მარტის ჰექსაპტიქი

I

დღეებს, რომლებსაც მე ვუწოდებ გადასაყრელ დღეებს,
დღეებს, რომლებიც უსაშველოდ გაიწელა ორი წელი,
უკვე ფინიში გამოუჩნდა – შენ გამოჩნდი რახან.
ეს ორი წელი ვგრძნობდი, როგორ მოდიოდი, მოიწევდი
ჩემკენ, თანდათან ნაკვთებს გძენდი, საბოლოოდ მევე
გამიკვირდა, თუ როგორ ჰგავხარ წარმოსახულს, თან ისე, რომ
ძლივს დავიჯერე... და მე მინდა, და მე მინდა ახლა,
ჩემი შენდამი სიყვარული სამუდამოდ გაიწელოს.

II

შუაღამეა – გადასცილდა ცოტა ხნის წინ – მე და
ზაზუნას გვღვიძავს... და არ ვიცი (ეჭვიც არ მაქვს), ვინ დააგდო –
ახალი მთვარე გდია სადღაც წყნეთის თავზე – ნეკის
წაჭრილი ფრჩხილი... სიჩუმეა, მთელი ქუჩა იმ სააქტო
დარბაზს ჰგავს, სადაც სხდომა მორჩა, ჩააბნელეს – ერთგან,
ჩამქრალ, გადამწვარ ლამპიონთა (წუხელ ენთო) მთელი წყება
მიჰყვება ქუჩას... ვერ ვიძინებ, ვერ ვიძინებ, შენ კი
გძინავს ახლა და იქნებ სულაც არაფერი გესიზმრება.

III

სულ რომ სამყაროს ნახევარი მოიარო, ყველგან
შინაურადაც იგრძნო თავი – მეეჭვება, რამეს ცვლიდეს.
ნახევარი რომ ნახო მთელი სანახავის, ისღა
დაგრჩება მხოლოდ, თავი ასე მოიტყუო – ამდენს კიდევ
თუ ნახავ, მორჩა, ეგ გიშველის, ეგ გიწამლებს!.. ჯერ კი
შიშია ხოლმე – უცხო ზღვებთან როცა ზიხარ – დაისამდე,
რომ ეს დაისიც მტკივნეულად გაგახსენებს იმ სახლს –
მტრის მიტაცებულ იმ სახლს – სადაც გაზაფხულზე დაიბადე.

IV

დავცქერი, როგორც ისტორიულ აღმოჩენას, თითქოს
არტეფაქტია, ყველაფერს რომ დააყენებს თავდაყირა,
მანამდე ნაპოვნ არტეფაქტებს არაფრით რომ არ ჰგავს...
არადა, მხოლოდ ფოთოლია პარკში – პარკის განაპირას,
შიშველ გაზონზე – ნაზამთრალი ფოთოლია, ვფიქრობ
ჩემთვის – ესაა სასწაული, ღმერთი ასე ხელმომჭირნედ
რომ იმეტებს და ფოთოლი ჰგავს ჩვენს სიყვარულს, რადგან –
რამდენს ეცადა ზამთარი და ფეხი მაინც ვერ მოჭამა.

V

წვიმს და ეს წვიმაც, თვით წვიმაც კი, ვერ ახერხებს, ჩემში
გამოიწვიოს მინორული დაღმაფრენა, მისი საქმე
სწორედ ეს არი, ჩემი ჯიბრით ხეებს ერჩის, მათღა
ერჩის, ვერესაც მოადიდებს, მოაცოცხლებს, ისიც აქვე,
ორ ნაბიჯშია – ხეობაში – სახლებს მიღმა, თქეში
უშენს და უშენს, არ ჩერდება, მაგრად უშენს, თან – ძალიან.
მაბედნიერებს თუნდაც იმის გაფიქრება, სადღაც
რომ ზიხარ ახლა საქმეებში ჩაფლული და არ გცალია.

