
არევიდან განათებამდე
1.
„ტვ პირველი". ვანუას შოუ.
გია ჭანტურია ჰყვება ანეკდოტს:
აფხაზ ბიჭს ქართველი გოგო შეუყვარდება. მამა წინააღმდეგია. ბოლოს ნებას გარკვეული პირობით დართავს: დააარიგებს, პირველ ღამეს როგორ მოიქცეს...
მოკლედ:
გული აგერევათ.
2.
გიორგი სოსიაშვილის მოთხრობა.
ოს გოგოს ქართველი ბიჭი შეუყვარდება. „სიყვარულო, ძალსა შენსა" და გოგო მავთულხლართში გამოძვრება. რაც შემდეგ ხდება, ამას ერთი ფრაზაც მიგახვედრებთ: „და გაძვრა მზის სხივი ალადასტურით სავსე ჭიქაში".
მოკლედ:
გული გაგინათდებათ.
ქართველიდან მსოფლიომდე
ნიკო ლორთქიფანიძე მსოფლიო მწერალია.
ოღონდ, ჯერ ძალიან ქართველი და მერე მსოფლიო.
***
გუშინ, თითქოს, პირველად წავიკითხე „თავსაფრიანი დედაკაცი".
არადა, არც კი ვიცი, მერამდენედ წავიკითხე -
სკოლაში,
უნივერსიტეტში,
ჩემთვის,
გამოცდისთვის,
ორი შვილისთვის,
ბევრი სტუდენტისთვის,
ისევ ჩემთვის...
***
როგორი მხატვარია?!
რა ძუნწი მხატვარი?!
როგორ წონის და რა ფასს ადებს თითოეულ სიტყვას?!
თითო ფრაზა მილიონი ღირს:
„გაძვრა - გამოძვრა მაჭანკალი".
აქ ყველაფერი ჩანს:
ხასიათი, მოძრაობა, გარეგნობაც კი.
***
თავსაფრიანი დედაკაცის პორტრეტი ვნახოთ:
„ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის... წინდაც კი შავი... თუ გამოჩნდა, მეტისმეტათ ლილიან წყალში გავლებული საცვალი,
თერი შუბლი,
შავი მაყვალივით თვალები,
მზეზე გაშავებული ლოყები,
მოქნილი ცხვირი,
სისხლისფერი ტუჩები,
თეთრი, გრძელთითებიანი ხელები"...
***
თუ გამოჩნდაო, - საცვალზე ამბობს.
აქ ესაა მთავარი.
თუმცა, არის უფრო მთავარი სიტყვაც:
ქართველი.
„ქართველი ქვრივი დედაკაცი"...
შემთხვევით, მთაწმინდაზე ილიასთან ერთად მგლოვიარე საქართველო ხომ არ გაგახსენდათ?
ან მიხეილ ჯავახიშვილის მწუხარე სიზმარი?
ანდა გალაკტიონის ნაღვლიანი შეკითხვა, - სამშობლო ჰქონდა თუ მოაგონდა?!
***
მსოფლიო მწერალია ნიკო ლორთქიფანიძე.
ოღონდ, ჯერ ძალიან ქართველი და მერე მსოფლიო.
ვაი, რომ ეს მსოფლიოს ვერ გავაგებინეთ.
ვერ ვთარგმნეთ, ვერ ვუპატრონეთ...
„ვიყავი“ და „ვარ“
„მათ უყვართ ის, რაც ვიყავი და არა ის, რაც ვარ".
მარია კალასი უნდა იყო, ეს რომ თქვა.
სხვათა შორის, ერთ ქართველ მომღერალსაც შეუძლია ამ სიტყვების გამეორება.
დის ნაამბობი სამი ეპიზოდი
დიდი მოღვაწის ცხოვრებიდან
ეპიზოდი პირველი:
ქათამი - ჯილდო
მე ხუთი წლისა ვარ, ანზორი - ათის.
ეზოში ვთამაშობთ. დედა და ბებიაც იქვე არიან.
მოდის მეზობელი, კატუშა ბაბილოძე. ხელში ქათამი უჭირავს.
ბებია გამოტოვა და პირდაპირ დედაჩემს მიაშურა.
დედა გაკვირვებული ეგებება.
ის კი ეუბნება, ეს ქათამი ჯილდოდ მოგიყვანე კარგი შვილის გაზრდისთვისო.
