
„ყოველი მხრიდან დაუძლეველი სირთულეა, უბედურებათა ნაკადი მდინარესავით დამატყდა თავს. უბედურების ღრმა და გადაულახავ ზღვაში შევედი და არსადაა განსაცდელისგან თავდასაღწევი ნავთსაყუდელი. თუ მე არ გავაკეთე, რასაც მთხოვთ, თქვენ ამბობთ, რომ მოუცილებელი ლაქა მემუქრება და თუკი თქვენი გულისთვის გალავანთან დავდექი და შევებრძოლე თქვენს ბიძაშვილებს, მწარე უბედურება არ იქნება, რომ ქალების გადასარჩენად ვაჟკაცების სისხლი დაიღვრება? და მაინც, სავალდებულოა მავედრებელთა მფარველი ზევსის რისხვას მოვერიდო, რადგან მოკვდავებისთვის მისი შიში უმაღლესია. შენ კი, ამ ქალიშვილთა მოხუცო, დაავლე ამ შტოებს ხელი და ამ ქვეყნის ღმერთების სხვა საკურთხევლებზე მიიტანე. დაე, ყველა მოქალაქემ დაინახოს მოწმობა, რომ მავედრებლად მოხვედით და ჩემზე ცუდსაც ნუ იტყვიან, რადგან ხალხს უყვარს ხელისუფლებისთვის ყველაფრის დაბრალება. ამ შტოებს რომ დაინახავენ, თანაგრძნობით მოგეკიდებათ ხალხი, დაგმობენ თქვენი კაცების თავხედობას და თქვენ მიმართ ხალხი უკეთესად განეწყობა: სუსტის მხარესაა ყველას კეთილგანწყობა“.
მეფე პელაზგოსის სიტყვა - ესქილეს ,,მავედრებელი ქალწულები“.
ამ წერილის დაწერა ჩვენში შექმნილმა დღევანდელმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა. მთელს მსოფლიოში დიდი კატაკლიზმური პროცესები დაიწყო, იცვლება სააზროვნო და სამოქმედო პარადიგმები - მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის პირას არის მისული. რუსეთის იმპერიის აგრესია ჩვენს მეზობელ უკრაინაში არ წყდება. ამ ქვეყანაში კი არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადო მოღვაწეებიც და პოლიტიკური მეცნიერებიც თითქმის ყველა შემთხვევაში სრულიად უსაგნო დისკუსიებს მიაქვს, სადაც სიძულვილის ზეიმია მხოლოდ. მე მინდა ამ საკითხს მივუდგე, როგორც სოციალური მეცნიერი და ჩემი მსჯელობა ფაქტებზე და შედარებით ანალიზზე ავაგო - არავის ვუწოდო არც ,,სატანის მოციქული“, არც ,,მასონი“ და არც ,,რუსეთის აგენტი“. დღეს ჩვენ საღი ანალიზი გვჭირდება და არა ბრალდებების გაცემა კრედიტში თუ დებეტში.
დიდმა ბერძენმა დრამატურგმა ესქილემ თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია ,,მავედრებელი ქალები“ (ინგლისურ თარგმანებში ,,ქალწულები“) ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის 90-იან 70-იან წლებში დაწერა. ისევე, როგორც ბევრი სხვა ბერძნული ტრაგედია, ეს ნაწარმოებიც გარკვეულ ისტორიულ მოვლენებს აქცევს მითო-პოეტურ ენაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მითო-პოეტური ენის მიმართ მთლიანად სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ ფუნდამენტალისტ მოდერნისტებს ახასიათებთ და ჩვენც არ შეიძლება მათს ნარატივს დავუმორჩილოთ ჩვენი მსჯელობანი.
