
ჩემს გადანახულ საქაღალდეში ერთ რვეულს გადავაწყდი. დიდი ხანია, „ძველ ქაღალდებს“ ვინახავ. გვერდზე გადავდებ ხოლმე საინტერესო შინაარსის ჩანაწერებს, დოკუმენტებს... ვფიქრობ: მოვიცლი, წავიკითხავ... დრო გარბის... ჩემი „გადანახული ჩანაწერები“ ჩემთან ერთად ძველდება, ბერდება… აქ ნახავთ ინფორმაციას, რომელიც ბაღდათის მძიმე წარსულზე მოგვითხრობს, ცნობებს ისტორიულ ძეგლებზე, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში გვხვდება და ა. შ.
ამ ცოტა ხნის წინათ, მეგობრებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსების, პოემების თარგმანები და ბიოგრაფიული წიგნები გამოვეცი. ჩავთვალე, რომ შესვენების უფლება მქონდა, გადავხედე „არქივს“ და ჩემი ყურადღება იმ რვეულმა მიიპყრო, რომელიც ზემოთ ვახსენე. თხუთმეტი წლის სოხუმელი გოგონას ჩანაწერები აღმოჩნდა… რაღაც დღიურების მსგავსი. ამ ასაკში გოგონებს უყვართ ჩანაწერების გაკეთება. მაშინ ვერ გავიხსენე, საიდან აღმოჩნდა ჩემთან „დღიურები კონფლიქტის ზონიდან“. დავიწყე კითხვა და ამ პატარა, მაგრამ დიდი სულის გოგონასთან ერთად გამოვიარე ეს საშინელი გზა ცეცხლმოდებული სოხუმიდან... და აი მისი თავგადასავალიც... ის იგონებს:
„იმ მზიან, ლამაზ და მშვენიერ დღეს არაფერი იყო ომის მაუწყებელი. მე ვიყავი 15 წლის, ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე წასასვლელად ვემზადებოდი. ელიკო ჩემი ბებია და ბაბუას სახლიდან ორიოდე კმ-ში ცხოვრობდა. ამ ადგილს “ბაღმარანის პავაროტს” ეძახიან. როგორც ახლა მახსოვს, მეცვა მუქი-ლურჯი ქვედაბოლო, ცოტა მუხლის ზევით, გვერდებში ჩაჭრილი და თეთრი ზედაწელი, ჯიბეებთან ლურჯი ხაზებით გაწყობილი. რატომღაც ავტობუსს არ გავყევი და ელიკოსთან ფეხით წავედი. გოგონები ცოტანი ვიყავით. ელიკო ჩემზე უფროსია ორი წლით, დებივით გვიყვარს ერთმანეთი. იქ იყო ჩემი თანაკლასელი ხათუნა უგულავა, რომელთანაც ვმეგობრობდი.
ერთი საათიც არ იყო გასული, ბიძამ დამირეკა და დამითხრა: „მოემზადე, 5 წუთში მოგაკითხავო“. მე განვცვიფრდი, ვერ გავიგე რა ხდებოდა. მოვედით სახლში ბებიასთან და ბაბუასთან განაწყენებული, დაბადების დღიდან რომ წამომოიყვანეს. გაბრაზებული გავედი გარაჟის თავზე განთავსებულ ბარის ოთახში. (ეზოში გარაჟი თავზე დიდი ოთახი იყო აშენებული ბამბუკებისაგან, სადაც ვახო ბიძიამ, თავისი ხელით, ,,ცვეტომუზიკები” დაამონტაჟა ბანკეტებისთვის). ჩავრთე ტელევიზორი, რაღაც სასაცილო გადაცემა გადიოდა, მოულოდნელად სროლის ხმა შემომესმა. ჩვენ ცენტრალური გზის პირას ვცხოვრობდით. საშინელი ხმები ისმოდა... შიშისაგან სავარძლიდან იატაკზე ჩამოვხტი, ყვირილი დავიწყე: „მიშველეთ!!! მეშინია!!!’’
ჩემს ხმაზე ალა ბიცოლამ მოირბინა, ხელი მომკიდა, ნუ გეშინიაო, მითხრა და ქვევით ჩამიყვანა. ვხედავ ასეთ სურათს: გამორბის ქუჩიდან სახლებისკენ სუყველა, მათ შორის, მამაჩემი ვახო მისაბიშვილთან ერთად. უცებ გამახსენდა, რომ 50 მეტრში ვულკანიზაცია იყო, სადაც იდგა ცისტერნა ბენზინით. გვეშინოდა, ტყვია ცისტერნას არ მოხვედროდა, მაგრამ მისაბიშვილს მოუსწრია სუბტროპიკული ინსტიტუტის გარაჟში მანქანის გაყვანა. გაისმა საშინელი გრუხუნი, მიწა ზანზარებდა, შემოვიდა ტანკები... ,,მხედრიონი“ ჯაბა იოსელიანის მეთაურობით... ადგილობრივ მოსახლეობას ჩამოართვეს მანქანები, ისინი თავს გრძნობდნენ, როგორც მეფეები, ჩვენ, იმ მომენტში, ალბათ, უფრო მათი გვეშინოდა, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი. მათი დისლოკაციის ადგილი იყო ზუსტად ის ,,ბაღმარანის პავაროტი“.
დაიწყო ომი ორ ძმურ ხალხს, აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ცა, წყნარი ზღვა, ბავშვების წკრიალა სიცილი, მხიარულება, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ომის საშინელებამ, შიშმა, სისხლმა, სიკვდილმა დაისადგურა. ეს იყო არაჩვეულებრივი დღე, სიცოცხლით და სიხარულით სავსე. ყველანი გაოგნებული ვიყავით.
6 ოქტომბრიდან ქალაქის დაბომბვა მასიურად დაიწყეს, უკვე ძალიან საშიში იყო. შემოიღეს კომენდატის საათი, ოჯახში გადაწყვიტეს, რომ ქალები, ბავშვები და მოხუცები უნდა გავეყვანეთ.
ერთ დღესაც, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ალბათ 8-10 ოქტომბერი იქნებოდა, გამევმგზავრეთ აეროპოტში, ცხელოდა, დახუთული ამინდი იყო. გეგონებოდა მთელი ქალაქს აეროპორტში, ასაფრენ ზოლზე მოუყრია თავიო. დილის 8 საათი იქნებოდა, ყველანი ოჯახებით ვიყავით და ერთმანეთს არ ვცილდებოდით. ჩვენ აეროპორტის შენობასთან ვიდექით, ვიღაცამ მოხარშული კვერცხი მოგვაწოდა... რაც გვქონდა ყველაფერს ერთმანეთს ვუნაწილებდით.
ველოდებოდით თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან უნდა მოფრენილიყო... ამ თვითმფრინავში, ამდენ ხალხში როგორ მოვხვდით, არც კი მახსოვს... ავტობუსი გეგონებოდა ისეთი სავსე იყო. ჰაერი არ გვყოფნიდა. უცებ გამოაცხადეს აერობუსი მოსკოვში მიფრინავსო, ჩვენც ჩამოვედით, რაზედაც ბიძა გვეჩხუბა, ოღონდაც აქედან შორს, თუნდაც აფრიკაში წადით, ოღონდაც ამ ჯოჯოხეთს მოშორდით, დაიმახსოვრეთ, სადაც არ უნდა გაფრინდეს არ ჩამოხვიდეთო.
შინ დაბრუნება გადავწყვიტეთ, აეროპორტიდან სახლისკენ მიმავალი გზა, უფრო სწორედ გზის ის მიმართულება რომელზეც ჩვენ ვმოძრაობდით, სრულიად დაცარიელებული სჩანდა. ვის მანქანაში ვისხედით არ მახსოვს, კრემისფერი ვოლგა იყო... უკან ვიჯექით დედაჩემი, დათო(ჩემი ძმა) და მე მარჯვენა ფანჯარასთან. უეცრად გვერდზე გავიხედე და შევნიშნე საბრძოლო თვითმფრინავი, ჩვენსკენ მოფრინავდა, თითქოს ცეცხლი უნდა გაეხსნა ჩვენი ავტომობილისათვის. ძარღვებში სისხლი გამეყინა, სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ... საშინელი სურათი იყო, უზარმაზარი მფრინავი ურჩხული ჩვენსკენ მოიწევდა რომ ცეცხლში დავეწვით, გავენადგურებინეთ... შემდეგ თითქოს ჰაერში შეჩერდა, დაგვაკვირდა, ღირდა თუ არა ჩვენი ჩაყლაპვა, ნადავლი არ მოეწონაო იფიქრებდი... რაღაც მანევრი გააკეთა, ალბათ გადაიფიქრა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა, ჩვენ მანქანას ძალიან ახლოს გადაუფრინა... იმდენად ახლოს რომ ავტომობილი ჰაერში ასწია და ისევ დავენარცხეთ ასფალტზე... მძღოლმა თქვა სუ-27 იყოო...
მეორე დღეს ისევ აეროპორტში წავედით. ველოდებით... ჩამოფრინდა ერთი თვითმფრინავი, მაგრამ იქ მოხვედრის შესაძლებლობა არ იყო. სადღაც ნაშუადღევი იქნებოდა, თვითმფრინავზე 5-6 ჩვენი მეომარი იდგა, ჰაერში ისროდნენ ხალხი რომ გაეფანტათ, რადგან ჭიანჭველებივით ირეოდნენ... მე მათი კარგად მესმოდა, ისინიც ჩვენსავით იყვნენ, მათაც უნდოდათ ამ ჯოჯოხეთის დატოვება და თავიანთი ოჯახების გადარჩენა. ყველა ტრაპი ხალხით იყო სავსე. დამაინტერესა, რა ხდებოდა, იქნებოდა თუ არა კიდევ ფრენა. (იმდენ ხალხს მოეყარა თავი, ათეულობით თვითმფრინავიც არ ეყოფოდათ). წავედი აერობუსისკენ, რაც უფრო ახლოს ვიყავი, მით უფრო შიში მიპყრობდა. უცებ ბიჭებმა ისევ დაიწყეს ჰაერში სროლა, მე კი შიშისაგან ასფალტზე დავემხვე, თავზე ხელები მოვიხვიე და ისტერიული ტირილი ამივარდა. უცებ ვიღაცამ წამომაყენა, ჩამიხუტა, ბიჭებს გასძახა, რომ არ ესროლათ და მითხრა, ,,ნუ გეშინია, ჩვენები არიანო“. მკითხა, შენები სად არიანო და მათთან მიმიყვანა.
