თარგმანი ნუგზარ კუჭუხიძისა

მნიშვნელოვანია ადამიანებს ავუხსნათ, თუ ვის მხარეზე არიან და რატომ, და მიკერძოებულნი არიან თუ არა ისინი, რაც ინტერესთა თავისებური დეკლარაციაა. ამგვარად, ვემზადები ვისაუბრო თქვენთან კითხვის შესახებ და მოგითხროთ ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე. ვემზადები ვივარაუდო, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა, კითხვა სიამოვნებისათვის, არის ადამიანის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ვემზადები მთელი ვნებით შევევედრო ადამიანებს გაიცნობიერონ რა არის ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები და შეინარჩუნონ ორივე მოვლენა.

ჩანს, რომ ძლიერ მიკერძოებული ვარ, მე ხომ მწერალი ვარ, ავტორი მხატვრული ტექსტების. ვწერ ბავშვებისთვის და ასევე მოზრდილებისთვისაც. უკვე 30 წელია ცხოვრებისთვის საზრდოს გამოვიმუშავებ სიტყვების დახმარებით, დიდწილად ვქმნი საგნებს და ვიწერ მათ. ცხადია დაინტერესებული ვარ, რომ ადამიანებმა იკითხონ, იკითხონ მხატვრული ლიტერატურა და რომ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები არსებობდნენ და ხელს უწყობდნენ კითხვისადმი სიყვარულს და ადგილის არსებობას, სადაც კითხვაა შესაძლებელი.

მე მიკერძოებული ვარ როგორც მწერალი, მაგრამ უფრო მეტად მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი და მით უფრო მიკერძოებული ვარ როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.

დღეს ამ სიტყვას წარმოვთქვამ კითხვის სააგენტოს პატრონაჟით, საქველმოქმედო ორგანიზაციით, რომლის მისია მდგომარეობს იმაში, რომ მისცეს ადამიანებს თანაბარი შანსი და დაეხმაროს მათ იქცნენ გულდაჯერებულ და დაინტერესებულ მკითხველებად. ეს გულისხმოს, აგრეთვე, საგანმანათლებლო პროგრამების, ბიბლიოთეკებისა და ცალკეული პიროვნებების მხარდაჭერას და ასევე თვით კითხვის აქტის ღია და უანგარო წახალისებას; ვინაიდან, როგორც ამბობენ, ყველაფერი იცვლება კითხვისას. სწორედ ეს ცვლილება და სწორედ კითხვის ეს აქტია — ის, რის შესახებაც დღეს მსურს ვისაუბრო. მსურს მოგითხროთ იმის შესახებ, რასაც ჩვენ კითხვა გვიშვება და რისთვისაც შექმნილია იგი.

ერთხელ, ნიუ-იორკში ყოფნისას, გავიგონე საუბარი კერძო ციხეების მნიშვნელობის შესახებ — იგი ამერიკაში სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა. ციხის ინდუსტრიამ უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი ზრდა — რამდენი საკანი დასჭირდება? რამდენი პატიმარი იქნება 15 წლის შემდეგ? და აღმოაჩენს, რომ ყოველივე ეს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ უბრალო ალგორითმის გამოყენებით, რომელიც დაფუძნებული იქნება გამოკითხვაზე, თუ 10 და 11 წლის ბავშვების რამდენი პროცენტი ვერ შეძლებს კითხვას; და რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს თავისი სიამოვნებისათვის კითხვას. ამაში არაა პირდაპირი დამოკიდებულება და არ შეიძლება ითქვას, რომ განათლებულ საზოგადოებაში არ არის დანაშაული, მაგრამ ფაქტორებს შორის ურთიერთკავშირი ჩანს. ვფიქრობ, რომ სრულიად უბრალო ამ კავშირებისაგან ხდება თვალნათლივი, — წიგნიერი ადამიანები კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას.

მხატვრულ ლიტერატურას აქვს ორი დანიშნულება. პირველი — იგი ახდენს ჩვენ დამოკიდებულებას კითხვაზე. წყურვილი იმისა თუ რა მოხდება შემდეგ, გვიჩენს გვერდის გადაფურცვლის სურვილს, გაგრძელების აუცილებლობას, თუნდაც მძიმე იყოს, ვინაიდან ვიღაც უბედურებაში ჩავარდა და შენ უნდა გაიგო თუ ყველაფერი ეს როგორ დასრულდება... ამაშია სწორედ ნამდვილი დრაივი1. ეს გვაიძულებს გავიგოთ ახალი სიტყვები, ვიფიქროთ სხვაგვარად და გავაგრძელოთ წინსვლა. აღმოაჩენ რა, რომ კითხვა თავისთავად სასიამოვნოა, ამის ერთხელ გაცნობიერებით უკვე დგახარ მუდმივი კითხვის გზაზე.

