
ლექსები
ვესობრუნული ლოცვა
გავიგე კაცობრიობის უდიდესი საკვირველება:
რომ არც მიწა იყო, არც ცა მაღლა,
არც ხე, არც მთა,
არც-ერთი ვარსკვლავი არ კიაფობდა ცაზე, არც მზე ანათებდა,
არც მთვარე კრთოდა, არც დიდებული ზღვა ბრწყინავდა.
როცა არაფერს ჰქონდა საწყისი და მიჯნა —
იყო ერთადერთი - ყოვლისშემძლე ღმერთი,
ყველა არსებას შორის ყველაზე მადლმოსილი
და ბევრი მასთან ერთად —
კეთილი სულები.
მერსებურგულური შელოცვა
ერთხელ დასხდნენ იდისები,
სადაც ომი იყო გამძვინვარებული.
ზოგმა შეიპყრო მეომრები,
ზოგმა ჯარისკაცებს წინააღმდეგობა გაუწია,
ზოგიც კი გაათავისუფლა - ხელბორკილდადებული ტყვეები.
ყველა გაათავისუფლეს,
რომ ომში გამარჯვებულნი გამოსულიყვნენ!
ფოლი და ვოტანი ახოშო რომ შევიდნენ,
ბალდერის კვიცს ფეხი დაეჭიმა,
თქვა ზინტგუნტ – სუნას დამ,
ფრიამ – ფოლიას დამ
ვოტანმა:
ფეხის დაჭიმვას, სისხლის ჩაქცევას,
სასხრების დაჭიმვას ეშველება, თუ
ფეხს ფეხზე, სისხლს სისხლზე,
სახსარს სახსარზე მივაწებებთ!
სტრასბურგის ფიცი
ღმერთის სახელით, ამ ქრისტიანული ერისა და ჩვენი ლოცვის ხსნისათვის, ამ დღიდან მოყოლებული, ვიდრე ღმერთი მადლს მომანიჭებს, რომ სურვილიც მქონდეს და ძალაც, ამ ჩემს ძმას ისე მოვეპყრობი, როგორც მართალ ძმას ევალება თავისი ძმისადმი. ისიც იგივე წესით უნდა მოიქცეს ჩემს მიმართ. ასევე, არ უნდა დაესწროს არც ერთი საქმის განხილვას ლუთერთან ერთად, თუკი ის ჩემი ნების წინააღმდეგ იქნება და ზიანს მომაყენებს.
თუ კარლმა შეასრულა ის ფიცი, რომელიც თავის ძმას, ლუდვიგს დაუდო, ხოლო ლუდვიგმა — რომელიც ჩემი ბატონია — დაარღვია ის ფიცი, რაც კარლს მისცა, მაშინ, თუკი მე თავად ვერ შევძელი ამ დარღვევის აღკვეთა, არც მე და არც სხვა ვინმე იმათგან, ვისაც ამის შეჩერება ძალუძს, არ უნდა დავუჭიროთ მხარი ლუდვიგს კარლის წინააღმდეგ.
პეტრეს სიმღერა
ჩვენმა უფალმა მიანიჭა
წმინდა პეტრეს დიდი ძალა,
რომ იხსნას იგი, ვინც რწმენით
მიეახლება მას და ელის ხსნას.
კირიე ელეისონ, ქრისტე ელეისონ!
მან სიტყვით მისცა მას ხელმწიფება —
ცათა სასუფევლის საკარედ,
რომ შეიყვანოს იგი, ვისაც
შველა უნდა და ხსნა სწადია.
კირიე ელეისონ, ქრისტე ელეისონ!
ვთხოვოთ ღვთის რჩეულს ერთად,
ერთხმად, სულითა და ხმით:
ჩვენ, გზადაკარგულნი, უღირსნი,
მოგვანიჭოს მადლი ცხონებისა.
კირიე ელეისონ, ქრისტე ელეისონ!
ჰაინრიხ ფონ ვალდეკე
სიყვარულმა დაამარცხა სოლომონი (ბიბლიური მეფე სოლომონი იგულისხმება),
რომელიც ყველაზე ბრძენი ადამიანი იყო
და მეფის გვირგვინი თავზე ეფარა.
საწინააღმდეგოდ, რა უნდა გავაკეთო,
მთელი ძალით რომ შემომიტევს,
როდესაც ასეთი ბრძენი და ძლიერი ადამიანი
დაამარცხა?
