
კაენი და პირობითობა
მის ღმერთს პირობითობა ერქვა. პირველად მაშინ დაეჭვდა, როდესაც აკნეთი შეწუხებულმა ყმაწვილმა „კოპატელში“ თამაშის პირველადი საფეხურის გავლის შემდეგნაირი აუცილებლობა იხილა: მრავალი კუბიკური შენაერთების პერსონაჟს კუბებისაგან შემდგარ სამყაროში თავი უნდა ერჩინა, მაგრამ ამისათვის, პირველ ყოვლისა, მიწა უნდა გაესწორებინა, ამისთვის კი მას ხუთასი „კოპატელუ-
რი“ კრისტალი ჰქონდა, მაგრამ საქმე ასე იოლად როდი იყო - ამ ხუთასი კრისტა- ლით უნდა მოეხერხებინა სახლის აშენებისთვის საჭირო ნივთების ყიდვაც. და დაეჭვდა აქაც. უკვე მეორედ.
დაიწყო მისი სკეპტიკოსობის პერიოდი მის ცხოვრებაში: მიხვდა კაენი საბოლოოდ, რომ მისმა სტიქაროსნობამ, ანუ პირობითობისადმი მსახურებამ უკვალოდ ჩაიარა მის ცხოვრებაში და კი არ შეაყვარა იგი, პირიქით - მართალს აზიარა - მართლა პირობითს ეთაყვანებოდა თურმე აქამდე. პირობითი მხოლოდ მაშინ იქცეოდა ხოლმე რეალურად, როდესაც ღამე, საბანში თბილად შეყუჟული ძილის დამაფრთხობელ გამოსახულებებს ლანდავდა კაენი და გაახსენდებოდა პირობითობის კიდევ ერთი (მამაოს) მსახურის სიტყვები: „ამ შემთხვევაში „მამაო ჩვენო“ უნდა წაეკითხა და პირჯვარი სამჯერ უნდა გადაეწერა“. ხვდებოდა კაენი, რომ თამაშმა „კოპატელმა“ მისი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ფუნდამენტური გავლენა იქონია და ისიც, ალბათ უფრო სამადლოდ, ყველაფერს კოპატელისეული განლაგებით მიჰყვებოდა - ამბობდა ხოლმე თავისთვის: „სტიქაროსანი მღვდელის მსახური, მღვდელი ღმერთის მსახური“, და როდესაც გაიფიქრებდა, რომ ფიქრის მომდევნო ტური წარმატებით დახურა, იქ ჩნდებოდა საიდანღაც შემდეგი ტურის კარის შესასვლელი, ანუ ფიქრი, სახელდობრ: „ღმერთი? ღმერთი... ვისი მსახური...“ და ეჭვდებოდა ისევ კაენი.
ვერ გაურბოდა კაენი ტანჯვას - სახლიდან გასვლის ყოველ ჟამს, ვიწრო შუკაში, ყოველთვის ეკლესია აესვეტებოდა ხოლმე შორს, სადღაც, კავკასიონის ქედზე და აქ, ამ მისთვის ისტორიულ ადგილზე, ისტორიულ იმიტომ, რომ ადრე ყოველი აქ გამოვლის დროს, იგი პირჯვარს იწერდა ინსტიქტურად და ახლა გაუკვირდა კაენს, რამეთუ ეს იყო ის ადგილი სწორედ, სადაც ცდილობდა, რომ პირჯვარი გადაეწერა ისე, როგორც მართმადიდებელი ქრისტიანები იწერდნენ, ანუ სამი თითის ერთად შეტყუპებით და არა ისე, როგორც კათოლიკეები, ხელების განცალკევებით, სწრაფად, ვალისმოხდასავით, და უნდა გენახათ, როგორ ცდილობდა კაენი თავისი პაწაწა ხელების ერთმანეთზე მძლავრად შეტყუპებას.
ერთხელაც კაენმა ასეთი უცაბედი ქადაგებისეული ფრაგმენტი გაჯღაბნა გონებაში: „ერთხელაც პირჯვრის გადაწერა დამავიწყდა და გავიფიქრე: როგორ ძლებს მეთქი ხალხი სულმთლად ურწმუნოდ. ახლა, ამ ძველი წეს-ჩვეულებებისაგან განმდგარ კაენს, კარგად ესმოდა მისივე შეკითხვისა.
