ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში
ამა თუ იმ მწერლის პიროვნული ხასიათისა და შემოქმედებითი სამყაროს უკეთ შეცნობის მიზნით, გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება მისი ეპისტოლური შემოქმედების გაცნობას. მიუხედავად იმისა, რომ კერძო წერილებს სამართლიანად მიიჩნევენ შემოქმედების ნაწილად, მათში მწერალი მაინც უფრო თავისუფალი და გულღიაა, ვიდრე ფართო მკითხველი საზოგადოების წინაშე გამოტანილ მხატვრულ ნაწარმოებში და, ამდენად, უფრო ცხადი წარმოდგენა გვექმნება მის სულიერ სამყაროზე, პირად „მესა“ და შინაგან მოწოდებაზე. ამჯერად საქმე ეხება ილია ჭავჭავაძის ერთ მნიშვნელოვან მიმოწერას, რომლის შუქზე კიდევ უფრო მკაფიოდ მოსჩანს იგი, როგორც დიდი ეროვნული მოღვაწე. „ეპისტოლური მასალა ი. ჭავჭავაძის პიროვნების გაცნობის, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნიუანსების შესწავლის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. პირადი წერილები დიდი ილიას სულის სარკეა, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია...“ (მ. კვატაია, 1989. გვ. 3).
თუ თვალს გავადევნებთ ილია ჭავჭავაძის ჭაბუკობის ხანას, ახალგაზრდული პერიოდის მამულიშვილურ განცდებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თითქოს ეს დიდი საზოგადო მოღვაწე ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ პიროვნებად უნდა დაბადებულიყო. იგი არა მარტო ქართულ ეროვნულ პრობლემას მიიჩნევდა საკუთრივ სისხლხორცეულ საკითხად, არამედ მთელი არსებით თანაუგრძნობდა ეროვნული თავისუფლების იდეას ნებისმიერ ერში. მკვლევართა არაერთგზის გადმოცემით, 16-ოდე წლის ყმაწვილი შესტრფოდა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, როცა ავსტრიელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში მას წინამძღოლობდა ჯუზეპე გარიბალდი. „1853-დან ფიქრობდა ჯუზეპე გარიბალდის არმიაში მოხალისედ წასვლაზე და იტალიის გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობაზე“ (მ. ნინიძე, ივ. ამირხანაშვილი, 2017, გვ.11).აქედან ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე სხვანაირი პიროვნებაა და არ ჰგავს თავის თანამედროვეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელთაც, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ევროპული საკითხების ირგვლივ არა მხოლოდ მოკრძალებული წარმოდგენა, ინტერესიც მოკრძალებული გააჩნდათ, მით უმეტეს, იმ დროის მწირი ინფორმაციული ვითარებიდან გამომდინარე. ილია ოცნებობდა იტალიაში გამგზავრებაზე, რათა მონაწილეობა მიეღო აპენინის ნახევარკუნძულზე დაწყებულ იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბატალიებში, რომელიც რომის გარშემო წარმოქმნილი მრავალი იტალიური ქვეყნის საბოლოო გაერთიანებას ისახავდა მიზნად. როგორც ვხედავთ, ილია ჭავჭავაძე, კოლონიური და პატარა ქვეყნის შვილი, არათუ შეზღუდული ეროვნული გრძნობებიდან და ვიწრო კარჩაკეტილობის თვალსაწიერიდან გამოდის, არამედ ზოგადეროვნული თავისუფლების იდეის მატარებელ პიროვნებად გვევლინება. იგი არა მხოლოდ ქართულ ეროვნულ მოძრაობას თანაუგრძნობს, არამედ, ზოგადად, ერების კოლონიური ჩაგვრისგან განთავისუფლების იდეით სულდგმულობს. გარიბალდისთან გამგზავრებაში ხელმოცარული ახალგაზრდა პოეტი მაინც აღფრთოვანებულია იტალიელთა წარმატებით, რის გამოძახილიცაა 1960 წელს, სტუდენტობისას დაწერილი (დაიბეჭდა 1871 წ. ჟურნალ „კრებულში“) ლექსი „მესმის, მესმის!“:
„მესმის, მესმის, სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მსხვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს,
დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!“
ასე ინატრა ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძემ ეროვნული ჩაგვრის ბორკილთა მსხვრევა საქართველოში.
