გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მზია მიქავა - ოთხი ნოველლა

 

 
                          მძიმე ტვირთი
            (პასუხამდე დადებული ყურმილი)              .
  

      გოგონას ბავშვობიდან არ უყვარდა მატარებელი, რომლის ღამეული ხმიანობა მასში მელანქოლიურ ემოციებსა და ბედისწერის ასოციაციებს აღძრავდა, ბორბლების დაგა-დუგი თითქოს რაღაც ავს უქადდა, საყვირის ხმაზე კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მშობლიურს უნდა განშორებოდა და უსიერ ბურუსს შერწყმოდა... ის ღამეც კოშმარულ ძილ-ღვიძილში გაატარა. შესახედავად ყმაწვილქალობაში იყო, თუმცა შინაგანად ადრეულ ბავშვობას ვერ გამოსცდენოდა, თითქოს დიდობის შიშით სამუდამოდ გადაეწყვიტა ყრმობაში დარჩენა, ან იქნებ მისი პოეტური ბუნების ბრალი იყო...
        დილის 7 საათი იქნებოდა, ღამის მატარებელი  მცხეთას რომ მიუახლოვდა. გამოუძინებელი გოგონა ფანჯრიდან გასცქეროდა ქართლის მთა-გორებს. აღდგომის კვირაძალი იყო, ახალი კვირა, მაგრამ დასავლეთთან შედარებით აქაურობას გაზაფხული თითქმის არ დატყობოდა. პატარა მგზავრი პერიოდულად თავისი უზარმაზარი საბარგო ჩანთისკენ აპარებდა თვალს, დარდობდა, ამხელა ჩანთა როგორ უნდა ვატარო ტაქსების გაჩერებამდეო. დედამ შიგნით ორი თვის სამყოფი სულგუნი, მჭადის ფქვილი და თავისივე ხელით დაკრეფილი ეკალა და ტყემალიც ჩაულაგა. უცებ, მისი ღამენათევი თვალები დერეფანში სხვა მზერას წააწყდა,  -უცნაურად თბილსა და მოღიმარს, რაღაცნაირად გაბრწყინებულსა და ცოტათი გაოცებულს... დაიმორცხვა და კვლავ ფანჯარაში დაუწყო თვალიერება ნაწვიმარ, უმზეო და ნამძინარევ დილას, რაღაცნაირი ზარმაცი ზმორებით რომ იღვიძებდა, აქა-იქ ერთი ან ორი ადამიანი თუ გაკრთებოდა ქუჩებში. მატარებელი მიდიოდა... გოგონა კი ისევ დარდობდა თავის უზარმაზარ ტვირთზე, რომელსაც ხელბარგი არანაირად არ ეთქმოდა. ამჯერად მისი საფიქრალი უკვე ერთით მეტი და ბევრად მეტიც იყო წინანდელზე - ასე უცნაურად რატომ იღიმოდა  მატარებლის ფოიეში მდგარი ის უცხო, სიმპათიური და აშკარა ინტელიგენტური იერის (შავ შარვალ-პიჯაკში გამოწყობილი) ახალგაზრდა, რომელიც ალბათ ოცდაათი წლისა იქნებოდა, ან ოდნავ მეტის, ან გაოცება რატომ ეტყობოდა?.. გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შევავლებ თვალს, რამე ხომ არ შემეშალაო, მაგრამ ბუნებით მორიდებულს, სოფლელს, რომელსაც გამუდმებით აგონებდნენ, რომ ყმაწვილი გოგონა უცხო მამაკაცებს უნდა მორიდებოდა, განსაკუთრებით (ათასი ჯურის ოხრებით სავსე) დედაქალაქში, შერცხვა და ფიქრი განაგრძო მხოლოდ თავის მძიმე ბარგსა და რკინიგზის სადგურიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე გასავლელ გზაზე. 
      მატარებელი გაჩერდა. წამოდგა, წამოავლო ხელი ჩანთის სახელურს, ბარგი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა და... უცებ მეორე ხელი გაჩნდა მეორე სახელურზე.  თავი ასწია და ისევ ის უცნაური თუ საოცარი მზერა, ცოტა გაოცებული, რაღაცნაირად გამთბარი, იმედიანი და სანდო... თქვა: „დაგეხმარებით!“,  გოგონამ იფიქრა, მშველელი ღმერთმა გამომიგზავნაო, - სწორადაც იფიქრა მაშინ...