ვალერი უტიაშვილი, თქვა მან და გაგვიღიმა, თვალწინ მიდგას ეს არაჩვეულებრივი გარეგნობის, 18-20 წლის ახალგაზრდა. კარგად მახსოვს მისი სახე. დაგვამშვიდა, გვითხრა, რომ გააკეთებდა ყველაფერს რათა აქედან გაგვეღწია. ჩვენი თვითმფრინავი ღამის 12 საათზე მოფრინდა. არც იქ მოხვედრის იმედი გვქონდა დიდად. ვალერი პერიოდულად მოდიოდა ჩვენთან. ბოლოს ყველა წავედით თვითმფრინავისაკენ, ბავშვები და ქალები. მამაკაცები შორიდან გვიყურებდნენ. ეს იყო საშინელი სცენა. უმძიმესი იყო მათი და მშობლიური ქალაქის დატოვება.
ვალერიმ თავისი მეგობრების დახმარებით ჩაგვაგდო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ამ თვითმფრინავში. რადგანაც ტრაპი სავსე იყო და ამ გზით ვერ ავიდოდით, ვიღაცას მანდარინის ყუთები ერთმანეთზე დაელაგებინა, ბიძაჩემი და ვალერის მეგობრები ქვევიდან გვისროდნენ, ზევით კი გვიჭერდნენ, ხუმრობდნენ კიდეც.
ასე მოვხვდით თვითმფრინავში მე, დედა, ძმა, მანანა ბავშვებიანად და კიდევ ჩვენი მეზობლების რამდენიმე ოჯახი . ჩვენ პირველი სალონის პირველ რიგში ვისხედით, ვალერი არ გვშორდებოდა. ნაგლეჯ ქაღალდზე დაწერა მისი მისამართი, მე ჩამიდო ხელში, არ დაკარგოო. თუ თბილისში არავისთან გაქვთ მისასვლელი, მიდით დედაჩემთან, ოღონდ არ უთხრათ, რომ მე აქ ვარ, არ იცის, გამოპარული ვარო.
უცებ აფეთქების ხმა გაისმა, ზღვიდან დაიწყეს თვითმფრინავის და აეროპორტის დაბომბვა მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში ძირითადად ქალები, მოხუცები და ბავშვები ვიყავით. ერთი ჭურვი კუდის მხარეს მოხვდა. შეიქმნა ჩოჩქოლი. ხალხი დაიფანტა. თვითმფრინავის ირგვლივ აღარავინ იყო. სალონში კვამლი შემოვიდა. ვიღაც გვერდით მჯდომმა ქალმა დაინახა, ბიჭებმა შეაშინეს ხმა რომ არ ამოეღო და პანიკა არ გამოეწვია. მგონი ჩვენთვის უკვე ყველაფერი სულერთი იყო, არაფრის თავი აღარ გვქონდა. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ველოდებოდით უფლის განაჩენს. მეომრებმა ზედა სამოსი გაიხადეს, ხელზე შემოიხვიეს და ასე აქრობდნენ თვითმფრინავის კუდზე ცეცხლის ალს. ბორბლებს შემოეხვივნენ მამები, თუ უნდა აფეთქდეს ჩვენს შვილებთან ერთად დავიხოცებითო. გამოსვლას და გაქცევას ვეღარ მოვასწრებდით, თუმცა ამაზე არც არავის უფიქრია, ხალხი ისე დაქანცული იყო პანიკის თავიც აღარ ჰქონდათ.
იმიტომ ჩამოვედით მოსკოვის რეისიდან, რომ აქ უნდა დაგვესრულებინა სიცოცხლეო? _ ჩაილაპარაკა ნუნუმ, დედაჩემმა. როგორც იქნა, ცეცხლი ჩააქრეს. ჯარისკაცები ბორბლებზე მოხვეულ მამაკაცებს ძალით მიათრევდნენ. ვალერი არ მოგვშორებია ერთი წამითაც, თუ აფეთქებაა, მეც თქვენთან ერთად დავიღუპებიო. მეორე სალონში არც გაუგიათ, რა ხდებოდა. ამიტომ იქ არ იყო პანიკა. ჩვენს სალონში რამოდენიმემ იცოდა, იმათაც სამხედროები ადგნენ თავზე, ჩუმად რომ ყოფილიყვნენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა პილოტი დადგა უარზე, ვერ ავფრინდები ჰაერში, ჩამომაგდებენო. მიუხედავად იმისა, რომ უშიშრად და გმირულად დაფრინავდა მთელი დღის განმავლობაში, ახლა უარს ამბობდა, ამდენ ხალხს ვერ გავწირავო, მაგრამ მგონი ჩვენ მაინც განწირულები ვიყავით. მხოლოდ ღმერთის იმედი გვქონდა. სამხედროებმა უთხრეს: „შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჰაერში მოგკლავენ თუ აქ, ხმელეთზე, ხალხის გაყვანას ვერ ვასწრებთო“. ჩვენ პირველ რიგში ვისხედით და იმათი განწირული ყვირილით ნათქვამი სიტყვები გვესმოდა შიგადაშიგ. მამაცი მფრინავი გვყავდა; კარგი, გავრისკავო, - დათანხმდა ბოლოს. ვალერიმ ყველა გადაკოცნა. ჩემი ბიძა, ვახოც სულ ჩვენთან იყო, სანამ არ გამოვფრინდით. დარჩენილი ხალხი შორიდან უყურებდა ამ ხალხით სავსე ობლად მდგარ თვითმფრინავს, რომელიც წუთი წუთზე უნდა აეფეთქებინათ. მერე სამხედროებმა თქვეს, მიზანში ჰყავდათ თვითმფრინავი ამოღებული, როგორც ჩანს, რაღაც მოხდა ან იარაღმა გაუჭედათო.
