
1.
ჩიბა რომ დაბადებულა, გარეუბნის ცარცისფრად შებეთქილ სამშობიაროს ეზოს ძაღლები ხმაურით მისდგომიან, თითქოს წინასწარ ეგრძნოთ, ახალშობილს მსგავსი ცხოვრება რომ ექნებოდა და ამ ქვეყანაზე თავისიანის მოვლინებას ომახიანად ზეიმობდნენ, ფინიების საწყალობელი წკმუტუნი რომ გადაეფარათ. რახან ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად კატებისთვისაც არ ეცალათ და ისინიც ლაღად კნაოდნენ, თითქოს ნიშნს უგებენო, ცხოვრება რახან ყეფაში გაგყავთ, სიკვდილი ჩაძაღლებად შეგერაცხებათო. ჩიბას ამეების დანახვა რომ შეძლებოდა, მხრებს აიჩეჩდა გაუგებრობისგან. ეს ხომ რაღაც კინოს მაგვარი იქნებოდა, რომელშიც ათასობით სულდგმული იღებდა მონაწილეობს, როგორც მასობრივი სცენის გადაღებისას. ფრინველები გულითადად ჭიკჭიკებენ, გამვლელები გულგრილად მიმოდიან, თვითონ კი არცერთი მათგანი არ არის. ხოლო დროს, ამ სცენათა მარადიულ მემონტაჟეს, მწირი ხარაჩოების ზედმიწევნით შემკოწიწებელს, ზედ ჭრელ ფარდაგთა დამფენსა და დაფნებით შემკობილ სახელგანთქმულ მოღვაწეთა პანთეონამდე მიმცილებელს, ყველანი უნდა გაემჟღავნებინა, ვისაც უკუღმართობა სიცოცხლის კალაპოტად ექცია. პატიოსანთა ფარული ზრახვა იქნებოდა ეს, უპატიოსნოთა ზნე, მორჩილთა სიჯიუტე თუ ჯიუტთა მორჩილება, ერთი სიტყვით წარმატებულნიც და წარუმატებელნიც. რას არ ჩაიდენდა მათ გამოსავლენად, კაცთა მოდგმის შემხედვარე მარადიულ წიკწიკს რომ მისცემოდა გულისწამღები ამოოხვრითა და მოთქმით, გეგონება უკმაყოფილებას თავის კანტურით გამოხატავსო.
ეს სურათი, შემდგომში მამამისმა ძუნწი შტრიხებით რომ აღუწერა, ჩიბამ ბევრჯერ გამოსახა ქაღალდის ნაგლეჯზე შავი ფანქრებით. ფუნჯი და ფერადი საღებავი იმდენად ძვირი ღირდა, ვერასოდეს შესწვდებოდა, მამამისი კი ყოველგვარ წარმოსახვას მკაცრად უკრძალავდა, სისულელეებს შეეშვი და ლურსმანს და ჩაქუჩს მოჰკიდე ხელი, როგორც ჭეშმარიტ მამაკაცს შეჰფერისო. ახალშობილს კლიმენტი მან დაარქვა, რაც მოწყალეს ნიშნავდა, რადგან ჩათვალა, რომ სიმდიდრეც იგულისხებოდა, თორემ უქონელს რა უნდა გაეცა. თუმცა შემდგომში ყველანი ჩიბას ეძახდნენ. შესაძლოა იმიტომაც, ტანი რომ ვერაფრით აიყარა, ან იმ მიზეზით, მამამისი დაფხავებულ სამშობიაროსთან გაუთავებელი ბოლთის ცემისას, როცა პირქუში დარაჯი ძაღლებზე ჩიოდა, ეს ოღრაშები ასე ერთად რამ შეჰყარაო, იგი წამდაუწუმ ჩიბუხს რომ აბოლებდა, ანდა სულაც მჩხიბავთა გამო, ჩიბას მშობლები შემდგომში ხშირად რომ აკითხავდნენ, რადგანაც ჩვილს ორმოცი დღის განმავლობაში ხურვები აღენიშნებოდა, მაღალი სიცხეები თრგუნავდა და ფილტვების ანთებით იტანჯებოდა. დედამისს კი ექიმბაშის გამოწერილ რეცეპტზე მეტად მკითხავის ბჟუტურის სჯეროდა, აკადემიური ტონით რომ მოუთხრობდა თავის უბადრუკ ხილვებზე, თანაც რაც შეიძლება ხატოვნად, მსმენელს გული რომ აჩუყებოდა და ცრემლი მორეოდა. შელოცვის რიტუალს გროშებით სავსე ქისის ჩხრიალით აღმატებულ ჯადოსნობას ჰმატებდა, თითქოს მომნუსხველი გველხოკერებს განაგდებსო. მოკლედ ზედმეტად არტისტული ჟესტებით აღასრულებდა მისნობას, მინიშნებათა ახსნას კი პათეტიკური აღმაფრენით ცდილობდა: - მხედარი ცხენზე, მენიჩბე ნავში, ადამიანის გარეშე ქვეყნად არაფერი ხდებაო. ამას ისე დაბეჯითებით იმეორებდა, თითქოს მართლაც ჩაეხედა სამყაროს იდუმალ განგებულებაში, ცნობისმოყვარე ხალხს რითაც იტყუებდა ყავის ფინჯნებსა და ბანქოს ქაღალდებთან, რათა საბურველში გახვეულ ოთახში მყოფთათვის უკანასკნელი დანაზოგები დაეცინცლა. უფრო ჩიბას მამაზე ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას, რადგან დედამისის გული ისედაც მოგებული ჰქონდა, მამამისი კი დაეჭვებით შეჰყურებდა ფანჯრას, საიდანაც ვრცელი მინდორი მოჩანდა და ჭრიჭინები გამაყრუებლად კუთვდნენ, გეგონება განსხეულების გარეშე დარჩენილ სულთა ფუსფუსი ყოფილიყო. გულის გამაწვრილებელ ბგერებს მთელი შემოგარენი მოეცვა, ჩიბას მამას თავის უბადრუკ სახელოსნოს რომ აგონებდა ხერხისა და შალაშინის მონოტონური ხმით. თავისი დაზგა ენატრებოდა და ერთი სული ჰქონდა, იქიდან წამოსულიყო, ჭეშმარიტ ხმაურში რომ ედურთა თავი, რომელსაც იმით იმშვიდებდა, ამას ყველაფერს შვილის გულისთვის ვაკეთებო.
