
ჩვენ არ ვმთავრდებით
ჩვენ არ ვმთავრდებით
არასდროს, არსად, არასდიდებით,
ისევ გავჩნდებით
თავიდან, ლაღად, რწმენით, იმედით,
ჩვენს წილ სინათლეს
ჩირაღდანივით ყველგან ვატარებთ,
სუნთქვას ვინატრებთ
გული და ფილტვი შესძლებს სანამდეც.
ჩვენ არ ვმთავრდებით,
ჩვენ არასდროს არ დავიცლებით,
იქ ვის რა ელის
ვნახავთ, როცა გარდავიცვლებით,
ჩვენ მისიით ვართ
დედამიწა აზრით მოვფინოთ,
ჩვენ ეს ვიტვირთეთ,
ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ.
ჩვენ არ ვმთავრდებით,
სადღაც მუდამ გავიფრთხიალებთ,
დროთა ხანძრები
გვიშანთავენ სულში იარებს,
ჩვენ მუდმივნი ვართ,
მხოლოდ სხეულს უნდა გამოცვლა
და თუ მივდივართ,
აქ გავქრებით და იქ ამოვალთ.
ჩვენ არ ვმთავრდებით,
ჩვენში ფეთქავს მთელი სამყარო,
მუდამ ბავშვებმა
ის ჩვენს გულში უნდა ვატაროთ,
ჩვენ ვართ ის გზები,
დასასრული რომ ვერ ექნება,
ჩვენ სულ ვიქნებით,
და ოდესღაც ისევ შევხვდებით...
ვედრება
ღმერთო, მოგვმადლე უღრუბლო ცა,
შვილები დაგვიბერე,
არ ვიცი უკვე რა ვქნა
და თხოვნა გაგიბედე.
სიყვარულს რომ ვერ ვსწავლობთ,
დაგვეხმარე,
ხელი არ გვკრა,
თითქოს ვცდილობთ, თითქოს ვწვალობთ,
თითქოს - არც მთლად.
ღმერთო, გონება გაგვინათე დაბნეულებს,
სხვაგვარად ვერ ვივარგებთ, ნუ გაგვწირავ,
გონებით, ფიზიკურად გაბნეულებს,
ცხოვრებამ საკმარისად ხომ დაგვცინა?
ღმერთო, მოგვმადლე უღრუბლო ცა,
შვილები დაგვიბერე,
სხვა აბა რა უნდა ვთქვა,
ესეც ძლივს გაგიბედე.
დრო გადის
დრო გადის, წუთით არ ჩერდება,
ჩვენ რომ მოვიგონეთ, ის დრო,
სხეული დღითიდღე ბერდება,
ვეღარ ვგრძნობთ ბავშვობის სითბოს.
დრო გადის, ყველას წარსული გვაქვს
ტკბილ-მწარე განცდათა ტვირთით,
გონება დროდადრო გართულია
ამაოებაზე ფიქრით.
დრო გადის, ირგვლივ აწმყოსფერად
ლივლივებს დღე-ღამის წყება,
თითქოს არაფერი რომ არ ხდება,
ამ დროს ბედ-იღბალი წყდება.
დრო გადის, წინ მომავალია და
გზაკვალგადღაბნილად გვიცქერს;
ცხოვრება სხეულის გალიაა,
სიკვდილი - უსაზღვრებო სივრცე.
დრო გადის, სასრული არსებობა
აქ და ახლა ითხოვს სუნთქვას,
მერე დრო არავის არ გვეყოფა,
ან გვიან იქნება სულმთლად.
დრო გადის, გზა-კვალ აბნეულნი,
ჩვენს ბედნიერებას ვეძებთ,
დიდებიც ბავშვებივით დაბნეულნი,
უსუყვარულოდ რომ ვერ ვძლებთ.
და თითქოს ქვიშის საათს ემსგავსება,
ცხოვრება თითებშუა გაპარული,
ამდენი საოცრების შეთავსება,
ცოდვა-მადლიანი სასწაული.
ცხოვრების გზა
მივდიოდი გზაზე ჩემთვის,
ცა ღრუბლებით მაცილებდა,
ფიქრი მქონდა ათას ერთი,
აღქმის არ-გასაცივებლად.
