მოკვდა ეს ვირიშვილი და დამტოვა ეგრე გაბეცებული. მე მკვდრად არა ვთვლი და ვირიშვილი იმიტომა ვთქვი. მივდივარ, ჩამოვუჯდები საფლავზე და სანამ ნამი არ დამადებს, ჰამლესთან ვზივარ. ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით. გულის კარის გასაღები ყველას არ უნდა ჩაუგდო ხელში. უჩიჩხვირებენ, უჩიჩხვირებენ, გაღება უნდათ, სხვის სულსა და გულში ფათური ყველაზე დიდი ცოდვაა.

მღვდელი ამდენ აღსარებას როგორ უძლებს? რაღაცეებს უმალავენ, ალბათ, ბოლომდე არ ეუბნებიან, თორე როგორ უნდა გაუძლოს კაცმა?! ან ცნობისმოყვარეობა გაძლებინებს, მაგ დროს იმის სულზე შეიძლება არც ფიქრობდეს, ვინ ვისთან იკოტრიალა, ვინ ვისთან იყო, ერიჰაა!

ჰამლე ოთხი თვეა მოკვდა, კიდე ვერ ვიჯერებ. აეგრე, უცბათ მოკვდა, სიკვდილზე არც არასდროს უფიქრია. ახლა არა თქვათ, ეგ როგორაო, ეგრე იყო, მართლა, იმის ფიქრებიც კი ვიცოდი, ძმაკაცობა ეგ არი. ძმაკაცობაში თუ რაიმე დაიმალა, იქ მთავრდება. ის ან არსებობს, ან არა. შეფუთვა გასაყიდ ნივთს უხდება და არა კაცობას. ეკიდა სიკვდილი ჰამლეს, იმ კვახივით გასახეთქს, ახლაც ვლანძღავ, სულ ეგრე ვარ მიჩვეული და რაღაცნაირად გულს ვიმშვიდებ ხოლმე. ცხოვრება ყველასთვის რთულია, გლეხი რაა და ბატონი.

ჰამლესნაირი ალალი და კაცური კაცი თუ აღმოაჩინე, მიდი, მოვდივარ, გაგიბედნიერდება ცხოვრება. ეგრეა, ადამიანები გიბედნიერებენ წუთისოფლის გზას, ყვავილებივით ჩნდებიან გზადაგზა, ეს რო არა, ძეძვებში მოგიწევს ძრომიალი. რა სიკვდილი, რის სიკვდილი, მაგაზე უდარდელა კაცი, მეორე არ შემხვედრია, რა დაგეგმვა, რის ხვალინდელი დღე, რაც ჰქონდა, ჭამდა და სვამდა. ბევრჯერ ჩამხედავდა ხოლმე შეშინებულ თვალებში და დამცინებდა ის ჩათლახი. ახლა რო გაყუჩებული წევს მიწაში.

დაჩმორებულ კაცზე საშინელი და საცოდავი არავინ არი. ცხოვრებამ თუ ერთი დაგაშინა, ეგ შიში იყო ჩემს თვალებში და ამ შიშზე დამცინოდა, და მართალიც იყო. გადაახვიე შენი ცხოვრება ათი წლის წინ და მიხვდები, რო შენ წუთისოფელს გამჩენი ალაგებს და არა შენი ფართი-ფურთი. შენს ზედმეტ ფიქრზე ღმერთი რამდენჯერ გაბრაზებულაო, - უთქვამს.

_ რა ფიქრზე-მეთქი.

_ რა ფიქრზე და ცხოვრებას რო შენ გეგმავ და ალაგებ, გამჩენმა რაღა უნდა აკეთოსო.

დავფიქრდი.

_ ღმერთი ხო არსებობსო, _ ჰამლემ ისე მკითხა, გამაჟრიალა.

_ რას ამბობ, შე ვირიშვილო მაიმუნო, ღმერთი როგორ არ არსებობს-მეთქი.

_ მერეო.

_ რა მერე-მეთქი.

_ ღმერთი შენზე იმიტომ მოცდა, რო შენ უნდა დადგე და მიჰყვე ცხოვრების გზას, თორე პანღური არ აგცდებაო.

_ ვისი პანღური-მეთქი, _ გულუბრყვილოდ ვიკითხე.

_ გამჩენის პანღური,, ჭოლაკოო.

ეს უდარდელი კაცი გადავარდა და მოკვდა. არ ვუჯერებდი, ეგეთი ცხოვრების კაცი, ეგეთი ოხუნჯი, გვეგონა მაიმუნობდა. ერთი ამოხრიალება არ გაგვიგია, უცბათ გაფრინდა ცაში. დარჩა ცარიელი, გაშოტილი ტანი. ვაჯანჯღარე, ვაჯანჯღარე, ხან სუნთქვები, ხან ენის ამოწევა, ღმერთთან როა კაცი უკვე, აბა იმას რაღას დააბრუნებ. რო ჩავაწვინე იმ... ცხედარსაც არ ვიტყვი, მაინც არ ვიჯერებდი, გენო და ჰამლე ამ ხის ყუთს უნდა დაეშორებინა ერთმანეთისაგან. ამდენი ცოლების პატრონს გამპატიოსნებელი არ დარჩა, გაგიგია, კაცო?! სამი ცოლი ჰყავდა, ერთად არა, ცალ-ცალკე, სად წავიდნენ, სად მამაჩემთან გადაიკარგნენ, შვილები... ოთხ-ოთხი, მაგრამ ფეხი არავინ ჩამოაკარა. მაინც მეჯერა, რო მიხედავდნენ, ამ უბედურ დღეზე გაჩენილს. მესამე ცოლმა შემოგვითვალა, ვისაც აყრიდა და აჭმევდა, იმან დამარხოს, მეხიც მაგას დასცემიაო. მერე დავფიქრდი და გამეღიმა, გაყინულ სახეზე დავხედე, უეჭველი მეოთხის მოყვანას აპირებდი, შე გოთვერანო და მაგიტოა გადარეული შენი მესამე ცოლი-მეთქი. მაგარ შარს კი გადავრჩი იმ ქალის ოჯახში, თუმცა, რაღა გადავრჩი. ჰამლემ გამოასწრო, მე მომხვდა ცოტაოდენი, იმოდენა ბეხლერწები იყვნენ, ბუღას მოკლავდნენ მუშტით და აბა, მე რო იმათი ხელი მომხვდებოდა.

სამ-სამი მოყვარე ჰყავდა ერედვში. იქ ასვლა ყოველთვინ შარი იყო ხოლმე. არეულობის შემდეგ ყველა პისტოლეტით და ავტომატით დადიოდა.

წავედით, ცანცარა ქალი კი იყო ჰამლეს მესამე ცოლი, წამდაუწუმ იკრიჭებოდა. ხშირი სიცილი ხო იცი, რა არი, იმის ნიშანია, რო ვერ არი იქ ყველაფერი წესრიგში, თავში რა. შემომხედავდა და გაიკრიჭებოდა. მამაჩემი რამდენსა სვამს იცი? რვა ლიტრას, ძმები, ახლა ძმები უნდა იკითხო, მუცელში ჩაგისვამენ, მუცელში. გამოპარვითაც ვერ გამოეპარები.

