გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბორის რიჟი - ლექსები (თარგმანი - მარინა გოგოლაშვილისა)


მცირე განმარტება:  მოდით, ვაჟას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ გავიხსენოთ და იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გენიოსები ჩვენს ეპოქაშიც იბადებიან და რომ ნამდვილ პოეზიას არ აქვს ეროვნება.
ბორის რიჟი რუსეთში დაიბადა და სულ 27 წელი იცოცხლა, შემდეგ კი საკუთარი ხელით დაუსვა წერტილი თავის ფიზიკურ არსებობას და დატოვა მსუბუქ, ერთგვარად, დაუდევარ „სამოსელში“ შეფუთული  ფილოსოფიურ საფიქრალ-სადარდელით სავსე ლექსები - როგორც თავისი დამძიმებული სულის ტკივილიანი ნაფლეთები.
როგორც არაერთმა დიადმა, მანაც იწინასწარმეტყველა  თავისი ნაადრევიტრაგიკული აღსასრული, რისი დასტურიცაა მისი ერთ-ერთი ლექსის ეს სტრიქონები:
„-ჩემს ბედზე მინდა მიმარჩიელო,
აჰა, შენ, ბოშავ, სპილენძის გროში.
-მითხრეს, მოკვდები, შენისთანები,
ეჰ, არ ცხოვრობენ ამ სამყაროში“(თარგმანი - მ.გ.).
სულ 10 წლის განმავლობაში წერდა (მოასწრო, განსწავლულიყო გეოფიზიკაშიც). შემდეგ კი 21-ე საუკუნეს კარი გულგრილად გამოუხურა - 2001 წლის 7 მაისს თვითმკვლელობით დაასრულა ამქვეყნიური ყოფა (მეუღლემ აივანზე იპოვნა ჩამომხრჩვალი).
გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე, 2020 წლის სექტემბერში, ბორის რიჟის სული და ძვლები კიდევ ერთხელ შეძრა ძლიერმა ტკივილმა: ბედისწერულად, მამასავით ზუსტად  27 წლის ასაკში, ისრაელში გარდაიცვალა მისი ერთადერთი ვაჟი, არტიომი, რომელიც იქ მარკეტის კონსულტანტად მუშაობდა და ისრაელის თავდაცვის ძალებში შესვლას გეგმავდა.
სრულიად ახალგაზრდა დიდი პოეტი ბორის რიჟი კი უდავოდ ეკუთვნის ადრე წასულ უკვდავ გენიოსთა რიგებს და ამას დრო დაადასტურებს.
ბორის რიჟის პოეზია სულმოუთქმელად  ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე, ქართულ ენაზე კი მკითხველი მას პირველად ამ თარგმანებით გაიცნობს.
                                    
                                  ლექსები

* * *

წაეკიდებათ ნეკერჩხლებს ცეცხლი,
შორეთის ზეცას მოსდებენ ალს,
მზე ამოავლებთ ვარდისფერ ვერცხლში
და მე ვიღვიძებ, მე ვახელ თვალს.
სად იყო ასე, ან ვისთან, ოდეს,
მე არ შემითხზავს, ცხადზე ცხადია:
არ გყვარებივარ შენ არასოდეს,
ეს მე მიყვარდი ასე ძალიან.
მარტოა პარკი შემოდგომურა,
უდგას გაყრის და სიკვდილის ერა.
ასეთ რამეზე, ბლოკამდე ადრე,
ოგარიოვსაც შეეძლო წერა.
წერის ეს წარღვნამდელი მანერა,-
ადამიანს რომ გრძნობები სწვავს,-
და პირველ სტროფში ამის აღწერა,
დღეს უბოროტოდ მახსენებს თავს.
ნუ მიცქერმ თითქოს ვარ დამნაშავე.
მოვწევ, მერე ძილს მივეახლები
და ჯოჯოხეთის ძირმომპალ ღობეს
ყმაწვილბიჭურად გადავეველები.