       მერე იყო  გაჩერება... თავისუფალ ტაქსიში ჩაჯდომისას უბისწიკნაკიდან ამოხეულ ფურცელზე ნაუცბათევად წაწერილი სამსახურის სატელეფონო ნომერი და ნაჩქარევად დავედრებულ-დაბარებული რამდენიმე წინადადება: „ინსტიტუტში დამირეკე! ყველაფერში დაგეხმარები... არ მოგერიდოს!.. იცოდე, გელოდები...“. 
        მერე... პატარა თითებით რამდენჯერმე გაუბედავად აკრებილი ნომერი და გაუბედაობითვე პასუხამდე დადებული ყურმილი... ერთხელაც მოისმინა ნაცნობი ხმა: ალო! გისმენთ... გისმენთო... და ისევ გაუბედაობა თუ პროვინციული მორიდებულობა...
        კვლავ მატარებელი - ბედისწერასავით ხან მქროლავი და ხან მოჩაქჩაქე, ამჯერად დედაქალაქიდან სოფლისკენ და ისევ გაჩერება, თითქოს სამუდამოდ... გაჩერებული მატრებლისფანჯრებში ერთმანეთს ცვლიდნენ ფილმის ფრაგმენტებივით მორბენალი კადრები: ფათერაკები, თავგადასავლები ხან ტრაგიკული და ხანაც კომიკური. სწორედ ეს უნიჭო ტრაგიკომედია იყო დამნაშავე იმაში, რომ გოგონას სამყარო გაჩერდა მატარებელთან ერთად. მატარებლის კივილი კი მაინც მოისმოდა შორეთიდან ყრუდ, ძაღლის ავისმომასწავებელ ყმუილს წააგავდა... გაჩერებული მატარებლის ყრუ სიგნალის ექო დიდხანს ესმოდა, ოღონდ ვერ გაერკვია, საიდან მოდიოდა ეს ხმა - წარსულიდან თუ მომავლიდან.
        მერე? მერე ისევ დაიძრა, ოღონდ სულ სხვა გზთ და მიმართულებით, ბორბლების ხმიანობაც სულ სხვაგვარი იყო, გულისცემასავით შეცვლილი... ისევ მიდიოდა მატარებელი, ვინ იცის, საით.
  


   
                          ხელები
  

      კარგა ხანია, უფრო სწორად, იანვრიდან მოყოლებული, მეფიქრება ხელებზე. ხელი ადამიანის სხეულის  მართლაც საოცარი ნაწილია, თითქოს ხშირად ტვინისგან დამოუკიდებლად მოქმედებს - უცებ მოუნდება და, ვინმეს ან რამეს მოსაფერებლად გაიწევს და მოეფერება კიდეც, ზოგჯერ მავანს ისე გააწნავს სილას, რომ მერე გონება დაედევნება უკან და ხელები ასეთ დროს ნანობენ ალბათ... ზოგჯერ ჯიბეში ჩაქანდებიან, რომ ქუჩაში მოხუც ბებოს ნაყინი უყიდონ ან რომელიმე უპოვარს დაეხმარონ და მხოლოდ მერე ეკითხებიან გონებას: კარგად მოვიქეცით თუ ცუდადო. მათ ძალიან ბევრი რამ შეუძლიათ: შენება, ნგრევა, შექმნა, განადგურება, სითბოს და სიყვარულის გადაცემა, დამშვიდება, მისალმება და დამშვიდობება...  ხელებიც ადამიანივით ათასნაირია: ზოგი უზომოდ მშრომელი და პატიოსანია, ზოგი მრუდია, სხვაც სიკეთისმთესველი ან  სიავისა... ამიტომაცაა, ალბათ, ვიზუალურად ყველა ხელი რომ განსხვავდება ერთმანეთისგან, ქირომანტები ადამიანის ხასიათსაც კი განსაზღვრავენ ხელების მიხედვით, ანუ, გამოდის,ხელიც კი ადამიანივითაა, ზოგჯერ დამოუკიდებელი და ხშირად თავის პატრონის გონებაზე დამოკიდებული.