ლაყე ჯიმშერას მანქანით წავედით, ფეხის ბრუნებააო. გაუხმეს ჰამლეს თავი და გაუხმა კიდეცა, მესამე ცოლზე რაღა ფეხი უნდა იბრუნო, ამ ქალს სადღა ჰქონდა ჭკუა, ვის მოჰყვებოდა?! ქალი რო მესამე ცოლად გაჰყვება კაცს და ისიც ჰამლე იქნება, როგორ უნდა გიჭირდეს. დურაკი ისა. მეც ავხუნტრუცდი და წავედი ბიჭი ჰამლეს მოყვრებში. ბუღები, კაცო, რამხელები, სიმამრი სამკოკიანი ღიპი იყო და ჰამლეს სიძეობა უხაროდა, ერთი კაი პანჩური ამომაჭერინა-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ კაი პანჩური მე მომივიდა, მერე მოყვრები... უი, დედაჩემო, თითო ციკნიანები. ის ქალი, მესამე ცოლის დედა, ბედნიერი სახით კი დაკუსკუსებდა, მაგრამ შევხედე თუ არა, იმ საათში ეგ კითხვა გამიჩნდა, ამოდენა ბეხლერწებს როგორ კვებავდა, ერთი საარაყე ქვაბი საჭმელი სჭირდებოდათ. არც ჰამლეს მესამე ცოლი იყო ნაკლები, ამოდენა ქალს ბუღასავით კაცი სჭირდებოდა და ეს ჩემი ბედოვლათი ძმაკაცი, კნიწა ხახვივით იყო. ბედნიერი კი ჰყავდა ის ახლად მოყვანილი ქალი, შენ კნიწა ეძახე, კმაყოფილი თვალებით დადიოდა. ქმარი ცოლის თვალებში ჩანს, ეგრეა. ქალი რო თვალებს აკვარკვარებს გლახათ, ან საჭმელი აკლია, ან ლოგინში ქმრის ჯანი. ნუ ეწყინება ნურავის. ეტყობოდა ჰამლეს ცოლეულებს, რო მარტო ჭამა-სმის ხალხი იყო. გამოფხეკილი კედლები ჰქონდათ, ძველისძველი, გამურული ჭაღი, ნაჭრიანი, ნიკოლოზის დროინდელი ტელევიზორი, სკამები... ხან ერთს გასძვრა საზურგე, ხან მეორეს, სიძე მოგდის შე ჩემისა, თან როგორი სიძე, ჰამლე, კაცო, ჰამლე, ერთი-ორი ლურსმანი დაკა სკამსა. შამაგიეროდ, მოზვერი ჰყავდათ დაკლული და ჩემოდენა ხაშლამის ნაჭრები იყო, ჭამე, ბიჯო, გადაიღე, გაცივდება, თავის ხელით გადმომიწყო სამკოკიანმა სიმამრმა.

_ ნახე, ნახე, რა თურთუმელაა, ოხ, ოხ, _ ლამის სინიანად ჩაიდო.

მეც არ შემჭამოს-მეთქი, მოვიკუნტე სუფრაზე.

_ მეჯვარეე, რა ყურები ჩამოგიყრია, ჭამე რამე, ამისთანა მოზვრის ხორცს ხვალაც კი არ გაჭმევენო, _ კისერში ჩამავლო ხელი ერთ-ერთმა ბუღამ – იმას კაკო ერქვა, მეორეს გოდე და მესამეს ამირანი, სამკოკიან სიმამრს ჯემო, ჯემოს დასძახოდნენ, ერთი დავლიე, ორი. მოიტანეს განსხვავებულები, ჰამლეს გადავხედე. იცინის გიჟივით, გაალიპლიპა სიმამრმა, მეორეც შეავსო.

_ აბა ტაპე, გამომართვი, _ მეზობელს მიაწოდა, მეზობლებიც ჰყავდა სამნი, ისინიც კაი პურიმჭამელები, სახეები ულაპლაპებდათ, _ ასმათას ამბავზე მქონდა ეს ბოჭკა შენახულიო, ამის ბედნიერებას ველოდიო, _ იკრიჭებოდა ჯემო.

გეგონება ალენ დელონს გააყოლეს და ქერის ორმოში ჩააგდეს. ატრიალებდა სასმისებს, ფიალები, ვაზები... ბოლოს ყანწი მოიტანეს, სამჯერ აკოცეს ჯერ ჯემომ და მერე იმისმა ბიჭებმა.

_ ჩემი სიმამრის ნაჩუქარი ყანწებია, სამჯერ უნდა აკოცო, სანამ დალევ, ღმერთი სამობით არიო.

ასმათა ვითომ დედას ეხმარებოდა, მაგრამ თან ჰამლეს ეკურკურებოდა და იღრიჭებოდა უშნოდ.

_ დალიე, დალიე, დალიე.

მაგდენი სად შემეძლო, ვიუარე, მაგრამ ამ ბუღების ხელში...

_ მიდი, გენო, გავიმეტოთ თავი, რაც არი არიო, _ ჰამლემ და გადმოყარა კბილები.

ჯიმშერა თავიდან არა სვამდა, ლაყეზე ვამბობ, და მერე ჩვენ გაგვასწრო, მალ-მალე გვეტყოდა და გაიცინებდა.

_ თავისით მიგვიყვანს ჩემი ზებრა, დაგეშილი მყავსო, თავის გადაღებილ-გადმოღებილ ძველისძველ მანქანას გულისხმობდა. ნეფიან-პატარძლიან, მძღოლიან-მეჯვარიან-ცოლეულებიანად, ყველანი ვაფრენდით.

დავლიე, რაც შემეძლო, თხელტევანა იყო, წითელი, ბორჯღლებსა ყრიდა, ასმათასთვის შეენახა დალოცვილს გაზი, მაგრამ რამდენს მოვერეოდით, დაგვძვრა ტარები და დატრიალდა ჭერი. მალ-მალე გავლა მინდებოდა, თან წყალს ვისხამდი სახეზე, ცალკე ასმათა ხარხარებდა, ცალკე ის ბუღები.

_ რა სჭირს მეჯვარესა, კრანი ააქ მოშლილიო.

ბოდიში და ფეხის ალაგი, აიქა ჰქონდათ, აი, ბაღში, სანამ გავივლიდი და სუფრასთან მივიდოდი, კიდე მინდებოდა გავლა, ესენი კიდე ხარხარებდნენ, ბოლოს ჯემომ მითხრა:

_ კაცო, ერთი გემრიელად მოფსი და დაგვასვენე ყველა, _ მერე ტრაბახს მოჰყვა, _ აი, მეეო, ხო ამხელა კაცი ვარ და ამდენსა ვსვაამო, ერთხელაც არ გავივლიო.

ბოლოს... აი, ბოლოს იყო, რაც იყო, აურია ჰამლემ, რავი რა ეშმაკი შეუძვრა, რა დაეტაკა. ჯერ ცოლს დაუწყო თვალების ბრიალი, მერე სიმამრი წაგესლა, ბოლოს მოყვრებს მიადგა.

_ ჰამლეე, რა მოგივიდა, ბიჭოო, _ დასტრიალებდა ასმათა.

ჰამლე კიდე დაელმებული თვალებით იყურებოდა. მოყვრებმა ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს. მაშინვე მივხვდი, რაც გაიფიქრეს. სიძე-კაცი სიმთვრალეში უნდა გამოსცადოო. ჰამლეს რა გამოცდა უნდოდა, მტკნარი გიჟი იყო.

ბოლოს, ეს ჩემის გაიოზ გადალენდია მოყვრების დაცინვაზე გადავიდა. ვერაფრით დავაწყნარე, აქეთ მე ვიყა, იქით ლაყე ჯიმშერა.

_ თქვენაო ძველი ანდაზები თუ გაგიგიათო, _ ისინიც ეგრე ვირგლებივით შესცქეროდნენ.

კარგს რას იტყოდა ეს გადარეული. ასმათა ტუჩებს იკვნეტავდა.

_ სიძის ყ...ყ.... მოყვრებისთვის რო გალოსტიკია, თუ იცოდითო, _ თქვა და ახარხარდა.

ჯერ ჯემომ დაიზმუკუნა, მერე ჯემოს ცოლმა. მოყვრებს ხმა არ ამოუღიათ, გეგონება, ვერაფერს მიხვდნენ.

ახლა მეორეც მოაყოლა და აიშალნენ კიდევაც.