შემდგომში, ჩიბა რომ წამოიზარდა და ცხოვრების ბევრ წვრილმანში გაერკვა, მკითხავის სახლისკენ აღარც გაუხედავს. იქით ჩავლასაც კი უფრთხოდა, თითქოს მდუღარე გადაასხესო. ტერიტორიას, სადაც ჩიბას ოჯახი ცხოვრობდა, კოლტის სადგომი ერქვა. ეს სახელწოდება ღორებთან ასოცირდებოდა. იქ ადრევე ყოფილან ამ პირუტყვის მოშენებით დაკავებულნი და ტრადიციას დღესაც გულმოდგინედ აგრძელებდნენ. დასახლების დამახასიათებელი ბგერები დასაკლავად განწირულ ღორთა გამაბეზრებელი ჭყვიტინი იყო. ზოგადად ფეშენ ადგილას თუ არ ცხოვრობ, გაპარტახებულ უბანს ეჩვევი, სადაც უსწორმასწორო გზების მეტს რას ნახავ. თვალი რომც დახუჭო, იქაურობას გაუხშოებული ჰაერითაც იგრძნობ. პროდუქტებით მწირად დამარაგებულ მაღაზიას გზაჯვარედინზე თუ წააწყდები, გამწვევ პუნქტსა და ვულკანიზაციას შორის, სადაც შედარებით მეტი რაოდენობის ხალხი ირევა, ფარღალალა აბრას კი მკაცრი წარწერა ამშვენებს, ნისია არ გაიცემაო. გადამგდები ხალხი ყელში ამოსვლოდათ. უკვირდათ კიდეც, აქამდე ისე როგორ მოვატანეთ, მეპატრონე არ გავაკოტრეთო. ბეცთა სიყოყოჩე ყოყმანშიც იმხელება, მსგავსად ამ მაღაზიის დამფუძნებლის მოზღუდული წეს-ჩვეულებისა, ქველმოქმედების ღვაწლი უფულობას რომ მოესაზღვრა, მაგრამ სიბილწეს ვერ შეერყვნა. თვეში ერთხელ, როცა თავს წილის გატანის უფლებას აძლევდა, წვრილ ფულს თუ ააგროვებდა, რაზეც მისი ჩხარუნა ჯიბეები მეტყველებდა. თუმცა ხელის გამართვა ვერც კაცთა უმადურობამ გადააფიქრებინა, რადგან ღარიბთა მოდგმას ეკუთვნოდა და ქედმაღლობის ვნება მისთვის უცხო იყო.
ჩიბას ზოგჯერ გორებს შეღმა ჩვეოდა ხეტიალი. იქ ბუმბერაზი ფიჭვი ეგულებოდა ვეება გირჩებით, თითქოს მკერდი მედლებით ჰქონოდა დახუნძლული. მსხვილ ტოტებქვეშ წამოწვებოდა და ფიქრობდა, ეს ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნისო, როგორც კენწეროები ვერ იხელთებენო მიწას. შინ მხოლოდ საღამოს მობრუნდებოდა, ოღროჩოღრო ქუჩაზე განლაგებული ზორბა და უგემოვნო სახლები რაც შეიძლება გვიან რომ ეხილა, რადგან დამთრგუნველ განწყობას აღუძრავდა. ფანრების მიმქრალ შუქზე რუხ ჩრდილებად ქცეული შენობები ისე ქანაობდა, გეგონება მიწისძვრის მსუბუქმა ბიძგმა შეაყანყალაო. ზოგიერთი სახლი მართლაც კორპუსივით წოწოლა იყო. უცებ ამოვარდნილი ქარიც კი შეატორტმანებდა და ანტენებზე გადაჭიმულ სადენებს მავთულხლართებივით ბურდავდა. ამდენი უვარგისობისა და ნაკლოვანების მიუხედავად ჩიბა აქაურობას სიკვდილამდე შერჩებოდა, თუნდაც ყოველი დღე ბუზღუნსა და ზლუქუნში დაეღამებინა. იგი ადრე დაობლდა და ცხოვრების პირისპირ შერჩენილი გვიანობამდე მარტოდმარტო ხეტიალობდა. ვერც გაამტყუნებდი, გამოყრუებულ სახლში ყოფნას თუ გაურბოდა. მაგიდაზე მშობლების ფოტო ედო, პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული. მათთან გულითად საუბარს ცდილობდა, მაგრამ თვალს ვერ უსწორებდა. თუმცა დროთა განმავლობაში ამგვარი ურთიერთობაც ამოწურავდა თავს.
ჩიბას ამქვეყნიურ სიამეთა მოპოვება რომც განეზრახა, მას მერე, რაც მამამისმა ვალების გამო სახელოსნო გაყიდა, იმდენად უმნიშვნელო ქონება დარჩა, ანდერძი წაკითხვადაც არ ეღირებოდა. თუმცა ამასაც ვერაფერს შემატებდა. თავს იმითღა იმხნევებდა, რაც გამაჩნია, ის უნდა შევირგოო. არასწორ საქმეზე წასვლას რომ გადაწყვეტდა, ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, ფეხსაცმლებს ჩლიქებზე ვირგებო. ფული რომც ეშოვა, რა მნიშვნელობა ექნებოდა, თუკი სულს გაიჩანაგებდა. თავს ჩიხის მცხოვრებად მიიჩნევდა, მაგრამ წუწუნი არ ჩვეოდა და საკუთარ განცდებს არავის უმხელდა. გულჩათხრობილი ვინმე იყო, თვალებს ორმოში ჩავარდნილივით რომ აცეცებდა, საიდანაც თვითონვე უნდა დაეღწია როგორმე თავი. სიცოცხლის ყოველი დღე ისედაც ბრძოლას ეძღვნებოდა, სადაც ის ხმალი უნდა ექნია, რომელსაც ზემოდან უწვდიდნენ. ზოგი თანაგრძნობით ჩასჩიჩინებდა, ცაში ფარიკაობას შეეშვი და იქ იღვაწე, სადაც დაგადგინესო, მაგრამ ჩიბა ყურს არ უგდებდა, რადგან მიაჩნდა, მკაცრი განსჯა მხოლოდ იმას ემსახურებოდა, სხვებისთვის რომ ეჩვენებინათ, რაოდენ მოწყალენი იყვნენ მათ მიმართ. ეგებ სწორედ მაშინ იქცეოდა მართებულად, როცა საყვედურებს ისმენდა და მაინც თავისას განაგრძობდა. მათ რჩევა-დარიგებას განსაცდელის ჟამსაც არ შეისმენდა, თვითონ კი გამოსავალს ვერ აგნებდა, თითქოს კლდოვან ქანებში მომხვდარიყო პირდაფჩენილ ნაპრალებს შორის. სხვა გზას ადგა, სადაც ჩალისფერს ჭაობისფერი ჭარბობდა. მდუმარე სასაფლაოს რომ ჩაუვლიდა, მთვარის შუქზე ზოგან თეთრად გაიელვებდა მარმარილო, გეგონება სივრცეში ქვა გაჭახუნდაო. აქ განისვენებდნენ მისი მშობლები, ამაგს რომ ვეღარაფრით გადაუხდიდა. არც შვილი ჰყავდა, ეს სიკეთე მისთვის მიეზღო. ადრე აქ თუ მოუწევდა ჩავლა, მათ საფლავებს ყოველთვის აკითხავდა. ახლა კი ნაბიჯსაც არ ანელებდა. ცხოვრების მკაცრი განრიგის გამო ვეღარ იცლიდა. ერთ დროს ფუსფუსა მოხუცები აღარსად ჩანდნენ, თითქოს ლაბირინთში ჩაიკარგნენო. ახალგაზრდებიც ტოვებდნენ აქაურობას, გეგონება საკუთარ ჩრდილებს გაურბიანო. მაგრამ თავგანწირვა გაღწევაზე მეტად ხანგრძლივ ჭაპანწყვეტაში გამოიხატება. ყოველთვის მრავლად გამოჩნდებოდნენ ჭინკები, ჭაბუკებს რომ შეუჩნდებოდნენ უფსკრულისკენ წასასხმელად. თუმცა ხანშიშესულებსაც მარჯვედ მიერეკებოდნენ...
