ციკლიდან: ,,იტალიური სიმეტრიები და მისტერიები"

იტალიურ კაფეში

მოქნილი სხეული გეპარდისა,

გეპატიჟა და გეპატიჟა...

თავდახრით შეგღიმა ელამურად,

შენს გულსაც რაგვარად ელამუნა,

ვით სიო, ზღვის პირა დაისისა,

თეძონი არხია, დაისრისა

თითები, იმ ბოთლზე ამარეტოს

ნამი შეაწმინდა, აგარეტა.

აგირ-დაგირია ხვეულები

ტვინის, მისი თმების რხეულებამ...

ჭიქა გაგივსო, ლიმონები

ლამბაქზე განერთხა. დაგიმონა

ტუჩებთან წყურვილის ზიგზაგებით,

პატარა ქალმა ზიმბამბველმა.

13.05.25.

***

ჩემო მეზღვაურო,

ბრძენო გაეტანო,

მიწის სიმძიმემან

ზღვაში გაგიტყუა.

ყოფის ტკივილები

წყალს რომ გაატანო,

ყლუპი რომი გეყოს,

თევზის ერთი ყუა.

სიჩუმე და ღმერთი,

აქოჩრილი ტალღა,

ღრუბლის თაღებია,

ზეცის კამარები,

ასე თუ ხვდებიან

ზღვის ტალღების ხარხარს,

ნავი არის ეგ თუ

შენი სამარეა.

ნავი არის ეგ თუ

შენი სამარეა,

თუ სიცოცხლის დამტევს

საგალობელს მღერდი,

მზის ჩანჩქერში მოვა

სველი გალათეა,

სველი გალათეა

ატეხილი მკერდით.

იგი გააცოცხლებს

შენი სუნთქვის ფერებს,

ვიდრე რაფაელის

ფუნჯი გადაიტანს,

მის თხელ ღაწვებს,

თეძოს, სიფრიფანა ხელებს,

ტრფობის ჟინით სავსე

მის გულსა და მის ტანს.

ნავთსაყუდელს დაგმობ,

პორტებსა და ნაპირს,

რადგან ყოფა სახლში,

ჟამი-მირაჟია,

თავის ძიებაში,

სულის ძიებაში,

ყოველდღიურ

სასჯელს, - გარჯას

რომ გისჯიან.

მონოტონურ წლებთა

მონაცრისფრო ქოთანს,

წუთისოფლის ყლუპად

გამეტებულ წყაროს,

ზიარების კოვზი

ღვინის გემო ჰქონდა,

რა დაგრჩება,

სული

ხორცს რომ გაეყაროს.

პურის ერთი ლუკმის

ოფლში მონა გქვია,

წლიდან წლამდე სარჩოს

ვალს თუ გადაიხდი...

ერთ დღეს მძიმედ დაღლილს

მიწას მოგაყრიან...

ხან მკვდარს, ხანაც ცოცხალს,

დაგმარხავენ რიხით.

შენ - სხივებში, ღვთისკენ

ასასვლელ გზას ქარგავ...

აქ - სიგიჟე სრული,

ძაღლი ვერ სცნობს პატრონს...

მეტყვი: არ ღირს დარდად

ვინაც დაგიკარგავს.

რადგან კაცი ღმერთთან

მაინც არის მარტო

(რადგან კაცი ღმერთთან

მაინც არის მარტო,

არც ფლიდი, არც შმაგი,

არ მიიღო ცუდად,

სჯობს, ავის ქმნით

ცოდვა აღარ დაიმატო,

მრავალსიტყვაობა

დახარჯული ცრუდა).

წუთისოფლის სევდა

ბოლოს რომ აგიტანს,

როცა მოგწყინდება

გემო ჩაატანო,

ამოწურავ მლაშე,

დაბერებულ, ხმელ ტანს,

ბოლო ერთი ტყვიით,

ბრძენო გაეტანო.

10.03.25.

***

მე ახლა გავყურებ ტარანტოს კორპუსებს,

ქარს მოქვს ფრანცესკო კავალის ოპუსი,

ქალაქი - სიგიჟე, ქალაქი - ქაოსი...

დავოსდი.

20.05.25.