_ სიძე მოსულა მოყვრებშიო, თქვენ ენაცვალეთ ყოყრებშიო.

უი, დედაჩემო, წამოიშალნენ და დაუშინეს ამ ჩემისას. რომელი ყარამან ყანთელი ესა მყავდა. ჩავუვარდით მე და ჯიმშერა. ამ გაშველებაში მე მომდეს თუ მომდეს იმ ბეხლერწებმა. ჯიმშერა ეხვეწებოდა:

_ არ დაგვარტყათ, ჩვენ რა დაგიშავეთო, _ მარა ვიღას ესმოდა.

ჯემო მარტო გვაგინებდა, არც განძრეულა, იჯდა და გვაგინებდა.

ჰამლე მაინც არ ეცემოდა ზურგზე.

_ თქვენ მოგ....ვთ დედის ტრაკს, თქვენ თუ ეს შეგარჩინოთ. ამოვიყვანო ბიჭებიო.

_ წამო, ჯიშე, ესენი თუ არ ავაწიოკოო.

გამოვვარდით, ჩავსხედით მანქანაში. სისხლი მომდიოდა ცხვირიდან. ჯიშეს ყური ჰქონდა ნატკენი, ის ვითომც არაფერი, იჯდა ეგრე მაიკაშემოხეული და ხარხარებდა.

_ რა გაცინებს, შე კარგმოტყ....ოო, _ ჯიმშერამ უთხრა, _შემოგვხედა დაელმებული თვალებით და უარესად ახარხარდა:

- მართლა კი არ უნდა ამოვიყვანო ბიჭებიო, მოვატყუე, ეგ რო არ მეთქვა, დაგვხოცავდნენ ეგ დედამოტ....ბი. იმათ ჰგონიათ, ახლა ბიჭებს ავიყვან. დგანან და მელოდებიანო, _ ხარხარებდა, ხარხარებდა, დუჟები მოსდიოდა.

შემომხედა ჯიშემ და ჩვენც სიცილი აგვიტყდა. გიჟი იყო რა, მტკნარი, მტკნარი.

* * *

კაკოს მამალზე უნდა ვთქვა კიდე... გენოო, როგორი კაი კაცის შვილი ხარ, დიდსა და პატარას ყველას უყვარდა ლადაო, ემ გადარეულს როგორ აჰყევიო, ეძებდა კაკო, ჰამლეს, ეძებდა, რო დაეჭირა, მოკლავდა. ცხვარივით კაცი, დობრი კაცი, ხმას არ უწევდა, იდგა თავისთვის საბჭოსთან, სალაყბოზე, სხვებს უსმენდა, ვიღაცას ჰგონია, ყბედობა დიდი ნიჭიაო. მოშლილი წისქვილი, უსაფქვავო, მოუკოდავი დოლაბი, დახტის სარეკელა და კიდობანში არაფერი ჩადის, აეგ არის ყბედობა. ეს იდგა და სხვებს უსმენდა, უსმენდა თუ თავისთვის ფიქრობდა, თავის ცხოვრებაში იქექებოდა. სად იპოვის ფიქრის ადგილს კაცი, რას გაიგებ, შეიძლება, ტყეში, შეიძლება, სიმარტოვეში, შეიძლება, უდაბნოში და სადღაც გადაკარგულში და შეიძლება, სულაც სალაყბოზე, ყველა თავისთვის რო ჯაჯღანებს.

მივიდა ეს ვირიშვილი და მოატყუა ამხელა კაცი. კაი დიდი მამალი ჰყავდა კაკოს, ბიჭს ელოდებოდა კამანდიროვკიდან და უნდა დაეკლა. ავიდა ეს ყურუმსაღი ჰამლე და რას ეუბნება: დედაჩემს რო წნევამ დაარტყაო, მამალა შევუთქვი ღვთისმშობელშიო, ჩვენს სალოცავზე უთქვამს, გენომ პირჯვარი გადაიწერა. უნდა გავუშვაო, მათხოვე, კაკო ძია, გავუშვებ და ისევ შენ დაიჭირე შენი მამალიო. ეს ამხელა კაცი, თურმე, ფიქრობს, მამლის თხოვებაზე უარი როგორ ვუთხრაო, თან საწყალი ელიჩკა, ჰამლეს დედა ყველას უყვარდა. დაიჭირეს ეს მამალი, მაგრამ კაკოს გული ეთანაღრებოდა, შეთქმულზე ესეთი რამე როგორ შეიძლება, მღვდლისთვის მაინც გვეკითხაო. რა მნიშვნელობა აქვსო, ჰამლემ მაინც უნდა გავუშვაო და შეაბა, თურმე, ამ მაიმუნმა.

წავალ ღვთისმშობელში, მამალს სამჯერ შემოვატარებ, დედაჩემიც იქ მეყოლებაო და... ერთ საათში ჩამოდიო. ამოიდო მელიასავით ეს ვეება მამალი და...

ჩავიდა კაკო ღვთისმშობელში. მზე გადავიდა, მოსაღამოვდა, ელოდება. ვინ ჰამლე, ვინ დედამისი, ქვაბში იხარშებოდა კაკოს მამალი. ჩვენც გვათოხლა, სამი დღე ვიმუშავე, მაგ მაიმუნ კაცთან, მეორეთი აღარ წავალო.

_ როდის იმუშავე-მეთქი.

ისეთი დღეები მითხრა, ვერაფრით გავიხსენე. Mმივხვდი, რაღაცას ჩათლახობდა, მაგრამ არტისტი იყო, ეჭვს ვერ შეიტანდი.

ფულის მაგივრად, მამალი მომცაო, რა ჩემფეხებათ მინდოდა, მაგრამ რა მექნაო. გემრიელი გამოდგა კაკოს მამალი, მაგრამ ლამის დაგვხოცა. გულუბრყვილო კაცი კი იყო ცხონებული, რაღაცნაირი ბავშვური. კაკო საცემრად დასდევდა. თან ელიჩკას ხათრი ჰქონდა და ფეხს ითრევდა. მერე მეზობლები მიუგზავნა, ჯუბლა და ქარუმა.

_ რა გადამაყოლე ერთ მამალს, რა იყო, რა ყელში ამოგვადინეო.

კაკო ვერ ინელებდა.

_ როგორ გამამაიმუნა ამხელა კაცი, ამ აფერისტმაო.

სასადილოში დაპატიჟა ერთხელ ბიჭები. სასადილოები იყო მაშინ, მეზობელ სოფელში ზღაპრული ხაში, ხარჩო და ხინკალი კეთდებოდა, მერე ის სასადილო დაანგრიეს და ეკლესიის ეზოს მიუერთეს.

უცნაურია ცხოვრება, მაშ რა არის, საცა არაყით ვილეშებოდით და ჩარფუზანა გვქონდა, იქ ლოცვა დავიწყეთ. ადამიანს რას გაუგებ თუმცა, მაინც ვფიქრობ, იმ დალოცვილისგან მოდის ყველაფერი, შემთხვევით არაფერი ხდება, ყოველ სულდგმულში უფალი სუნთქავს, შენი წილი ღმერთი შენთან არი, მთავარია, რო ეს იგრძნო. მირონმდინარე ხატების და გაბრწყინებული ცის დანახვა სულაც არაა საჭირო, უზენაესისა ირწმუნო, შენ თვითონ ხარ სასწაული.

მოკლედ, წაიყვანა ერთი სიტყვით ჩვენი სოფლელები იასონას სასადილოში ამ შეჩვენებულმა. გულუბრყვილო რო იქნება კაცი, ბავშვივით მიამიტი, კაკოზე ვამბობ, იმ მამლის წაყვანის შემდეგ როგორღა მოატყუებინა თავი, კაკოც გაჰყვა ბიჭებს. სულ ასე დაუბრებულები ხომ არ ვიქნებით, რაც არის, არისო... შეუბერეს იასონასთან, შემწვარ-მოხრაკულები, მიდი-მოვდივარ, ჰამლე და კაკოც შეარიგეს ჩვენებურებმა. ჩემ ცხოვრებაში კაცს არ მოვუტყუებივარ, ეს რა გამიკეთეო. მაინც ვერ ინელებდა თურმე, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ იყო.

