თარგმანი ნუგზარ კუჭუხიძისა

ხშირად ისე ხდება, რომ წიგნის ბაზრობებსა და წიგნის მაღაზიებში, მომიახლოვდება, ჩემი წიგნით ხელში, ვინმე ბატონი და მთხოვს ხელმოწერას და თან დაუმატებს: „ეს ჩემი ცოლისათვის, ან ქალიშვილისათვის, ან დისათვის, ან დედისათვის; ისინი ბევრს კითხულობენ და შესანიშნავად ერკვევიან ლიტერატურაში“. მე მაშინვე ვეკითხები: „თქვენ, არ გიყვართ კითხვა?“ პასუხი იშვიათად ყოფილა ორიგინალური: „არა, რა თქმა უნდა მიყვარს, მაგრამ მეტად დაკავებული ვარ და თქვენც მოგეხსენებათ...“ დიახ, შესანიშნავად მესმის, ვინაიდან ასეთი განმარტება ათგზის გამიგონია: ამგვარ ბატონს, ისე როგორც ათასობით მსგავს ბატონს, იმდენად მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ და იმდენი ვალდებულებები, რომ მას არ შეუძლია თავისი ძვირფასი დრო გაფლანგოს რომანების, ლექსთა კრებულების ან ესეების მრავალსაათიან კითხვაში. ამ გავრცელებული შეხედულების თანახმად, კითხვა — ფაკულტატურული საქმიანობაა, უბრალოდ გართობის საშუალება და, რა თქმა უნდა, არც მთლად მიწიერი და არც მთლად სასარგებლო ალღოიანობისა და კარგი მანერების აღზრდისათვის. ძლიერი სურვილი, რომელიც ამშვენებს ცხოვრებას, მაგრამ ხელმისაწვდომია მხოლოდ იმათთვის, ვისაც თავისუფალი დრო აქვს. დრო, რომელიც შეიძლება და ღირს დახარჯო სპორტზე, კინოზე, ჭადრაკსა და ბრიჯზე, მაგრამ რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეიძლება შესწირო წიგნის კითხვას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყოველგვარ საზრუნავსა და ცხოვრებისათვის ბრძოლაში გარდაუვლად წარმოშობილ საარსებო ვალდებულებებს უკვე ჯეროვნად გაეცი პასუხი.

რაც უფრო დრო გადის, კითხვა იქცევა უფრო ქალურ საქმიანობად: წიგნის მაღაზიებში, მწერალთა კონფერენციებზე, ლიტერატურულ საღამოებსა და რასაკვირველია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრებსა და ფაკულტეტებზე შარვლები ყოველდღიურად დამანგრეველი ანგარიშით აგებენ კაბებთან. ჩვეულებრივ ეს აიხსნება იმით, რომ საშუალო კლასის ქალები კითხულობენ ბევრს, ვინაიდან ნაკლებად მუშაობენ და ამასთანავე იმით, რომ მათ იშვიათად, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რცხვენიათ დრო დაკარგონ ფანტაზიებსა და ოცნებებზე. მე ცოტაოდენ გულს მირევს თეორიები, რომლებიც ადამიანებს სქესის ნიშნით ჰყოფენ და თითოეულ სქესს მიაწერენ კოლექტიურ სათნოებებსა და ნაკლს, ასე რომ, მე არ ვეთანხმები ამგვარ ახსნას. მაგრამ ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მკითხველი — ისინი კი ბევრია, თუმცა ძირითადად კითხულობენ ყოველნაირ სისაძაგლეს, — ყოველწლიურად მცირდება და მათ შორის ქალები სჭარბობენ. ასე ხდება მთელ მსოფლიოში. ესპანეთის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოებამ ჩაატარა გამოკვლევა და გამოირკვა საგანგაშო ფაქტი: ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნახევარს ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავთ მთელი ცხოვრების მანძილზე. ასევე აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც აღიარებენ ლიტერატურის სიყვარულს, ამ მკითხველთა უმცირესობის ფარგლებში 6,2%-ით მეტია, ვიდრე მამაკაცები და უახლოეს წლებში ეს დაშორება გაიზრდება. რა თქმა უნდა, ქალების გამო გახარებული ვარ, მაგრამ მზად ვარ მამაკაცთა არჩევანი და ყველა იმ მილიონობით ადამიანის არჩევანი, რომლებმაც იციან კითხვა და უარს ამბობენ ამაზე, მწარედ დავიტირო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იციან თუ როგორ სიამოვნებაზე ამბობენ უარს, არამედ იმიტომაც, რომ ვეყრდნობი რა უფრო ჰედონისტურ თვალსაზრისს, დარწმუნებული ვარ — საზოგადოება რომანების გარეშე, ისევე როგორც საზოგადოება, რომელმაც ლიტერატურა გადააქცია იზგოად და აღმოჩნდა სოციალური ცხოვრების განაპირზე, ხოლო კითხვა აღიქმება როგორც სამარცხვინო ნებივრობად ან სექტანტურ კულტად, განწირულია სულიერი ბარბაროსობისა და მორჩილებისათვის.

ამ ესეს ტექსტში განზრახული მაქვს მოვახდინო რამდენიმე მიზეზის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც კითხვა და კერძოდ რომანების კითხვა, არ უნდა იქნეს აღქმული როგორც განცხრომითი მოვალეობა; ასევე რამდენიმე მოსაზრება, რომელიც დაგვეხმარება დავრწმუნდეთ იმაში, რომ იგი წარმოადგენს არა მხოლოდ ერთ-ერთ ყველაზე უფრო მიმზიდველ და გამამდიდრებელ სულიერ საქმიანობას, არამედ ასევე შეუცვლელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისაგან, მოქალაქეობრივი პოზიციის ფორმირებისათვის. მე ვილაპარაკებ იმაზე, რომ კითხვის ჩვევა ბავშვობიდანვე უნდა ჩამოყალიბდეს ოჯახში და იგი უნდა იყოს ნაწილი ყველა საგანმანათლებლო პროგრამის და გახდეს საბაზისო საგანი. თუმცა ვიცით, რომ ხდება საპირისპიროდ: სკოლებში ლიტერატურისათვის გამოჰყოფენ მიზერული ოდენობის დროს ან ამოშლიან დისციპლინათა ჩამონათვალიდან, თითქოსდა საუბარი იყოს რაღაც მეორეხარისხოვანზე.

ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნის ფრაგმენტაციის ეპოქაში, რომელიც წარმოშვა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების კოლოსალურმა ნახტომმა, დანაწევრებამ ურიცხვი ოდენობის შენაკადად და სპეციალობებად, კულტურათა შერევამ, რომელმაც მომავალში შეიძლება მხოლოდ მოიმატას; ფრაგმენტაციას, რა თქმა უნდა, აქვს მრავალი უპირატესობა. მაგალითად, იგი შესაძლებლობას იძლევა კვლევის დაჟინებული და გაბედული ექსპერიმენტებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს არის პროგრესის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა. თუმცა არსებობს ნეგატიური შედეგებიც — გაქრობა განსაზღვრულ კულტურულ მსგავსებათა, რომლის წყალობითაც კაცებსა და ქალებს შეუძლიათ გვერდი-გვერდ არსებობა, იურთიერთონ და შეიგრძნონ რაღაც სოლიდარობა. ფრაგმენტაცია შობს სოციალურ იზოლაციას, ცოცხლად ანაწევრებს ადამიანთა საზოგადოებას და განწირავს ადამიანებს ტექნიკოსთა დაკეტილი დასახლებებისა და ვიწრო პროფილის სპეციალისტთა ინფორმაციულ გეტოში ცხოვრებისათვის, სადაც ენა და კულტურული კოდი წარმოადგენს მკაცრად სექტორალურსა და წყვეტილს. აქ ყველას წმინდად სწამთ წვრილმანების, მიუხედავად იმისა, რომ სავალალო შედეგები კარგახანია აღწერილია ყველასათვის ცნობილ ანდაზურ ნათქვამში: „ხეებს იქით ტყეს ვერ ხედავენ.“ უნარი, სრული სიცხადით გაიცნობიერო ტყის არსებობა, დაფუძნებულია თანაზიარობის გრძნობაზე, რომელიც არ აძლევს სოციალურ კავშირებს დასუსტების საშუალებას და აფერხებს საზოგადოების სოლიპსიზმისკენ მიდრეკილი ჯგუფების მირიადებად დაყოფას. ხოლო სოლიპსიზმი — მნიშვნელობა არა აქვს, ერთ ადამიანს აქვს თუ ხალხს — იწვევს პარანოიდულ შიშებს და ბოდვით აზრებს, რომლებიც ამახინჯებენ რეალობას და არც თუ იშვიათად იწვევენ სიძულვილს, ომებსა და გენოციდს; ამასთანავე ჩვენ დროში მეცნიერებასა და ტექნიკას არ შეუძლია გახდეს ინტეგრაციის ინსტრუმენტი, სწორედ, თავიანთი უსასრულოდ ინფორმირებული სიმრავლითა და გამუდმებული განვითარებით, რომელსაც მოაქვს ცოდნის ფრაგმენტულ სფეროებად დაშლა და ჰერმეტული ლექსიკის წარმოშობა.