* * *

სადილზე, ვაჰ მე, მრუდი ჰყვებოდა,
ბოზი, ნაწნავით, დასიზმრებოდა –
წკაპის ოქროს ალით
და უაზრო თვალით.
იქიდან მოტყდა მრუდი გამალებით,
ცოლი დაემუქრა ბინძური ბრჭყალებით:
ჰა, წესიერად-თქო,
ნეხვო, არ გაგბეთქო.
ნათელი ვიყავი რვა წლის ბიჭი,
ღონით ცხრისას ვგავდი, ხუროს ნიჭით:
გაზაფხულს ვსუნთქავდი,
ჩიტს ბუდეს ვუდგამდი.
ჭაბუკი გავხდი შემდეგ. და შემდეგ –
ღიპიან ძია ბორიად შევდექ.
მრუდო, დაგემსგავსე,
ბოდიში სიტყვაზე.
საწოლში როდესაც დავწვები, ვგმინავ,
თითქოს მძინავს და მაინც არ მძინავს.
განცდა ავი მიპყრობს-
იყო კი, რაც იყო?
წამწამს ცრემლისგან გაუწყდა ქანცი-
ვინ ვარ, კაცი ვარ თუ არ ვარ კაცი?-
მთრგუნავენ აჩრდილები –
წარსულის ნაბიჯები.



* * *
-ღმერთო, ნუთუ ეს მე ვარ
და ორია მაისის –
-იდიოტთა თავშეყრა
მეგობრული ხალისით.
მდინარის სანაპირო,
არაყი და მწვადები,
ქალთევზები, ღრუბლები…
-ე, ნუ ქუცმაცდები
და ნუ აქუცმაცებ,
უმსგავსობას უწოდებ.
მოდი, სიკვდილს ჯოჯოხეთს
შეჰპირდი – არნახულის,
შენ არ დათმო ოღონდ
ტრფობა გაზაფხულის.
მომისმინე, საწყისო!
გულუბრყვილო არ იყო,
-ამ უნდილთა შეკრება-
ჩემს თავს ხდება?!



* * * 

ცისფერი თვალები გახუნდა,
ჩამქრალან შავი თვალებიც.
ბაღებიც და ზეცაც დაძველდა,
შებერდნენ სკოლელი ქალებიც.
ვერ ვხედავ მანჟეტს და წინსაფარს
და მათთან ვერც მაქმანს ბევრს.
ის მერხიც აღარსად აღარ ჩანს,
ზედ რომ ამოვკაწრე „ბე.ერ“/Б.Р.
როდესაც ვაცდენდი გაკვეთილს,
ამ მერხთან მოვყვებოდი გზებს.
სამიოდ გროშად კი, ერთისთვის,
ვიძენდი სიყვარულს და მზეს.
არარსებულზე ვუთხრობდი,
ხელახლა მოსვლის იმედით-
რომ კვლავ სამზეოში დაგვხვდება:
ეს მერხიც, ტრფობაც, ეს ბედიც.
თვალსა და ხელს შუა გამიქრა,
რაც ეს-ესაა დაიწყო.
გვერდით ჩამიქროლეს მზემ, გრძნობამ,
დრომ სკამთან ერთად წაიღო.
დამრჩა სულელური იარა-
არ გავბოროტდე, ძნელია:
-არ უნდა მეთქვა კი არა,
სათქმელი რომ არაფერია!
გოგონა, ყოფილი,- ვით წესი.
დავშორდით, დე, იყოს ასე.
შეუნდე შენს ყოფილს – ხულიგანს,
ლექსით და წყვდიადით სავსეს.
სიტყვის აღარ მჯერა, ვით მაშინ,
ჩემმა სიყრმემ რომ ინება.
ვერ გეტყვი – თავიდან იწყება…
ეს ხომ არასოდეს იქნება.