იმედია ამ გრძნობისგან რაიმე ძღვენს მივიღებ.
დიტმარ ფონ აისტი(1136-1170)
1
როგორ შეიძლება ჩემი გული მოვათვინიერო,
როცა ერთი ქალბატონი ტკივილს მაყენებს?
დიდხანს ვემსახურებოდი,
როგორც მას სურდა.
ახლა მას ჩემი ჭმუნვა არ აინტერესებს,
რადგან მისთვის სულერთი ვარ.
2
გული იქ მივიდა, სადაც ყოველთვის ისწრაფვოდა
და შიგ სიყვარული ჩამეღვარა.
როგორც გემი მესაჭეს,
ისე ვიქეცი ქვეშევრდომად.
როდესაც ზღვა სრულიად დამშვიდდა,
მან გაუგებარი მიზეზის გამო ზურგი მაქცია.
3
ქალმა თქვა:
ძალიან ბევრი გამიგია ამ დიდებულ რაინდზე,
მან ისე შემაყვარა თავი, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და
ვერასდროს დავივიწყებ!
ყველა სხვა მამაკაცზე უარს ვიტყვი, რადგან მისი ერთგული ვარ.
მისით აღტაცებული ვარ!
ვალთერ ფონ დერ ფოგელვეიდე
....................
1
მე შენ მიყვარხარ, მაგრამ
შენ თუ ფიქრობ ჩემზე არ ვიცი.
ერთი რამ მაწუხებს:
ერთს შემომხედავ და შემდეგ სხვისკენ იყურები.
ეს აღარ ჰქნა!
ვერ გადავიტან,
სიყვარული ასე სატანჯველად არ მინდა რომ მექცეს,
დამეხმარე რომ გავუძლო, ისედაც მძიმე ტვირთი მაწევს.
2
შენივე უსაფრთხოებისთვის საჭიროა,
რომ თვალში ნაკლებად გხვდებოდე?
აღარ დაგანახებ ჩემ პირი-სახეს
და ჩემ ფეხებს უყურე.
მარტო ეს თუ შეგიძლია, შენგან მოწყალება იქნება.
3
როდესაც სხვებს შევყურებ,
ვინც უნდა მომეწონოს,
მაინც შენკენ მომიწევს გული დედოფალო,
ეს ჩემდა უნებურად ხდება.
ალბათ ისინი გჯობიან, მაგრამ ჩემთვის
ყველაზე მაღლა დგახარ.
4
დედოფალო იფიქრე იმაზე
შენთვის თუ წარმოვადგენ რამეს!
სიყვარული არ არის საამური და
ძვირფასი, როდესაც ცალმხრივია;
ორმხრივი უნდა იყოს.
ისე ორმხრივი, რომ
მიჯნურების გულებში შეჭრილი გრძნობა
სხვას აღარ მისწვდეს.
იმპერატორი ჰაინრიხ მეექვსე
1
უძვირფასესო
შენ მასწავლე სიყვარული
და ახლა აქედან შორს მიდიხარ
უკან მალე არ დაბრუნდები.
2
ჩემი სხეული ჭკნება
და ჩემი დაკარგული ცხოვრება
რას მომცემს?
თქვა შეყვარებულმა ქალმა.
3
იხარე თანამეცხედრევ
იმიტომ რომ მე შენთან ვარ!
შენ მე მარწმუნებ
რომ ჩემი მიჯნური ხარ,
როგორც ძვირფასი ქვების ფასი იმატებს
ოქროში ჩასმისას.
თარგმნა გიორგი ვარამაშვილმა
კარლ ერნისტ კნოდტი
ღამე
ვუსმენ ცხოვრებას:
ღამე არის მშვიდი, მთვარე ამოვიდა,
ასევე ვიგრძენი დიდი ლტოლვა,
რომელიც ზღვისკენ არის მიმართული.
ეს ზღვა მარადისობის ზღვა არის
და მისი დინება ძლიერია.
ის მარტოსულად ტალღებში ათამაშებს
იმას, რაც სიჩუმის ოკეანიდან ამოზრდილია.
გერმანულიდან თარგმნა გიორგი ვარამაშვილმა.
მხოლოდ ადამიანი
ისე ვინ იტანჯება, როგორც ადამიანი იტანჯება?
არც ცხოველმა, არც ანგელოზმა არ იცის მსგავსი გაჭირვება.