VI

რეპროდუქცია ჩემს თაროზე – ბელები და დათვი –
გენიალური ფიროსმანის პრიმიტივი – პრიმიტივი,
რომელსაც ქვეყნად ვერაფერს ვერ შევადარებ. კედელს
ჭაღის ჩრდილები ეფინება ორ რგოლად და, სვირინგივით
(შენ რომ გაქვს ბეჭზე), ალამაზებს. ფიროსმანთან, იქვე,
გვერდით (მაჩუქეს), დიდი მწერლის და პოეტის საათი დევს...
უსიყვარულოდ რა მცირეა ეს სამყარო, შემდეგ –
რომ გვიყვარდება – სიყვარული როგორ ანვრცობს და ადიდებს.

კოლხური საბჭოთა არგონავტიგა

ბალახმოვლილი,
უპატრონო საფლავების მთელი წყება –
ზოგიერთს, საერთოდ,
მესერიც არ აქვს...
ერთ მათგანთან ვჩერდები და ვაცქერდები –
სახელმა (ასეთი
სახელი უცებ
მიგიზიდავს) მიმიზიდა –
ადმეტი... ადმეტი

ერთ-ერთ არგონავტს
ერქვა, ამას ვინ დაარქვა, ან ვინ იყო?! –
ვფიქრობ და მეღიმება...
შინ რომ დავბრუნდი,
მამას ვკითხე ვინაობა, გაიხსენა მამაჩემმა –
ყოფილა მდინარის გაღმელი
კაცი, პატარა –
ჩია ტანის – მარტოხელა, ჰყვარებია
სიმღერა, სიმღერა

უყვარდა თურმე.
სიბერეში ცხენზე მარტო ვერ ჯდებოდა,
შესვამდნენ მეზობლები,
სიმღერ-სიმღერით
წავიდოდა რაიონის გასტრონომში –
ნოქრები წინასწარ ბრაზობდნენ –
და შედიოდა
თურმე შიგნით ცხენიანად...
ფუტკრების ბზუილი

მესმის (ალუბალს
მისევიან), სახლის გვერდით, ჩრდილში ვწევარ,
რატომღაც მგონია, სიზმარია
ეს გაზაფხული,
მკლავზე მაზის დიდი ბუზი – ის აქ არის,
ფუტკრები იქ არიან.
და არგონავტის
მოსახელე კაი კაცის საფლავი რომ
გავწმინდე ნაშუადღევს,
თან – მანამ, სანამ
ვინაობას გავიგებდი, მიხარია,
ბავშვივით მიხარია.

***
იმ დროს, მაშინ, ჯერ კიდევ ერთად ვიყავით მე და
დედაშენი, პარკში ვისხედით სამივე, ოდნავ
ცრიდა, უცებ მომინდა, შენთვის მეთქვა, რომ სწორედ
იქ, იმ პარკში, კარგა ხნით ადრე, შევხვდით ერთმანეთს
მე და დედა სულ-სულ პირველად, შენ მოგეწონა
ეს ამბავი, თუმცა შემდეგში იმ პარკისადმი

ინტერესი შენთვის არასდროს არ შემინიშნავს...
მას შემდეგ კი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე და დედა
გავიყარეთ – მიუხედავად იმისა, რომ იმ
პარკში ცუდი საქანელა და სასრიალოა –
იქ დადიხარ, მხოლოდ იქ გინდა, სულ მეუბნები:
" – მამა, წამო, შენი და დედას პარკში წავიდეთ!"

***
როცა ვაცილებ, უფრო სწორედ, გავაცილებ ტიდას –
როცა მეორე სახლში მიდის, – გამოვდივარ აივანზე
და ველი, წინა კორპუსამდე – მის კუთხემდე – სანამ
მივა, რომ ხელი დამიქნიოს, დავუქნიო – აი, ასე
შევთანხმდით ერთხელ, და მას შემდეგ, წლებია, რაც დიდი
ენთუზიაზმით ვეკიდებით შეთანხმებას... გაისადაც
ვიქნებით, ალბათ, ასე, მერე... შერცხვება და, აღარ
დამიქნევს... და მე მივხვდები, რომ მამას გოგო გაიზარდა.

