
თარგმანი ნუგზარ კუჭუხიძისა
არაფერია გარეთ, არაფერი - შიგნით, რადგანაც რაც გარეთაა,
ის შიგნითაცაა1
მივცე გამართული და ადვილად საკითხავი ფორმა აზრებს, რომელიც მსურს აქ გაგიზიაროთ, ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. უნარები აღარაა ისეთი და ამასთანავე კადნიერებად მიმაჩნია თავად მანერა - თავში მოსული რამდენიმე მოსაზრებით ავაგო რაღაც ესეი დასრულებულობისა და თანმიმდევრობის პრეტენზიით, მაშინ, როცა აზრთა მცირე ოდენობას მოსდევს დიდი ოდენობის დაჩურთვა, არა, მე რომელსაც მწამს „ევროპის მზის ჩასვენება“, თანაც, უპირველესად კულტურული ევროპის დაისი, სრულიადაც არ მაქვს საბაბი ვიზრუნო ფორმაზე, რომელიც უცილობლად მომეჩვენებოდა მასკარადად და სიყალბედ. ვიტყვი, „ძმები კარამაზოვების“ ბოლო წიგნიდან, თვით დოსტოევსკის სიტყვებით: „თუმცა, ვხედავ, რომ უმჯობესია არ მოვიბოდიშო. გავაკეთებ იმგვარად, როგორადაც ვიცი და მკითხველი თვითონ მიხვდება, რომ ის გავაკეთე რაც შემეძლო“.
მე, როგორც წარმომიდგენია, დოსტოევსკის ნაწარმობებში და განსაკუთრებით ძლიერად „ძმებ კარამაზოვებში“, დაუჯერებელი სიცხადითაა გამოხატული და განჭვრეტილი ის, რასაც მე „ევროპის მზის ჩასვენებას“ ვუწოდებ. იმ ფაქტში, რომ სწორედ დოსტოევსკში - არა გოეთესა და არა თვით ნიცშეში - ახლა ევროპელი, განსაკუთრებით გერმანელი ახალგაზრდობა თავის უდიდეს მწერალს ხედავს, ვპოულობ რაღაც საბედისწეროს. საკმარისია უახლეს ლიტერატურაზე მხოლოდ თვალის ერთი შევლებაც კი, რომ ყველგან შეამჩნიო დოსტოევსკთან გადაძახილი, თუნდაც უბრალო და გულუბრყვილო მიბაძვებით. კარამაზოვების იდეალი, ეს ძველი, აზიური ოკულტური იდეალი, ხდება ევროპული და იწყებს ევროპის სულის შთანთქმას. ამაში ვხედავ ევროპის მზის ჩასვენებას, ხოლო მასში - წინარე დედასთან დაბრუნებას, აზიაში დაბრუნებას, ყველაფრის წყაროებისკენ, ფაუსტური „დედებისაკენ“ და რასაკვირველია, როგორც ყოველგვარი სიკვდილი დედამიწაზე, ეს მზის ჩასვენებაც მიგვიყვანს ახალ დაბადებამდე. როგორც პროცესს, ამ დაისს აღვიქვამთ მხოლოდ ჩვენ, მისი თანამედროვენი.
მაგრამ რა არის ეს „აზიური“ იდეალი, რომელსაც ვპოულობ დოსტოევსკისთან და რომელზეც ვფიქრობ, რომ მას განზრახული აქვს ევროპის დაპყრობა?
მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა უარის თქმა ყოველგვარ ნორმატიულ ეთიკასა და მორალზე, რაღაც ყველაფრის გაგების, ყველაფრის მიღების, რაღაც ახალის, სახიფათოსა და შემზარავის სასარგებლოდ, როგორადაც ამის შესახებ გვაუწყებს ბერი ზოსიმე, როგორადაც ამით ცხოვრობს ალიოშა, როგორადაც მაქსიმალური სიცხადით ახდენს მის ფორმულირებას დიმიტრი და განსაკუთრებით ივანე კარამაზოვი,
ზოსიმე ბერთან ჯერ კიდევ გამარჯვებას ჰპოვებს სამართლიანობის იდეალი, მისთვის, ყოველ შემთხვევაში, არსებობს სიკეთე და ბოროტება, თუმცა თავისი სიყვარულით ასაჩუქრებს უპირატესად ბოროტებს. ალიოშასთან ახალი წმინდანობის ეს სახეობა ხორციელდება კიდევ უფრო თავისუფლად და ცხადად, იგი ნაბიჯს დგამს მის ირგვლივ არსებულ ტალახსა და ნაგავში თითქმის ამორალური ძალდაუტანელობით და არც თუ იშვიათად იგი მაგონებს ზარატუსტრას უკეთილშობილეს აღთქმას: „მე დავდე აღთქმა გავეცალო ყოველგვარ ზიზღს!“ მაგრამ შეხედეთ: ალიოშას ძმები ამ აზრს ახორციელებენ კიდევ უფრო შორს, ადგანან ამ გზას კიდევ უფრო მტკიცედ და ხშირად საქმე, ყველაფრის მიუხედავად, გამოიყურება პირდაპირ ისე, რომ თითქოსდა ძმები კარამაზოვების თანაფარდობა მთელი სქელი, სამტომიანი წიგნის მანძილზე მკვეთრად იცვლება ისე, რომ ყოველივე გარდაუვალი სულ უფრო ურყევი და საეჭვო ხდება, წმინდა ალიოშა სულ უფრო საერო კაცი ხდება, მისი ძმები კი იქცევიან სულ უფრო და უფრო წმინდანებად, ხოლო მათ შორის ყველაზე მეტად თავაწყვეტილი და მარჯვე დიმიტრი, მართლაც რომ, ყველაზე უფრო წმინდანად, ახალ წმინდანად, ახალ მორალურ, ახალი ადამიანურობის ყველაზე უფრო გულისხმიერ და იდუმალ წინასწარმეტყველად. ყოველივე ეს მეტად უცნაურია. რაც უფრო შეკავებულია კარამაზოვული ზემოქმედება, რაც მეტია ბიწიერება და მთვრალეული უხეშობა, მით უფრო ძლიერად ანათებს ამ უხეში მოვლენების საბურველში, ადამიანებსა და ქცევებში ახალი იდეალი, მით უფრო მეტი სულიერება და წმინდანობა გროვდება იქ, შიგნით; და ლოთის, მკვლელის, მოძალადე დიმიტრისა და ცინიკოსი ინტელექტუალის - ივანეს გვერდით ყველა ეს - პროკურორის მსგავსი უმწიკვლოდ წესიერი ტიპები და ბურჟუაზიის სხვა წარმომადგენლები გამოიყურებიან მით უფრო უშნოდ, მით უფრო უფერულად, მით უფრო უმნიშვნელოდ, რაც უფრო მეტად ზეიმობენ ისინი გარეგნულად.