მას ორივე ებრძვის:
როგორც სხეული, ანგელოზი, როგორც ცხოველი -ღმერთი!
სერაფიმებიც იტანჯებიან,
თუმცა ისინი მარტო ღვთის გამო;
ადამიანი კი ტკივილს გრძნობს ორივე მხრიდან:
როგორც ცაში, ასევე ჯოჯოხეთში.
მდუმარე ბაღი
ჩემ პატარა ბაღში
მზე ძირს დევს, როგორც ხაფანგით დაჭერილი.
აქ ათასი სასწაულის წყალობით
დიდი სიხარული მელოდება.
მე სამყაროს გარედან ვგრძნობ,
შიგნით არაფერი არ არის -
ყველა ქარიშხალი დავაწყნარე,
რომელიც გულს მიფორიაქებდა.
ჩემ ბაღში მაღლა ცაზე
მხოლოდ მთვარეს და ვარსკვლავებს ვხედავ;
მე შემიძლია შორს
ოქროს გზებით ვიარო.
სურვილი
რას ვისურვებდი?
ყოველცისმარე მქონოდა გული მზით და შაშვის გალობით სავსე.
გზა_ვარდფენილი
და არ მაკლდეს შემწეობა ღვთისა და კაცის.
მდელო_ ხასხასა, ტყე _უდაბური,
სიმღერები და ვნებები_ მძაფრი.
არ მოჰკლებოდეს სულს ამომავალ მზის სხივთა მღერა,
ხოლო საღამოს_მდუმარე ცეკვა ვარსკვლავთა ხომლის.
სიკვდილის წინ კი ფრთებს ვისურვებ, რათა მზეს მივწვდე.
სხვა არაფერი არ მინდა,არ მსურს.
საღამოს
საღამოს დარდით დატანჯული გული ატირდა.
ვინატრე ძილში,გამქრალიყო ჩემი ტკივილი.
დილით დიდებულ განწყობაზე გამომეღვიძა:
ძილში სიმღერამ მოიცვა გული.
ტყის იდუმალება
მარტოკამ უნდა ისეირნო ტყეში ყოველთვის,
რადგან ტყეს მხოლოდ ის თუ ხედავს,ვინაც მარტოა.
თუ სხვასთან ერთად მიაშურებ,
გაიპარება და თან წაიღებს სულს_სიმღერას,
დიდ საიდუმლოს ბნელ ქვაბულში დამალავს სადმე.
მხოლოდ ხეები იდგებიან უწინდებურად.
ტყეში
ტყეში სული ბინადრობს —
უფრო მეტად ხმამაღლა ილაპარაკე,
ვიდრე ნებისმიერ ადამიანთან
და ორ ადამიანად იგრძნობ თავს.
ტყეში ლტოლვა სახლობს —
ჩუმად მოუსმინე,
ვიდრე სადმე სხვაგან ყოფილხარ
და მარტოობას იგრძნობ.
ჩემი სიმშვიდე
არაფერი არ მსიამოვნებს ამ ქვეყნად,
ტყის გარდა. ის არის ჩემი ბედნიერება.
როდესაც აქ მოვედი პირველად,
ის, როგორც ჩემი საცოლე, შემიყვარდა.
იქ მე სხვა ადამიანი არ მინახავს
და არც მსურს, რომ ვნახო.
მე ტყეს ვესაუბრები, ის მე მესაუბრება
და ჩემი სული დამშვიდებულია
გამოფხიზლებული ქვა
ნუთუ არ გრძნობ, რომ ქვაშიც არის
სიცოცხლე დამწყვდეული,
მომავალი შემოქმედის მომლოდინე,
რომელიც მას ბოლოს და ბოლოს გაათავისუფლებს.
ბავშვები მძინარე ქვას
გვერდზე ჩაუვლიან
და შესაძლებელია, რომ რომელიმემ სიჩუმეში
რაღაც ყვირილის მსგავსი გაიგონოს.
ის ამ ყვირილს ყოველთვის მოისმენს და
არასოდეს არ დაავიწყდება,
მანამ, სანამ ღმერთი მის სულში
ხელოვანს არ გააღვიძებს.
რისთვის?
ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ
გადაწყვეტილებას იღებს,
რისთვის ცხოვრობს _
ხმაურისთვის თუ სიწყნარისთვის?
დიდი ხანია ვუსმენ ვარსკვლავების სიმღერას -
სფერულ მელოდიას
და ღამე სულში მიძვრება.
სწორედ ამიტომ მაქვს მთელი დღე მშვიდობიანი.
ერთი
ჩვენ ყველა ერთნი ვართ: ადამიანი, ნივთი, ოცნება,
ქვა, ვარსკვლავი, ქარიშხალი, ყვავილი და ხე.
ყველგან ცხოვრობს ერთი, მარადიული შემოქმედებითი სული,
ვისაც მტვრიდან გამოვყავართ და მაღლა ავყავართ,
მანამ, სანამ ამქვეყნიური არსებები
ანგელოზებად არ ვიქცევით და არ გავღმერთდებით.
ვარსკვლავი ჩამოვარდა
ვარსკვლავი ჩამოვარდა
უკუნ სიბნელეში
და შორს, ცაზე
მბრწყინავი ბზარი გაჩნდა.
მე იქით გავიხედე,
ეს რა ბრწყინავს?-
მიმზიდველ ნათელს ვხედავ,
ჩემი ბავშვობის სახლიდან.
წმინდა ჰაერი
მხოლოდ წმინდა ჰაერს
ვეძებ!
სხვა დანარჩენი
ჩემთვის წყევლაა.
მხოლოდ წმინდა,
სპეტაკ ჰაერში
მართალი და თავისუფალი
სულები ბანაობენ
ორი ბარკი
დღეს ჩემი მონატრების ბარკი
შენი სულის საძებნად წამოვიდა
და თეთრი ანძით
ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს გაცურა.
ის, თითქოს გვირგვინოსანი
პატარძალია,
რომელთან სასიძო მივიდა
და ორივემ ჩუმად გაცურეს ხმელეთისკენ.
სულის სიმღერა
ეს არის არსებობის სურვილი, რისიც ამ სამყაროში ყველას და ყველაფერს წყურია
შოპენჰაუერი
სამყაროში არაფერი არის უტყვი,
რაც ღვთის მიერ არის შექმნილი.
თუნდაც ეს იყოს მცირე,
ყველაფერში მღერის სული.
დილის აისის და საღამოს დაისის დროს,
ტყეში და ნისლში
ყველაფერი იწყებს საუბარს, მხოლოდ პოეტები თუ გაიგებენ.
ვარსკვლავიდან ქვემოთ, საფლავის ჩათვლით,
ყველა უსულო საგანს სულიერება სწყურია
და სწორედ ამიტომ,
ბალახიდან ადამიანის ჩათვლით,
ყველას შეუძლია ბგერების გამოცემა,
თუმცა ქვა ყველასგან გამორჩეულია.
დილას
ღამის ზმანებებში ვარ,
დღე ვერ მოდის ჩემთან,
ზმანებაში ფუფუნებაში ვარ,
ისე, როგორც მე მომწონს.
ამ დროს თითქოს სხეული ისვენებს,
როგორც ვარდებში
ღამის ცვარი
და ეს ყველაფერი ლოცვაა.
არ გეტყვი
არ გეტყვი
არასდროს,
რაც ტკბობას მანიჭებს სულში
და ტკივილს — უსახელოდ დარჩება,
ორივე ჩემში გაიზარდა.
არ დაგიძახებ არც დღისით,
თუ თავად არ იგრძნობ ამას.
ვიცი: მე თუ რამეს ვიტყვი,
თუნდაც მცირეს,
ის მაშინვე გაცივდება.
სოფელში — უკანასკნელი სახლი
სოფელში — უკანასკნელი სახლი
ზღაპრულ სურათად მეჩვენება.
აქ მიყვარს მე გარეთ გაპარვა,
მთვარიან ღამით.
და ყოველ ჯერზე შეძრწუნებული ვხედავდი, რომ
აქ მთავრდება სამყარო,
მაგრამ მერე გზა გრძელდება და ადის
ზევით, ცაში - ღმერთის კარავში.
იქ ღმერთი ცხოვრობს,
ანგელოზებთან ერთად;
იქიდან ყველაზე კარგად მოჩანს
ვერცხლისფერი მთვარე.
ნეტავ, ამ სახლში
ვინ ცხოვრობს?
აქედან, სადამდეც შემიძლია,
ფართო ველებს გავქცერი.
იქ, სადაც ბნელი ტყეები დგას
და მათ შიგნით,
ციცაბო გზებით,
ჩემს ვარსკვლავთან ავდივარ.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



