააა! - ბღაოდა მიკუთხებული, - აააააბავაბაბავავაბაბავა! 
  • ხმა არ გავიგონო შენი, თორემ დავუძახებ ექიმს და დიდ ნემსს გაგიკეთებს!
  • მმმმფფფმფმგმგგმგმდმებბბბ! - მიკუთხებული გადავიდა ზლუქუნზე.
  • დაუძახე დარაჯს, წამოიღოს ჟანგიანი დანა და დააჭრას ამ უჟმურს ყურები!
,,ჟანგიანმა დანამ“ იმოქმედა და ის გაჩუმდა, მხოლოდ ხმადაბლა ოხრავდა და ჩვენსკენ აპარებდა გაბოროტებულ მზერას. მასწავლებელმაც ყურადღება ჩვენზე გადმოიტანა და თავისთან მოგვიხმო. არასასიამოვნოს ამბების მოლოდინში, ,,გაოცებული“ სახეებით მივუახლოვდით მას და ყოველი შემთხვევისათვის თავები დამნაშავეებივით დავხარეთ. 
,,დავხარეთ-თქო“ - კი ვიფიქრე და ვთქვი, რადგან ასე მეგონა, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. თურმე თავდახრილი, მხოლოდ მე ვიყავი, პირველ და მთავარ ,,კაციჭამიას“ არც კი უფიქრია ამის გაკეთება, ის კოპებშეკრული, პირდაპირ თვალებში უყურებდა მასწავლებელს; გოგოსთან შემრცხვა და მე - ბიჭმაც ავწიე თავი. ამაყად არა, მაგრამ შეუპოვრობის ჟრუანტელმა მაინც დამიარა.
  • თქვენ ხომ აქ ყველაზე კარგი ბავშვები ხართ, რას ერჩოდით საცოდავ მიშიკოს? - დაგვიყვავა მასწავლებელმა.
  • შენ ვერ იქნებიო ისაო... - აზლუქუნდა ნატალია.
  • ვინ ვერ იქნებიო?
  • კაციჭამიაო! 
  • კაციჭამია ვერ იქნებიო? - დაიბნა მასწავლებელი, - რატომო?
  • იმიტომ, რომ გოგო ხაროოოო! - უკვე გულიანად ტიროდა ჩემი ,,კარალიოკი“.
  • დედა, ეს როგორ გაკადრა?! - ,,აღშფოთდა“ ის და თავზე ხელი გადაუსვა, - მოგატყუა! ეგ ყველაზე დიდი ნიჭია, რაც გოგოებს აქვთ და ნუ ტირი. 
  • აბა, გოგოები ვერ იქნებიანო პედ...
  • აგერ მე ვარ ყველაზე დიდი კაციჭამია! - გააწყვეტინა მასწავლებელმა და სევდიანი თვალებით, ფარდებზე ჩამოკორწიალებულ გირლიანდებს გახედა, - სამი კაცი ისე მყავს შეჭმული, ჯერაც არ არიან ამის აზრზე! 
მერე ნატალია ჩაიხუტა და დაამატა:
  • ვინც რა უნდა ის თქვას, მაგრამ ამას ვერ წაგვართმევს გამჩენიც კი! - რაღაცნაირი კეთილი სიცილით ჩაიცინა მასწავლებელმა და თვალი ჩამიკრა; თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ჩამიკრა, მაგრამ ისე გადმომხედა და მომიხმო, რომ მეგონა ,,ჩამიკრა - ჩამიპაჭუნა“. ძალიან მომწონდა მასთან ჩახუტება. ძალიან თბილი და სურნელოვანი იყო. როგორც კი მივადებდი ლოყაზე ლოყას, ყოველ ჯერზე თავი მიბრუოდა და თვალებს ვხუჭავდი. დედის და ბებიის ჩახუტებას არ გავდა, მაგრამ მასში იყო რაღაც უსაზღვრო, ახლობელი, ნაცნობი და, ამსთანავე, უცნაური, მიმზიდველი და აუხსნელი. მისი სურნელი მჟღინთავდა და ყოველთვის თან მდევდა. 
