(ნაწილი მესამე)

ბონდის ხიდი

(წალენჯიხური დღიურიდან)

სამეგრელოში ვართ, წალენჯიხაში, ნოემბრის ბოლოა, ცივა. შორეული მთები უკვე თოვლითაა გადათეთრებული და სულ იქით ვიყურები - ზამთრის იდუმალებას ველაციცები შორიდან. საინტერესო შეხვედრები გვაქვს. ყველაზე უკეთესი კი ტერენტის მუზეუმში, ისევ აგუზგუზებულ ბუხართან წაკითხული ლექსებისგან მოგვრილი სიამოვნებაა... და სხვაც ბევრი.

ერთ დღეს მდინარეზე ჩავედით, ჭანისწყალი სამეგრელოს ერთ-ერთი მშვენებაა. ბონდის ხიდი გავიარეთ და მეორე ნაპირზე ჩამოვსხედით. იქ ქალაქის პატარა უბანია, სულ რამდენიმე სახლი ტყიანი ქედის ძირას. ფოტოები გადავიღეთ და უკან გამოვბრუნდით. ისე მომეწონა ის სიმყუდროვე, ცოტა ხანს ცხოვრებაც მომინდა იქ და უკან გადმოსვლისას ბონდს რომ მოვადექი, შევჩერდი, უცებ წარმოვიდგინე:

...თოვს, შორეული მთებიდან უკვე ჩამოაღწია ზამთარმა, ბონდზე სკოლიდან მომავალი გოგონები დგანან და მოხიბლული უცქერენ, თუ რა ლამაზად ცვივა მოლივლივე ტალღებზე ფანტელები. ყველგან თოვლია, ამ პატარა მდინარესაც თოვლიანი ნაპირები მისძალებია. გოგონებს ეჩვენებათ, თითქოს ნისლიანი, ფიფქებით სავსე ცა ჩამოდის დაბლა და წყალზე აბიჯებს თეთრი ფეხსაცმელებით. უცებ ძალიან წყნარად ტკბილ სიმღერას წამოიწყებენ და ყველაფერი - მომცრო მდინარის ლივლივი, ფიფქების კორიანტელი და მშვიდი სიმღერა ისეთ ხმათა და ფერთა შეხამებას ქმნის, რომ ეს მაცქერალ-შემოქმედნი ვერ შელევიან და კარგად ხანს რჩებიან ოდნავ მოქანავე ბონდზე. მერე ნელა გადივლიან მის დარჩენილ ნაწილს, დათოვილ მინდორს, მოკლე ორღობეს და სახლში შეცქრიალდება სამი ანგელოზი.

- შეგაგვიანდათ, შვილო, სად იყავით ამდენ ხანს?- ამბობს დედა.

- ბონდიდან ჩვენს მდინარეს ვუმღერეთ ფიფქებთან ერთად, - ამბობს პატარა.

- რაო? - უკვირს დედას.

გოგონები უკვე სუფრას უსხედან და ჩუმად იცინიან.

თეფშებზე ახლად ამოღებულ ღომსა და ელარჯს სქელი ორთქლი ასდის _ თეთრი ფერი მეფობს შინ და გარეთ...

- რა იყო, კაცო, რჩები მანდ! - უკვე ბონდიდან მეძახიან მეგობრები და ფიქრებიდან გამოვდივარ.

ჰოდა, გამოვიარეთ ბონდი და ვიწრო გზას დავადექით. გზისპირა სახლის ეზოდან ბენზოხერხის ხმა ისმოდა, ჩვენ მივუახლოვდით თუ არა, ხერხი გააჩერეს და ჩვენსკენ შემობრუნდა სამი კაცი და ერთი ქალბატონი, ღიმილით დაგვიწყეს ყურება. უცებ მიიქცია ჩემი ყურადღება ამ ამბავმა _ ესე იგი, ხერხის ხმაურით რომ არ შევეწუხებინეთ გზად მიმავალი უცხო სტუმრები, გააჩერეს და ჩვენს გავლას დაელოდნენ. ეს მოქმედება თვალში მომხვდა და ძალიან მესიამოვნა. აი, რამხელა მორიდება, მოკრძალება, პატივისცემა აქვთ სტუმრის მიმართ სამეგრელოში. მეც და ჩემი მეგობრებიც ეზოში მყოფებს მივესალმეთ, უბანი და მდინარე შევუქეთ. მათაც მხიარულად გვიპასუხეს, ახლა დიდი არაფერი, ზაფხულში ჩამობრძანდით, მაშინ უფრო სასიამოვნოა ჩვენი მდინარეო. მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს და კარგა მანძილზე რომ გამოვცდით მათ ეზოს, მხოლოდ მაშინ ჩართეს ხერხი...

ჰოდა, ყველაფერი საუკეთესო რად უნდა ეძებო სხვაგან? - ის აქ არის! - ქართული ქცევა, სტუმრის უსაზღვრო პატივისცემა, მოყვასის სიყვარული, ყველაფერი, რაც ადამიანს ამაღლებს და საერთოდ, ნამდვილქართველობა, რაც ისევ შემორჩენია ჩვენი ერის წარმომადგენელთა უმეტეს ნაწილს...

რატომ წყვეტდა დათვი ტელეფონის მავთულებს?

ახლა აღარავის ჭირდება ბოძებზე გამავალი ტელეფონის მავთულები, მაგრამ ხომ იყო, სანამ მობილური ტელეფონები შემოვიდოდა. ყველა გზისპირს დენის ანძებთან და მავთულებთან ერთად შედარებით დაბალი ბოძები მიუყვებოდა ტელეფონის მავთულებით.

ერთხელ ტყესა და მთაში გამავალი, ზემო იმერეთიდან რაჭაში გადამავალი ტელეფონის ხაზების მეთვალყურე, სოფელ უზუნთაზე მცხოვრები, ცხონებული ვაჟა მაჩაიძე, მოხვაში ჩვენი სახლის წინ გავლისას ეზოში გაშლილ სუფრასთან შემოვიპატიჟეთ. ცოტა ხნის შემდეგ სიტყვა მის საქმიანობაზე ჩამოვარდა და თქვა: ზოგს ჰგონია, საუკეთესო სამსახური მაქვს, მთელი ზამთარ-ზაფხული ვზივარ, ხანდახან ტელეფონის ხაზებს ავხედავ და ტყუილად ვიღებ ხელფასს, არადა არაა აგრე, ტელეფონის მავთულები ხშირად ზიანდება, განსაკუთრებით ზამთარში, დათვის დაზიანებული კიდევ სხვა არისო. დათვი რატომღა აზიანებს-მეთქი. რატომ და როცა ქარი უბერავს, მავთულები ზუზუნებს. ეს ზუზუნი ფუტკრის ბზუილს ჰგავს და ბოძებთან გავლილი დათვი ტყუვდება, ჰგონია, ბოძზე ფუტკარს აქვს ბინა, ადის მასზე და რომ ვერაფერს ნახულობს, გაბრაზებული ტელეფონის მავთულებს წყვეტს და ყრის დაბლა. ჰოდა, ამ დაწყვეტილ მავთულებს ჩვენიდან რაჭამდე მოძებნა და გადაბმა ხომ უნდაო?..

ტარიელ მაჩაიძემაც დაგვიდასტურა, რომ მასაც უნახავს ბოძზე ასული დათვი. საჩხერიდან კომისიაც კი მოსულა ამ ამბის შესამოწმებლად და დაღრღნილი ბოძები რომ უნახავთ, ცოტა შეშინებულან კიდეც.