ამგვარად, „ახალი იდეალი“, დამუქრებული თვით ევროპული სულის არსებობაზე, წარმოადგენს სავსებით ამორალური სახის აზროვნებას და მგრძნობელობას, ღვთაებრივის თვალის შევლების უნარით, აუცილებელით, საბედისწეროს ბოროტებასა და უგვანობაშიც, შემძლე თაყვანი სცეს და აკურთხოს ისინი. პროკურორის მცდელობა თავის გრძელ სიტყვაში გამოხატოს ეს კარამაზოვული ძალადობა უტრირებული ირონიითა და აქციოს ობივატელის დაცინვის საგნად - ეს მცდელობა, მართლაცდა, არაფერს არ უტრირებს, იგი მეტად მოკრძალებულადაც კი გამოიყენება.
ამ სიტყვაში კონსერვატორულ-ბურჟუაზიული პოზიციიდან გამოიხატება „რუსი ადამიანი“, რომელიც ამ დროიდან გახდა პოპულარული, ეს საშიში, მგრძნობიარე, უპასუხისმგებლო, თუმცა დაკოდილი სინდისით, რბილი, მეოცნებე, სასტიკი, ღრმად ბავშვური „რუსი ადამიანი, რომელსაც დღემდე უყვართ ასე უწოდონ, თუმცა მას, როგორც მე მიმაჩნია, უკვე დიდი ხანია განზრახული აქვს იქცეს ევროპელ ადამიანად. სწორედ ამაში მდგომარეობს ევროპის დაისი.
ამ რუს ადამიანზე ღირს თვალის მიდევნება. იგი გაცილებით უფროსია, ვიდრე დოსტოევსკი, მაგრამ სწორედ დოსტოევსკიმ სრულად წარუდგინა იგი მსოფლიოს, მთელი თავისი ნაყოფიერი მნიშვნელობით. რუსი ადამიანი - ეს არის კარამაზოვი, ესაა ფიოდორ პავლოვიჩი, ესაა დიმიტრი, ესაა ივანე, ესაა ალიოშა. ვინაიდან ეს ოთხი, რაოდენ არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთად წარმოქმნიან კარამაზოვებს, ერთად ქმნიან რუს ადამიანს, ერთად წარმოშობენ მომავალ, უკვე მოახლოვებულ ევროპული კრიზისის ადამიანს.
სხვათა შორის, ყურადღების მიქცევა ღირს ერთ მეტად უცნაურ რამეზე, საკუთრივ კი იმაზე, თხრობის მსვლელობაში ივანე ცივილიზებული ადამიანიდან თუ როგორ გარდაიქმნება კარამაზოვად, ევროპელიდან - რუსად, გაფორმებული ისტორიული ტიპიდან - მომავლის უფორმო მასალად! ეს განხორციელებულია ერთადერთი, სომნაბულერი სიზუსტით - ივანეს ეს დაცოცება თავდაპირველი თავშეკავებულობის, გონიერების, სიფხიზლისა და მეცნიერულობის კვარცხლბეკიდან, ეს თანდათანობითი, დაძაბული, საშინელი დაცემა, სწორედ, იმ კარამაზოვის, რომელიც წარმოშობს ყველაზე უფრო კეთილშობილურ შთაბეჭდილებებს, ისტორიაში, რუსულ სტიქიაში, კარამაზოვულ ძალადობაში! სწორედ ის, სკეპტიკოსი, დასასრულს ესაუბრება ეშმაკს! ამის შესახებ კვლავ ვისაუბრებთ.
ამგვარად, რუსი ადამიანი (რომელიც დიდი ხანია გავრცელდა ჩვენთანაც, გერმანიაში) არ დაიყვანება არც ისტერიკაზე, არც ლოთზე ან დამნაშავეზე, არც პოეტზე ან წმინდანზე, მასში ყოველივე ეს ერთადაა მოთავსებული, ყველა ამ თვისებათა ერთობლიობაში რუსი ადამიანი, კარამაზოვი - ერთდროულად მკვლელიცაა, მოსამართლეც, შფოთის თავიც და უნაზესი სული, დასრულებული ეგოისტი და სრული თავგანწირვის გმირი. მისთვის მიუღებელია ევროპული, ე.ი. მყარი მორალურ-ეთიკური, დოგმატური, თვალსაზრისი. ამ ადამიანში გარეგანი და შინაგანი, სიკეთე და ბოროტება, ღმერთი და სატანა განუყოფლადაა შერწყმული.
ამიტომაც ამ კარამაზოვების სულში დაგროვებულია უმაღლესი სიმბოლოსადმი - ღმერთისადმი საშინელი წყურვილი, რომელიც იმავდროულად ეშმაკიც იქნებოდა; და დოსტოევსკისთან ასეთ სიმბოლოს წარმოადგენს, სწორედ, რუსი ადამიანი, ღმერთი, რომელიც ერთდროულად დემონიცაა, - ეს ხომ უძველესი დემიურგია. ის იყო თავდაპირველად; იგი, ერთადერთი იმყოფება ყველა წინააღმდეგობათა იქითა მხარეს, მან არ იცის არც დღე, არც ღამე, არც სიკეთე და არც ბოროტება. იგი - არარაა და იგი ყველაფერია. ჩვენ ვერ შევძლებთ მის შეცნობას, ვინაიდან რაიმეს ჩვენ შევიცნობთ მხოლოდ წინააღმდეგობებში, ჩვენ - ინდივიდუმები, მიბმულნი ვართ დღესა და ღამეზე, სითბოსა და სიცივეზე, ჩვენ გვინდა ღმერთი და დემონი. დაპირისპირებულობათა იქით, არარასა და ყველაფერში ცოცხლობს მხოლოდ დემონი, სამყაროს ღმერთი, სიკეთისა და ბოროტების არმცოდნე.
ამის შესახებ შეიძლებოდა ხანგრძლივად გვესაუბრა, მაგრამ ნათქვამიც საკმარისია. ჩვენ გავარკვიეთ რუსი ადამიანის არსება. ესაა ადამიანი წინააღმდეგობათა და განსაზღვრულ თვისებათა იქით, მორალის იქით, ესაა ადამიანი, რომელსაც განზრახული აქვს განზავდეს, დაბრუნდეს უკან, principium individuationis2-ში. ამ ადამიანს არაფერი არ უყვარს და უყვარს ყველაფერი, მას არაფრის არ ეშინია და ეშინია ყველაფრის, ის არაფერს არ აკეთებს და აკეთებს ყველაფერს. ეს ადამიანი - კვლავ წინარე მასალაა, სულიერი პლაზმის გაუფორმებელი მასალაა. ამ სახით მას არ შეუძლია სიცოცხლე, მას ძალუძს მხოლოდ დაღუპვა, მეტეორიტად ჩამოვარდნა.
