
უამბავო ქალი
უსიყვარულოდ ბერდებაო,
ამბობენ ნათელაზე, - სხვას არაფერს.
რადგან ის უამბავო ქალია
და თავის არმოყოლილ ამბავთან ერთად უნდა მოკვდეს.
ლამაზია ნათელა...
მაგრამ არავინ არაფერი იცის მის ჭაობისფერ თვალებზე,
მათ ბუნიობაზე,
სავსეობასა თუ დაბნელებაზე...
იმაზე, რომ ყოველ შებინდებისას
ნათელა თავისი თვალების ბადეს
ცის ლაჟვარდში დააგებს
და ტოვებს დილამდე...
მერე წვება ნატკენ ღამესთან უთვალებო, ბრმა...
დღემდე იმ ბადეს არაფერი ამოჰყოლია,
გარდა ანგელოზთა ნაკრტენებისა.
ალბათ ამ ნაკრტენებით სავსე სასთუმალიდან
ამოყავს თვალი
დილის მზეს ნათელას გზის მოსაქსოვად,
რომელსაც წელგამართული მოუყვება უამბავო ქალი.
რატომ დადიხარ თავაწეულიო? - ჰკითხავ და...
ტკივილს ვერ ვდრეკო,- გეტყვის,-
ტკივილი ჩემი ჭიგოაო...
და დატოვებს ვანილის სურნელს...
სულ მაღლა და მაღლა იწევს მისი ვანილის ვაზი,
სულ მაღლა და მაღლა ეხვევა ჭიგოს...
ერთადერთი და როცა დამარხა,
თავისი საფლავის ქვაც წინასწარ გააკეთებინა ნათელამ.
მისი ნება რომ იყოს,
ორივე თარიღს ალბათ დაბადებას დააწერდა...
და მათ შორის ტირეს ნაცვლად - ციფრებს,
თუ რამდენჯერ მოკვდა...
ისევ წელგამართულია ნათელა...
ისევ თავაწეული მოდის...
მოდის, როგორც გზა უმგზავრო...
არავინ იცის, თუ იქნება ნათელას კვლავშობა,
ვის კალამში, ვის ფუნჯსა თუ კლავიᲨში...
არავინ იცის დასაწყისი
ამ უამბავო ქალის ამბადქცევისა...
მოდის ნათელა და ხმელია მისი სალამი,
რადგან ხელები, რომელსაც გიწვდის,
არაფერია თუ არა ტოტი,
რომელიც თავის სიმაღლის გამო
აღარ მოზიდეს...
* * *
წვიმა მოდის ჩემთან თავსხმა
და ალბათ, იქ უფრო...
ცაზე უწინ იმ დღეს, გახსოვს,
შენ რომ მოიქუფრე?..
გახსოვს, როგორ დამრთე ნება
პაპანაქებ ივლისს,
რომ მენახა გათენება
შენი ბაგის დილის...
მერე ისე, არ საჭიროდ
მოგიყევი იმ მთის...
და ნელ-ნელა მოგიჭირე
არტახები რითმის.
ის ხომალდიც ხომ აალდა
მზე რომ მისწვდა მაშინ,
როგორ გვანდო აფრა ანდა,
ფრთა- ფრთა, არᲨინ- არᲨინ...
და წინ არე გაილამბა
წინარეზე წინა...
ჰოდა, ახლა იმ დღის ამბავს
წვრილად ყვება წვიმა...
გზა ჯავრიანი
გზაზე წააწყდი ჯვარსა და ჯავარს,
არც კი დაფიქრდი და წილი ჰყარე,
აიღე ჯვარი, დასჯერდი მთავარს
და ჯავრიანი გზა შეიყვარე.
სადაც სიმშვიდის ალაყაფია,
ცა შეიხვედრე ჩუმი და სრული...
გწამდა, რომ თვალი სულზე სწრაფია,
მაგრამ თაღს უწინ აღებდა სული.
ქვაზე დადებულ მადლთან ნამყოფი
ანგელოზი რომ სუნთქვას აკმევდა,
დილა მოჰქონდა შენი სამყოფი,
იზმორებოდა მზე შენს სარკმელთან.
თვალი იყავი ფერგადასული
მიწის ტილოზე და ღირდი ამად-
უკუღმა პირით მიწას ჩასული
ამოკემსვოდი ცას მარად წამად...
„ვინ მარჯვნივ ჩემდა! ვინ მარცხნივ ჩემდა!“
იფხიზლე! მოვა რამეთუ მალე...
გესმოდა, მაგრამ რული დაგჩემდა.
ვაი, თბილი აქვს ვის სასთუმალი!..
აღარც გარეთ ხარ, აღარ ხარ არც შინ...
სადაც მზე გიხმობს, გჯერა, ზე ახვალ
და გაგრძელდები უდროო ჟამში,
სადაც არ არის „გუშინ“, „დღეს“ და „ხვალ“...
მანამ იქ ნებით ცად ჩაიქნები,
გაგახსენდება, რა წილიც ჰყარე,
ან რა იყავი... ან ვინ იქნები...
გზა ჯავრიანი რად შეიყვარე...
* * *
სართული მეცხრე... ვის რას უშავებს
ნატვრა თუ ღამეს ათევს, გვიანი...
ვისმენ შიშნარევს: "ლიფტი მუშაობს,
გამოიყოლე ათთეთრიანი."