ვინ იცის, ჩვენმა მფინავმა (პილოტმა) ცეცხლის ალში რამდენი რეისი გააკეთა. არაფრის იმედი არ გვქონდა. თვითმფრინავი დაზიანებულია, ბედის ანაბარა ვართ. ჩამქრალი შუქებით ავფრინდით, ვხედავ გვერდით ორი სამხედრო ვერტმფრენი გვაცილებს. სალონში როცა შუქი აინთო, მაშინ მივხვდით, რომ სამშვიდობოს ვიყავით. თბილისში, რომ დავფრინდით, დაჭრილმა სამხედროებმა გვითხრეს, თქვენს თვითმფრინავს კუდზე ცეცხლი ეკიდაო. სოხუმში კი, როგორც შემდგომ გავიგეთ, ჩვენი აფრენა და იმ ადგილის დაბომბვა, სადაც აერობუსი იდგა, ერთი იყო. დიახ, აეროპორტი მასიურად იბომბებოდა.
ჟურნალისტებიც დაგვხვდნენ, უკვე იცოდნენ ეს ამბავი. თბილისში მივედით ჩემს ნათლიასთან, მურმან ზარანდიასთან. მეორე დღეს ბაღდათში წამოვედით.
გადიოდა დღეები, თვეები. ყველა სიზმარში ვხედავდი ჩემს სახლს სოხუმში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც დავიწყე ამ სამყაროს შეცნობა. ასე გავიდა ერთი წელი, მძიმე, მტკივნეული, დაძაბული, გაურკვეველი და დადგა მშვიდობა, თითქოს არც იყო ომი, მაგრამ ეს იყო ,,დასასრულის დასაწყისი“…
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს აფხაზეთის კონფლიქტის მიმოხილვა, ანალიზი... ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ისტორია ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს. ჩვენ ვიცით, საქართველოსთვის ამ თავსმოხვეული კონფლიქტის ანატომია, თავისებურად აფასებენ ამ მოვლენებს აფხაზები, თავისი ინტერესები ჰქონდათ და აქვთ რუსებს, მათი „დახმარებით“ ვიქეცით ჩვენ მტრებად და ა.შ. ამ ყველაფერზე ბევრი ითქვა, დაიწერა, იქნება საუბარი შემდგომშიც. ჩვენი მიზანი უბრალო ადამიანების, ჩვენი დებისა და ძმების მძიმე ხვედრზე საუბარია... მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე ქართველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ახალი თაობა, სამწუხაროდ ცუდად არის ინფორმირებული, მინდა მკითხველს შევახსენო, რა მოვლენეზე არის აქ საუბარი:
1993 წლის 27 ივლისს, სოჭში, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი რეგიონში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა. 27 ივლისის შეთანხმება ქართული მხარისთვის ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო. 1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, საქართველოს ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა. 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ სოხუმი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად, ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ხანგრძლივი მშვიდობის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესების დაწყების ნაცვლად, აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა.
ისევ ჩვენი პატარა გმირის ჩანაწერებს დავუბრუნდეთ, რომელიც უკვე დღიურების ფორმას იღებს, მასთან ერთად ვიმოგზაუროთ, მშვიდობის გარანტიით სახლებში დაბრუნებულ, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ცეცხლმოდებულ სოხუმში:
„რა ბედნიერება იყო. დამთავრდა ომი, დევნილები ნელ-ნელა ვუბრუნდებოდით ჩვენს სახლებს, ჩვენს კერას. ეს იყო იმ დროს ყველაზე ბედნიერი დღეები, მაგრამ მხოლოდ ერთი თვე. მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა მოწყურებული ,,მშვიდობა“ და აი ისევ დაიწყო ,,ომი“, კიდევ უფრო სასტიკი და საშიში. ეს იყო 1993 წლის 16 სექტემბერი. ერთი კვირით ადრე დაიბადა ჩემი პატარა ბიძაშვილი ნუნუკა. მაშინ კი იყო მშვიდობა, მაგრამ ზოგჯერ მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა.