***

არ მიძღვნიან მადრიგალებს,

არსად მივექანები,

არ მტოვებენ ნაზ ფიქრებთან

ზეთისხილის ჩრდილები,

მაცივებს და მაგრიგალებს

აქაური ქარები,

ყველა ფიქრი, აზრი ქრება,

ზეზეულად ვილევი...

ყველა ფიქრი, აზრი ქრება,

ზეზეულად ვილევი,

მაცივებს და მაგრიგალებს

აქაური ქარები,

არ მტოვებენ ნაზ ფიქრებთან

ზეთისხილის ჩრდილები,

არ მიძღვნიან მადრიგალებს,

არსად მივექანები.

21.02.25.

***

ეჰ, ჩემო ფრანკო,

ფრანკი არის ფასი ყოფისა,

ან ჩენტეზიმი, თქვენში ალბათ

ასე იტყვიან,

როცა ბერდები უშვილძიროდ,

შენი მოდგმისა

არ გიტირიან, არ ხტუნავენ სახლში ბალღები...

გაუქროლია წუთისოფელს,

ვერც შეგიტყვია.

დრო იყო, თურმე, წელწვრილ ქალთა

კაბებს კერავდი,

დრო იმ საკაბე ქსოვილივით

გახუნებულა.

ყველა წასულა, შენ თითქოს ცას

გამოეკერე,

ყველა წასულა, პოდიუმიც, მაყურებელიც,

ან შეგნებულად გამოგტოვეს,

ან უნებურად...

ფერად ძაფებში ახლართულან,

როგორც ობობა,

კაბის საკინძეს მორჩენილი

ნაზი ღილები,

ფოტო: ფაშიზმთან მეომარი

მამის, - ომობდა,

დედა - მაქმანთა სიფაქიზის

ფატის ჩრდილებში.

რა ხალისი აქვთ,

რა სინათლე,

რა ღიმილები...

ძვირფასი პალტო, ჩამომხრჩვალი

თავის ბუდეში,

რისხვით ხელს უქნევ აივნიდან

ცას მტრედებიანს.

ეჰ, ვერ კერავენ, ვეღარ ქმნიან

თითებმრუდენი,

აღარც იხსენებ თმახუჭუჭებს,

დიდ მკერდებიანს...

იქ რომ მიუხვალ,

ალბათ ტაშით შემოგხვდებიან.

აქ კი გულწრფელად დაგიტირებს

შენი პუდელი.

18. 05. 25.

***

ეს ჩემი ეზოს ჭიშკარი

რომელი ხისგან გათალეს,

იქნებ ის ხეა უცებ რომ

ზურგზე აჰკიდეს

რაბბის

და მტვრიან გზას გაუყენეს...

მერე ავნეს და აწამეს...

მერე ნაფოტად ქცეულიც

სასწაულებს რომ სჩადის.

მესიისათვის დაკრული

ლურსმანი მასაც მიესო,

მისი სხეული შეეხო,

ესმოდა გულის ფეთქვა,

ხე იყო, ჯვარად აქციეს,

ნაზარეველი იესო,

სახსნელად კაცთა მოდგმისა,

მისგან ამაღლდა ზეცად.

ასეა, ერთ დროს ფესვიდან

ასობით ნერგი იწვერებს,

რა ბედს უმზადებს სამყარო,

რა იღბალს, შვილებს მიწის,

ზოგ ხეზე ჩიტი იგალობს...

ან პირჯვარს გადაიწერენ,

ზოგი აკვნისთვის ითლება,

ზოგი ბუხარში იწვის.

04.07.25.

ბოლო წერტილი

იტალიის მისტერიები და სიმეტრიები

ვუყურე უცხო ცას,

ციმციმა ვარსკვლავებს,

მკაფიოდ დახურულ

ცარგვალს და ცა მთვარეს,

კორდები,

ფიჭვები

და ჰორიზონტები...

თვალსაწიერებზე

ვრცლად გაშლილ

ფერდებზე

ატყორცნილ უბადლო

კასტელებს,

ხასხასას,

სიმკვეთრეს ფერების,

ჭვირვალე ჰაერის

ფილტვებში გაფანტვას;

იისფერ ყვავილებს,

ხასხასა მწვანეში

ხალიჩას დახვეწილს,

ნარნარს და თავმდაბალს.