ჩიბას სახლის დანახვა შორიდანვე სევდას ჰგვრიდა. ზედ მომცრო ფარდული ისე მიედგათ, თითქოს ბავშვისთვის ჩაეკიდებინა ხელი, ცელქობის გამო რომ სჯიდა და ტუქსავდა. ჩიბამ ღია ფანჯრიდან ძირს გადმოცვენილი ფურცლები შენიშნა, ტროტუართან მიმოფანტული. ქვითრების შენახვას მშობლებმა დააჩვიეს. გადასახადების შეკვრას ჩვეულებრივ რაფაზე დებდნენ და არც ჩიბას შეუცვლია ადგილი. ამ შემთხვევამ ძველი დრო გაახსენა და ხვალვე საფლავზე მივალო, განიზრახა. ქაღალდები წამოკრიფა და პარმაღთან შედგა. ქუჩა ღრიანცელს მოეცვა. მთვრალი გამვლელები რაღაც აბდაუბდას გაჰყვიროდნენ პათეტიკურად, გეგონება გამოსავალს მიაგნესო. ეს სცენა მისთვის ნაცნობი იყო. ზოგჯერ ჩიბაც თვრებოდა და როცა შინისკენ მიბანცალებდა, ჯაგებში ჯოგის საძებნად გამოსულ მწყემსს ჰგავდა. ამ დროს წყვდიადი ერჩივნა კიდეც, თუმცა ასეთ ყიამეთში ვის უნდა გადაყროდა. აქაურობა, უსაზღვრობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ჩიბამ ხუთი თითივით იცოდა. გზის გასაგრძელებლად სანათსაც არ საჭიროებდა. მზის ჩასვლისას კრამიტები წითლად ელავდა, თითქოს ფაშფაშა მზარეულს ღვეზელების დაცხობისას ცეცხლი მეტი მოსვლოდა და გვერდები დაბრაწოდა. ქვაღორღიანი მიწაყრილი სადღაც შორს უგრძეს ტრასას უერთდებოდა. ასფალტი სალესი ქვასავით პრიალებდა. ზედ იმდენი მანქანა მიმოდიოდა, სიგნალების ხმა აქამდეც აღწევდა. ჩიბამ ჯერ იქით მიმართა მზერა, მერე კი მშობლიურ უბანს გამოხედა, ბანალურ გამოწვევებს როგორღაც რომ უმკლავდებოდა და პირვანდელ იერსახეს ინარჩუნებდა. ცვლილებების აყოლა აჩრდილებთან ამხედრებას ნიშნავდა. ღარიბთა ცხოვრება ხანძრიდან თავის დაღწევას ჰგავს, ცეცხლს რომ გადაურჩნენ, მაგრამ გაუმჭვარტლავი არ დარჩენილან. გაბოლილ და ბათქაშჩამოყრილ კედლებს გულგრილად შეჰყურებდნენ. ამ ქვეყანაზე ვის რა შერჩენია, ხოლო ანგელოზთა კუთვნილებად რაც არ იქცა, ეშმაკები დაეპატრონენ.
2.
ჩიბამ დილიდანვე მიაკითხა მშობლების საფლავს და იქ დიდხანს დაჰყო. ძველ ამბებს იგონებდა და მომავალზე ფიქრობდა. უმუშევრად დიდხანს ვერ გავქაჩავო, დაასკვნა. ერთი-ორ კაპიკს ბოთლების ჩაბარებითა და ვაგზალზე ბარგის გადაზიდვით შოულობდა, მაგრამ ეს ვერაფერი ხეირი იყო. რაღაც გამოსავალი უნდა მოენახა. საფლავის ქვა კი დუმდა, თითქოს ყველაფერი უკვე ნათქვამი ყოფილიყო. უცებ აზრმა გაუელვა, დღეს რაღაც გზა უთუოდ გამოჩნდებაო და სიმხნევე იგრძნო. იქიდან წამოსული მაღაზიას მიადგა მინერალური წყლის საყიდლად. გამწვევ პუნქტთან მეზობლად მცხოვრები შოთას ბიჭი შენიშნა და თავისთან უხმო, რაო, ჯარში ხომ არ მიდიხარო. მან თავი დაუქნია.
-მხოლოდ შენ გაგიწვიეს?
შოთას ბიჭმა მხრები აიჩეჩა, სხვებს ალბათ პატრონი გამოუჩნდაო. რახან მარტომ უნდა დაიცვა ეს ვრცელი ქვეყანა, დამატებით პასუხისმგებლობას განიჭებსო, გაუღიმა ჩიბამ. მერე მაღაზიაში კანფეტები ააწონინა შოთას ბიჭისთვის, სანამ გარნიზონში გაგამწესებენ, ცოტას გაერთობიო. შოთას ბიჭმა გამოართვა და დაემშვიდობა. ჩიბა კი ყიალი განაგრძო, უმიზნო სულაც რომ არ გამოდგა, რადგან სწორედ მაშინ გადააწყდა დაფხავებულ საამქროს, სადაც კომბენეზონში გამოწყობილი ხელოსნები ხის სადგამებს მართავდნენ საწოლისთვის. ფარდულიდან ჩარხის ზუზუნი მოისმოდა. ჰაერში ბურბუშელა ტრიალებდა ნახერხის სურნელით. მაგიდაზე ნახაზებით აჭრელებული წიგნი იდო, ყდაზე გამოსახული ჩუქურთმით. ეტყობა, მცდელობა ჰქონდათ, ამ საქმეს დაუფლებოდნენ, სხვაგვარ ნიჭს რომ საჭიროებდა. იქნებ ხელიც ჩაიქნიეს. ჩიბას მოსვლის მიზეზი რომ ჰკითხეს, სამუშაოს ვეძებო, უპასუხა.
-რაიმე ხელობას ფლობ?
-ჩუქურთმის გამოჭრას შევძლებდი! - მიუთითა წიგნზე.
-აბა, პრაქტიკულად გვიჩვენე! - საამქროს უფროსმა ხის ნაჭერი და საჭრეთელი გამოუტანა. გარკვეული დროის შემდეგ ნიმუშს რომ დახედა, მოუწონა, მაგრამ აღტაცება არ გამოუხატავს, ბევრს მომთხოვოსო. ისე კი ჰკითხა, გასამრჯელოდ რამდენს დასჯერდებიო. ნახელავი აგერ არის და თვითონვე შეაფასეთო, იხტიბარი არ გაიტეხა ჩიბამ. პასუხზე ორ-სამ დღეში დაიბარა.
-იქნებ ეს წიგნი გამატანოთ! - ითხოვა წასვლისას.
ზოგადად ჩიბას ასე ჩვეოდა - რასაც ხელს მოჰკიდებდა, იმ საქმით ინუსხებოდა. პირველ რიგში ნახაზების წიგნი გადაღეჭა. წვრილი შრიფტის გამოისობით თვალები ამოიღამა, მაგრამ კითხვას ჯიქურ განაგრძობდა. დროდადრო გამადიდებელ შუშასაც იყენებდა. ზოგიერთ საკითხს ხელახლა უბრუნდებოდა და თემას ამოწურვამდე ჩაჰკირკიტებდა. მასალა ისე სრულყოფილად შეისწავლა, ამ უბადრუკ დასახლებაში ბადალი არ ეყოლებოდა. მერე ზედიზედ გამოჰყავდა ორნამენტებით გამშვენებული გეომეტრიული ფიგურები, შემდგომში დიდი მოწონებით რომ სარგებლობდა და მალე სახელიც გაუვარდა. საამქროში მაშინვე მიიღეს სამუშაოდ. ტელეფონი წამდაუწუმ წკრიალებდა. ძირითადად იმას ჰკითხულობდნენ, საწოლებს სად ამზადებთო, პასუხს კი მყისვე მეორე შეკითხვას მოაყოლებდნენ, ნუთუ ღორების სასაკლაოს გულისხმობთო, ჩვენც გვივლიაო მაგ წუმპეებსა და ტალახებში, მანდ დამკვიდრება რამ მოგაფიქრებინათო, ოხუნჯობდნენ. ამას გაუტარებდნენ, აბა, პირში ხომ არ მიახლიდნენ, როგორ იხსენებ ჩვენს უბანსო. ოღონდაც საამქროსთვის მოეგნოთ და რას დაეძებდნენ. ყოველი ზარი ჩიბასთვისაც ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ნიშნავდა.