       შინაურების გარკვეული ნაწილი დაბადების დღეს 17 მაისს მილოცავს (ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს), ორივე ჩემი დღეა: თექვსმეტიც და ჩვიდმეტიც.... მაგრამ ამ ამბავში ყველაზე მთავარი იცით რა არის, ეს დამჭკნარი ხელები (მაშინ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსენი)მაისის იმ ჩვეულებრივ დღეს სულ პირველად შეეხნენ ჩემს პაწია და უმწეო ხელებს, ისინი მითბობდნენ თითებს, მამზადებდნენ და მაძლიერებდნენ ცხოვრებისთვის, ყველაფერს, სულ ყველაფერს აკეთებდნენ ამ პატარა ხელებისთვის, ხან ტუქსავნენ, ხანაც ამაყობდნენ მათით, ხან საქმის კეთებას მკაცრად მოითხოვდნენ და, ხანაც, ვერ იმეტებდნენ - გაგიცივდება, დაგეღლება, გაგიფუჭდებაო (ხელები)... ერთი სიტყვით, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ხელები, არ იქნებოდა 16 და 17 მაისი ჩემს ცხოვრებაში, ან პირიქით - ამ ცხოვრების არც ერთ ვარდობისთვეს (ასე ძალიან რომ მიყვარს) არ ვიქნებოდი მე. ეს ყოველივე მშვენიერი, მაგრამ ამჯერად ჩემს ჯან-ღონით სავსე ხელებს რა შეუძლიათ  გააკეთონ ამ სითბოწართმეული და უმწეო ხელებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე არაერთგზის მაჩუქეს, მასწავლეს და შემაძლებინეს?
        ეს ფოტო ამა წლის 3 იანვარსაა გადაღებული... ამჯერადაც,ჩემი ხელები აღმოჩნდნენ უმწეო: ვეცადე და ვერაფრით გავათბე სითბოდაკარგული, დაღლილი, თითქმის უსიცოცხლო ხელი, ზოგჯერ უმიზნოდ მოძრავი, თითქოს დარჩენილ დროს ეძებს, რომ ჩაეჭიდოს და არ გაუშვასო (დედა ცალ ხელს კარგა ხანია ვერ ამოძრავებს, ინსულტის შედეგად). ამ შიგნიდან გაციებულ ხელებს მაინც უცნაური სითბო ჰქონდათ, არატემპერატურული, რაღაც სხვა, იქნებ სიტკბო ჰქვია ამას, იქნებ სიყვარული ან... არ ვიცი რა, მაგრამ, მიუხედავად ჩემი მტანჯველი უმწეობის განცდისა, საოცრად სასიამოვნო რამ კი იყო. ვეფერებოდი, ვუსრესდი თითებს, სათბურაც კი ჩავუდე ხელში, მაგრამ არ თბებოდნენ თითები, სამაგიეროდ,დედას ნაღვლიან, ცისფერ თვალებში ჩასდგომოდა დარდშერეული სითბო... მცირედი კმაყოფილება ვიგრძენი...
         ეს პანდემიაო, ესეც კარანტინი და ონლაინგაკვეთილებიო... უსასრულოდ მენატრება ეს ხელები და მინდა, რომ  დამელოდონ.
   



                      სააღდგომო კაბა
 

     აღდგომა ბავშვობის უთბილეს მოგონებებს უკავშირდება ჩემს მახსოვრობაში. ისე მოუთმენლად ველოდით სოფლის ბავშვები, თითქოს ის დღე იყო ბედნიერების დასაბამი და საყრდენი... ვიცოდი, რომ უნდა ჩამოსულიყო ჩემი უფროსი სტუდენტი და-ძმა  (სული მელეოდა მათი მონატრებით), ბიძის ოჯახი გაგრადან და სოხუმიდან ნათლიის, სხვებიც... ჯერ კიდევ ორი დღით ადრე სოფელი ივსებოდა სტუმრებით.
    პარასკევ საღამოს რამდენჯერმე მგზავნიდნენ მეზობლებთან, ხან ტორტის სათქვეფიო, ხან დროჟიო, ხან მოსაკითხი გადაუტანეო და  მსიამოვნებდა ეს საპატიო მისიები, თან სასწაულად მყუდრო აპრილის საღამოები იყო, სიჩუმეს მხოლოდ ბაყაყების ყიყინი არღვევდა და მისტიურობას მატებდა გაზაფხულის საკრალურ ღამეს... შაბათ საღამოს ინტერესით ვადევნებდი თვალს კვერცხის ღებვის რიტუალს, ბებიას ებარა ეს საქმე. 