ვეძებე ჩემი ხე,

უძალომ, უფილტვომ,

სახსრებში ნამტვრევი

თითებით შეხების

წყურვილით

ვეძებე,

ვეძებე ჩემი ხე.

მიმზერდა სიცივის

თვალები, თვალები,

ქალები მზისნამწვით,

ნაწვიმი ჩეროდან.

მჯეროდა,

ჩემი ხე

მიხმობდა,

არ მთმობდნენ

იმედის წინწკალა

წვეთები. ჩიტები.

ჩიტები - ცეტები.

მწერები-მწერები

სერებზე,

ბაღებში

ზეთისხილს შეკრული

სილურჯე-სიმწვანე,

ვეძებე ჩემი ხე,

რომ ჩავხუტებოდი,

რომ ძალა ამეღო

სამყაროს ფესვიდან,

ვფიქრობდი:

ჰაერი - წამალი შესვი და

ჩემი ხის ბზარებში

ჩატოვე შიშები.

ვფიქრობდი

ხელახლა

ვიშობი

შიშველი,

შიშველი

სულით და

უცხო რამ

მისტიკით.

ალისა, მალისა,

თვალისა

ხეთა და

ჩვენს ხეთა ძალები

ჩვენზედა.

ჩვენზედა.

ძალები ქალების

ძალები ციხეთა,

კასტელთა,

ბალახთა,

ღმერთთა და

უფსკრულთა.

ვეძებე ჩემი ხე.

ვიპოვე ჩემი ხე,

ფუტურო ფუღურო.

დახრული ჩემი ხე.

ვეხუტე, ვეკარი,

ვიყუჩე, ვიტირე...

დაცვენილ ფოთლების

შრიალში მომიგო:

წადიო!

წავედი!

გზები და გზები და

ვაგონი... კორდები...

ალპები... ალპები...

რეისი 107,

დავმშვიდდი...

ალფა და ომეგა,

საწყისი-სასრული.

ღრუბლები ჩემს ქვემოთ,

ჩემს ქვემოთ ალპები.

მოვდივარ, სამშობლოვ,

მოვდივარ, გბარდები.

სამშობლო უფერო,

მამული, დედული,

ნაცრისფერ

ხალათში

ცივ ჯვარზე გაკრული,

ტანჯული, ნატკენი,

აიას ქარებით...

აეროპორტში კი

ციმციმა თვალები.

შავგიშრის თვალები

მხვდებიან ვაჟისა.

დედობა-შვილობა,

შვილობა-დედობა,

ვეხვევი. ვეხები.

ვიცინი... ან ვტირი...

დავბრუნდი ობოლო.

დავბრუნდი დედისავ.

დავბრუნდი და შენი

სურნელი მეღირსა.

დაფრინდა, დაფრინდა

რეისი 107.

დავმშვიდდი.

დავმშვიდდი.

30.02.25.

ესა - სარკე

ცა ჩამოიქცევა ამაღამ,

ვერავინ დაანგრევს ამ წესრიგს,

სამყარო, ისე, ვით არმაღანს,

თქეშს მიწისაკენ გაამწესებს.

ამ იმპერიებს ვინ მართავენ?

რად აღარ იდება ზავები?

ვერ დაველოდები მარტამდე,

თოვლს ჭყაპად როს გააზავებენ.

ნუ წახვალ, კვლავ აქ ვითამაშოთ,

ჩვენ ვიყოთ ამ ქვეყნის თქერები,

გვიწერენ არაფრის თამასუქს,

მკვლელები, ამ ფერებ-ფერებით.

მკვლელები, ამ ფერებ-ფერებით,

გვიწერენ არაფრის თამასუქს,

ჩვენ ვიყოთ ამ ქვეყნის თქერები,

ნუ წახვალ, კვლავ აქ ვითამაშოთ.

თოვლს ჭყაპად როს გააზავებენ,

ვერ დაველოდები მარტამდე.

რად აღარ იდება ზავები?

ამ იმპერიებს ვინ მართავენ?

თქეშს მიწისაკენ გაამწესებს

სამყარო, ისე, ვით არმაღანს,

ვერავინ დაანგრევს ამ წესრიგს,

ცა ჩამოიქცევა ამაღამ.