3.
ერთიხანობა ჩიბაც შეეპყრო ცრუ წარმოსახვებს. საამქროში მოკლე გზით რომ წასულიყო, მკითხავის სახლთან მოუწევდა ჩავლა. ეს კი მძიმე მოგონებებს აღუძრავდა. ერთმა ადგილობრივმა ლოთმა, აშუღს რომ ეძახდნენ, ლექსიც კი უძღვნა:
სოფლის მკითხავს და მჩხიბავს, რად გაურბიხარ, ჩიბა?
ტვინს მეტად რომ შეგიჭამს, ფულსაც მეტს ჩაიჯიბავს!
ამიტომაც არჩევდა შორი გზით შემოვლას, სადაც ერთხელ ქრისტიანთა თემს გადააწყდა. საკვამურებს მიღმა ეკლესიის გუმბათი ჩანდა. სულ მცირედით უნდა გადაეხვია ქუჩიდან. „რომელნი ვარსკვლავსა მსახურებდნენ, ვარსკვლავისგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი“- გაისმა მჭექარედ, რომელსაც ზარის შემოკვრაც მოჰყვა. მჭახე ბგერები ჰაერსაც კი ასპეტაკებდა. ამიტომაც ჩათვალა, ვინც ქრისტიანთა თემს მიადგა, სწორ გზას მიაგნოო. ოღონდ მოწიწება უნდა შეენარჩუნებინა და საშინელ საიდუმლოს არ გაშინაურებოდა. როცა ერთბაშად ბევრ მარგალიტს ნახავ, თვალს აჩვევ და ძვირფასეულობად ვეღარ აღიქვამ. აქ მოსული კი თუ კვლავ განუდექი, გაცილებით უარესიაო, გაეგონა.
ჩიბა ტაძარში ფეხაკრეფით შევიდა, მაგრამ სტოას არ გაცილებია. ტიხართან ტახტრევანი იდგა, ეტყობა იმისთვის, თუკი ეპისკოპოსი ინებებდა მობრძანებას. სრულყოფილ ნაკეთობას წუნი მაინც გამოუძებნა, ზოგიერთ დეტალს მე სხვანაირად გადავწყვეტდიო. ეს იოლად გამოსწორდებოდა, თუკი ინებებდნენ. ანალოგიასთან მდგარი მედავითნე ვეებერთელა წიგნს ფურცლავდა. ტექსტს ისე გამოთქმით კითხულობდა, სიტყვები ქრებოდა და შინაარსად გარდაიქმნებოდა. ჩიბა მისთვის უცხო და ფერად სამყაროს აღტაცებით შეჰყურებდა. იმდენად წარმტაცი იყო ყოველივე და საკმევლის სურნელით გაჯერებული, ნეტავ ადრე მოვსულიყავიო, ინატრა.
ტაძრიდან გამოსულმა მრევლს გახედა, წირვის მსვლელობისას გარეთ რომ იდგნენ. ასაკოვნები ნორჩებისგან განსხვავებით ხმას არ იღებდნენ, გეგონება მათზე რაღაც ღვთაებრივი მინიშნება განხორციელებულიყო. მზერა მიწისთვის დაებჯინათ მსგავსად ქვის გოლიათისა, ჩიბას ისტორიული შენობის თაღზე რომ ენახა. არც შემართებას ავლენდნენ, ადრე ამგვარი ვნება უთუოდ რომ ექნებოდათ. თავი ჩაექინდრათ და მოკაშკაშე კელაპტრებს ჩამქრალი თვალებით შესჩერებოდნენ, უმთვარო ღამეებს რომ მიუგავდათ და დასასრულის გარდუვალობას გამოხატავდნენ.
დამწყები მორწმუნეები მომცრო ბორცვებზე აბობღებულ მოხალისეებს ჰგავდნენ, ყიჟინის დამცემთ, უმაღლესი მწვერვალი დავიპყარითო. ძველებისგან განსხვავებით გულღიად ლაზღანდარობდნენ. მომავალზე ისე ჰაიჰარად მსჯელობდნენ, აშკარად ემიგრაციაში გადახვეწას გეგმავდნენ. თუმცა ერთმანეთიც არ ეთმობოდათ, იქაც ერთად უნდა შევიყაროთო. იმდენად ესწრაფვოდნენ უცხოეთს, ბრეზენტივით გადაჭიმულ მინდორშიც რომ აღმოჩენილიყვნენ, წარმატების ნიშნებს იქაც იპოვიდნენ. თავისუფალი ევროპის ცისქვეშეთი იზიდავდათ, სადაც მათი წარმოდგენით ვარსკვლავებით დაჭორფლილ ღამეებში ციური სხეულებით მოფენილი ცა ცივი ციაგით დასცქეროდა აღმოსავლეთზე გაცილებით წინ წასულ ცივილიზაციას. მიაჩნდათ, რომ იქ, აქაურობისგან განსხვავებით, თავშესაფრიდან გამოყრილ მდგმურთა და უსახლკაროთა კრებულს კი არ ემგვანებოდნენ, არამედ შთამბეჭდავად იცხოვრებდნენ. მოშიშნი როგორ არ იყვნენ, მაგრამ საცდურს ისე მოეცვათ, ლამის საკუთარ გულწრფელობაში შეეტანათ ეჭვი. ორი განუშორებელი წყვილის, გულისა და საუნჯის სათუთ ურთიერთობას ამის გამოისობით სერიოზული ბზარი გასჩენოდა. ნუთუ ეს კურთხეული მიწა ოდესმე წარმართებს დარჩებოდათ და ყოველი ძალისხმევა ამაოა იყო. ასე თუ გაგრძელდა, სამშობლოც აღარ შეგვრჩებაო, გაიფიქრა ჩიბამ, რომელიც არც ერთ ჯგუფს არ ეკუთვნოდა, არც ძველთა და არც ახალთ. თუმცა მარადიული შეკითხვები მასაც აკვიატებოდა და მოსვენებას უკარგავდა. ვინ გადაჭიმა ვრცელი ტყეები, კაცთა მოდგმას მისდღემში რომ უძნელებდა გზის გაკვლევას? ან რა მიზანი ჰქონდა უსაშველო ხეტიალს. აინტერესებდა, გამართლებული ადამიანები სიცოცხლეს რომ ამოწურავდნენ, ღვთის წიაღში პირველად მოუწევდათ შესვლა თუ უკან ბრუნდებოდნენ. ასეთი შეკითხვები უღრღნიდა გონებას და რახან პასუხები საძებნი რჩებოდა, მაშ საყოველთაოც არ ყოფილა და შესაბამისად საიდუმლოებით იყო მოცული. თანაც მხოლოდ მაშინ იქნებოდა ყურადსაღები, თუკი გამოსავალს აპოვნინებდა. თორემ რა მნიშვნელობა ექნებოდა ძიებას, შემდგომში ისევ ლაბირინთში თუ მოხვდებოდა. ფსკერის მოხილვა ყავლგასულ ქაღალდებში ამაო ქექვას დაემსგავსებოდა და რა ხეირი იქნებოდა.
მერე მოძღვრის ქადაგებას მიუგდო ყური. ამდენი რამ რომ მცოდნოდა, მაშინ ხომ შოთას ბიჭსაც ვანუგეშებდიო, გულს ნუ გაიტეხ, ვისაც პატრონი არ გამოუჩნდა, იმას ღმერთი მიხედავსო. მერე თავშლიანი ქალი შენიშნა, სათნო და მიმნდობი გამომეტყველებით, ეტლს გაჭირვებით რომ მოაგორებდა. ეტყობა ბორბალს რაღაც გამოსდებოდა და ღრჭიალით მიითრევდა. შორიახლო მშენებლობა მიმდინარეობდა და ათასი ხარახურა ეყარა. ეტლში გოგონა იჯდა, საოცარი თვალებით, მრევლის წევრები ტკბილად რომ უალერსებდნენ. გვანცა ერქვა, ერთდროულად ბევრი რომ მიმართავდა.
მრევლიდან ერთი მათგანი დანარჩენებს გამოეყო და ჩიბას მიუახლოვდა:
-შენ ხომ ჩიბა ხარ, ჩუქურთმების ოსტატი?
-ჩიბა ვარ! - თავი დაუქნია.
-იმიტომაც აღმოჩნდი ჩვენ შორის!
ჩიბა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა და მხრები აიჩეჩა. ჩუქურთმებს მორწმუნე თუ გამოჭრისო, განუმარტა მან. ჩიბამ იმ გოგონას გახედა, დედამისს სატრაპეზოსკენ რომ მიჰყავდა. დაინახა, სარკმელთან რომ დასხდნენ. გამოჩრილი ფარდა გემის ალამივით ფრიალებდა. თვითონ შენობაც ხომალდს ჰგავდა, მეჩეჩზე ნახოხიალებს, დაჩეჩქვილი ფსკერის გამოისობით ნაპირამდე ძლივს რომ გამოეღწია. ფანჯრის ანჯამები რაფას ბასრი ბრჭყალებივით ჩაჭდობოდა, მშივრები ხელიდან არ დამისხლტესო. მრევლის ძველი წევრები განსაცდელებში გამობრძმედილ მეზღვაურებივით წარსულს, როგორც ფსკერს ღუზით ჩაბმოდნენ, მაგრამ ერთი სული ჰქონდათ, დაევიწყებინათ. ადრევე შემართებით იცხოვრებდნენ. უდაბურ უდაბნოებს კამკამა წყლებად მიიჩნევდნენ, მექარავნეებს მენიჩბეებად, ხოლო აქლემებს გონდოლების მწკრივად. ამგვარი განწყობა სიმჩატეს ჰმატებდათ და მტერს ზურგქარი წყევლითაც რომ ესურვებინა, ხოლო იალქნები ბოროტების ქარიშხალს დაეზნიქა, შეუპოვრობა იხსნიდათ. მათ ფონზე ახალგაზრდები გამოუცდელ იუნგებს ჰგავდნენ.
ჩიბა ეტლს მიუახლოვდა და მავთული, ბორბალს რომ შემოხვეოდა, ფრთხილად ახსნა, საბურავი რომ არ დაეზიანებინა. ბავშვის დედამ, სატრაპეზოს სარკმლიდან მომზირალმა, მადლიერება გამოხატა. ჩიბამ თავი ჩაღუნა და საამქროსკენ გასწია. სამუშაოს შემდეგ კი ისევ ეკლესიას მოაშურა მხნედ, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიაგნო და არ ეთმობოდა. იმ საღამოს შინ ისეთი მტკიცე ნაბიჯებით ბრუნდებოდა, თითქოს მისი სახელი სამეფო ნუსხაში შეეტანათ ოქროს ასოებით. მიდიოდა ლაღად, სანამ ყოველდღიურობის მძლავრი დინება ისევ არ მოიქცევდა თავის ზვირთებში. კიპარისები წვეტიან კოშკებს ჰგავდა, ურიცხვი მნათობი რომ დაჰნათოდა. მაგრამ ზეიმის მიზეზი მაინც მოოჭვილ კაბაში გამოწყობილი მთვარე იყო, ირგვლივ ვარსკვლავები რომ ეხვია აბეზარი თაყვანისმცემლებივით, თითქოს სამყაროს კარნახისთვის უნდა ეგდოთ ყური, შებინდების მწუხარე ამბები ესმინათ. მერე ეს ყოველივე გაფერმკრთალდა, გეგონება დაფა გადაწმინდესო. უცებ წამოჟინჟლა, მაგრამ ჩიბა სახლთან იმდენად ახლოს იყო, პირველივე წვეთებსაც შეასწრო. ლოგინში ტანსაცმლიანად ჩაწვა და მკვდარივით ჩაეძინა.
4.
ოთახი მხურვალე შუქით ისე აივსო, გეგონება ერთ წამში ირიჟრაჟაო. ჰორიზონტზე მეფურად თენდებოდა. გაჯგიმული მზე ამაყად ამოდიოდა ცაზე. მშვილდოსანს ჰგავდა, ტომსიკასავით მიბმული ღრუბლის ფთილით, წვრილი ისრების შესანახად რომ სჭირდებოდა. მერე ამ ისრებს მხურვალე შანთებივით დაუშენდა ხმელეთს, წვიმის ყოველი ნაგუბარის ამოსახაპად, ხოლო ვრცელ წყალსაცავებს, ცისქვეშეთში წრებრუნვით დადგენილს, ვერაფერს აკლებდა.
დასახლება ზლაზვნით იღვიძებდა. საკინძეგაღეღილი დიასახლისები, სურნელოვანი საკმაზი რომ ჰქონდათ კერძის შესაზავებლად, რეცეპტს კი საიდუმლოდ ინახავდნენ, საჭმლის კეთებას რომ მორჩებოდნენ, ახლა ჩვრებს მისდგებოდნენ გასარეცხად. მერე პარმაღის გამოგვას შეუდგებოდნენ. ეზოში რასაც ცოცხით ვერ მოერეოდნენ, ნიჩბით გახვეტდნენ. ანჯამების ჭრიალზე ღრიჭოებში ზეთს ჩაასხამდნენ, ოღონდაც ეს უბადრუკი ხმები მიმწყდარიყო. ჭედური ჟალუზებით აღჭურვილი გისოსები საკანზე მიხრახნილი გეგონებოდა, თითქოს იქ, პირქუშ ზღუდეებში ტყვეები ჰყოლოდათ დამწყვდეული. სიტყვაძუნწი მამასახლისები ისე იბღვირებოდნენ, გეგონება ადმინისტრაციის წევრები ყოფილიყვნენ, ხოლო დაღრეჯილი სახეები კანონმდებლობის მოგიზგიზე ცეცხლთან გარუჯოდათ.
ჩიბას მთელი დღე უწევდა გარჯა. ამიტომაც შინ გვიან ბრუნდებოდა. ქარი ნათურებს ატორტმანებდა და ძირს გართხმული შუქი ელდანაცემივით ბარბაცებდა, გეგონება ლოთებსა და შეშლილებს ბაძავსო. პეშვით გადმოღვრილ სინათლეს, გამოზოგვით დაგროვილს, ძალმოსილება დაკარგოდა, მსგავსად დიდ არმიისა, მცირე რაზმებით რომ იხევს უკან, სამშობლოს მიკარგულ ჩიხებში შესამალად. ბგერებიც იმგვარი გაისმოდა, ჯარისკაცები მწყობრით მიაბიჯებენო ხრეშზე. ჩიბამ შენობის კედელზე წარწერა შენიშნა - მეომრების ქუჩა. აი, თურმე სად ყოფილაო, გაიფიქრა. ხვალ, სადღაც აქ, ერთერთ სახლში ჩუქურთმა უნდა მოეტანა.
მეორე დილით მართლაც მოვიდა. ხეივნის მერხზე ვიღაცეები ისხდნენ და კონიაკს წრუპავდნენ.
-დაგვეწვიე, ოქრო! - შეეხმიანენ მას, - კონიაკი გაგვისინჯე. რასა იქმ, რით ცხოვრობ, გვიამბე!
-საქმეზე ვარ! - მოკრძალებით იუარა ჩიბამ.
ჩვენ რა, უსაქმურები გგონივართო, რომ შეუღრინეს, ეგ არ მიგულისხმიაო, იმართლა თავი. ჩუქურთმის ამბავს მოვაგვარებ და გეახლებითო, დაება ენა. აბა, გვიჩვენე ეგ ჩუქურთმაო, გამოართვეს და ერთხანს ხელში ატრიალეს. ჩიბას ბევრჯერ ესმინა დაბერებულ ძველ ბიჭთა ფილოსოფიური ბჟუტურისთვის, თითქოს ბევრი ეფიქროთ, სანამ არჩევანს ლოთობაზე შეაჩერებდნენ. ლუკმის შოვნა ფულის მორჩილებას გაიძულებს, შიმშილი კი თავისუფლებააო, იმეორებდნენ დაჟინებით, გეგონება კათედრაზე მდგარიყვნენ და საკითხს ურიცხვ მსმენელთა წინაშე განიხილავდნენ. ისინიც ზღვაოსნებს ჰგავდნენ, იმ მრევლის ძველი წევრებივით, ოღონდაც უფრო მეკობრეებს, სახე და მკლავები ნაიარევებითა და სვირინგებით რომ აეჭრელებინათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ ძლევამოსილ ხომალდს ფსკერი გახვრეტოდა და შიგნით შესული წყალი ნელ-ნელა ძირავდა. თვითონ კი, ვითომც არაფერი, გემბანზე გაშლილ სუფრას უსხდნენ და არხეინ ქეიფსა და დროსტარებას განაგრძობდნენ, თუმცაღა გული ამ ხომალდივით დამძიმებოდათ. ჩიბას ლამის შეეძახა, ახლა მაინც გამოფხიზლდით, ცხოვრება გამდაბლებთ, თქვენ კი ჯიუტად ყელყელაობთო. ჩუქურთმა რომ დაუბრუნეს, დიდხანს არ გვალოდინოო, შეუბღვირეს. თუმცა ჩიბა საქმის გასრულებისას ახლა სახლის პატრონმა შეაყოვნა, ოქროს ხელები გქონია, ღვინო უნდა გაგასინჯოო.
-ნუ წუხდებით! - აღმოხდა ჩიბას. გული კი დაწყდა, ფულის მოცემას არც ეს აპირებსო.
-რას მკადრებ?! - განაგრძობდა მასპინძელი, - სტუმარი ისე ვერ გავა ამ სახლიდან, ჩემი ღვინის ნაჟური თუ არ იგემა!
იქიდან წამოსულმა მეომრებს ბარბაცით მიაკითხა. ასეთ მდგომარეობაში რომ ნახეს, სიცილი დააყარეს, მაგრამ ამას ჩიბაზე არ უმოქმედია. მათ მკრთალ აჩრდილებად აღიქვამდა, ფარული შიში ტანჯავთო. ისინი აქ უნდა მსხდარიყვნენ, მოფარებულში. სად შეეძლოთ მოედნებზე გამოჩენა. დიდი ბრძოლებისთვის ვეღარც ივარგებდნენ, არადა, ალბათ, თავის დროზე იარაღს ისეთს ატარებდნენ, ოსტატის გამოჭედილს რომ ჰგავდა და ზადს ვერ უპოვიდი. თუმცა ბრძოლაში მაინც დამარცხდნენ, განვლილ ამბებს კი ისე იგონებდნენ, თითქოს მართებულად ეცხოვრათ. ახალბედები გარს შემორტყმოდნენ და აღტაცებით ისმენდნენ მათ მონაყოლს. რიცხობრივად გვჭარბობდნენ და იმიტომაც წავაგეთო, ამბობდნენ რიხით. თავი ასკეტებად მოჰქონდათ, მაგრამ ამ ომის წყალობით ჯეროვან პენსიებსაც იღებდნენ და პროფკავშირების შეღავათებითაც სარგებლობდნენ, უფასო დასვენებებით. ზაფხულის შვებულებას სანატორიუმში ატარებდნენ. მჟავე წყლებს დანიშნულებით სვამდნენ. ექიმის რეკომენდაციით ტყის ბილიკებზე დინჯად დასეირნობდნენ. ბოლოსღა თუ აჩქარდებოდნენ, სადილზე რომ მიესწროთ. სხვა სიკეთეებთან ერთად კვება ხომ საგზურის ღირებულებაში შედიოდა.
ჩიბამ სასმელი იქაც დალია და ბანცალით დაბრუნდა შინ. მეორე დღეს თავი ვერ ასწია და საამქროში მესამე დღეს გამოცხადდა, თანაც დაგვიანებით. როცა ფულს შენით ვერ შოულობ, მაღვიძარას შეძენა მოგიწევსო, გაიფიქრა.
-გუშინ რატომ არ მოხვედი! - დოინჯი შემოირტყა უფროსმა.
-დავლიე და აქ მოსვლის თავი არ მქონდა!
-გეტყობა, ცუდად რომ ხარ. ცოტას დაგალევინებ! - ამ სიტყვებზე კონიაკის ბოთლი გახსნა და მომცრო ჭიქაში ჩამოუსხა. ერთი მოყუდებაც საკმარისი იყო, ჩიბას სიმთვრალე შებრუნებოდა.
5.
ჩიბა ყოველ ჩუქურთმას იმ პრინციპით ჩორკნიდა, არც ერთი მათგანი მეორეს რომ არ ჰგვანებოდა. თითოეულში რაღაცას მაინც შეცვლიდა. საამქროს მეპატრონემ ეს არ მოუწონა. ნეტავ შენ, მოგცლიაო, უსაყვედურა, ასე ხომ მეტ დროს კარგავ, აქ კი ისედაც უამრავი საქმე გვექნებაო. ეს უამრავი საქმე მართლაც გამოჩნდა. ვისაც საწოლი ადრე ეყიდა, პრეტენზია გამოთქვეს, ჩვენსას ჩუქურთმა რატომ არ აქვსო. საამქროს უფროსმა მისამართები დაატოვებინა, ჩვენი ახალი თანამშრომელი დაგიმზადებთ, ოღონდაც ცოტაოდენის გაღება მოგიწევთო. არაფერსაც არ გავიღებთ, უკვე ყველაფერი ავანაზღაურეთო, გაჯიუტდნენ. მე არაფერს ვამატებ და მაშინ თავად მოელაპარაკეთო. ამ პირობაზე დათანხმდნენ და ჩიბაც საქმეს შეუდგა.
ყოველდღე სამი-ოთხი ჩუქურთმა მაინც გაჰქონდა დასახლებაში ტომსიკით, სადაც საჭრეთელი და ხის წებო ედო. ხან ერთს მიადგებოდა კარზე, ჩუქურთმის თაობაზე ვარო, ხან მეორეს. როცა საქმეს მორჩებოდა, ისინი ქებას არ იშურებდნენ, ნაკეთობას სულ სხვა სილამაზე შესძინე, დარწმუნებული ვართ, სიზმრებსაც უკეთესს ვნახავთო. ფულის გადახდაზე კი უარს ამბობდნენ და არაყი გამოჰქონდათ. ჩიბაც გვარიანად იბრუჟებოდა. ერთ კვირაში ოცდაათამდე სახლის ჩამოვლა მაინც მოუწია. ერთგან ბოლო კლიენტიღა დარჩენოდა, უცებ გვანცას დედას რომ მოჰკრა თვალი. ხელებაკაპიწებული იდგა ეზოში, გამშრალ სარეცხს კრეფდა თოკიდან და ვარცლში ათავსებდა. სარჭებს თოკზევე ტოვებდა.
-აქ ცხოვრობთ? - მიმართა მოწიწებით, - ეტლი ხომ რიგზეა?
ქალმაც იცნო და ეტლს თითქმის აღარ ვიყენებო, გაუმხილა. ბავშვი დამძიმდა და გარეთ ვეღარც გამყავს. ამას კი დიდად განიცდისო, თქვა.
-ნუთუ ვერაფრით ერთობა?
-ადრე ჩიტების დანახვით ხარობდა, ფანჯრის რაფაზე ნისკარტებით კაკუნს რომ ტეხდნენ. ცოტაოდენ მარცვალს ვუყრიდი, შაშვებს რომ გაეკენკათ. ახლა ათასში ერთხელ თუღა გამოჩნდებიან, ისიც თითო-ოროლა. გადაგვეჩვივნენ, ეტყობა სხვა ალაგს მიაგნეს, სადაც უკეთესად მასპინძლობენ, - ხელი შორ მინდვრებში განლაგებულ ხორბლის საწყობებისკენ გაიშვირა, - კიდევ ნაჭრის თოჯინა ჰქონდა, მაგრამ ამას წინათ მოგვპარეს. პერიოდულად ვრეცხავდი და გასაშრობად ვფენდი, ერთ დღესაც მხოლოდ სარჭები დამხვდა.
-ვის უნდა წაეღო?!
-რა ვიცი. ათასი ჯიბგირი დაძრწის!
-გვანცა სად არის?
-სად იქნება, თავის საწოლში წევს!
-ხის საწოლია?
ქალი დაეჭვებით მიაჩერდა, ამას რა მნიშვნელობა აქვსო.
-შეიძლება, რომ ვნახო? - დაიჟინა ჩიბამ.
-ოღონდ ფრთხილად, ახალი ჩაძინებულია!
ქალი ოთახში შეუძღვა. ჩიბამ საწოლის კიდე შეათვალიერა, სადაც ჩუქურთმის განთავსება განეზრახა, მერე სახე გვანცასთან მიიტანა და ჩასჩურჩულა, მეც მხოლოდ ოცნებებში ვიმარჯვებო. ბოლო კლიენტს რომ მიაკითხა, მან ჩუქურთმის სანაცვლოდ ჰამაკი შესთავაზა. კარგი ნახელავია, ჰამაკების ქალაქში შევიძინეო. ჩიბა დათანხმდა, წავიღებო და დახვეული თოკები ამოიღლიავა, გვანცას ეზოში მიბრუნდა და ხეებს შორის გადაჭიმა. იქნებ გამოგადგეთო, უთხრა დედამისს, თვალებში ცნობისმოყვარეობა რომ ედგა. იმ დღეს, შინ რომ მიბრუნდა, გულდასმით შეარჩია ხის ნაჭერი და ყველაზე ღირებული ჩუქურთმის გამოჩორკნას შეუდგა. უნდოდა, საუკეთესო გამოსვლოდა, მთელ თავის ხედვასა და ნიჭს რომ ჩადებდა. სამუშაო კუთხის მოსაწესრიგებლად მაგიდიდან ბურბუშელა გადახვეტა. ზედაპირი რომ მოასუფთავა, ზედ მასალა განათავსა სათუთად. ერთხანს გამჭოლად დაჰყურებდა, მერე კი დიდხანს ჩორკნიდა თოჯინას, სანამ ნაკვთები გვანცას არ დაუმსგავსა. მის ფერხთით კი უამრავი ჩიტი დასხა. ფრთოსნები ისე ცოცხლად გამოსახა, სადაცაა ჭიკჭიკს ატეხენო. ირგვლივ სიხარულს აფრქვევდნენ და მშვიდობა მყარდებოდა. როცა ჩათვალა, ჩუქურთმა მზად არისო, მოწიწებით გაახვია ქაღალდში და გვანცას სახლისკენ გაეშურა. გზაში ქარმა დაჰქროლა, ჩიბას ენთუზიაზმის გამზიარებელმა. მძიმე ხურმებს ერთმანეთს ახეთქებდა და ყრუ ჩქამით ცვიოდნენ ძირს. ჩიბა ამას ყურადღებას არ აქცევდა. მხოლოდ იმას ნატრობდა, ნეტავ ჩემი ნამუშევარი გვანცას მოეწონოსო, ხოლო როცა გვანცამ აღტაცება ვერ დამალა, ასეთი რამ თქვა:
-თუკი ოდესმე ჩემი საქმიანობით დაინტერესდებიან, ამ ჩუქურთმის სანახავად მოვლენ, აი, ჩიბას ნახელავიო!
იმ დღიდან მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა. თავს როგორ გრძნობს ფრთოსნების დედოფალიო, ზღურბლიდანვე შესძახებდა. გვანცას თვალები სიხარულით უციმციმებდა, უძლურად უღიმოდა და ხელებს ისე უწვდიდა, თითქოს გადახვევა სურსო. ასე ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, ერთ დღესაც დედამისს რომ არ გაემხილა, საფრანგეთში მივდივართო, კლინიკაში. გვანცას მონაცემები გადავაგზავნეთ და როცა იმედი გადაგვეწურა, გუშინ პასუხი მივიღეთო. დაგვაიმედეს, მსგავსი შემთხვევა ადრეც გვქონიაო.
-ოპერაცია დასჭირდება? - გადახედა გვანცას.
-ჯერ რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასვამენ, სრულ კურსს გავატარებთო, მერე კი ვნახოთ.
-იქ თავი რით უნდა ირჩინოთ?
-ბავშვების მომვლელად ვიმუშავებ. გვანცასთან ერთად სხვებსაც მივხედავ. სამუშაოს შემპირდნენ. წარმომადგენელი გვესტუმრა და დეტალებში გამარკვია. კლინიკიდან გადმოგზავნილი ტექსტის ამონაბეჭდი სიტყვა-სიტყვით მითარგმნა!
მერე ერთხანს ჩუმად იყვნენ.
-გზის ფული მრევლმა აგვიგროვა. არ ვიცი, ამ სიკეთეს როგორ გადავიხდი! - განაგრძო ქალმა და ჩუქურთმას ოდნავ შეეხო, ამას უსათუოდ გავიყოლებთო.
-კეთილი! - აღმოხდა ჩიბას და ჩუქურთმის მოხრახნას შეუდგა. დროდადრო გვანცას გახედავდა, კოპები რომ შეეკრა და ყურადღებით აკვირდებოდა მის უშფოთველ საქმიანობას. სახე ისეთი ლამაზი ჰქონდა, ჩიტად რომ გაჩენილიყო, უთუოდ ფასკუნჯი იქნებოდაო, გაიფიქრა ჩიბამ.
გამგზავრების დღეს აეროპორტამდე მიაცილა და ფული გაუწოდა. გვანცას დედა უარობდა, მაგრამ გამორთმევა აიძულა, ამით მე არაფერი დამაკლდებაო.
-ჩუქურთმებს ყოველთვის შემიკვეთავენ, იქ კი ეგებ ერთ-ორ სადილზე მაინც გეყოთ!
მათი რეისი რომ გამოცხადდა, ჩიბა თვითმფრინავს მანამ გაჰყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარა, გეგონება ვეება ფრინველს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის კლანჭები ჩაევლო და შორს წარეტაცა.
6.
