
***
მე ვეღარავის შთავაგონებ! დასრულდა ყველა
სურათი, სადაც მე ვიყავი, ვარ და ვიქნები,
ისევ წარსულთან პაემნისგან მჭირდება შველა,
თორემ გავქრები მირაჟივით. აღარც მიგნება
ჭრის შემოქმედის საქმეების, კენტობაც აღარ,
მკრთალდება ყველა ეპიზოდი, ყველა ფრაგმენტი,
ჩემო ლანდებო, დაეხსენით ყველა ძირნაყარ
სანთელს, რომელიც იქნებ, ერთად უნდა აგვენთო.
ფერი ეცვლება ყველა სურათს, ყველა დარჩენილ
დღეებს, რომლებშიც სხვებთან ერთად უნდა გემეფა,
სავსეა ის ზღვა ნაფოტებით და ზღვის გარშემო
ხრიოკ ხმელეთზე გარიყულან ძველი გემები.
და ვახელ თვალებს. ხორციელი (ასეც ვიცოდი)
სადაა ირგვლივ, ვეღარ ვაგნებ, მასკდება ტალღა
უიმედობის. კვლავ ჩამესმის ხმა ეპიზოდის,
იქ, სადაც მანგრევს სანდოობის უცნობი ალღო.
25 სექტემბერი, 2025
პოეტის საგები
ყველგან ატყვია ჩემს ცხოვრებას შავი ლაქები.
ყველგან ლოდები და ეკლები... მუდამ უგონო
წყვდიადის მიერ ვზიანდები და ვილახები
და აღარც ვცდილობ, კამათელი რომ გავუგორო
სიკვდილ-სიცოცხლეს; ამ თამაშმა უკვე დამღალა,
ჯალათებივით აიყალყნენ გზები ეკლებად,
ახლა სწორედ ის პროცესია, როცა ნამგალა
მთვარე ზეცაში გზაგასაყარს ეპაექრება.
უარი მითხრა გადასვლაზე ხიდმა-ჯალათმა
გზაზე, ნათელში მატარებდა რომელიც უფრთოს,
გრილ გარესკნელში ღრმა გრიგალმა გაიშალა თმა,
რომ ჩემს განაჩენს ჰუმანიზმის მუზები უფრთხოს.
აღარაფერი მაკავშირებს მიწასთან... აგებს
პასუხს არავინ, რომ ასეთი ვიყავი მუდამ
და იქ ვაპირებ დამკვიდრებას, პოეტის საგებს
სადაც ყოველთვის ცაკრიალა ექნებათ ქუდად.
23.08.2021
რესურსები
სასიცოცხლო რესურსები მეწურება,
ჩემს თავს ვეძებ... სად ვიპოვო ის?
დამიხუჭეთ ეს თვალები, მხეცურები,
მზე თვალებში ბნელის ნაცვლად ზის.
ვინც გიპოვეთ, ნუ დამკარგავთ სიზმარივით,
ნუ მოძებნით ჩემში ავს და მტერს,
მომაწოდეთ ის პური და ის მარილი,
რასაც სხვაგან მოვიპოვებ ვერც.
აღარ მინდა გაუვალი გზების გავლა,
აღარ მინდა შავი ნერგის რგვა,
მსურს, მესმოდეს... არ ვყოფილვარ თქვენთვის სავლე,
თუმცა, ბევრი მომხვედრია ქვა.
19.09.2018
ჩვენ ვგავართ ლანდებს
ჩვენ ვგავართ ლანდებს, მწყურვალ ლანდებს, მუდამ გვალვაში
მობანავეებს, წვიმის მდევრებს, სადაც ტყე-ველი
ბრწყინავს წყვდიადში მწუხრის ქვებით, როგორც ალმასი
და სახეს იცვლის აჩრდილების საკურთხეველი.
მწირი მწერალი. მწარე მიწა. სიტყვა სიმწრისა.
ნაცნობ სიცოცხლეს ვეღარ ვიტან! ირგვლივ ტიტანებს
ელით კედელი, გულგრილობამ სადაც მიმსრისა,
რადგან ვაჭრებმა ქვა და რკინა შემოიტანეს
ბაზარში, ნაცვლად შემეცნების... ჩვენი რა მიდის?
მხოლოდ ხეირი და სეირი ახსოვთ პლანეტებს...
ქრება სინათლე, როგორც ბაღი სემირამიდის,
მიწამ და ზეცამ აქ ერთმანეთს უერთმანეთეს.
ჩვენ ვართ ხომალდზე. ის მომავლის ტალღებს შეება,
მასიურ სიტყვებს კიდევ ვიტყვით სადა მგზავრები,
მაგრამ მანამდე, ვიღაც ჩლუნგი ეზოპეები
ბოღმანარევი ნაბოდვარით დაგვამთავრებენ.
14.09.2019
მაღალ კლდეეებში
ცხოვრება, სადაც სიძულვილი ქცეულა მმართველ
ძალად, ჩაძირვა ღრმა ჭაობში მალე მოელის...
მაღალ კლდეებში ფრენას სწავლობს უცნობი მართვე,
რომ გაიაროს ეკლიანი გზა უცხოელის.
მე მუდამ მესმის რაღაც უცხო, შავი, უძღები
ხმა, თითქოს, ჩემში აგრესიის ღრენა შეისმა,
მე მუდამ ვდუმვარ ამავე დროს და ვიუწყები,
რომ დამადუმა მდუღარე ტბის ფსკერზე რეისმა.
ამავე ქალაქს კენჭი ერგო ლოდად ამავე
საუკუნეში, მახათს აღარ იყრიან სადაც,
ვიღაც ყასბები ისტორიას ცრემლით ნამავენ,
სადაც წირავენ ხალხს მდუმარეს, მშრომელს და სადას.
სნობებმა კარგად შეისწავლეს: პუბლიკა პურს და
სანახაობას უფრო ეძებს, გონებას ვიდრე
და ერთგულია ყველა თავის აღებულ კურსთა,
გადარჩა მხოლოდ ძველ ფურცლებში ცათა სიმდიდრე.
არა მომავალს, არა საშველს... არა სულიერ
ველს, სადაც ტანჯვა მალე კვდება, როგორც პეპელა...
მხოლოდ ხრიალი, კბილთა ღრჭენა და უფსკრულია,
კიდევ ოცნება, შორეული და უვნებელი.
31.10.2017
***
როცა შეშლილი შემოქმედის ოხშივარს ადნობს
თვალსაწიერი სიბნელეში (სრული წყვდიადი)
ვგრძნობ, ქარის ხარხარს, ვგრძნობ, რომ ანგრევს დაბზარულ ტატნობს
ცნობის დაკარგვა, არც ხშირი და არც იშვიათი.
და ამის გამო რადგან მარტო ბოლომდე დავრჩი,
ვერ ვუგებ სტუმარს, თუმცა მიყვარს, ვხვდები და ვუსმენ,
ჩანს, რომ იმძლავრა ჩემში -- სხვაგან მიმავალ მგზავრში
ლაბირინთებში ხეტიალის რუხმა ბახუსმა.
მერგო მზის ძებნა უგზო-უკვლოდ, რადგან არ იყო
აღარც სინათლე, აღარც გიდი, ქრებოდა მზერაც,
არც ვიხრებოდი, შუბლს მინგრევდა კარის ხარიხა.
გრძელი და ბასრი ჰორიზონტის ყვირილმაც მსერა,
მახსოვდა, გვერდით კაცს სურდა და სულ ედგა ნეკნი,
მე კი წიგნი ვარ დაფლეთილი და უგარეკნო.
29.08.2020
***
სატურნი არის ჩემი შლაპა, ხოლო საჰარა
- ემბაზი ჩემი. ვდგავარ და ვიცდი.
ვიხსენებ, ბნელმა შეთენება როგორ მახარა
და მომაშორა ტორები ხისტი.
იქ, სადაც ხშირად იმართება ხმათა ტურნირი,
მე დიდხანს ვდგავარ უტყვი ძეგლივით,
მე ცრემლის ნაცვლად ლექსი მომდის და სატურნივით
ვყლაპავ და ლექსით ვარ დაეკლილი.
ყველა კუთხიდან ცენტრის ხილვამ ისე დამხარა,
რომ დავინახე მგლებში თიკნები.
ეს მე ვარ ჩემი ყველა სიტყვის ერთი ამქარი,
სხვა არ ყოფილა და ვერც იქნება.
ჭკუიდან ცაში აჭრა მინდა! კატალოგივით
ვარ გადაშლილი, მაგრამ იქ არ ვარ,
სადაც გვამებმა ფუფუნებით გადალოკილი
თვალებით იწყეს ჭმა და მიქარვა.
20.08.2020
ლანდების დასის საჩუქარი
როდესაც ვხვდები ლერწამივით წამებს, ჯავრისგან
წელში გაწყვეტილს, ფიქრის შანდლის დადგმა მინდება,
მე სხვა ყოფაში პოეტობას ვეღარ გავრისკავ,
რადგან თავს აღარ მანებებენ თეთრი ბინდები.
ტყე, წყარო, მოლი, ნაკადული... და თუ ეს არი,
ან უნდა იყოს საცხოვრისი ჩემი, მარადი,
რატომ არ მოდის სიხარული, ღრმა, უეცარი,
თუ აქ მზის ჩასვლით, მხოლოდ ვხარობ, აბეზარათი?
ღამის სიგრილე... ბუს კივილი... აფთრის ამაზრზენ
ხარხარს ერთვოდა მარტოობის სიყრუე და სმა...
ჩემი ტანიდან გამოვდივარ. ვრჩები ამ აზრზე:
მე ბნელით თრობა მომიტანა ლანდების დასმა.
23.08.2018
***
ღმერთო სადა ვარ
ამ მღვიმიდან როგორ გავიდე
ყველგან სიბნელე რატომ არის
კალმების ნაცვლად
რატომ და როგორ მელანდება სტალაქტიტები
ან მღვიმის კარი ვინ დამიკეტა
ვინ არის ჩემი კარისკაცი
რატომ მდარაჯობს
ეს სივრცე ჩემი აბსტრაქტული სახლია ახლა
და მუდამ ასე იქნება ვიცი
ხედვა დავკარგე
ხმა დავკარგე
თვალებიც
სახეც
მხოლოდ სურვილი დამრჩა იმის
დავკარგო სმენაც
რომელსაც ასე მიკაწრავენ მოუსავლეთში გადაკარგული მიწისქვეშა მდინარეები
დგომა კი არა აღარ ძალმიძს ფეხზე ადგომაც
ავად მზვერავენ ბრმა თევზები
რას იზამ
შიათ
ვიღაცა ცდილობს მეტალების ჩხრიალით მიხსნას
მაგრამ მეტალი მეტალია მხოლოდ და მხოლოდ
ყვავილი ყვავის
ყვავი ჩხავის
დაღლილა ძაღლი
და იადონი სამუდამოდ დადუმებულა
მე კი ჭკუიდან გადადგომას მაკლია წვეთი
მანჯღრევენ თეთრი აჩრდილები
ვათენებ ღამეს
მე და ქვეყანა თავს ვაბეზრებთ ერთმანეთს მაგრამ
იცვლება მხოლოდ არაფერი
მეფობს ქაოსი
მითვალთვალებენ ბრმა თევზები
რას იზამ
შიათ
სტალაქტიტები იმსხვრევიან უზარმაზარი
ჩემი ტანიდან ხტება ცხრა გრამი
და უგრძეს ნახტომს ვაკეთებ ძვლების
ადამიანად არშემდგარი ცათამბჯენიდან
27.07.2019
თანაზიარი
არ გსურდა, სნეულ სიკვდილს ელოშნე
და საჩუქარი მაინც უბოძე...
უკავშირდები შენ ხის ხელოსნებს
და სიტყვას უგდებ საკუთარ და იაფ კუბოზე,
სადაც სულ მალე შენ უნდა ჩაწვე
(ამას არავის არ ეუბნები)
ახლა სილურჯეც უხდებათ ღაწვებს,
გელანდებიან საიქიოს გარეუბნები.
ეს თავს ვუთხარი, მაგრამ არ იგებს,
ყურს არ იბერტყავს, როგორც ცხედარი,
მე ახლა ვადგენ ახალ თარიღებს,
რომ მომავლიდან ვნახო ამ დღის ნამოქმედარი.
ახლოვდებიან შავი გენები,
სხვა არავინ მყავს სათქმელად რამის
და ისევ ჩემს თავს: ,,ასე გენება
ფიქრის სიმძაფრე და იშლები ჭკუიდან ლამის."
მფლობელს, გამქრალ და ხილულ წიაღთა,
რისთვისაც ძალზე დიდხანს იარე,
ცხელ მდინარეზე გელის იახტა,
რომ მკვდარიც გახდე უსაზღვრობის თანაზიარი.
22.07.2019
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