მე, სიხარულისგან, ავცეკვდი, მაგრამ კატუშამ დააზუსტა, - ანზორის გაზრდისთვისო და „დასაბუთებაც" დაიწყო:
სალამს ვერავინ დაასწრებსო; ჩვენს ვიწრო ხიდზე თუ ვინმეს იქიდან მომავალს შენიშნავს, გაჩერდება, დაელოდება, ვიდრე არ გადმოვაო...
ეპიზოდი მეორე:
პურის ფული
ანზორი უკვე პირველი კურსის სტუდენტია.
ერთ დღეს ჩვენთან მოდის სოფლის პატარა მაღაზიის გამყიდველი, შალვა ბაბილოძე და ბაბუას ეუბნება:
„არტემ, ძალიან კარგი შვილი მოგიკვდა, ნუგეშის თქმა ძნელია, მაგრამ ეს კი უნდა გითხრა: ისეთი შვილიშვილი გეზრდება, უკვე შეგიძლია, მისით იამაყო".
ბაბუა მიზეზით დაინტერესდა.
პასუხად, შალვა ბაბილოძემ ეს უამბო:
„ანზორი პურს ყიდულობდა. ზუსტად იმ დროს შემოვიდა მეზობელი და ერთი პური ნისიად ითხოვა. გავატანე. ანზორი დაელოდა მის გასვლას და შემდეგ მთხოვა, რვეულში მენახა, კიდევ ვის და რამდენი პური ჰქონდა ნისიად წაღებული. ყველას ვალი გადაიხადა."
ეს მაშინ, როცა ჩვენც არ გვილხინდა. მამით დაობლებულებს, დედა და ბაბუა გაჭირვებით გვზრდიდნენ.
ეპიზოდი მესამე:
სამოსელი
ანზორი ისევ სტუდენტია.
თბილისიდან ნათესავის გასვენებაში ჩამოვიდა.
დედამ ნასესხები ფულით ნაყიდი კოსტუმი და ფეხსაცმელი დაახვედრა, - გამოიპრანჭე და ერთად წავიდეთო.
ანზორი ეუბნება: „დედა, არ გეწყინოს, ვერ ჩავიცვამ. უხერხულია, ჩემი ტოლები იქ ძველი ტანსაცმლითა და გაცვეთილი ტუფლებით იქნებიან. თბილისში რომ ჩავალ, მაშინ ჩავიცვამ"...
დედას აღარაფერი უთქვამს.
***
ახლა შევნიშნე, რომ გვარი არ მიხსენებია.
ხომ ისედაც მიხვდით?
მეტი, ვიდრე კრიტიკოსი
მეოცე საუკუნის ქართული მწერლობა ერთი ნიშნითაც იყო გამორჩეული:
კრიტიკოსები მწერლებს ტოლს არ უდებდნენ.
კი, კვანტის დამდებიც არ აკლდათ, მაგრამ, ამჯერად, ღირსეულებზე ვსაუბრობ.
ნამდვილ კრიტიკას წინ მიჰყავდა მწერლობა და მის დონესაც დიდწილად განსაზღვრავდა.
დაწერდა რეზო ჭეიშვილი რომანს(„დალი“). აკაკი ბაქრაძე დაუნდობლად გააკრიტიკებდა. ოტია პაჭკორია მწერალს გამოესარჩლებოდა, - რაღაც მაინც დარჩა დაუნახავიო და ნაწარმოების ღირსებებს გამოკვეთდა.
გურამ ასათიანი ჟურნალ „ცისკარში“ მთელი წლის განმავლობში დაბეჭდილ ლექსებს პირუთვნელად შეაფასებდა და ავტორებს მეტად საჭირო შენიშვნებს გაუზიარებდა...
ანუ კრიტიკა აცოცხლებდა, აჯანსაღებდა, უფრო ნაყოფიერსა და საინტერესოს ხდიდა ლიტერატურულ პროცესს.
***
კიტა აბაშიძის, გერონტი ქიქოძის, აკაკი გაწერელიას თხზულებები არანაკლები ფასეულობაა, ვიდრე მათი თანამედროვე მწერლების შემოქმედება.
იგივე ითქმის მომდევნო თაობის კრიტიკოსებზე:
აბა გამოვაკლოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას რევაზ თვარაძე, ოტია პაჭკორია, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ჩხენკელი...
ვერ გამოვაკლებთ.
მათი კრიტიკოსობა კრიტიკოსობაზე ბევრად მეტია.
მაინც რით იყვნენ გამორჩეულნი?
მთავარი: საკუთარი სტილით.