ლიტერატურა, პირიქით, მეცნიერებისა და ტექნიკისაგან განსხვავებით, იყო, არის და ყოველთვის დარჩება საერთო მნიშვნელად, რომლის წყალობითაც ცოცხალი არსებები შეიცნობენ ერთმანეთს და ერთვებიან დიალოგში, და მნიშვნელობა არა აქვს, რაზომ განსხვავებულიც არ უნდა იყოს მათი საქმიანობა და ცხოვრებისეული ზრახვანი, არსებობის ადგილი და ვითარება და თვით დროც და ისტორიული მომენტები, რომლებიც განსაზღვრაბენ მათ ჰორიზონტს. ჩვენ ვკითხულობთ სერვანტესს და შექსპირს, დანტეს და ტოლსტოის, გვესმის ერთმანეთის და თავს ვგრძნობთ ერთი და იმავე სახეობის წარმომადგენლად, ვინაიდან ამ ავტორთა მიერ შექმნილმა ნაწარმოებებმა გვასწავლეს ის, რაც წარმოადგენს ყველა ადამიანისათვის საერთოს; ის, რაც მუდმივად არსებობს ჩვენში, მიუხედავად ჩვენ შორის უდიდესი სიმრავლის განსხვავებათა არსებობისა; და ადამიანს არაფერი არ აძლევს იმგვარ დიდებულ იმუნიტეტს უგნური შეხედულებების — რასიზმის, ქსენოფობიის, ნაციონალიზმისა და პოლიტიკურ და რელიგიურ სექტანტთა დახავსებული როშვისგან, როგორც მორალის ეს უბერებელი ოქროს კვეთი, რომელიც ყოველთვის შეგვიძლია დავინახოთ დიდი ლიტერატურის პრიზმაში: სხვადასხვაგვარი სისხლის მქონე კაცისა და ქალის ძირეული თანასწორობა და ის თუ რა უსამართლოა ყოველნაირი მცდელობა მათი დისკრიმინაციის, მათი დამონებისა და ექსპლოატაციისათვის. არაფერი არ გვასწავლის ისე, როგორც კარგი რომანები, ეთნიკურ და კულტურულ განსხვავებათა მაგალითზე დავინახოთ მსოფლიო მემკვიდრეობის სიმდიდრე, — და დავაფასოთ ლიტერატურა იმის გამო, თუ როგორ ნათლად ახდენს იგი შემოქმედებითი მრავალფეროვნების ილუსტრირებას. რა თქმა უნდა, კარგი წიგნების კითხვა — გართობას ნიშნავს; მაგრამ ამასთანავე გვეხმარება, უშუალოდ და ენეგიულად, გამოცდილებით, რომელიც ნამდვილად განიცდება გამოგონილი ისტორიებით. ეს გამოცდილება გვეხმარება გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ და როგორები, მთელი ჩვენი მთლიანობითა და სისავსით, მთელი ჩვენი ქცევებით, ოცნებებითა და მოჩვენებებით, მარტოობისა და ურთიერთობების ქსელში, საზოგადოებისა და ჩვენი სინდისის საფარქვეშ, — „ყველა ამ დაპირისპირებულ სიმრავლეთა ურთულეს ჯამში“, — როგორც ამბობდა ესაია ბერლირი, რისგანაც შედგება ადამიანის არსი. დღეს ეს მყარი ცოდნა ცოცხლად გვხვდება მხოლოდ რომანებში. არც ერთი ჰუმანიტარული სფერო, გარდა ლიტერატურისა: არც ფილოსოფიას, არც ფსიქოლოგიას, არც სოციოლოგიას, არც ისტორიას, არც ხელოვნებას, — არ ძალუძს გასწიოს ადამიანთა გამაერთიანებელი მსოფლგაგებისა და ყველა ობივატელისათვის მისაწვდომი მრავალსახოვანი ენის დაცვა. ყველა ამ სფერომ ვერ შეძლო გაეძლო დამღუპველი ზეწოლისათვის, რომელიც ახდენს მათ რღვევასა და ცოდნის დაქუცმაცებას და დაეცნენ ფრაგმენტაციის შეტევების ქვეშ, აღმოჩნდნენ მთლიანად მისი ძალაუფლების ხელში, განცალკავებულნი, დანამცეცებულნი, რომელთა ენა და იდეები ძევს მდაბიო კაცებისა და ქალების მისაწვდომობის საზღვრებში. ყოველივე ეს ლიტერატურას არ ეხება და არც არასოდეს არ შეეხება, თუმცა ცალკეული კრიტიკოსები და თეორეტიკოსები ჯიუტად ცდილობენ მის მეცნიერებად გადაქცევას, — რადგანაც შეთხზული ჩნდება არა იმისათვის, რათა შესაძლებელი იყოს რაღაცის კვლევა შეთავაზებულ სფეროში, არამედ იმისათვის, რომ წარმოსახვის დახმარებით გაამდიდროს ყველა ადამიანის ცხოვრება. ცხოვრება, რომელიც არ შეიძლება დანაწევრებული, დამსხვრეული იქნეს, შემცირებული სქემებით ან ფორმულებით. ამიტომაც ამტკიცებდა მარსელ პრუსტი: „ნამდვილი ცხოვრება, ბოლომდე ნათელი და მამხილებელი, ესე იგი, ერთადერთი, რომელიც შეიძლება სრულად განვლო — ესაა ლიტერატურა.“ იგი არ აზვიადებდა, თავისი მოწოდების სიყვარულს თავი მიუძღვნა უბადლო ოსტატობით; მას უბრალოდ უნდოდა ეთქვა, რომ ლიტერატურის წყალობით სინამდვილე ხდება გასაგები და უკეთესი — ცხოვრების გაგება და გაუმჯობესება ხომ სხვებთან ერთად ამის გაკეთებას ნიშნავს.

რომანი გვეხმარება ადამიანთა შორის ძმური კავშირების შექმნაში, ავალდებულებს მათ ერთმანეთთან საუბარს და აზიარებს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას, ნებას აძლევს მათ გახდნენ ერთი სისხლის არსებები, ვინაიდან წიგნისათვის დროის საზღვრები გამჭვირვალეა. ლიტერატურას გადავყავართ წარსულში და გვაერთიანებს მათთან, ვინც ათწლეულების და თვით საუკუნეების უკან ფანტაზიორობდნენ, ტკბებოდნენ და ოცნებობდნენ ამ ტექსტებთან, ტექსტები, რომლებიც ახლა ჩვენ ხელში ჩაგვივარდა და რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს ასევე დავტკბეთ და ვიოცნებოთ. ეს გრძნობა, წინააღმდეგ სივრცისა და დროისა, კაცობრიობისადმი ჩვენი კუთვნილების, კულტურის ყველაზე დიდი მიღწევაა და არაფერი ისე ხელს არ უწყობს თითოეული ახალი თაობით მის აღორძინებას, როგორც ლიტერატურა.

