
მკითხველი საზოგადოება გამოჩენილ ქართველ პროზაიკოსად და ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფენომენის მატარებელ დიდ ავტორად აღიარებს ჯემალ ქარჩხაძეს, რომლის შემოქმედება, რაც დრო გავა, უფრო მეტ შარავანდედსა და მიმზიდველობას შეიძენს თაობებისათვის.
მწერლის სააზროვნო სივრცე კიდევ ერთ განსხვავებულ ჰორიზონტს სთავაზობს მკითხველს ჯემალ ქარჩხაძის საოცარი და რთული განზომილებების შესაცნობად მისი სულ ბოლო წიგნით ,,უცნობი ქარჩხაძე“, რომელიც მწერლის გამოუქვეყნებელი ტექსტებისაგან შედგება და რომელთაგან ნაწილი დასრულებული მოთხრობებია, ნაწილი კი დაუსრულებელი.
და რაოდენ სასიამოვნო და ამავე დროს დამაფიქრებელია, რომ წიგნის პირველივე ფურცლებზე გამომცემლობა გვთავაზობს ჯემალ ქარჩხაძის ერთადერთ პოეტურ ნაწარმოებს, სახელად ,,წიგნი ა მოსესი“. აშკარაა, რომ შემთხვევითი არაა სიტყვები, მწერალმა რომ გააცხადა თავის პუბლიცისტურ წერილში: „ქართველი კაცის არსებაში სიტყვა ბუნებრივად იღებს ლექსის სახეს, ლექსი ჩვენ სისხლივით დაგვიდის ძარღვებში.“
თავად ლექსი, ერთგვარ გამაერთიანებლად აღიქმება ქართველი კაცისათვის და მით უფრო, ისეთი ლექსი, რომელშიც საერთო იდეალზე და მიზანზეა საუბარი. „პოეტური სახეები, როგორც ჩანს, აზროვნების არაცნობიერ ფორმებთანაა დაკავშირებული, რომლებსაც ფსიქოლოგები არქეტიპებს უწოდებენ. მძაფრი ემოციური შინაარსით გაჯერებული ეს სახეები თავისებურად ასახავენ სამყაროს შინაგან სტრუქტურას. მაგრამ რანაირადაც არ უნდა ვხსნიდეთ გაგების ამ ფორმებს, სახეებისა და მსგავსებების ენა, ალბათ, ერთადერთი საშუალებაა, რომლითაც ყველასათვის გასაგები გზით შეიძლება მივუახლოვდეთ „ერთს“. თუ საზოგადოების ჰარმონია „ერთის“, ანუ იმ გამაერთიანებელი პრინციპის საყოველთაოდ მიღებულ განმარტებაზეა დაფუძნებული, რომელიც იმალება მოვლენათა მრავალფეროვნების მიღმა, მაშინ პოეზიის ენა აქ უფრო არსებითი უნდა იყოს, ვიდრე მეცნიერების ენა.“– წერდა ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი გერმანელი მეცნიერი ვერნერ ჰაიზენბერგი.
არქეტიპულ სახეთა სისტემა ქართული მწერლობის სააზროვნო ველში ბუნებრივად არსებობს და, მართლაც, ზედმიწევნით გამოსახავს სამყაროს შინაგან სტრუქტურას. მძაფრად და საინტერესოდ წარმოჩნდება ეს სისტემა როგორც პროზაში, ასევე პოეზიაში.
