ერთხელაც, სააღდგომო მარხვისას, ახლად გამოღვიძებულზე, მიხო უეცრად მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, თუმცა ლოგინში ნაუცბათევად წამომჯდარი ოდნავადაც ვერ გაერკვა ეს ,,რაღაცაში იყო საქმე“ რას ნიშნავდა, უბრალოდ ცხადმა და მკაფიო შეგრძნებამ, რომ რაღაცაში, აქამდე ვერდანახულსა და ენითაღუწერელში იყო საქმე, უცნაურად დაუწყო გონების კაწვრა.

- პაპო, დღეს დილით გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაცაშია საქმე, მაგრამ ვერ ვხვდები რაში!.. – მაშინვე გადაურეკა მიხომ ბავშვობის მეგობარ ლოთ პაპოს.

- ახალი ამბავი. – ამოიხრიალა პაპომ. – შენ რა გგონია, რატომ ვსვამ მთელი ოცი წელიწადია?

ამის გაგონებაზე მიხოს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მთელი ცხოვრება მკვდარივით გაეტარებინა და ძალიან შერცხვა.

- და გამოსავალი? – იკითხა ამიტომ ყურმილში უმწეოდ და სუნთქვა შეიკრა.

- გამოსავალი? გამოსავალი ბევრნაირია!.. – ახრიალდა პაპო. – ასე შორიდან როგორ აგიხსნა?

- ათი ლარი მაქვს. – უმალ ჩასწვდა პაპოს სურვილს მიხო.

- მაშინ, მაგ თუმნად მოგივა სამი `ვარაყი~, ორი გაბერილი `მევლუდი~, ერთი მრგვალი პური და ჩვეულებრივი მაიონეზი!..

- სიგარეტსაც წამოგიღებ...

- მაიცა, კიდევ გაქვს ფული?

- ცოტა...

- მაშინ უფილტრო წამომიღე! ფილტრი ღრძილებს მიღიზიანებს!

***

ამ ყველაფრის შეძენა მიხომ თავისი სახლის ქვეშ მდებარე დიდ მარკეტში გადაწყვიტა. იქ შესულს ისევ მძლავრად მოაწვა შეგრძნება, რომ აშკარად რაღაცაში იყო საქმე და ნოქარ ქალს თვალი თვალში გაუყარა.

`იქნებ და სულაც ქალშია საქმე?~ – გაიფიქრა მიხომ.

ნოქარმა იცოდა, რომ მიხო მარტოხელა იყო, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა თავაზიანად მომსახურებოდა, რათა მიხოში განსაკუთრებული სიმპატიები გამოეწვია. მიხო ამ ყველაფერს კი ამჩნევდა, მაგრამ სიმპატიები არასდროს აღძვრია, იმიტომ რომ ქალს მარცხენა ღაწვის ქვეშ ისეთი ხალი ჰქონდა, თითქოსდა ძალიან მსუქანი ბუზი ეჯდა ლოყაზე, და მიხოსაც, ამ ნოქარი ქალის დანახვაზე, მუდამ მისთვის ლოყაში შემოლაწუნების უბოროტო სურვილი ეუფლებოდა.

პირგაბადრული ნოქარის დანახვაზე ამჯერადაც გაუოფლიანდა მიხოს მარჯვენა ხელისგული, მაგრამ როგორც ყოველთვის თავი შეიკავა, თაროებისკენ წაიწვრილა მზერა და თან იმ ყველაფრის ჩამოთვლა იწყო, რისი ყიდვაც სურდა:

- ერთი პური მინდა, მრგვალი...

- რგვალი... – გაიმეორა ქალმა აქცენტით, გატრიალდა და თაროდან პური გადმოიღო. – რაფერ გიკითხოთ?

- ერთიც მაიონეზი. გმადლობთ, უკეთესად...

- მაიანეზი რომელი?.. უკეთესად რავა – ავანტყოფობდით?

- ჩვეულებრივი... არა, უბრალოდ...

- აჰა, ესე იგი, სამარხვო!..

- იყოს სამარხვო... და ორიც გაბერილი `მევლუდი~.

- ეუჰ!.. თქვენ თლ’ად უკეთესათ ყოფილხართ!..

- და სამიც `ვარაყი~...

ნოქარი ქალი წამით ადგილზე გაიყურსა და დაიძაბასავით.

- რაშია საქმე?.. ხო შვიდობაა? – იკითხა უცებ შფოთიანი ინტერესით და ამ მომენტში მისი და მიხოს თვალები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.

- რაღაცაში!.. მშვიდობაა, აბა რაა?.. – თქვა მიხომ მშვიდად და მოეჩვენა, რომ ის უზარმაზარი, მსუქანი ბუზივით ხალი რომ არა, რომელიც ქალს მარცხენა ლოყაზე ჰქონდა, ამ ქალის ცოლად მოყვანაც კი შეიძლებოდა და თვალები აუწყლიანდა. ნოქარმა ქალმა მიხოს ყველაფერი პაკეტში ჩაუწყო და გაუღიმა.

- ოჰ, ეს კაცები, კაცები... – გადააქნია მერე თავი და ის ხალი მოიქავა.

მიხოს მოეჩვენა, რომ ნოქარმა ლოყაზე მჯდომ მსუქან ბუზს ზურგი მოფხანა და თვითონაც მოუნდა, რომ ვინმეს მისთვის ზურგი მოეფხანა, მაგრამ მიხვდა, რომ ამას ნოქარს ახლა ვერაფრით თხოვდა, ამიტომ უბრალოდ ღიმილით დაუკრა თავი და მარკეტიდან პაკეტით ხელში გამოვიდა.

***

პაპოს ბინის კარი როგორც ყოველთვის ღია იყო. მიხომ ფრთხილად შეაბიჯა და კარი მიიხურა. ბინაში ავეჯი არ იდგა. ყველაფერი, რაც კი პაპოს გააჩნდა, იატაკზე ელაგა. პაპოსაც იატაკზე გაფენილ გაზეთებში გახვეულს ეძინა. ღია ფანჯრის რაფის ქვეშ ასე სამოცდაათამდე სხვადასხვა ფირმის და ფორმის არყის ცარიელი ბოთლები ეწყო. აქა-იქ ლუდის ბოთლებიც ილანდებოდა. ღია ფანჯრიდან მეზობელი ცოლ-ქმრის გნიასი შემოდიოდა:

`რატომ გიკანკალებს ხელები, რატომ?!~

`ვითომ არ იცი... გუშინ დავლიე...~

`გუშინწინაც დალიე, იმის წინაც!.. მიწისფერი გადევს!~

`თავი მიკანკალებს.~

`იდიოტი ხარ და იმიტომ! შენთან ლაპარაკიც აღარ შეიძლება! დღესაც უნდა დალიო, ხვალაც და დროზე ადრე მოკვდე?!~

`მომბეზრდა... ყველაფერი მომბეზრდა!~

`შენ რა გგონია, ყველაფერი ნახე ამ ცხოვრებაში? საშინელება ხარ!! მძორი!~

მიხო დაიძაბა, სიტყვა `მძორმა~ უცნაურად დაბურძგლა ტანზე და პაპოსკენ გაიხედა. მერე ხელი ჩაიქნია, სანოვაგე პაკეტიდან ამოალაგა, ძირს გაფენილ ერთ-ერთ გაზეთზე დააწყო და პაპოს მიუტრიალდა. გაზეთებში გახვეული პაპო პირქვე იწვა და ძილში ზმუოდა.