16.09.1993.
დილიდანვე დავიწყე ტკბილეულის გამოცხობა,. თუ ვინმე შემოვიდოდა, ნუნუკას დაბადების მოსალოცად რომ გავმასპინძლებოდით. უცებ მიწა შეიძრა, ვიფიქრე რომ მიწისძვრა მოხდა, ვსტაცე ნუნუკას ხელი და გამოვვარდი ეზოში, შუქიც ჩაქრა. ამირან ბაბუა მიდიოდა სამსახურში, თან გავიგებ რა ხდებაო. თურმე ოჩამჩირის მხრიდან დაუწყიათ დაბომბვა. ბაბუა წასული არ იქნებოდა, უცებ რომ მობრუნდა. სოფელ შრომიდანაც დაიწყო დაბომბვა. მოირბინა ბაბუას უმცროსმა ძმამ ავთომ, ტიროდა, ჩემი თავი ჯანდაბას, ბავშვებს რა ვუყოვო. იმ დღესვე ამირან ბაბუამ სუყველა წაგვიყვანა სოფელ ბაღმარანში, მანანა ბიცოლას სახლში. იქ მისი მშობლები ცხოვრობდნენ, ძალიან კეთილი ხალხი.
ძილით ვერ ვიძინებდით, თან ძალიან შეშინებულები ვიყავით. მეორე დღესაც იქ ვიყავით, სადაც გავიგეთ თავზარდამცემი ამბავი, მოკლეს თენგულია (თენგო კოპალიანი), დედიკოს დეიდაშვილი, მას აფეთქებული ბომბისგან 16 ,,ასკოლკა” მოხვდა. მამაცი და უშიშარი მეომარი იყო, მტერს რამოდენიმე მხრიდან მოულოდნელად ესხმოდა თავს და ანადგურებდა მათ პოზიციებს. მეტსახელიც კი შეარქვეს. ბაბუა იმ საღამოსვე მოვიდა ტრაქტორით ჩვენს წასაყვანად, თუ გაქცევა იქნა, სად მოვიყაროთო თავი, ბარემ ყველა ერთად ვიქნებითო. ბებიას თენგოს დაღუპვის ამბავს არ ვეუბნებოდით, ის მისი დისშვილი იყო, თანაც ვახოც იბრძოდა და სამი დღე მის შესახებ არაფერი ვიცოდით. ჩვენთან იმყოფებოდნენ ბიძაჩემის მეგობრები. რამაზი და მამუკა ოჯახებით. სოხუმი, ჩემი სოხუმი მასიურად იბომბებოდა“.
აქ საუბარია შემდეგ მოვლენებზე: „16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და იერიშზე გადმოვიდა. მათმა არტილერიამ, რომელიც სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა გაეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები 27 სექტემბრამდე გრძელდებოდა. თუმცა მასიურ შეტევას ქართულმა ნაწილებმა სუსტი შეიარაღებით ვერ გაუძლეს და სოხუმი საბოლოოდ დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა აფხაზებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვაჟლეტა მოაწყვეს. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ადგილობრივი მთავრობის წევრები: გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, 30-მდე ქართველთან ერთად, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ საჯაროდ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა.
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი, კოდორის ხეობის გარდა, სეპარატისტების ხელში გადავიდა. ომი რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა საქართველოს კუთხის ოკუპაციით დასრულდა“.
ისევ ჩვენი ახალგაზრდა ქალბატონის დღიურებს მივუბრუნდეთ:
”17.09.1993.
გამოჩნდა ჩემი ვახო ბიძია, ცოტა ნასვამი იყო, მტრის მხარეს მოხვედრილან და აღმოჩნდნენ აფხაზებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ბაბუა სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ ყოველივეს შემყურემ დაიწყო მოწევა. ბაბუა ფიქრობდა, როგორ გამოვეშვით. ჩვენ ბლოკადაში ვიყავით. თვითმფრინავით გამოფრენის გვეშინოდა, რადგან ხალხით, ბავშვებით და ქალებით სავსე ოთხი თვითმფრინავი ააფეთქეს. აეროპორტი შეუწყვეტლივ იბომბებოდა. მე არ ვიცი რა ბომბები იყო ეს, ზოგჯერ ჩვენც გადაგვიფრენდა, ფეხბურთის ბურთის ოდენა იყო დიამეტრში, ნარინჯისფერი, ალმოდებული შლეიფით. ქალაქი მასიურად იბომბებოდა.
19.09. 1993.
დღეს ჩემი დაბადების დღეა. 17 წელი შემისრულდა. იყო პანიკა, რომ დღეს აფხაზები აიღებდნენ ქალაქს, ერთადერთი გზა გადარჩენისა იყო სვანეთის გზა. ყველა წავედით სოფელ მერხეულში, ჩვენი სიძის, გოჩა ყალიჩავას სახლში. დილით მოვიდა ინფორმაცია, რომ ეს იყო პანიკა და ყველა დავბრუნდით სახლებში, მაგრამ მეომრები გვაფრთხილებდნენ, რომ მაინც ვყოფილიყავით სვანეთის გზის მხარეს. ამ დროისთვის ბებოს უთხრეს, რომ თენგულია მოკლეს, ყველა მოვგროვდით და წავედით ტრაქტორით გასვენებაში, სოფელ აკაფა კელასურში, მაგრამ არ მისული ხიდამდე, ვხედავთ ყველა გამორბის, ვინ საით, ცხენებით, ფეხით, მანქანით, მთელი სოფელი _ „აკაფა კელასური“ თითქმის აღებული იყო, ჩვენც გამოვბრუნდით უკან, სახლში.