დოსტოევსკიმ თავისი გენიალურობით ამ ადამიანის კატასტროფები, ეს საშინელი მოჩვენებები გამოიხმო. ხშირად გამოთქმულა მოსაზრება: ბედნიერებაა, რომ „კარამაზოვები“ დაუმთავრებელია, თორემ ისინი ააფეთქებდნენ არა მარტო რუსულ ლიტერატურას, არამედ მთელ რუსეთსა და კაცობრიობას.
მაგრამ ისიც კი, რაც გამოთქმულია - თუნდაც მთქმელს ბოლომდე არ ეთქვა სათქმელი - არ შეიძლება უკან შემწყვდევა, უმყოფობაში, აქციო აუწერლად. არსებული, გამოგონილი, შესაძლებელი არ შეიძლება აღგვა პირისაგან მიწისა. რუსი ადამიანი უკვე დიდი ხანია არსებობს, თანაც არსებობს რუსეთის საზღვრებს იქითაც; იგი მართავს ევროპის ნახევარს და ქუხილი, რომელმაც გამოიწვია აფეთქების ესოდენი შიში, საკმაოდ ისმის, უკანასკნელ წლებში, ყველგან. გამოირკვა, რომ ევროპა გადაღლილია, გაირკვა, რომ მას სურს უკან შემობრუნება, დასვენება, ხელახლა წარმოშობა, აღორძინება.
აქ მახსენდება ერთი ევროპელის ორი გამონათქვამი, - ევროპელისა, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის, ეჭვს გარეშეა, სიმბოლიზირებს ძველ, ყოფილ, დღესდღეობით დასაღუპად განწირულ ევროპას. მხედველობაში მაქვს ვილჰელმ კაიზერი. ერთ-ერთი გამონათქვამი მან ოდესღაც ჩაამატა ერთგვარ უცნაურ ალეგორიულ გამოხატულებას, რომელშიდაც მოუწოდებდა ევროპის ხალხებს გაფრთხილებოდნენ აღმოსავლეთიდან დამუქრებული საშიშროებისაგან თავიანთ „სალოცავებს“.
ვილჰელმ კაიზერი, რა თქმა უნდა, არ იყო განსაკუთრებულად შორსმჭვრეტელი და ღრმა ადამიანი, მაგრამ მაინც, როგორც თაყვანისმცემელი და დამცველი ძველმოდური იდეალის, იგი ფლობდა საშიშროებისადმი, რომელიც ემუქრებოდა ამ იდეალს, შორსმჭვრეტელობის რაღაც წილს. იგი არ იყო სულიერი წყობის ადამიანი, არ უყვარდა კარგი წიგნების კითხვა და ამასთანავე, ძალიან დაკავებული იყო პოლიტიკით; ნახსენები გამოსახულება, ევროპის ხალხთა სიფრთხილისაკენ მომწოდებელი, წარმოიშვა არა დოსტოევსკის წაკითხვის შემდეგ, როგორადაც შეიძლებოდა გვეფიქრა, არამედ უფრო აღმოსავლეთის ხალხებისადმი ბუნდოვანი შიშის ზეგავლენით, რომლებიც იაპონიის პატივმოყვარეობას შეეძლო ევროპის წინააღმდეგ აემოძრავებია.
საეჭვოა კაიზერი თუ აცნობიერებდა, რა ჩადო თავის გამონათქვამში და რაოდენ გასაოცრად მართალი იყო იგი. ის ალბათ არ იცნობდა „კარამაზოვებს“, მას არ ჰქონდა, ვიმეორებ, მიდრეკილება კარგი და ღრმა წიგნებისადმი. მაგრამ მას ჰქონდა წარმოუდგენლად მახვილი ალღო. სწორედ საშიშროება, რომელსაც იგი ამჯერად გრძნობდა, ნამდვილად არსებობდა და ყოველდღიურად ახლოვდებოდა. ესენი იყვნენ კარამაზოვები - ვისიც მას ეშინოდა. ეს იყო სენი, მომდინარე აზიიდან ევროპისაკენ, ეს იყო დაღლილი ევროპული სულის უკან ვარდნა - აზიურ მატერიაში და ყოველივე ამის მას სამართლიანად ეშინოდა.
აი კაიზერის მეორე გამონათქვამი, რომელიც გავიხსენე და რომელმაც, თავის დროზე, ჩემზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა (არ ვიცი, ნამდვილად ასე თქვა თუ ჭორი იყო): „ომს მოიგებს ერი, რომელსაც უფრო მაგარი ნერვები აქვსო“. იმ დროს, ომის დაწყებისთანავე, როცა ჩემამდე მოაღწია ამ გამონათქვამმა, მე იგი აღვიქვი, როგორც მოახლოვებული მიწისძვრის ყრუ გრუხუნი. ანუ, ნათელი იყო, რომ კაიზერს სურდა გერმანიისათვის ეთქვა რაღაც მეტად მოსაწონი. შესაძლებელია, თავად მას ჰქონდა შესანიშნავი ნერვები, როგორც მის ამხანაგებს ნადირობისას და სამხედრო დათვალიერებისას. იცოდა მან ძველი სულელური ზღაპარი გახრწნილ და უზნეო საფრანგეთსა და სათნო, მეოჯახე გერმანელთა შესახებ - და დაჯერებული იყო ამაში. მაგრამ სხვებისათვის, იმათთვის, ვინც იცოდა, ან უფრო ზუსტად, ხვდებოდა, წინასწარ გრძნობდა, რა იქნებოდა ზეგ, - მათთვის ეს გამონათქვამი საშინლად გაისმა. ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ გერმანელებს ნერვები უკეთესი არა აქვთ, უფრო უარესიც, ვიდრე მტრებს დასავლეთში; და მათთვის ერის მაშინდელი ლიდერის ეს გამონათქვამი გაისმა, როგორც შემზარავი, ბრმად მოახლოებული კატასტროფის, საბედისწერო წინასწარმეტყველება.
არა, გერმანელებს ნერვები სრულიადაც არ ჰქონდა უკეთესი, ვიდრე ფრანგებს, ინგლისელებს ან ამერიკელებს. ალბათ უკეთესი, ვიდრე რუსებს. ვინაიდან „გქონდეს ცუდი ნერვები“ - ეს ხომ ყოფითი გამოხატულებაა ისტერიისა და ნევრასტენიისათვის, moral insanty8-სათვის და ყოველივე სხვა უსიამოვნებების, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად განვსაზღვროთ, მაგრამ რომლებიც თავიანთი ერთობლიობით კარამაზოვების ძალადობის ტოლფასია. კარამაზოვების წინაშე, დოსტოევსკის წინაშე, აზიის წინაშე გერმანია იკავებდა მეტად უსასრულოდ უიმედო და სუსტ პოზიციას, ვიდრე ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო, ავსტრიის გამოკლებით.
