
(ზაურ წაქაძის შესანდობარი)
თვალი შევავლე, თან მინდოდა დამენახა, თან არა... წუთისოფლის სამანამდე ისე ჯობდა ებინადრა ჩემს მეხსიერებაში, როგორიც მახსოვდა: ფიქრით სავსე მზერით, აბურდულ-დაბურდული ჭაღარა წარბებით, გაუცინარი სახით, რომელზედაც სხვათათვის დაფარული ტკივილი გართხმულიყო. სანთლისფერი, უსიცოცხლო სახე დავლანდე, ცად წასული კაცის სულთან გაყრილი სახე. მარადისობაში გადაენაცვლა იმერელ მესიტყვეს, უცნაური, არავის მსგავსი ქართული სიტყვების აღმომჩენს და შემთხზველს, საოცარი პერსონაჟების მხატვარს და მძერწავს. არადა, „ვაჟა-ფშაველიანას“ ყდაზე დიდის ამბით მიეწერა თავის დროზე, ზაურ წაქაძე 2037 წლამდე აპირებს ცხოვრებასო. თექვსმეტი წელი მოეპარა მისთვის სიკვდილს, ფოშფოში(მისი სიტყვაა) ნისლი დაშვებულიყო და დასრულებულიყო მისი საწუთრო, მალ-მალე რო ახსენებდა თავის მარგალიტებივით მინიატურებში.
* * *
ბოლთას სცემდა და ბუტბუტით დააბიჯებდა წინ და უკან. ვიღაცაზე იყო გამწყრალი, ეგრევე ეტყობოდა. ვეება ოთახის კუთხეში, დასავლეთის მხარეს, მწვანედ შეღებილ კედელთან იდგა მისი სამუშაო მაგიდა, რომელიც სავსე იყო წიგნებით, გაზეთებით, რედაქციაში შემოსული მასალით, მკითხველის მიერ მოწოდებული ძველი ფოტოებით, სადაც უკვე კარგა ხნის წინ მივიწყებულ გორელებს წააწყდებოდით... რას გაუგებდი, რაზე იყო გაბრაზებული ფიცხი რედაქტორი. ხანდახან მეჩვენებოდა, რო სერვანტესმა საქართველოში იმოგზაურა, იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, სვირში გადაეყარა ზაურ წაქაძეს და „დონ კიხოტი“ სწორედ ამ ფხუკიანი, მაგრამ საოცრად კეთილი კაცის თავგადასავალზე ააგო. აი, ზუსტად ერთი-ერთში იყო, მისი უკვდავი პერსონაჟის ხასიათებს წააწყდებოდი ამ კაცში, რომელიც დულსინია ტობოსელსაც ეგრე უნახავად დახატავდა და გააღმერთებდა და ქარის წისქვილებსაც თავდადებით შეებრძოლებოდა. ერთ სიტყვაზე აპილპილდებოდა, აენთებოდა და რისხვად გადაიქცეოდა, მაგრამ ცუდის გაკეთება არასოდეს შეეძლო.