კითხვა — გასაღებია. რამდენიმე წლის უკან გავიგონე გამონათქვამი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ „პოსტწიგნიერების“ სამყაროში, სადაც შესაძლებლობა წერილობითი ტექსტიდან აზრის მოპოვება უკვე მეორადია, ეს განვლილი დღეებია. სიტყვა ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ჩვენ სამყაროს ვიკვლევთ სიტყვების დახმარებით და რადგანაც მსოფლიო ჩამოსრიალდება სამყაროსეულ ქსელში, ჩვენც მივყვებით მას, რათა ვიურთიერთოთ და გავიცნობიეროთ ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ. ადამიანები, რომელთაც არ ესმით ერთმანეთის, არ შეუძლიათ იდეების გაცვლა, არ შეუძლიათ ურთიერთობა, ხოლო მთარგმნელი პროგრამები აკეთებენ უარესს. მარტივი საშუალება წიგნიერი ბავშვების გარანტირებული აღზრდისა — არის მათთვის კითხვის სწავლება და ჩვენება იმისა, რომ კითხვა არის სასიამოვნო გართობა. ყველაზე იოლია — მოძებნო წიგნები, რომლებიც მათ მოსწონთ, მიეცით მათ მათზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა და ნება დართეთ მათი წაკითხვის.

ვფიქრობ, რომ არ არსებობს ბავშვებისათვის ცუდი წიგნი. ზრდა დასრულებულ ადამიანთა შორის კვლავ მოდური ხდება განსაზღვრულ საბავშვო წიგნებზე მითითება, ზოგჯერ მთელ ჟანრზე ან ავტორზე და გამოაცხადონ ისინი ცუდ წიგნებად, წიგნებად, რომლის კითხვისგან ბავშვი დაცული უნდა იქნას. მე ვხედავდი როგორ ხდებოდა ეს; ენიდ ბლატონს2 ცუდ მწერალს უწოდებდნენ, ასევე მოხდა რობერტ ლოურენს სტეინის3 შემთხვევაშიც და სხვა მრავალზე. კომიქსებს განსჯიდნენ იმის გამო, რომ ისინი ხელს უწყობდა უწიგნურობას.

ეს სისულელეა; სნობიზმი4 და უგნურებაა. არ არსებობს ბავშვებისთვის ცუდი ავტორები, თუკი ბავშვებს სურთ მათი წაკითხვა და ეძებენ მათ წიგნებს, ვინაიდან ყველა ბავშვი განსხვავებულია. ისინი მოიპოვებენ მათთვის საჭირო ისტორიებს და შედიან ამ ისტორიების სიღრმეში. გადაღეჭილი, გაცვეთილი იდეა მათთვის დაღეჭილი და გაცვეთილი არაა. ბავშვი ხომ მას პირველად აღმოაჩენს თავისთვის. ნუ მოწყვიტავთ ბავშვს კითხვისგან მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გეჩვენებათ, თითქოსდა მცდარ რაიმეს კითხულობდეს. ლიტერატურა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, — ესაა გზა წიგნებისაკენ, რომელიც შეიძლება მოგეწონოთ; ყველას ერთნაირი გემოვნება არა აქვს.

უფროსებს კეთილი ზრახვებით შეუძლიათ იოლად მოუსპონ ბავშვს კითხვის სიყვარული: შეუზღუდოთ იმის კითხვა, რაც მათ მოსწონთ ან მისცეთ ღირებული, მაგრამ მოსაწყენი წიგნები, ეს თანამედროვე ექვივალენტი ვიქტორიანული5 „აღმზრდელობითი“ ლიტერატურის. თქვენ დარჩებით დარწმუნებულ თაობად, რომ კითხვა — რაღაც განსაკუთრებული არაა ან მით უარესი — უსიამოვნოა.

საჭიროა, რომ ჩვენი ბავშვები დადგნენ კითხვის კიბეზე: ყოველივე რაც მათ მოსწონთ, საფეხურიდან საფეხურზე წინ სწევთ წიგნებისაკენ. (ასევე არასოდეს არ გაიმეოროთ შეცდომა, რაც მოუვიდა ავტორს, როდესაც მისი 11 წლის ქალიშვილი კითხულობდა რ.ლ. სტეინს. შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მიუახლოვდა მას და გადასცა სტივენ კინგის6 წიგნი — „კერი“ და უთხრა: „თუკი შენ გიყვარს სტეინი, ესეც მოგეწონება!“ მაგრამ მოზარდობის ასაკამდე, სხვას არაფერს კითხულობდა, გარდა პრერიების ახალმოსახლეთა უწყინარი ისტორიებისა, და დღემდე მრისხანედ მიცქერს, როდესაც ესმის სტივენ კინგის სახელი.)