ამგვარად, კაიზერმა მისებურად განჭვრიტა და ორჯერ იწინასწარმეტყველა ევროპის დაისი.
მაგრამ სრულიად სხვა საკითხია: როგორ შეფასდეს ძველი ევროპის ეს დაისი? აქ მრავალი მოაზროვნის შეხედულება ერთმანეთს შორდება. წარსულის თავგამოდებული ერთგული თაყვანისმცამლები, კეთილშობილური ფორმითა და კულტურით ნაკურთხნი, ჩვეული მორალის რაინდები - ყველა მათგანს შეუძლია მხოლოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაუპირისპირდნენ ამ დაისს ან უნუგეშოდ დაიტირონ იგი, თუკი ეს ვითარება დადგება. მათთვის დაისი - დასასრულია, მაგრამ სხვებისათვის - დასაწყისი. ზოგიერთისათვის დოსტოევსკი - დამნაშავეა, ხოლო სხვებისათვის წმინდანი. ზოგიერთისთვის ევროპა და მისი სულიერი კულტურა - რაღაც ერთადერთია, მტკიცედ თავმოყრილი, ხელშეუხებელი, რაღაც გამძლე და ყოფიერებითი, სხვებისათვის - ესაა რაღაც ქმნადი, ცვალებადი, მუდამ განახლებადი.
კარამაზოვული ელემენტი, როგორც ყოველივე აზიური, ქაოტური, ველური, საშიში, ამორალური და როგორც ყველაფერი სამყაროში, შეიძლება შეფასდეს ორგვარად - პოზიტიურად და ნეგატიურად. ისინი, ვინც უბრალოდ უარყოფს მთელ ამ სამყაროს, ამ დოსტოევსკის, ამ კარამაზოვებს, ამ რუსებს, ამ აზიას, ეს დემიურგული ფანტაზიები, ახლა განწირულია უღონო წყევლისა და შიშისათვის, მათ უსიხარულო მდგომარეობა აქვთ იქ, სადაც კარამაზოვები აშკარად დომინირებენ - უფრო მეტად, ვიდრე ადრე, ოდესმე. მაგრამ ისინი ცდებიან, სურთ რა ყოველივე ამაში იხილონ მხოლოდ ფაქტიური, დამაჯერებელი, მატერიალური. ისინი ევროპის მზის ჩასვენებას უცქერიან, როგორც ზეციური ქუხილით გაპობილ საშინელ კატასტროფას, ან როგორც რევოლუციას, აღვსილს ხოცვა-ჟლეტითა, ან როგორც დამნაშავეთა ზეიმს, კორუფციას, ძარცვას, მკვლელობებს და ყველა სხვა ბიწიერებას.
შესაძლებელია, ყოველივე ეს ჩანერგილია კარამაზოვში. როდესაც კარამაზოვებთან გაქვს საქმე, არ იცი, თუ იგი მომდევნო წამს რით გაგვაოცებს, შეიძლება, დაგარტყას ისე, რომ მოკვდე, შეიძლება, იმღეროს ღვთის სადიდებლით განმსჭვალული სიმღერა. მათ შორისაა ალიოშა და დიმიტრი, ფიოდორი და ივანე. ისინი ხომ, როგორც ჩვენ ვნახეთ, განირჩევიან არა რაიმე თვისებებით, არამედ მზადყოფნით - ნებისმიერ დროს შეითვისონ ყოველგვარი თვისება.
მაგრამ მფრთხალნი ნუ შეძრწუნდებიან იმით, რომ ამ მომავლის ამოუცნობ ადამიანს (ის არსებობს უკვე აწმყოში!) ძალუძს ჩაიდინოს არა მხოლოდ ბოროტება, არამედ სიკეთეც, ძალუძს დააარსოს ღვთის სამეფო ისევე, როგორც ეშმაკის სამეფო. ის, რაც შეიძლება დააფუძნო ან დაამხო დედამიწაზე, ნაკლებად აინტერესებთ კარამაზოვებს. მათი საიდუმლოება აქ არ არის - როგორც ღირებულებაც და მათი ნაყოფიერი ამორალური არსიც.
ეს ადამიანები სხვებისგან განსხვავდებიან ადრინდელი წესრიგის, ანგარიშიანობის, ნათელი დამოკიდებულების ადამიანებისაგან, არსებითად, მხოლოდ იმით, რომ ისინი იმდენადვე ცხოვრობენ თავის შიგნით, რამდენადაც გარეთ, ვინაიდან მათ მარადიული პრობლემები აქვთ საკუთარ სულთან. კარამაზოვებს შეუძლიათ ყოველნაირი დანაშაულის ჩადენა, მაგრამ დანაშაულს ისინი სჩადიან მხოლოდ გამონაკლისის სახით, ვინაიდან მათთვის უმეტესად საკმარისია დანაშაული ჩაიდინონ აზრებში, სიზმრებში, შესაძლებლობათა თამაშში. ამაშია მათი საიდუმლოება. მოვუნახოთ ყოველივე ამას ფორმულა.