- აე! - მოუთათუნა მიხომ პაპოს ხელი, მაგრამ პაპოს რეაქცია არ ჰქონია. – რა დროს ძილია, პაპო?!.. დაიქცა ქვეყანა... ჭიქები სადაა? – კიდევ უფრო ხმამაღლა გამოუვიდა მიხოს, თან ფეხიც წაჰკრა პაპოს ზურგში, მაგრამ პაპოს მაინც არ გაღვიძებია.

მაშინ მიხომ პაპოს ყურთან მიუტანა პირი:

- პაპო, მარინა მოვიდა... – ჩურჩულით უხსენა ყოფილი ცოლის სახელი და პაპოც უმალ გამოფხიზლდა. ჯერ გაზეთებიანად აიხორხლა და კაი ხანს შლეგის თვალებით აჰყურებდა ბავშვობის მეგობარს. მერე გამოერკვა, ყველაფერს მიხვდა და უკბილო პირით გაიღიმა:

- ჭიქები არა, ბაბუაჩემის შიბლა!

- აბა როგორ დავლევთ? – გაუკვირდა მიხოს და კიდევ უფრო მძლავრად მოაწვა შეგრძნება, რომ რაღაცაში იყო საქმე.

- რაშია იცი საქმე, ძმაკაც? – დაუწყო ახსნა პაპომ, მაგრამ მიხომ გააწყვეტინა:

- რაღაცაში!..

- მალადეც! _ შეაქო პაპომ მიხო.

- ეგ უკვე ვიცი!.. მაგრამ რაში, მაგას ვერ ვხვდები!..

- ყოჩაღ-მეთქი! _ დასწვდა `მევლუდის~ გაბერილ ბოთლს პაპო, უცებ წააძრო თავსახური და მოიყუდა. მიხო ხედავდა, თუ როგორ ჩადიოდა ყელის გავლით ლუდი პაპოს მუცელში და თავადაც მოუნდა იგივენაირად დალევა, ამიტომ მეორე გაბერილ ბოთლს დასწვდა, გახსნა და თავადაც მოიყუდა. ლუდს მომწარო გემო ჰქონდა და სიცივეც აკლდა, მაგრამ მიხოს მაინც ესიამოვნა. უცებ იგრძნო, როგორ სხვანაირად დაუწყო სისხლმა ჩქეფა სხეულში და პაპოს შეხედა. პაპო უკვე არაყს ხსნიდა.

- შენ, როგორც გეტყობა, ისევ ზიზღიანი ხარ... – შეეკითხასავით პაპო მიხოს.

მიხომ მხრები აიჩეჩა.

- მაშინ მეორე ბოთლიდან დალევ!.. _ გაიშვირა პაპომ დარჩენილი ბოთლებისკენ თითი. – პური დაგლიჯე და მაიანეზი მაასხი!.. მეც გამიკეთე!

- ეგ უპირველეს ყოვლისა... – დააქნია თავი მიხომ და საქმეს შეუდგა.

იქამდე პაპომ არაყს გაუსინჯა გემო, მერე ცოტა ხნით გაინაბა, გაიღიმა და თქვა:

- ნაღდია!.. – თან მიხოს გახედა, რომელიც პურის გლეჯვით იყო დაკავებული. – იტოგში, ახლავე აგიხსნი რაშიცაა საქმე!.. – გაახსენდა თემა პაპოს.

- ჰო.

- რაში და, ადამიანები ძირითადად არიან ბანძები!..

`ვარიანტი არაა, მაგაში იყოს საქმე...~ – გაიფიქრა მიხომ სევდიანად, პურის ნაგლეჯს მაიონეზი მოასხა და პაპოს გაუწოდა.

- აი საღოლ!.. – ჩამოართვა პაპომ. – გუშინწინის მერე საერთოდ არ მიჭამია... სულ მეძინა, გუშინაც და დღესაც! დიმედროლიანი არაყი იყო... შენ რომ არ დაგერეკა, ახლაც მეძინებოდა!.. ხო, სად ვიყავი?... ჰოდა, უმეტესობა ბანძადაც კვდება!

მიხომ თავისთვის დაიწყო მაიონეზის პურზე მოსხმა.

- ანუ, უმრავლესობისთვის ეს ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ამქვეყნიური სიამოვნებებით ძღომაა და მორჩა!..

- და შენთვის? – შეეკითხა მიხო.

პაპომ შუბლი შეკრა.

- აეხლა მაგ ტოპკებს თავი დაანებე! ჩემამდეც მივალთ!

- სხვა რა გზაა. – დაეთანხმა მიხო.

- ესე იგი, წარმოიდგინე _ ადამიანი იბადება...

- აბა ადამიანი? – ვერ მიხვდა მიხო.

- აბა და საერთოდ!.. ნებისმიერი და ზოგიერთი!

- მერე?

- მერე იზრდება!.. ხედავს – მამამისი ფულის და ჩაცმულობის ხამია, დედა – კიდევ უარესი!..

- ეგეთებს რა დალევს...

- ჰოდა, თან ქუჩაში გავიდა, გაიგო: ცუდად დევს – მოიპარეო, გასაჟიმი უნდა გაიჟიმოსო... ვინ გაიზრდება იგი?

- იგი კი არა, ის. – შეუსწორა მიხომ.

- ის დაუძახე იმას!.. იგი უფრო არახალასტოი სიტყვაა ჩემი აზრით! შენ რა, პრეტენზიები გაქვს? – გაღიზიანდა პაპო.

მიხომ თავი უარის ნიშნად გადააქნია.

- ჰოდა, იზრდება ეგრე!.. იქ რაღაცა, ამბები, დალევები, ბოზები, ბარიგები...

- მერე ხვდება? – ვერ მოითმინა მიხომ.

- რასა?

- რომ რაღაცაშია საქმე?

- მაიცა რა!.. ხვდება არა, ყვავი!.. საიდან უნდა მიხვდეს?

- აბა მე რა ვიცი!.. – აიჩეჩა მიხომ მხრები.

- არა, ზოგი კი ხვდება!.. – დათმო უცებ პაპომ. _ მაგრამ რად გინდა?.. არა, ვახურებ! ზოგიერთი, მაგრამ ცოტა, სულ მაგრად ხვდება – და მერე ეკლესიაში მიდიან! შენნაირად კი არა, რომ დაიარები, მარტო სანთლებს ანთებ და მღვდლებს ებაზრები... ისინი ბოლომდე მიდიან, წვერს უშვებენ, რჩებიან... ანდა სვამენ!.. ჰო, კიდევ, ყველაზე უარესი _ თავებს იბრიდავენ, იმიტომ რომ ხვდებიან, ტრაკი არ ექნებათ ახლიდან და სხვანაირად ცხოვრების დაწყების... თუმცა, მაგას თავის მოკვლაც აღარ ქვია ჩემი აზრით...

- აბა რა ქვია?

- რა ქვია და მსხვერპლშეწირვა.

- მსხვერპლშეწირვა?

- ჰო... ანუ თავს კი არ იკლავ... მსხვერპლს წირავ!..

- და მე რა ვქნა? – დაინტერესდა მიხო.

- მაიცა რა! რა დროს შენი ეგეთებია!.. – აიქნია ხელი პაპომ. _ ჯერ დავლიოთ!.. – თქვა და მიხოს ბოთლს თავისი მიუჭახუნა. – ესე იგი, მაინც გაუმარჯოს ადამიანებს! ყველა თავის გზაზე დგანან...

- დგას. – შეუსწორა მიხომ.

- შეუსწორე ბებიაშენს!.. ზოგი ასფალტისაა...

- ვინა?

- ვინა და გზა!.. ზოგი გრუნტიანია. ვიღაც ვაბშემც ბილიკზეა, ან ალპინისტია, ანდა ერთ ხიდს გადადის მთელი ცხოვრება... მე როგორ გავუხურო კუზიანს ან ბრუციანს – რატომ ხართ ეგეთები-მეთქი? ამიტომ ნებისმიერს _ ვიდზე ბანძს და კაისაც აქვს ამ პლანეტაზე თანასწორად თანაცხოვრების რა?.. – შეხედა პაპომ მიხოს გამომცდელად.

- უფლება! – დააბოლოვა მიხომ და ახლა მან მიუჭახუნა პაპოს ბოთლი ბოთლზე.

- ჰოდა, ჩემო კაიკაცო მიშა! გაუმარჯოს, ვინც როგორიცაა, ეგეთებს!. ამ ცხოვრების მგზავრებს, ცოცხალმკვდრებს და ბოლომდე გაცოცხლებულებს!.. ხელ-ფეხი მოემართოთ!!

- რა გაყვირებს? – შეაწყვეტინა მიხომ და ღია ფანჯრისკენ გაიხედა.

- ამ ბოლო დროს ხშირად ვბრაზდები. – გამოერკვა პაპო და არაყი მოიყუდა. – ალბათ მეც გავბანძდი!

პაპოს აბდაუბდა ლაპარაკიდან მიხომ ბევრი ვერაფერი გაიგო. ერთს კი მიხვდა _ პაპო ვერ უშველიდა, ანუ მისი ეგეთი რჩევა-დარიგებანი ბევრს ვერაფერს შემატებდა, ამიტომ სხვაგან უნდა ეძია პასუხი, ან სულაც თავად მიმხვდარიყო რაშიც იყო საქმე. პაპოსთან მაინც შუადღემდე ისხდნენ და ყველაფერი ბოლო წვეთამდე გამოწრუპეს. პაპო მალევე გამოთვრა, თუმცა მიხოს წამდაუწუმ ოთხ რამეს უმტკიცებდა:

  • აღარ ვთვრები და მგონი გავწმინდანდიო.
  • შენ კიდევ აზრზე მოსულხარ და რა გადარდებსო.
  • აწი გახსოვდეს _ ეს ცხოვრება შედგება წკიპურტებისა და საჩუქრებისგანო.
  • ამ ცხოვრებაში ნებისმიერი რამ, ცუდი თუ კარგი, რაც კი ადამიანს წინ ხვდება და ემთხვევა, მისი ან მისი წინა შვიდი თაობიდან ვიღაცის რომელიღაც საქციელზე პასუხიაო.

მერე საერთოდაც სიმღერებზე გადავიდა, უსმენოდ ხრიალებდა და თავი უკანკალებდა. მიხო მთელი იქ ყოფნის განმავლობაში აშკარად და მკაფიოდ გრძნობდა, რომ მაინც რაღაცაში, ისევ ჯერაუხსნელში იყო საქმე, თან იმასაც ხვდებოდა, რომ პაპო ვერაფერს უშველიდა, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ამიტომ კუშტად იმზირებოდა ფანჯრისკენ, საკუთარ გულისცემას ითვლიდა და პაპოს უსმენო ხრიალს ყურს აღარ უგდებდა.

- ბიჯო, მიქაელ! _ ამოღერღა მიხოს უყურადღებობით გაღიზიანებულმა პაპომ. – შენ გიმღერი, თორე ესენი მე ყველა ზეპირად ვიცი!.. – თქვა და ისევ გაზეთებზე წაგორდა. ცოტა ხანში ბინაში პაპოს საზარელი ხვრინვა გაისმა. მიხომ ჯერ ყურებზე მიიჭირა ხელისგულები, მერე ჩამოუშვა, ფეხზე წამოდგა და ღია ფანჯარასთან მივიდა. ცოტა ხანი ეზოს ჩაჰყურებდა. მერე პაპოსკენ გამოიხედა. `მეც ვიპოვე რა, პროფესორი...~ – გაიფიქრა და ამ დროს, შორიდან ეკლესიის ზარების რეკვის ხმა მოესმა. `მამა აბელი რასა იქმს ნეტა?~ – გაახსენდა მიხოს და ბინიდან უხმაუროდ გავიდა.

***

-რაო, მიხეილ... ისევ ამ ცხოვრების აუტანლობაზე ფიქრობ? – შეეკითხა მამა აბელი მიხოს და ჯამიდან კოვზით თეფშზე წყალ-წყალა ლობიო გადაიღო.

სატრაპეზოში ისხდნენ. ლობიოსთან ერთად სუფრაზე ცალი შოთის პური, მწვანილით სავსე ლანგარი და დიდი სამარილე იდგა.

- სხვა რა დამრჩენია, მამაო? – ღიმილიანი კითხვით გაეპასუხა მამა აბელს მიხო და მანაც ლობიო გადაიღო.

- ხომ იცი, რომ არაა ეგ მართალი პასუხი, ჩემო მიხეილ... – გაეღიმა მამა აბელსაც. _ სასოწარკვეთილი კაცი სხვანაირი კაცია და არ გავხარ ეგეთ კაცს შენ... ფერიც სხვანაირი გადევს...

`ფერში რამე ეყაროს, ყოველდღე გუდაურში ვეგდებოდი...~ – გაიფიქრა თავისთვის მიხომ.