ვაჟამ იცოდა, რისგან, როგორ ან უმეტესად სად შეიძლება დაზიანებულიყო ტელეფონის ხაზები და აკეთებდა თავის საქმეს, - უზუნთიდან რაჭაში გადადიოდა და იქაურებთანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. ჰო, რა თქმა უნდა, ცოდნა უნდა ყველაფერს.

მე მასთან საუბრისას უნებურად ტელეფონის ბოძზე ასული დათვი წარმოვიდგინე და გამეღიმა. ეს სურათი რომ სხვებს დაგვენახა, ცხოველის მაღლა ასვლის მიზეზს ხომ ვერ გავარკვევდით და ზოგიერთებს შეიძლება ისიც გვეფიქრა, რომ დათვი სადმე დარეკვას აპირებსო...

ქვემოხევი

(ზაფხულის სურათის გახსენება)

სოფელს შუაზე მთის მდინარე ჰყოფს, რომლის ორივე მხარეს, ფერდობებზე, ვენახები და კოპწია სახლები შეფენილან. მდინარეზე ბონდის ხიდია გაჭიმული. მასზე გოგონები დგანან, მოშორებით მოთევზავე ბიჭებს უცქერენ და მხიარულად კისკისებენ. ბიჭები ტრუსების ამარა ჩამგდარან მდინარის ახლად დამშრალ ტოტში, კალმახებს ეძებენ და თან ბონდზე შემდგარი მოკლეკაბიანი გოგონებისკენ გაურბით მზერა. იქვე, ერთ მხარეს წისქვილია, წყლის შხეფებში გახვეული ბორბალი ციბრუტივით ტრიალებს. წისქვილიდან გამოსული მოხუცი ქალი ბონდზე შეაბიჯებს, მხარზე ფქვილიანი გუდა მოუგდია. ეტყობა, უჭირს ტარება. ორი გოგონა გაიქცევა მისკენ, გუდას ჩამოართმევენ, ხელებს ჩაჰკიდებენ და მოჰყავთ.

- თქვენ გაიხარეთ, შვილო, თქვენ გეღირსათ კაი ბედი, - ბუტბუტებს მოხუცი.

ბონდის ხიდი კი ოდნავ ირხევა და მზედაფენილ მდინარეს კვეთს მისი მოქანავე ჩრდილი.

ჯარისკაცის ერთი წუთი

1979 წელი, საბჭოეთი, რუსეთი, ფსკოვის ოლქის ტყეები. დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე დამიზნებული ატომურქობინებიანი სარაკეტო პოლკის მესამე დივიზიონის მეხუთე დანაყოფი, ანუ ბატარეა, ყაზარმაში მწყობრად ვდგავართ. ჩვენ წინ პოლკის მეთაური, ორმოცდაათიოდე წლის პოლკოვნიკი კალაშნიკოვი (საგულისხმო გვარია. არა?) დგას და გამომცდელი მზერით გვაკვირდება, მერე ყველა ჯარისკაცის წინ ჩერდება და რაღაც კითხვებს გვისვამს. ჩემამდეც მოაღწია, გამჭოლი, მკაცრი და მბურღავი მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებს.

- რიგითი ჩიღვინაძე, - ვამბობ მე.

- ვინ გყავს ოჯახში? - მეკითხება ის.

- მშობლები და ორი უფროსი ძმა.

- ძმები ჯარში მსახურობდნენ?

- დიახ, მსახურობდნენ.

- და მამა?

- მამა არა მარტო მსახურობდა, ის დიდი სამამულო ომის მონაწილეა! _ ვამბობ და მეც პირდაპირ თვალებში ვუყურებ, ამაყად, უშიშრად, თითქოს გამარჯვებული.

მამაჩემმა უნებურად ამ გოროზი, მკაცრი და ნახევარ ევროპაზე დამუქრებული ოფიცრის მაღლა დამაყენა (ისე ევროპასაც თვალი დადგომია, რას ამოვიჩემე).

პოლკოვნიკი მზერას დაბლა ხრის, სახე ლმობიერი უხდება, ოდნავ დაფიქრდება თითქოს და კმაყოფილი ამბობს:

- კარგია...

და შემდეგი ჯარისკაცის წინ გადადის...

ყაზარმის ფანჯრებში მრუმე, უმზეო, მოწყენილი ცა ჩანს, მის დაბლა რუსულ ტყეში ჩაკარგული ჩვენი სამხედრო ნაწილია.

ტყე აქაც მხიბლავს, თუმცა გულში სამშობლოს მონატრების უკიდეგანო განცდაა, მაგრამ მასთან ერთად იმხელა იმედია, რომ ყველაფერს ფარავს და დიდებული განწყობით ვხვდები ყოველ წუთს...

სად გაქრა ის იმედი, იქ, უცხოობაში რომ მათბობდა და ახლა მშობლიურ გარემოშიც აღარაა თითქმის?..

მოცვი

რუსეთი, ფსკოვის ოლქი. ტყეში განლაგებული სარაკეტო დივიზიონის ჯარისკაცებმა ოფიცრების მეთაურობით მორიგი წვრთნა გავიარეთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე ატომური ქობინების მატარებელი რაკეტის დასამიზნებლად მოწყობილ მოედანზე ვართ. საცავიდან სამოცდაათ მეტრამდე სიგრძის გიგანტური რაკეტა გამოვიყვანეთ და სხვადასხვა საწვავით გავაწყვეთ. მე მსხვილი მილი შევაერთე რაკეტის ფუძესთან და ავტოცისტერნიდან გარკვეული რაოდენობის მწვანე სითხე გავუშვი მის რეზერვუარში. ეს საოცარი სითხეა, თუ მის ცისტერნას სახურავს მოხსნი, მაღლა მწვანე ორთქლის სახით ამოდის...

მერე ვისვენებთ, ფიჭვნარში მოცვის ბუჩქებში დავბორიალობთ და მწიფე ნაყოფს ვკრეფთ.

- თქვენთანაც მოდის მოცვი? - მეკითხებიან რუსი ბიჭები.

- კი, მოდის, - ვეუბნები მე, - თან ორგვარი - ტყეში ამაზე მაღალი იზრდება, მთაში, სუბალპურ ზონაში, ძალიან დაბალი, გემო კი ორივეს საუკეთესო აქვს...

- თქვენთან ხომ მანდარინები, ფორთოხლები და ყურძენი მოდის? - უკვირს უკრაინელ დერევენკოს.

- ეგენი უმეტესად ბარში მოდის, მოცვი კი - მთაში, - ვპასუხობ მოკლედ.

ამ დროს ჩვენი მეთაური, უფროსი ლეიტენანტი კორჩაგინი გვიახლოვდება.

- რა კარგი მოცვია, - ღიმილით აგროვებს პეშვში, თან პატარა პარკს იღებს ჯიბიდან, - მინდა, გოგონას წავუღო.

- მოგეხმარებით მოგროვებაში, ამხანაგო მეთაურო, - ვეუბნებით და ყველა ვცდილობთ, მოცვით ავსებული პეშვები კორჩაგინის პატარა პარკში ამოვაპირქვაოთ.

- კარგი, კარგი, მეყოფა, თავად ჭამეთო, - ერიდება მეთაურს.

- რა ხნისაა თქვენი გოგონაო, - ღიმილით ეკითხება დერევენკო. თავად პატარა და ენატრება და ამის გამო ყველა გოგოს ამბავი აინტერესებს.