ბორხესს აღიზიანებდა, როდესაც მას ეკითხებოდნენ: „რისთვის არის საჭირო ლიტერატურა?“ ის ამ შეკითხვას იდიოტურად მიიჩნევდა და ასე პასუხობდა: „არავის არ მოუდის თავში დაინტერესდეს, რა სარგებლობა მოაქვს კანარის ჩიტის გალობას ან განთიადის წინ ზეცის ღრუბლებს!“ მართლაცდა, თუკი ეს საგნები უბრალოდ არსებობენ და მათი წყალობით ცხოვრება, დაე თუნდაც მცირე ხნით, ხდება არც ისეთი მახინჯი და სამწუხარო, არ იქნებოდა მავნებლობა მათში გვეძებნა პრაქტიკული სარგებელი? მაგრამ ჩიტის გალობისა და მზის ამოსვლისაგან განსხვავებით, ლექსები, რომანები არა უბრალოდ არსებობენ, შემთხვევით წარმოშობილი ან ბგერებით შექმნილი; ესაა ადამიანის ხელის ქმნილება და სავსებით დასაშვებია დაინტერესება, როგორ და რატომ გაჩნდნენ, რა მისცეს ადამიანებს და საკეთილდღეოდ ემსახურა კი ამას, რათა ლიტერატურა, რომლის ღრმა ფესვები, საერთოდ, დიდი ხანია გადაიხლართა დამწერლობის ისტორიასთან და იარსება ასე ხანგრძლივად. ლექსები და რომანები წარმოიშვებიან, თავდაპირველად თითქოსდა მოქანავე აჩრდილებად, ადამიანის ცნობიერების ფარულ კუთხეებში, როგორც არაცნობიერ შთაბეჭდილებათა და ემოციათა ასახვა, რომელსაც ხანდახან სიტყვებთან ნერვიულ ბრძოლაში პოეტი, მთხრობელი აძლევს მოხაზულობას, სხეულს, მოძრაობას, რიტმს, ჰარმონიას, სიცოცხლეს. ხელქმნილი სინამდვილე, შექმნილი წარმოსახვისა და მეტყველების მეშვეობით, უხსოვარი დროიდან, გვერდი-გვერდ არსებობენ რეალურთან და მათ გამოიყენებენ კაცები და ქალები, — ზოგიერთი ხშირად, ხოლო ზოგი არარეგულარულად, — ვინაიდან ჩვეულებრივ ცხოვრება მათ არ ჰყოფნით, სამყაროს არ შეუძლია მათ ყველაფერი ის შესთავაზოს რაც მათ სურთ. რომანი თავის არსებობას იწყება არა მაშინ, როცა ის დაიწერა, არამედ ნამდვილად ვლინდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მას მიიღებენ სხვები და ტექსტი გახდება საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი, გადაიქცევა, კითხვის წყალობით, გამოცდილებად, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ.

მკითხველთა ერთ-ერთი უპირველესი უპირატესობა, სხვა დანარჩენ ადამიანთა წინაშე — ესაა მეტყველება, საუბარი. ლიტერატურის გარეშე საზოგადოებას შეუძლია თავი გამოხატოს ნაკლები გარკვეულობით, აზრობრივი ელფერის ნაკლები მრავალფეროვნებით და ნაკლები სიცხადით, ვიდრე მკითხველ სოციუმს, რომლის წევრებიც წლობით გულმოდგინედ ზრდიან და სრულყოფენ, ტექსტების მეშვეობით, თავისი ძირითადი კომუნიკაციის ინსტრუმენტს — სიტყვას. რომანების გარეშე საზოგადოება, არ დასნებოვნებული წიგნის ციებ-ცხელებით, დაემსგავსება ერთმუჭა მუნჯებსა და ენაბულებს, დატანჯული, ურთიერთობაში წარმოშობილი პრობლემებით, თავიანთი უხეში რუდიმენტული მეტყველების გამო; ეს ცალკე აღებულ ადამიანებსაც ეხებათ. ადამიანი, რომელიც არ კითხულობს ან ცოტას კითხულობს, ან კითხულობს მხოლოდ ნაგავს, შეუძლია ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ იტყვის ყოველთვის ცოტას, ვინაიდან თავის განკარგულებაში აქვს სიტყვათა მცირე მარაგი, თვითგამოხატვისათვის არა საკმარისი, და ეს არაა მხოლოდ შეზღუდული სიტყვის მარაგი; ეს იმავდროულად არის წარმოსახვისა და გონების შეზღუდულობა, ჭკუანაკლებობა, ინტელექტუალური სიღატაკე, ვინაიდან იდეები და ცნებები, რომლებიც გვეხმარება აღვიქვათ გარე სამყარო და ჩვენი საკუთარი „მე“-ს თვისებები, არ არსებობენ სიტყვებისაგან მოწყვეტით, რომლის მეშვეობითაც ცნობენ და განასხვავებენ მათ. ადამიანმა შეიძლება ისწავლოს სწორი, ღრმა, დახვეწილი და ზუსტი ლაპარაკი კარგი ლიტერატურითა და მხოლოდ მისი წყალობით. რაც შეეხება ურთიერთობის ენის ფორმირებას, არც ერთ სხვა სფეროს და არც ერთ სხვა ხელოვნებას, არ ძალუძს, შეცვალოს ლიტერატურა.

მეცნიერულ ნაშრომებსა და ტექნიკის სახელმძღვანელოებს შეუძლიათ მოგვცენ ფუნდამენტური ცოდნა, მაგრამ ისინი ვერ გვასწავლიან სიტყვის ფლობასა და ჩვენი აზრების მკაფიოდ გამოხატვას, — პირიქით, ხშირად ასეთი ტექსტები დაწერილია მეტად ცუდად და ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი ლინგვისტური არეულდარეულობა სუფევს მათ ავტორთა თავებში. ვინაიდან ეს ავტორები, თუმცა ხანდახან ისინი წარმოადგენენ თავიანთ პროფესიულ სფეროში სახელმოხვეჭილებს, მაგრამ ლიტერატურული თვალსაზრისით გაუთლელნი, უმეცარნი არიან და არ შესწევთ უნარი მეტყველება გამოიყენონ იმისათვის, რომ მკითხველამდე მიიტანონ ის ძვირფასი იდეები, რომელსაც თავად ფლობენ. ილაპარაკო ლამაზად, შენ განკარგულებაში გქონდეს მდიდარი და სხვადასხვაგვარი სიტყვების მარაგი, მიაგნო თითოეული აზრის ან გრძნობის გამოხატვისათვის შესაფერის სიტყვას, რის შესახებაც გსურს ამცნო სხვას, ნიშნავს იყო უკეთესად მომზადებული იმისათვის, რათა იფიქრო, ასწავლო, ისწავლო, იურთიერთო და აგრეთვე იფანტაზიორო, იოცნებო, შეიგრძნო და განიცადო. სიტყვა თანდათან აისახება ყოველგვარ ცხოვრებისეულ მოქმედებაში — იქაც კი, სადაც გეგონება, რომ სრულიადაც არაა საჭირო მეტყველება. იმისდა მიხედვით თუ როგორ ხდებოდა ამ მოქმედებათა ევოლუციონირება, ლიტერატურის წყალობით, უმაღლეს საფეხურებამდე, სადაც არსებობს წარმოდგენა დახვეწილობასა და ელფერზე, ფართოვდებოდა ადამიანისათვის მისაწვდომი ტკბობის ჩარჩოები; რაც შეეხება სიყვარულს, მან ხელი შეგვიწყო მიგვემართა ჩვვენი სურვილები და აგვეყვანა სქესობრივი აქტი შემოქმედებით აქტთა ხარისხში. ლიტერატურის გარეშე არ იარსებებდა ეროტიკა. სიყვარული და სიამოვნება იქნებოდა მეტად ღარიბული, მათ არ ეყოფოდათ სინატიფე და სიტურფე, გაჯერებულობა, რომლითაც შეუძლიათ დატკბნენ ისინი, ვისშიც აღიძრა მადა და აღიზარდა ლიტერატურულ ფანტაზიათა ათვისების უნარი. გაზვიადებული არ იქნება მტკიცება, რომ შეყვარებულები, რომლებიც კითხულობდნენ გარსილასოს, პეტრარკას, გონგორესა და ბოდლერს, უყვართ და ტკბებიან უფრო მეტდ, ვიდრე უსწავლელნი, საპნის ოპერების ცქერით გაღატაკებული გონება. წიგნს მოკლებულ სამყაროში სიყვარული და სიამოვნება გახდებოდა განუსხვავებელი იმისაგან, რასაც განიცდიან ცხოველები, იკმაყოფილებენ რა თავიანთ ეროტიკულ შიმშილს. ისინი შორს არ დასცილებიან დაკმაყოფილების უხეშ გრძნობასა და ელემენტარულ ინსტიქტებს: შეწყვილებისა და გაძღომის გრძნობებს.

