გავიხსენოთ სოფელ "ანატორის" ტრაგიკული ისტორია და ამ თემაზე შეთხზული რამდენიმე პოეტური ტექსტი ახალი ქართული პოეზიიდან. ჟურნალ-გაზეთებში 1970 წლიდან დღემდე სოფელ ანატორის თემაზე დაბეჭდილია 30-მდე პოეტური ნაწარმოები. მათგან ლიტერატურულ-ესსეისტური წერილისთვის განხილულია 8 ლექსი.

ანატორი პირიქითა ხევსურეთის გაუკაცრიელებული სოფლის ტოპონიმია. ნასოფლარი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მიცუსწყლის შესართავთან, სადაც ორი ხეობის გზაჯვარედინია და თავს იყრის ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან და ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები.

აღნიშნულ ადგილას გადის ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარი, სადაც ამჟამად რუს-ჩეჩენთა ჯარი დგას და სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა გასული საუკუნის მიწურულს მიხეილ ღანიშაშვილმა ორი სოციალურ-სამოქალაქო ლექსი. ფრაგმენტი ერთ-ერთი მათგანიდან:

"გამოგვყურებდა გაღმიდან,

ფიჭვნი - რუსების მსახური,

სისხლად სდიოდა ნასოფლარს

ქედზე უღელის ხახუნი.

ბოღმად და სევდად გამომყვა

იქ განცდილი და ნახული..."

ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარე, კლდეს შეფენილ ანატორში, ერთ დროს მწვანეთვალება სისვაურები ცხოვრობდნენ და სიცოცხლე დუღდა, მაგრამ XVIII საუკუნეში რომელიღაც ინფექციამ, ე.წ. "ჟამმა" იფეთქა და მან მთელი სოფელი ამოწყვიტა.

შავი ჭირი მე-20 საუკუნემდე მძვინვარებდა მსოფლიოში და ათობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ეს დაავადება საქართველოში, სავარაუდოდ, მე-14 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოს მასობრივად გავრცელდა და საუკუნეების მაძილზე 5-6-ჯერ მოედო ქვეყანას. როგორც ჩანს, შავი ჭირი ბაგრატ III-ის დროიდან არსებობდა ლოკალურად და მასზე გარკვეული ცოდნაც დაგროვდა, რაზეც მეტყველებს XI საუკუნის ქართული სამედიცინო ძეგლი "უსწორო კარაბადინი", სადაც მოცემულია შავი ჭირის კლინიკური ნიშნები და მასთან ბრძოლის ხალხური მეთოდები. „შავი სიკვდილის“ გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა.

გაურკვეველია, როგორ და საიდან გაჩნდა შავი ჭირი სოფელ ანატორში და იყო თუ არა ის ზემოთ აღნიშნული ვირუსი. ზოგი მას მონღოლებს უკავშირებს, რომლებიც შემოსევისას შხამიან ისრებს იყენებდნენ, ზოგი - სავაჭრო გზას, რომელიც ამ რეგიონზე გადიოდა, ზოგიც - თავზე დატეხილ ღვთის რისხვას, ერთ-ერთი ანატორელის მხრიდან ხატის უპატივცემულობის გამო, რაც ნაკლებად დამაჯერებელია.

ხალხური გადმოცემის თანახმად, სოფელ ანატორში ჟამიანობა 3 წელიწადს გაგრძელდა. მან, სავარაუდოდ, ათასამდე ანატორელი შეიწირა. 300 წლის წინ მიყრუებულ მთიან სოფელში ვერ იქნებოდა სანიტარული და პროფილაქტიკური საშუალებები, სათანადოდ ვერ დაიცავდნენ ჰიგიენის წესებს. საზარელ ჭირთან ბრძოლა შეუძლებელი გახდებოდა, მით უმეტეს, ზაფხულის ცხელ პერიოდში.

ყველას აღაფრთოვანებს მაღალმთიანი სოფლის მკვიდრთა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა იმ მეტად კრიტიკულ მომენტში. კარანტინი გამოცხადდა და სოფელი ჩაიკეტა, ყველას აეკრძალა ტერიტორიის დატოვება, რათა მთელ ხევსურეთს არ მოსდებოდა საშიში ვირუსი. თურმე არც არავის უცდია სოფლიდან გაქცევა. ვისაც შავი წყლულები გაუჩნდებოდა სხეულზე, ქალს თუ კაცს, ბავშვსა თუ მოხუცს, ხიდის მეშვეობით გადადიოდა მდინარის გაღმა მდებარე აკლდამების გორაზე და კლდის ფიქალით აშენებულ ყორღანში, ორ ან სამ -იარუსიანი ქვის თავისუფალ თაროზე წვებოდა არაქათგამოცლილი. შიგნით გაუსაძლისი სუნი იტრიალებდა.

ამჟამად შემორჩენილია 4 მიწისზედა სამაროვანი, რომელსაც მკვლევრები XI-XV საუკუნეებში აშენებულად თვლიან. საინტერესოა, განა ერთბაშად რამდენი გვამი უნდა დაეტია იმ სამარხებს, რომლებიც ახლა ადამიანის ჩონჩხის ნაწილებით არის სავსე. ალბათ, ზოგი გარეთ წვებოდა და დაუძლურებულს ნადირი ჭამდა. ან სოფლის გაწყვეტის პროცესი უფრო ხანგრძლივად გრძელდებოდა, ვიდრე ეს ორი ან სამი წელია და ისინი სხვა სოფლებიდან იზოლირებულად ცხოვრობდნენ დიდი ხანის განმავლობაში. მათ კეთროვანებივით ყველა გაერიდებოდა.

არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ჭირის გავრცელებამდე ერთ-ერთი ყმაწვილი სისვაური თუშეთში, დედულეთში ყოფილა და შემთხვევით გადარჩენილა. იღბლიანი ბიჭი ჭინჭარაულებს შატილში წამოუყვანიათ და თავიანთ გვარზე მოუნათლავთ, რათა მათთან ცხოვრების უფლება მისცემოდა.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სისვაურთა 8 კომლი ცხოვრობდა შატილში, რომლებიც თურმე სხვაგან გადასახლდნენ და გვარიც აღიდგინეს. ბოლო ანატორელი ხვთისო სისვაური ყოფილა. ის კომუნისტებს ოჯახთან და სხვა შატილივნებთან ერთად გარდაბნის სოფელ გამარჯვებაში გადაუსახლებიათ.

მოკლედ მიმოვიხილოთ ტოპონიმ "ანატორის" ეტიმოლოგია. მრავალფეროვან კოლხურ მითოლოგიაში ერთ-ერთ ღმერთს ჰქვია ანთარი (ბერძნული antarius – ამაღლებული). ივანე ჯავახიშვილის აზრით, აღმოსავლეთის მთიანეთში არსებული "ანატორი", სამეგრელოში პირუტყვის მფარველი "ჟინი ანთარი" და აფხაზეთში ნაყოფიერებისა და შინაური ცხოველების მფარველი ღვთაება "აითარი" ბერძნული ღვთაების - აპატურის ან აპატურიასგან შესაძლოა წარმომდგარიყო და საერთო ფუძის მქონე სიტყვებია. [“ქართველი ერის ისტორია”. 5 ტომად / ი. ჯავახიშვილი. თბილისი, 2012].

ნასოფლარის განაპირას, არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორის ჯვარი, აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით (IX-X სს) მარიამწმიდის ტაძრის ნანგრევები, სადაც წარმართ ანატორელებსა და შატილელებს აქრისტიანებდნენ. [“ძიებანი”, კ. წერეთელი. 1999. N4, გვ.78-87]

ანატორის ჯვარი ხალხის მშველელი ყოფილა, თემის მოსახლეობის საერთო სალოცავი, რომელსაც გარდა საკუთარი საყმოს მფარველობისა, მიეწერებოდა მონადირეთა და „წმინდა ნადირთა“ (ჯიხვი, არჩვი, შველი, ირემი) დაცვის ფუნქცია.

ანატორის ჯვარის ერთი ნიში ახმეტაში, სოფელ ომალოშია, ხოლო მეორე ნიში, ჩეჩნეთის სოფ. ჯარეგოში, რომელსაც "ოჩი დაალ "ეწოდება, ფაქტია, რომ კავკასიელთა შორის საერთო რელიგიური წარმოდგენები არსებობდა. ხალხური თქმულების მიხედვით, ჯვრისთვის ისარი უსვრიათ და ჯვარს დაუსჯია ანატორელნი.

ანატორის მსგავსი სამარხები კავკასიის რეგიონში არაერთგანაა. ანატორიდან რამდენიმე კილომეტრში არსებულ სოფ. მიცუშიც(მუცო) მდებარეობს კლდეზე მიშენებული 9 მსგავსი ყორღანი. ანატორიდან 5 კილომეტრში, ჯარეგოს გადაღმა, მოსაზღვრე ჩეჩნურ სოფელში, 15 აკლდამაა ნაპოვნი. აქ ძველ დროში ქართული სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა. ასევე ისტორიულ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთისა და სვანეთის მომიჯნავედ, დვალეთში, სადაც XIII საუკუნიდან დასახლდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა, სოფელ დარგავსთან არის ალანური ნეკროპოლი, რომელსაც ეწოდება "მიცვალებულთა ქალაქი". იგი მოიცავს 99 სხვადასხვა სამარხს, სადაც შავი ჭირისგან გარდაცვლილი ათასობით ადამიანის ძვლები ასვენია. სოფელი დარგავსი ამჟამად რუსეთის შემადგენლობაშია. იქ არსებული ციხე-კოშკების კომპლექსი და კლდოვანი ლანდშაფტი შატილს მოგაგონებთ.

საუკუნეების წინ მომხდარი ანატორის დრამატული ამბავი დიდხანს იყო ტაბუდადებული. მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა საქვეყნოდ ცნობილი და მისტერიულ-საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. “ლიტერატურული საქართველოს” 1964 წლის 21 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა ა. თომაძის წერილი ანატორის შესახებ.

ყველა განაცვიფრა ხევსურების, კერძოდ სისვაურების, კაცთმოყვარეობამ და ტრაგიკულმა აღსასრულმა. გასაკვირი და საინტერესოა, ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ რატომ არაფერი შემოგვინახა ანატორელთა შესახებ. დაუჯერებელია, რომ სახალხო მთქმელებს ლექსები არ დაეწერათ ამ სოფლის მკვიდრებზე, მაგრამ რაღაც მიზეზით ისინი ფოლკლორმა გარიყა. რა საიდუმლოს მალავს ანატორი, რა მოხდა დასამალი და სამარცხვინო მკვდარ სოფელში, რომ გადარჩენილებმა დუმილის რაზა დაიდეს პირზე? არც მეოცე საუკუნის ცნობილ პოეტებს მიუძღვნიათ ანატორელებისადმი ლექსები, ლოგიკურად კი პირიქით უნდა მომხდარიყო.