- ხუთი წლისააო, - ღიმილითვე პასუხობს კორჩაგინი და თითქმის სავსე პარკს თავს უკრავს.

- კიდევ მოვუკრეფთო, - ვერ ისვენებს დერევენკო, უნდა პატარასადმი სიყვარული როგორმე გამოხატოს.

- კარგი ბიჭი ხარ, დერევენკო, საკმარისიაო, - ხელს ხვევს მეთაური...

ყველა ღიმილით შევყურებთ მათ. ესენი, _ რუსები და უკრაინელები, უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენთან, ვფიქრობ მე...

რა სიამტბილობა იყო სხვადასხვა ხალხის წარმომადგენელებს შორის (თუმცა, რა ვიცი, რუსი და უკრაინელი სხვადასხვაა?) და ახლა როგორ ხოცავენ ერთმანეთს გადამთიელების საამებლად!..

და კიდევ: იქ, იმ მრისხანე იარაღის გვერდით მყოფ სხვადასხვა ხალხის შვილებს ათასჯერ უფრო თბილი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე დღეს, ამ სიძულვილით სავსე დროში, ერთი ერის წარმომადგენლებს გვაქვს...

ჰო, მაგალითი მოვიყვანე, საბჭოეთი კი არ მენატრება...

ჯარისკაცული ხილვები

რუსეთის თოვლიანი ზამთრის ღამეებში სიზმარად ნაცნობი გოგონები მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან და იქაურ მოწყენილობას მიმსუბუქებდნენ.

ერთხელ ღამით საქვაბეში თითქოს ვმორიგეობდი, სინამდვილეში კი არავის ვჭირდებოდი და ძალიან კი მეძინებოდა. იქ დასაძინებელი ადგილი არ იყო, გამოვედი გარეთ და იმ ყინვიან ღამეში ჩავუარე ხისგან აშენებულ გრძელ-გრძელ ყაზარმებს. ერთგან, სადაც სამეცადინო კლასები იყო განლაგებული, კარი მოვსინჯე, ღია გამოდგა. შევედი. შესასვლელშივე გათბობის მილები იყო კარგად გახურებული. იქვე წამოვწექი თბილად და ჩამეძინა. მესიზმრა, თითქოს მზიანი დღე იყო, ჩვენი ახლობელი გოგო-ბიჭები მოსულიყვნენ და სიცილით მესალმებოდნენ... დილით კმაყოფილმა გავიღვიძე, ავდექი, გარეთ გამოვიხედე. გათენებულიყო, გარინდებულ ნისლში თოვა იწყებოდა...

უფრო ადრე, სარაკეტო ბატარეაში ყოფნისას, მორიგეობის დროს, ღამით შესვენებისას ჩათვლემილმა, ისევ ვნახე ჩვენი ახლობელი ახალგაზრდები, რომლებიც ყინვით გათოშილი ფანჯრების იქით, ტყისპირას გაშლილი ვრცელი სავარჯოშო მინდვრის დასაწყისთან მოსულიყვნენ და მიღიმოდნენ. ასეთივე შემთხვევა მქონდა შტაბში მორიგეობისას...

ჰო, თუმცა არ იფიქროთ, რომ მარტო ძილსა და სიზმრებში ვატარებდი სამხედრო სამსახურს.

მახსოვს იქაური შემოდგომები - გადაყვითლებული ალვის ფოთლებით სავსე ბილიკები და ჩამოსაჯდომი ადგილები, სადაც უმეტესად ფრანგულში ვმეცადინეობდი (როცა დავბრუნდებოდი, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები უნდა ჩამებარებინა). ამის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა. ნაწილის უფროსიც მეკითხებოდა ხოლმე ღიმილით, გივი, დღეს ფრანგულში ხომ იმეცადინეო. მახსოვს ასევე ფრანგულის სამეცადინოდ მიგნებული მყუდრო ადგილი... ანუ ჯარში ყოფნისას ორ ენას ვეუფლებოდი _ რუსულს და ფრანგულს...

მახსოვს, მიწას რომ ვთხრიდით დაზიანებული მილის აღმოსაჩენად სარაკეტო დანადგარებისაკენ მიმავალ გათბობის ტრასაზე, იდუმალი ზამთარი იდგა და სამუშაოს დამთავრების მერე როგორ ვბრუნდებოდით იქიდან ოთხი ჯარისკაცი, პრპორჩიკისა და ოფიცრის თანხლებით...

ღამეული საბრძოლო ვარჯიშების შემდეგ, როცა ტყის სიღრმეში განლაგებული დანადგარების ახლოს ვისვენებდით, ასეთი ფიქრი ამეკვიატებოდა ხოლმე _ რა კარგი იქნებოდა, რომ ჩემთან ერთად ქართველები იყვნენ, ქართულ ჯარში ვმსახურობდეთ და ჩვენს მიწაზე ვისხდეთ... ეს რაღაც გაუცნობიერებლად ხდებოდა თითქოს, მაგრამ მართლა ვფიქრობდი ამაზე.

მიუხედავად უცხო ქვეყანაში ყოფნისა, არ მაგონდება ის წლები ცუდად, მხოლოდ ეგ იყო, რომ სამშობლო და ახლობლები მენატრებოდა...

ჰო, კიდევ მახსოვს იქაური ბიბლიოთეკა, საიდანაც წიგნები გამომქონდა, მთავარი ნუგეში ხომ კითხვა იყო ჩემთვის. იქაურ ტყეებში ხეტიალიც მართობდა ზოგჯერ. ძირითადად კი ოცნება იყო ჩემი სულის საგზალი და კიდევ, სამშობლოდან მოსული წერილები, უმეტესად დედაჩემის, რომ მწერდა ხოლმე, დღეებს ჯოხით მივსდევ, დრო რომ მალე გავიდეს და ჩამოხვიდეო...

დავიწყებისთვის განწირული თვითნაკეთი საბავშვო სათამაშოები

ჩემი ბავშვობის დროს სოფელში სათამაშოებს თვითონვე ვამზადებდით. საკმაოდ ბევრი სათამაშო გვქონდა და ყველა ჩვენი გემოვნებით გაკეთებული, ანუ ვისაც როგორი შეეძლო, ისეთს აკეთებდა. ეს სათამაშოები ჩვენს ბავშვობას უფრო შინაარსიანს ხდიდა და მათი დამზადება სახელოსნო ჩვევებსაც გვაძლევდა. მაგალითად, მცენარე დიდგულასაგან ვაკეთებდით სასროლებს - თოფიკალას და საჭყეპელას.

დიდგულა 3-7 მეტრის ხე-ბუჩია. ქართლში, კახეთსა და აჭარაში ეძახიან დუდგულას. ზემო იმერეთში - ხეკროს, გულყრუს, გულყუროს, ბრუყულოს. ქვემო იმერეთში - ანწლს, ლეჩხუმში - ხეღრუეს, ზემო რაჭაში - ხეყრუას, ოკრიბასა და ქვემო რაჭაში - ხრეკოლას, ხრიკოლას. გურიაში - ხელთოფას, თხიფსელას. აჭარაში - სართოფელას, ჭანეთში - კამპაა, ან კამპარა, სამეგრელოში - თახვანტია, თახვანტიაშ ჯა, ხინთობალაში ჯა, ინჭირაია, ჩვაჩვაბე, ჩიჩვაბი, გეყრუა, თვეფილა, თოფრა. სვანეთში - გეყრუ, თვეფილა, თოფრა (ალექსანდრე მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი, 1991). ამ სახელებითაც ვხდებით, რომ საქართველოს სხვადასხვა მხარეში (მაგალითად, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში) ამ ხისგან საბავშვო სათამაშო მზადდებოდა და ამ მოვლენას იმდენად ხანგრძლივი დრო ჰქონდა, რომ მის სახელშიდაც კი აისახა.