21.09.1993.
კვლავ წავედით მერხეულში გოჩასთან და ვიყავით იქ თითქმის ბოლო დღემდე. ტატი ბიცოლა და დედაჩემი ძალიან ნერვიულობდნენ, მე და ქეთინო კი ვაწყნარებდით, ვხუმრობდით კიდეც, მაგრამ ეს შიშით. ძალიან ბევრი ხალხი იყო სახლში და ირგვლივ სახლებშიც. წინ იყო მერხეულის საშუალო სკოლა, ისიც ხალხით სავსე. გოჩა ყოველ წუთს უსმენდა ახალ ამბებს მანქანის რადიოთი.
გვერდით ოჯახებში მოყავდათ დაჭრილები, დაღუპულები. ისმოდა განწირული წივილ-კივილი, დასტიროდნენ დაღუპულებს. ფანჯრიდან ხელისგულივით ვჩანდით. სულ დაფრინავდნენ ბომბდამშენები და ახლომახლო ტერიტორიას ბომბავდნენ. გოჩას სახლის უკანა ეზოშიაც ჩამოაგდეს ბომბი, სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. მე და ქეთოს გვეშინოდა საპირფარეშოშიც გასვლაც კი, უნდა გაგვევლო სიმინდის ყანა, ერთხელ ისე აშრიალდა სიმინდი, გვეგონა, ალბათ მტერიათქო და გამოვცვივდით უკან. ომი იყო, მაგრამ პროდუქტები გვქონდა, აცხობდნენ რაღაც მჭადის მაგვარს. გვქონდა პურის და მჭადის ფქვილი, ბევრნი ვიყავით, დროჟისა და მარილის გარეშე ვაცხობდით, რაღაცნაირი იყო, ეს გემო დღესაც მახსოვს. უგემრიელესად მეჩვენებოდა. ჯერ ბავშვებს გვაჭმევდნენ, მერე დიდები სხდებოდნენ, ისიც მორიგეობით.
რადიოში გამოაცხადეს, აფხაზურმა მხარემ შესთავაზა შევარდნაძეს, რომ მზადაა გახსნას ოჩამჩირის ტრასა, რათა გაიყვანოს ქალები, ბავშვები, მოხუცები და გაიყვანოს მეომრებიც. შევარდნაძემ უარი თქვა და განაცხადა, რომ არასოდეს სოხუმი არ დაეცემა და ის იქნება თავის ხალხთან ბოლომდე, მაგრამ ეს იყო მორიგი ტყუილი.
24.09. 1993.
დღეს გოჩა საგრძნობლად ნერვიულობს, ალბათ ხვდებოდა, სოხუმი რომ დაეცემოდა. აშკარად მახსოვს მისი სახე, გამომეტყველება, მის სახეზე ამოვიკითხე ის საშინელება, რაც გველოდა. ქალაქი ისევ მასიურად იბომბებოდა, მოვიდა ოთარ კუხალაშვილი მერხეულში და თქვა, რომ სანაპიროზე დგანან უკრაინის სამხედრო გემები, გაყავთ ხალხი, უნდა გახვიდეთ, დარჩენა არ შეიძლებაო. ბოლომდე იყო იმის იმედი, რომ მოვიდოდა დახმარება ოჩამჩირიდან, რომ გავიმარჯვებდით, თურმე ზოგჯერ ,,იმედიც“ კვდება.
25-26. 09. 1993.
ჩვენს წასაყვანად ბებიას ბიძაშვილი დემურ გოგელაშვილი მოვიდა. გამოიხედა ჩვენსკენ და თქვა, ბავშვებს სვანეთის გზით ვერ გავუშვებო. იქ, გზაში ხალხი იყინება ისეთი სიცივეაო მთაში, ნამდვილი ზამთარიაო. გზაში მიცვალებულები არიანო, სიარული უჭირთო, ნამდვილი გოლგოთააო და ბინაში (ოთახში) გაზრდილ ბავშვებს იქ გაუჭირდებათო. მე შემოვეხვიე ეზოში მდგარ ბოძს და დავიწყე ტირილი, ზღვაში მომკლავენ-მეთქი. სულერთი იყო ყველაფერი, აქ დამმარხავენ მაინც, ზღვაში კი ..... დემურიმ სილა გამაწნა, იმ მომენტში თვალთ დამიბნელდა, როცა გავახილე უკვე მანქანებში ვისხედით, დემურის გემისკენ მივყავდით. სახლში გავიარეთ, შევვარდი ჩემს ოთახში, მინდოდა რაიმე ამეღო სამახსოვროდ, ყველაფრის აღება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. დავხუჭე თვალები და რაც პირველად მომხვდა ხელში, ის ავიღე, ეს იყო პატარა ბრონზეს ლარნაკი ყვავილებით, რომელიც ანტოშკამ მაჩუქა, როცა 15 წლის გავხდი. (შემდგომში ეს ლარნაკი ყოველთვის ჩემთან იქნება), დღეს მასში ყოველთვის ბზა მიდევს. გამოვიქეცი ოთახიდან, ჩავეხუტე ჩემ უსაყვარლეს ამირან ბაბუას. მან ჩვენს ბაღში დაკრეფილი ვაშლებით სავსე პარკი მომაწოდა გზაში რომ გვეჭამა. ბაბუა და მე ვტიროდით. ეს ჩვენს ეზოში ჩემი და ბაბუას ბოლო ნაბიჯები იყო. მეორე დღეს მას უნდა გამოეყვანა მანანა და ირა ბავშვებით.