2
კაენმა თეთრი პერანგის ჯიბიდან პორტსიგარა ამოიღო, იქიდან აკურატულად შეხვეული თუთუნი იგდო ხელთ და აივანზე გავიდა. იქ მეგობრის ბებია დახვდა, საკმაოდ ერუდირებული ქალი, ისეთი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდა. კაენი-სთვის ამ ქალთან მუსაიფი და თამბაქოს კვამლით ტკბობა ერთ რამედ ღირდა. ბებია ნუნუმ იცოდა კაენის ამბავი, ამ უკვე აკნე მორჩენილი ყმაწვილის სამყაროში ვერდამკვიდრების ისტორია და იცოდა, რომ მათი საუბრის თემა პირობითობის ირგვლივ იტრიალებდა. კაენი წყევლიდა იმ დღეს, როდესაც მის ცხოვრებაში ეჭვმა იმატა და შემოვიდა ლეო ტაქსილი, ეს პირობითობის მამხილებელი და მასზე ნაწყენი კაცი.
- ლეო ტაქსილი ამბობს, რომ ბიბლია ადამიანთა მიერ მონაჩმახია და იგი შედგება ოცდაცხრამეტი წიგნისაგან, რომელსაც ქრისტიანები „ღვთისაგან ნაკარნახე-
ვს“ უწოდებენ. ტაქსილის წიგნში ერთ ასეთ მონაკვეთს წავაწყდი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია: მისი აზრით, როდესაც ნოეს კიდობანზე ცხოველები აჰყავდა, კიდობანთან სხვადასხვა ქვეწარმავლებისა თუ მტაცებელი ცხოველების მილიონობით სახეობა იდგა. როგორ შეძლებდა ნოე მათ ისე აყვანას კიდობანში, რომ, მაგალითად, ვეფხვს ირემი არ დაეგლიჯა?
- კაენ, იქიდან გამომდინარე, რომ მამა პირობითობა არ დაბადებულა, ანუ იგი დროსა და სივრცეში ყოველთვის არსებობდა, რომ სერაფიმთა და ქერუბიმთ იმიტომ აქვთ ფრთები აფარებული სახეზე, რომ მისი სინათლით თვალები არ დაუბრმავდეთ, შენ კიდევ გჯერა, რომ პირობითობა ვერ შეძლებდა ცხოველების უბრძოლველად კიდობანში აყვანას? - და დაეჭვდა კაენი. ახლა ყველაზე მეტად დაეჭდვა, რადგან იგი ყოველთვის უფრო იმ აზრს იზიარებდა, რომ ეს ირმის ნახტომში მბრუნავი წერტილი, ატომური აფეთქებების შედეგად შეიქმნა და ადამიანის ანატომიაზე კონკრეტულ პირს არ უზრუნია, რადგან ადამიანის სხეულის ათასობით უჯრედის მხოლოდ სახელების მოფიქრება ადამიანთა მოდგმას უნდა მიწეროს.
- აი, მე რას გეტყვით, ბებია ნუნუ: რელიგია ჩემში ბავშვობიდანვე ჩაისახა. ყოველთვის, როცა რაიმე ცხოვრებისეულზე ვფიქრობდი, არ შემეძლო იგი რელიგი-
ასთან არ დამეკავშირებინა. მგონია, რომ ერთხელ პირობითობა ზეციდან ჩამოვა, ჩვენს შექმნილს, ჩვენს ბაბილონის გოდოლივით ნაგებ სახლებს, ხელოვნებას, სიცოცხლის ბოლო ტურში გასული ადამიანების სამყობს, საფლავებსაც კი დაეპატრონება. ტკივილს მოგვაყენებს ჩვენი საყვარელი ადამიანების დაბადებით, მერე იმათი დაკარგვით. ჩამოგვიყალიბებს რელიგიას და გასაჭირის ჟამს მხოლოდ იმქვეყნიურ საუფლოში განსვენების რწმენით დაგვტოვებს. სწორედ ამიტომ მოვიხსენიებ პირობითობის სახელით, რადგან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს - საქმეს ბოლომდე რაიმე ნივთის წყალობითა და რწმენით მივიყვან, თუ მისით. - მიხვდა ნუნუ ბებო მის გასაჭირს, განსაკუთრებით ასაკში, ამ სიბერეში.
