რაულ ჩილაჩავა

ნაწყვეტი თარგმანების მომავალი კრებულიდან

„ტიბეტელი ბერი ტაშირო მაცუკი. 777 მინიმა“

ლექსები

შენ იქ არა ხარ და ის სახლიც არაა უკვე

1

თქვენ ცდილობთ წუთისოფლის ბორბალს

ჯოხი გაურჭოთ,

მაგრამ ეგაა - არ არსებობს

ასეთი ჯოხი!

2

ჩემი ფიქრები ჰგვანან ახლა

ნახმარ ბილეთებს,

მათი იმედით ვერსად წავალ,

ვერც გავფრინდები!

3

რას მაძლევს, როცა

სათევზაო ადგილი ვიცი,

მაგრამ არ მიყვარს

არც თევზი და არც თევზაობა!

4

ეს კენტი ხურმა

ამ თოვაში ისე ანთია,

თითქოს მზეა და თავს ვერ აღწევს

ნისლის საბურველს.

5

ამ ახალ წელსაც

მე ვიქნები მარტო სენაკში

და იმ ახალ წლებს გავიხსენებ,

როცა გიყვარდი!

6

სატრფოს არასდროს არ დაშორდეთ

ისეთ მანძილზე,

რამე რომ იყოს,

დაძახება ვერ გააგონოთ!

7

ყველაზე დიდი სიხარული,

რაც აქ მეწვია:

ამ ხეობაში ვეღარ ნახავთ

მთავრობის კაცებს.

8

ეზოს ჩიტებო,

მე ამ ზამთარს შინ არ ვიქნები,

აბა, თქვენ იცით,

გაზაფხულზე ყოჩაღად დამხვდით!

9

მე ადიდებულ მდინარეში

შესვლა მიყვარდა,

რადგან გამოსვლას სხვანაირად

ვერ ვისწავლიდი.

10

თუ არ გიგრძნია, რომ დაგაკლდი,

არ დაგკლებივარ.

მე ვგრძნობ - დაგაკლდი.

დამაკლდიო - ვერ ამბობს ენა!

11

მე დამესიზმრა -

საახალწლოდ ნაძვის ხეს რთავდი.

იქ თითქოს ერთი სათამაშო

მე მგავდა ძლიერ.

12

გაქრა, წავიდა

სიხარულის ყველა მიზეზი.

ახლა ვზივარ და

უმიზეზოდ ვარ მოწყენილი.

13

მშობლების სახლი რომ დავტოვე,

მაშინ დაიწყო

და განუწყვეტლად თან მომყვება

ის მარტოობა.

14

დავასხი ჩაი,

გადავხედე სამშობლოს სივრცეს

და მთელი ჩემი სიყმაწვილე

დამიდგა თვალწინ!

15

როცა ნაცნობი გეუბნება:

"როგორ შეცვლილხარ!"

გაჩუმდი, თითქოს ვერ შენიშნე

ცვლილება მასში!

16

ფანჯრის რაფაზე შემოდგმული

პატეფონიდან

სიმღერა მესმის... საღამოა,

ცამეტი წლის ვარ...

17

ჩემი ბავშვობის ქალაქიდან

მხოლოდ სახელი

დარჩა... ჩემგან კი რა დარჩება,

ჩემო ქალაქო!

18

მოგეკითხებათ ყველაფერი...

მოსაკითხების

მოტანის ნაცვლად დასაკითხად

მოგაკითხავენ.

19

მე არ მიცნობდა ბევრი ვინმე,

ვისაც ვიცნობდი.

მაინტერესებს, მე თუ მიცნობს,

არ ვიცნობ ვისაც!

20

მზეს რომ ერთხელაც

დაეზაროს ამოსვლა, მაშინ

რა გეგმები გვაქვს, რას ვაკეთებთ,

რა გზას ვადგებით!

21

სულ ჭირის ოფლი რომ მასხამდა,

იქნებ არსებობს

და ლხინის ოფლიც უცაბედად

დამასხამს როსმე!

22

იმ ხეივანში,

სადაც ჩვენი ძელსკამი იდგა,

ახლა ზამთარი დგას და ძელსკამს

ქარბუქი უტევს.

23

"რაზე დავობენ, ვის ებრძვიან,

რას მოელიან?" -

ვკითხულობ ძველი

მეამბოხის საფლავთან მდგარი.

24

როცა იახტას ყიდულობთ და

სასახლეს იგებთ,

საფლავის ქვასაც თუ უკვეთავთ

პარალელურად!