რისმაგ გორდეზიანს თავის არაჩვეულებრივ ნაშრომში ,,მითების სიბრძნე“ ძალიან კარგად აქვს გაკეთებული ამ მითო-პოეტური თხრობის დეკონსტრუქცია, სადაც ის კონკრეტულ ისტორიულ მოვლენებს აღდგენას უკეთებს. კერძოდ, ის მეფე პელაზგოსის - არგოსის უკანასკნელი პელაზგი მეფის და პელოპენესის ინდოევროპელი მილიტარისტი ტომების მიერ დაპყრობას დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეს უკავშირებს. ამ მოვლენებს ის ჩვენთვის კარგად ცნობილი მინოსური ცივილიზაციის დანგრევას უკავშირებს კუნძულ კრეტაზე - რაც სანტორინის ვულკანის ამოფეთქებას უკავშირდება დაახლოებით იგივე პერიოდში. მინოსური ცივილიზაცია ევროპის ისტორიაში განსაკუთრებული მოვლენაა, რომელზეც საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს თვით ზვიად გამსახურდიაც თავის ცნობილ ლექციაში ,,საქართველოს სულიერი მისია“. ეს იყო არა მხოლოდ კუნძულ კრეტაზე, არამედ მთელს წინა აზიაში და საბერძნეთის ნახევარკუნძულზე გავრცელებული მრავალეთნიკური ცივილიზაცია, რომელიც დინამიურ შემოქმედებითობაზე იდგა და იყო პრაქტიკულად მთლიანად არაძალადობრივი და არამილიტარისტული. მიუხედავად იმისა, რომ მას ესაზღვრებოდა ისეთი ძლიერი ბრინჯაოს პერიოდის სამხედრო-ინდუსტრიული ძალები, რომლებიც იყო ხეთების, აქადების, ბაბილონის, ეგვიპტის იმპერიები, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა მომთაბარე ინდოევროპელ თუ სხვა ერებზე. ბრინჯაოს პერიოდში ომის ინდუსტრია უკვე ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური ბერკეტი ხდება და სწორედ მისი საშუალებით უკვე დიდი ტერიტორიების დაუფლება დაიწყეს როგორც არიელებმა, ასევე სხვადასხვა ტომებმა, რომლებიც უმთავრესად აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ. აი, სწორედ ამ დროს საბერძნეთის ნახევარკუნძულზეც და წინა აზიაშიც მოძლიერებას იწყებს ზევსის ფენომენი და ზევსიანური ,,სამხედრო ინდუსტრიული“ ცხოვრების წესი თავისი ოლიმპოს ღმერთებით. ზევსის და ზევსიანობის მოსვლას მანამდე არსებული უძველეს ბერძნული და წინა-აზიური სამყარო შეებრძოლა პრომეთევსის თამადობით, თუმცა ბრინჯაოს ხანის მილიტარისტულ ტენდენციასთან ბრძოლა იმ ისტორიულ ეტაპზე განწირული საქმე იყო. სწორედ ამას უკავშირდება პრომეთეს ტრაგიკული ისტორია, რომელიც აგრეთვე ესქილემ აღწერა არაჩვეულებრივი ოსტატობით. პრომეთე ანუ პრომეთევსი (ჩვენებურად ამირანი) არ ეგუება ზევსის ძალმომრეობით ცხოვრების წესს და იტანს უზარმაზარ ტანჯვას. მაგრამ ის არ კვდება - ის ელოდება ზევსიანური ცხოვრების წესის დასასრულს ხომლის მთაზე - რა თქმა უნდა ეს ამ მითის ქართული ვერსიაა, თუმცა ესქილეც აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ პრომეთე მიაჯაჭვეს კავკასიონის ქედზე. ზუსტად რომელ მთაზეა ის მიჯაჭვული, რა თქმა უნდა, დადგენილი არ არის - თუმცა კავკასიონი გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობას ასრულებს აქ. ასევე ფაქტად რჩება ის, რომ იბერიაც და ჰაიასტანიც გამონაკლისი პერიოდების გარდა - ტიგრანის და თამარ მეფის დროს თუ გამოვაკლებთ - არ იყო მიდრეკილი მილიტარისტული და იმპერიალისტური