ბებიამ და დემურიმ გაგვაცილეს გემზე. დემურიმ მანქანა გააჩერა: ჩქარა, გემისაკენ სირბილით! დღემდე მახსოვს და არასოდეს ამომივა ეს სცენა თვალებიდან. წინ მირბის დედაჩემი და ჩემი ძმა, უკან მე, შორიახლოს დემური, მოშორებით კი ბებია. ქვიშაში სირბილი ცოტა ძნელია, სულ უკან გითრევს ქვიშა, ხელს ვუქნევდი დაბრუნდი-მეთქი, ის კი მიყვიროდა, არ გაჩერდე ბებო, წინ ირბინეო. ჩემი ორივე ბიძა იბრძოდა და ბებია არ ტოვებდა მათ. ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. შევედით უზარმაზარ გემში, რომელიც ურჩხულს ჰგავდა, იმხელა იყო. გემში ძალიან ბევრი მკვდარი ესვენა, ისინი იყვნენ თეთრ ზეწრებში გახვეულები, გარედან ცელოფანი ჰქონდათ შემოხვეული. იქნებოდა ალბათ 50 ადამიანი, შეიძლება მეტიც. საშინელი სუნი იდგა. აქეთ-იქით დაჭრილები იყვნენ. ვის თავი ჰქონდა გახეთქილი, ვის ფეხი მოკვეთილი, ერთს მუცლიდან ნაწლავები მოუჩანდა. საშინელი სანახაობა იყო.
ავირბინე გემის პალუბაზე, იქიდან ვუყურებდი ბებიას და დემურის, ჩემი საყვარელი სოხუმი ცეცხლში იყო გახვეული, გემი კი სულ უფრო და უფრო მაცილებდა ჩემს უსაყვარლეს ქალაქს. როგორც ვთქვი, გემში იყვნენ ძალიან ბევრი დაჭრილები. ბევრი მათგანი გზაში გარდაიცვალა. იატაკზე დიდი სისქის ჟანგი, მკვდრები, დაჭრილები, ცოცხლები, ყველა ერთად ეყარა. შუა ზღვაში გემი გაჩერდა, გაიღო და ორი ბეტეერი შემოვიდა. პირველად ვხედავდი მსგავსს. ორ დიდ სამხედრო გემს შუა მოცურავდნენ პატარა გემებიც. პატარა გემებს ბომბავდნენ და ამიტომ ისინი დიდ გემებს ეფარებოდნენ. დილით ვიყავით ქალაქ ფოთში. გამოვედით მე, დედა და ჩემი ძმა. დიდი ხანი ვიჯექით ქუჩაში ერთი პატარა პარკით ხელში, რომელშიც ვაშლი იყო. არც ფული გვქონდა, არც რაიმე სხვა. რაც გვეცვა, იმით წამოვედით. რაღაცნაირად ჩავედით ბაღდათამდე, სადაც მამა იყო. მან ჩვენ შესახებ არაფერი იცოდა, ომამდე მამა გამოვიდა ქუთაისში საქმეებზე და ომი რომ დაიწყო, აღარ შემოუშვეს. საერთოდ არ უშვებდნენ არავის. როგორ მახსოვს ჩვენი შეხვედრა! მივრბოდით ერთმანეთისკენ და დიდხანს ვტიროდით.
ამირან ბაბუამ მეორე დღეს გამოიყვანა ირა და მანანა ბავშვებიანად გემით, მათ გემს დაუწყეს დაბომბვა, მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩნენ. ბებია კი, ჩემს ორ ბიძასთან ერთად დაადგა სვანეთის 175 კილომეტრიან გზას. ორი კვირა გზაში, სიცივე, ყინვა, შიმშილი, გაურკვევლობა. ბევრი დაიღუპა სვანეთის გზაზე სიცივისა და შიმშილისაგან, ეს იყო სიცოცხლის გზა.