დიდგულას თეთრი გული სხვა ხეებთან შედარებით უფრო ფართო დიამეტრისაა. ფოთოლი ანწლს მიუგავს, ყვავილი თეთრი აქვს, ისხამს ანწლის მსგავსსავე ნაყოფს - წვრილ კენკრას, რომელიც დამწიფებისას მოიისფრო-მოშავო ფერს იღებს. იზრდება ტყეებში, ტენიან ადგილებზე. მის ყვავილს და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს A ვიტამინს. ნაყოფისგან ამზადებენ საღებავს, ზოგჯერ მიირთმევენ კიდეც.

ბავშვობისას მისგან სათამაშოებს ასე ვამზადებდით: ტყე-მინდვრად საქონლის სამწყემსად, სოკოზე თუ სხვა საქმეზე წასულები, სათამაშო თოფის ან თოფიკალას გასაკათებლადაც ვიცლიდით, მხოლოდ კარგი მჭრელო დანა უნდა გვქონოდა. მოვჭრიდით დიდგულას სწორ ამონაყარს. მოხერხებულად დავჯდებოდით ერთი ან დავსხდებოდით რამდენიმე ბავშვი _ ყველა თავისთვის აკეთებდა სასროლს.

- რა შვებით, ბიჭებო, თოფიკალებს აკეთებთ? - მოგვმართავდნენ ღიმილით უფროსები.

ჩვენც მშვიდად გავიღიმებდით და საქმეს ვაგრძელებდით. ეს საქმე ბიჭებს გვაინტერესებდა, თოფიკალას გოგონები არც აკეთებდმენ და არც ხმარობდნენ, უფრო მეტიც, მტრულად უყურებდნენ მის გაკეთებას, რადგან ამ უწყინარ, მაგრამ მცირედ გამაღიზიანებელ სასროლს მათზედაც ვცდიდით ზოგჯერ.

ჰო, გადავჭრიდით დიდგულას ამონაყარის ერთ მონაკვეთს ტოტების ადგილას, რომ მათ შუაში სხვა ტოტი აღარ ყოფილიყო. ეს იყო დაახლოებით 20-30 სანტიმეტრი სიგრძისა და 3-4 სანტიმეტრი დიამეტრის ჯოხი. შემდეგ წვეროსკენ გადავჭრიდით სახელურს, დაახლოებით 5-7 სანტიმეტრი სიგრძისას. დანარჩენ ტანს ვიყენებდით სასროლის ლულად. მისი შიდა ნაწილიდან გულის გამოსადევნად ვიღებდით წნელს მაგარი მერქნით. ამისთვის უმეტესად გამოსადეგია შინდანწლა, რომელიც პატარა ტანის ხეა, ჩვეულებრივი შინდის მსგავსი, მხოლოდ მისი ნაყოფი სწორედ დიდგულასა და ანწლის ნაყოფს წააგავს - წვრილ შავ კენკრას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ შინდანწლას წნელი გვჭირდებოდა, რომელსაც გავაცლიდით კანს და შევურჭობდით დიდგულას ლულას ტოტებთან გადაჭრის - წვრილი მხრიდან, რომ მისგან გული, თეთრი მასა გამოგვედევნა. მისი გამოდევნის შემდეგ ვასუფთავებდით კარგად. სატარეში ვარჭობდით ტოტებთან გადანაჭრელის საწინააღმდეგო მხრიდან ასეთივე წნელს შინდანწლასას მსხვილი თავით და კარგად ვამაგრებდით. ამ წნელის გარეთ დარჩენილი ნაწილი ლულაზე 3-5 მილიმეტრით მოკლე უნდა ყოფილიყო. მერე მას ხაოიან ქვაზე ვუქლითავდით წინა გადაჭრის ადგილს, რომ ფუნჯივით თავი გახდომოდა და შეგვყავდა ლულაში. თოფიკალა ანუ სათოფელა მზად იყო. უნდა მიგვექცია ყურადღება, რომ ფუნჯისმაგვარი თავი კარგად გაფაფუკებულიყო - მას ლულის დასაწყისიდან ბოლოსკენ შეკუმშული ჰაერი უნდა განედევნა.

სასროლად ვიყენებდით გარკვეული ბალახის (უმეტესად შალამანდილის, ზემო იმერულად _ ქურჩუმელას) ფოთლისგან დამრგვალებულ ბურთულას, ძახველის, შქერისა და ჭყორის (ბაძგის) მკვახე ნაყოფს. ყველაზე კარგია ძახველის ნაყოფი. მოსახმარადაც ადვილი იყო, ჩაიყრიდი ჯიბეში და როცა გინდოდა, გაისროდი. სროლა კი შემდეგნაირად ხდებოდა: ვდებდით ერთ ცალ ძახველს ლულაში, ისე რომ მჭიდროდ შეჭედილიყო, მერე ვაწვებოდით ტარით და გაგვყავდა ბოლომდე, სადაც ეს ცალი უნდა გაჩერებულიყო გარეთ გასვლამდე გაჭედილ მდგომარეობაში, შემდეგ სწრაფად მივადევნებდით მეორე ცალს, რომლის წინ სვლისას შეკუმშული ჰაერი ხმაურით, ბათქით გააგდებდა გარეთ პირველად შეყვანილ ბურთულას, შეგვეძლო დაგვეწია ტარი უკან, ისევ მივწოლილიყავით და წინ დარჩენილი ბურთულა, მეორეს ჩაუდებლად, შეკუმშული ჰაერით გაგვესროლა.

იგივე ხერხით ვამზადებდით საჭყეპელას მხოლოდ წინ ლულაში უნდა ჩაგვეჭედა წვრილი, დაახლოებით 7 მილიმეტრი სიგრძის მერქანი, რომელსაც შუაში დაახლოებით ერთი მილიმეტრი რადიუსის ნახვრეტს ვუკეთებდით, ამ ნაწილს ზემო იმერეთში ფსიტს ვეძახდით. ლულის წინა ნაწილს ვდებდით წყალში, ტარს უკან ვწევდით, რომ მოწყობილობას წყალი შეეტუმბა, შემდეგ წინ ვაწვებოდით და ვაჭყეპებდით, ვასხამდით. კარგ საჭყეპელას წყალი შეიძლება 30 მეტრომდე გაესხა. ამიტომ ვცდილობდით, მსხვილი და გრძელი ღეროსგან გაგვეკეთებინა. მისი ტარის წინა ნაწილს ფუნჯთან ძაფსაც ვახვევდით, რომ მიწოლისას წყალი უკან არ გადმოღვრილიყო.

თოფიკალას სროლის სიმძლავრე ისეთია, რომ ადამიანს მოხვედრისას შეიძლება მცირედ რაიმე ატკინოს, საჭყეპელა კი მხოლოდ გაწუწავს. მათ ძირითადად სახუმაროდ ვიყენებდით, ომობანას დროს, წუწაობისას, გოგონების გასაჯავრებლად და სხვა. ყოვლად შეუძლებელი იყო მისგან ჩიტი ან სხვა ფრინველი მოგეკლა, მწერსაც ვერ გაარტყამდი - არც გვქონდა რაიმეს მოკვლის სურვილი, უწყინარ თამაშს ვიყავით მიჩვეული. ახლა ამ სათამაშოებს აღარავინ აკეთებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ეთნოგრაფიის ერთი მცირე, მაგრამ ნიშანდობლივი ნიმუშია და მეტად დასანანია დასავიწყებლად.

წინაპართა სამკვიდროსთან

2002 წელს აღინიშნა აკაკი წერეთლის რაჭაში მოგზაურობის 90-ე წლისთავი. გაზეთ „რაეოს“ რედაქციიდანაც წავედით, მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენთან იყო გაზეთის მთავარი რედაქტორი ბონდო გაგნიძე, ისტორიკოს-ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე და კიდევ სხვა ძვირფასი ადამიანები. თითქმის მთელი კვირა ვიარეთ ჩვენი დიდი წინაპრის ნაკვალევზე. მანამდე მხოლოდ მრავალძალში ვიყავი რამდენჯერმე ნამყოფი, ახლა კი თითქმის მთელი რაჭა მოვიარე. ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო.

ჰოდა, მანქანით რომ მივდივართ ზემო რაჭის გზაზე, ერთ ადგილას თითქოს რაღაც მეცნო, თითქოს დიდი ხნის წინათ გამევლო აქ და ახლა უნებურად გამახსენდა, ანუ თითქოს რაღაც მშობლიურის უჩვეულო სიახლოვეს ვიგრძენი თავი. არადა იქ არასდროს გამევლო.

სწორედ მაშინ გაიხედა მარჯვნივ, ფანჯარაში, ცხონებულმა ლევან ფრუიძემ და თქვა, აქეთ ფარახეთიაო. ანუ ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტად მივუახლოვდი წინაპართა სამკვიდროს და სწორედ ამიტომ დამეუფლა ასეთი განცდა - თითქოს წინაპრის სულმა გაიღვიძა რამდენიმე წუთით ჩემში და მისი თვალებით ვიხედებოდი ირგვლივ.

მის მერე რაჭა ბევრჯერ მოვიარე, ფარახეთშიც ვიყავი რამდენჯერმე, დიდ სიყვარულს ვგრძნობდი წინაპართა ფუძისა თუ სალოცავის მიმართ, მაგრამ ისეთი რამ არასოდეს განმიცდია. პირველი მიახლოება წინაპართა სამკვიდროსთან სრულიად განსხვავებული იყო...

მადლი ფასკნარის პირას

ჭიათურისთვის წყლის მისაწოდებლად, ჩვენი პატარა მდინარის, ფასკნარის, შუა დინებაში ავზის მშენებლობა რომ დაიწყო, მისკენ განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა მიპყრობილი. შვეულმფრენი დაფრინავდა ჭიათურიდან და მას მოჰქონდა საშენი მასალები, მგონი მუშებიც მას დაჰყავდა. ვერტმფრენი ჩვენს სოფელზე, საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაზე, გადაიფრინდა ხოლმე. სამხრეთიდან გამოჩნდებოდა სოფლის ცაზე, მერე აღმოსავლეთით ქედს გაჰყვებოდა ჩრდილოეთის მხარეს, გადაუფრენდა მას და დაფრინდებოდა ფასკნარის პირას. ზოგჯერ ჭიათურისკენ მიმავალი ზემოდან დაჰყვებოდა ჩვენს სოფელს და სიგრძეზე გადაჭრიდა. ისიც მინახავს, რომ ნისლში გზა დაბნევია და ჩვენი სახლის სახურავს ძალიან მოახლოვებია...

ჩვენ იმაზე ვმსჯელობდით ხოლმე, ამ ჩვენს ანკარა, პატარა და კალმახით შემკულ მდინარეს სულ წაიყვანენ, თუ ნაწილს დაგვიტოვებენო. გვენანებოდა, რა თქმა უნდა, და რადგან ამხელა მნიშვნელობა მისცემოდა, რომ ახლომდებარე ქალაქი იღწვოდა მის წასაყვანად, უფრო ვაფასებდით.

იქ მომუშავე ადამიანები თავიდან უცხონი იყვნენ ჩვენთვის. მერე რამდენიმეს დავუახლოვდით - ერთი ტრაქტორისტი კაბინაში ჩაგვისვამდა ხოლმე, მთავარი ინჟინერი კეთილად გვესაუბრებოდა, ვიღაც მძღოლმა ჩვენი ბავშვებიდან სოკო იყიდა და სხვა.

მთის გასავალი ჰქვია იმ ადგილს, სადაც ავზი აშენდა, იქ ხიხათაზე, რაჭის ქედზე, მიმავალი გზა ჰკვეთს მდინარე ფასკნარას. ეს ადგილი ერთ დროს ჩემი ცხოვრების შუაგულად წარმომედგინა. წამოვიყვანდით დილით საქონელს, გამოვატარებდით ძოვით მინდვრებს, ტყეთა შორისებს, ტყის პირებს და შუადღემდე აქ ამოყვანილს შევდენიდით ვრცელ წიფლის ტყეში, ასე ვარიდებდით მკბენარ ბუზს, რომელიც ძოვას არ აცლიდა, საღამოს პირზე კი თვითონ გამოდიოდნენ იქიდან. მანამდე სწორედ მთიდან მომდინარე ფასკნარის პირას ვისხედით, უფრო სწორად ხნიერი მწყემსები ისხდნენ, ჩვენ, ბავშვები, ამავე მდინარეში ვთევზაობდით, ან, მისი ყინულივით ცივი წყლის მიუხედავად, მოზრდილ გუბეში ვცურაობდით, ან სოკოზე ვიყავით წასულები...

ავზები რომ აშენდა, მერე მილების ჩაყრა დაიწყეს იქედან ჭიათურამდე და იქ კარგა ხანს არავინ გამოჩენილა.

ერთხელ, ალბათ, უკვე წყლის გაშვების ბოლო საქმეებს რომ აგვარებდნენ, მუშების ჯგუფი მოსულიყო იმ ავზებთან...

საღამოვდებოდა, ჩვენ საქონელი გაშვებული გვყავდა სახლებისკენ, წყალსა და ტყეში ნახეტიალები სამი ბიჭი ამოვედით მდინარის კალაპოტიდან იმ ავზებთან. მოსულ მუშებს იქვე სუფრა გაეშალათ, სწორედ მდინარის ნაპირას და შემოსხდომოდნენ, შვიდიოდე კაცი იქნებოდა. მშივრებმა და დაღლილებმა მაინც მოვარიდეთ თვალი მათ სუფრას და რაც შეიძლებოდა, შორიდან ავუარეთ გვერდი. მოგვხედა მაშინ ერთმა კაცმა და მოგვაძახა, მოიცადეთ ბიძიაო. რაღაცის აღება დაიწყო სუფრიდან და მოვიდა ჩქარი ნაბიჯით ჩვენთან. დიდ, ფუმფულა, თეთრი პურის ნაჭრებზე ლორის ასევე მოზრდილი ნაჭრები დაედო და დაგვირიგა სამივეს. ჩვენ მორიდებით გამოვართვით, მადლობა გადავუხადეთ და რომ შებრუნდა, დავადექით ჩვენს გზას. მადლი ქნა იმ კაცმა. დიახ, ნამდვილად მადლი იყო მისგან მოწოდებული პური და ხორცი იმ წუთას ჩვენთვის, ჩანთები რომ ცარიელი გვქონდა უკვე და სახლამდე თითქმის საათნახევრის სავალი დაგვრჩენოდა. ამიტომ რომ გამახსენდება, ცხონებას ვუთვლი ყოველთვის... მდინარე ფასკნარის წყალი კი ისევ მიეწოდება ჭიათურას.