მასობრივი ინფორმაციის აუდიოვიზუალურ საშუალებებს არ ძალუძს, ამ ველზე, ლიტერატურის შეცვლა: მათ არ შეუძლია ადამიანს მტკიცედ და მარჯვედ ასწავლოს სიტყვებში დაფარულ უმდიდრეს შესაძლებლობათა გამოყენება. პირიქით, ტელევიზია და კინო, რაც სავსებით ბუნებრივია, მიისწრაფვიან სიტყვის უკანა პლანზე გადაწევისკენ სახის სასარგებლოდ, თვითგამოხატვის ამ პირველყოფილი ენისადმი და აიძულებენ მას მიიღოს ზეპირი ფორმა — ყველაზე მცირე, რაც შეიძლება მოეთხოვოს სიტყვას ვიზუალური რიგის ჩარჩოებში და ქაღალდზე დაფიქსირებული, მისგან ყველაზე უფრო შორეული წყაროსაგან. ეს კი მაყურებლებში ყოველთვის იწვევს მთქნარებას, მნიშვნელობა არა აქვს, რა ზომის ეკრანია მის წინაშე. უწოდო კინოლენტას ან პროგრამას „ლიტერატურული“— ესაა თავაზიანი საშუალება თქვა, რომ იგი მოსაწყენია. აი, რადიო ან ტელევიზიის ლიტერატურული გადაცემები რატომ ხდება, ასე იშვიათად, პოპულარული; რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ წესიდან ერთადერთი გამონაკლისი იყო ფრანგი ტელეწამყვანის ბერნარ პივოს „აპოსტროფები“. ეს მაიძულებს ვიფიქრო, თუმცა ვეჭვობ ამაში, რომ არა მხოლოდ თავისთავად ლიტერატურა თამაშობს გადამწყვეტ როლს მთლიანი ფორმირებისა და მეტყველების ბატონობის დამყარებაში. მნიშვნელოვანია წიგნი, რომელთანაც უწყვეტი მეუღლეობის კავშირებით რომანების ბედია დაკავშირებული, — ეს ფაბრიკის პროდუქტი უკვე ბევრმა მორალურად მოძველებულად გამოაცხადა.

პატივცემულ ადამიანებს შორის, რომელთაც ბევრი რამ გააკეთეს კომუნიკაციის სფეროში, არის — ბილ გეიტსი, კომპანიის Microsoft დამფუძნებელი. ორი თვის უკან ბილ გეითსი ჩამოვიდა მადრიდში და ეწვია ესპანური ენის სამეფო აკადემიას, რომელთანაც ერთად Microsoft-მა საფუძველი ჩაუყარა იმას, რაც, ვიმედოვნებ, მომავალში იქცევა ნაყოფიერ თანამშრომლობად. თავისი ვიზიტის დროს, სხვა რამის გარდა, ბილ გეითსი აკადემიკოსებს დაპირდა, რომ პირადად იზრუნებს „ñ“ ასოს ბედზე. მისი სიტყვებით, არავინ არ ამოაგდებს მას კომპიუტერის კლავიატურის საფუძვლიდან, — დაპირება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხუთ კონტინენტზე მცხოვრებ ოთხასიათას მილიონ ესპანურად მოლაპარაკე ადამიანს შვებით ამოსუნთქვის საშუალებას, რომელთაც ამგვარი ულმობელი დამოკიდებულებით ფუძემდებლური ასოსადმი ემუქრებოდათ ნამდვილი ბაბილონური პრობლემები, და აი, ძლივს გამოიჩინა რა ესპანური ენისადმი ამგვარი თავაზიანობა და რამდენადაც მე მესმის, არც სამეფო აკადემიის კედლების დატოვება გასჭირვებია, ბილ გეიტსმა პრეს-კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომ იმედოვნებს არ მოკვდეს იქამდე, ვიდრე არ განახორციელებს თავის სანუკვარ სურვილს. იცით რას? ქაღალდისაგან დამშვიდობებას და მაშასადამე, წიგნებისაგან — საქონლისაგან, რომელიც მისი შეხედულებით, დღესდღეობით გადაიქცა თავსმოხვეულ ანაქრონიზმად. ბატონმა გეიტსმა შეკრებილებს აუხსნა, რომ კომპიუტერულ ეკრანებს შეუძლიათ წარმატებით შეცვალონ ქაღალდი ყველა სფეროში, სადაც აქამდე აუცილებელი იყო და რომ ვირტუალური სიახლეები და ვირტუალური ლიტერატურა დაიკავებს არა მხოლოდ ნაკლებ ადგილს და არ დაამძიმებს მკითხველებს და აგრეთვე აქვს ეკოლოგიური უპირატესობა, ვინაიდან შესაძლებლობას იძლევა ბოლო მოუღოს ტყეთა გაჩეხვას — უბედურებას, რომელიც, ცხადია, მთლიანად ძევს ქაღალდის მრეწველობის სინდისზე. პლანეტის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, შემდგომშიც გააგრძელებს კითხვას, ამბობდა იგი, მაგრამ მხოლოდ კომპიუტერული ეკრანების ცქერით, — ხოლო მსოფლიოში ამ დროისათვის მეტი ქლოროფილი იქნება.

მე არ ვესწრებოდი ამ პრეს-კონფერენციას და ყველაფერი გაზეთებიდან გავიგე, მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი, ბატოტ ბილ გეიტს დავუსტვენდი იმის გამო, რომ მას ეყო თავხედობა ყველას გასაგონად განეცხადებია, რომ უსაქმოდ დამტოვოს მე და მრავალი ჩემი კოლეგა — წიგნის მწერალი. შეუძლია კი ეკრანს ყველაფრით შეცვალოს წიგნი, როგორც ამას Microsoft დამფუძნებელი აცხადებს? არა ვარ დარწმუნებული და ასე ვამბობ არა იმიტომ, რომ უარვყოფ კოლოსალურ რევოლუციურ ნახტომს, რომელიც კომუნიკაციის სფეროში შესაძლებელი გახადა ახალმა ტექნოლოგიებმა, — ისეთებმა, როგორიცაა ინტერნეტი, რომელიც ყოველდღიურად ფასდაუდებელ დახმარებას მიწევს მუშაობაში. მაგრამ იმაში, რომ ვაღიარო, თითქოსდა ეკრანი შეედრება ქაღალდს, როდესაც ლაპარაკია ლიტერატურაზე, არის ზღვარი, რომელზედაც გადაბიჯება არ შემიძლია. არ ვარ მზად შევეგუო აზრს, რომ ტექსტი, დაშორებული პრაგმატულობას, ფუნქციური სარგებლობისაგან დაცლილი, — ის, რაც არაა დაკავშირებული ინფორმაციის მოძებნასა და გადაუდებელ საუბრებთან, შეიძლება ვირტუალურ სივრცეში შეითვისო და რაც იქ შეიძლება წაიკითხო ისეთივე ჩაფიქრებულობით და სულიერი განმარტოებით, იმგვარადვე დატკბე სიტყვებით და განიცადო ისეთივე კმაყოფილება, როგორც წიგნთან.