ცხოვრების სტილისაკენ. ესქილეს ,,მიჯაჭვულ პრომეთეში“, მეტად მანიშნებელია ქალი გმირის, იოს გამოჩენა. აქაც უნდა ითქვას, რომ გენიალური ბერძენი დრამატურგი და ჟამთა-აღმწერი ზუსტად აღწერს დროის მიმდინარეობას. ზევსიანობის შემოსვლას მოჰყვა ბრუტალური პატრიარქატის დამკვიდრება საბერძნეთსა და წინა-აზიაში, რაც ტროას სამეფოს განადგურებით მთავრდება (ერთ-ერთი ვერსიით, ძველი წელთაღრიხცვით 1194-1184 წლებში). იო ამ წესრიგის წინაარმდეგია. ის ეგალიტარიანული პელაზგური (შეიძლება ითქვას მინოსური) ცივილიზაციის წარმომადგენელია და ის გაურბის ზევსს, რომელსაც შმაგად უნდა მისი დაუფლება. აქ, ცხადია, ზევსის უამრავ ცოლს შორის ერთ-ერთი მთავარი, ჰერა, ეჭვიანობს და იოს საშინელ ბუზანკალს შეუჩენს. პრომეთეს რჩევით იო სამხრეთისკენ მიემართება და ბოლოს ეგვიპტეში ჩადის. იქ მას ზევსი მაინც მიაგნებს და ძროხის ფორმით მაინც დააორსულებს. მათს ვაჟს ეპაფოსი ეწოდა. ის ეგვიპტეში გამეფდება, მაგრამ აქ უკვე პატრიარქალურ-მეომრული წესები იწყება ცხოვრება. სწორედ მისი შთამომავლები არიან ეგვიპტოსი და დანაოსი. ესქილეს ეს დიდი ტრაგედია სწორედ ეგვიპტოსის ვაჟიშვილებსა და დანაოსის ქალიშვილებს შორის ურთიერთობას ეხება. ეგვიპტოსის ვაჟიშვილები ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტენ დანაოსის ქალიშვილების ძალით დაუფლებას - ანუ გაუპატიურების გზით ცოლად მოყვანას. ამას ისინი არ ემორჩილებიან. აქ უკვე ხდება ორგანიზებული სექსიზმის და ძალმომრეობის კულტურის დამკვიდრება. თუმცა დანაოსი და მისი ქალიშვილები ამას არ ეპუებიან და ისინი ტოვებენ ეგვიპტეს და გრძელი გზით მოადგებიან არგოსის სამეფოს, სადაც იმ დროს მეფე პელაზგოსი მეფობს და ამ დროს დგება ამ გენიალური ნაწარმოების კლიმაქსი. დანაელები - ანუ დანაოსი და მისი ქალიშვილები - (საინტერესოა, რომ ჰომეროსი თავის ,,ილიადაში“ პელოპენესის მკვიდრებს უკვე ,,დანაელებად“ მოიხსენიებს) - პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ არგოსის სამეფოში. მათ უწევთ ამ მძიმე მოლაპარაკებების წარმოება თვით მეფე პელაზგოსთან - არგოსის უკანასკნელ ჰუმანისტ მეფესთან. მათ უკან დანაოსის მილიტარისტი და სექსისტი ძმის, ეგვიპტოსის გემები მოჰყვება, რომელთან ბრძოლით დაპირისპირება დიდი გმირობაა და პრაქტიკულად საკუთარი თავის განწირვა მეფე პელაზგოსისთვის. ის კი თავის მოქალაქეებს დაეკითხება: შევიფაროთ თუ არა ეს ქალწულები მამასთან ერთად? ესეც დიდი დემოკრატიის მაგალითია და არგოსის პელაზგური სახელმწიფო ჰუმანურ და საკუთარი თავისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს. რატომ? ეს მეტად საინტერესო კითხვაა, რომელზე პასუხიც შეიძლება ახლო მომავალში გამოიკვეთოს.
ზვიად გამსახურდიამაც თავის დროზე უარი თქვა უდანაშაულო ადამიანების სისხლის დაღვრაზე - მათს შორის უდანაშაულო ქალების დაჩაგვრაზე და გაუპატიურებაზე. ამაზე მას ბევრი შენიშვნა მისცეს, მაგრამ ის მტკიცედ შეეწირა საკუთარ ჰუმანისტურ იდეალებს. ეს არის ძალიან საინტერესო პარალელი ზვიად გამსახურდიასა და მეფე პელაზგოსს შორის. ორივემ დემოკრატია და თავისუფლება არჩია ტირანიასთან თამამშრომლობას.