- კი უნდა გახსოვდეს კარგად, აქ რისთვის აღმოვჩნდით - ამქვეყნიურ ჭირსა და ვარამში, საით წავალთ მას რომ დავტოვებთ და სად დავმკვიდრდებით... ბოლოს და ბოლოს, რატომ ვართ ამქვეყნად მოვლენილები?

- გამოცდისა და გაძლებისთვის... – ჩაურთო მაშინვე მიხომ გულგრილად და პურის ნატეხი ლობიოში მოაწო. – თქვენი დამსახურებით კი ვიცი ეგ ყველაფერი უკვე, მამაო, მაგრამ მაინც წამდაუწუმ მეცოდვინება ხოლმე მომავალში მონანიების იმედით და რა ვუყო?

- არ იცი ეტყობა კარგად!! – მკაცრად ჩამოართვა მამა აბელმა მიხოს სიტყვა. _ ანდა, ტვინით იცი მხოლოდ, შენი გული კი ცარიელია! ეგ ცოდნა არაა – ფარისევლობაა! გაიგე, რომ შენისთანებისთვისაა ზედგამოჭრილი _ `ვინც სინანულის იმედით განმეორებით სცოდავს, ის ღვთის წინაშე მზაკვრულად დადის! სიკვდილი მას მოულოდნელად ესხმის თავს და იგი ვეღარ აღწევს იმ დრომდე, როცა სათნოების საქმის აღსრულებას აპირებდა!~... კარგად გაიგონე?!

მიხომ თავი თანხმობის ნიშნად დააქნია.

- და რა სიტყვაა მერე - მეცოდვინება?!

- ოხერი ზმნა გვაქვს, მამაო!.. _ უმალ მოძებნა პასუხი მიხომ და გაიღიმა. – რას ვიზამთ? იზილება პურისგულივით ყველანაირად!..

- პურის გულივით... – ჩაილაპარაკა მამა აბელმა, თავი დახარა და თეფშს ჩააცქერდა. კაი ხანს დაჰყურებდა წითელი ლობიოთი სანახევროდ სავსე საინს. მერე თავი აიღო და მიხოს შეხედა.

- მაინც სულ შენი თავისკენ ხარ, ჩემო მიხეილ!.. არ თმობ არაფერს!.. ბოლომდე, კბილებით გიჭირავს!.. რამდენი კბილი შემოგრჩა პირში, ეგ მაინც თუ დაგითვლია?

- აღარ მყავს ეგ ჩემი თავი, მამაო! – უმალ მიაგება მიხომ. – რა ხანია... და ასე მგონია, აღარც არავისთვის ვვარგივარ!.. _ მიხომ თავი ჩაღუნა და შეეტყო, რომ ენით საკუთარი კბილების თვლა იწყო.

- დაელოდე! _ ასწია საჩვენებელი თითი მამა აბელმა. – დაელოდე, ნუ ცქმუტავ და დაიმახსოვრე: _ თივა თავისით არასდროს მიდის ცხენთან!..

- მაგას რა თქმა უნდა, მამაო... – ასწია თავი მიხომ.

- ამიტომ, უნდა ილოცო და ელოდო სასწაულს!

- გულში სულ `მამაო ჩვენოს~ ვიძახი, მამაო!

- რას ჰქვია – სულ? – შეკრა წარბი მამა აბელმა.

- სულ!

მამა აბელს ცალი წარბი აუთამაშდა.

- შენი გამოსწორება აღარ იქნა, მიხეილ... მარხვას მაინც თუ ინახავ?

- ჩაი და პური, მამაო. აგერ ლობიოც... მწვანილი... წყალი... თუმცა არა, გატყუებთ... დღეს სამარხვო მაიონეზიანი პურიც მივირთვი და ზედ ბოთლნახევარი არაყიც დავაყოლე ლუდთან ერთად... – თქვა მიხომ და მამა აბელს მზერა გაუსწორა.

სატრაპეზოში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მამა აბელმა მიხოს ცალი თვალის მოჭუტვით შეხედა, მერე უბრად მოხვრიპა ლობიო და მწვანილი მარილში მოაწო.

- მორჩილება მორჩილების წილ არს... – თქვა მერე თავისთვის. _ ვინაც ღმერთს ყურს უგდებს, მას ყურს უგდებს ღმერთიც...

- დიახ, მამაო...

- ამიტომაც, ხომ ხვდები, ვისკენ უნდა იყო?

- ვცდილობთ, მამაო... – დააქნია თავი მიხომ. _ მაგრამ ხან გამოდის და ხან არა... ანუ, ხან მიწისა ვართ, და ხან ცისა...

მამა აბელი ჩაფიქრდა, მერე სწრაფად ახედა მიხოს და თვალი თვალში გაუყარა.

- ვერ გამოხვედი მაინც მაგ უკიდურესობებიდან!..

- კი მინდა, მაგრამ ვერაფრით, მამაო...

- მაინც კაია!.. – გადასწერა მიხოს პირჯვარი მამა აბელმა. _ შენნაირებს ემართებათ ამბები თუ ემართებათ!.. _ მამა აბელს თავისთვის ჩაეცინა.

- და ყველაზე მთავარი მინდა გკითხოთ, მამაო... – დაიწყო უცებ მიხომ გაუბედავად.

- ნასვამის არაფერი გეტყობა, ისე... – ჩაურთო მამა აბელმა.

მიხომ მხრები აიჩეჩა.

- მაგას მეც ვგრძნობ, მამაო, და ძალიან მიკვირს... ადრე, ამდენზე ფეხზე ვერ ვიდგებოდი... სამჯერ მექნებოდა გული არეული, ახლა კიდევ... რაღაც უცნაურობა მჭირს, მამაო...

- რა უცნაურობა?.. – გადაიწერა პირჯვარი მამა აბელმა და მიხოს დაკვირვებით შეხედა.

- რა და, აგერ, მამაო, დღეს დილით, გავიღვიძე თუ არა, მაშინვე ამეკვიატა და თავიდან ვერაფრით ამოვიგდე... რომ რაღაცაშია საქმე, რაც აქამდე არ ვიცოდი, ვერც ვხვდებოდი და ვერც ვგრძნობდი... ახლა კიდევ ვგრძნობ!.. მთელი დღეა უკვე!.. ასე მართლა არასდროს ვყოფილვარ, მამაო!.. ძალიან უცნაური შეგრძნებაა!.. გავიარე, გამოვიარე, მაინც მაწვალებს და არ მეშვება!.. მთელი დღეა პასუხს ვეძებ ამ კითხვაზე, მამაო!.. რომ ძალიან დიდ რაღაცაშია საქმე, მაგრამ რაში, ვერ მივმხვდარვარ!..

კაი ხანს ჩუმად ისხდნენ.

- ბოლოს რა ნახე სიზმრად? – გაუსწორა მზერა მიხოს მამა აბელმა.

- სიზმარში? – ჩაფიქრდა მიხო. – სიზმარი... სიზმარი... ვააა!..