მივდიოდი, წუთი-სოფელს
ვიმოკლებდი ნება-ნება,
თითქოს ბავშვად გუშინ მოველ,
გული კივის: ნელა! ნელა!
მივდიოდი, თან მიმქონდა
ყველა წუთის ყველა განცდა,
დაფერილი სულს სითბო და
ის, რაც ლოდინს უკვე გასცდა.
მივდიოდი, სიყვარულით
მიძეძგავდა სუნთქვა ძარღვებს,
აღარ მქონდა სინანული,
მე ის წარსულს ჩავაბარე.
მივდიოდი, მაოცებდა
სამყაროს რომ ვგრძნობდი ჩემში,
წლებმა როგორ გამომბრძმედა,
ჩემს თავს როგორ უცებ შევხვდი...
მერე...
მე არ ვიცი, სად იწყება დილა,
მე არ ვიცი, სად მთავრდება ღამე,
რადგან დილით ზოგჯერ არის გვიან,
რადგან ღამე ზოგჯერ არის მალე.
მე არ ვიცი, გულგრილობის აზრი,
მე არ ვიცი, სიყვარულის ზომა,
ყალბს ყველაფერს ბოლოს გასდის ყავლი,
გულამდე კი მხოლოდ შენი მოვა.
მე არ ვიცი, სად ვეძებო გზები,
ათასფერი მომავლისკენ მინდა,
მე არ ვიცი, თუ კიდევ მაქვს წლები,
ჯერ კი ვუძლებ, ვითმენ, ვიბრძვი, ვიტან.
მე არ ვიცი, ვინ მკარნახობს სტროფებს,
მე არ ვიცი, რის თქმას როგორ შევძლებ,
ჯერ არ მინდა გულისფეთქვა მორჩეს,
ჯერ დავწერო დასაწერი... მერე...
საკუთარი თავის ძიება
ჩვენ გვინდოდა მზე, სითბო და ზღვა,
ან ფიფქების უსასრულო თოვა,
წარსულდარდნაპატიები გზა,
მთების ძალა, წვიმის წვეთთა თრთოლვა.
ჩვენ გვინდოდა გაგრძელება ზღაპრის,
ოცნებათა და სურვილთა ქროლვა,
ცხოვრება რომ ყველა იმედს გაცდის,
სიკვდილი რომ თავის დროზე მოვა.
ჩვენ გვინდოდა სუფთა სული ბავშვის,
სიყვარული მეტი, ბევრი, ბლომად,
ჩვენ ხომ ბედნიერებისთვის გავჩნდით,
ჩვენ ხომ მეტი ვეღარასდროს მოვალთ.
ჩვენ გვინდოდა სხვაგან, სხვა დროს, სულ სხვა,
უთვალავი მოლოდინი გვქონდა...
ვერ ვიპოვეთ ალბათ ჩვენი სუნთქვა,
თორემ მერე ყველაფერი მოვა...
მიდიან ადამიანები
მიდიან ადამიანები და
ჰაერში გვიშეშებენ სიყვარულს,
რომელსაც ვეღარ დავხარჯავთ მათზე.
და მერე დავიარებით,
გულში ვატარებთ სინანულს
და გზად ტკივილი და სუნთქვისშეკვრა გაგვსდევს.
მიდიან ადამიანები და
ცხოვრება სხვაფერი ხდება,
რაღაც მძიმდება და სულ გეწვის გულში.
სული რომ აწრიალდება
ზოგჯერ ისიც გვეფიქრება,
რომ მათ შვება იგრძნეს, ჩვენ კი ამ შვებას ვუცდით.
მიდიან ადამიანები და
სიცოცხლე არ ჩერდება
დარჩენილებმა უნდა გავაბათ ჯაჭვი:
ჯაჭვი ერთმანეთის გატანის,
ყველაფრის სიყვარულით ატანის,
რომ გავამართლოთ, რომ მათ შემდეგ დავრჩით.
დედა
ბურთი გაექცა,
ბავშვი წაიქცა,
შეკრული სუნთქვით
მივარდა წუთში,
ჩაიკრა გულში
და
მიყვარხარო უთხრა,
დედამ.
ცრემლი წამოსცვივდა,
დედა არ მოსცილდა,
იმდენი ეფერა,
იმდენჯერ აკოცა,
ხმატკბილად დალოცა
და
ასე დაავიწყა
ტკენა.