ადამიანის ყოველგვარი ფორმირება, ნებისმიერი კულტურა, ნებისმიერი ცივილიზაცია, ნებისმიერი წესრიგი ეფუძნება შედარებით გადაწყვეტილსა და აკრძალულზე შეთანხმებას. ადამიანს, დამდგარს ცხოველურიდან შორეული მომავლის ადამიანურ გზაზე, გამუდმებით უნდა ბევრი, უსასრულოდ ბევრი ჩაახშოს საკუთარ თავში, დამალოს, უარყოს, რათა იყოს წესიერი ადამიანი, საერთო ადამიანური ცხოვრების შემძლე. ადამიანი აღვსილია ცხოველურობით, აღვსილია უძველესი წინა სამყაროთი, აღვსილია საზარელი, სასტიკი ცხოველური ეგოიზმის ძნელად დასაოკებელი ინსტიქტებით. ყველა ეს საშიში ინსტიქტები ჩვენში არსებობენ და ყოველთვის არსებობენ, მაგრამ კულტურამ, თანხმობამ, ცივილიზაციამ ისინი დაფარა, მას არ წარმოაჩენენ და ბავშვობიდანვე სწავლობენ ამ ინსტიქტების დამალვას და ჩახშობას. მაგრამ თითოეული ამ ინსტიქთაგანი დროდადრო გარეთ გამოახწევს. ყოველი მათგანი აგრძელებს სიცოცხლეს და არც ერთი მათგანი საბოლოოდ ძირფესვიანად ამოგდებული არაა, არც ერთი მათგანი არაა გაკეთილშობილებული და ხანგრძლივად, სამუდამოდ შეცვლილი; არადა თითოეული ეს ინსტიქტი თავისთავად არც თუ ისე ცუდია, სხვაზე ცუდი არაა, მაგრამ, აი, ყველა ეპოქასა და ყველა კულტურაში არსებობენ ინსტიქტები, რომლებისაც ეშინიათ და რომლებიც სხვაზე უფრო არ აძლევენ მოსვენებას; და როდესაც ეს ინსტიქტები კვლავ გადმოიფანტებიან, როგორც თავაწყვეტილობა, მხოლოდ ზედაპირულად და ძნელად დასაოკებელ სტიქიებად, როდესაც მხეცები კვლავ იღრინებიან, ხოლო მონები, რომელთაც ხანგრძლივი დროის მანძილზე თრგუნავდნენ და სცემდნენ შოლტებით და აღსდგებიან ძველებური სიშმაგის კივილით, სწორედ, მაშინ გამოჩნდებიან კარამაზოვები. როდესაც კულტურა დაიქანცება და რყევას დაიწყებს, ესაა მცდელობა ადამიანის გასასტიკების, მაშინ სულ უფრო და უფრო ვრცელდება უცნაურ ადამიანთა ტიპები, ისტერიული, უჩვეულო გადახრებით - გარდამავალ ასაკში მყოფ ყმაწვილთა ან ფეხმძიმე ქალის მსგავსი; და სულში აღიძვრება აღტკინებები, რომელთაც სახელები არ გააჩნიათ, რომლებიც - გამომდინარეობენ რა ძველი კულტურისა და მორალის ცნებებიდან - უნდა აღიარებულ იქნან ცუდად, რომელთაც, თუმცა, ძალუძთ ილაპარაკონ ისეთი ძლიერი, ისეთი ბუნებრივი, ისეთი უწყინარი ხმით, რომ ყოველნაირი სიკეთე და ბოროტება ხდება საეჭვო, ხოლო ყოველგვარი კანონი - მერყევი.
სწორედ ასეთ ადამიანებს წარმოადგენენ კარამაზოვები. ისინი ნებისმიერ კანონს მსუბუქად ეკიდებიან, როგორც პირობითს, ყველა კანონის დამცველს - როგორც ფილისტერს, მსუბუქ გადაფასებას ახდენენ ყოველნაირი თავისუფლებისა და სხვისგან განსხვავებულობას, შეყვარებულთა გზნებით ყურს უგდებენ საკუთარი მკერდის ხმათა ქოროს.
მაგრამ ამ სულებში გამეფებული ქაოსიდან ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე წარმოიშვება დანაშაული და თვითნებობა. საკმარისია გარეთ ამოხეთქილ ძველ ინსტიქტს მივცეთ ახალი მიმართულება, ახალი სახელი, ღირებულებათა ახალი კამარა - მაშინვე წარმოიშვება ახალი კულტურის, ახალი წესრიგის, ახალი მორალის ფესვები. ვინაიდან ნებისმიერ კულტურასთან ასეთი ვითარებაა: ჩაკლა საკუთარ თავში ინსტიქტები, ანუ მხეცი, ჩვენ ვერ შევძლებთ, რადგანაც მასთან ერთად ჩვენც მოვკვდებოდით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაც ზომით წარვმართოთ იგი, რაღაც ზომით დავაცხროთ იგი, რაღაც ზომით დავუმორჩილოთ „სიკეთის“ მსახურებას - როგორც სარგებლის მომტან ოჩან ცხენს შეაბამენ ოთხთვალაში. მაგრამ ამ „კეთილის“ ბრწყინვალება დროდადრო წარიხოცება, მკრთალდბა, ინსტიქტები მასში ჰკარგავენ რწმენას, უკვე აღარ სურთ მისადმი მორჩილება. მაშინ ინგრევა კულტურა - უფრო ხშირად არა უცებ, როგორც, მაგალითად, ასწლეულობით კვდებოდა ის, რასაც ჩვენ „ანტიკურს“ ვუწოდებთ.
ჯერჯერობით ძველი, მომაკვდავი კულტურა და მორალი არ შეცვლილა ახლით და ამ ყრუ, სახიფათო და მტკივნეულ უდროობაში ადამიანმა კვლავ უნდა ჩაიხედოს თავის სულში, კვლავ უნდა დაინახოს თუ როგორ იწევს მასში მხეცი, როგორ თამაშობენ მასში პირველყოფილი ძალები, რომლებიც მორალზე მაღლაა. ამით განწირულნი, მოწოდებულნი და ამისთვის მომზადებული ადამიანები არიან - კარამაზოვები. ისინი ისტერიულნი და სახიფათონი არიან, ისინი იოლად ხდებიან დამნაშავენი და ასკეტები, მათ არაფრის არ სწამთ, მათი საშინელი რწმენა - ყოველგვარი რწმენის საეჭვობაა.
ნებისმიერ სიმბოლოს აქვს ასობით განმარტება, რომელთაგანაც თითოეული შეიძლება იყოს მართებული; და კარამაზოვებსაც შეიძლება ჰქონდეთ ასობით განმარტება, ჩემი - მათ შორის მხოლოდ ერთერთერთია, ასთაგან ერთ-ერთი. კაცობრიობამ, რომელიც იმყოფება უდიდესი გარდაქმნების ზღურბლზე, ამ წიგნში თავისთვის შექმნა რაღაც სიმბოლო, სახე - ისევე როგორც მძინარე სიზმარში ქმნის მის შემზარავ სახეს და ინსტიქტების ერთმანეთთან გამაწონასწორებელს.
სასწაულია, რომ ერთმა ადამიანმა შეძლო დაეწერა „კარამაზოვები“. რაკიღა, სასწაული მოხდა, მისი ახსნის აუცილებლობა საჭირო აღარაა. მაგრამ არის საჭიროება და მეტად ღრმა საჭიროება განიმარტოს ეს სასწაული, წაკითხულ იქნას ეს დაწერილი მთელ შესაძლებლობათა სისრულით, მთელი შესაძლებლობების ყოველმხრივობით, ყოველი შესაძლო ძალით მის ნათელ მაგიაში შეღწევით. ამ სახის ერთ-ერთი ცდა არის ჩემი მცდელობა გამოვთქვა ნაფიქრი და მოსაზრება.
თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ თითქოსდა მე მოჭიდებული ვარ იმ შეხედულებას, რომ დოსტოევსკი შეგნებულად გაიზიარებდა ჩემ მიერ აქ გამოთქმულ ნაფიქრსა და მოსაზრებებს! პირიქით, ვერც ერთი უდიდესი ნათელმხილველი თუ პოეტი ვერასოდეს ვერ შეძლებდა ბოლომდე აეხსნა საკუთარი ზმანებანი.