ეს, შეიძლება, ჩემი საკუთარი ნაკლია, პრაქტიკის უკმარისობის შედეგი და ტექსტის ქაღალდზე კითხვის ჩვევა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე დიდი კმაყოფილებით ვმოგზაურობ, სიახლეთა ძიებისას, ინტერნეტში, თავში არ მომივიდოდა ქსელი გამომეყენებინა გონგორეს ლექსების, ონეტის ან კალვინის რომანების, ან ოქტავიო პასის ესეების წასაკითხად, — ვინაიდან შესანიშნავად ვიცი, რომ ამგვარი კითხვის ეფექტი არასოდეს არ იქნება იმგვარი, როგორსაც მე მივეჩვიე. დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენაც კი არ შემიძლია როგორი შემზარავი და შესაძლებელია, მომაკვინებელიც კი იქნეს, წიგნების განადგურება. თავად სიტყვა, რა თქმა უნდა, შეინახება, მაგრამ, ალბათ, იგი აღნიშნავს რაღაცას, ტექსტისგან ისე შორეულს, რასაც დღეს ჩვენ ლიტერატურას ვუწოდებთ, რამდენადაც დაშორებულია ტელეპროგრამები მაღალი წრის ჭორიკნობასა და დიდი ძმის შესახებ მონათხრობისაგან, სოფოკლესა და შექსპირის ტრაგედიებისაგან.

კიდევ ერთ მიზეზს, ადამიანის ცხოვრებაში რომანის განსაკუთრებული ადგილისას, წარმოადგენს ის, რომ მის გარეშე არ არსებობს კრიტიკის სული — ისტორიულ ცვლილებათა მამოძრავებელი და თავისუფლების საუკეთესო მეგობარი, რასაც დღეს ადამიანები ფლობენ და რომელსაც მიყენებული ექნებოდა გამოუსწორებელი ზიანი. კარგი წიგნი ხომ — ყოველთვის რადიკალურთ დაეჭვებაა მსოფლიოზე, რომელშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ. ყოველი დიდი გამოგონებული ტექსტი, ხშირად ავტორისაგან ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ახალისებს შფოთიანობას და ამზადებს ნიადაგს აჯანყებისათვის.

ლიტერატურა ვერაფერს ეტყვის, თავისი ბედით კმაყოფილ, ადამიანურ არსებებს, — მათ, ვისაც ცხოვრება ისედაც ავსებულ ფიალად ეჩვენება. იგი — საზრდოა მეამბოხე სულისათვის, უთანხმოებათა მქადაგებელი, თავშესაფარი იმათთვის, ვისაც რაღაც მეტი შეაჭამეს ან რაღაც დააკლეს იმისათვის, რათა მას ბედნიერად, სრულყოფილად შეეგრძნო თავი, რომელმაც ცხოვრებაში ვერ შეძლო თავისი ოცნებების ხორცშესხმა. ლა-მანჩის უდაბნოში გაძვალტყავებულ როსინანტზე მჯდომარე მისი უგნური მხედარით მოგზაურობა, თეთრი ვეშაპის დევნისათვის ზღვის დაღარვა კაპიტან ახავთან ერთად, ემა ბოვართან ერთად დარიშხანის ყლაპვა ან გრიგოლ ზამზასთან ერთად მწერად გადაქცევა — ეს მოსახერხებელი ტრიუკები, რომელიც ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ, რათა გამოვასწოროთ წყენა და შევამსუბუქოთ უსამართლო ცხოვრების დიქტატი, რომელიც გვავალდებულებს ვიყოთ მუდამ ერთი და იგივე ადამიანი იმ დროს, როდესაც ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით მრავალი; იმდენი, რამდენიც საჭირო იქნებოდა, რათა დათრგუნულიყო დამდაგველი სურვილის გროვა, რომლითაც შეპყრობილია თითოეული ჩვენთაგანი.

რომანს შეუძლია მხოლოდ მცირე ხნით მსგავსი ცხოვრებისეული დაუკმაყოფილებლობის დაამება, მაგრამ ასეთი გულმოწყალე სულის მოთქმის დროს, ამ მოკლე გადავადებით, ლიტერატურული ილუზიებით ბოძებული, — ისინი ხომ, ზოგჯერ, გვეჩვენება, რომ ფესვიანად გვგლეჯენ ქრონოლოგიური სისტემისაგან და გვაქცევენ ქვეყნის მოქალაქეებად, სადაც დრო არაა უკვდავი სამშობლოს პატრიოტებისათვის, — ჩვენ გარდავიქნებით სხვად; უფრო გამომეტყველნი, მდიდარნი, რთულნი, ბედნიერნი, ბრწყინვალენი, ვიდრე ყოველდღიურობის შემაწუხებელ ტყვეობაში, რაც ყოველთვის თან სდევს ჩვენ რეალურ ცხოვრებას. როდესაც წიგნი წაკითხულია, ხედვა ჩამქრალია, ჩვენ ვბრუნდებით აქ და ვადარებთ ყოველდღიურობას ახლახან დატოვებულ დიდებულ მხარეებს. ამ მომენტში ჩვენ ყოველთვის გველოდება დიდი გულგატეხილობა; აღმოვაჩენთ საშინელებას: ცხოვრება, რომელიც რომანის კითხვისას უკეთესი მოგვეჩვენა: ლამაზი, მრავალფეროვანი, დამაჯერებელი, აღსავსე იმით, რაც ჩვენ გარშემოა, როდესაც არ გვძინავს; იმით რაც დაგრეხლია ხელებისა და ფეხების პირობითობით, ჩვენი საკუთარი ცნობიერების მოუსვენრობითა და შეზღუდულობით. ამ აზრით კარგი ლიტერატურა — თუმცა მათი ავტორები ასეთისაკენ არ მიისწრაფვიან და ასეთზე არ გვაფრთხილებენ — ეს ყოველთვის რეალობის გამოწვევაა: კრამოლური, მშფოთვარე, მეამბოხური. ლიტერატურა შესაძლებლობას გვაძლევს ვიცხოვროთ სამყაროში, რომელშიც კანონები ეჭვს ქვეშ აყენებენ რეალური ცხოვრების მოუშლელ წესებს, რომლებიც გაპირობებულია სივრცისა და დროის დამღუპველი უზენაესობით და დაუსჯელად ბადებენ ურიცხვი ოდენობის მბრძანებლებს, რომელთა ძლევამოსილებამ არ იცის საზღვრები. როგორ არ დაეჭვდები მას შემდეგ, როდესაც წაიკითხავ „ომი და მშვიდობას“, ან „დაკარგული დროის ძიებას“, ხოლო შემდეგ ბრუნდები ამ ურიცხვ უმნიშვნელო საქმეთა სამყაროში, საზღვრებსა და აკრძალვებში, რომლებიც გვდარაჯობენ თითოეულ ნაბიჯზე და ამახინჯებენ ჩვენ ოცნებებს? ეს არის, უდავოდ, ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობით უზრუნველყოფა და ენის გამდიდრება: შეგვახსენოს (როგორც წესი, უნებლიედ), რომ ეს სამყარო ცუდადაა შექმნილი და რომ მასში ცრუობენ ისინი, რომლებიც საპირისპიროს გვპირდებიან, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლები, და რომ სამყარო შეიძლება იყოს უკეთესი, იმ სურათებთან მიახლოებული, რომელსაც ქმნის ჩვენი წარმოსახვა და მეტყველება.

დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება პასუხისმგებელი, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები, დარწმუნებულნი რეალური სამყაროს განუწყვეტელ შემოწმებაში, იმ მიზნით, რათა იგი შექმნას იმის მსგავსი, როგორშიდაც ისინი ისურვებდნენ ცხოვრებას — თუმცა ეს ღრუბელთიმიერი მიზანია; და მაინც, მიუხწევად ოცნებასთან მიახლოებისათვის კაცობრიობის შეუპოვრობის წყალობით: რეალურისა და სასურველის დაგვირგვინებით, — წარმოიშვა და განვითარდა ცივილიზაცია, ხოლო ადამიანმა შეძლო დაეძლია ბევრი (რა თქმა უნდა, არა ყველაფერი) დემონი, რომლებიც ადრე მბრძანებლობდნენ მასზე. მოცემული უკმაყოფილებისათვის არ არსებობს უკეთესი დვრიტა, ვიდრე კარგი წიგნი. დამოუკიდებელი, მოფიქრალი მოქალაქეების აღზრდისათვის, რომელთა მანიპულირება რთულია და რომლებიც იმყოფებიან პერმანენტულ სულიერ მობილიზაციაში და დაჯილდოებულნი არიან ცეცხლოვანი წარმოსახვით, არ არსებობს უკეთესი ხერხი, ვიდრე კარგი რომანების კითხვა.

ჩვევა, ლიტერატურას უწოდე მეამბოხური იმის გამო, რომ მშვენიერი ფანტაზიები ადამიანში აღძრავენ სამყაროს სრლყოფილების გრძნობას, არ ნიშნავს, რასაკვირველია, როგორც მიიჩნევენ ცენზურისკენ მიდრეკილნი და რომლებიც მოწყურებულნი არიან შეამცირონ საეკლესიო წიგნებისა და ძალაუფლების ფეთქებად საშიში ვითარება, რომ მხატვრულ ტექსტებს ძალუძს მყისიერად გამოიწვიოს სოციალური რყევები და დააჩქარონ რევოლუცია. ამგვარ საკითხებზე საუბრისას, ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ სუბიექტურობის მერყევ ნიადაგზე, სადაც საჭიროა ფრთხილად მოქცევა. პოემის, დრამის ან რომანის სოციალური თუ პოლიტიკური ეფექტი, არანაირად არ შეიძლება შემოწმდეს, ვინაიდან იგი თითქმის არასოდეს არ ვლინდება კოლექტიურად. იგი ინდივიდუალურია, ეს კი ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანისათვის იგი სრულიად სხვადასხვაგვარი იქნება. აი რატომაა ასე ძნელი, თუკი არ ვიტყვით, შეუძლებელი, გამოყენებულ იქნას აქ რაიმე სახის შაბლონი. მეორე მხრივ, ხშირად კითხვის მსგავს შედეგებს, რომელიც თვალნათლივ გახდა კოლექტიურ გარემოში, ნაკლები საერთო აქვს ტექსტისაგან გამოწვეულ ესთეტიკურ თვისებებთან: მაგალითად, აშშ მოქალაქეთა მიერ მონობის საშინელებათა გაცნობიერების პროცესში, ეტყობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს მეტად საშუალო რომანმა — „ბიძია თომას ქოხმა“. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შედეგი ძნელად შესამჩნევია, ეს არ ნიშნავს მის არ არსებობას. უბრალოდ ისინი ვლინდება მრავალფეროვნად და არა პირდაპირ მოქალაქეთა ქცევებსა და მოქმედებებში, ვისი პიროვნების გამოძერწვაც მოხერხდა რომანის წყალობით.

კარგი წიგნები ერთბაშად აყუჩებენ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, მაგრამ იმავდროულად ზრდიან კიდეც მას, ანვითარებს რა ადამიანში ცხოვრებისადმი ნონკონფორმისტულ ამთვისებლობას და აქცევს მას მწუხარებისადმი უფრო შემგუებლად. ისინი, ვინც მუდმივად თავს გრძნობენ დაუკმაყოფილებლად და იბრძვიან ყოფიერების წინააღმდეგ, ბუზისაგან სპილოს ქმნიან, შესანიშნავად იციან, რომ მათ წინაშე ბუზია. ეს ადამიანები რამდენადმე განწირულნი არიან, თითოეული თავიანთ ბრძოლებში, ისე, როგორც განწირული იყო „მარტოობის ასი წლიდან“ პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, რომელმაც შესანიშნავად იცოდა, რომ ყველა ბრძოლას წააგებდა. სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არაა; მაგრამ ისიც მართალია, რომ გარშემო არსებული სამყაროს უფერულობისა და სიბილწისადმი სიანჩხლისა და უკმაყოფილების გარეშე, ჩვენ, ადამიანები აქამდე ვიცხოვრებდით პრიმიტიულ სახელმწიფოებში. ისტორია შეჩერდებოდა, სამყაროში ინდივიდუუმი არ გაჩნდებოდა, ვერც მეცნიერება და ვერც ტექნიკა ვერ განახორციელებდა ვერანაირ ნახტომს, არავინ არ აღიარებდა ადამიანის უფლებებს, მსოფლიოში არანაირი თავისუფლება არ იარსებებდა — ყოველივე ეს ხომ შედეგია ცხოვრებისადმი, რომელიც აღიარებულ იქნა ნაკლოვანად და გაუსაძლისად, ურჩობის მრავალრიცხოვანი აქტის. იმ სულისათვის, რომელიც მზად არაა პატივი სცეს ამგვარ ცხოვრებას, როგორიც ის არის და მიისწრაფვის ალონსო კიხანოს შეუპოვრობით (ჭკუაზე შეიშალა, როგორც ჩვენ გვახსოვს, სარაინდო რომანების კითხვით) ხორცი შეასხას თავის ოცნებას, შეასრულოს შეუძლებელი, ლიტერატურა გახდა ფენომენალური საწვავი.

მოდით შევეცადოთ სამყაროს წარმოსახული ისტორიის რეკონსტრუირება და ცხოვრება წარმოვიდგინოთ ლიტერატურის გარეშე, კაცობრიობა, რომელიც არ კითხულობს რომანებს. ამ უწიგნურ ცივილიზაციას, რომელსაც აქვს მცირე სიტყვიერი მარაგი და მეტყველება, რომელშიდაც სიტყვებს ღრიალი და მაიმუნური მანჭვა სჭარბობს, არ ექნებოდა მრავალი სიტყვა, წარმოშობილი ლიტერატურული ნაწარმოებების წყალობით: „დონკიხოტობა“, „კაფკიანური“, „როკანბოლური“, „ორუელური“, „სადისტი“, „მაზოხისტი“ და ათეულობით სხვა. ამ სამყაროში, ეჭვს გარეშეა, მაინც იქნებოდნენ შეშლილები, პარანოიდული შიშებისა და ბოდვითი დევნის მსხვერპლნი, საზარელი მადის მქონე ხალხი, მიდრეკილნი დანაშაულებრივი უწესობისადმი და ორფეხა არსებები, რომელთაც მოსწონთ ტკივილის მიყენება ან განცდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისწავლიდით ქცევის აღქმას, რომელიც ეწინააღმდეგება ე.წ. ნორმალურობას, რაც არის ადამიანის პიროვნების არსებითი თვისება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენზე — რამაც, რაზეც თვალი აგვიხილა არის სერვანტესის, კაფკას, რაბლესი, დე სადის თუ ზახერ მაზოხის ტალანტის დამსახურება. როდესაც „დონ-კიხოტი“ გამოვიდა, მისმა პირველმა მკითხველებმა დაიწყეს მასზე დაცინვა მის ექსტრავაგანტურ მეოცნებე გმირზე იმგვარადვე, როგორც ამას აკეთებდნენ რომანის პერსონაჟები. ჩვენ ახლა ვიცით, რომ მწუხარე სახის რაინდის მისწრაფება ხედავდეს გოლიათებს იქ, სადაც სინამდვილეში მხოლოდ წისქვილები დგას და სურვილი ჩაიდინოს ყველა ეს უგნური საქციელი — გულუხვობის ეს უმაღლესი ფორმა, პროტესტის საშუალება ტანჯვის წინააღმდეგ, რომლითაც აღვსილია სამყარო, არის მისი შეცვლის მცდელობა. თავად იდეალისა და იდეალიზმის ცნებები, გამსჭვალულნი დადებითი მორალური ვალენტიანობით, არ იქნებოდა ისეთი, რადაც ჩვენთვის იქცა — უდავო ღირებულებებად, თითოეულისათვის ნათელი — ხორცი რომ არ შესხმოდა, მთელი დამაჯერებლობითა და სიძლიერით, რომანის პერსონაჟში, რომელიც უბოძა სერვანტესის გენიალურობამ. იგივე შეიძლება ითქვას კაბაში მყოფ პატარა პრაგმატულ დონ-კიხოტზე — ემა ბოვარზე (და მის გარეშე არანაირი ბოვარიზმის აღნიშვნა არ იქნებოდა), რომელიც მხურვალედ იბრძოდა ეცხოვრა ფუფუნებასა და ვნებებით აღსავსე ჩვეულებრივი რომანული ცხოვრებით, და დაიწვა ამ ცეცხლში, როგორც ლამპის შუქზე მოფარფატე პეპელა.