მეორე — მხატვრული ლიტერატურა ბადებს ემპათიას7. როდესაც თქვენ უყურებთ ტელეგადაცემას ან ფილმს, თქვენ უცქერით ყოველივე იმას, რაც ხდება სხვა ადამიანებთან. მხატვრული პროზა — ეს არის რაღაც ის, რასაც თქვენ ქმნით 33 ასოთი და მრავალი სასვენი ნიშნებით, და თქვენ, თქვენ ერთი, იყენებთ რა საკუთარ წარმოსახვას, ქმნით სამყაროს, ასახლებთ მას და იცქირებით ირგვლივ სხვისი თვალებით. თქვენ შეიგრძნობთ საგნებს, ნახულობთ ადგილებსა და სამყაროებს, რომელიც თქვენთვის უცხო იყო. თქვენ იგებთ, რომ გარე სამყარო — ეს თქვენცა ხართ. თქვენ ხდებით ვიღაც სხვა და როდესაც დაუბრუნდებით თქვენ სამყაროს, თქვენში მცირედი რაღაც შეიცვლება.

ემპათია — ინსტრუმენტია, რომელიც ერთად კრებს ადამიანებს და შესაძლებლობას აძლევს მათ მოიქცნენ არა როგორც საკუთარ თავზე შეყვარებული მარტოხელები.

ასევე წიგნებში თქვენ პოულობთ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანს, რაც საჭიროა ამ სამყაროში არსებობისათვის და აი ისიც: აუცილებელი არაა სამყარო იყოს, სწორედ, ასეთი და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

2007 წელს ჩინეთში ვიყავი, პარტიის მიერ პირველად მოწყობილ მეცნიერული ფანტასტიკისა და ფენტეზის8 კონვენტზე9. ერთ მომენტში ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს ვკითხე: რატომ? მეცნიერული ფანტასტიკა დიდი ხნის მანძილზე ხომ არ იყო მოწონებული; რა შეიცვალა? უბრალოდ, მიპასუხა მან, — ჩინელები ქმნიდნენ დიდებულ საგნებს, თუკი მათ მოუტანდნენ სქემებს, მაგრამ ვერაფერს ვერ აუმჯობესებდნენ და თვითონ ვერაფერს იგონებდნენ. ამიტომაც აშშ-ში გაიგზავნა დელეგაცია, Apple, Microsoft, Google ესაუბრნენ ადამიანებს, რომლებიც გამოიგონებდნენ მომავალს და აღმოაჩინეს, რომ ეს ადამიანები ბავშვობაში კითხულობდნენ მეცნიერულ ფანტასტიკას.

ლიტერატურას შეუძლია გაჩვენოთ სხვა სამყარო, შეუძლია წაგიყვანოთ იქ, სადაც არასოდეს არ ყოფილხართ. სხვა სამყაროში ერთხელ მყოფი, როგორც ისინი, ვინაც იგემა ჯადოსნური ხილი, ვერასოდეს ვეღარ შეძლებს სავსებით კმაყოფილი იყოს სამყაროთი, რომელშიდაც გაიზარდა. უკმაყოფილება — კარგი რამაა. უკმაყოფილო ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ და გააუმჯობესონ თავიანთი სამყარო, გახადონ უკეთესი და სხვაგვარი.

სანამ თემას არ გავცდენილვართ, მსურს ორიოდ სიტყვით შევეხო ესკაპიზმს10. ამ ტერმინს წარმოთქვამენ იმგვარად, თითქოსდა რაღაც ცუდი იყოს. თითქოსდა „ესკაპისტური“ ლიტერატურა — იაფფასიანი ბანგია, გამოსადეგი მხოლოდ არეულ-დარეულთათვის, გაბრიყვებულთათვის და შემოღებულია შეცდომებში შეყვანისათვის; ხოლო ერთადერთი ღირსეული ლიტერატურა, როგორც ბავშვებისათვის, ასევე ზრდა დასრულებულთათვის, — ესაა, მიმბაძველობითი ლიტერატურა, ამსახავი სამყაროში არსებული სისაძაგლეების.