„მწერალზე ყოველთვის ხანდაზმულ ენას,–აღნიშნავს იოსიფ ბროდსკი,– ამავე დროს, აქვს უზარმაზარი ცენტრიდანული ენერგიაც, ბოძებული დროის პოტენციალით – ესე იგი მთელი წინამდებარე დროით და ეს პოტენციალი განისაზღვრება არა იმდენად ამ ენაზე მოლაპარაკე ერის რაოდენობრივი შემადგენლობით, თუცა ამითაც განისაზღვრება, რამდენადაც ამ ენაზე დაწერილი ლექსის თვისებრივი რაობით.“
ლექსის თვისებრივ რაობაში კი უსათუოდ ვგულისხმობთ იმას, რომ პოეზიას ახასიათებს ძლიერი ლტოლვა ზეცნობიერისა და მისტიკურისაკენ, იდუმალისაკენ. თავის პუბლიცისტურ წერილში „მონოლოგი დიალოგიდან“ ჯემალ ქარჩხაძე აღნიშნავს, რომ „ადამიანის სულიერი აქტივობა მძლავრი ვულკანური რხევაა, რომელსაც ერთი ბოლო უკიდურეს მისტიციზმში აქვს გადგმული, მეორე– უკიდურეს რაციონალიზმში.“
ჩვენი გამორჩეული მოაზროვნის ამ ლექსშიც ზეცნობიერის, მარადიული დროის ქრონოტოპული მოდელის კოორდინატებია გამოკვეთილი და ამიტომაც, შეუძლებელია სათაურიდანვე ძველი აღთქმის მამამთავარი და წინასწარმეტყველი მოსე არ გავიხსენოთ. ჯემალ ქარჩხაძე მიიჩნევს, რომ ძველი აღთქმაში „..ისეთი სადა, მშვიდი დიდებულებით დიდებული სინათლე დგას, ყოვლისმომცველი და უძრავი, შეიძლება ითქვას, ტრანსცენდენტული სინათლე(განსაკუთრებით მოსეს ხუთწიგნეულში), ხან კი მუხტის დაძაბულობა ისეთ გაუგონარ სიმაღლეს აღწევს და სულის ყველა ფენას ისეთი ელვით ანათებს(ვთქვათ, ეკლესიასტე), როგორც სხვაგან იშვიათად თუ სადმე შემხვედრია.“
ამ ყოვლისმომცველი და უძრავი დიდებული სინათლის, უჩვეულო მუსიკისა და სურათების შემცველი თეთრი ლექსის მთავარი მოქმედი პირი პატარა ბიჭია, რომელიც ქმნის. მართალია, „ღმერთს არაფრით ჰგავდა,“–დაბეჯითებით გვამცნობს ავტორი დასაწყისიდანვე, მაგრამ ის, რაც ღმერთს ამსგავსებს, მხოლოდ განზრახვაა–ახალი არსებების შექმნის განზრახვა. მთელი სამყარო ელოდება მისგან ამ ქმედებას. პატარა ბიჭის მიერ გამოძერწილი თიხის კაცუნები ნაკადულის პირას ამაოდ ელიან თავიანთ შემქნელს. მათ ხომ არ იციან:
„მერე რაღა უნდა ქნა,
როცა უკვე გამოძერწილი და შექმნილი ხარ.“
მაგრამ პატარა ბიჭები, ჯემალ ქარჩხაძის აზრით, „ღმერთებივით არიან, მომავლით სულდგმულობენ“. თიხის კაცუნების შემქმნელებს ახალი მისია ელოდებათ, ახალ სივრცეებს ელტვიან.
„რაც არ შეუქმნიათ, ის აინტერესებთ,
რაც შექმნეს, ის აღარ ეკითხებათ.“
ჭრელი პეპლების მდევნელი პატარა ბიჭი – შემოქმედის ერთგვარი არტსიმბოლოა, რომელიც პოეტის, მწერლის განმსაზღვრელ განზოგადებულ სახედ გამოდგება მარადიული შემოქმედებითი მისიის გამო. ამავე დროს იგი თითქოს სამყაროს იმ უზენაეს ძალასაც განასახიერებს, რომელსაც მიწიერი ვნებებით გარშემორტყმული ადამიანის თვალსაწიერი ვეღარ ამჩნევს და მიტოვებულ „თიხის კაცუნად“ აღაქმევინებს თავს.