     კვირა დილას ორი სასიამოვნო მოლოდინი მქონდა: პირველი მამას ტკბილი ხმით ,,ქრისტე აღსდგა“! და კვერცხის დაჭახუნება, მეორე - სააღდგომო ახალი ჩითის კაბა (რომელსაც ორიოდე დღით ადრე მყიდულობდნენ და აღდგომამდე საგულდაგულოდ მიმალავდნენ), მეტწილად წითელ ფერებში უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ჯიბეებიანი. მერე ერთი სული მქონდა, როდის გავერეოდი მეზობლის ჩემკბილა გოგონებში, რათა ჩემი კაბით თავი მომეწონებინა, ზოგჯერ ჩემს თვალში სხვისი უფრო მოსაწონი აღმოჩნდებოდა და ვბედავდი ძალიან მორიდებულ საყვედურს მშობლებთან, რომელიც მხოლოდ მამას მიჰქონდა გულთან და იწყებდა ჩემს დამშვიდებას: შენს კაბას უფრო ლამაზი ყვავილები ახატია, უფრი დიდი ჯიბეები აქვს, უფრო გრძელია... და ბოლოს: გაისად ზუსტად ისეთი ვიყიდოთ, შენ რომ დღეს მოგეწონაო... მერე ისევ გავრბოდი თანატოლ გოგო-ბიჭებში წითელი კვერცხების დასაჭიდებლად, თუმცა მე დიდად არ მიზიდავდა ეს შეჯიბრი (ჩემი არააზარტულობის გამო), მაგრამ მაინც ვერეოდი მარაქაში. ზოგს ბატის კვერცხი ჰქონდა, ზოგს ციცრის, ზოგს ხის და ყოველთვის დამარცხებული და გულდამწვარი მე ისევ მამასთან გავრბოდი, ისევ მამშვიდებდა, რომ ხის კვერცხით ასპარეზობა არ იყო ვაჟკაცობა და საამაყო საქმე. 
     ერთ აღდგომას ბიცოლამ გაგრადან საოცრად ლამაზი კაბა ჩამომიტანა, მართლა სააღდგომო და სადღესასწაულო, თანაც ორი ცალი, ერთი და იმავე ზომის, განსხვავებული ფერებით, ჩემთვის და ჩემი ტოლი ბიძაშვილისთვის. არჩევანის პატივი მე მერგო, მწვანე ფერი ავირჩიე, ბიძაშვილს ფორთოხლისფერი შეხვდა, რატომღაც მას გული დასწყდა ჩემსაზე, მაგრამ აუხსნეს, რომ ჩემთვის, როგორც მასპინძლისთვის, უნდა დაეთმო, დავზავდით... გამოვეწყვეთ ულამაზეს კაბებში და დედოფლებივით დავაბიჯებდით შუკებსა და ორღობეებში, როგორი ჩუმად ამაყი ვიყავი, არ ვიცი სხვები მატყობდნებ თუ არა, მაგრამ უცნაური გრძნობა გულში ვერ ეტეოდა... რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის და განსაკუთრებით პატარა გოგოს!
    მინდა ყველას გისურვოთ ლამაზ და ბედნიერ დღეთა სიმრავლე, განსაკუთრებით ჩემს მოსწავლეებს!!! და ვთხოვო მათ, რომ წერონ დღიურები, თორემ ზოგჯერ, შეიძლება,ყველაზე ნათბილარი და ნასათუთარი შეგრძნება და ემოციაც კი მიეცეს დავიწყებას.
  


             
                     ჩემი ბებია
 

   საოცარი ბებია მყავდა... ენაწყლიანი, დიპლომატი, ქველმოქმედი, უბადლო კულინარი,  ღვთისმოშიში, რომელსაც ჰქონდა თავისივე დეკანოზი ნათლიისგან ნასახსოვარი, დაახლოებით 50 გრამიანი ვერცხლის ჯვარი ლუსკუმაში ჩასვენებული, რომელსაც დღეში ორჯერ ხსნიდა: საღამოს, ძილის წინ მხურვალედ ილოცებდა ხატების წინ და ემთხვეოდა ჯვარს, მეც მამეორებინებდა და ჩაასვენებდა ლუსკუმაში. დილით, გაღვიძებისთანავე, მადლს შესწირავდა უფალს ახალი დღისთვის. 