საბოლოოდ მინდოდა მოკლედ აღმენიშნა თუ ამ რომან-მითში, კაცობრიობის ამ სიზმარში გამოხატულია არა მარტო ზღურბლი, რომელსაც ახლა გადააბიჯებს ევროპა; ეს მტანჯველი, საშიში ჩაწოლის მომენტი არაფერსა და ყველაფერს შორის, მაგრამ, როგორც ყველგან, მასში იგრძნობა და გამოიცნობა ახლის მდიდარი შესაძლებლობები.
ამ მხრივ განსაკუთრებით გასაოცარია ივანეს ფიგურა. იგი ჩვენ წინაშე წარმოდგება როგორც თანამდროვე ადამიანი, შემგუებლური, კულტურული - რამდენადმე ცივი, რამდენადმე გულგატეხილი, რამდენადმე სკეპტიკური, რამდენამდე დაქანცული. მაგრამ შემდეგ, თანდათან იგი ხდება ახალგაზრდული, ხდება უფრო თბილი, ხდება მნიშვნელოვანი და უფრო კარამაზოვი. მან შეთხზა „დიდი ინკვიზიტორი“. ის გადის გზას მკვლელის უარყოფისა და ზიზღიდან, როგორადაც თავის ძმას მიიჩნევს, საკუთარი ბრალისა და მონანიეს შეგრძნებამდე. სწორედ ის ყველაზე უფრო მძაფრად და უცნაურად განიცდის არაცნობიერთან სულიერი კონფრონტაციის პროცესს. (არადა ყველაფერი ამის ირგვლივ ტრიალებს! ამაშია აზრი მთელი დაისისა, მთელი აღორძინების!) რომანის ბოლო წიგნში არის ფრიად უცნაური თავი, რომელშიდაც ივანე სმერდიაკოვიდან დაბრუნებული, თავის ოთახში ეშმაკს თავს წაადგება და მთელი საათის მანძილზე მასთან საუბრობს. ეს ეშმაკი - სხვა არავინაა, თუ არა ივანეს ქვეცნობიერი, როგორც ჩქაფუნი ადრე დალექილის და მისი სულის შემადგენლობაში დავიწყებულად მიჩნეული; და მან ეს იცის. ივანემ ეს იცის საოცარი დარწმუნებულობით და ნათლადაც ლაპარაკობს ამის შესახებ; და მაინც საუბრობს ეშმაკთან, სწამს მისი - ვინაიდან რაც შიგნითაა, იგივე გარეთაცაა! - და მაინც ბრაზობს ეშმაკზე, მივარდება მასთან და ჭიქას ესვრის - მას, რომლის შესახებაც იცის, რომ იგი ცოცხლობს თვით მის შიგნით. ალბათ, არასოდეს ლიტერატურაში არ ასახულა ასე მკაფიოდ და თვალსაჩინოდ ადამიანის საუბარი საკუთარ ქვეცნობიერთან; და ეს საუბარი (მიუხედავად სიბრაზის აფეთქებისა), ესაა ურთიერთ გაგება ეშმაკთან - ესაა, სწორედ ის გზა, რომლისკენაც მოწოდებულნი არიან კარამაზოვები მიგვითითონ ჩვენ. აქ, დოსტოევსკისთან, ქვეცნობიერი გამოსახულია ეშმაკის სახით; და მართლაცდა - ვინაიდან თვალაფარებული, კულტურულ-მორალური ჩვენი შეხედულებისათვის ყოველივე განდევნილი ქვეცნობიერში, რასაც ჩვენ შიგნით ვატარებთ, გვეჩვენება სატანისტურად და საძულველად. მაგრამ ივანესა და ალიოშას კომბინაციას, დაფუძნებულს მომავალ ახალ ნიადაგზე, უკვე შეიძლებოდა მოეცა უფრო მაღალი და ნაყოფიერი თვალსაზრისი. აი აქ, უკვე ქვეცნობიერი ეშმაკი აღარაა, არამედ ღმერთიეშმაკია, დემიურგია, ისაა ვინც ყოველთვის იყო და ვისგანაც ყველაფერი გამომდინარეობს. მაგრამ სიკეთისა და ბოროტების ხელახლა დამტკიცება არაა მარადისმყოფისა და არც დემიურგის საქმე, იგი ადამიანისა და მისი პატარა ღმერთების საქმეა.
ცალკე თავი შეიძლებოდა დაწერილიყო კიდევ ერთ კარამაზოვზე, მეხუთეზე, რომელიც რომანში წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა იგი რჩება ნახევრად დამალული. ესაა სმერდიაკოვი, უკანონოდ შობილი კარამაზოვი. მან მოკლა მოხუცი. ეს მკვლელი ღმერთის ყველგან მყოფობის რწმენის მატარებელია. მას შეუძლია გაკვეთილი მისცეს ღვთაებრივისა და დაფარული მატერიის სფეროში თვით ყოვლისმცოდნე ივანეს. იგი - ცხოვრებაში ყველაზე უფრო უუნაროა და იმავდროულად ყველაზე უფრო მცოდნე კარამაზოვებს შორის. მაგრამ აქ მე ადგილი არ მრჩება, ჯეროვნად შევაფასო ეს ყველაზე უფრო იდუმალი და შემზარავი პერსონაჟი.
დოსტოევსკის წიგნი დაუშრეტელია. შემიძლია, მთელი დღეების მანძილზე, მასში ვეძიო და ვიპოვო ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ ერთი და იმავე მიმართულებას. აი გამახსენდა კიდევ ერთი - მშვენიერი, მომხიბვლელი - ორივე ხოხლაკოვის ისტორია. აქ ჩვენ წინაშეა კარამაზოვული ელემენტი - დასნებოვნება ყოველივე ახლით, ავადმყოფურით, სულელურით - მოცემულ ორ ფიგურაში. ერთ-ერთი მათგანი, დედა ხოხლოკოვა, მართლაცდა ავადაა. მასში, რომლის არსიც ფესვებგამდგარია ჯერ კიდევ ძველში, ტრადიციულში, ისტერია მხოლოდ ავადმყოფობა, მხოლოდ სისუსტეა, მხოლოდ სისულელეა. მისი განცხრომაში მყოფი ქალიშვილისათვის იგი - არაა დაღლილობა, გარდაქმნილი ისტერიაში, გამოვლენილი მასში, არამედ რაღაც სიჭარბეა, მაგრამ მომავლის. იგი, წამებით გატანჯული ემშვიდობება ბავშვობას, მომწიფებული სიყვარულით, დაჰყავს თავისი ახირებები და ფანტაზიები კიდევ უფრო ბოროტებაზე, ვიდრე მის უმნიშვნელო დედას, და მაინც ქალიშვილში გამოვლენილი თვით ყველაზე უფრო საქციელწახდენილობა, გარყვნილება და უტიფრობაც შესრულებულია იმგვარი უბრალოებითა და ძალით, რომელიც მიუთითებს ნაყოფიერ მომავალზე. დედა ხოხლაკოვა - ისტერიით შეპყრობილი, მხოლოდ კლინიკისთვისაა მომწიფებული. მისი ქალიშვილი - ნევრასტენიითაა დაავადებული, ავადმყოფობით, რომელიც წარმოადგენს შებოჭილ ძალთა მქონე კეთილშობილთა ნიშანს.