ბილიკი წიფლის ფუღუროსკენ

ტყე ჩემთვის სამოთხეა. იქ გატარებული ყოველი წუთი შინაარსიანი, სასარგებლო და დამამშვიდებელია. ბავშვობაში თუნდაც ნისლიან და წვიმიან ტყეებში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც თევზი - წყალში... ახლაც ხშირად დავხეტიალობ ჩემს ტყეებში, ვაკვირდები სიყვარულით იქაურობას, ვეძებ ტყის ბინადართა თავგადასავლებს, ვთხზავ მათთან შეხვედრის ამბებს, ვაგროვებ სოკოს, გარეულ ხილს, ფოთოლ-ბალახებს ჩაისთვის, ვიღებ ულამაზეს სურათებს და მერე სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები შინ. მზიან ამინდში უფრო მოსახერხებელია ასეთი ხეტიალი, თუმცა მე აქაური ყველა ამინდი მეძვირფასება. როცა ტყეში თავსხმა დაიწყება, თუ ახლოს ვარ, ერთი დიდი წიფლისაკენ გავემართები ჩქარი ნაბიჯით და შევეფარები მის მყუდრო ფუღუროში. წიფელი უზარმაზარია, შესაბამისად ფუღუროც დიდია, ფეხზე მდგომი კაცი გაიმართება და დაბლა, ხმელ ფოთლებზე, შეიძლება წამოწვე კიდეც. ჰოდა, როცა მის ფუღუროში ვარ, ზოგჯერ იმ წიფლად წარმოვიდგენ ხოლმე თავს, - თითქოს მკლავებგაშლილი ვდგავარ უკვე მესამე საუკუნე, წვერი ცაზე მაქვს მიბჯენილი, უკიდეგანო უღრანებს გავყურებ და ვფიქრობ წარსულსა თუ მომავალზე... მერე ჩამოვჯდები იქვე, ვწერ ტყეში ნახულსა და განცდილზე... ჰო, სხვადასხვა დროს ამ ფუღუროს ყველა ვიყენებთ - გარეული ცხოველები თუ ფრინველები, შინაური ცხოველები და ადამიანები...

ერთი ნათელმხილველის ამბავი

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცის დასაწყისში საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში ჩვენს მეზობლად ნათელმხილველი კაცი ლაზარე კუპატაძე ცხოვრობდა. ამბობდნენ, რომ სამი დღე ეძინა, მკვდარი ეგონათ, მერე გაიღვიძა და ბალახებიდან, რომლთა სახეობასაც საიდუმლოდ ინახავდა, ჭკუიდან გადასულის წამლის დამზადება დაიწყოო. თან მოაყოლებდნენ სხვადასხვა მაგალითებს, ასეთი და ასეთი ავადმყოფი მოარჩინაო. მათგან ერთი, მამაჩემის ნაამბობი, შთამბეჭდავი ამბავი დამამახსოვრდა განსაკუთრებით: რაჭიდან გადმოიყვანეს ბაწრით გაკოჭილი ერთი მაღალი კაცი, ძლივს აკავებდნენ, ყველასკენ ავად იწევდაო. მიუყვანეს ლაზარეს და იქნება გვიშველო რამეო, სთხოვეს. ზაფხული იყო თურმე, ლაზარემ ეზოში, კაკლის ჩრდილში, დააწვენინა შეშლილი, დიდი წვალებით, ხის სოლით გაუხსნეს კრიჭა და ჩაასხეს პირში წამალი. კაცი გაყუჩდა და იქვე ჩაეძინაო. თანმხლები კაცები სუფრასთან მიიწვია ლაზარემ და უთხრა, უნდა დავაცადოთ გამოძინებაო. შუადღიდან საღამომდე ეძინა თურმე. საღამოს გაიღვიძა კაცმა, მოისვა თვალებზე ხელი, მიიხედ-მოიხედა და იქვე ახლობლები რომ დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, სადა ვარ, მითხარითო _ აღარ ახსოვდა არც თავის სიგიჟე და არც ის, თუ როგორ გადმოიყვანეს მოხვაში. ახლობლებმა აუხსნეს ყველაფერი, მერე მკურნალს დიდი მადლიერებით დაემშვიდობნენ და დაადგნენ რაჭის გზას.

ესეც მამაჩემისგან გამიგონია: ლაზარეს თურმე პოლიციელმა მოაკითხა საჩხერიდან. ხალხს ატყუებ, წამლად რაღაცას ასაღებ და უნდა მოეშვა მაგ საქმესო. ლაზარეს უთქვამს, მე ხალხს სიკეთეს ვუკეთებ და კარგად გაარკვიეთ, ნუ დამიშლით ამ კეთილ საქმესო. შენ როგორ ხვდები ადამიანს რა აწუხებს? აპა, თუ ნათელმხილველი ხარ, მითხარი, ჯიბეში რა მიდევსო, უწყრებოდა თურმე პოლიციელი. გეტყვი, ბიძია, მაგრამ შეგრცხვებაო, გაუფრთხილებია და თან დამსწრე ხალხისთვის გადაუხედავს ლაზარეს.

მითხარი, მითხარიო, არ ეშვებოდა თურმე პოლიციელი. რახან არ მასვენებ, გეტყვი. ეგ რევოლვერი რომ გიდევს ბუდეში კი ვხედავ ისედაც, ჯიბეში კიდევ ერთი დაჭმუჭნული სამმანეთიანი და წვირიანი (ჭუჭყიანი) ცხვირსახოცი გიდევსო, მორიდებით უთქვამს ლაზარეს. პოლიციელი შეცბა თურმე, სიტყვის უთქმელად შეაბრუნა ცხენი და დაადგა საჩხერის გზას.

ლაზარეს ვაჟი არ ჰყავდა. შეშლილის სამკურნალო წამლის გაკეთების წესი ქალიშვილს, ჯუფარას, დაუტოვა, რომელზედაც რაჭველი ზურაბ დაუშვილი დაისიძა და ერთხანს წამალსაც ჯუფარას წამლის სახელით მოიხსენიებდნენ. თუ ვინმეს უჭკუობას ან რამე სისულელეს შეატყობდნენ მოხველები, ჯუფარას წამალი გჭირდებაო, ეტყოდნენ ღიმილით...

როგორც ჩანს, ლაზარეს თავისი დამზადებული წამლიდან ბევრი შემოსავალი არ ჰქონდა, ან არ იღებდა არაფერს. ისიც ჩვეულებრივი გლეხი იყო, როცა თავისი არ ჰყოფნიდა, ჯრუჭის მონასტრიდან იღებდა იჯარით ნაკვეთს ძმასთან, გარსევანთან, ერთად და გულმოდგინედ ამუშავებდა. ერთ მესამედ წილს მონასტერს აბარებდა, დანარჩენს კი თვითონ მოიხმარდა (საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1448, ს. 9494).

მოხვის წმინდა გიორგის ეკლესიის მეტრიკული წიგნების ჩანაწერებიდან: 1843 წელი, ჯვარდაწერილნი: ლაზარე დავითის ძე კუპატაძე და გლახუა მაჩაიძის ასული მარიამი. 1873 წელი, ჯვარდაწერილნი: პავლე დავითის ძე კუჭაშვილი და ანნა ლაზარეს ასულ კუპატაძეზე. 1880 წელი, ჯვარდაწერილნი: ზურაბ გრიგოლის ძე დაუშვილი და ჯუფარ ლაზარეს ასული კუპატაძე.1886 წელი, ჯვარდაწერილნი: გერმანე ტატოს ძე ქამუშაძე და დარუხანა ლაზარეს ასული კუპატაძე. ლაზარე გარდაცვლილა ღრმად მოხუცებული, 96 წლის, 1916 წელს (სცსა ფონდი 489).