25

რთული ენა გვაქვს,

რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე

რთული სათქმელი ეს ფრაზაა:

"ჩემი ბრალია!"

26

როცა ამბობენ, მარტო ვარო,

მე ასე ვშიფრავ:

ან "მარტო მე ვარ!"

ან "მარტო ვარ, მიუსაფრადო!"

27

რა ადვილია, საბოლოო

უარის მერე,

თქვა, რაც ენაზე მოგადგება,

დაუფიქრებლად!

28

ფრინველებს ჩემი საფრთხობელის

არ ეშინიათ.

ჯიბეში მარცვლებს უყრიან

და მერე კენკავენ.

29

უგამყიდველო მაღაზია

როცა გავიგეთ,

ჩვენ უსაქონლო მაღაზია

ვიცოდით უკვე!

30

დავბრუნდებოდი, ორი რამე

რომ არა ერთად:

შენ იქ არა ხარ და ის სახლიც

არაა უკვე.

31

ამ თოვლსაც, მგონი,

სხვანაირი ფერი გადაჰკრავს,

და ეს ზამთარიც

ხანგრძლივია და უფრო ცივი.

32

მე რომ მცოდნოდა,

ცხოვრების გზა სად მიმიყვანდა,

რამდენ ქალაქს და დაბა-სოფელს

გამოვტოვებდი!

33

სახლიდან გასვლა აღარ მინდა,

რას ვნახავ ისეთს,

რისი დანახვაც წარმოსახვით

არ შემიძლია!

34

რაც მუნჩეიჩუ აღარაა,

ოსტატი გაქრა

და აღარც სადმე

შეგირდისთვის მომიკრავს თვალი.

35

ასე მგონია,

ძველი წყევლის მიხედვით ვცხოვრობ:

არც საალერსო გყავდეს ვინმე,

არც მოალერსე!

36

შეგიმჩნევიათ,

ბავშვობაში წაკითხულ წიგნებს

თანდათან როგორ ემატებათ

ახალი აზრი!

37

როგორც ყოველთვის,

ხუანძიუს* დავისხამ მარტო

და საახალწლო დარდს გავფანტავ

დრაკონის კუდით.

*ხუანძიუ - ჩინური ღვინო.

38

რაც შენს წერილებს ველოდები,

გავიგე ზუსტად,

რას გულისხმობდა თურმე:

"თვალთა ამოღამება!"

39

ერთხელ სიზმრების

ჩაწერასაც მოახერხებენ

და, მაშინ, ალბათ,

ჰოლივუდსაც ვეტყვით: "მშვიდობით".

40

ეზოს წინ ალვა შრიალებდა

და ბავშვობაში

ვფიქრობდი, ღმერთი მლოცავს

თითქოს ფოთლების ენით.

41

ძილი გამიტყდა...

შუაღამით შევაკოწიწე

და განთიადზე მასში

ყავა მოვხარშე კიდეც.

42

ვერ გამიგია, რატომ უნდა

მშურდეს ცოცხლების!

ერთხელ ჩემსავით არ იქნება

მათგან არც ერთიც!

43

აქ სხვებიც იყვნენ:

ზოგი გავლით, ზოგიც ხანგრძლივად.

ახლა მეც აქ ვარ...

ვფიქრობ: რატომ? რისთვის? სანამდე!

44

ყველა გარბოდა.

მეც ავდექი და გავიქეცი.

გზად წავიქეცი.

სად გავრბოდი, არ ვიცი დღემდე.

45

დგება მომენტი:

ერთად ყოფნა სულთა შერწყმაა

და სულ ერთია,

შენ სად ხარ და მე სად ვარ ამ დროს.

46

ჩაშემოდგომდა.

ახლა უკვე ერთი სული მაქვს,

გავიგო, რაზე მიმღერებენ

ზამთრის ჩიტები.

47

ო, ეს ღადარი,

ბოლო კვამლი რომ ასდის ახლა,

სულ ამასწინათ

სიყვარულის კოცონი იყო!

48

ქარი ზამთრისკენ მიაქანებს

ნეკერჩხლის ფოთლებს

და ბუხრის ყელში

კვამლი პირველ მოთელვას იწყებს.

49

ღრუბელს ჯერ შენი სახე ჰქონდა,

მერე თანდათან

შეეკრა შუბლი და თვალთაგან

დასდინდა ცრემლი.

50

როცა მარტო ხარ,

მხოლოდ მაშინ ხვდები და იცი,

ვინ დაგაკლდა და ვისთან ყოფნა

გწყურია ახლა.