რომანის პერსონაჟთა მიერ გამოგონილი სულიერი ქარიშხალი უნდა აღნიშნავდეს ევროპის მზის ჩასვენებას?
რა თქმა უნდა, ისინი აღნიშნავენ მას ზუსტად იმგვარადვე, როგორც ჩვენი სულის თვალებით ნებისმიერი ბალახი აღნიშნავს სიცოცხლესა და მის მარადიულობას, და როგორც ნოემბრის ქარის მიერ წაღებული ფოთოლი აღნიშნავს სიკვდილსა და მის გარდაუვალობას. ევროპის დაისი ხომ შესაძლებელია გათამაშდეს მხოლოდ შიგნით, მხოლოდ თაობის სულიერ წიაღში, მხოლოდ მოძველებულ სიმბოლოთა გადასხვაფერებაში, სულიერ ღირებულებათა გადაფასებაში. როგორც ანტიკურობა - ეს პირველი ბრწყინვალე ხორცშესხმა ევროპული კულტურის - დაიღუპა არა ნერონის გამო, არა სპარტაკისა და გერმანელების გამო, არამედ მხოლოდ აზიაში წარმოშობილი აზრით, იმ უბრალო, ძველთუძველესი, მარტივი შეხედულებით, რომელიც არსებობდა უხსოვარი დროიდან, მაგრამ, რომელმაც, სწორედ, იმ დროში შეიძინა იესოს მოძღვრების ფორმა.
რა თქმა უნდა, „კარამაზოვებიც“, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება განვიხილოთ უაღრესად ლიტერატურის პოზიციიდან, როგორც „ხელოვნების ნაწარმოები“. თუკი ქვეცნობიერი მთელი მატერიკისა და მთელი ეპოქის განსახიერდება ერთადერთი წინასწარმეტყველის, მეოცნებეს ზმანებებში, თუკი მან გარეთ ამოხეთქა მის შემზარავ, ხრინწიან ყვირილში, მაშინ ეს ყვირილი შეიძლება, რა თქმა უნდა, განხილულ იქნას პროსოდიის მასწავლებლის თვალსაზრისით. დოსტოევსკი, ეჭვს გარეშეა, იყო მეტად ნიჭიერი მწერალი, მიუხედავად საზარელ შეუსაბამობათა დახვავებისა, რომლითაც აღვსილია მისი წიგნები და რომლისგანაც თავისუფალია რომელიმე მხცოვანი „მხოლოდ მწერალი“, მაგალითად ტურგენევი. ესაიაც4 ასევე მეტად ნიჭიერი მწერალი იყო, მაგრამ, განა მასთან ესაა მნიშვნელოვანი? დოსტოევსკისთან და განსაკუთრებით „კარამაზოვებში“, გამოიძებნება კვალი იმ თითქმის არაბუნებრივი უგემოვნობის, რომელიც არ აქვთ მსახიობებს, რომელიც გვხვდება მხოლოდ იქ, სადაც უკვე დგანან ხელოვნების გარეთ. როგორადაც არ უნდა იყოს, ეს ხელოვანი, ეს რუსი წინასწარმეტყველი ყველგან იძლევა თავისი ძალის შეგრძნების შესაძლებლობებს მსოფლიო ხელოვანის მნიშვნელობის სახით და უცნაურია იფიქრო იმის შესახებ თუ რომელი მწერლები მიიჩნევოდნენ ევროპაში, იმ დროისათვის, დიდ მწერლებად, როდესაც დოსტოევსკის უკვე დაწერილი ჰქონდა ყველა თავისი ნაწარმოები.
მაგრამ მეორეხარისხოვანზე გადავედი. მინდოდა მეთქვა: რაც უფრო ნაკლებად წარმოადგენ ასეთი, მსოფლიო მნიშვნელობის წიგნს, ხელოვნების ნაწარმოებს, მით უფრო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების შემცველი შეიძლება იყოს. ამასთანავე, რა თქმა უნდა, კარამაზოვების „რომანიც“ და „სახეებიც“ ლაპარაკობენ იმდენად ბევრს, გამოთქვამენ იმდენად მნიშვნელოვანს, რომ გეჩვენება ცალკეული ადამიანის ფანტაზიის უნებლიე თამაშად, არა ლიტერატურის ნაწარმოებად. ავიღოთ თუნდაც ასეთი, ყოვლისმოქმედი მაგალითი: რომანში მთავარი ხომ ისაა, რომ კარამაზოვები უდანაშაულონი არიან!
ეს კარამაზოვები, ყველა, ოთხივე, მამა და ვაჟები - საეჭვონნი, საშიშნი, არა საიმედონი არიან; მათ უცნაური ახირებები, უცნაური სინდისი, უცნაური უსინდისობა ახასიათებთ; ერთ-ერთი მათგანი ლოთია, მეორე - ავხორცი, ერთი - ქვეყნიდან გამქცევი ფანტასტია, მეორე - ღვთისმგმობ ქმნილებათა ფარული შემქმნელია. ეს უცნაური ძმები მრავალ საშიშროებას შეიცავენ; ისინი ადამიანებს წვერში სტაცებენ ხელს, ითვისებენ სხვის ფულს, ემუქრებიან მოკვლით და მაინც უდანაშაულონი არიან და მაინც არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია არანაირი რეალური დანაშაული. ამ გრძელ რომანში ერთადერთი მკვლელები, რომელშიდაც საუბარია თითქმის მთლიანად მკვლელობაზე, ძარცვასა და დანაშაულზე, ერთადერთნი, მკვლელობაში ერთადერთი დამნაშავენი არიან - პროკურორი და ნაფიცი მსაჯულები, ძველი, „კეთილი“, დამდგარი წესის დამცველნი, ეს უმწიკვლო მოქალაქეები. ისინი მიუსჯიან სასჯელს უდანაშაულო დიმიტრის, ისინი სჯიან მას უდანაშაულობის გამო, ისინი - მოსამართლეები, ასამართლებენ ღმერთსა და ქვეყნიერებას თავიანთი კანონების მიხედვით; და სწორედ ისინი ცდებიან, სწორედ ისინი სჩადიან საშინელ უსამართლობას, სწორედ ისინი ხდებიან მკვლელები, მკვლელები გულქვაობის, შიშისა და შეზღუდულობის გამო.