სტილი უიშვიათესი რამაა.
შეიძლება, მწერალს ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს სტილი.
ასევეა კრიტიკოსიც.
და თავს ვერავინ ინუგეშებს იმით, რომ უსტილობაც სტილია...
ეს ხუმრობით ნათქვამიც კი მგონია...
ბაგა და ჯვარცმა
არა მგონია, ეს ვინმეს აღენიშნოს:
„სამანიშვილის დედინაცვალი" ელდარ შენგელაიამ განსაცვიფრებელი კადრით დაამთავრა:
პლატონი ფეხმძიმე დედინაცვალს ხელს რომ კრავს, თავის საქციელს ულავე გაიაზრებს და, სახეშეშლილი, გარეთ გავარდება. კარს რომ გამოაღებს, გამოჩნდება შინაური საქონელი, რაც იმ ღვთაებრივ ბაგას გაგვახსენებს. ანუ: ნებისმიერ ჩვილში, თუნდაც ჯერაც დაუბადებელში, ქრისტე უნდა ვიგულისხმოთ. ჩვილზე ხელის აღმართვა უფლის ხელახალი ჯვარცმაა...
***
ხომ არაჩვეულებრივია „არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „ცისფერი მთები", მაგრამ ელდარ შენგელაიას შემოქმედების გვირგვინი მაინც ეს ფილმი მგონია.
აქ ის თვით კლდიაშვილსაც კი გაუტოლდა.
რობიკო
რობერტ სტურუა!
სტურუა!
რობიკო!
სულ ერთია, რომელს ვიტყვით ან დავწერთ.
ის მაინც ერთია.
ერთადერთი...
***
ერთ ცნობილ თეატრმცოდნეს, წლების წინათ, დედამ უთხრა, რობიკო ისევ რობიკოდ დარჩაო.
მე მიხარია, რომ ის დღესაც რობიკოა - მარად უბერებელი შემოქმედი.
75 რომ შეუსრულდა, მაშინ დავწერე:
„მიხეილ თუმანიშვილი, ამ ასაკში, ღრმად მოხუცი გეგონებოდათ. ეს ადვილად ასახსნელი იყო, რადგან უამრავჯერ ატკინეს გული. სტურუას კი `„გული არა აქვს". ამიტომაც არასოდეს დაბერდება."
ვღელავდი: როგორ გაიგებდა?
რობიკო რის რობიკოა, ამას რომ ვერ მიხვდეს?!
მოეწონა!
***
დღეს 87- ია!
გაისად ორი რვიანი იქნება.
შემდეგ - ორი ცხრიანი.
და მაშინ ისევ დავწერ:
სტურუა არასოდეს დაბერდება!
ამინ!..
ბნელი და ნათელი
ევროკავშირი ისევე ჰგავს საბჭოთა კავშირს, როგორც ნათელი ბნელსო, - დაუწერია მარადსაბჭოთა კინორეჟისორ ქალბატონს.
რა თქმა უნდა, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ(?!).
***
საინტერესოა:
იმ ბნელში როგორ აგნებდა სსრკ სახელმწიფო პრემიასა და სხვა უამრავ სიკეთეს?!
განსაცვიფრებელია, რომ თბილისში არსებობს ბესარიონ ჟღენტის სახელობის ქუჩა(ალბათ, შევარდნაძის დროიდან!) - ნუცუბიძის მეორე-მეოთხე მიკრორაინოებისაკენ ამავალ გზაზე, სადაც, ძირითადად, მხატვრები(?!) ცხოვრობენ. კრიტიკოს-ცერბერის მშობლიურ სოფელში(ჭიათურა, ქვაციხე) კი საზეიმოდ აღნიშნავენ მისი დაბადების სრულიად „არამრგვალ" თარიღს და ამის ტრადიციად ქცევას აპირებენ(?!). ამ დროს, თბილისში აკაკი გაწერელიას ქუჩა არა გვაქვს.
დიდები,
ანუ ცეკვა - მე, სიმღერა - შენ!
თბილისის აეროპორტი.
გასტროლებზე მიდის ანსამბლ „რუსთავის" მომღერალთა გუნდი.
საგასტროლოდ მიემგზავრებიან „სუხიშვილებიც".
მარშრუტები სრულიად სხვადასხვაა.
ილიკო სუხიშვილმა პირველმა შენიშნა ანზორ ერქომაიშვილი.
შენიშნა და პირდაპირ მისკენ წამოვიდა.