51

ყვავებმა ზეცა

ერთიანად ჩამოაშავეს

და მე მიწაზე მხოლოდ

თოვლის იმედად ვრჩები.

52

მომავლის წიგნში,

ჩვენ, ძველები, უფრო ვიქნებით,

რატომღაც გული ასე მიგრძნობს

თქვენი კითხვისას.

53

იმედის ჩიტმა

თივის ზვინში დაიდო ბუდე

და გაზაფხულზე

სიხარულის ბარტყებს დაჩეკავს.

54

წვიმები თითქოს ნორჩი ხმებით

მღეროდნენ ძველად,

ახლა როცა წვიმს, მეჩვენება

მოხუცი მღერის.

55

რა ჰქვია განცდას,

ყველა ჩვენგანს რომ ეუფლება,

როცა ამბობენ:

"სამშობლოს ცა", "სამშობლოს მთები?"

56

არსებობს მიჯნა,

რომლის იქით უკანასკნელი

სურვილი რჩება:

"ხმის გამცემი მაღირსა, ნეტავ!"

57

დავაკაკუნე მარტის კარზე...

ნისლის წინსაფრით

გამომეგება

გაზაფხულის დიასახლისი.

58

უტვინოს, სულელს, ბრიყვს,

იდიოტს, ლენჩსა და ბოთეს

რატომ ჰგონია,

რომ ქვეყანა მან უნდა მართოს?

59

გუიჯოუში მოვდიოდი

იუნანიდან,

როცა პირველად მომხვდა

გულზე ლახვრად: "მშვიდობით!"

60

როცა შორს წასულს

შინ წამოსვლა არ გენატრება,

ან შენ აღარ ხარ

ან ის, რასაც "შინ" ერქვა ადრე!

61

ასი წლის მერე, ნეტავ,

რამდენს გაგვიხსენებენ!

რაღა ასი წლის,

დღეს რამდენი ვახსოვართ, ნეტავ!

62

დრო ჩემთვის გაქრა და მას მხოლოდ

მაშინ ვგრძნობ, როცა

მეტყვი, მოვალო,

და მე ვიწყებ წამების ათვლას.

63

ყველაზე დიდი საგანძური,

რაც შემრჩა: ხსოვნა!

ისიც კი მახსოვს, რაც არ უნდა

მახსოვდეს წესით!

64

მე მშურს ყველასი,

ლექსის წერას ვინაც აგრძელებს,

ვან ვეის მერე, დუ ფუს მერე

და ლი ბოს მერე!

65

სახლში არავინ არაა და

როცა უეცრად

ფაჩუნს გავიგებ, მეჩვენება:

შენ შემოხვედი!

66

ჰოი, რამდენი ნაფეხური

ქრება უკვალოდ,

მარტის მიწურულს

ბოლო თოვლი როდესაც დნება.

67

მე ვწერ წარსულზე,

მომავალი რადგან არ ვიცი.

აწმყოზეც დავწერ,

წარსულად რომ გადაიქცევა.

68

ვდგავარ სიმართლის შესასვლელთან

და მიხარია,

რომ მახსოვს კოდი,

ამ გიგანტურ ბჭეს რომ გამიღებს.

69

ღამით ოთახში

ფეხაკრეფით შემოდის მთვარე

და სასთუმალთან რიჟრაჟამდე

შენ გიცდის თითქოს...

70

იმ სიბნელეშიც,

თვალთან თითს რომ ვეღარ მიიტან,

მე შემიძლია დაგინახო...

ანათებ რადგან.

71

ჩემი ცხოვრება მე დავყავი

ორად: შენამდე,

შენთან... შენს მერე არ არსებობს,

შენთან დასრულდა.

72

მე ამ სენაკში არაფერი

არ მაბადია

და ვცხოვრობ... ანუ შეიძლება

თურმე ასედაც.

73

ჩემ წიგნს სარჩევი არ ექნება,

რადგან ყველაფერს,

რაც აქ წერია, ჰქვია მხოლოდ

შენი სახელი.

74

მე ამ ზამთარსაც აქ შევხვდები,

სადაც ჩიტები

უსიტყვოდ გრძნობენ ჩემს გულისთქმას

გულთმისნებივით.

75

ცხოვრება არის მთის მდინარე...

რომელსაც ზღვაში

ჩააქვს სალ კლდეებს შელეწილი

მკვდარი ტალღები!