მოაყარა და მოაყარა, მიდი, შვიდი, ამათაც გაუღეს ყელი. სადღა ახსოვდა კაკოს თავისი მამალი. მერე მოხდა, რაც მოხდა, ადგა და შუა სუფრიდან გამოეპარა ეს ჩათლახი აფერისტი. ელოდებიან, ელოდებიან თურმე, ჰამლე, ჰამლე, ჰამლე... სადღაა ეს შენი ჰამლე, დატოვა ეგრე გაღიმებულები. მოადგა მერე იასონა თვალების ბრიალით, უშნო ბრიალი იცოდა ხოლმე, ფული გადაიხადეთო. შესცქერიან ესენი ერთმანეთს. ერთი მამაჩემი ვასო მოვიდოდა იქა და მეორე კიდე ჰამლე. ფულის გადახდა უცბათ აფხიზლებს, ხო იცი. თან რო შენი გადასახდელი არ არი. მოიფხიკეს ჯიბეები, მა რა ექნათ. ეგრე გაუკეთა.

მერე კიდე უფრო მაგარი ამბავი მოხდა, _ ჩაეცინა გენოს, _ დაკარგული იყო ერთი ხანობა, ჰამლეზე ვამბობ. ვაა, ერთი თვე გავიდა, ორი, სამი, არ ჩანდა. ხო არავინ ამოაძრო სული-მეთქი. ცოლი ეგრე გაყურსული დადიოდა. მივედი მერე, ვკითხე, სად არი ვაჟბატონი, რო არ ჩანს-მეთქი.

გიჟივით გაიკრიჭა, როგორც იცოდა ხოლმე.

_ აბა რა ვიცი, რას გაიგებ მაგისასაო. გამოჩნდებაო.

ღმერთო, შენ მიშველე, ამაზე მართალი არაფერი უთქვამს. რაც ალხანა, ის ჩალხანაო. დაყარეს მერე ხმები, ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას, მოფუტკნული ენის მეტი რა არი დედამიწაზე. მოკლეს, დაიჭირეს, რუსეთში გადაიკარგა, რა ვიცი... ერთი ხანობა მიავიწყდა სოფელს ეს ჩვენი ბედოვლათი, მაგრამ ხო ეგეთი იყო, თავქარიანი და აფერისტი, უიმისოდ არ ვარგოდა თითქოს სოფელი. ამ უკეთურებების გარდა, დიდი სიკეთეც ჰქონდა ამ შობელძაღლს, ბავშვივით იყო, წყაროს წყალს რო გადმოარაკრაკებ პაპანაქებაში სურიდან, ეგეთი სული ჰქონდა.

ცოლი... ვითომც არაფერი, არას იმჩნევდა.

_ სად არის, ქალოო, _ ეკითხებოდნენ.

_ გამოჩნდება, სად წავა, _ ყველას ერთსა და იმავეს ეუბნებოდა.

რამდენი თვე გავიდა, კარგა აღარ მახსოვს, გამოჩნდა. გეგონებოდა, ჯარიდან დაბრუნდა, ისე შემოეხვივნენ ჩვენებურები.

_ სად იყა, _ შევბღვირე, _ რო დაიკარგე წეროს სკინტლივით_ მეთქი.

_ ნახევარძმა ვიპოვეო, ფულიანი ნახევარძმა აღმოვაჩინეო. იმ ჩათლახ ვანცას სხვაგანაც ჰყოლია ბიჭი გაკეთებული. ელიჩკას რო პატიოსანი ეგონა თავისი ქმარიო, იკრიჭებოდა. ქალი იჯდეს ბედს ელოდესო, კაცზეც ყოფილა ეგა. _ თავს სინანულით აქნევდა, _ მოვა დრო და შენც გაგიღიმებს ბედიო, მკითხავმა მითხრა ერთხელ, შეხედავ შენს თავს სარკეში, ამ შენს დაღმანჭულ სახეზე აბა შენ რა უნდა ამოიკითხო. გგონია, რო სულ ეგრე იქნები, სიღატაკეში, მაიმუნურ ცხოვრებაში. ეგრე არ არი, თურმე. მთავარი ის არი, იმ დალოცვილს რა აქვს ჩაფიქრებული შენზე. ჩაიყო უბეში ხელი და დოლარების დასტა ამოიღო. აი, რამდენი ფული მომცა ჩემმა ძმამაო, თან ეშმაკურად შემოგვხედა, ჩემი მეზობლების თვალში, სამი რამ დავინახე, ერთმანეთში ალუფხულ-აზელილი. ბინდ-ბუნდივით ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდი, ვითომგახარება, გაკვირვება და შური. ყველაზე მეტად, ამ სამი რამიდან, შური იჟონებოდა. ეგეთი ელდა შეიძლება, მთელი ცხოვრება არ განეცადათ, ყველას ფერი ჰქონდა დაკარგული. იცინოდნენ და ვაი, იმ გაცინებას, სულში შურის ნიაღვარი ჩასდიოდათ, თითქოს, არ უნდოდათ, რო დაეჯერებინათ. ეს კიდე თაიგულივით ატრიალებდა.

_ ჰა, გეწყინათ თუ გაგეხარდათ, _ ხარხარებდა ეს ჩემი გადარეული ძმაკაცი. ხარხარებდა იმათ გაფითრებულ და ნაძალადევად მომღიმარ სახეებს დასცინოდა.

_ ვიცოდი, რო ვანცას ვიღაცასთან შვილი ჰყავდა...

ერთმა ამოიზმუკუნა, რაღაც ხომ უნდა ეთქვა.

_ აბა რა დედიშენისა იცოდი, _ გადაიხარხარა ჰამლემ.

სულ ყველა ფულის თაიგულს მისჩერებოდა. რა ვიცი, უცბათ რამ წამოუარა, ადგა ჩამოურიგა მწვანე, ტკიცინა ფულები. ისე იყვნენ ელდანაკრავები, რო ძლივს გამოართვეს. თვალებში კარგად ჩავხედე და რაღაცნაირი, გამაჯვებული კაცის მზერა ჰქონდა, რას გამომაპარებდა ეს ყურუმსაღი. ჯიბეში მეც ჩამიტენა ფული.

ამოვიღე, დავხედე, უცნაური სურნელი ჰქონდა, თითქოს სასიამოვნო იყო, მაგრამ შემაკრთო რაღაცნაირად. შეშინებლი კაცის ხელში ფულს რა უნდა, და თითქოს გრძნეულივით მიხვდა, ტრაკიანი კაცები უყვარს ამასა. როგორც არეულ სახლში რძალი არ ჩერდება, ისე ფული არაფი კაცის ხელში, გაიგეე?

დავფიქრდი, როგორც მე მეხამუშებოდა ფულის ხელში ჭერა, ისე მდიდარ კაცს - ამის გარეშე ყოფნა. პაპაჩემი დიაკვანი იყო ცხონებული და უცბათ ამ ფულმა მისი ნათქვამი სიტყვები გამახსენა.

სიღარიბე ცუდი რამეა, უფულობა ჯოჯოხეთად უქცევს კაცს ცხოვრებას, მაგრამ სადაც ფულია, იქ მხოლოდ სიყალბეა. ყალბი ღიმილი, ყალბი მეგობრობა, ყალბი მეზობლობა, ყალბი სიყვარული. სიყალბე ფულის მეორე მხარეა და როდესაც ფული გიჭირავს ხელში, სიყალბეც შემოდის შენში.