მოცემული ლექსის იდეური ანალიზიდან გამომდინარე, კიდევ უფრო საინტერესოდ მიგვაჩნია ილია ჭავჭავაძის მოსაზრებანი იმ საერთაშორისოდ გახმაურებული საკითხის ირგვლივ, რომელიც წარმოიშვა 70-იანი წლების მეორე ნახევარში კუნძულ კრიტოსის განთავისუფლებისათვის ბერძენი ხალხის სამართლიან ბრძოლასთან დაკავშირებით. ილია ბერძენთა აჯანყებას, რომლის მიზანიც კრიტოსის დედასამშობლოსთან შეერთება იყო, იმთავითვე გამოეხმაურა და გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა ორი წერილი (1897 წ. 10 თებერვალი, N22; 14 მარტი, N48). წერილებში ილია გამოთქვამს სამართლიან საყვედურებს ევროპული ქვეყნების მმართველი წრეებისადმი საბერძნეთის ინტერესების იგნორირებისთვის. „ჩააფუჩეჩეს საბერძნეთის საქმე“ - ამბობს იგი და დიპლომატიურ უძლურებად მიიჩნევს იმ სიფრთხილეს, რომ კრიტოსის საკითხმა და საბერძნეთმა „არ ააფეთქოს აღმოსავლეთის საქმე და თოფ-ზარბაზანმა არ გაიხმაუროს თავისის საშინელის ხმით იქ“ (ი. ჭავჭავაძე, 1957, გვ. 148).
ამ სამართლიან ბრძოლაში ბერძენ ხალხს თანადგომას უცხადებდა მთელი პროგრესული სამყარო. მათ შორის იდგა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობაც.
გულანთებულმა ქართველმა სტუდენტებმა პეტერბურგიდან საქართველოში ერთდროულად, ერთი და იმავე შინაარსის, სრულიად იდენტური ორიწერილი გამოგზავნეს, რომელთა ადრესატები იყვნენ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორი, მწერალი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე და გაზეთ „კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორ-გამომცემელი, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი გიორგი წერეთელი, რომელიც ასევე იყო „თერგდალეულთა“ თაობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ გ. წერეთელს რუსეთისადმი არცთუ გულცივი დამოკიდებულება გააჩნდა, იგი „არც რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ყოფნის მომხრე იყო და ეროვნული განვითარების ერთადერთ პერსპექტიულ გზად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მიიჩნევდა“ (ა. ნიკოლეიშვილი, 2014, გვ. 15). ამავე დროს, გ. წერეთელი არ ითვლებოდა ილია ჭავჭავაძის იდეურ თანამოაზრედ, რაც ასევე გვაფიქრებინებს, რომ სტუდენტების მიერ ამ ორი პიროვნების თავიანთი წერილების ადრესატებად შერჩევა კარგად გააზრებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
ილია ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი წერილი, გარკვეული მოსაზრებით, გამოგზავნილი იყო „ივერიის“ სახელზე („ივერიის რედაქციას“), წერილში თვით ილიას სახელიც კი ნახსენები არ არის, რათა რედაქტორზე ხაზგასმა თვალშისაცემი არ ყოფილიყო, თუმცა ილიას პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ წერილი მას გამოუგზავნეს, რომელიც, ზოგიერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმული ვარაუდით, არათუ ფოსტით, არამედ კერძო პირს უნდა ჩამოეტანა და უშუალოდ რედაქტორისთვის გადაეცა. წერილი არცთუ მცირე ზომისაა და ამიტომ მოვიხმობთ რამდენიმე ამონარიდს: „კრიტოსი და საბერძნეთი!“ გაისმის ერთგან, - „კრიტოსი და ოსმალეთი!“ - გაისმის სხვაგან... კრიტოსელნი და ბერძენნი... საგმირო მოედანზე გამოსულან, ევროპის წინაშე ეროვნული თავისუფლების დროშა აუმართნიათ და საყოველთაოდ აღიარებენ: „ერის თავისუფლებას პატივი ეცით“-ო! ამათ თანაუგრძნობს ევროპის საზოგადო აზრი... ამხნევებს და აათკეცებს გმირთა სიყვარულს თავისუფლების მიმართ, რომლის პატივი შეუგნებელმა და ბარბაროსმა ოსმალომ ჯერ არ იცის...“ ქართველი სტუდენტები კრიტიკულად აფასებენ ევროპული სახელმწიფოების მესვეურთა პოლიტიკურ შებოჭილობას და მათ მიერ მორცხვად თავდახრას პოლიტიკურ ინტერესთა სხვადასხვა მხარის გათვალისწინებით, თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ ისინიც დაადგებიან სამართლიან გზას და ერთა თავისუფლებას ღიად დაუჭერენ მხარს. მათი აზრით, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბერძნთა მხარესაა ყველა ის ხალხი, რომელიც „კრიტოსელთაებრ“ იტანჯებიან კოლონიური უღლის ქვეშ. ბერძნები ნამდვილად იმსახურებენ მხარდაჭერას და გამარჯვებას, რომელთაც თავისუფლების მიმართ აქვთ ასეთი წარმოდგენა: „ერი ერს, ან არა და სიკვდილი“-ო. იქვე ქართველი სტუდენტები აცნობებენ ადრესატს, რომ სურთ გაუგზავნონ ათენელ სტუდენტებს თანაგრძნობის წერილი ან დეპეშა და ამით გამოხატონ, რომ „ჩვენთვისაც ისევე ძვირფასია თავისუფლება, როგორც კრიტოსელებისთვის, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიგზავნია, რადგან გვსურდა დაგკითხებოდით, თუ თქვენ რა აზრის ბრძანდებით ამ საგნის შესახებ“. ასევე იტყობინებიან, რომ ასეთსავე წერილებს გაუგზავნიან რუსეთის სხვა ქალაქების ქართველ სტუდენტებსაც და მათ მოსაზრებებსაც გაითვალისწინებენ. „...გთხოვთ... ნუ დაგვიგვიანებთ პასუხს... გვაცნობეთ, რა მოსაზრებით იხელმძღვანელებთ საგნის გადაწყვეტის დროს. ეს ჩვენთვის აუცილებელი საჭიროა“ (ი. ჭავჭავაძე, 1961, გვ. 517-518). პეტერბურგის ქართველ სტუდენტებს რუსეთის სხვა საუნივერსიტეტო ქალაქებში, მართლაც, გაუბამთ კავშირი: „ჩვენ სტუდენტებისაგან პასუხს მალე შევიტყობთ“ - ო, აცნობებენ ისინი ადრესატს.
წერილის ტექსტი დაუწერიათ ქართველი სტუდენტების სათვისტომოს სხდომაზე, რომელიც გამართულა სამსონ ფირცხალავას (შემდგომში ცნობილი პუბლიცისტი) ხელმძღვანელობით. სათვისტომოს გამგეობის მდივანი კი ყოფილა ალექსანდრე კალანდაძე, რომელიც, პასუხის დაბრუნების მიზნით, წერილის ბოლოს თავისმისამართს უთითებს.
როგორც ზემოთ ითქვა, ქართველ სტუდენტებს ასეთივე წერილი (ზუსტი ასლი) გამოუგზავნიათ მეორე პოლიტიკური და ლიტერატურული ორგანოს რედაქტორ-გამომცემელ გიორგი წერეთლისთვისაც. ირკვევა, რომ წერილზე პასუხი გაუცია, როგორც ილია ჭავჭავაძეს, ასევე გიორგი წერეთელსაც, რომლებიც რამდენადმე ურთიერთგანსხვავებულ საზრისზე დგანან. გ. წერეთელი ძალზე აღუფრთოვანებია ქართველი ახალგაზრდების მოსაზრებას და აღტკინებას. იგი სიხარულს ვერ მალავს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ თავის დამცირებულ ქვეყანას არ ძალუძს უფრო ქმედითად დაეხმაროს გაჭირვებაში ჩავარდნილ ბერძენ ხალხს: „ვაი საქართველოს დამცირებას და დამდაბლებას, რომ ამ დროში მას არ შეუძლია უფრო ნამდვილი საქმით მიეშველოს დაჩაგრულ ხალხს, გაგზავნოს საბერძნეთს თავისუფალი რაზმი ქართველთა მებრძოლთა. თქვენი თანაგრძნობის წერილი ჩინებულია და დიაღაც უნდა გაგზავნოთ“. იქვე გ. წერეთელი გამოთქვამს მოსაზრებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, იქნებ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მასში ევროპის სახელმწიფოების ანგარებაა გაკიცხული და ასეთი წერილი თავის შეურაცხყოფად ჩათვალოს (როგორც თავადაც ანგარმა და კოლონიზატორმა - თ. გ.). ბოლოს კი მაინც იმას მოუწოდებს, რომ მოხარული იქნება, თუ თანაგრძნობის წერილი მთელი ქართველი სტუდენტების სახელით გაიგზავნება: „რაკი ასეთი თანაგრძნობის წერილის მიწერა გაგიზრახავთ, ბარემც ყველა ქართველი სტუდენტების თანაგრძნობით რომ იქმნეს, ისა სჯობია“.
ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი მეტად აწონილ-დაწონილი, დინჯი და მოფიქრებულია. მას დიდხანს უმსჯელია, რასაც დღემდე შემონახული რამდენიმე შესწორებული ხელნაწერი ვარიანტიც ამტკიცებს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ თავის დროზე, ყმაწვილკაცობაში, თავად აპირებდა იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმას, რაზეც არაერთი მკვლევარი მიუთითებს, უნდა გვევარაუდა, რომ ამჯერად იგი სტუდენტებს ტაშით დააჯილდოებდა ბერძენი ხალხისადმი ასეთი გულმხურვალე დამოკიდებულებისათვის, მაგრამ ილია ჭავჭავაძე სრულიად საპირისპირო პასუხს უგზავნის ქართველ სტუდენტებს. რა თქმა უნდა, იგი მიესალმება ბერძენთა ეროვნული მოძრაობისადმი თანაგრძნობის გამოხატვას, მაგრამ იქვე ახალგაზრდებს შთააგონებს, რომ სამართალი შორსაა და „...საუბედუროდ, დღევანდელი დღე მუშტისაა, ძალა ჰხნავს აღმართსა“. ილია სტუდენტებს ზედმეტი აქტიურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან „ჩვენი მშობელი ქვეყანა ყველა სხვა ქვეყანაზედ ჩვენთვის უფრო საფიქრებელი და საზრუნველია“. ილია იმასაც ითვალისწინებს, რომ იქნებ ზოგიერთს არც მოეწონოს მისი ასეთი პასუხი, ამიტომ დასძენს: „აქ არავისის ძრახვას და საყვედურს არ ვერიდები“-ო და განმარტავს: „თქვენ ჩემზედ უკეთ მოგეხსენებათ, - რა ხართ თქვენ, უმაღლესის სწავლისათვის გადახვეწილნი ქართველნი, ჩვენისშავბედიანის ქვეყნისათვის: მთელი სასოება ჩვენის ქვეყნისა თქვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ხვალე, ჩვენი მერმისი თქვენ ხართ...“ ილია სტუდენტი ახალგაზრდობის ბედს ქვეყნის ბედთან აიგივებს: „განსაცდელი და საფრთხე დიდია, განა საფიქრებელი არ არის, რომ თქვენი ბედი, და მაშასადამე თქვენი ქვეყნისა, ამ საფრთხესა და განსაცდელში არ ჩავარდეს! ბერძნებს თქვენი თანაგრძნობა, რა თქმა უნდა, იამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს... მე მესმის მთელი პატიოსნება და კეთილშობილება თქვენ მიერ მოწადინებულისა, არც თავის დღეში ეჭვი არა მქონია, რო ჩვენს ყმაწვილკაცობას გული არა ებრძოდეს... მაგრამ რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენის სიკეთისაგან სხვისათვის ვერ გავწირავთ ვერას, ყოველივე ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ“. ეს ვრცელი ამონარიდი ზუსტად გვიჩვენებს დიდი მამულიშვილისა და ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწის ყველაზე სწორად გათვლილ ნაბიჯს, რომელიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობის მოპოვება-შენარჩუნებას ემსახურება. „ნუ მიწყენთ... - განაგრძობს ილია - სასწავლებლად წასულხართ, ისწავლეთ... მარტო სწავლა-ცოდნას შეალიეთ თქვენი დღენი და ამ ორის უუძლიერესის ფარ-ხმლით მოდით და დაეპატრონეთ თქვენდა მოსავს ქვეყანასა... ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-განათლებული კაცები არა ჰყავს. აი თქვენი თავი რად გვიღირს ასე ძვირად, და სიძუნწეში ნურავინ ჩამომართმევს, რომ სხვისთვის არც ერთს თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენის ქვეყნისათვის ხართ საჭირონი“. ილია რამდეჯერმე უბოდიშებს ახალგაზრდებს, რომ ამ კეთილშობილურ საქმეში თანამოაზრეობის მიუხედავად, მიზეზთა გამო იძულებულია დაგმოს ახალგაზრდების განზრახვა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მათ სიფრთხილისაკენ: „უთქვენობა რომ ძვირად არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდან მაგ პატიოსან გულთა-თქმას. შიში განსაცდელისა აქ საბუთია და სამართლიანი. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ამ სიყვარულს ანაცვალეთ ყველაფერი. „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან“. ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა“. ამ სიტყვებით ამთავრებს დიდი მამულიშვილი თავის ვრცელ წერილს, რომელშიც ყველაფერი ნათელია...
უნდა აღინიშნოს, რომ საპასუხო წერილების ორივე ავტორი იჩენს გარკვეულ სიფრთხილეს, რათა ხელისუფლების თვალთახედვაში ეს თანაგრძნობის წერილი არ მოხვედრილიყო, ვინაიდან იგი იქნებოდა რუსული მმართველობისთვის უტყუარი საბუთი იმისა, თუ საითკენ ქროდა მოწინავე ქართველი ახალგაზრდების გონება და რატომ უჭერდნენ ისინი მხარს დაპყრობილ კრიტოსელთა განმათავისუფლებელ ბრძოლას. წერილში გაჟღერებული - „ერი ერს ან არა და სიკვდილი“ 1832 წლის შეთქმულების იდეის გაცოცხლებაზეც მიანიშნებდა. ეს კი, რა თქმა უნდა, ქართველთა მიმართ ხელისუფლების ხელახალი რისხვისა და მკაცრი ზომების გატარების საბაბი გახდებოდა, რაც ზედმიწევნით კარგად იცოდა ილია ჭავჭავაძემაც და გიორგი წერეთელმაც. განსაკუთრებით ილია არ აჰყოლია გულიძგერას და ქართველ სტუდენტთა ყმაწვილკაცური სურვილებისთვის მხარდაჭერის ცდუნებას. ისტორიული წარსული მიგვანიშნებს, რომ სხვის ომებში გამუდმებით თავის გამოჩენასა და გმირულ თავგანწირვებს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი არასდროს მოჰყოლია.
ვკითხულობთ ამ საპასუხო წერილის სტრიქონებს და თვალწინ წარმოგვიდგება დიდი ილიას დინჯი სახე, რომელიც ყველა ეპოქის მსოფლიო კორიფეთა ნებისმიერ პლეადას დაამშვენებდა. მისი მხატვრული და პუბლიცისტური შემოქმედება იწერებოდა საქართველოს რუსიფიკაციის ეპოქაში და ემსახურებოდა თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეას. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ილიას შემოქმედება ამჟამადაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც იყო მაშინ, როცა იგი იწერებოდა. მას ამჟამადაც აკისრია იგივე ფუნქცია, როგორიც ეკისრა მაშინ, ვინაიდან გასულ საუკუნეში ორჯერ გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ ეროვნული შვება მაინც ვერ მოგვიტანა.
მიუხედავად ზემოთ გამოთქმული მოსაზრებებისა, უნდა ითქვას, რომ თავისი შემოქმედებითი ევოლუციის გზაზე ილია ჭავჭავაძეს ბოლომდე გაჰყვა გარიბალდის პიროვნებისადმი პატივისცემა. იონა მეუნარგია გადმოგვცემს „ივერიის“ რედაქტორის კაბინეტის 1886 წლის აღწერილობას. კედლებზე თურმე გამოჩენილ მოღვაწეთა სურათები ეკიდა, მათ შორის ნახავდით წმინდა ნინოს გამოსახულებასაც, ასევე დავით აღმაშენებელს, გიორგი მესამესა და თამარ მეფეს, გორგასლსა და მეფე ერეკლეს. „რომ მიიხედ-მოიხედავდით, დაინახავდით ერთგან შექსპირის ბიუსტს, სხვაგან გოეტესას, კიდევ სხვაგან რუსთაველისას და გარიბალდისას“ (ი. მეუნარგია, 1937, გვ. 17). როგორც ჩანს, გარიბალდისადმი პატივისცემა ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია დიდ ქართველ მოღვაწეს.
შემთხვევითი ფაქტი არც ის არის, რომ ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა 70-იანი წლების დასაწყისის მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენას - პარიზის კომუნის დაცემას, რომელსაც უძღვნა ლექსი „1871 წელი 23 მაისი“. სწორედ ამ დღეს დაეცა პარიზის კომუნა. იმ დღეების შემოქმედი ფრანგი ხალხი მას საოცარ და წამებულ ერად წარმოუდგენია:
„კვლავ ეწამა მოყვასისთვის
საოცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი“.
ცნობილია, რომ ილია მუდამ ოპტიმისტი იყო, ყოველთვის სჯეროდა უკეთესი მერმისისა (გავიხსენოთ ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“), ამიტომ მისი დიდი გილისტკივილი მოჰყოლია კომუნის დაცემას, რაც საკაცობრიო პროგრესის შემაფერხებელ მოვლენად მიუჩნევია:
„კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შედრკნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწაულობენ
გამარჯვებული მტარვალნი“.
გამოჩენილი ქართველი მკვლევარი პავლე ინგოროყვა ილიას ცნობილი წერილის „საქართველოს მოამბეზედ“ განხილვისას აღნიშნავს, რომ „ილიას მოძღვრებით, ცხოვრება არის მუდმივი მოძრაობა, იგი მუდმივ განვითარებაშია, მუდმივ განახლებასა და ზრდას განიცდის... ილიას მოძღვრებით კაცობრიობის ისტორია ეს არის ერთი მთლიანი განუწყვეტელი ჯაჭვი პროგრესისა“ (პ. ინგოროყვა, 1984, გვ. 16). ილია ჭავჭავაძის მიხედვით, სწორედმოძრაობა და მოძრაობა იყო საკაცობრიო ცხოვრების განახლებისა და პროგრესის მთავარი პირობა. ილიას დემოკრატიული იდეები გახდა სამშობლოს ახლებური განცდისათვის ბიძგის მიმცემი, ამ დიდმა მოღვაწემ შთააგონა ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, რომ სამშობლო აღარ გაგვაჩნდა, იგი რუსული ჩექმის ქვეშ განრთხმული ღაფავდა სულს. სწორედ ილია ჭავჭავაძემ შთაბერა მას სული, მკვდრეთით აღადგინა და ახალი რწმენითა და ენერგიით აღავსო თავისუფლების იდეა.
გამოყენებული ლიტერატურა
- ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 2017 - ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე (რედ. მ. ნინიძე და ივ. ამირხანაშვილი), გამომც. „მთაწმინდა“, თბ. 2017
- ინგოროყვა, 1984 - პ. ინგოროყვა, შესავალი წერილი „ილია ჭავჭავაძე“, თხზულებანი, გამომც. „საბჭ. საქართველო“, თბ. 1984
- კვატაია, 2017 - ე. კვატაია, ილია ჭავჭავაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ევოლუცია, გამომც. „მეცნიერება“, თბ. 1989
- მეუნარგია, 1937 -ი. მეუნარგია, ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდამ, „ზარია ვოსტოკას სტამბა“, თბ. 1937
- ნიკოლეიშვილი, 2014 - ა. ნიკოლეიშვილი, ორტომეული, ტ. II, ცენტრი „ქუთაისი“, 2014
- ჭავჭავაძე, 1957 - ი. ჭავჭავაძე, თხზ. 10 ტომად, ტ. IX, თბ. 1957
- ჭავჭავაძე, 1961 - ი. ჭავჭავაძე, თხზ. 10 ტომად, ტ. X, თბ. 1961.
ახალი სტატიები
სალომე გოგოლაძე - ლექსები 22:52თენგიზ გუმბერიძე - ზოგადეროვნული საკითხები ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში 01:09კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 01:01ირაკლი ნადარეიშვილი - ზადენი (ფენტეზი) 20:57დაფნე დიუ მორიე - მისი მამა (თარგმანი - თამარ ნამგლაძე) 20:53გივი ჩიღვინაძე - ტოპონიმები, ამბები და ადამიანები 20:27გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა 19:46ირინა თოფურია - ლექსები 19:31
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ბექა ახალაია - ლექსები