ამ ყველაფრის ახსნა და მიზეზი რელიგიურ-მითოლოგიურ წარმოდგენებში უნდა ვეძებოთ, იმ ვერსიაში, რომლის მიხედვითაც ანატორელები უფლისგან განწირულნი, დაწყევლილნი და დასჯილნი არიან ხატის შეურაცხყოფის გამო. ღმერთისგან მოძულებულთ კი ხალხიც გარიყავდა. აღნიშნულ თემას თანამედროვე ქართული ლიტერატურა გვერდს ვერ აუვლიდა, განსაკუთრებით პოეზია. ანატორმა ახალი საუკუნის ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც დაიმკვიდრა სათანადო ადგილი, მერაბ შათირიშვილის დაწერილი და 2020 წელს გამოცემული რომან "ანატორის" სახით. მანამდე გოგი ოჩიაურმა 2010 წელს “ჩვენი მწერლობის” N18-ში გამოაქვეყნა მოთხრობა “ანატორლები”.

სანამ ანატორისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ლექსის განხილვაზე გადავალთ, ორიოდ სიტყვა ვთქვათ კეთილხმოვანი და ჭკვიანი რითმის "ანატორი-დანატორის" შესახებ. ამ ორი სარითმო ერთეულის ბგერითი შემადგენლობა თითქმის იდენტურია. დატორვა ცხოველის, კერძოდ, დათვის მიერ ცემას, დაბეგვას გულისხმობს. ანატორი გადატანითი მნიშვნელობით ბედისგან მართლაც დაიტორა და არავინ დაიტირა.

აღნიშნული რითმა ასონანსური რითმის სახით "ანატორს-ტორავდნენ" გვხვდება მიხეილ ღანიშაშვილის ლექსში, რომელიც 1990-იან წლებში დაიწერა:

"ჩამოვიარე ანატორს,

მღვრიედ ღელავდა არღუნი,

ნისლები საზღვრებს ტორავდნენ,

სცვიოდათ ცრემლი ბალღური."

მეორედ ზმნური ფორმით ფიქსირდება მურღვა არდოტელის(ნიკო ზვიადაური) 2008 წელს გამოქვეყნებულ ლექსში:

"რად გსურს ამ თეთრ ღამეებში,

მთვარის შუქით მტორავდე.

ჩემო სევდის გზა-ბილიკო,

ცრემლო, ანატორამდე."

აღნიშნული რითმა არის ნინო დარბაისელის 2018 წელს გამოქვეყნებულ ლექსშიც:

"რა ჯანდაბად გამახსენდა

ანატორი,

ანატორი,

შავი ბედის დანატორი!.."

2020 წელს ლელა გაბურის რედაქტორობით გამოიცა ანთოლოგიური ტიპის წიგნი "ხევსურეთი და ხევსურები ქართულ პოეზიაში", სადაც ვნახავთ აღნიშნულ რითმას თორნიკე ნაროზაულის ლექსში:

" და დაბრუნდება შეცვლილ იერით,

დათვთა და დევთა დანატორი და

ხევსურეთს, სნეულს სიცარიელით,

აღადგენს ყოფის ანატორიდან!"

2023 წელს კი მანანა ჩიტიშვილმა აითვისა:

"მთები, მთები, მწიფობის მზით დანატორი,

ლურჯი ცა და კლდის ნაშალი ქვიშანი...

არღუნის პირს გლოვისფერი ანატორი,

ვით სიკვდილზე გამარჯვების ნიშანი."

1981 წელს “ლიტერატურულ საქართველოში” დაიბეჭდა გივი ალხაზიშვილის თავისუფალი ლექსი “ტურისტები ანატორის საძვალესთან”. აღნიშნული პოეტური ნაწარმოები ერთ-ერთი პირველია, რომელიც ანატორის თემას მიეძღვნა. ლექსი ფორმის თვალსაზრისით ახლოს არის პროზაულ მეტყველებასთან, თუმცა გაჯერებულია პოეზიის ელემენტებით. პოეტი იხსენებს ტურნეს ხევსურეთში, როდესაც ახალგაზრდები ნასოფლარს ესტუმრნენ და იქ ძვლებით სავსე სამაროვნებთან მდგარი ტურისტები იხილეს. ავტორი სწორედ ტურისტს მიმართავს ამ ნაწარმოებში თავიდან ბოლომდე. ანატორი პოეტური ტექსტის ეგზოტიკურ-ტრაგიკული ფონია. წავიკითხოთ ფრაგმენტები გ. ალხაზიშვილის ლექსიდან:

“ეგ ძველია,

შენ ის მითხარი, ვინაა აქ ხმის გამცემი?! –

ხმის გამცემი?!

აგე ბალახი, ჯაგი, ხავსი, ქვები, ცივი ქვები...

ამ ქვებს ოდესღაც ადამიანთა სიცხიანი სხეულები ათბობდნენ.

ქვამ შეისრუტა მათი სითბო,

ხოლო ადამიანებმა შეისრუტეს ქვების სიცივე.

მაინც ქვამ გაიმარჯვა,

მდუმარე სიპებმა გაიმარჯვეს...

ძვლები... ძვლები... ძვლები... –

სენტიმენტალური ცრემლები

გადარჩენისთვის გაბრძოლებას ნიშნავს.”

“ხმა...

ხმას ნუ გაიღებ,

აქ მდუმარებამ უნდა იმეფოს, მარადისმა.

ხმა...

ხმა შეიძლება შემოგესმას იმათი,

ვინც თავის ფეხით მოდიოდა აქ

და ცხოვრებას აგრძელებდა,

რადგან ადამიანს ყოველთვის ენატრება სიცოცხლე,

მაშინაც კი, როცა თავს იკლავს,

უკეთესი სიცოცხლის იმედით.”

“გადაარჩინე თვალებში ვარსკვლავები,

ეს ვარსკვლავები ენთოთ თვალებში საბრალოებს,

ეს ქარი ზუზუნებდა მათ ყურებში

და უძლურ სიტყვებს მიაქანებდა

– ამაოების თესლს თესავდა

ეს ბალახი ბიბინებდა მაშინაც,

არაფერი შეცვლილა,

ტურისტო!”