რა ნახევარძმა, რის ვანცას უკანონო შვილი, ხელათ დაიჯერეს ამ ჩემმა უტვინო მეზობლებმა. წასულა ქალაქში, ხელობა უსწავლია, კაფელჩიკობა დაუწყია.

ჰამლე და ხელობა? მაგრამ ვიღაც ფულიან კაცს დასტრიალებდა, დიდი სახლი ჰქონია. იმ კაცის მძღოლის ძმას დაუახლოვდა. მძღოლის ძმას ზეპირად სცოდნია რომელ ოთახში, რომელ სამალავში ჰქონდა ფული იმ ღმერთგამწყრალს.

კაი კაფელჩიკი მინდა, კაი კაფელჩიკი მინდაო და ეგრე აღმოჩნდა ეს ჩვენი ჰამლე იმ ჩაქცეული კაცის სახლში. ორი თვე უმუშავია, კარგა შეუსწავლია იქაურობა, ბოლოს კი იმ სამალავისთვის მოიცალა, რის გამოც ხელობა ისწავლა და ამ სახლში მოხვდა. შუაზე გაიყვეს ის ფული ჰამლემ და მძღოლის ძმამ. ჰამლე რუსეთში წასულა, ის კაცი თურქეთში, დოლარები ბევრი ჰქონდათ. ამ ჩათლახის ცოლმა, იმ შეფენცილმა ქალმა ყველაფერი იცოდა, თურმე. ჰამლემ ელიჩკას ნათესავებს ჩააკითხა ნოვოსიბირსკში. ორი თუ სამი თვე იყო, იგულავა გემრიელად და ჩამოვიდა. ეძებენ, ეძებენ, თურმე, გადაატრიალეს ქვეყანა, რას მოიფიქრებდნენ, რო სოფელში იყო და თავისი გაშმხარტლული ასმათას გვერდით ეძინა.

დაადგნენ და წაიყვანეს. ხუთი წელი ხეხა, მაგრამ აბა იმ ფულს საიდან დააბრუნებდა, შეჭმული ჰქონდა. ციხიდან გამოიტანეს ამ ყურუმსაღზე ერთი სასაცილო ამბავი და ბარემ იმასაც ვიტყვი.

შეაგდეს თურმე საკანში, ერთი მოზვერივით პალაჩი შეუგზავნეს. დედა მო... უიმეე, ააგდო და აღარ ჩამოაგდო, პიმპოკის ბურთივით ახტუნავა, მაგრამ ჰამლესთვის რაც გინდა გექნა, სულ რო სიკვდილის პირამდე მიგეყვანა, მაინც არ იშლიდა მაიმუნობას.

მოზვერა პოლიციელს ხვითქი გადასდიოდა, ქაქანი გაუდიოდა, ეს აქეთ ეგდო ეგრე, ნაბერტყი მუთაქასავით, პოლიციელს წურწურით ჩამოსდის, თურმე, ოფლი, რაღაც უნდა გითხრა და არ გაბრაზდეო, ჰამლე ეუბნება, თურმე.

უყურებს თვალებდაჭყეტილი მოზვერი.

_ კაცო, ხო არსად გავრბივარ, სად გეჩქარებაო, დაისვენე და ისევ გააგრძელეო.

აბა, ნაცემ-ნაბერტყი რო კიდე მასხარად აგიგდებს?! მისდგა, თურმე, მეორედ ჰამლეს და გაუერთიანა ნეკნები.

კიდე ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ, ხან ერთიანად მომაწვება ხოლმე და რომელი ერთი ვთქვა, აღარ ვიცი.

* * *

საცა სიყვარული მთავრდება, სიცოცხლეც იქვე სრულდება, ხო იცი. ერთი დიდი საფლავის ქვაა ის დღე. როგორც არ უნდა მოეფერო მერე სამარეზე დადებულ ლოდს, ვეღარაფერს შეცვლი. მერე საკუთარი ცრემლები გექცევა ცხოვრების საგზლად. არც გშია, არც გწყურია, მარტო ის ცრემლები აპურებს სულს, ჩადის და ჩადის, ვინ შეამჩნევს, ვინ შეგიცოდებს, ან ვისი შეცოდება გჭირდება, შემბრალებელიც შენ ხარ შენი თავისა და განმკითხველიც.

წავიდა ის გოგო და იქ დასრულდა ჩემი ცხოვრებაც. წუთისოფელს მაშინ აქვს ფასი, როცა ვიღაცის სიყვარულში ათენ-აღამებ, როცა საკუთარ თავს შიგნიდან უყურებ, როცა ყველაფერი ერთის გამო გიხარია, როცა ყველაფერი მის სუნთქვად და მის ღიმილად გეჩვენება, დანარჩენი, გინდა ყოფილხარ და გინდა არა, უამისოდ საფლავის ლოდი ხარ, ღვინით დალაქავებული საფლავის ლოდი. ვერ მოგიყვები ჩემს ამბებს და არც მკითხო. იმის შემდეგ ვთქვი, რო სხვა ქალი ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნება-მეთქი. წამომათოვა წლები. ეს ჩემები, მოიყვანე ცოლი, მოიყვანე ცოლი, შვილი ხო გინდა, ძირი ხო გინდაო. სულ ვფიქრობდი ხოლმე ადამიანი დარდისთვის მოდის, თუ არ დარდობს, თავს გაურბის, რად გინდა, შვილი, რისთვის გინდა, მოხვედი, ეს უბედურება, ეს სატანჯველი, სულ ტკივილი, ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, სულ მიწის სუნი, სულ საიქიოზე ლაპარაკი. სააქაოს ყოფნა საიქიოზე ლაპარაკში არ გვყოფნის. მერე იმ შვილმა უნდა გააგრძელოს დარდი, მერე იმან უნდა იმტვრიოს თავი, სიკვდილის მერე რა იქნება. უნდა გამრავლდე, უნდა, ბავშვები უნდა აჟივჟივო, უნდა დატკბე, მერე ის ჟივჟივი დარდის გორებად გადაიქცევა და სულ მერე საფლავებად და ეგ არი...

უნდა გამრავლდე, უნდა... შენი მომავალი შვილის დარდები და ცხოვრების ლენცოფა რო გულში გერჭობა, რას მიშველის ის ვითომ ჩემი შვილი, იყოს სადაც არის და როგორც არის, ღვთის უბეში ყოფნა ურჩევნია, თუ ჩემი შვილობა. ალბათ, დაოჯახება არ მეწერა, ის გოგოც იმიტომ გაფრინდა, წავიდა. ეგრე მერცხლის ჩამონგრეული ბუდის ნარჩენებივით ჩამრჩა სულში მოგონებები, როგორც კი ცუდად ვარ, იმ წუთებს გავიხსენებ და მოვსულიერდები ხოლმე. ჩამონგრეული, ძველი მერცხლის ბუდე როგორი დასანახია, დააკვირდები და აგეტირება. ეს არი სიცოცხლის წერტილი, თუ არი.

ზოგი რამ წელიწადის დროებივით ხელახლა იწყება. წუთისოფელს მხოლოდ წასული სიყვარული ვეღარ მოჰყავს უკან.

როდემდე უნდა იარო ეგრე, სხვებს რო ჭკუას არიგებ, ან შვილი არ გინდა, ან ძირი. ავნევში ჩემ ნათესავებთან ვიყა, ერთი ისეთი გოგო ვნახე, ისეთი... ერთი წამამცდა ჩვენებთან, გენოსთვინ მემეტება-მეთქი და იმათაც დაიგრძელეს კისრები, შემომიჩნდა ეს ცხრა ცეცხლოვან რგოლზე გადამხტარი, ჰამლეზე ვამბობ, თან როგორ იცოდა, ერთი რო რაღაცას იტყოდა, ვეღარ მოიშორებდი.