3
კაენისთვის ეჭვი უკვე ბუნებრივ მდგომარეობად იქცა. რბოდნენ წუთნი სოფლისანი. ახლა კაენს ეჭვი საკუთარ თავში შეეპარა. კ ა ე ნ ი - ბიბლიურ კაენთან დააკავშირა. მისი თქმით, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ისიც იმ ბიბლიური კაენივით ეჭვიანი შეიქმნა და ცხოვრების ბოლომდე თუ არა, ცხოვრების დასაწყისიდან მარტო დაეხეტებოდა და ცხოვრობდა მისსავით აცტეკურად.
* * *
კაენი ყოველდღიურ წუთისოფელში ჩაება. დილას ადრე გასული სახლში გვიან ბრუნდებოდა. ყოველდღიურ რუტინას შეჩვეულმა კაენმა ფერი იცვალა - მან პირობითობა იწამა. მღვდელმა მიიღო იგი, როგორც უძღები შვილი და კაენმა ისევ დაიწყო საეკლესიო მსახურება. ის უნარ-ჩვევები, რომელიც ბავშვობაში გააჩნდა, საიდანღაც დაბრუნდა, უკვე სეფისკვერის ერთი ნამცეციც ანაყრებდა მას, საკმევლის სუნი სალბუნად ედებოდა მის სულს. კაენმა ზიარების შემდგომ მისართმევი შარბათიდან ერთი ჭიქა თავისთვის აიღო, შიგ აკონიტი ჩაყარა და ამბიონს შუა, სარკმელს შორის, მუხლის ჩოქებზე, მუჭებ შეკრული ჩაიმუხლა კაენი. მისი ხელები პატიებასა და შენდობას სთხოვდა უფალს.
კაენმა მიიღო ღმერთი პირობითობა, მაგრამ ვერ მიიღო რეალობა.
La vie de bohème
1
ზოგი ქვეყნიდან წასვლაზე ოცნებობს, ზოგი ქალაქიდან, მე კი სულაც აქედან წასვლაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა და ცხოვრების მიზნადაც მესახებოდა.
ქალაქელი რომ ვყოფილიყავი და იქ მეცხოვრა, თქვენ კი რომ გეკითხათ - სად ისურვე-
ბდი ცხოვრებასა და სწავლასო, მეც ალბათ ისე გიპასუხებდით, როგორც იქაა მიღებული: სოფელში, როგორც ჯონ მილტონი, სანამ დაბრმავდებოდა. არა, არ უნდა გაგიკვირდეთ - ისიც კი ვიცი, იგი ამას აკეთებდა იმიტომ, რომ როცა დაბრმავდებოდა, სოფლის პეიზაჟები აღეწერა თავის პოემებში.
მამაჩემის შემხედვარე ვერავინ გეტყოდათ, რომ დესპოტი იყო. ერთადერთი გზა, რომ მის მარწუხებს დავსხლტომოდი, უნივერსიტეტში ჩაბარება იყო. სწავლა, რა თქმა უნდა, მი-
ზეზი იყო, რომლის გარეშეც ვერასოდეს გავცდებოდი ჩამონგრეულ ორღობეებს. ბავშვობი-
დან მეოცნებე ვიყავი. მეოცნებე კი არა, უფრო რომანტიკოსი. როცა ძილი არ მეკარებოდა-ხოლმე, წარმოვიდგენი, რომ ღამე, რომელიმე გარეუბანში, მანქანაში ვიჯექი, მინას თავზე თქეში ეცემოდა, მესმოდა წვეთების სრიალი მინნაზე და ამის გაფიქრება, ჩემი ჩაძინება და დედაჩემის გაკვირვება ერთი იყო - მისი სიმღერებისა თუ გასართობი თამაშების უშედეგო ციკლის შემდეგ. ბავშვობა ხომ ის დროა, როცა შეგიძლია ავაზაკი იყო და არ დაგაპატიმრონ, კესიარი იყო და შეთქმულება არ მოგიწყონ. ბავშვური სიალალით გიყვარდეს ყველაფერი და სამყარომ თავისი ბინძური სახე არ დაგანახოს. მაგრამ ასეთი მიამიტი არც ახლა ვარ და არც მაშინ ვყოფილვარ: მეოცნებეობა მხოლოდ ცუდი თვისებაა, რამეთუ როდესაც იგი შენი ბუნებრივი მდგომარეობაა, შენ არასოდეს მიაღწევ საოცნებო ობიექტს სწორედ იმის შიშით, რომ იგი აღარ იქნება შენი ოცნების საგანი და, შესაბამისად, აღარც შენ იანები მეოცნებე. იგი მხოლოდ უმოქმედობის შელამაზებული ფორმაა და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თბილისში წასვლა, თუნდაც ჩემი წარმოსახვის ყველაზე ცუდი ვერსიისთვის მიმეღწია.