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ახლახანს გამოქვეყნებულ არაჩვეულებრივ ბიოგრაფიულ ნაშრომში ,,სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსათვის“ ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ აირჩია ზვიად გამსახურდიამ მსხვერპლის გაღების გზა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის სწრაფვაში. მან, რაღა თქმა უნდა, იცოდა, რომ ამ გზაზე ის, როგორც მისი თანამებრძოლი მერაბ კოსტავა, ფიზიკურად განწირული იყო, მაგრამ მან მაინც არ აირჩია მაკიაველური ძალაუფლებისმოყვარე გზა. უფრო მეტიც, მან არაძალადობრივი ბრძოლა შეგნებულად დაიწყო და გააგრძელა, იმისათვის, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დახოცილიყვნენ. ბუნებრივია, ამან იქონია გავლენა მის პერსონალურ ბედისწერაზე და სიცოცხლეც მოუსწრაფა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც ერთგული დარჩა ამ გზისა. ასევე მოიქცა მეფე პელაზგოსი, როდესაც მის არგოსს პრაქტიკულად უეჭველი დამარცხება ელოდა ეგვიპტოსის ჯარების ხელით. იგი მხოლოდ ზევსის იმედზე თუ დარჩებოდა. აქაც ესქილე ძალიან ოსტატურად გვაჩვენებს იმას თუ როგორ შეიძლებოდა მილიტარისტული პატრიარქატის და სექსიზმის გამობრძმედილი ღმერთკაცის იმედად დარჩენა მაშინ, როდესაც იმ დროის ტენდენცია სრულიად ეწინააღმდეგებოდა მეფე პელაზგოსის სულისკვეთებას და ამ ტენდენციას თავში სწორედაც რომ ზევსი ედგა. აქ ლაპარაკია მინოსური ცივილიზაციის დასასრულის პერიოდზე, როდესაც მას ნელ-ნელა უკვე ანაცვლებს ,,ოქრომრავალი და მეომარი მიკენი“. მიკენელები არა მხოლოდ ინდოევროპელი მეომარი ტომების წარმომადგენლები იყვნენ, არამედ მათთვის ქალებზე ბატონობაც და უდანაშაულო არსებების ,,მსხვერპლეშეწირვაც“ სრულიად ორდინარული ფაქტი იყო. ამის კიდევ ერთი მოწმობაა აგამემნონის მიერ საკუთარი ქალიშვილის იფიგენიას მოკვდინება მხოლოდ იმისათვის, რომ მას საომარ კამპანიაში გაემარჯვა ტროას ქალაქი-სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მეფე პელაზგოსი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-15 საუკუნეში მოღვაწეობს თუკი მითო-პოეტურ ნარატივს დავუჯერებთ. ზვიად გამსახურდია კი თავის ,,საქართველოს სულიერ მისიას“ 1990 წელს წარმოთქვამს ქრისტეს დაბადებიდან. ამ ორ მოღვაწეს შორის მინიმუმ 35 საუკუნეა - და აგრეთვე ის ფაქტი, რომ ერთი ახლო წარსულის ტრაგიკული ისტორიული პეროსნაჟია და მეორე კი მითო-პოეტური სამყაროს ტრაგედიის მთავარი გმირი, თუმცა აქ აშკარააა ერთი გამაერთიანებელი რამ: ორივე მათგანი ორგანიზებული ძალმომრეობის მოწინააღმდეგეა. მშვიდობიანი ,,მინოსური პერიოდი“ 500 წელს გრძელდება ეგეოსის ზღვის აუზში - ძველი წელთაღრიცხვით 2000-დან 1500 წლამდე. ხოლო ახლა - 1990 წლიდან სულ რაღაც 35 წლის შემდეგ - ჩვენ უკვე აშკარად ვხედავთ კაცობრიობის