_ თავი დამანებე, ჩემთვინა ვგდივარ, ცოლის მოყვანა რო მდომოდა, აქამდე მოვიყვანდი-მეთქი.

_ ისეთი გოგოა, ისეთი ჭკვიანი, პატიოსანი, ცეცხლი გასდის, _ ახლა ამის შეფენცილმა ცოლმა, _ ეგრე რატომ უნდა იყო, კაცო, დარეცხვა გინდა, ცხელი საჭმელი გინდა.

შეძახილმა ხე გაახმოო, თუ როგორ არი? ეგრე შემომიჩნდნენ.

_ ვიცი, რასაც გრძნობ, განა არ ვიცი, მაგრამ უნდა გადადგა ეგ ნაბიჯი, მერე მომიგონებ, დამლაპარაკებელი მაინც გეყოლება.

ეგრე ბოლთის ცემაში ვიყა, ვერ წარმომედგინა სხვა ქალთან როგორ უნდა მეცხოვრა, მაგრამ ზოგჯერ ვიღაც გაიღვიძებს შენში და ამ აკვიატებების დამარცხება მოუნდება. თითქოს საკუთარი თავის წინააღმდეგ მივდიოდი, მაგრამ მაინტერესებდა ამ ნაბიჯის გადადგმას თუ შევძლებდი. საკუთარ თავთან შეჭიდებას რო დააპირებ, უნდა გახსოვდეს, რო იქ მხოლოდ ერთ არსებას ებრძვი, როდემდე უნდა ჩაიხარშო ამ შენს აკვიატებებში, როდემდე უნდა იარო ეგრე გაუბედურებულმა, თითქოს ვიღაც ჩამძახოდა. ქალის სუნს არის დანატრებული შენი კედლები, შემთხვევით არაფერი ხდება, ბედი იქნება კარს მოგდგომია, ჰა, ხან ჩემ ხმად მეჩვენებოდა, ხან ჰამლეს ხმად შემომივარდებოდა ტვინში.

ამას რა მომაფიქრებდა, რო ერთ დღეს ჰამლეს ქალის გასასინჯად წავიყვანდი, ეგრე ეძახდნენ ხოლმე ქალის სანახავად წასვლას. რა ვიცი, აბა, ახლაც ვერ დამიჯერებია ეგ ამბავი. ხანდახან ცხადი სიზმრად გექცევა კაცს და სიზმარი – ცხადად.

_ შე ლემბო, შენა, იმისთანა გოგოა, ვინ გაგიჩერებს. წვრილ-შვილი რო დაგეხვევა, მერე ნახე, სხვა ადამიანად გადაიქცევი, _ ჩამძახოდა ეს გადარეული.

სხვა ადამიანად ქცევა... ჩამაფიქრა, წარმოვიდგინე, რო წინა ცხოვრებისა არაფერი მახსოვს, ვიღაც სხვა ვარ, სხვა ფიქრებით, სხვა სიზმრებით... მომეწონა.

_ მაშ სხვა ადამიანად ვიქცევი?

_ ეგრეა, აი ნახავ, მიხვდები, რო აქამდეც უნდა გექნა ეგა. რა დაგიშავა შენმა თავმა, გამომწყვდეული გყავს ...... მეორედ კი არ მოხვალ.

ავნევში რო ამოვყა თავი, ისევ გაბრუებული ვიყავი. სიზმრიდან რო გამოდიხარ და თან... როგორ ავხსნა.

_ ისე მიხარია, ისე, რახან ამან ოჯახი მოინდომა, _ იკრიჭებოდა ჰამლეტას მუსტანგი.

მე სულელივით ვაცეცებდი თვალებს, სხვა ადამიანად იქცევიო და უკვე სხვა ვიყა თითქოს.

_ უფხო კაცი და გამოსირებული ხო იცი, რო არავის უნდა, _ ჩამჩურჩულა, _ ე, საროჩკა გაისწორე.

უაზროდ მოვიფათურე წელზე ხელი.

_ მომხედე აქეთ...

შევხედე ეშმაკურად აციმციმებულ თვალებში.

_ რა დღეში ხარ, ბიჯო, ბუასი ხო არ გეშინია?

_ ვინ ბუასი? _ გულუბრყვილოდ ვკითხე.

ამის თქმა იყო და გადაბჟირდა.

_ ბუდღაჯანასი გეშინია?

_ ნუ მაიმუნობ.

_ ან გაიღიმე, ან რამე ქენი... ეგეთი ვის მოეწონები, მარწყვივით გოგო უნდა ნახო.

ტუჩები დავიკბინე, გული გამალებით მიცემდა, ჩემს საქციელზე ვნანობდი, ეს რა გავაკეთე, რატო დავთანხმდი-მეთქი. ცოტაც და უკან გამოვბრუნდებოდი, ძალით რო მიათრევ შენს თავს, ეგრე ვექაჩებოდი. ჯიუტობდა, არ მომდევდა.

_ ჩაიწმინდავებ თვალებსა და მოხვალ მერე ხასიათზე, ვერან... _ ამის თქმა იყო და იმხელა ხმაზე გაიცინა ჰამლეს კრეჭია ქალმა, ლამის გული წამივიდა.

* * *

რამდენჯერმე მივაშტერდი, ერთმანეთს შევაჩეხეთ მზერა. დაბნევა არა ჰქვია ამას, თითქოს, ცეცხლი მეკიდა, ცივი წვეთები ჩამომდიოდა სხეულზე.

თვალები დავხუჭე, გავირინდე, ისევ ჩემს მოგონებებში ჩავყვინთე. ჰამლემ ფეხი წამკრა და ჩამჩურჩულა:

_ ცოტა მოფხიზლდი, სირცხვილია, ბიჯო.

რა ვთქვა, აბა, მთვარესავით გოგო იყო, რამდენიმე წლით ჩემზე უმცროსი იქნებოდა, დაახლოებით, ეგრე ორმოცამდე, მაგრამ ყმაწვილგოგოს ეშხი ჰქონდა, შემოდგომის მზეზე რო გაილაღებს ვარდი, იმაზე ლამაზი არაფერია. მე თუ კიდე ქალის სილამაზე დამამუნჯებდა, არ მეგონა. და უცბათ გავიფიქრე: ,,მოუკრეფავი ვარდიც ხო რჩება ეგრე გვიანი შემოდგომის სუსხის ლუკმად-მეთქი“. რავი აბა, ეგრე გავიფიქრე, თან მინდოდა, მივშტერებოდი, თან შეხედვის მერიდებოდა. ცხოვრებაში უსათუოდ აღმოაჩენ ადამიანს, რომლის თვალები, რომლის მზერა შეგაკრთობს და წამიერად დაგანახებს შენს თავს ისეთს, როგორიც ხარ სინამდვილეში და ის საოცარი მზერა თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს. მის ეშხიან თვალებს დარდი დაჰყვებოდა შეუმჩნეველი და თითქოს მისი დარდის აღმომჩენიც მე უნდა ვყოფილიყავი. რამდენჯერმე იმასაც გამოეპარა თვალი, ოღონდ მის მზერაში მუშტრის გამოხედვა არ იყო, მის თვალებში საბედოს შეთვალიერების ცნობისწადილი არ იკითხებოდა. მის მზერაში იყო რაღაცნაირი გაკვირვება, ჩემი იქ ყოფნით გამოწვეული გაკვირვება და კიდევ ზიზღი, ზიზღი ყველაფრისადმი. ზიზღთან ერთად კიდევ ერთი რამ კრთოდა: „სულერთია“, ანუ როცა ყველაფერს, სევდასაც, მწუხარებასაც, აღტაცებასაც და სიხარულსაც ერთი ფასი აქვს. და ეს ყველაფერი მის სევდით სავსე მზერაში იყო. რამდენჯერაც შევხედე, უფრო მეტად დამატყვევა მისმა სილამაზემ და, იმავდროულად, უფრო მეტად ვიგრძენი, რო სულ რო არაფერი გავაფუჭო, მაინც დამნაშავე ვარ ვიღაცის წინაშე. ეს შეგრძნება მქონდა.