სახლი თბილისის პრესტიჟულ უბანში მოვძებნე. ბინის ნამდვილი ფასი რაც იყო ჩემებს იმაზე სამჯერ ძვირი ვუთხარი, მეტი დამაჯერებლობისთვის. უნივერსიტეტის პირველადი შენატანის ფული გამოვართვი და თბილისის ტრანსპორტს რამდენიმე საათით დავასწარი მისვლა.
ეს ფული რომ გამომელეოდა მერე რა უნდა მექნა, ამის ფიქრი ტრანსპორტშივე დავიწყე და სერიოზულად შემეშინდა, მაგრამ, რას მიკეთებდა ქრისტინე, ვეტყოდი და რამეს გამო-
ნახავდა.
ქრისტინე ავტობუსის გაჩერებასთან დამხვდა. ადვილი ამოსაცნობი იყო ზურგიდანაც კი: კარედ შეჭრილი თმა; გამხდარი კისერი; კაცივით, მუდამ ერთ ზომაზე დაჭრილი ფრჩხილე-
ბი. მისი შესახედაობის დიაპაზონი უფრო კარგად შეფასების შესაძლებლობას არ მაძლევდა. მივუახლოვდი.
- ტაქსი გააჩერე? - ისე, რომ მოწევა არ შეუწყვეტია, ხელი ტრაფარეტივით გაშალა მომავა-
ლი მანქანისაკენ.
არასოდეს ვესალმებოდით ერთმანეთს. ზედმეტობად მიგვაჩნდა. გადამეტებულ გოგო-
შკურობად.
- მოწიე, - მითხრა და სიგარეტი გამომიწოდა. გამოვართვი. ვის უნდა დაეშალა. მამაჩემი-სგან კარგა მანძილით შორს ვიყავი. მგონი მაგიტომაც მომინდა მოწევა. მანქანა რკინის კარე-
ბთან შეჩერდა. პრინციპში აქ ყველა სახლი ასეთი იყო - დიდი რკინის კარებებითა და უზარ-
მაზარი სახელურებით. ქრისტინემ მძღოლს ფული გადაუხადა და აქაც კაცის მოვალეობა თვითონ იკისრა და ჩემოდანი საბარგულიდან გადმოიღო. სიგარეტს მოუკიდა.
- ღმერთო, ნეტა წასვლას აღარ აპირებს? - გავიფიქრე და ასფალტზე ფეხების ბაკუნს მოვ-
ყევი.
ალბათ მიხვდა. სახლის გასაღები მომცა.
- ხვალ დაგირეკავ, - ამოღერღა და წავიდა.
ბინაში შევედი. ლოგინი მოვძებნე. ლოგინთან ჩავიკეცე. თავი ლოგინის კიდეს მივადე და ალბათ კიდევ დიდიხანი ვიწვებოდი ასე, მეორე დღეს, დილას, ქრისტინეს ზარს რომ არ გავე-ღვიძებინე.
პირველ ზარზე ტელეფონის ხმა საერთოდ არ გამიგია - მანქანების ხმაურს მიჩვეული რომ არ ვიყავი მაგიტომ ალბათ. მეორედ ზარზე მე თვითონ გავუთიშე, ჯერ არ მჭირდებოდა. ჩემებს გადავურეკე. მაგრად ვითამაშე. კარგია, რომ გუშინ მაგრად დავიღალე - ნამძინარევი ხმა გამომადგა - გუშინ მთელი დღე ვმეცადინეობდი-მეთქი, ვუთხარი.
ქრისტინეს გადავურეკე.
- ჩემთან გამოდი, მოგწერ მისამართს, - და გათიშა.
სახლიდან გავედი. ისე ვავლებდი თვალს ყოველივეს, როგორც თოთო ბავშვი, რომელიც სულ რამდენიმე წუთია დაიბადა, არადა, როგორც ჩემები იტყოდნენ - გასათხოვარი გოგო ვიყავი.
ქრისტინეს სახლის კარებზე დავაკაკუნე. კარი ქრისტინეს ძმამ გამიღო. არა, მის ძმას არ ვიცნობდი. ძმა იქნებოდა, აბა როგორ უნდა ჰყოლოდა ქრისტინეს შეყვარებული?
