***

ვეჩვევით ერთმანეთს, ამინდებს,

ვკითხულობ გოიას, პიკასოს.

შენსავით ვერავინ გამიგებს,

ძვირფასო!

მივყვებით ღრუბლების ქარავანს,

გვახურავს ცა ლურჯი ეთერით,

ჩვენ ვგავართ ქარიშხალს, განა ქარს,

შემთხვევით...

ფესვები, ჩემს სისხლში და კანში,

გაიდგი, იზრდები თანდათან!

სიბნელე ჩემს ვიწრო საკანში,

დამთავრდა.

***

ისევ ამოგიჩემე, ისევ ჩემი ლანდი ხარ!

მოდი, ერთად შევჯერდეთ, როგორ გადაგიყვარო.

ღამდება და ზეცაზე ვარსკვლავებად ანთიხარ,

თვალწინ გადამიშალე მშვენიერი სამყარო..

ნუღარ მოხვალ ფიქრებად, რაც იქნება, იქნება...

დაე, ქარმა იქაროს, გადამღალოს წვიმებმა,

ჩემი ყველა სურვილი ლექსად გარდაიქმნება.

მათი კითხვაც მეყოფა ერთხელ გასაღიმებლად.

***

ო, როგორ მინდა

გათოვდეს მძიმედ.

დაფაროს თოვლმა,

გზები, იფნები.

მათბობდეს შენი

თვალების სიღრმე,

სულს გიშფოთებდნენ

ჩვენზე ფიქრები.

იყოს სიმშვიდე,

თითქოს არც იყოს

და თებერვლის დღე

ჰგავდეს ღვთისმშობელს.

თოვდეს და თოვლმა

თოვლში წაგვიღოს

და შენ ტუჩებით

სახეს მიშრობდე.

ო, როგორ მინდა

გათოვდეს მძიმედ.

***

მინდა აპრილი, სუნთქვა აპრილის,

გზები დახრილი, ბზები, ლავანდა...

ამინდი ნაზი, ფიქრით დაღლილი,

შენ მოდიოდე ჩემს მისამართთან.

მიყვარდე მეტად, ჰო, ვიდრე გუშინ,

კვლავ ვივიწყებდე წყენას, სიცივეს.

შენ მომიტანდე ყვავილებს ნუშის,

მე გახვედრებდე ჩემს თმებს - მზის სხივებს.

პოეტ ქმარს

კვლავაც წყალს ვნაყავ ასჯერ დანაყილს,

მოავარაყებს ყინვა თებერვალს,

შენ ისევ უბით დაგაქვს არაყი

და ჩემი სულიც ერთი შებერვა.

გულიც, რომელიც ახლა დენთია,

შემოილაგებს დარდებს ბელტებად,

არაფერს გეტყვი და სულერთია,

შენც აღარ მიმზერ ისე მეტყველად.

ვერ შევძელი და ვერ გაგიღვიძე

მძაფრი სურვილი შეჭმის, ძნელია

(ჩემი ტუჩების გემო ნაძვის კევს

ჰგავს და კუნელის მსგავსი ფერი აქვს).

არის ჩვევაც და არის შემთხვევაც,

არის გზებიც და ზოგჯერ არც არის...

მოავარაყებს ყინვა თებერვალს

და ასე წავა ეს თვეც ბანცალით...

სამოთხის კართან

ისევ დაიწყო ბნელი კვირები,

უსინათლო და შავი დღეები.

კვლავ შორეულ მთებს დავაკვირდები,

რომ აღმართულან, როგორც დევები.

ამჯერად აღარ გეტყვი არაფერს.

ვერ გამოვატან მტრედებს ბარათებს.

ცაზე ღრუბლების ლეიბს დავაფენ

და თეთრ ღამეებს ასე გავათევ.

არ გამაკვირვებს სიშლეგე ქართა,

ვეღარ გავიგებ სამშობლოს ოხვრას,

მე ჩამოვჯდები სამოთხის კართან,

დაგელოდები; ერთხელაც მოხვალ.

შენ თავად უწყი, მიჭირს გაძლება,

თავს ვეღარ ვაღწევ ამ ბრმა ომიდან,

გთხოვ, თუ წამოხვალ ჩემს მოსაძებნად,

შვილების კისკისს ხომ ამომიტან?..

რა ვქნა, ვერაფრით დაგაიმედებ,

ძვირფასო ჩემო, ოქროსწამწამა..

მე ეს ცხოვრება ისე მიმეტებს,

წუთისოფელმა ისე მაწამა!..

გულში დარგული ია ვერაგი,

შემომეხვია სუროდ, ეკლებად.