გადიოდა დღეები, წლები... მრავალი წელი გავიდა სასწაულის მოლოდინში, რომ დავბრუნდებოდით. არ მასვენებდა პირველი ომის დროს გაცნობილი ვალერი უტიაშვილის ბედი. სულ მინდოდა, მომეძებნა და მადლობა მეთქვა ყველაფრისათვის, მაგრამ ყოველივე ჯერზე უშედეგოდ. მისი მისამართი სოხუმში დარჩა. ერთადერთი, რაც მახსოვდა იყო ვაზისუბანი და ციფრი 10. არ ვიცი, ეს სახლის ნომერი იყო თუ ბინის. ასე გავიდა 15 წელი. დღე არ გავიდოდა, მისი სახელი და გვარი არ გამხსენებოდა, ყურში ჩამწიოდა...“
შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ისტორიის გმირებს შორის, იმ ტყვიების წვიმაში, რაღაც ლამაზი გრძნობა დაიბადა... შეიძლება პირველი სიყვარული... ლამაზი და წრფელი. ვალერი ტყვიების წვიმაში განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე (და არა მარტო მასზე), სახლის მისამართიც მისცა... ჩვენს ახალგაზრდა ქალბატონს არასდროს დავიწყებია ქართველი მეომარი... სხვა სიტუაციაში შესაძლოა, ასე დაწყებულ ურთიერთობას ლამაზი გაგრძელებაც ჰქონოდა...
ისევ დღიურებს მივუბრუნდეთ:
„მე თვითონაც იმ დროისთვის საქართველოში არ ვცხოვრობდი, ამასობაში გამოჩნდა სოციალური ქსელი, ჩატი, ,,ოდნოკლასნიკები”. თუ ვინმე უტიაშვილს ვნახავდი, ყველას ვწერდი, მაგრამ ამაოდ. ერთ დღესაც გავუმხილე ჩემს თანაკლასელს, რომ ვერ ვპოულობ. მან სახელი ჩაიწერა და მეორე დღეს სამსახურში მისულს იმეილზე დამხვდა წერილი ,,უტიაშვილები“. ამოვბეჭდე ათიოდე თაბახის ფურცელი, ცოტა მეტიც, რომელშიც იყო სია თბილისში მცხოვრები უტიაშვილების. ვფიქრობდი, საიდან დამეწყო, გამახსენდა ციფრი 10 და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სიაში იყო მხოლოდ ერთი ,,10“. ვიფიქრე, ამით დავიწყებ და თუ არ იქნება მერე ყველას მივყვები-მეთქი. ოთახში მარტო ვიყავი, ავკრიფე ნომერი, ავდექი, მივიღე ოფიციალური სახე, გაისმა ხმა - ,,გისმენთ“. უცებ ყველაფერი ამიკანკალდა, დავდე ყურმილი, დავჯექი. ასე სამჯერ. მეოთხედ, რომ დავრეკე, დავიწყე: „გამარჯობა, არ ვიცი საიდან დავიწყო საუბარი, ჩვენ სოხუმში გვიშველა ვალერი უტიაშვილმა, მე ვეძებ მას და მის ოჯახს-მეთქი“.
იმ ქალბატონს, რომელმაც მიპასუხა და სულ ორი კვირაა, თურმე, რაც ტელეფონი დაუდგამს, ვალერის დედა აღმოჩნდა . მან შემატყობინა თავზარდამცემი ამბავი, რომ ვალერი მეორე ომის დროს დაიღუპა 22.09.1993. ბაბუშერის ტრაგედია, განწირული რეისი, იმ დღიდან როცა მისი ოჯახი ვიპოვე, აღარ ჩამწიოდა ყურში მისი სახელი და გვარი. ბედის ირონიით ვალერი იმ თვითმფრინავში ააფეთქეს დაშვების დროს, რომელიც აფხაზეთში თბილისიდან დასახმარებლად გაფრინდა.
ვალერი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით. თბილისში, ვაზისუბანში არის მისი სახელობის ქუჩა და სკვერი.
აფხაზეთიდან გადმოასვენეს და დასაფლავებულია დიღმის ძმათა სასაფლაოზე.
მხოლოდ 19 წლის იყო... სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული. საოცარად მამაცი და შეუპოვარი ისევე როგორც მისი მეგობარი მებრძოლები…“
აქ მთავრდება ეს ისტორია...
P.S. ამ ისტორიაში იმდენი ნაცნობი ადამიანი იყო ნახსენები, ჩავთვალე მთავარი გმირის მოძებნა არ უნდა გამჭირვებოდა. მართალია, ტექსტში საკუთარი სახელი ერთხელაც არ ჰქონდა ნახსენები, მაგრამ მაინც მოვახერხე ქალბატონი ნატოს ასავალ-დასავალი დამედგინა... მართალია, არაჩვეულებრივად გამოიყურება, მაგრამ მშობლიური სახლის, საყვარელი ქალაქის, ადამიანების დაკარგვით გამოწვეული დარდი მაინც იკითხება მის ლამაზ სახეზე... რამდენ ასეთ ტრაგიკულ, მაგრამ ლამაზ მოგონებას ინახავს აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი დებისა და ძმების გული და გონება... არ ვიცი მოვახერხებ თუ არა ამ ისტორიის რომელიმე ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებას, მაგრამ მხოლოდ ნატოს და მისი ოჯახის სადარდებელი რომ აღარ იქნება ეს საშინელი, მაგრამ ლამაზი დრამა...
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