მერე დედამისმა რაღაც ჩასჩურჩულა, აილეწა, უცნაურად დაეფოთლა სახე, სად წასულიყო აღარ იცოდა. უმიზეზოდ შედიოდა და გამოდიოდა. ბოლოს მოვიდა, თითქოს ნათხოვარი ღიმილი ჰქონდა სახეზე და ჩემს წინ დაჯდა. სხვების დასანახავად უფრო შემომხედა, მაგრამ მივხვდი, რო სხვას გაუღიმა, იმას, ვისაც ჩემს ნაცვლად ხედავდა, ის ღიმილი ჩემი არ იყო. ღიმილის ამოცნობას რა უნდა, თუ კი ერთხელ მაინც გყვარებია ვინმე? მილეთის ხალხში რო იყო, მაინც იმ ერთს ხედავ და მაინც იმ ერთს ეკუთვნის.

_ როგორი შესაფერისები არიან... _ ვიღაცის ჩურჩული მომესმა.

მივიხედ-მოვიხედე, აქეთ ჰამლე და მისი ცოლი ისხდნენ, იქით - ვიღაც უცხო ქალები. იღიმებოდნენ, იღიმებოდნენ, რა უხაროდათ, ვერ მივხვდი.

ადამიანის წუთისოფელი უცნაური გამოცანებით არის სავსე, რაც უფრო გემატება წლები, მით მეტი კითხვა გიჩნდება, ვინა ხარ, საიდან მოხვედი, რა გინდა, ყველაზე მარტივად მაშინ დაასრულებ ცხოვრებას, თუ კითხვებს არ დასვამ და ყველაფერს ბედისწერას მიაწერ. ალბათ, ამიტომ მოიგონა ადამიანმა ბედისწერა, აწყობს და იმიტომ, შენი წარუმატებელი ცხოვრება, შენი აუსრულებელი ოცნებები, შენი მოუსავლეთში გაფრენილი სიყვარული, საკუთარი უმწეობის შეგრძნება, ვიღაცას ხო უნდა გადააბრალო, ბედისწერაზე უკეთესი რა უნდა მოგვეგონებინა, ან იმის თქმა `ეგრე ინება, ალბათ, ღმერთმა~ და ჩვენ რა ჯანდაბა ვიცით, რა ინება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაკარგული ცხოვრების გათვალისწინებით, საკუთარი საცოდაობის გათვალისწინებით, შემიძლია, ვთქვა, რო არ არსებობს ადამიანზე უბედური არსება. და გბეზრდება მოლოდინების გროვაში ცხოვრება.

მეც არ ვიცი, როგორ ვთხოვე ხელი, დედაჩემის ნაქონი ბეჭედი დავუდე ხელის გულზე, ვგრძნობდი, როგორ უთრთოდა სხეული, გული აწყდებოდა მის სავსე მკერდს. სახეზე ალმური მოსდებოდა, მიყურებდა და უმალ ვიგრძენი, რო ვიღაცას სამაგიეროს უხდიდა. ის ღიმილი, თვალებიდან გადმოპარული ღიმილი, ვიღაცის დაცინვა იყო, თითქოს უმტკიცებდა, რო ამის გაკეთებაც შეეძლო.

_ არ გავთხოვდებიო, გახსოვს?.. _ ისევ ვიღაცის ჩურჩული მომწვდა.

_ სუუ, ეხლა მაგის დრო არ არის, _ მეორე ჩურჩულმა დაადუმა პირველი ჩურჩული.

_ მშვენიერი ბიჭია.

_ სუუუ.

თითქოს, სულ რამდენიმე წუთში უნდა დასრულებულიყო ეს სცენა.

_ ნუ ხარ ბრინჯივით დაბნეული, _ ჰამლეს ხმა ჩამესმა.

გავიღიმე, უფრო სწორად, ვიღაცამ გაიღიმა ჩემს ნაცვლად. მერე დავიხარე და მზეთუნახავის ხელს ვაკოცე.

* * *

მისი ცრემლის სიმლაშე ვიგრძენი. დედიშობილა მთვარე ცნობისმოყვარე, ჭორიკანა დედაკაცივით მოიპარა სარკმელთან, ოთახი მთვარის ვერცხლისფერი ციალით აივსო.

ეგრე ქანდაკებებივით ვიდექით. რამდენჯერმე ჩავახველე, მერე სარკმელთან მივედი და ფარდა უაზროდ გავასწორე, მთვარე გასხლტა და ჩამობნელდა. გული გამალებით მიცემდა, ზაფხულში რო ნაკადულის ჩუხჩუხს გავიგონებდი, ისე მესმოდა საკუთარი სისხლის ხმაური. დამათრობელი სურნელი იდგა ბნელ ოთახში, სადაც მთვარის ნათელის ნარჩენებიც წყვდიადის ლუკმა გახდა. რა მეთქვა, არ ვიცოდი. ვიღაცის ხმა ჩამესმა: `ეგ შენი ცოლია~ და შევკრთი, თითქოს ახლა ვიგრძენი, რო მყუდროება დამერღვა და საკუთარ თავთან მარტო აღარ ვიქნებოდი. ჩემს და ჩემს თავს შორის ვიღაც უნდა ჩამდგარიყო. და ჩემს გაფრენილ ანგელოზთან ბოლოს შეხვედრის წამი გაკრთა, ჩვენი დიდი ხნის სიყვარულის დასრულების ღიმილი. არაფერია ასეთ ღიმილზე საზარელი, ჯოჯოხეთის ყველაზე საზარელ სურათს აღემატება. ეს ღიმილი სულის ჩრჩილია, ის შენს სულშია ჩარჩენილი და ბოლოს აღმოაჩენ, რო იმქვეყნად წასაღებიც აღარაფერი გაგაჩნია.

ვიდექით ეგრე ქანდაკებებივით ორივე, ორი მდუმარე ცხედარი და ვგრძნობდი, რო ორივეს ერთი უბედურება გვტანჯავდა და საკუთარ თავს ვცდიდით. სიბნელეში ვერა ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი მისი ცრემლების სიმლაშეს.

დამათრობელი სურნელი იდგა ოთახში.

ნაბიჯი გადავდგი, უფრო ძლიერად ვიგრძენი უცხო, გადამწიფებული ქალის სუნი. სისხლი უარესად აირია, თითქოს სადღაც იყო დაგუბებული და ერთიანად დაიძრა. ნაზად შევეხე, სიბნელეში უაზროდ ვაკვირდებოდი მის ცრემლიან სახეს. ვაკოცე და თითქოს სუნთქვა შემეკრა, ვიღაც ივსებდა ქალის სუნით გაჟღენთილი ჰაერით ფილტვებს ჩემს ნაცვლად.

და არაფერია იმაზე საშინელი, როცა მზეთუნახავ, შიშველ ქალს ეფერები და ვერ ეუბნები `მიყვარხარ~. ეს არის უსიყვარულო მდუმარება, მკვლელი სიჩუმე. ეს მკვლელი სიჩუმე უნდა მეგრძნო ოდესღაც. ვეება დოლაბს ატრიალებდა ჩემი სისხლი, გული სარეკელასავით ხტოდა. პენუარი ნაზად გავხადე, თითქოს გონება მებინდებოდა. იდგა და ტიროდა, შიშველ სხეულზე დასდიოდა სახიდან ცრემლები. წამიერად მეც გავშიშვლდი, ახლოს მივიკარი, მხოლოდ უსიტყვოდ ვეფერებოდი. სავსე, ბარაქიანი, დაუქელავი მკერდი დავუკოცნე, კერტებს ხარბად დავეწაფე, რაღაცნაირი კვნესა ჩამესმა, ოღონდ ეს პირველი ღამის გამომხატველი არ იყო.