- გაიხსენე აბა! – თქვა მამა აბელმა და ისევ ლობიო მოხვრიპა.

მიხომ მეხსიერება დაძაბა, მერე სახე ხელისგულებში ჩარგო და გახსენება იწყო. თავიდან სრული სიბნელე და სიცარიელე ედგა დახუჭულ თვალებში. მამა აბელმა რომ კეფაზე ხელისგული დაადო, ნელ-ნელა გამონათება იწყო და ხელისგულებში სახეჩარგული მიხოც გარკვევით აბუბუნდა:

***

`სიზმარში სულ მთლად გალუმპული იდგა მიხო ფიჭვის ქვეშ და წვიმის გადაღებას ელოდა. ქუჩაში მანქანები მიმოიშხუილებდნენ, კანტიკუნტად ქოლგიანი გამვლელებიც მიმორბოდნენ, ყველაფერი აუტანლად სველი, დამბალი და სევდიანი ჩანდა: ხალხი, ხეები, სახლები, მიწა. მერე, უცებ ერთი გაიელვა და წვიმაც შემეჩხერდა. მიხოც მკვეთრი ბიძგით მოშორდა ხის ტანს და რომელიღაც კორპუსისკენ გუბეებს შორის ხტუნვა-ხტუნვით წაქანდა. სადარბაზოში შევარდნილმა ლიფტთან დაამუხრუჭა და მთელი ძალით დააცემინა. იქ მომლოდინე სახით ვიღაც ღიპიანი კაცი და სველი ძაღლი იდგნენ.

- ჯანი! _ უთხრა კაცმა მიხოს.

- ღრრრ! _ ავად ჩაიღრინა ძაღლმა.

კაცი მელოტი იყო, ძაღლი – შავი. კაცს ამღვრეული მზერა ჰქონდა, ძაღლს – დაცქვეტილი ყურები. მიხომ უზარმაზარ მუცელზე შეავლო კაცს მზერა. `ეს რა ნაუტილუს პომპილიუსია...~ _ გაეფიქრა უცებ და ერთბაშად შეამცივნა. მერე ძაღლს გადახედა და ვიდრე კიდევ რამის გაფიქრებას მოასწრებდა, ლიფტის კარებიც გაიღო. ძაღლიანმა კაცმა ხელის ზრდილობიანი მოძრაობით დაუთმო მიხოს გზა.

- მიბრძანდით, ბატონო!

- ჯერ თქვენ...

- მიბრძანდით, მიბრძანდით!.. სტუმარი ღვთისააო...

- ხომ არ მიკბენს?

- როგორ გეკადრებათ!.. სტუმრის გარჩევა ამან იცის თუ იცის!

მიხომ მორიდებით შეაბიჯა ლიფტის კაბინაში და ძაღლიანი კაციც უკან მიჰყვა.

- თქვენ რომელზე? _ იკითხა მიხომ მოწიწებით და კაცის უზარმაზარი მუცლის გამო კაბინის კედელს აეკრა.

- მე ბოლოზე!.. ჯერ თქვენ!.. _ გაეპასუხა კაცი და ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა. მერე ხელისგულზე დაიხედა და კაი ხანს დაკვირვებით ითვალიერებდა. ძაღლმა ამ დროს ტანი შეიბერტყა და მიხოცა და კაციც ლიფტის კაბინის კედლებიანად გაწუწა. ლიფტის კაბინაში უსიამო სუნი დადგა. მიხომ საჩვენებელი თითი მეშვიდე ღილაკს მიაჭირა. კარები ხმაურით დაიკეტა და კაბინაც ზუზუნით დაიძრა ზემოთკენ.

- ნათლობაზე მიდიხართ, თუ დღეობაზე? _ შეეკითხა მიხოს ძაღლიანი კაცი. მიხო წამით დაიბნა, მერე ნაძალადევად გაეღიმა და სველი თმა თითებით გადაიტკეპნა.

- მეშვიდეზე... ოცდამეცამეტე ბინაში...

- ოცდამეცამეტე... ოცდამეცამეტე... _ გაიმეორა თავისთვის ძაღლიანმა კაცმა. _ ოცდამეცამეტე რომელია?

მიხომ ვერაფერი უპასუხა.

- აააა, ნიკოლია უბედურთან ესე იგი!.. _ დაასკვნა ძაღლიანმა კაცმა თავისთვის.

- განცხადების თაობაზე... ჟენიასთან... _ თქვა მიხომ და მორიდებით ჩაახველა.

- ჟენია? _ გაუკვირდა ძაღლიან კაცს და დაფიქრდა. _ ჟენია... ჟენია ვინღა ოხერია?

მიხომ აღარაფერი უპასუხა, მით უმეტეს, სწორედ ამ დროს ლიფტიც შეჩერდა, კარები გაიღო და მიხომაც სწრაფად და დაუმშვიდობებლად გააბიჯა კაბინიდან. თეთრ კართან შეჩერებულმა თითი ზარისკენ წაიწვდინა და ვიდრე მიაჭერდა, ლიფტის კაბინიდან ძაღლის ავი ღრენა და კაცის ჩალაპარაკება მოესმა: `მანდ აღარავინ ცხოვრობს რა ხანია...~ _ ამასთან ლიფტის კარებიც დაიკეტა და მიხომ მაინც სამჯერ დარეკა კარზე ზარი.

თავიდან ვერაფერი გაიგონა. მერე, სადღაც სულ სხვა ბინაში სასოწარკვეთილი ხმით იყივლა მამალმა და გაკვირვებულმა მიხომ კვლავ სამჯერ მიაჭირა თითი ზარის ღილაკს. სანამ აყურადებდა, მეზობელი ბინიდან კიდევ ერთხელ გამოისმა მამლის განწირული ყივილი. `ტელევიზორშია ალბათ...~ – დაასკვნა მიხომ და მხოლოდ მაშინღა მოესმა ბინიდან ფეხის ფლატუნის ხმა. ხმა ნელ-ნელა მოახლოვდა და უცებ საერთოდ შეწყდა. მიხო მიხვდა, რომ საჭვრეტიდან აკვირდებოდნენ და უხერხულად შეიჭმუხნა. მერე მექანიკურად გადაისვა თმაზე ხელი და გაიღიმა.

- რომელი ხარ? _ იკითხა ხრინწიანმა და ბოხმა ხმამ ბინიდან და მიხოც დაფაცურდა _ გულისჯიბიდან ოთხად გაკეცილი გაზეთი ამოიღო და შუა გვერდზე გადაშალა.

- განცხადების თაობაზე!.. აგერ წერია!.. ვაყენებ კარმას!.. კორპუსი ოცდაცხრა, მეშვიდე სართული, ბინა ოცდაცამეტი, დარეკეთ სამჯერ. იკითხეთ ჟენია!.. თქვენ ბრძანდებით, ბატონი ჟენია? _ იკითხა მიხომ მოწიწებით და მიაყურადა.

ცოტა ხანში საკეტმა გაიჩხაკუნა, კარი ჯაჭვზე გაიღო და მიხოს უკვე კარის გრძივი ღრიჭოდან დააკვირდნენ.

- ხომ არ დავაგვიანე? _ მხოლოდ იმიტომ იკითხა მიხომ, რომ რამე ეკითხა და გაკეცილ გაზეთს ჩახედა. – აგერ წერია... მობრძანდით საღამოს საათებში... კალატოზ დიდის ჩიხი. კორპუსი ოცდაცხრა... ბინა...

- ეგ ხომ წაიკითხე უკვე?! _ მკაცრად შეაწყვეტინა მიხოს კითხვა ისევ ხრინწიანმა და ბოხმა ხმამ და მიხოც შეცბა.

უხერხული სიჩუმე ისევ ხმამ დაარღვია:

- ფეხები ტილოზე შეიწმინდე!.. წვიმაა გარეთ!..

- დიახ, ბატონო ჟენია...

მიხომ გულმოდგინედ შეახოცა ფეხსაცმელები კარის წინ გაფენილ ჭუჭყიან ტილოს და ჯაჭვიც სწორედ ამ დროს შეხსნეს კარებს. კარები ღრჭიალით გაიღო და მიხოს წინ, მისდა გასაკვირად და მოლოდინისდა საწინააღმდეგოდ, 80-იოდე წლის, გამხდარი, თეთრ პერანგში გამოწყობილი და საოცრად მაღალი, ასე ორი მეტრის სიმაღლის თვალებგაღებილი დედაბერი აღიმართა. დედაბერს კეფაზე შერჩენილი ბღუჯა თმა სასაცილოდ ასწეწვოდა, მძლავრად შეღებილი თვალები უცნაურად უბრწყინავდა და მკლავზე თეთრი პირსახოცი ჰქონდა გადაფენილი. მიხოს მოულოდნელობისგან ერთიანად დაბურძგლა, გაკეცილი გაზეთი გულისჯიბეში სწრაფად შეინახა და თავი დარცხვენით ჩახარა.

- გამარჯობათ...

- შემოდი, ხო... შემო!.. – ხელისქნევით შეიპატიჟა მიხო მაღალმა დედაბერმა ბინაში. _ დროზე!.. ორპირია!.. აგერ თავიც გაიმშრალე!.. და ბატონი ჟენია კი არა _ ქალბატონი!..

- უკაცრავად... – ამოღერღა მიხომ უსუსურად და ვიდრე ბინაში შეაბიჯებდა, უკვე მესამედ მოესმა მეზობელ ბინიდან მამლის ყივილის ხმა.

- უკვე მესამედ იყივლა, ქალბატონო ჟენია... – შემცბარმა შეხედა მიხომ დედაბერს. – რა გადის ეგეთი ტელევიზორში?..

- ნამდვილი მამალია, ბიჭო ეგ!. სულ ეგრეა!.. შეშლილია!.. დადის და ყივის წარა-მარა!.. პატრონი ყრუ ყავს და სულ არ ანაღვლებს! ჩვენ ვიკითხოთ _ ვისაც ყველაფერი გვესმის და ვხედავთ!..

ბინაში შესულ მიხოს დედაბერმა ხელში მაშინვე პირსახოცი მიაჩეჩა, თავად ბნელი შემოსასვლელის ბოლოში მდებარე კარისკენ წაფლატუნდა და იქ შეყოვნდა. მიხომ პირსახოცს გაკვირვებით დახედა. მერე უჩუმრად მიიტანა ცხვირთან. საეჭვო რომ ვერაფერი იგრძნო, სველ თმაზე გადაისვა. - წესიერად შეიმშრალე! _ მოესმა ამ დროს დედაბრის მკაცრი ხმა. _ აქ ყველაფერი სუფთაა, და კარი მიკეტე!.. გამოქვაბული კი არაა, კარი რომ არ ჰქონდეს!.. არც ლიფტია _ თავისით იკეტებოდეს!..

მიხოს აღარ დაუხანებია _ გულმოდგინედ შეიმშრალა სველი თმა, მერე ბინის კარს იდაყვი მიკრა და ისიც ზურგს უკან ხმაურის მიიკეტა. ირგვლივ უმალ კუნაპეტი სიბნელე ჩამოწვა, რომელშიც ბაც, თეთრ ლაქებად ილანდებოდნენ აქეთ პირსახოცი და იქით მაღალი დედაბრის თეთრი პერანგი. ვიდრე მიხო რამეს მოიაზრებდა, შემოსასვლელის ბოლოში მდგარმა მაღალმა დედაბერმა დიდ ოთახში გამავალ კარს ხელი წაჰკრა. კარი ძალიან სწრაფად გაიღო და იქიდან სვეტად გამოფრქვეულმა საოცრად კაშკაშა სინათლემ თვალები მიხოს მთელი ძალის მოახუჭინა. `რა ხდება?..~ _ თვალდახუჭულმა მიხომ ამის გაფიქრებაღა მოახერხა, თავისთვის ყრუდ ამოიგმინა, ნოტიო სახე სწრაფად მოიმშრალა პირსახოცით, მერე თვალი გაჭირვებით მოაღო და მოულოდნელობისგან ადგილზე შებარბაცდა:

ისიც და დედაბერიც დათოვლილ ველზე იდგნენ. სადღაც შორს, გამხმარი ხე ჩანდა. ხესთან გაძვალტყავებული, კოპლებიანი ცხენი იდგა, ცას აჰყურებდა და კუდს იქნევდა. კიდევ უფრო შორს, ნისლებში, ტელე-ანძიანი, დაძარღვული ქედი ილანდებოდა, რომლის ქვეშაც ქალაქი იყო გაშლილი. გაოგნებულმა მიხომ უკან მიიხედა და ბინის შემოსასვლელი კარის ადგილას, ანუ მისგან ზუსტად ორიოდ ნაბიჯში მდგარმა, გადაბრეცილმა ხის ჩეჩმამ საერთოდაც პირი დააღებინა.

- კითხვების დასმის დრო აღარაა! _ მოესმა ამ დროს მაღალი დედაბრის შეძახილი. _ გვიანდება! დროზე!.. კარმა შენ პაკრიშკა ხომ არ გგონია?! _ დედაბერი უკვე სწრაფი ნაბიჯის მიემართებოდა გამხმარი ხისკენ. `ეს სად ჯანდაბაში ვარ?..~ _ ამის გაფიქრებაღა მოასწრო მიხომ და დედაბერს აედევნა.

კოპლებიან და გაძვალტყავებულ ცხენზე აფოფხებისას მიხომ დედაბერს შეხედა. დედაბერი უსაშველოდ მაღალი იყო და სახეები ერთ სიმაღლეზე ჰქონდათ. თვალები დედაბერს კვლავაც უცნაურად უბრწყინავდა.