[“ლიტერატურული საქართველო”, 1981. 24 აპრილი. გვ.16]

პოეტმა და მთარგმნელმა ნომადი ბართაიამ 1982 წელს დაწერა ლექსი "ანატორის აკლდამებთან", რომელიც პირველად 2020 წელს გამოაქვეყნა საკუთარ Facebook-ზე. ლექსის ხუთი სტროფი დამოუკიდებელია, ბოლო სტროფი მეორდება. მეტრულ-რიტმული სიმწყობრე დარღვეულია, 10-9-8 - მარცვლიანი სტრიქონები უსისტემოდ ენაცვლება ერთმანეთს. იგრძნობა პოეტის განსხვავებული, ინდივიდუალური ხელწერა. ნ. ბართაია აზრის პოეტია. მის ლექსებში ფორმაზე მეტად შინაარსს ეძლევა ხოლმე უპირატესობა. ამ კონკრეტულ პოეტურ ნაწარმოებში ავტორი გაოცებას გამოხატავს ანატორელების ამბის გაგების შემდეგ. უკვირს, თავისი ფეხით როგორ შევიდა მთელი სოფელი ხუთ აკლდამაში, როგორ იხსნეს ეპიდემიისგან საქართველო, წლების შემდეგ როგორ ნახეს აკვანზე გადამხობილი დედის ჩონჩხი, ასევე ჩონჩხი ფანდურით ხელში. პოეტმა პირველად გაიგო ასეთი თვითდამარხვის წესის შესახებ და გაოგნებულია. ლექსის კითხვისას წარმოვიდგენთ შემაძრწუნებელი ამბის დრამატულ ფრაგმენტებს და უსაშველო სევდა გვეუფლება. ნ. ბართაიას ლექსს სრულად შემოგთავაზებთ:

"ეს რა მომიყევით, ბიჭებო,

ეს რა დამატეხეთ მეხი,

თურმე განწირული ავადმყოფი

აქ შედიოდა თავისი ფეხით.

ამდენი ხალხი მომკვდარა,

ერთი ხარჯი არ გაწეულა,

ამხელა სოფელი - ანატორი

ხუთ აკლდამაში ჩატეულა.

ზოგან შემორჩენიათ ძვლებს

აქა-იქ ტყავი და ძონძი,

აკვანზე გადამხობილი

აქ უნახავთ დედის ჩონჩხი.

ჟამიანობის წლები მდგარა,

მთელი ხევსურეთი შეძრულა,

ზოგი ამ აკლდამებში

ფანდურით ხელში შესულა.

არავინ იცის ქვეყნად,

ო, ჩემი როგორ გესმით -

ასეთი თვიდამარხვის

არსებულიყო წესი.

ეს რა მომიყევით, ბიჭებო,

ეს რა დამატეხეთ მეხი,

თურმე განწირული ავადმყოფი

აქ შედიოდა თავისი ფეხით."

1983 წელს გამოქვეყნდა მიხეილ ჭინჭარაულის(ალექსი ჭინჭარაულის ძმა) 14- სტრიქონიანი ლექსი "სიზმრის ახდენა", სადაც ანატორია ნახსენები. პოეტი შატილში დაიბადა და 1936-1952 წლებში იქ ცხოვრობდა. იქიდან კახეთში გადაასახლეს, თუმცა 1982 წელს მშობლიურ სოფელს ოჯახთან ერთად დაუბრუნდა და სიკვდილამდე იქ იცხოვრა. ლექსის სათაური გვანიშნებს, რომ მხატვრული ტექსტი ოდაბადეში ახალდაბრუნებული პოეტის სიზმრის ახდენას უკავშირდება. ლექსის მხატვრულ ქსოვილში არის საპეიზაჟო ლირიკის შერწყმა ავტორის სათუთ გრძნობებთან, რომლებიც ხევსურეთში დაბრუნებით დაეუფლა პოეტს. ანატორის კლდეთაგან ნისლი გაიფანტა და ჭიუხთა თხემები გამოჩდნენო, თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა და ისევ ატკბობს დაცერავებული ბილიკები, ტყემლისა და ასკილის მოსაფერებელი ყვავილები, ლადოს მინაწერებით ავსებული დანაკაწრი სიპი ქვანი. იქვე არღუნი ხმაურით მოსჩქეფს და თითქოს ავსულებს აფრთხობს. პოეტი გაჰყურებს შატილის მთებს და მიღიღინებს, ტირილი უნდება გულაჩუყებულს. წავიკითხოთ ლექსი:

"ანატორს ნისლი ასცილდა,

ლამაზად ჩანან წვერები.

ბავშვობა აღარ დამცილდა,

მატკბობს ბილიკებ-ცერები.

ყვავილი ტყემალ-ასკილთა,

მოსახვევ-მოსაფერები...

სიპებს ნაფხაჭნით ავსილთა,

სძლევს ლადოს მინაწერები.

თითქოს ფანტავდეს ავსულთა,

მისჩქეფს არღუნის ჩქერები.

ჩემი სიზმარი ასრულდა

ვნახე შატილის სერები.

ხანდროს ტირილი მამსურდა

მივალ და მივიმღერები".

1990 წელს ჟურნალ “ცისკრის” მე-9 ნომერში დაიბეჭდა ალექსანდრე გაბურის 8- სტროფიანი ლექსი, რომელიც ხალხური პოეზიის მადლითაა მოსილი. ლექსი სადა და ორიგინალურია, არ ხასიათდება ჭარბი პოეტური ორნამენტიზაციით. დაწერილია 8 და 7 - მარცვლიანი სტრიქონების სისტემური მონაცვლეობით, აქვს დაქტილური და ქორეული რითმები. მიუხედავად თემის სიმძიმისა, რომელიც ანატორის აკლდამაში დაღუპულ ადამიანებს უკავშირდება და მღელვარებით გვავსებს, პოეტი ცდილობს საკითხს ტრაგიკომიკურად შეხედოს, თავი გაიმხნევოს. ლექსის მთავარი გმირი სასიკვდილოდ განწირული ანატორელია, რომელიც ძნელბედობის ჟამს სილაღეს არ კარგავს და თვითირონიას მიმართავს. თითქოს მისი გადასაწყვეტია იმქვეყნად წავა თუ სააქაოს დარჩება. აინტერესებს სატრფო რას აპირებს, რჩება თუ მიჰყვება მოუსავლეთში. მისთვის ანატორის გზა სიკვდილის გზის ტოლფასი სულაც არ გახლავთ. თუ აკლდამაში სიკვდილი გარდაუვალია, მაშინ თავისი ფეხით მივა სიკვდილთან და უჭირისუფლოდ დახვდება მიქელ-გაბრიელს. წავიკითხოთ ა. გაბურის დრამატული ლექსი “ანატორის აკლდამა”.

“შენ თუ დარჩები, ის მითხარ,

ჩემი გზა ჩემს კვალს ითხოვს!

ამქვეყნად მოსვლა ვინ მკითხა,

იქ წასვლა ვიღას ვკითხო?!

ვის სავალს ავყვე გორიანს,

რომ უკეთ დამინახო?

გზა სიკვდილამდე შორია,

ანატორამდე ახლო.

იმედის სხივით გადამტყდარს,

ხვალისთვის გადანახულს

ბოლო მზერასაც გავატან

ტალღებ ალესილ არღუნს.

სიცოცხლეს თუ არ ვახსოვარ,

ყურმოკვრით, ანდა ჭორით:

გზა სიკვდილამდე ახლოა,

ანატორამდე შორი.

სტუმარი ვიყო ბოლომდე,

ამქვეყნად მოსვლის წილად.

სიკვდილს რაღა მე ველოდო,

სიკვდილთან თვითონ მივალ.

თვითონ დავუცდი მასპინძელს,

თვითონ გავაღებ კარებს,

ვიდრე ლოდინი გამიძლებს,

ვიდრე პირს იბანს მთვარე.

თვითონ დავწვები გულაღმა,

ხმლითა და სანთლის მადლით.

არც მინა ტოროს ულაყმა,

არც ცამ დაწვიმოს დარდი.

დაუღამები თალხებით

უჭირისუფლო გლოვა...

ჩემი სიკვდილით დავხვდები,

როცა სიკვდილი მოვა!”

2012 წელს გამოცემულ სადებიუტი კრებულში"გზაზე გასვლა” დაიბეჭდა გიორგი არაბულის “ანატორელთა ჩანაწერები", ხოლო მისი პოემა "ანატორი-მკვდართა სოფელი" 2017 წელს დაიბეჭდა მის წიგნში "გვრინი". პოეტი წარმოსახვით წერს და ახმოვანებს გარდაუვალი სიკვდილის მომლოდინე ანატორელთა სავარაუდო ფიქრებს. ისინი აკლდამის მომცრო სარკმლიდან უცქერდნენ გარესამყაროს და მთაგორიან, მშობლიურ ხედებს.

გ. არაბულის მინიმალისტურ ლექსთა ციკლში, ალბათ, ყველაფერია, რაზეც შეიძლება ეფიქრათ, ედარდათ და ეოცნებათ ყორღანში შესულ ანატორელებს. წავიკითხოთ რამდენიმე მათგანი:

*

სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,

მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

*

გარეთ დავტოვე ცხენი.

სახლი.

ჩემი ბავშვობა.

*

სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან

და შემობერილ ნიავს

თვალებით ეფერებიან.

*

ჩემი შვილებიც აქ არიან.

მე აღარ ვსუნთქავ,

რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

*

დედა ტიროდა:

“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”

*

ამ წვრილ სარკმელში

ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

*

შემოფრენილმა გულწითელამ

თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,

ისე ავღელდით.

*

მაინც მომაგნო,

ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

*

მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

*

ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს.

*

აღარ იტიროთ-

ვამბობ, მაგრამ არავინ ტირის.

*

სარკმლის გარეთ ჰაერია,

შიგნით – სიჩუმე.

*

გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

ბევრს დღემდე ჰგონია და სჯერა, რომ ეს ნაწერები ანატორელებმა აკლდამის კედლებზე ამოკაწრეს, შემდეგ კი პოეტმა ამოიწერა და გაავრცელა, რეალურად გ. არაბულის ფანტაზიის ნაყოფია. იგი თითქოს მათთან ერთად იყო და მანაც განიცადა ანატორელთა უდიდესი ტრაგედია. გ. არაბულის ლექსის წაკითხვა ტექსტის აღმქმელებს სევდასთან ერთად, ცრემლსაც მოჰგვრის.

2018 წელს "მწერლის გაზეთში" დაიბეჭდა ლიტმცოდნისა და პოეტის ნინო დარბაისელი-სტრონის ლექსი "ანატორი", რომელიც საინტერესოა პოეტური ოსტატობის თვალსაზრისით. ჩანს ავტორის ვერსიფიკაციული გაწაფულობა. ამ პოეტურ ნამუშევარში გამოყენებულია პოეტური გამოსახვის ხერხი ანჟამბემანი და აქვს 8-მარცვლიანი ლექსის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა, რომელიც რუსთველური მაღალი შაირის გაყოფით არის მიღებული. ლექსის დასაწყისში არის ბრწყინვალე ალიტერაცია, რომელსაც ქმნის სარითმო სიტყვები: ძელი, ძვალი, ძველი. ასევე ვხვდებით სხვა მშვენიერ კონსონანსურ რითმებსაც: არეს-არის, და ნადირი-დანატირი, სამკალს მკიდე-გადამკიდე, შერჩა სული-მზე ჩასული. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ლექსის სიუჟეტში პოეტი დრამატულად აღწერს ანატორის აკლდამებისა და სოფლის მისტიკურ სივრცეს. აინტერესებს, ისევ არის თუ არა აკვანზე დამხობილი დედის ჩონჩხი ყორღანში, რაზეც აქვე შეგვიძლია ვუპასუხოთ, აკლდამები გაძარცვეს, აკვანი და სხვა ძვირფასეულობაც მოიპარეს. ლექსი ისეთი სახეობრივი და ორიგინალურია, რომ უკეთ აღსაქმელად სრულად შემოგთავაზებთ:

"აკლდამები - შორთა შორი,

ძელი,

ძვალი ძველისძველი

და აკვანში - ჩონჩხი ჩვილის

და აკვანზე დამხობილი

ჩონჩხი დედის, ზედ დამკვდარის,

ისევ არის?

ისევ უვლის შორით არეს

ცის ფრინველი და ნადირი?

ისევ ისმის ღამ-ღამობით ხმა, სამარხზე დანატირი?

თუნდა მომხვდურს ხმლით მისდევდე,

შეაჯერო ქვეყნის კიდე,

თუნდა იჯდე საფიხვნოზე

ან მთის ფერდზე სამკალს მკიდე,

თუნდა იყო ჭაუხებში

ხარ-ირემთა გადამკიდე,

თუ დაგრია ჭირმა ხელი,

სოფელს ცოცხლად გაერიდე!

აკლდამისკენ გზა იცოდე,

იყავ, როგორც ქვა და ლოდი,

სიკვდილს მარტო დაელოდე!

რად მომგონდი, ქვავ ნაწყობო,

ქვავ ნაძლებო, ქვავ ნაშალო,

ჯავრი როგორ მოვიშალო,

თუ მთას ჩემი შერჩა სული?

დღეში ორჯერ მზეჩასული,

წამომშლელი წარსულ სენთა

რა ჯანდაბად გამახსენდა

ანატორი,

ანატორი,

შავი ბედის დანატორი!.."

2024 წლის 9 აგვისტოს ზეინაბ მეტრეველმა თავისი Facebook-ის გვერდზე პირველად გამოაქვეყნა აღნიშნულ თემაზე 2018 წელს შეთხზული 10-სტროფიანი ლირიკული ლექსი “ანატორი”. ლექსს შინაარსობრივად სატრფიალო-სამიჯნურო ხასიათი აქვს და სიუჟეტური თავისებურებითა და ინდივიდუალური ხედვით გამოირჩევა.

ფორმის თავალსაზრისით ლექსი დაწერილია ქართული მეტრიკისთვის ყველაზე პოპულარული ათმარცვლიანი(5/5) ე.წ. ბესიკური სალექსო მეტრით და ამ მხრივ არ წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს.

ტექსტის ფაბულაში სამაროვანის ცხაურიან სარკმელთან ფიქალზე მჯდარი ანატორელი ქალი, სიკვდილის მომლოდინე, სატრფოს მიმართავს და აღსასრულის წინა სურვილებსა და განცდებს უზიარებს. ის არის ლექსის მთავარი ლირიკული გმირი.

პოეტმა ანატორის ტრაგიკული სურათი განსხვავებული რაკურსით დაგვანახა. სოფლის ზოგად ტრაგიზმთან ერთად ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ორი თანასოფლელი ქალ-ვაჟის ტრაგედია სევდიან განწყობილებას გვგვრის და მათდამი თანაგრძნობით გვმსჭვალავს.

ლექსში წარმოდგენილია ორი, მიკრო და მაკრო სამყარო. აკლდამის პატარა სივრცე, რომელშიც უბედურების კალო ტრიალებს ღვთისგან განწირული ანატორელებისთვის და მისი მომცრო სარკმლიდან დანახული ვრცელი სამყარო, სადაც სევდიანი პეიზაჟია დახატული. სოფლის უკანასკნელი მკვიდრი ხევსური ლუდს ხდის და მათ შესანდობარს უჩუმრად სვამს. ნისლი მთის თხემს ლამბავს. შორს კი ასკილის ბუჩქი უდარდელად ყვავის და ეს კონტრასტი ქმნის სიცოცხლის გაგრძელების ასოციაციას. ლექსი მდიდარია ტროპული ინვენტარით, ბლომად გვხვდება ეროტიკული შეფერილობის მონაკვეთები.

გამოუცდელი მდედრის ხელისგულებს საყვარელი მამრის უალერსობა და ფერების დაუოკებელი წყურვილი წვავს. ქალი სინანულით საუბრობს იმ ვნების მოგიზგიზე ცეცხლზე, რომელიც მის სხეულში აინთო და მალე გარდაუვალი ჩაქრობა ელის, თუ დროზე არ დააგემოვნებენ ერთმანეთს. კაცი კი მდუმარედ ზის და ნაღვლიანი გაჰყურებს არწივთა ბუდეებს, თითქოს ფიქრებით გარესამყაროში ჩარჩა და არაფრის თქმა არ სურს მიჯნურისთვის, მხოლოდ მისი თვალები ამბობენ ყველაფერს. მათი თანასოფლელები გეგია და აღაზა უკვე სიკვდილმა გააცივა.

პოეტი დასასრულისკენ ორიგინალური მხატვრული სახეებითა და შავ-წითელი ფერებით სოფლის დრამატულ ლანდშაფტს ხატავს. მინდვრები დაფარულია სისხლისფერი პირიმზეებით და მიწისფერი ძაძებით. ქალს სატრფოსთან უკანასკნელი თხოვნა აქვს, სირცხვილის გრძნობა გაუქრა და სააქაოდან უკოცნელს ნუ გაუშვებს საიქიოში. თუ ახლა რაიმე კლავს მას, უპირველესად მისი საყვარელი კაცის დაუფლების სურვილია და შემდეგ - სოფელში გავრცელებული ჟამი. წავიკითხოთ ზ. მეტრეველის ლექსი “ანატორი”.

“ვზივართ გვერდიგვერდ და სიკვდილს ვუცდით

და აღარ ველით ღვთისგან დანდობას,

სოფელში ბოლო ხევსური ლუდს ხდის

და უსიტყვოდ სვამს ჩვენს შესანდობარს.

ამოგვაქვს ოხვრა ძაფის ნასკვივით,

სარკმლიდან ნისლი მთის ქოჩორს ლამბავს,

შორს, მოყვავილე ბუჩქი ასკილის,

ჰგავს,სიკვდილის წინ ჩასაცმელ კაბას,

ის იყო,ცეცხლი ავიგურგურე,

აღარ დამცალდა შენი ხემსობა

და ახლა, ამ,ჩემს ცხელ ხელისგულებს,

ისევ სწვავთ შენი უალერსობა..

მოიწი,მხარზე თავი დაგადო,

ხომ ხედავ,თვალში ცეცხლი გვიქრება,

შენც ,კარგად იცი,ალბათ,ხვალ,ამ დროს,

ჩვენგან არცერთი აღარ იქნება,

მოიწი,ხელი მაინც ჩამჭიდე,

იქნებ,სურნელი მომყვა იების,

ეგებ,პატარა ცოდვად დაგვჭირდეს,

უფლის წინაშე მონანიების..

გახსენ დუმილი,სიტყვა დაძარი,

სულ,ერთი სიტყვა,განა,ულევი,

გვერდიგვერდ ვზივართ ციხე-ტაძარი,

ნაომარი და ნამარხულევი..

საით გაჰყურებ,ბუდეს არწივთა,

აქ,დრომ სამანი უკვე გახაზა,

აგე,გეგია უკვე გაცივდა,

აგე,თვალს ხუჭავს უკვე,აღაზა..

მომხედე,ალბათ,შევიძლებ იმდენს

,,ნანა,,გიმღერო,ვით ჩვილს,ძილის წინ,

სარკმლიდან ვხედავ გაფრენილ მინდვრებს,

ქვრივის ძაძებით მოსილ პირიმზით..

მოიწი,წადილს აღარ ვუმორცხვებ,

ყოფა ყოფილა თურმე,რიოში

და ნუ,გამიშვებ,ერთხელ უკოცნელს,

სააქაოდან_ საიქიოში..

მე ,ვკვდები,შენი სურვილით სავსე

და არ მანაღვლებს ახლა,სრულებით,

რომ სამოთხისკენ მიმავალ გზაზე,

მილასლასებენ ჩვენი სულები...”

ანატორის თემაზე ლექსები აქვთ დაწერილი: ნ.ჯალაბაურს(1970), ერეკლე საღლიანს, ეკა ქურხულს, რამაზ გიგაურს, ეკა ტალახაძეს, სალომე გიგაურს, ეკა მაღედანს, ზიზო ბურდულს, ბადრი სულაძეს, სალომე გოგოლაძეს, გელა მიდელაშვილს, მურად მთვარელიძეს, ხათუნა ფერაძეს, მთვარისა მაჭარაშვილს, მამუკა ოჩიაურს და სხვებს.

2023 წელს მანანა ჩიტიშვილმა გამოაქვეყნა ლექსი სათაურით "ანატორი", რომელიც 13 სტროფისგან შედგება და 12/11-მარცვლიანი სტრიქონების მონაცვლეობით არის დაწერილი.

ჩემი ფიქრით, ეს არის "ანატორის" თემაზე დაწერილი გამორჩეული და მრავლისმთქმელი ლექსი, საუკეთესო პოეტური მონასმი, რომლის მხატვრულ ქსოვილში განფენილია მძაფრი და დრამატული გრძნობები. ანატორელთა ამბავს შეუძრავს პოეტის მშფოთვარე სული.

არღუნის პირას მდებარე ნასოფლარი - გლოვისფერი ანატორი - პოეტისთვის სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია. სიკვდილმა სოფლის მკვიდრნი გაანადგურა, მაგრამ ვერ აჯობა. ჩაჰყურებს ძვლებით სავსე აკლდამას და ტკივილისა და სიამაყის განცდა ერთობლივად ეუფლება ავტორს. მათგან სწავლობს, რომ სამშობლოს გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ადამიანების სიცოცხლე. პოეტი აცნობიერებს, რომ ანატორელებში შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტმა იფეთქა და მათ თავიანთი სოფლის ყორღანში სცადეს ვირუსის მოკვლა. ამ ყველაფრის გააზრების ფონზე, ლექსის ავტორს დარდი კი არ გაეზარდა გულში, არამედ “ამოუთავთავდა”. პოეტი ორიგინალური ტროპით გამოხატავს კაეშანს, შემდეგ გონების თვალით აკვანზე დამხობილი დედის ჩონჩხზე გადაინაცვლებს. უჩნდება გულისგანმსჭვალავი კითხვა, ნეტავ დედის რძის გაშრობამ მოკლა ჩვილი, თუ მანამდე დალია სული, ნეტავ ცრემლის არის ის წვეთი თუ რძის, ბალღის გაყინულ ბაგეზე რომ ეწვეთებაო. პოეტი მითოლოგიურ თქმულებას გამოიხმობს და გვაუწყებს, რომ როდესაც დიდმა ჭირმა სოფელი ამოწყვიტა, არღუნი ლეთად იქცა. მითის მიხედვით, ლეთა თავდავიწყების მდინარეა, რომლის წყალს გარდაცვლილთა სულები სვამენ და ყველაფერი ავიწყდებათ. შემდეგ აღწერს გაუკაცრიელებული სოფლის სინამდვილეს, დაცლილ ერდო-ბანს, სადაც ხევსური გოგონები ხელებს არ იმძიმებენ კოკებით და ვაჟები ყვავილების დასაკრეფად აღარ დადიან სოფლის განაპირას.