თუკი თქვენ აღმოჩნდით ამოუხსნელ სიტუაციაში, უსიამოვნო ადგილზე, ადამიანთა გარემოში, რომელთაც არაფერი კარგი არ სურთ თქვენთვის და ვინმემ შემოგთავაზათ დროებით იქედან წასვლა, ნუთუ არ მიიღებდით ამ შემოთავაზებას? სწორედ ასეთია ესკაპიზმური ლიტერატურა, ესაა ლიტერატურა, რომელიც აღებს კარებს, აჩვენებს, რომ ქუჩაში მზეა, იძლევა ადგილებს, სადაც შეგიძლია წახვიდე, თუკი გაკონტროლებენ, ადამიანებთან, რომლებთანაც გინდა ყოფნა (წიგნები კი — რეალურად არსებული ადგილია, — ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში).

ასეთი გაქცევის დროს მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ის, რომ წიგნებს შეუძლიათ მოგცეთ სამყაროსა და თქვენ უბედურებაზე ცოდნა, ისინი გაძლევენ იარაღს, დაცულობას: ნამდვილი საგნები, რომელიც შეგიძლიათ წაიღოთ ციხეში; ცოდნასა და უნარებს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ ნამდვილი გაქცევისას; როგორც შეგვახსენა ჯ.რ.რ. ტოლკინმა11, — ერთადერთი ადამიანები, რომლებიც პროტესტს აცხადებენ გაქცევაზე — ესენი ციხის ზედამხედველები არიან.

სხვა საშუალება კითხვისადმი ბავშვის სიყვარულის ნგრევისა, რა თქმა უნდა, არის დარწმუნება იმაში, რომ ჩვენ გვერდით წიგნი არაა; და არ არის ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებდნენ წიგნის კითხვას. გამიმართლა. მე მქონდა დიდებული რაიონული ბიბლიოთეკა. მყავდნენ მშობლები, რომლებიც შეიძლებოდა დამერწმუნებინა, რომ ზაფხულის არდადეგების სამუშაოებზე მომავალთ ბიბლიოთეკაში დავეტოვებინეთ; და ბიბლიოთეკარები, რომლებიც იღებდნენ ყოველ დილით ბიბლიოთეკაში მარტოხელა ბიჭს, რომელიც სწავლობდა ბარათთა კატალოგს, ეძებდა მოჩვენებებით, მაგიით ან რაკეტებით, ვამპირებით ან იდუმალებით, ჯადოქრებით და სასწაულებით აღსავსე წიგნებს; და როდესაც შევუდექი მოზრდილთა წიგნების კითხვას, ისინი კარგი ბიბლიოთეკარები იყვნენ. უყვარდათ წიგნები და უყვარდათ მისი მკითხველები. მათ მასწავლეს, როგორ შემეკვეთა ბიბლიოთეკათშორისი გაცვლის მეშვეობით, სხვა ბიბლიოთეკებიდან წიგნები. მათ არ ჰქონდათ სნობიზმი ჩემი კითხვის გამო. ჩანდა, რომ მათ მოსწონდათ ფართოდ თვალგახელილი ბიჭი, რომელსაც კითხვა უყვარდა. ისინი მესაუბრებოდნენ წაკითხულ წიგნებზე; მეხმარებოდნენ და ჩემთვის მოიპოვებდნენ სხვა სერიის წიგნებს. ისინი მეპყრობოდნენ როგორც ჩვეულებრივ მკითხველს — არც მეტად და არც ნაკლებად — და ეს ნიშნავდა, რომ ისინი მე მაფასებდნენ. 8 წლის ასაკში ვერ შევეჩვიე ჩემდამი პატივისცემას.

ბიბლიოთეკები — თავისუფლებაა; კითხვისა და ურთიერთობის თავისუფლება. ესაა განათლება (რომელიც არ მთავრდება იმ დღით, როდესაც ვტოვებთ სკოლას ან უნივერსიტეტს), ეს თავისუფალი დროა, ეს თავშესაფარია და ეს ინფორმაციის წვდომაა.

ვშიშობ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს არც თუ მთლად კარგად ესმით რა არის ბიბლიოთეკები და რა დანიშნულება აქვთ მათ. თუკი თქვენ ბიბლიოთეკას აღიქვამთ მხოლოდ როგორც თაროებზე დალაგებულ წიგნებს, ის შეიძლება მოგეჩვენოთ მოძველებულ და არათანამედროვე სამყაროდ, სადაც, უმრავლესობა, მაგრამ არა ყველა წიგნი არსებობს ელექტრონული სახით; მაგრამ ეს ფუნდამეტური შეცდომაა.