როგორც სერვანტესის ან ფლობერის შემთხვევაში, ნაწარმოებები ყველა დიდი ლიტერატურის შემოქმედის, არა მხოლოდ გამოგვლეჯენ რეალიზმის კლანჭებისაგან და მივყავართ ფანტაზიის სამყაროში, არამედ თვალს გვიხელენ ჩვენთვის უცნობი და თვით ჩვენი ნატურის იდუმალ თვისებათა დასანახად, გვაძლევს ყოველივე აუცილებელს, რათა შევძლოთ უკეთ გამოვიკვლიოთ და გავიაზროთ ადამიანის არსის მორევი. თქვა „ბორხესულად“ — ნიშნავს მყისიერად დავშალოთ რაციონალური რუტინის ბორკილები და მივუბრუნდეთ ფანტასტიკურ, მკაცრ და ელეგანტურ აზრობრივ კონსტრუქციებს. იგი თითქმის ყოველთვის აბურდულ-დაბურდულია, როგორც ლაბირინთი და გაჯერებულია ლიტერატურული ციტატებითა და ალუზიებით, რომელთა თავისებურებაც, მიუხედავად ამისა, ერთი ბეწოთითაც არ გვაოცებს, ვინაიდან მასში ჩვენ ამოვიცნობთ ჩვენი პიროვნების ფარულ მიდრეკილებებსა და მემკვიდრეობით ჭეშმარიტებებს, რომლებმაც, მხოლოდ ხორხე ლუის ბორხესის ნაწარმოებთა წყალობით შეიძინეს ფორმა. ზედსართავს „კაფკიანურს“ ჩვენი გონება იოლად აღიქვამს, თითქოსდა როგორც ფოტოგადაღების გამობრწყინებას ერთ-ერთ ძველ სურათზე, სადაც ვიღაც, აკორდეონით ხელში, წინ დგას. ამ სიტყვის გაგონებისას შევიგრძნობთ საფრთხეს, თავს განვიცდით განიარაღებულად ჩაგვრის დამანგრეველი მექანიზმების წინაშე, რომელმაც, თანამედროვე ისტორიაში, ადამიანებს მოუტანა ამდენი ტკივილი: ავტორიტარული რეჟიმებით, ძალაუფლების ვერტიკალურობით, შეუწყნარებელი საეკლესიო თემებით, მხუთავი ბიუროკრატიით. ამ მრავალტანჯული პრაღელი ებრაელის მოთხრობების და რომანების გარეშე, რომელიც გერმანულად წერდა და ცხოვრობდა მუდმივ დაძაბულობაში, ჩვენ ვერ შევძლებდით მთელი სიცხადით გაგვეგო, როგორადაც დღეს შეგვიძლია, დაუცველობისა და უძლურების თუ როგორ გრძნობას განიცდიან საზოგადოებიდან იზოლირებული ადამიანები ან დისკრიმინაციისა და დევნის პირობებში ჩავარდნილი უმცირესობა ყოვლისშემძლე ხელისუფლების წინაშე, რომელსაც შეუძლია მისი გაცამტვერება, აღგვა პირისაგან მიწისა ისე, რომ არც კი აიძულოს ჯალათი სახის გამოჩენისათვის.

ზედსართავი „ორუელოური“, ახლო ნათესავი სიტყვისა — „კაფკიანურის“ გაკვრით მიგვანიშნებს გულზე შემოწოლილ სევდის და უკუდურესი აბსურდულობის გრძნობაზე, რომელიც წარმოშვა XX საუკუნის დიქტატორული რეჟიმების მოქმედებამ, — ყველაზე უფრო გაწაფულმა, სასტიკმა და თავის მისწრაფებებში თავშეუკავებელმა, აკონტროლოს ქცევები, ხასიათი და საზოგადოების ოცნებაც კი. თავის ყველაზე უფრო ცნობილ რომანებში, — „საქონლის ეზო“ და „1984“, ჯორჯ ორუელმა კოშმარულად გამყინავი ფერებით აღწერა კაცობრიობა, დამორჩილებული დიდი ძმის ნებაზე — ყოვლადძლიერის, ყველაფრის მბრძანებელზე, რომელმაც ტერორისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური კომბინაციების მეშვეობით მოსპო თავისუფლება, შებორკილობა და თანასწორობა — მართალია, ამ სამყაროში ზოგიერთი იყო „სხვათა თანასწორი“ — და საზოგადოება აქცია სკად, ადამიანის მსგავსი მანქანებით აღვსილებად, რობოტებზე არანაკლებ დაპროგრამირებულებით. არა მხოლოდ ქცევა, არამედ მოქალაქეთა ენაც კი გამართული იყო ხელისუფლების ჩანაფიქრით: წარმოიშვა ახალი ენა, გაწმენდილი ყოველგვარი ინდივიდუალურისაგან, სუბიექტური გამონაგონისა და ელფერისაგან და გარდაქმნილი უსახურ თემებად და კლიშეებად, — აუცილებელი ნაბიჯი, რათა, სისულელის წინაშე ლეგალიზება მოხდეს ინდივიდუუმის მონური მდგომარეობის. მაგრამ აქვს კი აზრი ვუწოდოთ „ინდივიდუუმი“ არაფერზე მეუფების არმქონე არსებებს, რომელთაც არა აქვთ საკუთარი ცხოვრება, ამ ჯოგს, აკვნიდან საფლავამდე ორუელისეული კოშმარებით მართულს? „1984“-ის ავბედითი წინასწარმეტყველება არ ახდა. მაგრამ „ორუელოური“ სიტყვა სიცოცხლეს აგრძელებს და რჩება აქტუალური. ეს ხომ შეხსენებაა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველაზე უფრო დამანგრეველი პოლიტიკურ-სოციალური გამოცდილების, რომლის დაფარული მექანიზმის გაგებაში დაგვეხმარა ჯორჯ ორუელის რომანები და ესეები.