ერქომაიშვილი ჩვეული მოწიწებით დაუხვდა.
ურთიერთმოკითხვის შემდეგ, სუხიშვილი ეუბნება:
„ყოველთვის გახსოვდეს, რომ ცეკვა მე ვარ, სიმღერა - შენ!"
ცუდია კარგი?!
ახლა ზაზა შათირიშვილს მიესივნენ.
ეს ადვილად ასახსნელია:
დიდი ინტელექტუალური ძალაა და „ოცნების" მხარესაა.
აბა სად უნდა იყოს, „ან რომელსა მხარესა?!"
ერთი ნაკლი მასაც ჰქონია:
თურმე, ლექციებს ბენდუქიძის უნივერსიტეტში კითხულობდა.
ჰოდა, იქაური (ყოფილი) სტუდენტი წერს, დანტეს იტალიურად გვიკითხავდა, თანაც, იშვიათი მსახიობური ოსტატობითო.
ჰგონია, ცუდს რასმე ამბობს?!
***
აკაკი გაწერელია იგონებს, რომ მისი სათაყვანებელი ლექტორი, გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, „ილიადას" ძველი იონელის დიალექტზე უკითხავდათ.
და ამაზე კარგი რა უნდა იყოს?!
მაგრამ იციან კი ბენდუქიძელებმა - ან აკაკი გაწერელია, ან გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი?
საკითხავი აი, ეს არის!
***
ხოლო ყველაფერი დანარჩენი, რასაც ყოფილი ბენდუქიძელი წერს, უბრალოდ, გულისამრევია.
დაუჯერებელი და გულისამრევი.
ნაწილი ანუ ნაკადი
ნიკო ლორთქიფანიძე.
ქართული პროზის კლასიკოსი.
ლაკონიური თხრობის დიდოსტატი.
მის ერთ-ერთ მოთხრობას სცენაზე მეორეკურსელები წარმოადგენენ.
გამორჩეულად რთულს, ღრმა ქვეტექსტებითა და სიმბოლოებით დატვირთულს.
დამაინტრიგებელი სათაურით:
„შელოცვა რადიოთი".
ღრმად დამაფიქრებელი ქვესათაურით:
„დიდი გოდების მცირე ნაკადი".
***
ბუნებრივი სურვილი ამაზე წერისას:
ნიკო ლორთქიფანიძეს მიბაძო.
ლაკონიზმში.
***
აქ - სათაურზე უარი.
უფრო ზუსტად, ქვესათაური სათაურად.
ბოლო სიტყვა - შეცვლილი:
„ნაწილი" - „ნაკადის" ნაცვლად.
ამას არა უშავს.
თვითონ ნიკო ლორთქიფანიძემ რუსთაველის ტექსტი შეცვალა, მოთხრობას ეპიგრაფად რომ წარუმძღვარა.
„დიდი გოდება" - საქართველოს მთელი ისტორია.
ელიც, მოთხრობის მთავარი პერსონაჟიც - საქართველოს ნაწილი.
მისი ბედიც - საქართველოს უბედობის ნაწილი.
ანუ: გადაკეთება - სრულიად გამართლებული.
***
სამშობლოს მოწყვეტილი ულამაზესი ქართველი ქალის ტრაგიკული თავგადასავალი - სიღატაკიდან სიმდიდრემდე, სიყვარულიდან სიძულვილამდე...
ბოლოს, გველებისგან დაკბენილს, ვერც მსოფლიოს ლაბორატორიებში გამოყვანილი შრატი უშველის და ვერც მოხუცებული ქართველი დედაკაცის ბუტბუტი.
მის შელოცვას რადიო უცხოეთამდე კი ჩაიტანს, მაგრამ განმკურნავი ძალა არ ექნება, რადგან ლოცვასაც მშობლიური ნიადაგი სჭირდება.
***
მომავალი მსახიობები:
ნიჭიერები, ლამაზები, დახვეწილები...
მარტო ის როგორი ფუფუნებაა, ერთ ჯგუფში ელის როლის ოთხი შემსრულებელი რომ გყავს?!
ეს რომ არა, იქნებ რეჟისორს ასეთი ორიგინალური იდეა არც გასჩენოდა.
დასანანი კი იქნებოდა.
გასახარი კი ის არის, რომ ოთხივე ელი ისე მოგწონს, ერთსაც ვერ გამოარჩევ.
ბიჭებიც - ღირსეული პერსონაჟები და პარტნიორები.