ვფიქრობ, რომ აქ საქმე ინფორმაციის ბუნებაშია. ინფორმაციას აქვს ფასი, ხოლო სწორი ინფორმაცია ფასდაუდებელია. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვცხოვრობდით არა საკმარისი ინფორმაციის დროში. აუცილებელი ინფორმაციის მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის რაღაცად ღირდა; როდის დავთესოთ და დავრგოთ, სად მოვიძიოთ ნივთები, რუკები, ისტორიები და ზღაპრები — ყოველივე ეს, ყოველთვის ფასდებოდა სუფრასთან და ამხანაგების წრეში, ინფორმაცია ღირებული რამ იყო და ისინი, ვინც ფლობდა ან მოიპოვებდა მას, შეეძლოთ დაჯილდოების იმედი ჰქონოდათ.

უკანასკნელ წლებში ჩვენ დავშორდით ინფორმაციულ უკმარისობას და მივუახლოვდით მისით გადამეტებულობას. Google-დან, ერიკ შმიდტის12 თანახმად, ამჟამად ყოველ ორ დღეში ადამიანი რასა ქმნის იმდენ ინფორმაციას, რამდენსაც ვქმნიდით ჩვენი ცივილიზაციის დასაწყისიდან 2003 წლამდე. თუკი ციფრები გიყვართ, ესაა დაახლოებით, დღეში ხუთი ექსობაიტი. ამჟამად ამოცანა მდგომარეობს არა იმაში, რომ იშვიათი ყვავილი მოვძებნოთ უდაბნოში, არამედ იმაში, რომ მოვნახოთ კონკრეტული მცენარე ჯუნგლებში. ჩვენ გვჭირდება ნავიგაციაში დახმარება, რათა ამ ინფორმაციებში მოვძებნოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება.

ბიბლიოთეკები — არის ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან ინფორმაციისათვის. წიგნები — ინფორმაციული აისბერგის მხოლოდ წვერია, ისინი იქ ძევს და ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ თავისუფლად და ლეგალურად უზრუნველგყოთ წიგნებით; დღეს, ვიდრე ოდესმე, ბევრ ბავშვს გამოაქვს წიგნები ბიბლიოთეკიდან და ეს სხვადასხვაგვარი წიგნია — ქაღალდის, ელექტრონული თუ აუდიოწიგნი.

ბიბლიოთეკები, აგრეთვე, ის ადგილია, სადაც ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, შეუძლიათ ქსელში გასვლა. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა ჩვენ ვეძებთ სამსახურს, ვაგზავნით რეზიუმეს, ვაფორმებთ პენსიას ინტერნეტში. ბიბლიოთეკარებს შეუძლიათ ამ ადამიანებს დაეხმარონ სამყაროში ორიენტირებისთვის.

არა მგონია, რომ ყველა წიგნი უნდა აისახოს ან მოხვდეს ეკრანზე. როგორც ერთხელ შენიშნა დუგლას ადამსმა13, 20 წლით ადრე კინდლას14 გამოჩენამდე, ქაღალდის წიგნები ზვიგენს ჰგავსო. ზვიგენები ძველთუძველესნი არიან, ისინი ოკეანეში დინოზავრებამდე არსებობდნენ; და მიზეზი, რატომაც დღემდე არსებობენ ზვიგენები, მდგომარეობს იმაში, როკმ ზვიგენები ყველაზე უკეთ ართმევენ თავს ზვიგენის როლის შესრულებას. ქაღალდის წიგნები გამძლეა, მისი განადგურება რთულია, ისინი წყალგაუმტარია, მუშაობენ მზის სინათლეზე, მოხერხებულად წვანან ხელში, — ისინი კარგი არიან წიგნის როლში და მათთვის ყოველთვის დარჩება ადგილი. ისინი ბიბლიოთეკას ეკუთვნიან, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკა უკვე გახდა ადგილი, სადაც თქვენთვის ხელმისაწვდომია ელექტრონული წიგნები, აუდიოწიგნები, DVD და ინტერნეტ-კონტენტუ.

ბიბლიოთეკა — ინფორმაციის საცავია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს მისი თანაბრად წვდომის საშუალებას. ეს თავის თავში შეიცავს ჯანმრთელობის, ფსიქიკური სიჯანსაღის შესახებ ინფორმაციას; ეს არის ურთიერთობის ადგილი; ესაა მყუდრო ადგილი, თავშესაფარი გარე სამყაროსაგან; ესაა ბიბლიოთეკარებთან ერთად ყოფნის ადგილი. ჩვენ უკვე ახლა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორი იქნება მომავალში ბიბლიოთეკა. წიგნიერება გახდა მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე, ამ ესემესებისა და იმეილების სამყაროში, წერილობითი ინფორმაციის სამყაროში. ჩვენ უნდა ვიკითხოთ და ვწეროთ; ჩვენ გვჭირდება სამყაროსადმი გახსნილი მოქალაქეები, რომელთაც შეეძლებათ კომფორტულად კითხვა; წაკითხულის გაგება, ნიუანსებში გარკვევა და იქნებიან სხვებისთვის გასაგებნი.

ბიბლიოთეკები — მომავლის ნამდვილი ჭიშკარია. ასე რომ, მეტად ვწუხვარ, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ, ადგილობრივი ხელისუფალნი თუ როგორ განიხილავენ ბიბლიოთეკების დახურვას, როგორც ფულის დაზოგვის იოლ საშუალებას და არ ესმით, რომ ისინი ძარცვავენ მომავალს, რათა გადაიხადონ დღეს. ისინი კეტავენ ჭიშკარს, რომელიც ღია უნდა იყოს.

ეკონომიკური თანამშრობლობისა და ზრდის ორგანიზაციის უახლოესი კვლევების თანახმად, ინგლისი — ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უფროსი ასაკის მოსახლეობა უფრო მეტად წიგნიერია და უფრო მეტად მრავალრიცხოვანი, ვიდრე უმცროსი ასაკის მოსახლეობა, თუკი შევადარებთ ამ მაჩვენებლებს სხვა ფაქტორებს, მაგალითად, გენდერს, სოციალ-ეკონიმიკურ მაჩვენებლებს და საქმიანობის ტიპს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები არ არიან ჩვენსავით წიგნიერები და ცოტანი არიან, ვიდრე ჩვენ. ისინი ნაკლებ უნარიანნი არიან სამყაროში ორიენტაციისათვის, სამყაროს გაგებასა და პრობლმების გადაწყვეტაში. იოლია მათი შეცდომაში შეყვანა და თავგზის არევა; მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ საკუთარი სამყაროს შეცვლის და ისინი ნაკლებ შრომისუნარიანნი არიან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ინგლისი, როგორც ქვეყანა ეცემა უფრო განვითარებული ერების ზეწოლისაგან, ვინაიდან მას არ ეყოლება კვალიფიციური მუშა ძალა.

წიგნები — გარდაცვლილებთან ურთიერთობის საშუალებაა, ესაა იმათგან სწავლის შესაძლებლობა, რომლებიც უკვე ჩვენ გვერდით აღარ არიან. კაცობრიობამ შექმნა საკუთარი თავი, განვითარდა და გააჩინა ცოდნის ტიპი, რომელიც მუდმივად დასამახსოვრებელი კი არ არის, არამედ მუდმივად გასანვითარებელია. არსებობს ზღაპრები, რომლებიც მრავალ ქვეყანაზე უფრო ძველია, ზღაპრები, რომლებმაც იმ კულტურებსა და კედლებზე მეტხანს იცოცხლა, სადაც პირველად იქნა მოთხრობილი.

მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მომავლისადმი. პასუხისმგებლობა და ვალდებულება ბავშვების წინაშე, მოზრდილების წინაშე, როგორებიც გახდებიან ეს ბავშვები, მსოფლიოს წინაშე, რომელშიდაც ისინი იცხოვრებენ. ჩვენ ყველას — მკითხველებს, მწერლებს, მოქალაქეებს — გვაქვს ვალდებულება. შევეცდები ზოგიერთი მათგანის ფორმულირებას.

მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიკითხოთ სიამოვნებისათვის, მარტო საკუთარი თავის წინაშე და ხალხთან ერთად. თუკი ჩვენ ვკითხულობთ სიამოვნებისათვის, თუკი სხვები გვხედავენ წიგნთან, ჩვენ ვსწავლობთ, ჩვენ ვავარჯიშებთ ჩვენ წარმოსახვას. ჩვენ ვუჩვენებთ სხვებს, რომ კითხვა — კარგია.

ჩვენ უნდა დავიცვათ ბიბლიოთეკები; გამოვიყენოთ ბიბლიოთეკები, წავახალისოთ სხვები მისი გამოყენბისათვის, პროტესტი გამოვხატოთ მათი დახურვის გამო. თუკი თქვენ არ აფასებთ ბიბლიოთეკებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ აფასებთ ინფორმაციას, კულტურას ან სიბრძნეს. თქვენ ახშობთ წარსულის ხმებს და ზიანს აყენებთ მომავალს.