- ქალბატონო ჟენია... – დაიწყო მიხომ ხმის კანკალით, მაგრამ სიტყვა შუაზე გაუწყდა.

- პირსახოცი აქ დამიტოვე... და აბა შენ იცი! – დაიძახა უცებ დედაბერმა, მიხოს ხელიდან პირსახოცი გამოჰგლიჯა და ცხენს გაშლილი ხელისგული გავაზე დაჰკრა. მიხოც კიდევ ერთხელ, მთელი ძალით დაიხუჭა და ძალიან შეშინდა...~

***

მიხომ სახიდან ხელისგულები ჩამოიღო და მამაოს აცრემლებულმა ახედა.

- რა მოხდა, მამაო?

მამა აბელს გაეღიმა და მიხოს კეფიდან ხელისგული აიღო.

- ეგ რა გიხილავს, შვილო ჩემო...

- რა იყო ეს, მამაო? – თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა მიხოს.

- ხილვას მოჰყევ...

- ხმამაღლა? – გაუკვირდა მიხოს და შემკრთალმა მიმოიხედა.

მამა აბელმა თავი დასტურად დააქნია. სატრაპეზოში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც ხანგამოშვებით თუ არღვევდა მიხოს ქსუტუნი.

- ეგრე თუა... – დაიწყო მერე მამა აბელმა მშვიდი ხმით. _ და მე მჯერა, რომ ეგრეა და არ იგონებ რაღაცას...

- ეგრეა, მამაო!.. – ხმა უკანკალებდა მიხოს. – საერთოდ არ მახსოვდა და ახლა გამახსენდა!..

- წესით, ყველაზე დიდი საიდუმლოებისკენ უნდა მიემართებოდე...

- ვითომ? – დაიძაბა მიხო.

- და თუ გასამხელია, გაგიმხელს კიდეც!

- ვინ, მამაო?

- ვინ და, ყველაზე მაღალი.

- შაკილ ო,ნილი? – სცადა უგერგილოდ გახუმრება მიხომ.

- ვისი ხელით მოხდება ეგ, არავინ იცის!.. – თქვა მამა აბელმა. – აქამდე მოსულხარ! გიწვალია, გიტანჯია, გისწავლია! ცხრა ფუთი მარილი გიჭამია! ეგეთი ხილვა მოგცემია!.. ცოტაც მოითმინე!

- ცოტა რამდენია? – ვერ მოითმინა მიხომ.

- აქედანა და იქამდე. – გაიღიმა მამა აბელმა და შოთის პურს ყუა წააგლიჯა.

***

ეკლესიიდან ბარბაცით გამოსულ მიხოს წამით არ უშვებდა შეგრძნება, რომ ისევ რაღაცაში იყო საქმე და ამის გამო, წიკიანივით აქეთ-იქით იყურებოდა იმის იმედით, რომ რამეს ისეთს მოჰკრავდა თვალს, რაც ამ კითხვაზე ოდნავი პასუხის მაგივრობას გაუწევდა. უკვე საღამოსკენ იყო გადახრილი. ქუჩაში ხალხი სწრაფად მიმოდიოდა. ტრანსპორტიც ძველებურად დახრიგინებდა. ,,აქ სუყველას ეჩქარება...“ – გაიფიქრა მიხომ და იქვე დაფიქრდა, თუ რატომ მოუვიდა თავში ეგეთი რამ, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. ,,მეც მომაკითხეს...“ – დაასკვნა მერე, თან იგრძნო, რომ სასმელი ძალიან ეკიდებოდა და მიმოიხედა.

იქვე ხელგაშვერილი და თავჩაქინდრული მათხოვარი ბებია იჯდა. ,,ყველა თავ-თავის გზაზე დგას...“ – გაახსენდა მიხოს პაპოს ნათქვამი და უცებ მიხვდა, რომ მათხოვრის დანახვამ არც ადრინდელივით გააღიზიანა და არც გული შეუკუმშა სიბრალულით. ,,გულგრილობაში თუა საქმე?...“ – დაეკითხა მიხო თავს და უეცრად მის წინ ნაგვით სავსე პაკეტი დაენარცხა და ხმაურით გასკდა. ასფალტი კარტოფილის ნაფცქვენებითა და კვერცხის გაწეპილი ნაჭუჭებით მოიფინა. მიხომ თავი ასწია და სახლს ააცქერდა. ვიღაცის ბანჯგვლიანმა ხელებმა ბოლო სართულის ერთ-ერთი ფანჯარა დაკეტეს. მიხომ თავი ჩამოიღო და გზა განაგრძო.

`აჰა... ადრე, ეგეთ რამეზე მთელ კორპუსს გინებით ავიკლებდი... აშკარად სულ სხვა რაღაცაშია საქმე...~ – ფიქრობდა მიხო და სახლისკენ მიიწევდა. სულ მალე მიხო თავისი სახლის სიახლოვეს აღმოჩნდა. სიმთვრალე ყელს უკაწრავდა, ამიტომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შესულიყო სახლის პირველ სართულზე განთავსებულ დიდ მარკეტში და მინერალური წყალი ეყიდა. იქ ისევ ის ნოქარი ქალი დახვდა – მარცხენა ლოყაზე ბუზივით ხალით. ქალმა შემოხედა თუ არა მიხვდა, რომ მიხო საკმაოდ ნასვამი იყო და წარბი შეკრა.

,,ახლა რამე ისეთი რომ მითხრას, მართლა ლოყაში შემოვულაწუნებ...“ – გაიფიქრა მიხომ და მარჯვენა ხელისგული ტრადიციულად გაუოფლიანდა. ხალიანმა ქალმაც იგუმანა, რომ ჩუმად უნდა ყოფილიყო და უბრალოდ დოინჯი შემოიყარა.

- ერთი მინე-რალური... – თქვა მიხომ დანაწევრებით.

- ერთი მინერალ’ური!.. – გაიმეორა ნოქარმა და თაროდან ბოთლი ჩამოიღო.

- რა ღირს? – ჩაიყო მიხომ ჯიბეში ხელი და შებარბაცდა.

- ლ’არნახევარი.

- ლარნახევარი... – თქვა მიხომ და ჯიბეები მოიჩხრიკა, თუმცა იქვე გაახსენდა, რომ უფულოდ იყო დარჩენილი და თავიდან ძლიერ დაიბნა.

- ლ’არნახევარი!.. – გაუმეორა გამყიდველმა ქალმა დაბნეულ მიხოს და დამცინავად შეაცქერდა.

,,უჰ, რამ გამომაშტერა!.. სადღაა ფული...“ – გაიფიქრა მიხომ, ხელი ჯიბიდან ამოიღო და ქალს ამღვრეული მზერა გაუსწორა:

- გასა-გებია... ანუ, ლარ-ნახევარი ღირს ეს ბოთლი მინე-რალური...

- ზედ აწერია ფასი, ბატონო...