ბევრჯერ დაიზამთრა,
ბავშვი გაიზარდა,
სულ არ-დაფიქრებით
ნასროლი სიტყვებით:
"მე მარტოც ვიქნები",
დედა დატოვა
და
ვერც კი შეამჩნია
წყენა.
ცხოვრებამ ჩაითრია,
გზები გაიკვლია,
იყო ყველაფერი,
დიდიც ვერაფერი,
"დედას ენატრები",
ჩუმად ჩასჩურჩულა
და
უცებ დააფიქრა
ბედმა.
რატომ გაურბოდა?
ასეც არ უნდოდა,
მართლა გულით იტირა,
საჩუქრებიც იყიდა,
"იცი, როგორ გიცდიდა",
სულ სხვამ უთხრა
და
ასე ვეღარ ნახა
დედა.
გამოიდარებს
გამოიდარებს,
მანამდე კი გავექცეთ თავსხმას,
ოთახის მყუდრო დამშვიდებით შევმოსოთ ფიქრი,
გამოვიარეთ
წარსული და ახლა ვართ, სადაც
წუთის დაკარგვაც დანაშაულს რომ უდრის თითქმის.
არ მოვიცალეთ
და სიყვარული გახუნდა დროში,
ერთგულებამ კი დაივიწყა სავალი გზები,
გამოვიცვალეთ,
როცა პირველად ვიხილეთ მორგში
სხვისი სხეული და მივხვდით, რომ იქნება ჩვენიც.
გზად მოვიწამლეთ,
სიამენი სულს აკრთობს თურმე,
სამყაროს სასრულს უკარგავს და ფერს უცვლის ყოფას,
გამოვიპარეთ
სილაღიდან, ვიჩქარეთ, სულ მზე
არ იქნებოდა, მაგრამ ყველაზე სათუთი მორჩა.
გამოიდარებს,
ერთხელ მართლაც გამოიდარებს,
გავხედოთ შორეთს, იქ ჩვენი ყველა ოცნება გვიცდის,
ამოვიგანგლეთ,
დიდობაში ამოვიგანგლეთ,
დარდს ნუ ავყვებით, დავეშუროთ გულიან სიცილს.
გამოიდარებს,
ყველაფერი იქნება კარგად,
როცა ერთხელაც ამ სამყაროს სუნთქვა გავხდებით
და მოვისაზრებთ,
ბედნიერება იქ ფეთქავს, სადაც
გულწრფელები ვართ და სუფთები, როგორც ბავშვები.
ახალი სიცოცხლე
ახალ სიცოცხლეს ვინატრებდი
სულ-სულ თავიდან,
თითქოს აი, ახლა ვიბადები
დასაბამიდან,
ჯერ არაფერი არ ვიცი და
ბედნიერი ვარ
და ყველაფერი უმანკო
და მშვენიერია.
ახალ სოცოცხლეს ვინატრებდი
სუფთა ფურცლიდან,
იქნება ჩემში რაღაც სწორედ
ამ დღეს უცდიდა,
სუნთქვასაც კი ვგრძნობ მის ასე
სუფთას, თითქოს უწონოს,
იქ ყოფნა უკვე შემიყვარდა
თითქოს უზომოდ.
ახალ სოცოცხლეს ვინატრებდი,
რაც მაქვს, დამძიმდა,
ამ მოღალატეს ვუსწორო თვალი
უკვე არც მინდა,
უწარსულობის ფუფუნებით
მინდა დავმშვიდდე
და ცოტა ხანი არაფერზე
აღარ დავფიქრდე.
ახალ სიცოცხლეს ვინატრებდი
სვე-ბედ-იღბლიანს,
ისეთი გზებით წავიდოდი,
რომ არ მივლია,
იქ საკუთარ თავს ვიპოვიდი
უფრო ადვილად,
იქ ხომ ამქვეყნად უკვე განცდილი
აღარ დამღლიდა.
ახალ სიცოცხლეს ვინატრებდი
იქ დასარჩენად,
ამ ცხოვრებიდან წასასვლელად,
გადასარჩენად,
მაგრამ არ ვიცი გულს რა ვუყო,
გულს ვერ დავტოვებ,
ამ გულში რაც მაქვს, უიმოსოდ
ვერ ვიმარტოვებ.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