ჯემალ ქარჩხაძის მსოფლხედვა არსებობისა და გადარჩენის მთავარ ფორმულას სწვდება – ღმერთი– სამყარო – ადამიანი – ქმნადობა. მწერლის შემოქმედებითი სამყარო ხომ იმ იდუმალ ენაზე მეტყველებს, რომელიც მან დიდი ხანია აღმოაჩინა და რომელიც მარადიული იგავური ენაა. პოეზიაში ამ იგავური ენის სიმბოლური ნიშნების გარეშე, კასირერის აზრით, „ადამიანის ცხოვრება გაუტოლდებოდა ჯურღმულში ტყვეობას პლატონის ცნობილი შედარების მსგავსად. ადამიანის არსებობა ჩაიკეტებოდა მისი ბიოლოგიური და პრაქტიკული ინტერესების ჩარჩოებში; იგი ვერ ჰპოვებდა გზას „იდეათა სამყაროსაკენ“, რაც მას სხვადასხვა მხრივ: რელიგიის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და მეცნიერების კუთხით გადაეშლება.“
ეს იგავური ენა, რომელიც ამ პოეტურ განაცხადშიცაა გამოკვეთილი, ერთსა და იმავე დროს ბიბლიურ დროშიც გვაბრუნებს და თანამედროვე სამყაროს შეუცნობელი პოეტური პროცესების თანამონაწილედაც გვაგრძნობინებს თავს.
შესაქმეს ისტორია და მოსეს სვლა აღთქმული ქვეყნისაკენ,–აი, ის ინტერტექსტობრივი გამოძახილი, რომელიც მწერლის მითოპოეტური ენობრივი კონტექსტებით ამოიცნობა ამ პოეტურ ტექსტში.
შემთხვევითი არაა, რომ ჯემალ ქარჩხაძე ლექსის ფორმად თეთრი ლექსის ფორმატს ირჩევს. ფორმას, რომელიც მუდმივად თითქოს თან ხელიდან გისხლტება და თან თანმდევი პოეტური რიტმით ერთდროულად უძველეს და უახლეს პოეტურ მუსიკას იტევს თავის თავში.
შეუძლებელია, მწერლის მოთხრობა „იგი“ არ გაგვახსენდეს ამ ლექსის წაკითხვისას. მწერლის შემოქმედების ერთი უმთავრესი იგავური სახე, რომელსაც სწორედ ქმნადობის, შემოქმედებითობის ნიჭი მოსავს, მთავარი გმირი–იგია. იგის, როგორც სამყაროს სულის პრეისტორიული ქმნადობის გამომხატველ არსებასა და ლექსის პატარა ბიჭს ბევრი რამ ანათესავებთ.
გარკვეული მითოპოეტური კონტექსტითა და არქეტიპული თვალსაზრისით, „იგის“ იგი სწორედ მოსეა, აღთქმულ ქვეყანაში თავისი ხალხის, თავისი ტომის შემყვანი. მოსეს მსგავსად მანაც ისეთი კოლოსალური ძალისხმევა გამოავლინა, რომ თავისი ფიზიკურ – სულიერი კონსტრუქციის მდგრადი განმტკიცებით (ფიზიკურ–სულიერი გამართულობით) შეძლო სამყაროს მოწყობის მომავლის პერსპექტიულ მოდელში თავისი თანატომელების ახალი ყოფა განესაზღვრა.
პატარა ბიჭი მზისა და ნაკადულის დახმარებით, ჭრელი პეპლების ფარფატში თავისი განზრახვის შესრულებას მაინც ახერხებს.
„სამყარო გაიტრუნა,
სამყარო გაინაბა,
სუნი დატრიალდა მისტერიის.“
ეს მისტერია მას შემდეგ აღესრულება, რაც პირველი ადამიანი მოევლინა სამყაროს. ამ მისტერიის მთავარი გმირი – თიხის კაცუნა კი გამუდმებით იბრძვის, რომ თავისი დანიშნულება შეიცნოს და აღასრულოს.