ჩვენ ხმამაღლა უნდა ვუკითხოთ ბავშვებს. ვუკითხოთ ის, რაც მათ ახარებს. ვუკითხოთ ის ისტორიები, რომლებითაც ჩვენ უკვე დავიღალეთ. ველაპარაკოთ სხვაგვარი ხმით, დავაინტერესოთ ისინი და არ შევწყვიტოთ კითხვა, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ უკვე ისწავლეს ის. ვაქციოთ ხმამაღლა კითხვა ერთობის მომენტად, დროდ, როდესაც არავინ არ იცქირება ტელეფონებში, როდესაც სამყაროს ცდუნებანი გვერდზეა გადაწეული.

ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ენით. განვვითარდეთ, გავიგოთ, რას ნიშნავს ახალი სიტყვა და როგორ გამოვიყენოთ იგი, ვიურთიერთოდ გასაგებად, ვთქვათ ის, რაც მხედველობაში გვაქვს; არ უნდა ვეცადოთ ენის გაყინვას, თავის მიკატუნებას, რომ ეს მკვდარი საგანია, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ენა უნდა გამოვიყენოთ როგორც ცოცხალი საგანი, რომელიც მოძრაობს, რომელიც ატარებს სიტყვას, რომელიც აძლევს სიტყვას მნიშვნელობისა და წარმოთქმის დროდადრო ცვლილების შესაძლებლობას.

მწერლებს — განსაკუთრებით საბავშვო მწერლებს — აქვთ ვალდებულება მკითხველთა წინაშე. ჩვენ უნდა ვწეროთ მართალი რამ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ ვთხზავთ ადამიანების ან ადგილების, სადაც არ ვყოფილვართ, შესახებ ისტორიებს, რომლებიც არ არსებობდნენ, უნდა გვესმოდეს, რომ ჭეშმარიტება — ის კი არაა, რაც ნამდვილად მოხდა, არამედ ის, რაც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ. ბოლოს და ბოლოს, ლიტერატურა, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, — მართალი სიცრუეა. ჩვენ არ უნდა გადავღალოთ მკითხველები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თვითონ მოუნდეთ შემდეგი გვერდის გადაფურცვლა. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმათთვის, რომლებიც უხალისოდ კითხულობენ — ესაა ისტორიები, რომელსაც თვალს ვერ მოწყვეტენ.

ჩვენ მკითხველებს უნდა ვუთხრათ სიმართლე, შევაიარაღოთ ისინი, დავიცვათ და გადავცეთ ის სიბრძნე, რომელიც მოვასწარით ამოგვეხაპა ამ მწვანე სამყაროდან, ჩვენი მცირე ხნით აქ ყოფნის მანძილზე. ჩვენ არ უნდა ვიქადაგოთ, ვუკითხოთ ლექციები, ყელში არ უნდა ჩავუტენოთ გამზადებული ჭეშმარიტებები ჩვენ მკითხვეს იმგვარად, როგორც ჩიტები აჭმევენ თავიანთ ბარტყებს წინასწარ დაღეჭილ ჭიებს. ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, ბავშვებისათვის არ უნდა დავწეროთ ისეთი რამ, რომლის წაკითხვაც ჩვენ არ გვენდომება. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვაღიაროთ, რომ ჩვენ საბავშვო მწერლები ვასრულებთ მნიშვნელოვან სამუშაოს, ვინაიდან თუკი ჩვენ ვერ შევძლებთ და დავწერთ მოსაწყენ წიგნებს, რომლებიც ბავშვებს შეაზიზღებს კითხვასა და წიგნებს, მაშინ ამით ჩვენ გამოვფიტავთ ჩვენ მომავალს და კიდევ უფრო დავამცირებთ მას.

ყველამ — დიდებმა და ბავშვებმაც, მწერლებმა და მკითხველებმა უნდა ვიოცნებოთ და რაღაც-რაღაცეები უნდა გამოვიგონოთ. იოლია თავის მოკატუნება, რომ არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც საზოგადოება ვებერთელაა, ხოლო პიროვნება მცირე, ვიდრე ატომი კედელში ან მარცვალი ბრინჯის ყანაში; მაგრამ სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ პიროვნებები კვლავ და კვლავ გარდაქმნიან მსოფლიოს, პიროვნებები ქმნიან მომავალს და აკეთებენ ამას, წარმოდგენით, რომ საგნები შეიძლება იყოს სხვაგვარი.