პოეტს სჯერა, რომ დროის ცელი ანატორელთა ხსოვნას ვერასდროს გააქრობს და ვაჟა-ფშაველას ისტორიული პოემა „ბახტრიონის“ მთავარი გმირის, შვიდი ვაჟკაცის აღმზრდელი დედის, სანათას და პოემა „სტუმარ-მასპინძლის“ ღირსეული პერსონაჟი ქალის, აღაზას დარ დედებად მიაჩნია ანატორელი დედები, რომლებიც ალბათ შვილებთან ერთად შევიდნენ სიკვდილის ოთახში.

პოეტური ნაწარმოები მთავრდება გ. არაბულის ლექსის ცნობილი სტრიქონით, სადაც მომაკვდავი ანატორელი აკლდამის მომცრო სარკმლიდან გაღმასოფელში მოყვავილე ასკილს დაინახავს, როგორც სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოს. მ. ჩიტიშვილის ლექსს სრულად შემოგთავაზებთ.

ა ნ ა ტ ო რ ი

ანა ოჩიაურს

არმაზ წიკლაურს

მთები, მთები,

მწიფობის მზით დანატორი,

ლურჯი ცა და კლდის ნაშალი

ქვიშანი...

არღუნის პირს

გლოვისფერი

ანატორი,

ვით სიკვდილზე

გამარჯვების ნიშანი.

ტკივილის და სიამაყის

რა წამია,

დაასრულებს ფიქრი

ცაში ხეტიალს...

ეს დამდნარი ძვლები დღესაც გვასწავლიან,

რომ სამშობლო

თვით სიკვდილზე მეტია.

აქ დრო-ჟამიც სიფრთხილით და კრძალვით დადის,

დარდი ჩემი როგორ ამოთავთავდა...

ჩვილის აკვანს დამხობია დედის ლანდი,

რძე გაუშრა, თუ ყრმა უწინ გათავდა.

ის წარსული ყოველ ბიჯზე გვეფეთება

და სულს სხვაგვარ სიმაღლისკენ აქეზებს...

რძე არის, თუ ცხელი ცრემლი ეწვეთება

ჩვილის უკვე გაციებულ ბაგეზე.

ლოდებს შორის ამოსულა მზე სულეთის,

უკვდავება დასდგომია თავდებად...

ანატორით

არ იწყება ხევსურეთი,

არც იწყება და არც ამით თავდება.

ამ მთებს შორის საქართველომ იწარსულა

და მზის შუბით

ბნელეთის ცა ახია...

ყველა კოშკში,

ქორივით რომ ცად წასულა,

მითები და ლეგენდები მარხია.

დიდმა ჭირმა ყველას სულთქმა შეაერთა,

ან ვის უკვირს

დრონი

საავდარონი...

და არღუნი იქცა თურმე მერე ლეთად,

ოღონდ არვის არ სჭიროდა ქარონი.

ერდო-ბანი ჩანდა დაცლილ-

დანავსული,

არც ქალწულნი იმძიმებდნენ ხელს სურით,

ყვავილების საკრეფადაც არ გასულა

სოფლის გარეთ

უმრწემესი ხევსური.

ოდითგანვე

ზეცა აქ სხვა მადლსა ჰფენდა,

სამტროდ მოსულთ

ხანჯლის წვერი ითვლიდა...

აკლდამებში მოკვდავებად შევიდნენ და

უკვდავებად გამოვიდნენ იქიდან.

მზე იყო, თუ მოდიოდა კუპრის წვიმა,

თუ გზად ქარი გადარბოდა კინკილით,

თვით მოვიდნენ,

რომ სიცოცხლეს ეზეიმა

და მღვიმეში გამოკეტეს სიკვდილი.

ღმერთო, ამდენ სასწაულით სული გმინავს

და არღუნი

ყრუ ქვითინით ხმაურობს,_

რომ ქალ-ვაჟმა

აკლდამაში იქორწინა

და მზეს გაჰყვა

ცაში სამოგზაუროდ.

დროის ნამგლით

არც ყოველი იცელება,

ხსოვნა არცროს არ ყოფილა მარტივი...

ქარი კივის, თუ სანათა იცრემლება,

ან აღაზა ზვიადაურს დასტირის.

ღამის ბინდი შატილის მთებს

შავად თალხავს,

ბილიკები_

ვით შეხსნილი ნასკვი...

სიკვდილის წინ

თვალი მაინც დაინახავს

გაღმა სოფლად

მოყვავილე ასკილს.”

[“საქართველოს რესპუბლიკა”. N 145. გვ. 7]

ანატორელთა ტრაგედია კიდევ ბევრი პოეტის სულს შეძრავს. ვინც გაიგებს მათ ტრაგედიას, ვინც მოინახულებს მათი ძვლებით სავსე სამაროვნებსა და გაუკაცრიელებული სოფლის მიდამოებს გულგრილი ვერ იქნება. ალბათ მომავალშიც დაიწერება პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ანატორის ტრაგიკულ თემაზე.