შენ წამოიღე კიდევ მელანი,

ფურცლად გაშლილი - ზეცა გვექნება

და ვარსკვლავები, მოციმციმენი,

უზარმაზარი ოქროს ზოდები

მე პოეზიით (ჩემი ლოცვებით),

სამოთხის კართან დაგელოდები.

***

მძიმე დღეებია,

როგორ მეშინია.

რატომ აღარა ვარ

ისე შემართებით.

ყველგან სიკვდილია,

ყველა შეშლილია,

ჩემთან ყოველ ღამე,

ისევ რჩება ღმერთი.

შენზე ფიქრებია

ჩემი სიმფონია,

სულზე მეზრდებიან,

როგორც კლავიშები.

ალბათ მეც წავალ და

ვეღარ მიპოვიან

(შენ რომ ეს გცოდნოდა,

ხომ არ გამიშვებდი?!).

ხმასაც აღარ ვიღებ,

სევდა გაერია.

ჩაქრნენ ვარსკვლავები,

ჩვენი კელაპტრები.

მძიმე დღეებია,

მძიმე ჰაერია,

როგორ მენატრები,

როგორ მენატრები.

***

იწყებოდა ალუბლების

უმაღლესი წვეროდან,

მერე მთელ დღეს ანათებდა

და წყვდიადში წვებოდა.

არაფერი მადარდებდა,

მზეს ვასწრებდი დილიდან,

გულში ბავშვურ აღტყინების

ჟრუანტელი მივლიდა.

ჩემში ქალი მწიფდებოდა,

მწიფდებოდა ალუჩა.

მიცინოდა მუნჯი ბიჭი

(ხის ჯვარი რომ მაჩუქა)...

და დღეები მიდიოდა,

დაფიქრებად არც ღირდა,

ოცნებებიც გაიზარდა

და სხეულიც გაღვივდა.

ვოცნებობდი, ვივიწყებდი

წყენას გულთან მიტანილს,

რა ფაქიზი, უდარდელი

და ბავშვური ვიყავი...

ვთამაშობდი, რა ვიცოდი,

ჩემს ბედს თვითონ ვჭედავდი,

ახლაც მახსოვს თუთის ხე და

ჭორფლიანი ჭერამი.

მზე რომ მთელ დღეს ანათებდა

და წყვდიადში წვებოდა,

იწყებოდა ალუბლების

უმაღლესი წვეროდან.

ხომ შეიძლება

ხომ შეიძლება ისე გიყვარდე,

ისე, უბრალოდ და უმიზეზოდ...

რომ დამსხვრეული სულის კედლები

ბროწეულებით ამომილესო.

ხომ შეიძლება ისე გიყვარდე,

ისე, უბრალოდ და უმიზეზოდ...

შემოიტანო ჩემში სინათლე,

შემოიყვანო ჩემში იესო.

24.12.2024.

ჩვენი ფიქრები

ზოგჯერ ისე ახლოა შენი სუნთქვა, ღმერთამანი,

იის სურნელს მაგონებს (თებერვალიც ახლოა)...

როცა ჩვენი ფიქრები ერთურთს გადაკვეთავენ,

მითხარი, რომ გჭირდები, მითხარი, რომ გახსოვარ!

როგორ გამოგიგონე, რანაირი ლანდი ხარ,

იის სუნთქვა, ლენცოფა, ლემაც ხარ და ჩემი მზეც.

რადგან ისევ ვმარტოობ და შენს სულზე დავდივარ,

არ გამიშვა ხელი და ერთი წამით შემიგრძენ!

აგერ, მოვა მარტიც და თებერვალიც ახლოა,

შენი მზერაც ქრება და მეც მივდივარ ლეთამდე,

მითხარი, რომ გჭირდები, მითხარი, რომ გახსოვარ,

როცა ჩვენი ფიქრები ერთურთს გადაკვეთავენ.

23/12/2024

***

დაე, იყოს ასე, თოვდეს, როგორც უნდა,

როგორც შეშლილს ისე მიყურებდეს ყველა.

მხოლოდ შენ ერთს, შენ ერთს, მოგიშვებდი სულთან,

შეაკრთობდი უცებ, დაქანცულს და მღელვარს.

მიუყვანდი ღმერთს და ზამბახების სუნთქვას.

როგორც უნდათ ისე მიყურებდეს ხალხი,

დაე, იყოს ასე, თოვდეს, როგორც უნდა...

მე კი მინდა, რომ შენ მაცოცხლებდე დაღლილს...

რომ შენი ხმა გახდეს ჩემი სულის ექო;

შენ, უფეხო, უტყვო, პაწაწინა ლანდო.

მინდა ჩემი იყო, მინდა ჩემი გერქვას,

რომ დაღლილი სულის სიყვარული განდო!

2024.