მიმოიხედეთ, სერიოზულად გეუბნებით. წამიერად შეჩერდით და შეხედეთ შენობას სადაც იმყოფებით. მსურს გაჩვენოთ რაღაც ცხადი, ყველას მიერ დავიწყებული. აი ისიც: ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, კედლების ჩათვლით, რაღაც მომენტში იქნა გამოგონებული. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ გაცილებით იოლია სკამზე ჯდობა, ვიდრე მიწაზე და გამოიგონა სკამი. ვიღაცას თავში მოუვიდა გამოეგონა საშუალება, რათა მე, პირდაპირ ახლა, ყველა თქვენთაგანთან მელაპარაკა ლონდონში, გაწუწვის რისკის გარეშე. ეს ოთახი და ყველა ნივთი მასში, ყველა საგანი ამ შენობაში, ამ ქალაქში არსებობს იმიტომ, რომ ადამიანები კვლავაც იგონებენ რაღაცას.

ჩვენ უნდა შევქმნათ მშვენიერი საგნები. არ ვაქციოთ დედამიწა სიმახინჯედ, ვიდრე ჩვენამდე იყო, არ უნდა გავაოხროთ ოკეანეები, არ უნდა გადავცეთ ჩვენ პრობლებემი მომავალ თაობებს. ჩვენ უნდა დავალაგოთ და არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ბავშვები სამყაროში, რომელიც ასე სულელურად გავაფუჭეთ, დავგლიჯეთ და დავამახინჯეთ. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენ პოლიტიკოსებს, რაც ჩვენ გვინდა, არ მივცეთ ხმა არც ერთი პარტიის პოლიტიკოსს, რომელსაც არ ესმის კითხვის როლის მნიშვნელობა ნამდვილი მოქალაქის ფორმირებაში, პოლიტიკოსებს, რომელთაც არ სურთ მოქმედება, რათა შენარჩუნებული და დაცული იქნას ცოდნა და წახალისებული წიგნიერება. ეს არაა პოლიტიკური საკითხი, — ესაა ჩვეულებრივი ადამიანური საკითხი.

ერთხელ ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, როგორ შევძლებთ ჩვენი ბავშვების გონებრივ განვითარებასო. მისი პასუხი იყო უბრალო და ბრძნული. თუკი თქვენ გსურთ, რომ თქვენი ბავშვები იყვნენ გონიერები, უკითხეთ მათ ზღაპრები; თუკი გსურთ, რომ ისინი იყვნენ უფრო გონიერნი, უკითხეთ მათ უფრო მეტი ზღაპრები. მას ესმოდა კითხვისა და წარმოსახვის ფასი. ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ბავშვებს გადავცეთ სამყარო, სადაც ისინი შეძლებენ კითხვას და მათ წაუკითხავენ, სადაც ისინი შეძლებენ წარმოსახვასა და გაგებას.

შენიშვნები და განმარტებანი

1. დრაივი — მოძრაობა, სიარული; ჩოგბურთში დარტყმის ერთ-ერთი სახეობა; ეს სიტყვა გამოიყენება მუსიკასა და ფსიქოანალიზშიც;

2. ენიდ ბლაიტონი — ბრიტანელი საბავშვო მწერალი (1897-1968);

3. რობერტ ლოურენს სტეინი — საბავშვო მწერალი (აშშ, 1943);

4. სნობიზმი — ტერმინმა ფართო გავრცელება ჰპოვა ინგლისელი მწერლის თეკერეის რომანის „სნობების წიგნის“ გამოცემის შემდეგ; მაღალ ინტელექტუალობასა და გემოვნებაზე ყალბი პრეტენზია;

5. ვიქტორიანული — დედოფალ ვიქტორიას ეპოქა, რომლის დროსაც დიდი ბრიტანეთი იქცა უძლიერეს სახელმწიფოდ;

6. სტივენ კინგი — ამერიკელი მწერალი, ქმნის სხვადასხვა ჟანრში (1947);

7. ეპათია — სხვისი გრძნობის გაგებისა და გაზიარების უნარი;

8. ფენტეზი — ლიტერატურული ჟანრი, რომლის ძირითადი ელემენტი მაგია და სხვა ზებუნებრივი მოვლენებია;

9. კონვენტი — სხვადასხვა ორგანიზაციების შეკრება;

10. ესკაპიზმი — რეალობისგან გაქცევა, პრობლემებზე თავის არიდება, ფანტაზიაში ჩაძირვა;

11. ჯონ ტოლკინი — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბრიტანელი მწერალი;

12. ერიკ შმიდტი — Google-ის ტექნიკური დირექტორი (1955-2025);

13. დუგლას ადამსი — ინგლისელი მწერალი (1952 -2001);

14. კინდლა — Amazon-ის ელექტრონული კითხვის სისტემა.