როგორ ხდება ისე, რომ ლიტერატურული გამონაგონები და ტყუილები ხდება ცხოვრების ფარულ ჭეშმარიტებათა შემეცნების საშუალება? ისინი ხომ ყოველთვის სასიამოვნო არაა: ზოგჯერ რომანებისა და პოემების სარკეში ჩვენ წარმოვსდგებით შემზარავი სახით. ასე ხდება, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სექსუალური სასაკლაოს შესახებ, რომელსაც აღწერს ღვთაებრივი მარკიზი, ან ტანჯულისა და მსხვერპლის უსიხარულობის შესახებ, რომელსაც ზახერ-მაზოხისა ან ბატაის დაწყევლილი წიგნები ნერგავენ. დროდადრო ამგვარი სცენები ხდება იმდენად შეურაცხმყოფელი და მხეცური, რომ ეს აუტანლად გვეჩვენება; და მიუხედავად ამისა, მათში — უარესი სისხლი, დამცირება, შემზარავი წამება და გარყვნილება კი არ არის, არამედ უარესია — იმის გაგება, რომ ასეთი ძალადობა და ზომიერების გრძნობის არქონა ჩვენთვის უცხო არაა და კაცობრიობას დაბლა სწევს. ის, რომ ზომაგადასულობისა და უწესობის გაუმაძღარი მონსტრები ბუდობენ ჩვენი ბუნების ყველაზე უფრო ინტიმურ ნაწილებში და ჩრდილის საფარქვეშ ელოდებიან თავის გამოვლენის შესაძლებლობას, რათა განამტკიცონ სურვილებსა და თავისუფლებაზე თავიანთი უზენაესობა, ბოლო მოუღონ გონივრულ საწყისს, ერთად ცხოვრების წესსა და თვით პიროვნების არსებობას. არა მეცნიერება, არამედ ლიტერატურა პირველი შეუდგა ადამიანის ნატურის უფსკრულის შესწავლას და გააშიშვლა ნგრევისა და თვითგანადგურების შემზარავი უნარი, რომელიც მთლიანად ჩვენი შესაბამისია. აი ასე, მსოფლიო რომანების გარეშე იქნებოდა ნაწილობრივ ბრმა და ვერ შეძლებდა დაენახა ეს საშინელი სიღრმეები, სადაც ხშირად ღირს ცალკეული ადამიანის უჩვეულო ქცევის მიზეზების ძიება. იმავდროულად იგი იქნებოდა უკიდურესად უსამართლო იმათთვის, ვინც განსხვავდება სხვისგან, — ხომ ვიცით, ჯერ კიდევ, არც თუ შორეულ წარსულში, კაცობრიობა დარწმუნებული იყო, რომ ცაციები კეთროვანნი არიან, ხოლო ენაბრგვილნი დემონებით შეპყრობილნი. წიგნების გარეშე ცივილიზაცია გააგრძელებდა ამ დიდებულ ტრადიციას, როგორც ამას უკანასკნელ დრომდე აგრძელებდა ამაზონის ზოგიერთი ტომი, სადაც მიღებული იყო არაადამიანური პერფექციონიზმის შეტევისას, მდინარეში დაეხრჩოთ ფიზიკური ნაკლის მქონე ბალღები.

არაცივილიზებული, ბარბაროსული, გულისხმიერება მოკლებული და ყველაფერში უმეცარი, უვიცი და მიწამდე დასული, გულცივი, ვნებებისა და ეროტიზმისადმი, რომანების გარეშე არსებულ კოშმარული სამყაროს, რომელსაც ვცდილობ დავხატო, ექნებოდა ერთი მთავარი თავისებურება: ყოვლისშთანთქმელი მიდრეკილება შემგუებლობისადმი, ადამიანურ არსებათა მონური მდგომარეობით დამყარებული წესების პირისპირ. გარკვეული აზრით ეს სამყარო დასახლებული იქნებოდა ცხოველებით. მასში საბაზისო საზოგადოებრივი ინსტიტუტები განისაზღვრებოდა ყოველდღიურობის დამყაყებული წესებით, გადარჩენისათვის გამუდმებული ბრძოლებით დამძიმებული, იდუმალისა და ფიზიკურ საჭიროების აუცილებელი დაკმაყოფილებისადმი შიშის წინაშე. იქ ადგილი არ მოიძებნებოდა სულის მოთხოვნილებებისათვის. ამგვარი არსებობის გამგუდველ მონოტონურობას თან სდევდა, როგორც ბიწიერების აჩრდილი, პესიმიზმი და შეგრძნება, რომ თითქოსდა ადამიანის ცხოვრება არის მხოლოდ ის, რაც უნდა იყოს იგი და ყოველთვის დარჩება ასეთი და ვერავინ ვერ შეძლებს მის შეცვლას.

მაშინ, როდესაც წარმოვიდგენ ამგვარ სამყაროს, ჩვენ მაშინვე ვფიქრობთ თანამედროვეობის ნაპირზე მცხოვრები ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ოკეანეების მცირე წარმართული ტომების პრიმიტიულ ველურ ცხოვრებაზე. თუმცა სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ დროში აუდიოვიზუალური კომუნიკაციის განვითარებამ ურთიერთობებში გამოიწვია ნამდვილი რევოლუცია, მოახდინა არა მხოლოდ პლანეტაზე ყველა კაცისა და ქალის მსოფლიო მოვლენებში თანამონაწილეობა, არამედ მოახდინა დროის მონოპოლიზაცია (და ამას აგრძელებს უფრო შორსა და ძლიერად), რომელიც მოვტაცეთ წიგნებს და მივუძღვენით მოცალეობას და გართობას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გველოდება კომპიუტერული პლატებით, ეკრანებით, დინამიკებითა და წიგნს მოკლებული უთანამედროვესი აშლილი საზოგადოება. საზოგადოება, რომელშიდაც წიგნები (ე.ი. ლიტერატურა) იქცა იმად, როგორც ფიზიკის ხანაში ალქიმია: თავისებურ ანაქრონიზმად, რომელიც შემონახულ იქნა ცალკეული ნერვიული უმცირესობის ძალისხმევის წყალობით, ცივილიზაციის სარდაფებში; დიდად მაშინებს ის, რომ ეს კიბერნეტიკული სამყარო, მიუხედავად მისი აყვავებისა, სიმდიდრისა, ცხოვრების მაღალი დონისა და მეცნიერების გმირობისა, იქნება ღრმად არაცივილიზებული, უსულო და ინტელექტუალურ ლეთარგიაში ჩაძირული — რობოტთა მორჩილ თანამეგობრობაში თავისუფლება დავიწყებული.

რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, ეს შემზარავი პერსპექტივა არასოდეს არ შეიძენს ხორცსა და სისხლს. კაცობრიობის ისტორია არ დაწერილა და არ არის არანაირი წინასწარი განსაზღვრული ბედი, რაც გადაწყვეტს — რა ვიქნებით ჩვენ. მხოლოდ ჩვენ ნებასა და შეხედულებებზეა დამოკიდებული განხორციელდება თუ არა ეს ჯოჯოხეთური უტოპია, თუ არარაში ჩაიძირება; და თუკი ჩვენ არ გვსურს, რომ რომანებთან ერთად გაქრეს ან დავიწყებულ იქნას, როგორც უსარგებლო ნივთი მტვრიან სხვენში, ეს ფანტაზიის მაცოცხლებელი წყარო და დაუკმაყოფილებლობის შემგულიანებელი, რომელიც ჩვენში ზრდის დახვეწილ გულისხმიერებას და გვასწავლის მკაფიო და მჭერმეტყველურ ახსნას, რაც ჩვენ თავისუფალს გვხდის, ხოლო ჩვენ ცხოვრებას მრავალფეროვანსა და ნათელს, — საჭიროა მოქმედება. უნდა ვიკითხოთ კარგი წიგნები, ვუბიძგოთ კითხვისაკენ და ვასწავლოთ მათ, ვინც ჩვენ მოგვყვება, — ოჯახებსა და აუდიტორიებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დახმარებით და ყველა შესაძლო საზოგადოებრივი ინსტიტუტით, — და ვაქციოთ ლიტერატურა აუცილებელ საქმიანობად, ვინაიდან იგი გამსჭვალავს და ამდიდრებს ყველას.

მადრიდი 23 თებერვალი 2000