-სად დაიკარგე?! - უსაყვედურა საამქროს უფროსმა. ჩიბამ არაფერი უპასუხია. უხალისოდ გახედა ჩარხს, სადაც უამრავი ჩუქურთმა გამოეჭრა, მაგრამ იმ დღეს არც მიკარებია. სკამზე ჩამოჯდა და ხელები ჩამოუშვა. ყურები ისედაც ჩამოყრილი ჰქონდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მალე ჩუქურთმებზეც აიყრიდა გულს. იმ დღეს, შინ რომ მიბრუნდა, გადასახადის ქვითარი დახვდა გაჩრილი კარში. ზედ საკმაოდ დიდი რიცხვი იყო გამოსახული. ქვითარი ჯიბეში ჩაიდო და პარმაღთან კარის ძელს მიეყრდნო. ერთხანს ყველაზე შორეულ საგნებს მისჩერებოდა და ათას რამეზე ფიქრობდა. ცხოვრებაში დამარცხებათა ჯერი ისე მიეწყობაო ერთმანეთს, თითქოს ყანყალა განძელებზე ვაგონების მწკრივს ჩაეაროს. ერთფეროვანი ჩრდილები პროჟექტორის ჩახჩახა შუქზე მიყოლებით ინაცვლებენ, გეგონება ბოლო ვაგონებით უკანასკნელ დღეებზე მიგვანიშნებდნენ და იმას გვაგუებენ, დიდად გულდასაწყვეტი რომ არაფერიაო.
გადასახადების გამო ჩუქურთმის ოსტატი იძულებული გახდა საქმე განეგრძო. საამქროში გააფრთხილეს, ძველებურად თუ მოიქცევი, სამუშაოდან დაგითხოვთო. ისიც საქმეს შეუდგა, ოღონდ გულსგარეთ. ყოველი ჩუქურთმა დაბრეცილი გამოსდიოდა. შემდგომში კლიენტები უთუოდ რომ იჩივლებდნენ. ფულს ისედაც არავინ უხდიდა, მხოლოდ სასმელს სთავაზობდნენ და ჩიბაც თვალდახელშუა გალოთდა. დღის წესრიგი ამგვარი ჰქონდა. რომელიმე სახლს ადრიანად მიადგებოდა და ხმამაღლა შესძახებდა, ჩუქურთმას ხომ არ ინებებთო, მაგრამ იშვიათად ვინმე თუ გამოეხმაურებოდა.
-შინ წადი, ჩიბა, დიძინე! - ისე მზრუნველად არიგებდნენ, თითქოს თვითონვე არ შეეწყოთ ხელი მის გალოთებაში.
-ერთ ჭიქა არაყს ვითხოვ, მეტს ხომ არა! - განწირულად იხვეწებოდა ჩიბა.
უმეტესობა უარით ისტუმრებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, დასალევი ჯერაც რომ გამოჰქონდათ. სასმელს ბრაზით უწვდიდნენ და, აჰა, ჩაცეცხლეო, უღრენდნენ, გეგონება წყევლიანო. ჩიბა მაინც კმაყოფილი რჩებოდა და როცა შინისკენ გასწევდა, სახლამდე ხშირად ვერც აღწევდა. ბევრჯერ ნაგავსაყრელზე ჩასძინებია ძაღლებით გარშემორტყმულს, იმათი შვილები და შვილიშვილები რომ იქნებოდნენ, ოდესღაც ჩიბას დაბადებას საზეიმო ყეფით რომ აღნიშნავდნენ. მასში ხომ თავისიანი შეეცნოთ და ბოლომდე უერთგულებდნენ. ჩიბას გამოღვიძებას ძილი ურჩევნოდა. სიზმრები ბევრად აღემატებოდა ცხადს. ყველაზე ხშირად გვანცას ნახულობდა. ხელში სათუთად ეპყრა ხის ნაჭერი და მომცრო ქლიბით ხორკლიან ზედაპირს გულდასმით უპრიალებდა, მისთვის ახალ სათამაშო რომ აეწყო.
ბოლო ხანებში თვალსაწიერზე იშვიათად თუღა ჩანდა, ათასში ერთხელ. თუმცა არც არავინ ჰკითხულობდა. გულმავიწყობა დასჩემდა და ამას ყველა ატყობდა. მის დანახვაზე გიმნაზიის პედაგოგებივით რიხიანად ენამჭევრობდნენ, სანამ ჩიბას არ ჩაეძინებოდა. მერე ხელს ჩაიქნევდნენ და წავიდოდნენ. ჩიბა რომ გამოფხიზლდებოდა, კვლავაც გონების დაკარგვამდე უნდა ელოთა. სიცოცხლე ისე უძნელდებოდა, გეგონება ყოველი გამოღვიძებით სიკვდილს ამარცხებსო. გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, დროის ამ მომენტში გვანცა ჩემს ჩუქურთმას შეჰყურებსო...
7.
-რაღაც ჩიბა აღარ ჩანს. ხომ არაფერი გსმენიათ მასზე?- ჰკითხა ჯარიდან ახლახან ჩამოსულმა შოთას ბიჭმა უბნელებს, პასუხად მხრებს რომ იჩეჩდნენ.
-ამას წინათ მიაბარეს მიწას! - თქვა ერთმა, ეს ამბავი მესაფლავისგან შევიტყეო.
-როდის? - შეიშმუშნენ დანარჩენები, - არაფერი გვსმენია!
-ანდროს ქორწილის წინა დღეს!
-იმ ქორწილში ჩვენც ვიყავით!
-მესაფლავეც იყო და იმან თქვა, გუშინ ჩიბა დავმარხეო!
-მესაფლავე ქორწილში იყო? - გაეცინა ერთს.
-ქელეხი ეგონებოდა! - აჰყვა მეორე.
კამათითა და მსჯელობით დაადგინეს, რომ თვენახევარი მაინც ყოფილა გასული.
-მაშ ორმოციც გამოგვრჩენია! - გამოხატეს წუხილი.
-საფლავზე ხომ არ მივსულიყავით? - თქვა შოთას ბიჭმა.
-ასე ადვილად ვერ მივაგნებთ. არც გვაქვს ამის განწყობა. სხვა დროს იყოს. დღეს კი შენი დაბრუნება ავღნიშნოთ! - შეთანხმდნენ ერთხმად. სახეზე ეწერათ, სინდისის ქენჯნას მხიარულება რომ ერჩივნათ.
იქნებ სიცოცხლის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რაც არ უნდა დიდხანს გასტანოს, ოდესმე მაინც რომ ჩაივლის და აღარც ცდილობ, გახდე იმის მონაწილე, რაც უკვე გამოტოვე. ცხოვრება იმაზე ადრე თავდება, ვიდრე სხვა რამის დაწყებას მოასწრებდე. ამქვეყნიდან ჩიბა ისე შეუმჩნევლად გავიდა, ვარსკვლავი რომ მოსწყდება მოოჭვილ ცას. თვალი თუ არ შეასწარი, მის გაქრობას ვერც კი შეაჩნევ. ამიტომაც საჭიროებენ მათგან მეთვალყურეობას, ვისაც ვარსკვლავები ჯერაც მნიშვნელოვნად მიაჩნია... უბანში კი ყოველი დღე ძველებურად გაგრძელდა. ყველაზე მეტ ღორს ისევ საახალწლოდ კლავდნენ. ხის საწოლებსაც ჩვეულებრივ ჩარხავდნენ, ოღონდ ამჯერად ჩუქურთმის გარეშე. ჩიბას ამბავი გაეგოთ და პრეტენზიას აღარ გამოთქვამდნენ.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