ქალი ზღვის კურორტზე

გუშინ, შუადღით,
ჩამოვიდა, ცურაობა ვერც მოასწრო,
უეცრად გაფუჭდა ამინდი,
და მთელი ღამე
საშინელი შტორმი იყო, დილით – შეწყდა.
ის პლაჟზე გავიდა

(გამოერიყა
ზღვას ბევრი რამ – ბევრი რამე – ნაფოტები,
ბოთლები... საბავშვო გარმონიკაც
კი ეგდო ერთგან... ).
ვიღაც ბიჭის ფამილარულ კომპლიმენტზე
შეიკრა კოპები –
მისმა წარბებმა,
ცხვირის ზემოთ, ორი ცალი
ნაოჭი გამორიყა.

***
აქ იყო, ამ გაჩერებაზე... მშობლებს ესტუმრე,
გასადილეს, ცოლ-შვილისთვისაც გაგიმზადეს და
გამოართვი ცალყბად, გულგრილად, თითქოს წაღება
უსაშველოდ გეზარებოდა, სინამდვილეში
არ გინდოდა, მიმხვდარიყვნენ, რომ სახლში საჭმელი

აღარ გქონდათ... დაავლე ხელი, წამოიყოლე,
აქ დადექი, გაჩერებასთან, და ავტობუსის
მოლოდინში სიხარულს გრძნობდი – ამაღამ მაინც
გექნებოდათ თბილი ვახშამი, ლამის გეფრინა.
ამ დროს ორი ძაღლი მოვიდა, მოგიახლოვდნენ

და დაუწყეს დასუნვა შენს პარკს, შენ კი სასწრაფოდ
მოარიდე – მეორე ხელში გადაიტანე...
და სწორედ ამ გადატანაში გაწყდა პარკი და
გატყდა ქილა, შენი სადილი ძირს დაიღვარა...
აგივარდა უცებ ტირილი, ვერ ჩერდებოდი –

როგორც ბავშვი, ნაცემი ბავშვი, ტიროდი, ცრემლით
დაბინდული თვალებით ძაღლებს, იმ მშიერ ძაღლებს,
დასცქეროდი, დაღვრილ სადილს რომ ლოკავდნენ ხარბად
და ცოლ-შვილი გახსენდებოდა... ეს ამბავი რომ
მომიყევი, მაშინაც ცრემლი გედგა თვალებში...

– კიდე კაი, გაჩერებასთან არავინ იყო
და არავის დავუნახივარ, კიდე კაიო. –
დააყოლე ნაძალადევი ღიმილით... თოვდა...

***
ზედ ჩვენს კორპუსთან ორ ცათამბჯენს აშენებენ, თითქმის
მთელი წელია, და სამ სართულს ძლივსღა ასცდნენ. " – სხვები ამდენ
ხანში მთელ კვარტალს უპრობლემოდ მორჩებოდნენ, ამათ
რა სჭირთო!" – ჩემი მეზობელი (ისედაც ცუდ ხასიათზე
რომ არი სულ და სულ ჯუჯღუნებს) ჩხუბობს, თვეებს ითვლის,
თან, ამ დროს, უყვარს მოჩვეული ორი მტრედის დაპურება...
ყოველ შუადღეს ერთი მუშა – მუსულმანი – ნამაზს
აღავლენს, და სხვა მეზობლებიც გამოდიან საყურებლად.

ბავშვიანი ქალი ავტობუსში

მასზე სამი წლით
უმცროსი ვარ, სილამაზით, რა თქმა უნდა,
ახლაც ლამაზია.
ჩვენ ერთი სკოლა
დავამთავრეთ რაიონის... ჩემს წინ დაჯდა,
უცებვე ვიცანი.
ლამაზი კია,
მაგრამ, მგონი, გაქრობია სინატიფე
და ძველი სინაზე,
თუმცა ის არი,
ლაპარაკი არ უნდა, რომ
ნამდვილად ის არი.