მარკეტში გოგო ისწორებს "კარეს",
ყალბი ღიმილი უკარგავს ლაზათს.
ლიფტის ხურდისთვის ვყიდულობ რამეს,
ის ხურდის ნაცვლად მაჩეჩებს ასანთს.
ვუკიდებ ფიქრებს... სიზმარში ჩაფლულ
კორპუსს, გათანგულს ღამის ხურვებით,
მივყვები კიბით და სართულ-სართულ
მომდევენ შენი ნაფეხურები.
* * *
მეტროს ჩასასვლელს დასტრიალებდა
ვისთვის ბოლოჯერ აპრილი მკაცრი…
კეფას ჩამევლო მზერა მალე და...
ყვავილებს ყიდდა მოხუცი კაცი.
იებით ხელებს ასავსავებდა,
ყიდვით არავინ არ ირჯებოდა.
გაუყიდავი იების სევდა
მოხუცს თვალებში ჩალურჯებოდა...
აპრილო, კვირტს რომ ყვავილად აქცევ,
უძლურ ტოტებს კი ყვავილებს აცლი,
ისევ მოსულხარ… ახლა კი მამცნე,
სად არის, იებს რომ ყიდდა კაცი?..
ზესნახე
ცა შენი სიმშვიდის პეშვიდან
ვიგემე, ზღვაც ვნახე, მზეც ვნახე,
ასეთი ვის აღარ შეშლიდი,
მოგიხმე საშველად,
ზესნახე!
შემახე ზილფები, დე, ამ ხშირ
კორომში დამეგოს მე მახე,
გამიძეხ წამწამთა ვენახში,
ცრემლის სთველს დამასწარ,
ზესნახე!
თუ რისხვის ხოშკაკალს დამიშენ,
ინებე მივუგდო ეს სახე,
მაფხიზლებ დღემუდამ და მე შენ
თვალებში გინახავ,
ზესნახე!
მიდიხარ…არყოფნით მაშინებ,
ას წლისაც ას კვირტში მენახე,
,,არა ვარ“ არა თქვა, ვაშინერს,
არაშიც მიახლე,
ზესნახე!
* * *
ცად საოცარი სიკამკამეა…
და მაინც ფიქრი ავად მოიცლის…
გამოწეული ერთი სკამია…
და გაშლილია სუფრა ორისთვის.
თუ წახვალ, კართან ნუ იხმაურებ…
მე დავიმტკიცებ გულის იმ ფართობს,
ნაწილს, რომელიც ვერ გადავხურე,
რომელსაც დღემდე აწვიმს და ათოვს…
სიტყვები პროლოგს შემომბედავენ,
რომელ წიგნიდან რომელ თავების?..
თუ სიცოცხლეში შემომედავე,
სიკვდილშიც ხომ არ მომედავები?!.
* * *
ღია ფანჯარა, გალიაც ღია...
ნუთუ გალიამ შეჩვევა იცის?..
რა არის ფრთა, თუ არ ეძებს ღიობს...
დავიწყებია იმ ჩიტსაც იმ ცის...
გალიასავით გულია მჩატე-
მოძრავი შკალა ფიქრთა მიმოსვლის...
სადენზე ცალად ჰკიდია ჩიტი,
ვით გასაღები ვიოლინოსი.
* * *
გულს კარი გავუღე, გავუშვი,
თორემ დაიღალა შინ დებით.
ლაღი ვარ უგულო ხმაურში,
უმისოდ, უგულოდ ვმშვიდდები...
ხან ქარს დაეტოლა, ხან ნიავს,
ალვები... ნაძვები... შინდები...
გული ცად ფრიალა ფრანია...
მიწაზე ისრები... მშვილდები...
ვეძახი... არ მოდის... ახლა მდის
ცრემლები, შენს ღაწვთა მიმნდობი...
მიცინი: "აბა, ჰე, ნახვამდის!"
გეცლები უგულო...
"მშვიდობით"...
* * *
როცა პირველად სახლი დავტოვე,
ბუხართან ღამე იწვა მარხული,
პირწამახული მთვარე სატორე
მიწაში ესო, კართან მარხილი
მელოდა, მწამდა, კედლებს ნამეხარს
ვერ ვუწამლებდი, ჭირისგან მწუხარს,
ვერ ვუპოვიდი კიბეს საფეხურს,
კარს სახელურს და საკვამურს ბუხარს.
ვინატრე ფრთები, მიწას გავცლოდი,
ინაწილებენ რადგან იქ როლებს,
შევრთვოდი იმ ცას, სად შეუცნობი
გობლინი ჩიტი გადაიქროლებს.
ფრთები მომეცა, მყის მიაყუჩა
ამქვეყნიური დრტვინვა, ის სრბოლა...
და ყალყზე შემდგარ ქალაქზე ქუჩა
ცამ მათრახივით გადაისროლა.
მემძიმა ნისლი, ღრუბლის სიდიდე,
სინესტენაჭამ პლედივით, ძველი,
ჩამომესვენა სახლზე მინდოდა,
მაგრამ დაშვება ვეღარ შევძელი.
დავწყევლე ფრთა და ვინატრე ისევ
ხელი, სახლი და ძალა ველური,
საფეხური რომ არა აქვს კიბეს,
ჭერს საკვამლე და კარს სახელური...
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