თავი უკვე ნამდვილი არტისტებივით რომ უჭირავთ.
რეჟისურა - არა ხსენებული მიგნებით გამორჩეული. ბევრი საინტერესო მიზანსცენა, მეტაფორა თუ დეტალი.
გიკვირს კიდეც, რომ რეჟისორის კი არა, მეტყველების პედაგოგის დადგმულია.
მეტიც: ეს არის სპექტაკლი-გამოცდა სასცენო მეტყველებაში.
თუ ბოლომდე გულახდილი ვიქნებით, უნდა ვთქვათ:
თუ ამ სპექტაკლში, შიგადაშიგ, რაიმეს დაიწუნებ, უპირველესად, მეტყველებას.
მაგრამ მთელი თანამედროვე ქართული თეატრის ნაკლსა და სენს ამ ბავშვებს ხომ ვერ ავკიდებთ?!
***
ეს სტუდენტური წარმოდგენაა.
მეორეკურსელთა.
და ვნატრობ:
ნეტა ამ დონის, ასეთი გემოვნებით აღბეჭდილი, ასე თანამედროვე, „უნაფტალინო" სპექტაკლი დიდ და პროფესიულ თეატრებშიც ბევრი გვქონდეს.
***
აუცილებელი მინაწერი:
ნიკო ლორთქიფანიძე, ლაკონიური თხრობის დიდოსტატი, ზედმეტს ვერაფერს აიტანს. მე კი დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ სპექტაკლის საკმაოდ ვრცელი შესავალი სრულიად ზედმეტი მგონია. პირდაპირ „მცირე ნაწილი" უნდა დაიწყოს.
წუხელ, ცხადში, არა ძილში...
1.
ირინა სარიშვილი.
ქალი, რომელიც აქ, საჯარო სივრცეში, გადამთვრალი შოფერივით ბილწსიტყვაობს, ჩვენზე, „ოცნების" მხარდამჭერებზე, ამბობს, ფეისბუკში საშინელებებს წერენო?!
2.
თინა ხიდაშელი.
ქალი, რომელიც „ოცნების" თავდაცვის მინისტრი იყო, მარიამ ქვრივიშვილზე ამბობს,
ივანიშვილის მინისტრობას როგორ დასთანხმდაო?!
***
ეს იყო წუხელ - ჯერ გრიგოლიას „რეაქციაში", შემდეგ ბუკიას „პირველ ხაზში".
***
დიდება შენდა, ღმერთო!..
იცოდით?
აი, თურმე, რა ყოფილა ბიზნესი!
თემურ ჭყონია:
,,ბიზნესი არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ქმნის სახელმწიფოს."
იცოდით?
***
ჩვენ კიდევ გვიკვირს, მიშას რატომ მისტირისო.
გულს გული იცნობს, მოაზროვნე - მოაზროვნეს.
თანაბრად და მარტო
ჯანსუღ კახიძის ცენტრი.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი.
პირველი განყოფილება.
პროკოფიევის მეორე საფორტეპიანო კონცერტი.
როიალთან - ახალგაზრდა მამიკონ ნახაპეტოვი.
სადირიჟორო პულტთან - 83 წლის რევაზ ტაკიძე.
მსმენელი/მაყურებებელი - ჯერ გაყურსული, შემდეგ - სიამოვნებისაგან განათებული, ბოლოს - აღფრთოვანებული.
დაუსრულებელი ტაში, რომელიც თანაბრად ეკუთვნოდა ახალგაზრდა პიანისტსა და მხცოვან დირიჟორს.
და, რა თქმა უნდა, ორკესტრს.
***
მეორე განყოფილება.
შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია.
აქ უკვე დირიჟორია ყოვლის მეუფე.
აღფრთოვანება და ტაში, ამჯერად, მარტომ დაიმსახურა.
და, რა თქმა უნდა, ორკესტრმა.
***
მახსოვს:
როგორ იყო აღფროვანებული 80 წლის ანზორ ერქომაიშვილი 78 წლის
რევაზ ტაკიძით, რომელმაც ოპერა ,,ქეთო და კოტეს" ზეპირად უდირიჟორა.
გუშინ კი ამას ვფიქრობდი:
რა ბედნიერი იქნებოდა, თავისი განუყრელი მეგობრის ამ დიდ წარმატებას რომ დასწრებოდა.
ალბათ, ქალბატონი ლალი სეთურიძე - ერქომაიშვილიც ამას ფიქრობდა...
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.