ღომით დაიწვა
ბავშვობაში – ღომის ფაფა გადმოესხა,
კისერზე გადმოესხა,
მახსოვს, მას შემდეგ
სუყოველთვის, ზამთარ-ზაფხულ,
შარფები ეკეთა
(შემოხვეული
ჰქონდა მჭიდროდ), ამიტომაც
არასდროს გვინახავს ნაწიბური.

ახლა შარფი არ
უკეთია, თმაც შეუკრავს, შეუმჩნევლად
ვიხრები მარჯვნივ და
ვცდილობ, არავინ
დამინახოს (ქუჩაში კი საშინელი, საშინელი
ქარი და კოხია
და ფანჯრებს უშენს),
სულ ცოტაც და, ნაწიბური გამოჩნდება,
ცოტაც და... რად გინდა –
შეშინებულმა
ბავშვმა მკლავი, თან – ორივე,
კისერზე მოხვია.

უცნობი ავტორი


ბერი იყო – ბერი ქვაბულში დაყუდებული
მარტოდმარტო... იყო მთარგმნელი, მემატიანე,
კალიგრაფი, პირველ რიგში კი – დიდი პოეტი,
მან დაწერა გენიალური პოემა... მაგრამ,
ამ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ერთ რამეს –
აჯანყებას – ელოდებოდა (დამპყრობელი მტრის

წინააღმდეგ), ანაფორა რომ გაეხადა და
ხელში ხმალი აეღო... ასე განვლო ცხოვრებამ...
ბავშვობიდან ჰქონდა ოცნებად, სამშობლოსათვის
შეეწირა სიცოცხლე, მაგრამ მხოლოდ ცხოვრების
შეწირვაღა მოუხერხდა და ამას ნანობდა...
აღსასრულის მოახლოება იგრძნო თუ არა,

დაისაჯა თავი – ძალ-ღონე ძლივს მოიკრიბა
და თავისი სახელი ყველა ხელნაწერიდან
ამოშალა... დღეს კი, დღეს მისი დანატოვარის
მნიშვნელობა ეჭვგარეშეა, ოღონდ ეს კია –
მის ყველა ტექსტს სხვადასხვა ავტორს მიაწერენ და
ყველა ავტორს იხსენიებენ "უცნობ ავტორად".

***
ქარს დასანახად ვერ იტანდი რამდენიმე წლის წინ –
დავარცხნილ თმას რომ უმოწყალოდ გიჩეჩდა და გიბურდავდა,
მაგრამ მას შემდეგ, რაც დაბალზე შეიჭერი, ბავშვურ
სიხარულს გგვრის და გახალისებს... დასანახად ვერ იტანდი...
ქარია, თვალით ხეებს ეძებ, თუმცა კარგად იცი –
მოჭრეს, სანაცვლოდ კორპუსები ჩადგეს ვიღაც გარეწრებმა...
შენი ცრემლები ჩემს კარგ მხარეს აჩენს, როგორც ქარში
ფოთლების შიდა – უფრო ნაზი, ღია ფერის – მხარე ჩნდება.

***
მაგარი ბიჭი
მოკვდა შარშან, ამ დროს მოკვდა –
დაიხრჩო მდინარეში,
წყალმა მოუსწრო –
როცა შეშას აგროვებდა, ნარიყ შეშას,
მდინარე უეცრად ადიდდა
და შემოერტყა
ყველა მხრიდან, შემოერტყა, შემოერტყა.
საითაც, შედარებით,
პატარა იყო ტოტი, სცადა გადაცურვა –
შუამდე მიაღწია
და გავიდოდა
კიდეც, მაგრამ ფესვიანად მოთხრილი ხე
გვერდულად დაეჯახა...

მაგარი ბიჭი
მოკვდა შარშან, ზუსტად ამ დროს –
დაიხრჩო, დაიხრჩო...

უფროსი ძმა და
მამა დარჩა... უფროსი ძმა – უსაქმური,
ყოველდღე სოფლის ცენტრში
რომ ზის დილიდან
საღამომდე, კარტს თამაშობს ბიჭებთან და
ეწევა, ჩეფირს სვამს.
უმცროსი შვილის
საფლავიდან მომავალი, შაოსანი მამა როცა
ჩაივლის – ჩაუვლის
უფროს შვილს – ამბობს,
სუყოველთვის ამბობს ხოლმე
თავისთვის (მოსმენა შეგზარავს):
– ასეთ სამართალს
რა ვუთხარი! ცოდვის კითხვა არ არი, რომ
ის იწვეს მიწაში,
ეს კი მიწაზე
დადიოდეს?! – ჩაიქნევს ხელს...
გაჰყვება თემშარას...

***
ერთმანეთის როგორ გვესმოდეს, როგორ – მე და შენ,
ქალაქის ამ აუტანელ და გიჟურ ხმაურში,
როცა ჩვენი – როდესაც ჩვენი – ნაბიჯების ხმაც
არ გვესმის და ქუჩაში ყური ერთმანეთს მკერდზე
რომ მივადოთ, გულისცემასაც კი ვერ გავიგებთ?!..

ჩემი სოფლის ორღობეებში რა სიმშვიდეა...

მყივანი გედი

ჩვენ ვთამაშობდით,
როცა, უცებ, გადამფრენი ორი გედი
დაეშვა ჭალაში
და ჩვენც იქითკენ
გავიქეცით, გავიქეცით, როგორც იქნა,
მივედით, მივაღწიეთ –
პატარა ტბორზე
დამსხდარიყვნენ (თეთრები და ლამაზები),
მშვიდად დაცურავდნენ.
გვიმროვანიდან
შევცქეროდით საოცრებას –
მანამდე არასდროს გვენახა.

იმ ტბორში მცურავ
ბატებსა და ჭუკებს შორის ისე ჩანდნენ,
ბატები – ჭუკები
გეგონებოდა,
ერთი ბეწო, ერთი ციცქნა ჭუკები კი –
ჭუკების ჭუკები.

უცებ იქუხა
თოფმა – ერთ გედს თითქოს მოწყდა
ლამაზი კისერი...
ჩაწვა... მეორემ
თავს უშველა, აფრინდა და, რომ აფრინდა,
მეორედ იქუხა...
საბედნიეროდ,
აცდა... გედი მიეფარა თვალს მაღალი
ჭადრების გადაღმა.

და თოფიანი
მეზობელი – ახალგაზრდა – გამოვიდა
თხმელის კორომიდან,
ტბორში შეტოპა,
გედს ჩაავლო ხელი თავში, თითქოს ძროხის
საბელი ყოფილიყო,
ამოათრია,
დაფეთებულ ბატებს შორის, ნაპირზე და
ამაყად დააცქერდა.
ამასობაში
ჩვენც მივედით, უფრო სწორედ,
წამებში მივირბინეთ...

მახსოვს კისერი –
მკლავის სიმსხო – თეთრი, თეთრი, ამჯერად კი
აქა-იქ ტალახით მოსვრილი,
ქვემოთა – ქვედა –
ნაწილზე რომ ეტყობოდა, ეტყობოდა
საფანტის წითელი წერტილები...

იმავე ღამით
შეიძინა რესტორანმა გედის ხორცი
ვიღაცა ჩინოვნიკის
იუბილისთვის,
ბუმბულით კი, გედის მკვლელი მონადირე
მეზობლის მკერავმა მამიდამ
ერთი ბალიში
გამოტენა... და მას მერე, დიდი ხანი,
მკლავდა ინტერესი:
ვისაც ბალიშზე –
იმ ბალიშზე – ყოველ ღამით, თავი ედო,
რა სიზმრებს ნახულობდა,
და იმ სიზმრებში
სად დაქროდა, სად დაქროდა, სად დაქროდა,
რომელ სივრცეებში?!