
* * *
ჩემო... ძვირფასო...
მაპატიე მე ეს სიჩუმე,
რომ არ გირეკავ, არ გპასუხობ ღია ბარათზე, ფოსტის ყუთში რომ დამხვდა დილით.
არ გამაოცა შენმა წერილმა, თუმცა კი ვიცი, აღარავინ არ აგზავნის ახლა ბარათებს.
აღარ ვიხსენებ აღარაფერს, რაც კიდევ მახსოვს,
ვშლი ჩვენს ფოტოებს, მოგონებებს, გრძნობას გულნატკენს.
ვმალავ ცრემლებს, უსახური ღიმილის ჩრდილში
და მონატრებას, საერთოდ რომ აღარ მჭირდება,
ყოველ დღე ვახვევ უკიდეგანო ფოლიანტებში.
მივყვები დღეებს, მოტყუებულთ და ერთფეროვანთ.
დაღამებას და გათენებას ვხვდები სიმშვიდის არაფრისმთქმელ ნისლების ტევრში. ვხედავ მეგობრებს, ნაცნობ - უცნობებს, მტვერს ვწმენდ ძველ ნივთებს
და გულში ვამბობ: ,,აღარ მაღელვებს მათთან შეხება".
უკვე ავწონე კარგიც და ცუდიც, რაც უკვე მოხდა
და განაჩენად გამოტანილი, სულ სამი სიტყვა: მე დაგივიწყებ, სამარადისოდ…
და შენთან ერთად, თავსაც ვივიწყებ.
მე ვერ გავიგებ ვეღარასდროს თუ მაპატიებ
და თუ ვერ შეძლებ, ნურც მაპატიებ...
ამდენ სითბოს და... ამდენ სიცივეს!
ნუ მაპატიებ...
მე შენც გ ი ვ ი წ ყ ე ბ...
* * *
როგორ ვარ? - არ ვიცი…
წარსულში ჩარჩენილს აწმყო არ მერგება.
როგორ ვარ?! - ნუ მკითხავ,
ერთხელაც ვისწავლო ცხოვრება ეგება.
* * *
ვუსმენ სიჩუმეს ჩემსას და შენსას,
დუმილს უხდება წრფელი გრძნობები.
ასე მგონია, არასდროს გვითქვამს:
მიყვარხარ, გგრძნობ და სულ მენატრები...
* * *
რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული,
რამდენჯერ უნდა ბოლომდე ვევნო,
შენ ალბათ ისე, უბრალოდ შემხვდი,
განა იმიტომ, რომ ერთად გვევლო...
* * *
მე მახსოვს ტირილი ნარცისთა,
სიყვარულს ნაჩვევი თვალებით.
დღეები გაცივდა, გაცისფრდა,
დავტოვეთ სახლი და წავედით...
სიყვარულის რაფსოდია
სამყაროს ბრუნვას ხელს ვერ ვუშლით, მივყვებით მხოლოდ,
ყოველ ბრუნვაზე გეძახი და ვერ გაგაგონე.
რა უნდა გითხრა სიყვარულო, სიტყვებით ... ოღონდ,
ჩვენ მონატრების ყველა ფორმა დავიზეპირეთ.
იქნებ ღალატსაც გავუსინჯეთ მომწარო გემო
და დავიწყების უფსკრულებსაც გადავუფრინეთ;
გულზე მაჩნია შენეული სათუთი განცდა,
შენ, სიყვარულო! ყველა ტანჯვა შემიმსუბუქე.
სამყაროს ბრუნვას ხელს ვინ უშლის, მივყვებით ყველა!
ვერ დაგვაშოროს უფლის გარდა, კაცმა ვერავინ!
და, ვიმეორებთ ერთმანეთის სახელებს ვიდრე,
ჰო, სიყვარულის უკვდავებაც სწორედ ეს არის!..
* * *
ვაბნიე ქვეყნად ცრემლის კვირტები,
ბერწ გაზაფხულებს ვუკმიე დარდი,
ისე წახვედი ჩემი გულიდან,
ვერ გაიგე და მეც ვერას გავხდი.
* * *
ახლა ყოველი არის ამაო,
ფუჭი სიტყვების მარათონია
და მონატრება, როგორც ასეთი
თუ მომკლავს უკვე აღარ მგონია.
აგერ ოქტომბერს შესცივდა, ვწუხვარ,
ვიღამ გაათბოს სხვა ცივი დღენიც,
იცი, ნამდვილად წავედი შენგან!
ვიცი, ტკივილებს რაოდენ ვშვენი...
* * *
ჩაივლის წლები უსწრაფესად და განა ვინმე,
მივიწყებული, შენი თავი მოგენეტრება. . .
* * *
კი, ყველაფერი სრულდება ბოლოს,
ჩვენც ვიცვლებით და წლებიც მიჰქრიან.
უცვლელი მხოლოდ ის გრძნობა რჩება,
რაც ჩვენშია და სხვათ არ იციან.
* * *
რატომ ქრიან არ ვიცი ნოსტალგიის ქარები,
ისევ გულზე მეშლება დახურული დავთრები,
მხრებზე მათოვს ტკივილით დახუნძლული ფიფქები,
ჩემთვის დავიტანჯები, ჩემთვის დავიფერფლები...
* * *
გიყურებ ფოტოზე - ალალს და მომღიმარს,
უთქმელი ბევრი მაქვს, ეს მაინც იცოდე -
შენსავით არასდროს არავის ვუყვარდი,
მე შენ მიგატოვე, შენ? - მე და სიცოცხლე...
* * *
მარტის ქარები დალეწავენ, რაც რამ გადარჩა,
ხელს ნუ შევუშლით - ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
მოგისურვილე, მონატრების ვწონე მაზანდა,
ვერ მომატყუებ ჩემო კარგო, დროა, ხაბარდა!..
* * *
ჩემი წილი თელავი მენატრება,
მუდამ თითებს შუა გაფანტული,
სევდიანი ბავშვობა მედარდება,
დიდობისკენ ბილიკი გაკვალული.
წართმეული იმედი მეტირება,
ოცნებებს ვინ მოთვლის დაკარგულებს,
ჩემი წილი თელავი მესიზმრება,
ბზებსაც ვეღარ ვხედავ, პაპას რგულებს.
მოჭრილი კიპარისი ამტკივდება,
მწუხარე დღეების ცრემლ - იები,
ძველ სასაფლაოსთან აჟღერდება,
ჩემი წილი თელავის რ ე ქ ვ ი ე მ ი.
* * *
ქოხი ავიშენოთ რაჭის მთებში,
გლოლას, ღებს, ჭიორას გადმოვხედოთ,
გული გავითბოთ და შუა შქმერში
ტრფობის ბაირაღი გამოვფინოთ;
მერე ნიკორწმინდას შევავედროთ,
რაც გზა დაგვრჩენია გასავლელი,
ლექსით ავამაღლოთ ჭერი, ერდო,
,,დედა ღვთისას" ვუნთოთ სამსანთელი.
* * *
ნურაფერს მეტყვი, გულით გხედავ და სულით გისმენ,
ფერი იცვალა სიყვარულმა, ახლა ცაში ფრენს,
მე აქ შევყურებ ამინდების გამოდარებას,
შენ ცის გადაღმა მიეჩვიე სევდიან რეფრენს.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



