გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ოზლემ ოზგულ დუნდარი * - ლექსები (თარგმანი - ბელა ჩეკურიშვილი)


და მოგდის სისხლი

ბოსტნეულს რომ ჭრი და შვილები
სკოლაში მიგყავს და გამოგყავს
და ჭურჭელს რეცხავ და სახლს
ალაგებ და დედაშენი თავის აზრებს
გახვევს თავზე, ხელებზე, მხრებზე,
ფეხებზე და ბოსტნეულს რომ ჭრი
და საკუთარ ხორცსაც რომ იჭრი
და შვილებს რომ ბან და აწვენ და
ალაგებ და საყიდლებზე დადიხარ
და შვილსაც რომ თან დაატარებ
ხელში აყვანილს და დედაშენი
თავის აზრებს გალაგებს ზურგზე,
გულზე და თმებზე და ზედაც თვალებს
შემოგაწყობს და ოთხ კედელში სადაც
ახლა თქვენ ორნი დგახართ
ხელს იფარებ ორივე თვალზე
და ფარავ სირცხვილს და დედა თავის
აზრებს გახვევს და მოგდის სისხლი
რაღაცას რომ ჭრი



როცა საუბარი აზრისგან იცლება

როცა საუბარი აზრისგან იცლება
და შენი სიტყვები ზედ მაცვივა,
რაღაც სურთ ჩემგან, სურთ
აღიბეჭდონ ჩემს სხეულზე და
ჩემს სახეზე და მე კუნთები
მეკვანძება, ვერ უძლებენ
რადგან ამ დარტყმას, როცა
საუბარი აზრისგან იცლება და
შენი ნათქვამის ქვეშ თავსა ვხრი
დაბლა და ეს სიტყვები დიან
ჩემს სხეულში რომელმაც უკვე
აღარ იცის ვინ არის რადგან
საუბარი აზრისგან იცლება
და სიტყვები დიან სხეულში
შენი ნათქვამის ქვეშ რომ
მოხრილა


ვიყვლიფები

გეჯახები და მეყვლიფება
ხელები შენზე შენკენ სავალ
გზას რომ ეძებენ და მეკაწრება
ლოყები ცხვირი ტუჩები და
ქუთუთოები მესისხლება და
დაგეძებ და რასაც ჰქვია ვიჩხაპნები
შენზე და მეწვის სახე, სხეული
და ბოლომდე ვანთივარ შენთვის
გაგლესილია მზერა შენზე
მტკივა თითები და ხელები
როდესაც გკიდებ და ერთიანად
წითლადა ვარ გადატყაული
შენს ძებნაში და ისევ და ისევ
გეხლები და ზედ გეყვლიფები




მიმოხედვა

როცა ფოთლები ირევიან
და ერთმანეთთან სკამებს შორის
ზურგებით ვდგავართ არ სურთ
სიტყვებს ბაგეებს მოსწყდნენ და
აქეთ-იქით ვიხედებით არ ეძებენ
თვალები ერთურთს გადაივიწყეს
სხეულებმა ის ამბები რაც იყო და  
რაც აღარ ხდება სურათები აღარ
იქმნება როცა ფოთლები ირევიან
სათითაოდ ტრიალებენ უცნობ და
უჩვევ სხვადასხვა მხარეს ჩვენც
ზურგს შევაქცევთ სათითაოდ
ერთმანეთს აღარ დაეძებენ თვალები
ერთურთს და ვიხედებით აქეთ-იქით
განცალკევებით და სიტყვებს
არ სურთ რომ ისინი წარმოთქვას
ვინმემ






როცა ქალებმა

პისტოლეტი გიჭირავს და
ხან ერთ ხელში გადაიტან ხან
მეორეში ცეცხლთან თამაშობ
და მამის მამა და მამის ძმა კი
მამაშენზე დარდობენ როცა
სახლში ტყვიები მოგაქვს და
ღამღამობით აქეთ-იქით დაიარები
და მამის მამა აღმოაჩენს იმ შენს
დამალულს და ყვება, როგორ
შეაგროვეს ქალებმა ოქრო
როგორ დაიძრეს ხელებიდან და
ერთი შეკვრით როგორ გადმოგცეს
ყველაფერი რომ მამაშენი უცხოეთში
გაუშვეს იმით და როცა მამა
იხსენებს როგორ იჯდა იმ შეკვრით
როგორ დაიძრეს ხელებიდან
ქალებმა ოქრო ყველაფერი
მოხიკეს მისი მომავლისთვის და
მას ის შეკვრა როგორ ეჭირა ხან
ერთ ხელში ხან მეორეში