  წელიწადში რამდენჯერმე (დაახლოებით 2-3 ჯერ მაინც), ბებიას დიდი სურვილის და მონდომების გამოისობით, მამა ჩაგვსვამდა მანქანაში და მივდიოდით სამეგრელოს სხვადასხვა რაიონშიმოსალოცად (მოგეხსენებათ, ეს ხდებოდა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის ბატონობის ხანაში, როდესაც სულ თითზე ჩამოსათვლელი ტაძარი იყო მოქმედი), ეს იქნებოდა მენჯი, ილორი, ალერტი, წაჩხურუ, მარტვილის მონასტერი, ხობის მონასტერი... სადაც  მიგვქონდა ბებიას ხელითვე ბუხრის პირას ჩამოქნილი (საკუთარი ფუტკრის) თაფლის სანთელი, მიგვყავდა მტრედები ან მამლაყინწა... უვლიდა რამდენიმე ცხვარს, იმასაც ეკლესიისთვის შესაწირად (ბებიას ასე სწამდა და სჯეროდა). 
     მახსოვს, ალერტის ეკლესია მაშინ უმოქმედო იყო, ძლივს შევაღეთ დაჟანგული რკინის კარი და შიგნიდან გულისხეთქებით გარეთ გამოიშალა უამრავი მტრედი და ღამურა. ილორი და მენჯი მოქმედი იყო და იქ მონასტრებისთვის ჩვეული სიმშვიდე და წესრიგი სუფევდა. 
    ბებიამ თითქმის ზეპირად იცოდა ძველი და ახალი აღთქმა, გამუდმებით მიყვებოდა მათზე, საოცარი მთხრობელი იყო, ზეპირად იცოდა ბარათაშვილი, გურამიშვილი და კიდევ უამრავი ქართველი და უცხოელი მწერლის შემოქმედება. იცოდა უამრავი ხუმარსიტყვა - შაირი და ანეკდოტი, ამიტომ ის სოფელში საპატიო მუშახელი იყო ნადის დროს (ხურმის დაჩირვა იქნებოდა თუ აბრეშუმის პარკის კრეფა). გულმოწყალე ადამიანი იყო, ყველა ქვრივ-ობლის გამკითხავი, ხელისგამმართავი და მაიმედებელი. მაგრამ ზოგჯერ ოთარაანთ ქვრივივით გაიმკაცრებდა ხმას და დამოკიდებულებას, თუ ვინმეს უღირს საქციელში ამხელდა.
    ვიღაცამ ახსენა კოვიდ-19 ბატონებს ჰგავსო, იგულისხმა ბავშვთა ინფექციური დაავადებები, ჰოდა,მეც ამ ამბავმა გამახსენა ჩემი მრავალმხრივ საოცარი ლეო ბებია. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ბატონების მახვეწარ-შემლოცველიც გახლდათ, საკმარისი იყო, ყური მოეკრა სოფელში ვინმეს ბატონები აქვსო, მაშინვე იმ ოჯახისკენ გაეშურებოდა მცირე მოსაკითხით, დაათვალიერებდა ავადმყოფს (პაციენტს) და ყოველთვის უტყუარ დიაგნოზს სვამდა, ეს იქნებოდა წითელა, წითურა, ყივანახველა, ყბაყურა, ქუნთრუშა თუ სხვა რამ, ერთი კი ვერ გავიგე - დიდბატონებს რომელს უწოდებდა, ბევრი ადამიანი იმსხვერპლაო დიდბატონებმა, განსაკუთრებით ზრდასრულებს უჭირდათ მისი გადატანა, ოჯახებიდან 2 და 3 წევრი წაიყვანაო, ზოგჯერ მთელი ოჯახებიც კი ამოხოცაო... დიაგნოსტირების შემდეგ ემზადებოდა უფრო მნიშვნელოვანი ეტაპისთვის - ბატონების მოსაოხებლად, ბაზარში ვინმეს აბარებდა წითელ ვაშლს და ბროწეულს, ღებავდა კვერცხებს