მოგვიანებით ზურაბ დაუშვილის და ჯუფარა კუპატაძის შვილმა ლევანტიმ და მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს ლაზარეს საქმე და წამალს დღესაც აკეთებენ მისი მემკვიდრე დაუშვილები...

აი, კახეთი

კახეთში ვართ, დავით გარეჯში მივდივართ. ამ დიდებული მონასტრების მოლოცვის შემდეგ, რა თქმა უნდა, სუფრაც უნდა გავშალოთ. ღვინო კი მიგვაქვს, მაგრამ რადგან კახეთში ვართ, სურვილი გამოვთქვი, აქაური ღვინოც დავაგემოვნოთ-მეთქი. მეგობრებმაც მხარი ამიბეს და ერთ ოჯახში დავიძახეთ. ახალგაზრდა ქალბატონმა გამოგვხედა. ღვინო გვინდა ხუთიოდე ლიტრა და იქნებ მოგვყიდოთო, უთხრა ჩვენმა მეგობარმა, საფერავი თუ იქნება, უკეთესიაო, დაამატა მეორემ. კი, ბატონო, ახლავე გამოგიტანთო, შებრუნდა უცებ და მართლაც მაშინვე გამოგვიგიტანა ხუთ ლიტრიანი ჭურჭლით, მოგვაწოდა. აბა, რამდენი მოგართვათო, გავიკარით ყველამ ჯიბეზე ხელი. უი, არა, რას ამბობთო როგორ გეკადრებათო, გაეცინა ქალბატონს. ჩვენ არ დავიშალეთ, ამოვიღეთ და ვაწვდით ფულს. აჰ, არა, არაო, შებრუნდა და თითქმის სირბილით გაიქცა სახლისკენ, მაგაში ფულს როგორ გამოგართმევთ, გემრიელად მიირთვითო, მოგვაძახა ღიმილით. ჩვენ სახტად დავრჩით, რაღას ვიზამდით, წამოვიღეთ ღვინო, რომელიც მართლაც მშვენიერი გამოდგა.

ასეთი ხალხია კახელები...

ძველი სალოცავი

გერმანელი ჯარისკაცების ნასროლი ტყვიები ცხრილავდა მიტოვებულ ქოხს ტყის პირას, სადაც მან შეაფარა თავი. მაშინ ახსენა თავისი მხარის ძველი სალოცავი - ოღონდ გადამარჩინე და უღელ ხარს მოგიყვან, რომ დავბრუნდებიო... რადგან მთავარი სამიზნე ქოხი იყო, ტყისკენ გაღწევას ეცადა ხოხვით, მაგრამ შენიშნა მტერმა და სულ ახლოს აზუზუნდა ტყვიები, მოხვდა რამდენიმე მაგრამ ვერაფერს ვნებდა, კანსაც ვერ უკაწრავდა არც ისე შორიდან ნასროლი. ირწმუნა, ნამდვილად ჩემი სალოცავი მეხმარებაო... მერე მიყუჩდა მოწინააღმდეგის იარაღი, ალბათ მოკლულად ჩათვალეს და ესეც დაიძრა ტყისკენ, დააღწია თავი მტერს...

ბრძოლაში გაატარა კიდევ ორიოდე წელი და უვნებელი დაბრუნდა შინ. დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრება, შრომობდა, ქეიფობდა, მერე ცოლიც შეირთო, შვილები ეყოლათ _ მეტი საქმე გამოუჩნდა.

ხანდახან გაახსენდებოდა განსაცდელის ჟამს დადებული დანაპირები, გაჰკრავდა გულში, მაგრამ ხელს ჩაიქნევდა, ზოგჯერ ირონიითაც გაიღიმებდა - სადაა, ღმერთო, ასე უბრალოდ გასამეტებელი უღელი ხარიო.

ასე მიდიოდა ცხოვრება.

ერთხელ უკვე ხანში შესულს, საჩქარო საქმეზე მიმავალს, სწორედ იმ მთის სალოცავის ახლოს რომ უნდა გაევლო, ძლიერმა ტკივილმა დაუჩხვლიტა გული. არ შეეპუა, არ გაჩერდა, ძველი დანაპირები კი მოაგონდა - ხარების მიყვანა კი არა, ისედაც არ ასულა იქ, სანთელიც არ აუნთია... შემეწიე, მიშველე და სიბერეში მაინც შეგისრულებ დანაპირებსო, ისევ ახსენა ძველი ეკლესია, თუმცა თავადაც არ სჯეროდა თავისი დანაპირების და ესღა გაიფიქრა - გაჭირვებული კაცის იმედი ყოფილა ღმერთი და სალოცავიო.

ისევ მიეძალა აღმართს და საშინელმა ტკივილმა დაუსერა გული. სიმწრით ხელში შერჩენილი ჯოხი დაგრიხა, ძირს დაცემულმა მიწა მოფხოჭნა თითებით და ხეებს შორის მოკამკამე ცას მიაყინა მზერა... მერე უკვე თავისუფალმა სულმა ლივლივით გადაიარა ქედი და იმ ძველი სალოცავის კედლებს მონანიებით შეფრქვეულმა შვებით მიმართა ზეცას.

ქორწილი თუ საქმე

ბიძაჩემი ვარდენი მიყვებოდა: სახლში რაღაც მქონდა გამოსაშენებელი და ჩვენი ოთარის მოხმარება გადავწყვიტე. კაი ხელმარჯვე იყო, გაგეგონება შენც. ერთი დღის საქმე არც იყო და სისხამ დილით არ შემიწუხებია არც თავი და არც ის, ცოტა მოგვიანებით მივაკითხე. მივუახლოვდი ჭიშკარს და ვხედავ, საგარეოდ ჩაცმულები გამოვიდნენ ეზოში ის და მისი ცოლი. ეჰ, მივხვდი, დამაგვიანდა, სტუმრად მიდიან-მეთქი. აღარც მინდოდა, მეთქვა რამე, უკან გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ მომკრეს თვალი და მომაძახა, ჩემთან ხომ არ მოდიოდიო. რაღას ვიზამდი, მივუახლოვდი, მივესალმე და ვუთხარი, კი შენთან მოვდიოდი, პატარა საქმე მქონდა, მაგრამ გეტყობათ, რომ სტუმრად მიდიხართ და კარგი დრო გაატარეთ, სხვა ვინმეს მოვიხმარ-მეთქი. კი, ქორწილში მივდივართ, გარე ბიძაშვილის გოგო თხოვდება, მარა მითხარი, რა საქმე გქონდაო. რაღა აზრი ჰქონდა თქმას, მაგრამ რატომ დავუმალავდი? ვუთხარი, პატარა რამე მაქვს სახლში გამოსაშებებელი-მეთქი. არც დაფიქრებულა, ისე მითხრა, _ ოჰ, მერე მაგის დარდი გაქვსო? ჯერ საქმე უნდა გაკეთდეს, ქორწილი უჩემოდაც კარგად ჩაივლისო. მიუბრუნდა ცოლს და უთხრა, შენ წახვალ ქორწილში, საჩუქარი კი გიჭირავს ხელში, მე კიდე ამ კაცს საქმეს გავუკეთებო. კარგიო, ცეკვა-თამაშით მაინც არ მოიკლავდი თავს ქორწილში და აჯობებს საქმე გააკეთოო, უთხრა ცოლმა ღიმილით.