თვალის გუგების წინ

ჩაივლიან სურათები თვალის
გუგების წინ აქით-იქეთ შავ-
თეთრად როცა ფოტოსურათებს
არა ჰქონდა ფერები ჯერაც
მოგონებებს ადამიანებს ამ მომენტის
შესაჩერებლად რომ პოზირებდნენ
სურათები ჩაივლიან თვალის გუგებთან
როცა დედის დედა ყვება თავის
დედაზე როგორ აწობდნენ
დამტკბარ ჩაიში პურს როგორ
კრეფდნენ მინდორში ბამბას
თითის წვერების დასისხლვამდე
და სურათები თვალის გუგებთან
ჩაივლიან და მისი გარსი რაღაც
უჩინარს შეამჩნევს ჩვენთვის
რაც არსებობს აქედან შორს და
სადღაც სხვა დროში როცა
დედის დედა იყო ჯერაც პატარა
ცნობისმოყვარე ჯერაც სწავლობდა
როგორ ხდება რაღაცები
როცა ის თავის დედაზე ყვება
როგორ ცხოვრობდნენ სოფლად
როცა ბევრი რამის არსებობა
გადმოცემით იცოდნენ მხოლოდ
შავ-თეთრ ფერებში ჩაივლიან სურათები
შეეხებიან თვალის გუგას მოგონებები
ხალხი რომელიც პოზირებდა
ამ მომენტის შესაჩერებლად






* თურქული წარმოშობის გერმანულენოვანი პოეტი და დრამატურგი. ის გერმანიაში დაიბადა (1983) და გაიზარდა, გერმანიის, ირლანდიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა, თუმცა თურქული ენა მისთვის აქტიურ ენად რჩება და თანამედროვე თურქ ავტორთა პოეზიას წარმატებით თარგმნის გერმანულ ენაზე.
მისი სადებიუტო კრებული „აზრების მოკრება“ 2018 წელს გამოვიდა, რისთვისაც პოეტი ბახმანის პრემიაზე იყო წარდგენილი.
თვალშისაცემია დიუნდარის ლექსის გრაფიკული ფორმა. ავტორი ლექსებს 4 სანტიმეტრიან სვეტებად ალაგებს, გამჭვირვალე, მინის ჭურჭელი რომ წარმოიდგინოთ, სადაც  წინადადებები პუნქტუაციის გარეშე ყრია, სიტყვები იყოფა და სტრიქონიდან სტრიქონზე ნარჩენების სახით გადადის, ფრაზები ერთმანეთს აგრძელებენ, რითაც ხშირად ორმაგ მნიშვნელობას იძენენ. ის ზოგიერთ სიტყვას თავისებურად წერს, შეკვეცილი ფორმით, მხოლოდ ერთი ბგერით, თუმცა კი,  გაუგებარი არაფერი რჩება, მკითხველი ავტორის შემოთავაზებულ თამაშში ებმება, სადაც ფორმის წყალობით შინაარსის აღქმა კიდევ უფრო მძაფრდება. თუმცა, ლექსის ერთი წაკითხვა არ კმარა, რამდენჯერმე უნდა დაუბრუნდე, ზოგჯერ ხმამაღლაც ამოიკითხო, რათა გაიაზრო. წიგნის სათაური, შესაძლოა, ამასაც გულისხმობს, „აზრების მოკრება“ მკითხველსაც სჭირდება, დიუნდარის ლექსების შინაარსს რომ ბოლომდე ჩასწვდეს.
თემატურად კი, ეს არის ლექსები საკუთარი თავისა და იდენტობის ძიებაზე. კრებულში თავს იჩენს ოჯახური ისტორიები, მოგონებები და ემიგრაციის თემა, რაც მისთვის, როგორც ემიგრანტთა ოჯახის შთამომავალისთვის, მუდმივი კვლევისა და დისკუსიის საკითხია.  
მიუხედავად ერთადერთი კრებულისა, ოზლემ ოზგულ დიუნდარს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - დრამატურგიაშიც. თავის პიესებს ის ლაიპციგის სცენაზე, სხვადასხვა თეატრალურ კოლექტივთან ერთად წარმოადგენს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge