კლიენტს ბოლო თაფლიანი ქილაც ჩავაბარე, სკის ჩარჩოები ვიყიდე, მანქანა გარეუბანში დავტოვე და მთავარ გამზირს მივაშურე.

ერთხელ მეც გავივლი და გამოვივლი. მეყო ამდენი ჯაფა, მეც ვიგრძნო სეირნობის ბატონკაცური ხიბლი. მეც გამიმწარდეს ცხვირი ხარისხიანი სიგარის თუარა, ჰაერში დატრიალებული ნიკოტინის სიმყრალით მაინც, მეც დავტკბე იმ სურნელით, შლეიფივით რომ ტოვებენ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი მოვლილი ქალები.

დღის გართობა მე არ ვიცი, ღამის კლუბი ჩემთვის არ არის, თვალს დავხუჭავ და-ფუტკრები, მინდვრები, ყანა, თოხი, პაპანებაში შემოწებებული ოფლიანი მაისური, ან ტალახით ერთი-ორად დამძიმებული ჩექმები და სიცივეში სველი ქურთუკით ძიგძიგი.

მეყო!

პიკის დრო იყო და ხალხი ფუტკარივით ირეოდა, უფრო ზუსტად, მათი მოძრაობა ძალიან ჰგავდა ზეცაში უთვალავი ჩიტის მიერ მოწყობილ ტალღოვან გადაადგილებას, სწრაფ და ნატიფ ფორმაცვალებას, ჩიტების მურმურაციას რომ ეძახიან.

-ბიჭი დავარდა!-შემომესმა ხმა. ამ ხმას მეტროსთან შეჯგუფულ ხალხთან მივყევი. სუსტი, უღონო ბიჭი მოკუნტული, მუთაქასავით უძრავად ჩამხობილიყო გუბესთან. ,,ნარკოტიკისგან“- გამიელვა თავში და სხვათა რამდენიმე ბაგეზეც გადაირბინა ამავე სიტყვებმა.

- სასწრაფო, სასწრაფო ჩქარა!

ამ სიტყვებზე ბიჭმა, რომელსაც სახეზე მომწვანო ფერი გადაჰკრავდა, სადღაციდან-უძრაობის უაზრობიდან შუშის თვალებით ამოგვხედა.

,,სასწრაფო- არა!“-ძლივს ამოღეჭა, მოინდომა, გაჭირვებით წამოიმართა, ზურგზე ჩანთა თითებით მოისინჯა და ბარბაცით გაუყვა გამზირს.

-წასარწყევი კიდევ ბევრი აქვს, -თქვა ერთმა მგზავრმა თანაგანცდით და გუნებაგაფუჭებული ხელჩაქნევით გაუყვა გზას.

ის მგზავრი მე ვიყავი.

ვნანობდი ,,ხალხში გამოსვლის“ წუთიერ ცთუნებას. ვგრძნობდი, რომ ამ თვითგანადგურების მანიით შეპყრობილ ტოლებთან აღარაფერი მაკავშირებდა. ნაცნობ-მეგობრებიდან ბევრი დავკარგე, ზოგი ზედოზირებით გარდაიცვალა, ზოგი უხარისხო ნარკოტიკით ძილში გაიპარა. უხარისხო, თორე, რაც ხარისხიანია ის კი უკვდავების წყაროს წყალია, ბევრი ვეცადე ერთი-ორი მეგობარი მაინც დამეხსნა ამ საშინელი ტყვეობის კლანჭებიდან, მაგრამ რომ არაფერი გამივიდა, თავი გავანებე. მოცურავეს ჰგავს გადამრჩენელი, მაგრამ თუ გადასარჩენმა არ დააცალა, ხელები ყელზე შემოაჭდო, ხელ-ფეხი შეუკრა, შეიძლება თავად გადამრჩენელიც დაიხრჩოს.

ყველაზე სწორი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, ეს იყო- რაც შეიძლება შორს მათგან..

უკვე ბევრი წელი მაშორებდა მათ ამბებს.

ამ სურათმა ტკივილი გამიახლა. ავტობანზეც ეს მეფიქრებოდა და დიდხანს არ წაშლილა ჩემი მეხსიერებიდან, რამაც გამახსენა საპირისპირო ხასიათის ისტორიები, გარდასულ საუკუნეთა, რომელიც ჩემი უფროსი მეგობრის მონათხრობით ვიცოდი. ეს იყო ისტორიები ახალგაზრდა კაცებისა, რომელთაც უმნიშვნელო ფიზიოლოგიური სისუსტეები- სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. მათი ისტორიების გახსენება ყელში ბურთს მჩრიდა, უპეებს ცრემლით მინოტივებდა.

უპირველესად ეს ამბაკო კ-ს ისტორია იყო, მე-19 საუკუნის 70 -იანი წლებიდან. მაგრამ სანამ ამ მოკლე ისტორიას მოვყვები, ვნახოთ, რა ფონი უძღოდა წინ ამგვარი ხასიათების ჩამოყალიბებას.

ამბაკო კ.-ს ბავშვობაში იყო თამაში, რომელსაც ,,მუტაკია“ ერქვა, ნაწილობრივ ხუმრობა, ნაწილობრივ აღმზრდელობითი დატვირთვის თამაში, ცოტაოდენი სიუხეშის ელფერით , რა სიუხეშეც მსჭვალავდა გლეხის მკაცრ, თუმც წრფელ ცხოვრებას. როცა პატარა ბავშვს თავისივე მუცელი დაემუქრებოდა, აჩხუბებულ-აღურღულებული ნაწლავებიდან მოულოდნელად მკვახედ, ან სულაც ნელიად ჰაერი გაეპარებოდა, მასზე უფროსები უბოროტოდ გაიცინებდნენ, ფეხებსა და ხელებში ჩაეჭიდებოდნენ და საჯდომით კედლის ფიცარსა, თუ ხეს რამდენჯერმე მსუბუქად მიატაკებდნენ, მუტაკია“ ერქვა ამ ამბავს და და ასე შებოჭილი პატარა ბავშვი მართლაც ჰგავდა მუთაქას, რომლის სახელწოდებაც სავარაუდოდ მიტაკებიდან, ,,მუტაკიადან“ - წარმოსდგა, მით უფრო, რომ სწორედ მომდევნო პერიოდში დაბადებული ბავშვებისთვის სახალისო ლექსი მუთაქაზე სწორედ მირტყმა-დატაკებაზეა.

ეს არის ლექსი, რომელსაც ბებია განათებული სახით გვიყვებოდა ხოლმე, ის იწყებოდა ასე: ,,მუთაქა და ბალიში მიდიოდნენ კვალითში“. უხეში, გლეხური, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავი ლექსი მუთაქასა და ბალიშზე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მე ვხედავდი, გვერდიგვერდ როგორ მიდიოდნენ იდუმალ სოფელ კვალითში ორი მეგობარი - მუთაქა და ბალიში, გზადაგზა ისინი ჩხუბობდნენ, იყო გაქცევ-გამოქცევა, გაწევ-გამოწევა, მაგრამ ამ ყველაფრის მხოლოდ ფრაგმენტები დამამახსოვრდა, ან იქნებ ბებიასაც არ ახსოვდა ის სრულად. ,,დეეწია მუთაქა და უთაქა და უთაქა, გადირია ბალიში- უნდა მოვკლა, გამიშვი“... ლექსის ბოლო სტრიქონებში საწოლის გადასაფარებელი მოფრიალდებოდა - ,,ადიალად“ წოდებული და ის შეარიგებდა მოჩხუბრებს: ,,დეეწიათ ადიელა, ყველა შეამადლიერა’’- გვეტყოდა ლექსის დასასრულს ბებია და კიდევ უფრო უნათდებოდა შავგვრემანი, ყმაწვილქალობისას ამოძრავებულ თითებზე ჩამოცმული, უცნაურად გადაკვანტილებული ძაფების გაწევ-გამოწევით ბუსუსებმოცილებული, ,,დახვეწილი“ პირისახე. რომ დავფიქრდები, სწორედ იმ ძველ ხალხში გავრცელებულ ლექსებს გააჩნდათ ის უჩვეულობა, რა გინდარა სული, რაც მერე წყაროსავით დაშრა და მიწაში ჩაიკარგა....

ამგვარი გარემო კვებავდა ამბაკო კ.ს ბავშვობას.

ახლა ისიც ვნახოთ, როგორ გარემოში უწევდათ ლხინი დაძაბული შრომის შემდეგ შეძლებულ გლეხთა ოჯახებს. ამბაკო კ- კი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა, რის უეჭველად თქმის უფლებას გვაძლევს ის, რომ მას ჩოხა-ახალუხი ეცვა.

იმ დროს რიგიანი ჩოხა-ახალუხი იმერელი გლეხისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ლამის ოდა-სახლს აიშენებდი იმ ოქროს თუმნიანებით, რაც ერთი ჩოხა-ახალუხის შეძენას ეჭირვებოდა. რიგიანი ჩოხა-ახალუხის გარეშე კი ვერც ესტუმრებოდი და ვერც ისტუმრებდი.

შემოდგომაზე, როცა მოსავალს დააბინავებდნენ, ყურძენს საწნახლებში ჩაწურავდნენ, ღვინოს დაადუღებდნენ, გახშირებული წვიმების შემდეგ გამოიამინდებდა, ოჯახებით მისვლა-მოსვლა იმართებოდა.

და აი, სადემეტრაოში ამბაკოსაც ეწვია ჯალაბი დილიჟანსით ჩოხა-ახალოხიანი კაცების, ჩიხტიკოპიანი ქალებისა...

ნადიმი მცხრალ მზედაფენილ ფანჩატურში გაიმართა. სუფრას ოჯახის უფროსი უნდა გაძღოლოდა და ასეც მოხდა, ამბაკო თამადობს სუფრას. იმერეთია აქანე, ,, კაია სოფელი, ტყვილაა ყორფელი“ და მოდის ზღვასავით ოხშივარადენილი პურ-მარილი, ხაჭაპურები და ქათმის ტაბაკა, ცოცხლადშენახული ტყემალი და სოკოწითელი კეცებზე, დინგში ბოლოკგაკვეხებული გოჭი, თუ ხანის სულუგუნი, კეცის ჭადი და ნაირ-ნაირი მხალეული, თხილით შემზადებული ნაგვიანევი პამიდვრის სალათა, თუ აზნაურის ოჯახობიდან ნანათხოვრებ მარსელის თეფშებიდან მაცდურად მომზირალი ერთიანად ახასხასებული მწვანილი: ოხრახუში, პრასი, წიწმატი, ხახვის მორჩი. არის ყანწების ტრიალი. ამ დროს უკვე დავიწყებულია ზომიერების გრძნობა, აკაკი რასაც ბავშვობისდროინდელიდან გვიყვება, მწდე ადგა თავს სუფრას და მხოლოდ იმას უსხამდა, ვისი სასმისიც დაცლილი იყოო. აქ პირიქით, ყველაფერი უკიდურესობისკენაა. უზომოდ ჭამ -სვამ. გინდა, არ გინდა უნდა დალიო, თუ დალევ, რომ არ დაითვრე, კიდეც უნდა ჩააყოლო, შეიშრო ეს ღვინო. მით უფრო, თუ თამადა ხარ. თუ თამადა ხარ, ესეიგი სუფრის ღმერთი ხარ, პატარა ღმერთი. თამადა გავარიტ, ბოგ გავარიტ!

პატარა ღმერთი კი ხარ, მაგრამ შენი უფლებები ამით არ იზრდება, მხოლოდ პასუხისმგებლობა მატულობს. უფლება არ გაქვს მიატოვო სუფრა, სანამ თუნდაც ერთი წევრი მაინცაა იქ შემორჩენილი. ახლა რომ არის, გავალ, ,,გავისეირნებ“, რის გამოც სწორედ ,,სეირანი“ დაერქვა ,,ფეხსადგილისკენ “ წასვლას, ასეთი გასეირნება სუფრის წარმმართველისგან სრულიად წარმოუდგენელია. ,,გავალ- გავივლი“- ეგრე სადაა, სუფრასთან ზიხარ. სანამ ცოცხალი ხარ- ხარ, არ იქნები და მიცვალებულს გაგიტანენ იქედან.

ამბაკოს მუცელში კი ნაწლავები აღურღულდნენ, დაიმუქრნენ.

თანდათან აუტანელი ხდება სუფრასთან ყოფნა. ამბაკო ეძებს გამოსავალს და აი, გამოსავალიც, დამბაჩას თუ მოითხოვს, ცოლი ოდაში შევა, კედელზე გაკრულ ხმალ-ხანჯლისა და თოფ -იარაღის ფარდაგიდან შეკიდულ დამბაჩას ჩამოხსნის, მეუღლეს სუფრასთან გადასცემს, ის დამბაჩას გატენის, გაისვრის და დენთის აფეთქების ხმას ნაწლავების ქარსაც გააყოლებს.

ახლა როგორი მომენტია: ეს ხელით დახვეწილად ნაკეთი, ტარზე სპილოს ძვლით წვრილად მოსევადებული შეკიდული დამბაჩა ერთი გასროლისთვისაა განკუთვნილი, ძალიან მარტივი და უხეში იარაღია, მოკლე ლულა აქვს, მასში მცირე რაოდენობის დენთი იწყობა, დენთის თავზე ტყვია თავსდება, ტყვია რომ არ ამოვარდეს, გატენის დროს ლულა თუთუნის ქაღალდით იცობა, იჭმანება. დამბაჩის ჩახმახი დატრიალდება, ნაპერწკალს გაყრის, დენთის ფითილი აგიზგიზდება და ტყვიაც გავარდება.

მეუღლე დამბაჩას გამოუტანს, ამბაკო ნაჩქარევად დატენის ქვისლის საჩუქარს, ტყვიას პაპიროზის ქაღალდითაც გაამაგრებს, მერე ცალი ხელით ყანწს ასწევს, მეორეთი დამბაჩას შემართავს, რომ დააქუხოს, მაგრამ დანესტიანებულ დენთს ნაპერწკალი ცეცხლს ვერ მისცემს, დამბაჩა არ გავარდება, მარცხი კი მოხდება.

დარცხვენილი ამბაკო ცოლისძმასთან გადაიხვეწება საპრასიაში. ერთგვარად გამხნევებული ცოლ-შვილი, რომ ოჯახის პატრონმა თავი არ მოიკლა, (სწორედ ამ პერიოდში ერთმა აქაურმა ახალგაზრდა კაცმა თავი მოიკლა, რადგან ნასმურებზე წამოაქაფა. გამოფხიზლებულზე ახალგაზრდამ ითაკილა სუფრასთან ეს შერცხვენა და საფეთქელში ტყვია დაიჭედა. ჰოდა, ამბაკოს ცოლ-შვილი-ერთგვარად გამხნევებული, რომ მათი ოჯახის პატრონი ცოცხალი გადარჩა, აქედან იქ, საპრასიაში აკითხავს ამბავს, იქედან ამბაკო ეხმარებათ მთელი ათი წელი. ათი წლის შემდეგ ამბაკოს ცოლისძმა ურჩევს, დაუბრუნდეს თავის სოფელს, რადგან ამდენი დროის გასვლის შემდეგ იქ აღარავის ემახსოვრება მისი ამბავი.

სადემეტრაოსკენ წამოსული ამბაკო გვიტა წისქვილთან გაშლილ მოლზე ფეხშიშველ ბავშვებს დაინახავს, რაღაც უცხო თამაშს, ,,ფეხგაკრიას“ თამაშობენ ჭინჭის ბურთით. არის ამ გვერდებშეჭინჭული ბურთის ფეხით გორება, ტაცება და ერთი ჟივილ-ხივილი.

გზისკენაც, ამბაკოს ფეხებთანაც გადმოუვარდებათ ბურთი ბავშვებს და ერთი პატარა ბიჭი კიდეც გადმოუხტება ბურთის წასაღებად. ,,მაწვიერია“ ალბათო, ფიქრობს პატარა ბიჭი, ან სატირალია, ან ქორწილია სადმე მახლობელ სოფელში და მოსაწვევად, დასაპატიჟებლად მოიჩქარის ეს მეფური იერის კაციო, სხვა რა უნდა იფიქროს.

-რა ხალმაზი ბავშვიაო, თავის მხრივ ფიქრობს ამბაკო, - ნეტა ვისიაო.

-ვისი ბიჭი ხარ ბიძი, შენ და რომელ წლიანი ხარო, - ალერსიანად ჰკითხავს ბიჭს.

მამის სახელს კი მოახსენებს ბიჭი უცხო კაცს, მაგრამ წელი არ იცის პატარამ, მისი წლები არც იმდენია, ანგარიში რომ ვერ შეძლოს, მაგრამ ის კი აღარ იცის, რა ჩაწერა სოფლის მწერალმა საეკლესიო დავთარში. ჩ.ყ.შ. რომელიღაცა წელი.

-დაბადების წელი არ ვიცი, ბიძია, მაგრამ სუფრასთან რომ გეეპარა ამბაკოს, ე, იმ წელს დავბადებულვარ მეო-, ყოჩაღად ჩაურაკრაკებია პატარას ამბაკოსათვის და კი გაკვირვებია, გველნაკბენივით რომ შემკრთალა ეს უცხო კაცი და იქაურობას სწრაფად გასცლია.

აქ წყდებოდა ჩემი მეგობრის მიერ მოყოლილი ამბაკო კ-ს გულისჩამთუთქველი ისტორია, რომელიც გამახსენდებოდა თუარა, თვალს მოვეფარებოდი, რომ ვინმეს ჩემს მზერაში ზედმეტი სისველე არ შეემჩნია.

ხოდა, სულ ის, ნარკოტიკებით გაუბედურებული ბიჭების ამბავი მეფიქრება და ვამბობ: ვთქვათ, გააცოცხლა ღმერთმა ეს ძველნი კაცნი, სასოწარკვეთით აღსრულებული ამაყი თიხა. და ამ კაცთა თქვეს: ,, გავიგოთ რაგვარია მომავლის კაცნი, რა გამძლეობა მიიმატეს, რითი გვაჯობეს“. გაუგებენ ისინი ამათ, ვისაც ნარწყევის გუბეში სძინავს, შეფხიზლებისას სუფრის კიდით იხოცავს ცხვირს და მაგიდაზე ფეხებს ალაგებს!

ჰე, ძველნო კაცნო, ჰე, ღირსეულნო...