ძალადობრივი განადგურების აშკარა რისკებს, რომელთაც ხელს უწყობს უამრავი სახის ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თუ სხვა იარაღი. მეფე პელაზგოსი 3500 წლის წინ მისნურად ხედავს, რომ ეგვიპტოსის და მისი ვაჟების ძალმომრეობით ცხოვრების წესს მარადისობა არ უწერია. ის სწორედ ამ გათვლით არ ნებდება მათს აღმატებულ სამხედრო ძალას. ის არჩევს, რომ დაუცველი ქალიშვილები გაუპატიურებისაგან და პატივის აყრისაგან დაიცვას. 1990 წელს ზვიად გამსახურდიაც ასევე მისნურად აკეთებს თავის არაჩვეულებრივ მოხსენებას, სადაც ის ძალადობის პერიოდს - რომელსაც ის ინდურ ,,კალი იუგასთან“ აიგივებს და ეს კიდევ ცალკე მსჯელობის საკითხია - დამთავრებას უწინასწარმეტყველებს. ის მინოსური ცივილიზაციის ,,ხელახლა დაბადებას“ წინასწარმეტყველებს - და ამაში ის არ ერიდება ქრისტიანული სიმბოლოების შემოტანას. ,,ლაზარეს აღდგინება“ სწორედაც რომ მინოსური მშვიდობიანი და არაძალადობრივი ცხოვრების წესის აღდგენაა.
მეფე პელაზგოსის გმირული საქციელი დაახლოებით 35 საუკუნის წინ ნიშანია შემდეგი თაობებისათვის, რომ ძალმომრეობა ყოველთვის ვერ იზეიმებს სიკეთესა და სიყვარულზე. ასევეა ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეც და მისი გენიალური ლექციაც - ,,საქართველოს სულიერი მისია“.
აი, რას ამბობს მეფე პელაზგოსი იქამდე, სანამ შეიფარებს დანაოსის დაუცველ ქალიშვილებს და მათი სახით არაძალადობას.
„ეგ მახსოვს. აქამდე მივიდა საქმე. მომიწევს დიდი ომის არჩევა ან ერთთან ან მეორესთან. ყველაფერი გარდაუვალია, დამაგრებულ ხომალდს რომ საგორავით წყალში ჩაუშვებენ, ისე, მწუხარების გარდა, სხვა შედეგი არ იქნება. როდესაც ქონებას სახლიდან გაიტაცებენ, სხვა ქონება შეიძლება მოვიდეს ზევსის, შინაური კეთილდღეობის მფარევლის წყალობით. როდესაც ენა გაისვრის ისარს და მიზანს ააცდენს, სიტყვა შეიძლება გახდეს იმ გულის სატკენი სიტყვის დამამშვიდებელი, ხოლო მშობლიური სისხლიც არ დაიღვაროს. საჭიროა, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, რომ აგვარიდოს უბედურება. სიმართლე ისაა, რომ არ მინდოდა დაპირისპირებამდე მისვლა; მირჩევნია, უმეცარი ვიყო, ვიდრე ბოროტებაში გარკვეული ბრძენი. დაე, ყველაფერი უჩემოდაც კარგად მოხდეს.“
ზვიად გამსახურდიამ 35 საუკუნის შემდგომ კაცობრიობას უთხრა, რომ კაცობრიობა ახლოს არის ძალმომრეობის ცივილიზაციის ბოლოსთან, - რომ ასე ცხოვრება შეუძლებელია - და რომ ეს ჩვენთვის იესო ქრისტეს არ უქადაგია... რომ ლაზარეს აღდგინება იგივე მინოსის აღდგინებაა კრეტის კუნძულზე. კაცობრიობას ეყოფა განსჯა, რომ უარი თქვას არათუ მხოლოდ ძმათამკვლელ ომზე, არამედ ქალებისთვის ღირსების აყრაზეც და ფემიციდზეც. ეს ყველაფერი მეფე პელაზგოსის ტრადიციაა. არგოსის უკანასკნელი პელაზგი მეფის.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