მიხო გაჩუმდა. თან ქალს თვალს არ აშორებდა. ნოქარმა უხერხულად იგრძნო თავი და აქეთ-იქით მიმოიხედა. გასტრონომში კანტი-კუნტად იყო ხალხი.

- ხალხი მელ’ოდება, გენაცვალე! _ იპოვა მერე გამოსავალი და თეთრი ხალათი შეისწორა. მიხომ თავი თანხმობის ნიშნად დააქნია და ბოთლს მარცხენა ხელი შემოავლო.

- და ფული მერე რომ ჩამო-გიტანოთ? – დასცდა უცებ ხმამაღლა.

- რაფერ? – თითქოს ვერ მიხვდა ნოქარი.

- ვალად რომ ავი-ღო... – გაღიზიანება იწყო მიხომ.

- ჰმ! ვალ’ად ქე რო ეიღოთ? _ თქვა ქალმა და დამცინავად გაიღიმა. – ა, სასწაული თუ გინა! თქვენგან მაგნაირები პირველ’ად მესმის!!

- ხდება ხოლმე... – აიჩეჩა მიხომ მხრები, ფიქრით კი გაიფიქრა _ `აწი, ხშირად გაიგებ...~ – და ნოქარისკენ ისე გადაიხარა, თითქოს მისთვის რაღაცის საიდუმლოდ თქმა სურდა. ქალიც პასუხად თავისდაუნებურად გადმოიხარა დახლზე. მიხომ ნოქარ ქალს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და წელშიც სწრაფად გაიმართა. ნოქარი ქალი მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა. მერე თვალებგაფართოებულმა გამოხედა მიხოს და ხალიან ლოყაზე ხელისგული აფითრებულმა მიიფარა. მიხო ბოთლით ხელში ადგილზე ქანაობდა და იღიმებოდა.

- დიდი მად-ლობა! _ აღმოხდა მიხოს და ხმამაღლა დაასლოკინა.

`მგონი სიყვარულშია საქმე...~ – გაიფიქრა იქვე და ის იყო გატრიალებას აპირებდა, რომ ამ დროს ნოქარი ქალის საზარელი კივილი მოესმა:

- გეეთრიე აქიდან, შე გოუზრდელ’ო მათხოვარო შენა, თვარა თუ შევყარე აქანა ხალხი, მერე ნახე შენ რა დეგემართოს!!!

`გოუზრდელ’ო მათხოვარო~ განსაკუთრებით ჩაეჭედა მიხოს გონებაში და ისევ ნოქარისკენ გადაიხარა. მას უკვე ხელში საანგარიშო `ჩოთქი~ ეჭირა, მიხოს უღერებდა და ერთიანად აჭარხლებული კივილს განაგრძობდა:

- ჩამეეთრევიან, გასკტებიან ღორებივით და აღარ იციან სად რაფერ მეიქცენ!! მასე მეექეცი დედაშენს, გეიგე, შე მართლ’ა გოუზრდელ’ო მათხოვარო და დადგი ახლ’ავე ბოთლი ადგილზე!!

გასტრონომში მყოფმა ხალხმა ცნობისმოყვარე სახით იწყო მათ გარშემო თავმოყრა. მიხომაც იგრძნო, რომ მოქმედებისთვის წამები ჰქონდა მიცემული, ამიტომ მინერალური ბოთლი მთელი ძალით შეანჯღრია და ვიდრე თავსახურს წააგლეჯდა, მარჯვენა ხელისგული მართლაც მთელი ძალით შემოულაწუნა ნოქარ ქალს იმავე ხალიან ლოყაში. ეს იყო და მარკეტში ერთბაშად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მიხომ აშკარად დაინახა, თუ როგორ აფრინდა ნოქარის ქალის მარცხენა ლოყაზე მჯდომი ხალი პატრონის ლოყიდან, დახლს ხმამაღალი ბზუილით დაარტყა წრე და ჭერისკენ აიღო გეზი. ნოქარ ქალს მაინც არ აცალა გონს მოსვლა მიხომ, ისე წააგლიჯა ბოთლს თავსახური და გაზიანი წყალი შხეფებად ზედ სახეზე მიუშვა. `აწი, რაშიც უნდა იმაში იყოს საქმე!~ – გაიფიქრა მერე, სანახევროდ ცარიელი ბოთლი მაგიდაზე დადგა და გასასვლელისკენ გატრიალდა. ვიდრე ქუჩაში გავიდოდა, მიხომ დახლისკენ ცალი თვალით გაიხედა და კეთილად გაეღიმა.

მინერალური წყლით სანახევროდ გაწუწული ნოქარი ქალი უკვე ორი იყო - ორივე გახევებული იდგა, მარცხენა ლოყაზე ორივენი ხელისგულებს ისვამდნენ და პირდაღებულები აჰყურებდნენ ჭერს.

`რა ვუთხარი ეგეთი?..~ – შეეცადა გახსენებას მიხოს, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სხვებიც გაოგნებულები იყურებოდნენ ჭერში.

`...თუ გასამხელია, გაგიმხელს კიდეც!..~ – გაახსენდა უცებ მიხოს მამა აბელის სიტყვები.

`ვინ, მამაო, ვინ?~

`ვინ და, ყველაზე მაღალი!~

`შაკილ ო,ნილი?~

მიხომაც ჭერში აიხედა. ორი მსუქანი ბუზი გულისგამაწვრილებელი ბზუილით დაქროდა აქეთ-იქით.

`...ვისი ხელით მოხდება ეგ, არავინ იცის!..~

მიხომ მარცხენა ხელი ჩაიქნია და მარჯვენა ხელისგულზე დაიხედა. მერე პირჯვარი გამოისახა და ქუჩაში ბარბაცით გავიდა. ვიდრე თავის სადარბაზოში შევიდოდა, ქალაქის სამხრეთით გაწელილ დაძარღვულ ქედსაც გახედა მიხომ და ზედ ნაძვის ხესავით ამოსული უზარმაზარი ტელე-ანძისთვის თვალის გასწორება სცადა, მაგრამ ეგეც არ გამოუვიდა _ ანძაც ორი იყო. მერე, შორიდან საპატრულო პოლიციის მანქანათა სირენების ხმა შემოესმა, თავი ჩამოიღო და თვალებდაელამებულმა იქვე, ეზოში, ხის ორ ცხენზე გადამჯდარ ორ სამიოდე წლის ბიჭუნას მოჰკრა თვალი, რომელთაც კოპლებიანი მაისურები ეცვათ.

`... თივები თავისით არასდროს მიდიან ცხენებთან!..~ – მრავლობითში გაახსენდა მიხოს და უცებ გონებაც გაუნათდა _ მიხვდა, რომ მარტო და ეულად აღარ იყო, აღარც არასდროს იქნებოდა ამიერიდან და თავის მშვიდი კანტურით შებანცალდა სადარბაზოში.