წითლად, წითელ მამალს წითელ ბაფთებს შეაბამდა ფრთებზე, ამ წითლეულობასთან ერთად მიჰქონდა ტკბილეული და გემრიელობა: ნამცხვარი, კანფეტები, ხაჭაპური... და აუცილებლად მიჰქონდა ყელზე წითელბაფთაშებმული ფანდური. მგონი, ერთადერთი რამ იყო სიმღერა და დაკვრა, რაც ბებოს არ ეხერხებოდა, მაგრამ მაინც უკრავდა და უმღეროდა ბატონებს, ოთახში წვავდა საკმეველს და ნიგოზს, საოცარი სურნელი ტრიალებდა დამწვარი ნიგვზის, ისმოდა ბებიას მახვეწარ-მავედრებელი ხმა: დიდებულ პატონეფ, ჯგირ პატონეფი, - სთხოვდა დიდებულ სტუმარს, რომ ბედნიერად და დროულად ენებებინა გამგზავრება თავისი ია-ვარდით მოფენილი გზით და არ დაეტოვებინა ოჯახში ცუდი კვალი (ხშირ შემთხვევაში, ინფექციური დაავადებები ტოვებდა რიგ ქრინიკულ გართულებებს, მაგ.: სიყრუე, სიბრმავე, უშვილობა, დემენცია და სხვ). ავადმყოფის საწოლს და ქვეშაგებელს აპკურებდა დანაყილი იის ფოთლებსა და ყვავილებში გარეულ შაქარს, იმავე სითხეს აცხებდა კედლისკენ გადაბრუნებულ 40 გრადუსამდე ტემპერატურით აღაჟღაჟებულ (ცალკე გამონაყარისაგან და ცალკე მაღალი ტემპერატურისგან) ავადმყოფს და, ჰოი, საოცრებავ! მე ვარ არაერთი შემთხვევის მომსწრე, რომ დაავადებული ეგრევე ადამიანებისკენ მოიქცევდა პირს, გაიღიმებდა, მშვიდდებოდა და ბებია სანამ ამ რიტუალს ჩაამთავრებდა და კიდეც წაიჭორავებდა მასპინძლებთან, ტემპერატურა ნორმაში დგებოდა, ავადმყოფი იწყებდა საუბარს, სიცილს, ურთიერთობას შემომწყრალ ოჯახის წევრებთან. ბებია ოჯახს აფრთხილებდა, რომ ბატონებს ჩხუბი, უსიამოვნება, კამათი და უსუფთაობა ეჯავრებოდათ და ერთმანეთისთვის უბატონოდ ხმა არ უნდა გაეცათ, თურმე, ალკოჰოლიც არ ჰყვარებიათ ბატონებს... სიცხიან ავადმყოფზე შაქარი აქვსო ამბობდნენ, ცუდად მყოფზე, ძალიან კარგადაა ბატონიო (ანუ ცუდად) და ასე  საგანგებო წესებით ცხოვრობდა ბატონებნაწვევი ოჯახი.
     მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და საკმაოდ სუსტი იმუნიტეტითაც გამოვირჩეოდი, მაგრამ ბებია, მიუხედავად მამას დიდი წინააღმდეგობისა, ჩემს თან წაყვანას ასეთ ოჯახებში რატომღაც არ ერიდებოდა, "არძას მუშ პატონი დუზოჯუნსია" (ყველას თავისი ბატონი დაუბრძანდებაო) - იტყოდა ხოლმე.
     მადლობა კორონავირუსს... ეს თბილი ამბები რომ გამახსენა! როგორ მენატრება იმ დამწვარი ნიგვზის, დანაყილი იის ფოთლებისა და ყვავილების სურნელი (ყველა საბავშვო ინფექცია მოხდილი მაქვს!), როგორ მენატრება ჩემი საოცარი ბებო!..
    P.S. თუ რამეა, ღმერთმა ყველას გაშოროთ კოვიდ-19, მაგრამ მე მზად ვარ ბებოს მივბაძო და უშიშრად, ჯერ არააპრობირებული მეთოდით გიმკურნალოთ.
скачать dle 12.1