მოსეს მისია ხალხის ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარსა და ჭირისუფალს გაუნაწილებია და უტარებია დრო და დრო, ვინ როგორ შეძლო ეს მისია განეხორციელებინა, მეტნაკლებად საკაცობრიო ისტორია გვამცნობს.
ჯემალ ქარჩხაძე, როგორც მწერალი და ადამიანი, თავადაც ამგვარი მისიის აღმასრულებლად მოიაზრებს საკუთარ თავს და მისი ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ლიტერატურული მემკვიდრეობა ამ მოსაზრების ნათელი დასტურია.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა ძალზე კარგად უწყის, რომ ადამიანი ყოველთვის ვერ აღწევს ღვთებრივი თავისუფლების შეგრძნებას, უძნელდება პიროვნული დამოუკიდებლობის უმაღლეს საზომს მიუახლოვდეს, რაც ლექსშიც თვალნათლივაა ნაჩვენები:
„დაიბნენ თიხის კაცუნები,
ხან იქით მიტრიალდნენ,
ხან აქეთ მოტრიალდნენ,
ბრმა თვალებით ბიჭს დაუწყეს ძებნა,
ვინც შეგვქმნა და ვინც გამოგვძერწა,
მანვე გვითხრასო, მერე რაღა უნდა ქნა,
როცა უკვე გამოძერწილი და შექმნილი ხარ“,
მას მაინც სჯერა, რომ ადამიანი მოწოდებულია თავის თავში ეძიოს მოსე, გაბედულად აუყვეს მთის მწვერვალისაკენ სავალ ბილიკს უფალთან შესახვედრად და „ბრმა თვალების“ მიუხედავად, შეძლოს ნათლის აღქმა და და გათავისება. ესაა სწორედ ადამიანის რაობა და მისი ღმერთთან თანამყოფობის მისტერიის არსი.
ერნესტ კასირერი იმოწმებს პასკალს და აღნიშნავს, რომ ადამიანის რაობის განსაზღვრისას „საკუთარ თავს ვერ შევიცნობთ ამ მიუწვდომელი მისტერიის გარეშე. ამ უფსკრულშია გამონასკვული ჩვენი არსებობის კვანძი. ასე რომ ადამიანი ისევე გაუგებარია ამ მისტერიის გარეშე, როგორც ეს მისტერიაა მიუწვდომელი ადამიანისათვის.“
ცნობილი ქართული სიმღერის ხალხური ტექსტის სიტყვებისა არ იყოს –„პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა, ან ავლილი, ან ჩავლილი ხომ არ გინახავთ?“– ჯემალ ქარჩხაძე ადამიანის შინაგან სამყაროში ღვთის ძიების მარადიულ მოტივსაც შეგვახსენებს, მასზე ნოსტალგიის ორიგინალურ ფორმასაც პოულობს და სეკულარული, გაუჩინარებული ღმერთის მოძიებისა და მის წიაღში დაბრუნების მტკივნეული და ნეტარი განცდით ავსებს მკითხველის სულს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბროდსკი იოსიფ, ლექციები, „თუ უკან მოვიხედავ“,ნობელის პრემიის ლაურეატები, ინტელექტი,2011, გვ.43
- კასირერი ერნესტ, „რა არის ადამიანი?“, თბილისი, 1983, გამომცემლობა განათლება
- ქარჩხაძე ჯემალ „უცნობი ქარჩხაძე“, 2020. ქარჩხაძის გამომცემლობა, გვ.8–10
- ქარჩხაძე ჯემალ, პუბლიცისტიკა, 2005, ქარჩხაძის გამომცემლობა
- ჰაიზენბერგი ვერნერ, „მშვენიერება ჭეშმარიტების ბრწყინვაა“, 2011, გამომცემლობა ინტელექტი
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