76

ჩემს სამშობლოში,

ვინმემ თუ არ ამოგიჩემა,

ღმერთიც რომ იყო,

ერთ თბილ სიტყვას არ შეგაწევენ.

77

ამ ცხოვრებისგან

ვინც არაფერს არ ელოდება,

მხოლოდ ის სტოვებს

ჭეშმარიტ კვალს ამ ცხოვრებაში.

78

ვისაც ვუყვარდი, ყველა მოკვდა...

ვისაც ვუყვარვარ,

ვყავდე ცოტა ხანს...

მეც თუ მიყვარს, - ერთმანეთს ვყავდეთ...

79

და რადგან მთაში მიწა

ცასთან უფრო ახლოა,

უფლის ჩურჩული

უფრო ხშირად მესმის იქიდან.

80

ყველა რომ თავის კვალს

ტოვებდეს დედამიწაზე,

დღეს უკვე ფეხის დასადგმელი

არ გვექნებოდა!

81

რომ არ მჯეროდა დასასრულის,

აგერ ბატონო!

შენ სადა ხარ და მე სადა ვარ!..

სად ვებრძვი მიმწუხრს!

82

სხვისი სიავე უხარიათ

და მერე უკვირთ,

როდესაც მათი საწუხარი

გაუხარდებათ.

83

მარტო დარჩენილს

ვისთან ყოფნაც მოგენატრება,

ისაა შენი მეგობარიც,

და-ძმაც და სატრფოც.

84

ღმერთო, ამ სიზმარს

ნუ ამიხდენ და მე მზადა ვარ,

ყველა ახდენილ სიზმრისათვის

ხარკი გაძლიო!

85

უკვე სიზმრებშიც არ ვიქნები,

რადგანაც ყველა,

ვისაც კი ძილში მე ვსტუმრობდი,

აღარ არიან!

86

სულ რომ წუწუნებთ უფულობას

და სულ ფული გაქვთ,

როგორ, რა გზებით, რა ხერხებით,

რა მანქანებით!

87

მე იმ ქალაქში

ერთხელ კიდევ ჩამოვიდოდი,

მაგრამ, ვაითუ, სხვასთან დადის

მანდ შენი ლანდი!

88

მე ჩემი ყველა სიხარული

რომ მოვაგროვო,

ერთ პაწაწინა ზარდახშაში

ჩავტევდი, ალბათ!

89

ჩემი ბავშვობის

ერთი ხეც კი არ შერჩა ეზოს

და ყველა სხვა ხე,

დღეს რომ იქ დგას, მდგმური მგონია.

90

ჩავლილ ცხოვრებას რომ გავყურებ

გონების თვალით,

ბონდის ხიდიდან მთის მდინარეს

ჩავყურებ თითქოს!

91

შანსი რომ იყოს

და ცხოვრებას ვიწყებდე ახლა,

რამდენ რამეზე, ღმერთო ჩემო,

ვიტყოდი უარს!

92

დავხურე ჩემი სააზროვნო სივრცე...

ვერც ერთი

ბოროტი აზრი მას დღეიდან

ვერ გადაკვეთავს.

93

ფეხებზე თითქოს

დოლაბები მაქვს გამობმული

და უკვე არც ერთ ფინიშის ლენტს

არ ვემუქრები.

94

ეგღა მაკლია, ამ ასაკში

ვინმეს მივემხრო,

მე, ვინც ხანდახან ჩემს თავსაც კი

აღარ ვემხრობი!

95

თუ იცის ვინმემ, რომ იღვიძებს,

რისთვის იღვიძებს,

და ვინც კარს კეტავს,

კვლავ გაღების თუ აქვს იმედი!

96

შენ რომ გეგონა,

მე უშენოდ ვერ ვიცხოვრებდი...

ვცხოვრობ... ოღონდაც

აღარ ჰქვია ამას ცხოვრება.

97

ამათ რა უნდათ, მე არ ვიცი,

ის ვიცი მხოლოდ,

თვითონ რა მინდა,

რომ არასდროს ეცოდინებათ.

98

განა ვერ ვხედავ, ვხედავ მაგრამ

თავს ვიკატუნებ,

და მშველის კიდეც

ბრმის ჯოხი და შავი სათვალე.

99

მე ჩავიკეტე

მარტოობის ყრუ გალავანში.

ის მხოლოდ მაშინ გაიღება,

შენ როცა მოხვალ!

100

არ გეთქვა მაინც!..

ის სიმართლე, ახლა რომ ვიცი,

მეგონებოდა, მე შევთხზე და

გამოვიგონე.