სავსე ვიყავი მისი სურნელით. ჩემი უსიყვარულო ოჯახის ცხოვრება იწყებოდა. უცბათ წამოხტა საწოლიდან და სიბნელეში ხელის ფათურით მოძებნა ღამის პერანგი. ეგრე გაშიშვლებული ვიწექი და უაზროდ ვიყურებოდი.

მხოლოდ ეს თქვა: `არ შემიძლია~. ისეთი ხმით იყო ეს ნათქვამი, რო აღარაფერი მითქვამს. ერთად გვეძინა, მე ნახევრად შიშველს, იმას ღამის პერანგში ამოფუთნულს. ზურგებით ვაკვირდებოდით ერთმანეთს, ის იქ იყო, მე აქ...

ისევ ისეთი წუთისოფლის დილა გათენდა, როგორც მე მომწონდა. გამიხარდა, რო ისევ მარტო ვიყავი და ჩემს ფიქრებში არავინ შემეცილებოდა. მზეთუნახავი ქალი მიწევს, ისევ ისეთი, როგორიც მოვიყვანე და ვერ წარმოიდგენ, როგორი ბედნიერი ვარ, ჰამლე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რო უფალი ბევრ გამოცდას გიწყობს, ზოგს ჰამლეს ხელით, ზოგს კიდევ...

წამოვდექი. მძინარეს დავხედე, მშვიდად ეძინა და ვიღაცას უღიმოდა. არ შეიძლება, ძილის ბედნიერება ცხადში ჯოჯოხეთად გადაუქციო ადამიანს. წარმოვიდგინე, რო გაიღვიძებს, დამინახავს და შეკრთება. ახლოს მივედი, იშვიათად მინახავს ასეთი ლამაზი ქალი, თითქოს წელიწადის ყველა დრო ერთად იყო მის სახეზე.

ძირს, საწოლის დაბლა ფოტოები ეყარა. დავიხარე, ცნობისმოყვარეობას ვერ გავუმკლავდი, ჯერ ერთ ფოტოს დავაკვირდი, ვიღაც მომღიმარი, ეგრე ოცდაათს გადამცდარი მამაკაცი ორივე ხელის თითებით გულს მიჩვენებდა, მეორე ფოტო...

არ ვიცი, როგორ ვთქვა, მეგონა, რო მეჩვენებოდა, დარეტიანებულივით ვიყავი, ბოლოს ვეღარ შევიკავე თავი და მის საწოლზე ჩამოვჯექი. გამოეღვიძა, ჯერ უაზროდ მიყურებდა, მერე წამოჯდა, პერანგი შეისწორა, დაბნეული აცეცებდა თვალებს. თითქოს ვერ გამორკვეულიყო, სად აღმოჩნდა.

ისევ ავიღე ფოტო და ნელ-ნელა შევაპარე მზერა.

_ ეს კაცი გიყვარდა?

თვალებში ტკივილნარევი ზიზღი გამოეფინა, ტკივილი სულს ეკუთვნოდა, ზიზღი – სხეულს.

_ ეს კაცი გიყვარდა? _ ისევ გავუმეორე კითხვა და ფოტო გამომტაცა.

თვალი გავაყოლე სურათს.

_ ეს ქალი, ეს ქალი ვინ არის? _ ხმა ამიკანკალდა და ვიგრძენი, როგორ დაიძრა სულიდან რაღაც საშინელი ღვარცოფი, ყველაფრის წამლეკავი ღვარცოფი.

_ ეს ქალი სატანაა, _ თქვა და მზერა მომარიდა.

წამოვდექი და ოთახში შეშლილივით დავიწყე ბორიალი. მეგონა, რო სიზმარში ხდებოდა, მეგონა, რო ეს ქალიც სიზმარში გავიცანი, დედაჩემისეული ბეჭედი, ჰამლე და თავისი ცოლი, პირველი ღამე მდუმარებით სავსე, ეს სურათი, ეს სურათი, სადაც ის იყო... ვისზეც მთელი ცხოვრება ვლოცულობდი.

_ ეს ქალი სატანაა, _ გამწივლა ყურში, მერე ეს წივილი რაღაც საშინელ რყევაში გადაიზარდა. Mმეგონა, რო სახლის კედლები ერთმანეთს ენარცხებოდნენ და ცოტა ხანში ნანგრევებში ჩავიმარხებოდით.

„მაინც ვერ ვიძიე შური“ - გაიფიქრა და ლოგინიდან წამოდგა.

თვალი გავაყოლე, მართლა მზესავით ქალი იყო, მისი სურნელით ავსებულიყო ჩემი საძინებელი.

* * *

_ ბიჯოო, შე ქლიავო, შენა, _ თავში წამიტყაპუნა ჰამლემ.

სხვა დროს რო ეს ექნა, წიხლქვეშ გავიგდებდი, მაგრამ თითქოს ვერაფერი ვიგრძენი, ეგრე გაბეცებული ვიდექი და მიწას ჩავცქეროდი.

_ მართლა უკან მიგყავ? _ ვერაფრით იჯერებდა.

ჰამლეს ცოლი ვითომ შეწუხებული სახით იყო, სინამდვილეში კი კბილებით ეჭირა სიცილი.

_ მომხედე აქეთა, _ არაფრით მეშვებოდა, _ რა მოხდა ეგეთი?

_ რა უნდა მომხდარიყო, თავის სახლში უნდა, _ ვთქვი და თვალები ავარიდე.

_ ფუი, ამისთანა ქალი... ვერაფერი? აქეთ მომხედე, _ თავი ვეღარ შეიკავა, _ ლექსებს ხო არ უყვებოდი მთელი ღამე...

ჰამლეს ცოლმაც მოაღო პირი, დაკბენილი სიცილი გამოუშვა.

_ არ მიწერია ცოლი და მორჩა, _ მეტი არაფერი მითქვამს, _ ალბათ, უნდა შევხვედროდი ამ ქალს, _ ჩემთვის წავიბუტბუტე და გავეცალე.

ის იყო და ის, სადაც დამინახავდა ეს შეჩვენებული, ჰამლეზე ვამბობ, სულ იმ სუფრას მიხსენებდა.

_ ნეფიაანი მოვიდნენ, ნეფიაანი, იყა ეგრე ახლა.

არასოდეს დამავიწყდება დამშვიდობებისას მისი გამოხედვა, ჩემი ტკივილებიც მის თვალებში ამოვიკითხე. ეს მდუმარება ყველა წაკითხულ წიგნზე მეტი იყო. თითქოს ტკივილები გავცვალეთ. ვგრძნობდი, რო ვიღაც არსებობდა ჩემნაირი, თავის ფიქრებში ჩახარშული, თავის ტკივილებში გამომწყვდეუკლი და მე ის უნდა მენახა.

მოკლედ... სასაცილო ამბებით დავიწყე, ჰამლეს ამბებით და სევდით დავასრულე, ცხოვრებაც ეგრეა.

და უცბათ მოკვდა ერთ დღეს ეს კაცი, ჰამლეზე ვამბობ. გადავარდა და მოკვდა, ფული დამრჩა ჩასასესხებელი. იმ ფულით ნაყიდ კუბოში ჩაასვენეს ის უბედური. დავცქეროდი გაყინულ სახეზე და მაინც არ მეჯერა.

თითქოს სულ ერთად ვიყათ, თითქოს ერთმანეთისა ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ მიწა რო მივაყარე, მერე მივხვდი, რო ჩვენ ადამიანებს ერთმანეთის გაცნობა არ გვინდა.

5 ენკენისთვისა,

2023 წელი,

დიცი