„რა უბედურებაა, ესა...“ „ეს რა უბედურებაა“ ბურტყუნებდა, მიდი-მოდიოდა და გუმანით მიხვდებოდი, რო ან გაზეთის დაფინანსებაზე უთხრეს უარი და „გორის მოამბის“- თავისი პირმშოს ბედზე სწუხდა, ან კიდევ რაღაც აწყენინეს გამგეობაში, უფრო სწორად მის წინააღმდეგ რაღაც „დაგეგმეს“. სულ შეთქმულება უტრიალებდა. ეგრე გაჭირვება-გაჭირვებით ესწავლა, იმერეთიდან ჩამოსული ყმაწვილკაცი ქართლის შუაგულ ქალაქში დიდი შრომით და გარჯით დამკვიდრებულიყო და უმამოდ გაზრდილს, სამუდამოდ ჩარჩენოდა ცხოვრების შიში, უპატრონობის და წაქცევის შიში... იცოდა, რო მისი წამომყენებელი არავინ იქნებოდა და არც გაემტყუნებოდა, სულ ეგრე ბრძოლა-ბრძოლაში რო იყო ქარის წისქვილებთან. თავიდანვე შეატყვეს, რო კალამი უჭრიდა. იმერული სურნელი, მადლი და ეშხი გასდევდა მის სიტყვას, მის სტრიქონებს. ოთარ ჩხეიძემ აღმოაჩინა, „ბორიაყის“ ავტორმა შეამჩნია განსხვავებული ხელწერის და სხვანაირი სამყაროს მქონე შემოქმედი, რომელიც თხემით ტერფამდე მწერალი იყო. ლიახვში „გატოპა“. გორის ნ. ბარათაშვილის პედაგოგიურ ინსტიტუტში გამომავალ ალმანახ „ლიახვში“ დაიბეჭდა მისი საოცარი მინიატურები და მოთხრობები, რომლებსაც ავტორის სახელის და გვარის მიწერაც არ ჭირდებოდა, ისე გამოარჩევდი, ისე იცნობდი ათას ნაწერში. სხვა ხმით, სხვა ხელწერით, სხვა ნაბიჯებით შემოდიოდა ქართული მწერლობის ოჯახში ზაურ წაქაძე, რომლის მომაჯადოვებელი ენა პირველივე სტრიქონებიდანვე დალოცვილი ქართულის ისეთ სურნელს გაგრძნობინებდა, თონიდან ახლად ამოყრილ დედას პურებს რო ასდის. იმერეთიდან წამოსულს, ქართლის გულში საკუთარი ხელით აეშენებინა სახლი. გორში გაატარა თავისი წუთისოფელი, მაგრამ მაინც იმერეთში იყო, მაინც სვირში დააბიჯებდა. იმერული ესკიზები ცოცხლდებოდა მის პროზაულ ქმნილებებში. როგორი დიალოგები, ხასიათები, ფერები... იმერეთის კოხტა სოფლები ბევრს არ დაუხატავს ისე ცოცხლად ჩვენს მწერლობაში, როგორც „საგაზაფხულო არდადეგების“ ავტორს. სად აღარ იმუშავა, მუშაც იყო და პედაგოგიც, გაზეთის მუშაკიც და რაიკომის მაღალჩინოსანიც, თუმცა მისი საქმე ლიტერატურა იყო, საწერი მაგიდისთვის გაეჩინა დამბადებელს. აი, ბოლოს კი, „გორის მოამბე“ დაიბადა მისი გონებიდან-გორელთათვის ყველაზე საყვარელი და ხელიხელ საგოგმანებელი გაზეთი, რომელიც მხოლოდ გაზეთი არ იყო. „გორის მოამბე“ გორის (და არა მხოლოდ გორის) უკვდავ მეხსიერებად იქცა. ამ გაზეთის რედაქციაში მიმიყვანა დამწყები მწერალი გამჩენმა და ამ დიდი კაცის მწერლურ სამყაროს მაზიარა.
თითქო უხეში ჩანდა, იტყოდი, რო ერთი თბილი სიტყვა არ გაემეტებოდა, საქებარ სიტყვებს ვინ ჩივის, „არაუშავს რა“ რო ეთქვა, ესეც დიდი ამბავი იქნებოდა. რაღაცნაირი კაცი იყო: ჯიუტი, ეჭვიანი, ერთი შეხედვით უხასიათო, ღიმილძვირა. გეგონებოდა, სულ გაბრაზებული დადიოდა, მაგრამ გული ჰქონდა გულაბივით. ყველა უყვარდა, თუმცა ამას უთქმელად უნდა მიმხვდარიყავი, ან თავის რომელიმე მოთხრობაში, რომელიმე პერსონაჟს ათქმევინებდა შენთვის განკუთვნილ სიტყვებს და ამით მოგეფერებოდა... გურამ ვაშაკიძე მიმყვა სულ პირველად ზაურ წაქაძესთან. გურამმა შემაწია სიტყვა და ეგრე შევრჩი „გორის მოამბეს“, ეგრე აღმოვაჩინე ეს საოცარი მწერალი, თავისი იდუმალი სამყაროთი, ეგრე აღმოვაჩინე „გორის მოამბელები“, რომლებთან ერთად წლები გავატარე. ადვილი არ იყო, თვრამეტი წლის ყმაწვილს მისი საყვედურებისთვის გაგეძლო.