***
არც ალუბლის, არც არყის,
სკვერში რომ ამოსულა,-
მწამდა მხოლოდ მუსიკის-
არც თუ სერიოზულად.
კიდეც რომ ექვითინა
განუწყვეტლივ,  ჩემს მხარზე,
მაინც არსად ვუშვებდი,
სულ  ვიდექი უარზე.
ვიშორებდი ხელისკვრით.
მას რა უნდა ექნა?
ვუყვიროდი:-მითხარი,
მიღალატებ, ძუკნა?!
კარი მიიჯახუნა
ორთქმავალის  გამყოლმა.
მუსიკაშიც არ მწამდა
ცრემლებამდე ჩაყოლა.


* * *
(შვილს - არტიომს)
მე შენ ჰოლანდიიდან ლეგოს ჩამოგიტან,
სასახლე ავაგოთ მისი კუბებისგან.
თუ შეძლებ, დაიბრუნო წლები, სიყვარული,
მაშ, ჯერ არ დამდგარა ყველაფრის დასასრული.
წავედი სამუდამოდ, მაგრამ დავბრუნდები.
გზას ოქროს ნაპირისკენ ერთად გავუდგებით,
ან ქირით ავიღებთ კოტეჯს სადა ხედით,
დავხედავთ ჩვენს თანხებს და – ამის მიხედვით…
იქ ვიყოთ, ვიზარმაცოთ, სანამ თოვლი მოვა და,
მაინც, არაფერი თუ არ გამოვა,
ჰოლანდიიდან ლეგოს გამოვგზავნი ნაღდად,
რომ, ჩემო ბიჭო,სასახლე აიგო თავად.
 

* * *
ვფიქრობდი ყრმობაში: გავხდები დიდი, 
გაიფანტება, ვით კვამლის ბინდი
ტკივილი. შიშიც ამოიხსნება, 
ობობას თხელ ქსელს რომ დაემსგავსება.
ყრმობაში მქონდა ეს ფიქრი მყარი:
დავბრძენდებოდით მე და სამყარო.
ანგელოზებთან, ნახევარწრეში,
ვისაუბრებდით ჩვენ ერთმანეთში.
დავბრძენდებოდით მე და სამყარო.
ასი წელია გასული ახლა,
ფანჯრიდან ვუმზერ: ღვინოს სვამს გლახა
და ღვინოს დაჰკრავს უშნო ნათელი.
არ მაქვს ვინმესთან რაიმე სათქმელი.


* * * 
დრო იყო საარაკო ლამის,
ლუდმა ჩაგვინაცვლა ჰაერი:
ქრებოდა ის, როგორც ჰაერი,
შემდეგ კი კვლავ ჩნდებოდა წამით.
და მაღაზიასთან, საღამოს,
ვიდექით, ვლაყბობდით ჩუმად, -
რა კარგად ვცხოვრობდით ცუდად-
და ვაბოლებდით საამოდ.
და თუმცა მშვენება არ აკლდა
უხეშად ნაქსოვით გაჭიმულს,
ცხოვრებას, მას- ჩვენგან გამიჯნულს, 
გარს ყუთთა მწკრივი ერტყა ალყად.
ცა დაჟინებით და შენდობით
უცქერდა ჩვენს ქცევა-ზმას,
რადგან სათანადოდ ვერ ვფლობდით- 
„ჩვენ ვცხოვრობთ“ - მშვენიერ ზმნას.


* * *
ემალირებული ჭურჭელი,
საწოლო, ტუმბო, სარკმელი.
ცხოვრება - არამყუდრო, ძნელი;
სიკვდილი - მყუდროსთან სათქმელი.
ვწევარ და ვფიქრობ, ჩემთვის, გულში: 
აი, ამ ქათქათა ზეწრით,
რომელიც არც კი ჰქონდა გუშინ,
დღეს სხვაგან გავიდა ზეცით.
და ონკანიდან ჩუმად წვეთავს
ცხოვრება - ძუკნა წამხდარი,
ერკვევა ნისლიდან და ხედავს:
საწოლთან ტუმბოა მიმდგარი.
ვცდილობ, ადგომა დავითმინო,
რომ მერე მის მზერას ჩავწვდე.
შევხედო, დიდხანს ვიქვითინო
და  არასოდეს მოვკვდე.
скачать dle 12.1