  • რა იყო, ბიჭო, კიდევ იკოტრიალე ხომ მასწავლებლის მკლავებში! რა კაი მასწავლებელი გყავს! - ღიმილით აღნიშნავდა ბაბუაჩემი და ცხვირში ჩამიწკიპურტებდა კიდეც, - მალადეც შენ! გეკუთვნის პრეზენტი!
ამის მერე აუცილებლად დგებოდა ვაფლის ნაყინის დრო. ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი. მოკლედ, მასწვლებლის ყოველი მოფერება ჩემი სიგემრიელის დღე იყო. წელიწადის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ზამთარი, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი - ,,მასწაებლის სურნელი“, ცხვირში წკიპურტი და ვაფლის ნაყინი.
  • ესე იგი, თქვენც პედერასტი ხართ? - აღფრთოვანებით ვკითხე მკლავებში განაბულმა მასწავლებელს.
  • ვინ ვარ? - გაფითრდა ქალი.
  • პედერატი? პედერასტები, ხომ კაცებს ჭამენ! - დავუზუსტე მე.
  • ხოო! პედერასტები, კაცებს ჭამენ! - კვერი დამიკრა ნატალიამ.
  • ეგ ვინ გითხრათ?
ჩვენ კუთხეში მდგარ მიშიკოსკენ გავიხედეთ. მიშიკომ იგრძნო ჩვენი მზერა, გამოგვხედა და ენა გამოგვიყო.
  • ამოგაძრობ მაგ ენას! - დაუცაცხანა მასწავლებელმა და ჩვენ გადმოგვხედა, - აქ იდექით და ფეხი არ გადადგათ, ახლავე მოვალ, - თქვა მან და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ცოტა ხანში, მე, ნატალია და მიშიკო ბაღის გამგის ოთახში ვიჯექით და ვცდილობდით სანთლის ვაშლის და მსხლის დახატვას. პარალელურად, ჩასუქებული, ხანშისესული ქალბატონი, რომელიც დინჯად გადაადგილდებოდა ჩვენი მაგიდიდან თავისი სავარძლის მიმართლებით, ცდილობდა მომხდარში გარკვეულიყო. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევით, დასამალი არაფერი გვქონდა. ნატალიამ ისიც აღნიშნა, რომ მამამისს ,,პედერასტი“ ერთმა მეზობელმა დაუძახა, რაზეც მამამის გაუცინია და უთქვამს:
  • ისეთი კატეგორიის ადამიანი ხართ, რომ თქვენი პირიდან ამოსული ეგ სიტყვები უფრო საქებარია, ვიდრე შეურაცხყოფაო! მერე ნატალია მანქანაში ჩაუსვამს და უთხოვია ბავშვისთვის თვალები დაეხუჭა. მიბრუნებია იმ კაცს და დაუმატებია, ,,ბავშვის თანდასწრებით რომ მითხარით, იძულებული ვარ, ეს გავაკეთო, თორემ თქვენზე ხელის გასვრაც არ მინდაო“ და ისეთი უგლეჯია იმ ტიპისთვის, რომ ის უბედური ეგრევე უგონოდ გაშხლართულა მიწაზე! ნატალია აღმერთებდა მამამისს. მე ვაღმერთებდი ნატალიას, ჩემს მეგობარს. ჰოდა, ვინ იტყოდა ასეთ საქებარ სიტყვაზე, როგორიც ,,პედერასტია“ უარს? ჩვენ ხომ არ ვიცოდით სინამდვილეში ეს რა იყო, რას ნიშნავდა და რა ხდებოდა. ჩვენ ბედნიერი ბავშვები ვიყავით. 
მიუხედავად მასწვლებლის სურნელით გაჟღენთილობისა, ბაბუას იმ დღეს არ უყიდია ჩემთვის ვაფლის ნაყინი.
,,-ჰოდა, მოდი, მეგობარო, ბავშვობას გაუმარჯოს, სადაც ყველაფერი კარგია. ცუდიც კი
“.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge