***

მე ყველფერზე გავხდი თანახმა,

მსურდა სიკვდილზე ჯავრი მეყარა,

ვნახე ბალახი როგორ გადახმა,

შეგუებოდა სიკვდილს ქვეყანა

და უცებ მივხვდი, ძალიან მკაცრი

იყო შედეგი უღმერთოდ ყოფნის,

ვიხილე როგორ იცვლება კაცი,

როგორ ეჩვევა ძველსა და ყოფილს.

თითქოს მომიწყვეს წლებმა გამოცდა,

სურდათ ენახათ ჩემში ყოფილი,

რითი ვიყავი გაბრაზებული,

უკმაყოფილო ან კმაყოფილი.

ჩემს მოთმინებას მირონი დასდის,

ძლივს შევაგუე სიფრთხილე ჩემს თავს,

მე მეშინია საკუთარ დარდის,

გულის, რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავს.

ამოიწურა ფიქრის მარაგი,

გაუბრალოვდა თითქოს ღირსება,

მომწყინდა ფიქრი და ლაპარაკი,

გულიც, რომელიც ბოღმით ივსება.

რა საბრალოა სხეული ვხვდები,

როდესაც სული მიდის და გტოვებს,

როგორ იხრჩობა ყვავილი კვირტში,

როგორ აკლდება სიმწვანე რტოებს.

მე ყველაფერზე გავხდი თანახმა,

ოღონდ მეცოცხლა და შენ მენახე,

სული უსაზღვროდ როგორ გადახმა,

გემალებოდი, არ დაგენახე.

***

ხშირად დამფრთხალი ლანდი მაშინებს,

ასე მგონია მიწა მეცლება,

ასე მგონია ვკვდები მაშინვე,

მოლოდინი რომ გარდამეცვლება.

ფუჭ მასკარადებს მართავენ ხშირად,

მაიძულებენ, დრო რომ ვიწამო,

სულ არ ადარდებთ გული გამისკდეს

და მოლოდინში გარდავიცვალო.

საკუთარ თავთან ვდაობ ხანდახან,

ფიქრში დაგეძებ, თავს ვემალები,

მაინტერესებს ახლა სადახარ,

რომ არ მნახულობ, თუ გებრალები.

ვერ გავექეცი დროის ფორიაქს,

ვერ ავუქციე გვერდი კასკადებს,

ვხედავ ყველა დღე როგორ ძველდება

და მომავალი ახალ ვალს მადებს.

თემურ! ვიღაცა მეძახის, მესმის,

ვგმობ უძრაობას, ფეხს ვერ ვაჩერებ,

ასე მგონია ვიღაცა მესვრის,

უკან მოხედვას ნუ ამაჩემებ.

თემურ! მეძახის რომ დამიმონოს

უნდა ცხოვრებას ჩემით გაერთოს,

მე არ ვჩერდები და გავურბივარ,

და ვერ ვნახულობ დროსთან საერთოს.

თამაზ ბერეკაშვილის ხსოვნას

წუთისოფლის სტუმარი

მასპინძლობით ფასობდა,

პარიზში რომ ეცხოვრა,

საქართველო ახსოვდა.

ბევრჯერ ერთად დავხედეთ

ქართულ მიწას ზეციდან,

შიში ყოფნა არ ყოფნის,

ჩვენს ხასიათს ვერ ცვლიდა.

ბევრჯერ მისი დუმილი

გულისტკივილს მალავდა,

ჰქონდა იმის იმედი

ღმერთი დაგვიფარავდა.

მაგრამ ღმერთი გაგვიწყრა

და ერთმანეთს დავცილდით,

არგვეგონა სიცოცხლეს,

სიკვდილში თუ გავცვლიდით.

მისი ერთადერთობა

ჩემს ფიქრებში ისვენებს,

გული აღარ ეთმობა,

მის ვაჟკაცურ ღირსებებს.

წუთისოფლის სტუმარი

მასპინძლობით ფასობდა,

სადაც უნდა ეცხოვრა,

საქართველო ახსოვდა.

***

ტაძრებს ხავსი მოსდებოდა,

აკვანი არ ირწეოდა,

რომ ეგონათ მთავრდებოდა,

საქართველო იწყებოდა.

მთიდან ბრუნდებოდნენ უკან,

ჩქერს შებმული კალმახები

და ხდებოდა დროის ლუკმა,

თვალსაჩინო სანახები.

მზეს მაცდურად ირეკლავდნენ,

ეკლესიის გუმბათები,

წამიერად იცვლებოდნენ

საუკუნის სურათები.

დრო კვებავდა ხასიათებს,

დრო სიმშვიდეს გვკარნახობდა,

ფასი ედო უკვდავების,

დროს, რომელიც კალმახობდა.

მტერს არასდროს ვნებნებოდით,

მუდამ ბრძოლის ჟინი გვჭირდა,

ოცნებებში ვბერდებოდით,

ჩვენი ხმალი რკინას ჭრიდა.

ღმერთმა ბევრჯერ შეგვიწყალა,

ჩვენი ბედი თვითონ გვანდო,

რომ გვეგონა გაგვწირავდა,

ბრძოლის ჟინი გადაგვადო.

ვერ ვიგუეთ სხვისი ქუდი,

ვერ მოვერგეთ ხასიათებს,

ქართულ სისხლს და მოთმინებას

უკვდავების ფასი ადევს.

ტაძრებს ხავსი მოსდებოდათ,

აკვანი არ იწეოდა,

მტერს ეგონა ვმთავრდებოდით,

საქართველო იწყებოდა.

***

თუ არ იჩუხჩუხე,

სისხლო გაწყალდები,

ფიქრო გამრუდდები,

სულო გამწარდები.

რაც გაქვს ყველაფერი

სხვისთვის დაგითმია,

ისევ თამარია,

ისევ დავითია.

ერის სიყვარული

ისევ გვამთლიანებს,

ისევ საქართველოს,

დროშა დაგვფრიალებს.

თუ არ იჩუხჩუხე ,

სისხლო გაწყალდები,

ხორცო დაილევი

სულო გამწარდები.

***

საქართველომ გაიღვიძა,

საქართველო ახმაურდა,

თავი თუ გაქვს, გაანძრიე,

თავს პატრონი ახლა უნდა.

არა, ნუ კი აყვირდები,

ამით თავს ვერ მოიწონებ,

სიჩუმითაც დამკვიდრდები

რეგალიებს მოგიწყობენ.

თავს იმითაც გამოიჩენ,

ხალხს სამოთხეს არ ჰპირდები,

შენ სისხლს რომ არ გაასხვისებ,

სხვის მაგივრად ატირდები.

საქართველომ გაიღვიძა,

საქართველო ახმაურდა,

თავი თუ გაქვს, გაანძრიე,

ხალხს პატრონი ახლა უნდა.

***

ხანმოკლე გახლავთ სიცოცხლე,

მარადისობა - ბრძენია,

ჩვენში ვინც გაჩნდა, არ კვდება,

მარადისობის წევრია.

თვალს გასახარი სჭირდება,

დროის სიკეთის დანახვას,

სიკეთის არდავიწყებას

მარადისობა თან ახლავს.

მტრობა შურსა და ვაებას,

ბედნიერება არ მოაქვს,

საქართველოში სიკვდილსაც,

თავისი სამოსახლო აქვს.

***

გამიმრავლდნენ მეგობრები მტრებად,

სიყვარული აღარ ჰყოფნით სარჩოდ,

აღარ უღირთ ჩემი ნიჭი ტკბობად,

ჩემი ყოფნის გამძლეობა ახრჩობთ.

დროს ვთავაზობ მოთმინების უნარს

და უმწეოდ ვიმალები დროში,

არ ვაძალებ ჩემს სიყვარულს სტუმარს,

არ ვამრავლებ ჩემს სიხარულს ბრბოში.

გამიმრავლდნენ მეგობრები მტრებად,

უსაფუძვლო მეხოტბენი ნიჭის,

აღარ მიღირს სიყვარული ტკბობად,

ახლა უფრო სიხარული მიჭირს.

***

არ მიმახატოთ საფლავის ქვაზე,

სჯობს სამახსოვროთ დაგრჩეთ ალბომში,

არდამანახოთ ცრემლები თვალზე,

ცრემლი ზედმეტი არის ამ დროში.

შემომეხარჯა დრო და ოცნება

ვიცხოვრე რთულად, ზოგჯერ მარტივად,

თქვენს გვერჩი ყოფნა და ნეტარება,

მადლობელივარ, მერგო პატივად.

***

ცოტა შემრჩა მეგობარი

მახსოვს ბევრი შევარჩიე,

სიბრალულით მიცქეროდი,

თვალზე ცრემლი შეგამჩნიე.

რაგგონია მეც დავბერდი?

შევეგუე დროს და უფალს?

მთავარია მარტო დავრჩი

ვერსად ვხედავ ჭირისუფალს.

***

ამ პატარა ქალაქში,

უფარდებო სცენაზე,

ინებეთ და მობრძანდით

ვარსკვლავების ცვენაზე.

მე გიამბობთ წარსულზე

და ჩვენ ბედისწერაზე,

ამ პატარა ქალაქში

ამ პატარა სცენაზე.

ამბებს შევალამაზებ

მოგონილი მითებით,

დაგარწმუნებთ რომ ისევ,

ქართველებად ვითვლებით.

რომ ეს ქუთაისია

რომ თქვენ ქუთაისში ხართ,

რომ თქვენ დაიმსახურეთ

ქუთაისის ღირსიხართ.

ამ უძველეს ქალაქში

შველა უნდათ იმედებს,

თუ დრო თქვენს მონატრებას,

წამლად გამოიმეტებს

ამ პატარა ქალაქში...

***

ისე უბრალო ხარ,

როგორც ამინდია

ზიან ბეღურები,

არსად არმიდიან.

დილა მშვიდად კენკავს

წვეთებს აივანზე,

გიწვევთ საცეკვაოდ

ცისფერ დაირაზე.

ისე უბრალო ხარ

რთულიც მარტივი ხარ,

თუმცა იღრუბლები

მაინც არ ტირიხარ.

სხედან ბეღურები

მწკრივად აივანზე,

თავი მოიწონე,

ცოტა გაინაზე.

მურად წივწივაძის ხსოვნას

მეგობრები გადათვალე ათასამდი,

კიდევ უნდა ვიცოცხლოო, აღარ სვამდი.

თუმცა სუფრა წამდაუწუმ იშლებოდა,

ვიხსენებდით ვინ გვიყვარდა, ვინ გვშველოდა,

წადი ისე საწუხარს ვერ მიგვახვედრე

სიკვდილის წინ სიცოცხლისკენ მიგვახედე.

ზეიმს გავდა შენი ცისკენ გაცილება,

მოგვენატრა შენი ლაღი გაცინება.

მესიზმრები და სიზმარში მინდა დავრჩე,

ისე წუხარ, გაღვიძებას გადამაჩვევ.

შენთან ყოფნას და არყოფნას ვეჩვეოდით,

გვეგონა რომ ამ სიცოცხლეს შევრჩებოდით.

მეგობრები გადათვალე ათასამდი,

კიდე უნდა ვიცოცხლოო, აღარ სვამდი.

***

თბილისი არაა საქართველო

სამშობლოს ერთერთი ნაწილია,

ასაკი თბილისი ქუთაისთან

ჯერკიდევ მოზარდი ყმაწვილია.

არც ქუთაისია საქართველო

მდიდრული ღირსებით, ნათებით,

უბრალოდ ქუთაისი იმედია

იღბალზე გადამჯდარ ქართველით.

თბილისი არაა საქართველო

არც საქართველოა თბილისი

ვინც ერთმანეთისგან განასხვაოს

***

ხმაურია ქუჩებში,

დრო დამდგარა გაყოფის,

საქართველოს იყოფენ,

ვერვის ნახავ კმაყოფილს.

საქართველო ერთია,

ორად არგაიყოფა,

ღმერთი გამოიფხიზლებს

ღმერთზე ფიქრი მიმყობა.

ჩემი ბედნიერება

მახვილია დამოკლეს,

მერამდენედ მესროლეს

მერამდენედ არმომკლეს.

***

ადამიანი სიკეთისთვის დროს ვერ იმეტებს,

დრო ეწირება ყოველდღიურ ექსპერიმენტებს.

უნდათ როგორმე რომ შეიგრძნონ ყოფნა უგულოდ,

და უგულოებს თავის გული რომ დაუბრუნონ.

გულის გარეშე უგრძნობელი არის გონება,

ღვთის უარყოფა, ჯოჯოხეთის გამოგონება,

ადამიანი სიკეთისთვის დროს ვერ იმეტებს,

დრო ეწირება ყოველდღიურ ექსპერიმენტებს.

***

ქუთაისი თეატრია,

ამ ქალაქში არ კვდებიან,

ყველას ცაში ინახულებ,

მიწაზე თუ გვაკლდებიან.

აქ მღერიან, არ ტირიან,

მწარე სათქმელს ინახავენ,

ყველაფერი მარტივია,

ტკივილს გულში იმარხავენ.

არასოდეს საჭიროებს

დრო სუფლიორს, გრიმიორებს,

ყველა თავის სიტყვას ამბობს,

სხვის ნათქვამს არ იმეორებს.

ქუთაისი თეატრია,

აქ არასდროს არ კვდებიან,

ყველას ცაში ინახულებ

მიწაზე თუ გვაკლდებიან.

აქ მტერიც კი სტუმარია,

არ არსებობს შენი, სხვისი,

ასეთია ჩემი, შენი,

საქართველოს ქუთაისი.

***

დროს უკეთესი პატივი

ალბათ არასდროს რგებია,

ცხოვრობდა ღმერთის შეწევნით

ჩემი ფედოსი ბებია.

პირჯვარითა და ლოცვებით

აწესრიგებდა საქმესა,

შეეძლო პურის ნამცეცით

რომ ეარსება სამდღესა.

ცოდვად მიაჩნდა მარხვაში

ხორცის ჭამა და ღვინის სმა,

უყვარდა ფხალის ნახარში,

მის სიტყვას ახლდა თილისმა.

გვაჯილდოვებდა ყოველდღე

ლოცვებით ღმერთის შეწევნით,

ასწლამდე გვეცოცხლებინა

მოვინდომეთ და შევძელით.

დამპურებელი ჩიტების,

ძალას იკრეფდა ლოცვითა,

სიცოცხლეს ეფერებოდა,

ყოველდღე ხატებს კოცნიდა.

სიმღერით დაგაძინებდა,

გაგაღვიძებდა სიმღერით.

მივედი, საფლავს დავხედე,

გული მოვიძღე ლოცვითა,

ყვავილი გადახრილიიყო,

მის საფლავის ქვას კოცნიდა.

***

არასოდეს არ იქნები მონა,

ცოტა მეტი დაფიქრება გმართებს,

შენი წილი სიხარული მოვა,

როცა უჭირს, ღმერთი შველის ქართველს.

დრომ წაიღო, დააბრუნებს უკან

რაც წაგართვა ან წართმევა სცადეს,

ტკივილები გაწყნარებდა მუდამ,

შენ ყოველთვის მართალი ხარ ცამდე.

დაწყნარდება ამღვრეული სისხლი,

გადაივლის უსაფუძვლო გლოვა,

მოთმინება შენს მომავალს იხსნის,

გაზაფხული შენს ქუჩაზეც მოვა.

მოინდომე, კიდევ ერთხელ სცადე,

იარსებო უკვდავების ღირსმა,

სიხარული მიგაფრენდეს ცამდე,

იჩუხჩუხოს რუსთაველის სისხლმა.

***

თუ გინდა მოიცილო ხვაშიადი,

სახლი მიატოვე, ხალხში გადი.

ხალხი მიგიღებს და დაგაპურებს,

ფიქრებს დაგიბრუნებს დაკარგულებს.

თუ გინდა მოიცილო ხვაშიადი,

ფიქრით შეიმოსე, აშრიალდი.

***

ჩემი ცხოვრება ქარიშხალია

ხდება ხანდახან მიწას დამაყრის

და წუთიერი დროის შხამია

და უარყოფა თავის დანახვის.

ხანდახან ხელი ცას მიმიწვდება,

ვარსკვლავებს ვკრეფ და სახლში გიგზავნი

დრო არმახარებს და გული მწყდება,

საეგებიო გახდა მიზანი.

საუბედუროდ მე ჩემში ვწვალობ

შენ აღარ მწყალობ და ვმარტოვდები,

საუბედუროდ, მარტო ვიძინებ,

თვალვცრემლიანობ და მარტო ვდგები.

მე მეშინია შენ წინ დაცემულ

დამცირებული კაცის დანახვა,

ტანზე მაცვია რკინის პერანგი,

ეს იმას ნიშნავს კაცი არახარ.

ჩემი ცხოვრება ქარიშხალია

ხდება ხანდახან მიწას დამახლის,

მე მეშინია დროს შეგუების

და საკუთარი თავის დანახვის.