„ეს რა არის?“
„ასე როგორ უნდა წერო?“
„ვინ წაიკითხავს ამას?!“
„რა უბედურებაა!“
„ამბავი უნდა იყოს, ამბავი!“
და ვხედავდი, ჩემი დაწერილი წერილები, ნარკვევები როგორ იყო დასახიჩრებული მისი დაუნდობელი წითელი კალმით. არადა, თურმე როგორ მჭირდებოდა, სხვანაირად როგორ გავიზრდებოდი... სხვანაირად ქართული სიტყვის ტანჯვას მივეჩვეოდი. და ერთხელაც უცნაური სიტყვები აღმოაჩინა ჩემს ერთ-ერთ წერილში. უცნაური სიტყვებით იმას ვინ გააკვირვებდა, მეთუნესავით უჯდა და ზელდა ქართულ სიტყვებს, „ამოჰყავდა და ამოჰყავდა“ საოცარი ფრაზები, დახატული სიტყვებით მოჩუქურთმებული წინადადებები.
- სად გაიგონე ეს სიტყვები?
- დედაჩემისგან გავიგონე, ბატონო ზაურ!
ადგა და „გორის მოამბის ლექსიკონი”დაარქვა რუბრიკას, სადაც ჩემი მონცვრეული სიტყვები, დედაჩემის „კალთიდან“ აცენცილი სიტვები იბეჭდებოდა, რომელთაც ვერც ერთ ლექსიკონში ვერ წააწყდებოდი. ღიმილი არ იცოდა. ვერ გაიგებდი, რა უხაროდა და რა სწყინდა. ერთადერთი, შერგილზე თუ გაიცინებდა და ამას გაცინება არ ერქვა-ზანზარებდა რედაქციის იატაკი. შემოვარდებოდა ფათი-ფუთა შერგილ სუხიტაშვილი, ცხონებული, და რაღაცას ისეთს იტყოდა, მიამიტურად, დაუფიქრებლად, გადაბჟირებამდე იცინოდა, ტიტიბისფრად სახეალაპლაპებული ზაურ წაქაძე. ხარხარებდა და თან დააყოლებდა ხოლმე: „ოხ, შერგილ, შენ შეგჭამოს მგელმა!“ იდგა შერგილი, რაღაცნაირად აწოწილი, ჭაღარა თმაგაბურძგნული, იღლიაში საქაღალდეამოჩრილი და თვითონაც იცინოდა უფროსის სიცილზე, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ვერ ხვდებოდა, რა აცინებდა რედაქტორს, რა თქვა ისეთი?
ჩემი ტუქსვა თითქმის ყოველდღე გრძელდებოდა. ის კი არა, ერთი ხანობა ლამის გამოვიხურე კარი და წამოვედი. აღარ მინდოდა ამდენი საყვედურის მოსმენა და ერთხელაც სამამულო ომში უგზო-უგკვლოდ დაკარგული ერთი გორელი კაცის შესახებ ნარკვევის დაწერა დამავალა. წავედი, ძლივს ვიპოვე იმ კაცის ოჯახი, უფრო სწორად ლოგინად ჩავარდნილი, ომში გაუჩინარებული კაცის ქვრივი. მათ სიყვარულზე უნდა დამეწერა წერილი. დღეებდათვლილმა ქალმა რაც მიამბო, მიამბო, დანარჩენი მე მოვიგონე. წერილი ასე იწყებოდა: „დაორქთლილ მინაზე ზანტად მოგორავს წვიმის წვეთები...“ მივუტანე ზაურ წაქაძეს. „ვიცი, რო ისევ დამიწუნებს, ისევ საყვედურს მეტყვის.“ - ვფიქრობდი ჩემთვის. ჩაავლო თავისი ბასრი თვალი ჩემს ნაწერს. კარგა ხანს დუმდა, ტუჩებს აცმაცუნებდა. მერე თავი აწია და მითხრა:
- ამაზე ნაკლები წერილი აღარ მომიტანო! - თქვა და ღიმილის მსგავსი გამოეპარა თვალებიდან.
* * *
რედაქციის მეორე, ციცქნა ოთახში ვიყავით შეყუჟულები „გორის მოამბელები“. წრიპინებდა მაშინ ჯერ კიდევ „ახალ ხილად“ მიღებული პრინტერი და ცინცხალი ამბებით სუნთქავდა გაზეთი, რომელიც მხოლოდ ახალი ამბების მკითხველთან მიტანის მიზნით არ გამოდიოდა, გასული წლების გორს და გორელებს აცოცხლებდა და ქალაქის მატიანედ ქცეულიყო. იმერელ კაცს არავინ და არაფერი დარჩენია, ყველა გარდაცვლილი, ან ჯერაც ცოცხალი და თვალსაწიერიდან გამქრალი გორელი გამოსტაცა დავიწყების ულმობელს ნისლს. რედაქციის თანამშრომელთათვის ის მხოლოდ ბატონო ზაური იყო. მას ყველა ასე მიმართავდა, ერთი კაცის გარდა, ეს იყო ოთხმოცს გადაცელილი ვასო ბიბილური, ჩვენი ძია ვასო, რომელთანაც მისი ასაკისა და დამსახურების გამო განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდა ზაურ წაქაძეს და ისიც მხოლოდ ზაურს(„ბატონოს“ გარეშე) დასძახოდა. ჭაღარა, ჩია, კეთილშობილებით სავსე კაცი იყო დედით და მამით წარჩინებულთა შთამომავალი ვასო ბიბილური, რომელიც განუყრელი, თავისი წუთისოფელივით გალეული ალუმინის სახაზავით უჯდა მოცუცქნულ საწერ მაგიდას და გაზეთის ახალი ნომრის მაკეტს ხაზავდა.
* * *
უკვე შეღამებულიყო. არც ელექტრონის შუქი ჩანდა და არც მთვარის ნათელი. წყვდიადში ჩაძირულიყო ვეება, ნაადრევი სუსხით გაძარცვული ბებერი კაკლის ქვეშ შეყუჟული აგურის სახლი, რომლის ჭერქვეშ ზაურ წაქაძის პერსონაჟთა ლანდები დააბიჯებდნენ. ხანდახან წამოიკივლებდა ჭოტი, რომლის წამიერი, არაფრის მსგავსი ხმა გადაფარავდა ტალღებჩამცხრალი ლიახვის შხუილს. ლამპა ენთო სახლში და ფხვენისური შემოდგომის წყვდიადს ერკინებოდა მისი უმწეო, მაგრამ ჟინიანი სინათლე. საწერ მაგიდას მიხორცებოდა სვანურქუდიანი ჭაღარა კაცი და ხანდახან იდუმალი არსებებით გარემოცული, რაღაც გაურკვეველს წამოიძახებდა...
* * *
გაზეთი დაუხურეს, რედაქცია გამოუკეტეს... დადიოდა ეგრე თავზარდაცემული, სახეაჭრილი, თვალებარეული, ადგილდაკარგული... თითქო კალამიც აღარ ემორჩილებოდა, თითქო შთაგონებაც დაკარგა და რაღა ფასი აქვს ასეთ სიცოცხლეს მწერლისთვის, როცა საკუთარი სამყაროს გარეთ რჩები, როგორც ედემბაღიდან განდევნილი, ღმერთგამწყრალი ადამი. იტყოდი, რო საკუთარი გმირებიც დაუბრებოდნენ, საკუთარ პერსონაჟებსაც ეღალატათ. დასრულებულიყო მისი წუთისოფელი, როგორც უღიმ-ღამო დღეების გროვა, როგორც ალაგ-ალაგ ამოგლეჯილი შავ-თეთრი კინო-კადრები... ბევრი რამის დაწერაზე ოცნებობდა, თუმცა რაც შექმნა, რა შედევრებსაც უტოვდა ხალხს, ისიც არ წაეკითხათ. შენდობის არმქონე შინაური მღვდლის უცნაური ხვედრის მქონე კაცი დაუფასებელი წავიდა... და დღესაც არ იცის ჩვენმა ხალხმა ქართული სიტყვის როგორი მეჩუქურთმე დაკარგა. კვერნაქის სასაფლაოზე ერთ უბრალო საფლავად ქცეულა მოფერების და აღიარების გარეშე ჩუმად წასული დიდი მწერლის საოცარი წუთისოფელი.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