ეკრას - ასე.

27.04.24.

ბარათი ემიგრაციიდან ლელას

ეჰ, ჩემო ლელა,

ტვირთი არის

ყოფა ჩემივე,

წავიდა ყველა,

თავში ხელი

გვიან შევივლე,

წუთისოფელო,

რა შორ გზებზე

გამაწევინე,

ეს ჩემოდენა

ჩემოდანი

რომ მაწევინე;

გზები მიკეცე,

შოსეები,

მაგისტრალები,

გადამიკეტე

სახლის გზა და

სახლის კარები.

ნატვრა - გულია,

ხელიგულში

ჩუმად ფრთხიალებს,

ნატვრაში

გულით ვეფერები

ადამიანებს,

ვთვლი, ხეტიალში

გავეჯიბრე

ბერძენ ოდისევსს.

ეჰ, ჩემო კარგო,

დავბრუნდები

ალბათ როდისმე...

25.11.24.

***

როგორ ეხლები ღობე-ყორეს,

როგორ ეხლები,

ფიქრობ, ვინა ხარ, თურმე როგორ ფუჭად გივლია,

ათწლეულები ჩაიკეცა გარდამტეხები,

ახლა კუთხეში მიკუნჭული,

როგორც ნიბლია,

ჩუმად ფრთხიალებ, მოგტეხია

ფრთები საფრენი,

ქალად რომ იშვი, სირთულეა

უკვე, ასე რომ,

რა მისია გაქვს,

ადვილია ეგებ სათქმელად,

რაა ცხოვრება, ანდა ახლა

რისთვის არსებობ...

იყო დროება დედისა და მამის იმედით,

მერე ყმაწვილი, გეგონა, რომ ცამდე უყვარდი,

თავადაც ბავშვმა, იორსულე ორჯერ, მინებდი,

ქალად ნაშობმა დედამიწას

ხარკი უხადე,

რეცხე, დაგავე, გაამზევე, ბევრჯერ გაგექცა

ფიქრი, ახალი ფეხადგმული შენი შვილივით,

რომ ეს სოფელი არის ერთი დიდი სამხეცე,

რომ ამ სოფელში ასე მშვიდად ვეღარ ივლიდი.

რომ გეძახოდა ცის კიდე და მზე სხივს გიწვდიდა,

რომ დასალაშქრი მოგიხმობდა

მთა და ველები,

რომ მაღლა იყავ, ოდნავ მაღლა სველი მიწიდან

და ფრთებს გიწვდიდნენ, ფრთებს, მუზები გადამფრენები...

შიშმა თავისი გაიტანა, შიშად გაქცია

და გაურბოდი უცხო თვალებს, უცხო ფრაზებსაც,

რადგან კრთებოდა შენში ეჭვი სულ მთლად პაწია,

მერე დღითი-დღე იზრდებოდა და გაბრაზებით

ხმას უმაღლებდი მკრთალ ყვავილებს სალარნაკეებს,

ამსხვრევდი ვაზას, მინას, თეფშს და წარმოსახვებსაც,

თავს არწმუნებდი, ბევრი ფიქრი, უკვე ნაკლია

და გულზე გედო, დაჭრილ გულზე თეთრი სახვევი.

ებრძოდა შენში ბობოქარი ქალი ვუალით

შენში მცხოვრები ცოლისა და დედის სახებას...

როგორც ღმერთის და ეშმას ბრძოლა

გარდაუვალი,

ხან ღმერთი, ხანაც ეშმაკი, რომ მწარედ მარცხდება...

მიდიხარ ისე, ვერ იქალე, ვერ შვი სამი ძე,

ან შენი წასვლა რას დააკლებს, როცა სამიწე,

მიებარები სასაფლაოს, თუკი გაგიძლებს

თუკი მიგიღებს დედამიწა, თუკი დაგირწევს

ბოლო სასთუმალს, სადაც უკვე ქმრის სამარეა

და რა ხანია ინახება შენთვის ადგილი.

დაულაშქრავი გრჩება მთვარე,

ცის კამარები,

თვალმინაბული ვერ მიენდე ვერც ერთ ათინათს.

16.11.24.

კანაელთგვარად

ჩვენ რომ ჩვენი მოგვეზღოს,

ჩვენ რომ ვიყოთ დიდები,

ჩვენს ქორწილში იესოს,

უფალს დავპატიჟებდით.

როგორც მაშინ ხდებოდა,

გალილეას კანაში,

გაბედნიერდებოდა

გული ამ ქვეყანაში.

ვისტუმრებდით ღვთის დედას,

აგვავსებდა ალერსით,

თმაში ყვავილს მიბნევდა

ჩვეულ სიმხურვალეთი.

მერე, როცა წვეულნი

გამოცლიდნენ თასზე თასს,

ლხინით გადარეულთა

მღერა მღერას გასდევდა,

როცა ეშხი თრობისა

მიაღწევდა მწვერვალებს,

აქეთ-იქეთობისა,

- დალევს!

- არა, ვერ დალევს!

დედა უფალს უხმობდა,

სხვათა დარდთა შემფერი:

- შვილო, ჩუმად, უხმოდა,

წყალი ღვინოდ შეჰქმენი.

სთხოვდა, ვით გულთმისანი:

- ჰქმენი, უზენაესო!

საჭურჭლენი ხისანი

ისევ ღვინით აევსო.

ხოლო ის, გულმოწყალე:

- არ დამდგარა დრო ჯერაც,

- ეტყოდა და იმ წყლიდან

ღვინოს ამოავსებდა...

გასდევდა მზე ნელი სვლით

ვარდებს - ვაზის ჩეროთი,

სვიმონ კანანელივით

ჩვენც კი გადავრჩებოდით.

01.07.25.

***

შეჭამს ტვინს ფიქრი უსამანო,

გამოხრავს გულს სევდა თავნება,

მომიწევს სადმე გადავმალო,

გავაქრო, თუმცა არ მთავრდება:

რა მარტოდ დავტოვე ჩემი სახლი,

რა მარტოდ, ალბათ მოიწყინა,

ქვითკირის კედლებმა მოიწყინა,

ალბათ ჭიშკარმაც მოიწყინა,

ფუძის ანგელოზმაც მოიწყინა,

რომ აღარ ინთება სანთლები.

ქარში ჭრაჭუნობენ კრამიტები,

ნეტავი, ხომ არ ეშინიათ?!

წელსაც ჩაიფერფლნენ ის ტიტები,

ნეტავ, თუ აყვავდა პავლონია,

ანდა, იასამნებს თუ მიჰქონდათ

სურნელი შორი გზის მგზავრებამდე,

მწერი თუ ყნოსავდა ბაღჩის ქონდარს,

ნეტავ, მეზობლის ცხენს თუ აბამდნენ,

ხომ არ გადაძოვა ფურისულა?!..

ნეტავ, გაიფოთქნენ ვარდები?

ვახსოვარ ქუჩის ლეკვს მოსუნსულეს?

იქნება, მელის და ველანდები.

ნეტავ, ხეივანზე აშხვართული

დირბულას მტევნები შეიმკრახა?

მტევნად დაწურული ჩემი გული

მანდეთ მოლასლასებს, როგორც გლახა

ნატრული ცივი წყლის მომჩქეფარის,

ნატრული ცხელ-ცხელი პურის სუნის.

ხომ არ მიკვნესებ, მტკვარის ქარო,

ჩემს ვარდებს,

ჩემს ტიტებს,

ფურისულებს...

ალბათ გადაქსოვდნენ ეზოს თეჯირს

ბადით ობობები ხელგაშლილად,

ცელქი ბავშვები მეზობლების

ალბათ მკვახე ვაშლს იპარავენ.

მარანში ღვინო არ ამიძმარდეს,

ბოქლომით დაკეტილ მარანში,

ღმერთო, დაგვაბრუნე მე და დები,

ღმერთო, ჩვენს ნანატრ ქვეყანაში!

ღმერთო, რატოა რო დარდს არ მილევ...

ღმერთო, რატოა რო დარდს არ მილევ...

ვინ მორწყავს ბაღჩაში ჩემს ყვავილებს...

ვინ მორწყავს ბაღჩაში ჩემს ყვავილებს...