შებრუნდა ეს სახლში, გამოიცვალა ტანსაცმელი და გამომყვა. დავიწყეთ შენება, მეც ვეხმარებოდი. სადილზე დიდხანს არ გაგვიჩერდა სუფრაზე, მოვრჩეთ ბარემ საქმესო. საღამოს დავამთავრეთ. კარგი ნახელავი გამოვიდა. დედაჩემმა კიდევ ბევრი რამე შეამატა სუფრას. სახლიკაციც მოვიდა ამ დროს ტყიდან, დავსხედით და კაი გვარიანი ქეიფი გავჭიმეთ თითქმის თორმეტ საათამდე.

დიდი მადლობით გავაცილეთ. თუმცა მადლობა აქეთ მითხრა - შენ აგაშენა ღმერთმა, ასე კარგად ქორწილში ვერ მოვილხენდი, ხომ იცი, სუფრა შრომის შემდეგ უფრო ტკბილია. თუ როდესმე ხელოსანი დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, შემატყობინეო...

ავი თვალისგან დამცავი რიტუალები

ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში თვალნაცემის შელოცვა რომ არსებობს, ბევრს გეცოდინებათ. სწამთ ავი თვალისგან მიყენებული ვნება და სწორედ მისგან დასაცავად შეიქმნა შელოცვა და სხვა საშუალებები. ავი თვალის მავნეობაზე მრავალი გადმოცემა გაგვიგონია, ასეთი ამბები მოთხრობილია ლიტერატურაში, მხატვრულ თუ დოკუმენტურ ნაწარმოებებში. ამ შემთხვევაში, პირველად აკაკი წერეთლის `ჩემი თავგადასავალი~ მაგონდება, _ ხითხითა აკაკი სასახლეში რომ მიიყვანა ძიძამ, არც გაუღიმია. ამიტომ თვალნაცემი ჰგონიათ და უკან გაბრუნებისას ძიძა მკითხავს გამოალოცვინებს, ღინჭილას და მწარე ბალს შეაბამენ ყელზე და კიდევაც მოვა ხასიათზე პატარა აკაკი...

ავი თვალისგან ვნებაზე ბავშვობაში გაგონილი ამბებიდან რამდენიმე მაგონდება, აი, თუნდაც ეს: ერთი კაცი ყოფილა, ისეთი თვალი ჰქონია, თუ უნდოდა, შეხედავდა და ჩიტს ჩამოაგდებდა ციდან ან ტოტიდან. ერთხელ მისი გამოცდა მოინდომეს თურმე და უთხრეს, ეგერ, ხომ ხედავ, გაღმა რომ კაცი ხარებით ხნავს? _ მაგ ხარებს თუ გააჩერებო? ავი თვალის კაცს უთქვამს, არა მარტო გავაჩერებ, ძირს დავცემ ორივე ხარსო. მართლაც, დაუწყო ცქერა და ერთ წუთში გააჩერა ხარები, უჯავრდება თურმე პატრონი, სცემს სახრეს, მაგრამ ვერ სძრავს ადგილიდან. კიდევ უცქერს ეს კაცი, უნდა რომ წააქციოს ხარები, მაგრამ ვერ ახერხებს. თქვა მერე თურმე, მაგ ხარებს ან მწარე ბალი ექნებათ ყელზე შებმული ან უღელს ექნება მწარე ბლის გვერგვი წამოცმულიო. მოაცილა თვალი თურმე და დაიძრნენ ხარები, გააგრძელა კაცმა ხვნა. გაცვივდნენ თურმე ბიჭები მხვნელთან გაღმა, ნახეს რომ მართლაც მწარე ბლის გვერგვი ჰქონდა წამოცმული უღელზე.

აი, როგორ დამცავად მიაჩნიათ მწარე ბალი ავი თვალისგან. დიდ ხუთშაბათს ოჯახიდან ერთი მამაკაცი ტყეში უნდა წასულიყო უბრად და ბალამწარას ტოტები მოეტანა. ამ მწარე ბლის ტოტებიანი სარისგან ოჯახის უფროსი გააკეთებდა ჯვარედინ გვერგვს _ მწარე ბლის ხის ორ-ორ შტოს ერთმანეთზე გადააჭდობდა მრგვალად და ეზოს ან ვენახის ჭიშკრთან, ღობესთან დაარჭობდა ან დაამაგრებდა, რათა მომხვდურის ავ თვალს არ ევნო ოჯახისათვის ან ვენახისათვის. მწარე ბალი ყველაფრის დამცველი იყო. არჩევდნენ ჭრელ, მოთეთრო კანიან ტოტებს. მის პატარა ნაჭერს ცალ თავს გაუხვრეტდნენ, ლამაზად მოუთლიდნენ ორივე მხარეს და აკვანზე დაჰკიდებდნენ - ასე მწარე ბალი ავი თვალისაგან იცავდა ჩვილ ბავშვს. მისი წნელის გვერგვს უღელზებ წამოაცვამდნენ ხარების დასაცავად, ხოლო მისგან გაკეთებულ ჯვარს გლეხის ეზოში მდგარ ყველა შენობას (ნამშრალს) წინიდან დააკრავდნენ, რათა ავ თვალს არაფრისთვის ევნო.

მრავალძალში

მრავალძალში ვარ. მოვილოცე ძვირფასი სალოცავი, ტაძრიდან გამოსულმა ეზო მოვიარე, კედლებზე ნაცნობ წარწერებსა და ბარელიეფებს მოვავლე თვალი. ბოლოს ქედებს გავხედე ყველა მხარეს, ფოტოები გადავიღე და მოკრძალებით დავემშვიდობე იქაურობას. როცა სოფლისკენ ჩამოვდიოდი, სიმღერის ჰანგი მოიტანა ნიავმა: „თვალები რომ მომანათე, თითქოს ცაში ცისკარია“... წარსულის შორეულ სანახებში დამაბრუნა ამ სიტყვებმა, მერე უნებურად თვალი გამოვაყოლე გამოვლილ გზას იმერეთიდან რაჭამდე, ჩემს იდუმალ ტყეებსა და ხიხათაზე გამავალი ასე რომ მხიბლავს, ყველაზე მშობლიურ გზად რომ მიმაჩნია... „თითქოს გულზე მაბიჯებდე, გრძნობა ისე მომრევია“, - დედაჩემი, მამაჩემი და ბიძაჩემები მღეროდნენ ხოლმე ამ სიმღერას. რამდენი ხანია, აღარ მომისმენია და აქ როგორ წამომეწია, ამ ძვირფას ადგილას. მოვდივარ დიდი სალოცავიდან ძალამოცემული და ეს სიმღერა თითქოს ფრთებსაც მასხამს. „მუდამ შენ მაგონდები, მოდი დაგელოდები“. მართლაც რამდენი კარგი რამ მაგონდება... თუმცა ბოლოს ისიც მაგონდება, რომ ახლა ზაფხულია, გამოცოცხლებულია სოფელი, მერე შემოდგომა ააყვითლებს აქაურობას და დადგება მთის სიჩუმე, გაუკაცრიელდება ეზოები, გზები, ეს ფერდობები. ვინღა იმღერებს, ვინღა მოისმენს ან თუნდაც თვალს ვინ შეავლებს ამ სილამაზეს?!