ეს უკვე გამონაგონი არაა, ეს უკვე ლიტერატურა აღარაა. ეს არაა დეტექტივისტის (არადა ასეთს წარმოადგენს დოსტოევსკი) გამომგონებლური ვნების ეფექტზე გაანგარიშებული და არც სატირული სიმწვავე გონიერი ავტორის, რომელმაც თავის თავზე აიღო, საზოგადოების გარეთ, კრიტიკოსის როლი. ეს ყოველივე ჩვენთვის ცნობილია, ეს ტონიც ნაცნობია და უკვე დიდი ხანია ჩვენ მას არ ვენდობით! მაგრამ არა, დოსტოევსკისთან დამნაშავეთა უდანაშაულობა და მოსამართლეთა დანაშაული - სრულიადაც არაა რაღაცნაირი ეშმაკური კონსტრუქცია, ასეთი საშინელი, იგი წარმოიშვება და ისე შეუმჩნევლად იზრდება და ისეთ ღრმა ნიადაგიდან, რომ მის წინაშე სრულიად მოულოდნელად გაშეშებული ჩერდებიან, თითქმის წიგნის სულ ბოლოს, როგორც კედლის წინ, როგორც ყოველგვარი ტკივილისა და სამყაროს უაზრობის წინაშე, როგორც კაცობრიობის ყოველგვარი ტანჯვისა და ყოველნაირი შეცდომების წინაშე!
ვთქვი, რომ დოსტოევსკი, არსებითად, მწერალი არაა ან უპირველესად არაა. მე მას წინასწარმეტყველი ვუწოდე. მაგრამ ძნელია, თქვა, რომ ეს საკუთრივ, - წინასწარმეტყველებას ნიშნავდეს! მე მგონია, დაახლოებით შემდეგი: წინასწარმეტყველი - ავადმყოფია, იმგვარადვე, როგორც დოსტოევსკი იყო ნამდვილად ისტერიკი, თითქმის ავზნიანი. წინასწარმეტყველი - ეს ისეთი ავადმყოფია, რომელმაც დაჰკარგა ჯანმრთელობა, კეთილი, თავდაცვის სასარგებლო ინსტიქტი, რომელიც წარმოადგენს ყველა ბურჟუაზიულ სათნოებათა განსახიერებას. წინასწარმეტყველი არ შეიძლება ბევრი იყოს, თორემ მსოფლიო გაცხარდებოდა. ამგვარ ავადმყოფს, დოსტოევსკი იქნება თუ კარამაზოვი, მინიჭებული აქვს უცნაური, ფარული, ავადმყოფური, ღვთაებრივი უნარი, რომელსაც აზიელი პატივსა სცემს თითოეულ გიჟში. იგი წინასწარმეტყველია, იგი - მცოდნეა, ანუ მასში ხალხმა, ეპოქამ, ქვეყანამ ან კონტინენტმა თავისთვის გამოიმუშავა ორგანო, რაღაც საცეცები, იშვიათი, წარმოუდგენლად ნაზი, წარმოუდგენლად კეთილშობილი, დაუჯერებლად მყიფე ორგანო, რომელიც სხვებს არ გააჩნიათ, რომელიც სხვებს დარჩათ, მათდა საბედნიეროდ ჩანასახოვან მდგომარეობაში. ეს საცეცები, ეს ნათელმხილველური ალღო არ უნდა იქნას უხეშად გაგებული, არ უნდა იქნას რაღაც რელიგიურ ტელეფატიად და ფოკუსებად მიჩნეული, თუმცა ეს ნიჭი შეიძლება გამოვლინდეს ამგვარ ექსტრავაგანტურ ფორმებშიც. საქმე უფრო შემდეგში მდგომარეობს, იმაში, რომ ამ სახის ავადმყოფი თავისი სულის მოძრაობას მიმართავს საერთოსაკენ, საკაცობრიოსაკენ. ყოველ ადამიანს აქვს ხილვები, თითოეულ ადამიანს აქვს ფანტაზია, ყოველი ადამიანი ნახულობს სიზმრებს და თითოეულმა ადამიანურმა ხილვამ, თითოეულმა სიზმარმა, თითოეულმა ფანტაზიამ ან აზრმა ქვეცნობიერად ცნობიერებისაკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება შეიძინოს ათასობით განსხვავებული ახსნა და ყოველი მათგანი შეიძლება იყოს სწორი. ნათელმხილველი და წინასწარმეტყველი თავიანთ ხილვებს თვითონ არ განმარტავენ: მისი მტანჯველი კოშმარი მას ახსენებს არა საკუთარ ავადმყოფობას, არა საკუთარ სიკვდილს, არამედ საერთო ავადმყოფობასა და სიკვდილს, რომლის ორგანოსაც, რომლის საცეცებსაც ის წარმოადგენს. ეს საერთო შეიძლება იყოს ოჯახი, პარტია, ხალხი და შეიძლება - მთელი კაცობრიობა.
იმას, რასაც დოსტოევსკის სულში მივეჩვიეთ, ვუწოდოთ - ისტერია, რაღაც დაავადება და უნარი ტანჯვისადმი, კაცობრიობას სამსახური გაუწია მსგავსი ორგანოს სახით, მსგავს გზის მაჩვენებლად და ბარომეტრად; და კაცობრიობა უკვე იწყებს ამის შემჩნევას. უკვე ნახევარი ევროპა, უკვე სულ მცირე აღმოსავლეთ ევროპის ნახევარი, იმყოფება ქაოსის გზაზე, შმაგი სიმთვრალითა და სიწმინდით მიექანება უფსკრულისაკენ და მიიმღერის იმგვარ ლოთურ ჰიმნებს, როგორსაც დიმიტრი კარამაზოვი მღეროდა. ამ ჰიმნებს მასხრად იგდებს განაწყენებული ობივატელი, მაგრამ წმინდანი და ნათელმხილველი ცრემლმორეულნი უსმენენ.
შენიშვნები და განმარტებები:
1.ეპიგრაფად გამოყენებულია გერმანელი ფილოსოფოსის იაკობ ბიომის (1575-1624) ფილოსოფიურ-მისტიკური ტრაქტატიდან - „ავრორა“ - სიტყვები;
2. ინდივიდუაციის პრინციპი (ლათ.) - პირველად ეს ტერმინი გვხვდება თომა აქვინელთან; იყენებს, აგრეთვე, კ. იუნგი ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში;
3. სულიერი არასიჯანსაღე (ინგლ.);
4. ესაია - წინასწარმეტყველი, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის ავტორი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