მივესალმე. გასაკვირია და, ქრისტინესაც.
- სანის ვუთხარი შენი სამსახურის ამბავი და აგიყვანს აფთიაქში. გაცდენების გარეშე.
მესიამოვნა, ოღონდ როგორც ისინი მოელოდნენ ისე არა.
მოვწიეთ. დავლიეთ. ვილაპარაკეთ ჩემს სამსახურეოებრივ მოვალეობებზე, მოვალეობებს ვერც აქ ავცდი, და სახლში წამოვედი.
შევატყვე, რომ აქ ცხოვრება არ იყო საკმარისი - აქ აუცილებელი იყო ეს ცხოვრება შეგე-
გრძნო, ან მოგენახა საშუალებები, რომელიც ამაში დაგეხმარებოდა.
მეორე დღესვე მივედი სამსახურში. გუშინ საღამოს კიდევ ერთი როლი შევასრულე ჩემე-
ბთან, ასე რომ, რამდენიმე დღე თავისუფალი ვიყავი.
ჩავიცვი თეთრი ხალათი და დავიწყე პრეპარატების გაყიდვა, რომელთა სახელებიც წესივრად არც კი ვიცოდი. ამ წამალს ასაკი არ ჰქონდა: ახალგაზრდებიც და შუახნისებიც თი-
თქმის ერთი სიხშირით ყიდულობდნენ.
ერთხელაც, როდესაც მანქანები ყურისწამღებად დაშხუილობდნენ ქუჩებში, როდესაც საფულეში ქირის გადასახდელ ფულს ვეძებდი, რომელსაც თუ არ ვიშოვიდი, არც გაჩნდებო-და, ქრისტინემ დამირეკა.
- ჩემთან გამოდი, კარგი ამბავი მაქვს.
ტელეფონს დავხედე, ნამდვილად ქრისტინე იყო თუ არა, რადგან სიტყვა კარგის ასოცი-
აცია მასთან ჩემმა გონებამ ვერ აღძრა.
თბილისში სოფლიდან ჩამოსული გოგოსთვის საკმაოდ არაორდინალურად გამოვიყუ-
რებოდი: ვცხოვრობდი ცენტრში, ძველი თბილისური სახლების ყაიდაზე მოწყობილ ბინაში, ქირას დაგვიანებისა და გადაცილებების გარეშე ვიხდიდი, არ განვიცდიდი დღეში ორი კოლოფი სიგარეტის ნაკლებობას, რომელსაც არ ვიცი, როგორ შევეჩვიე, და მყავდა ნაცნობები, რომელნიც მაშინ მეგონა, რომ მასულდგმულებდნენ.
ქრისტინესთან საღამოს მივედი.
კარი არავის გაუღია - ის და მისი ძმა სტუმრებს აცილებდნენ. მთლიანი პადიეზდი სიგა-რეტის სუნდა ყარდა.
იმ წუთსავე „მგლის ბილიკი“ გამახსენდა. პეტრე ნაპირელის რეციდივისტების ბანდა, თავშეყრის ბუნაგი.
კიბეები ავათავე და სახლშიც ერთად შევედით. მაგიდაზე ქაღალდები იყო მიმოფანტული. გვერდს სასმლის დაცლილი ბოთლები უმშვენებდა. ქრისტინემ ყველაფერი სწრაფად მიალაგა და სამივენი დავსხედით. სიგარეტისთვის უნდა მომეკიდებინდა, როცა ქრისტინემ ანაზდად მკითხა:
- თბილისში რატომ ჩამოხვედი? - სანთებელა ანთებული დამრჩა. იცოდა, რომ იქ ცხო-
ვრებას ყველაფერი მირჩევნოდა. რომ აქ ჩამოსვლის შემთხვევაში თვითონ დამეხმარებოდა ისეთი ცხოვრების მოწყობაში, რასაც ღამის ბოჰემური ცხოვრება ეწოდება.
- კარგი, - სიტვა სანიმ განაგრძო, - შენ იცი ჩემი აფთიაქების ქსელის შესახებ. ჩვენ გვინდა, მედიკამენტების ქსელი, ასე ვთქვათ, გავაფართოვოთ. უცხოეთიდან ჩვენ შეგვიძლია შემოვი-
ტანოთ პირველადი დახმარების მედიკამენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ ასე იოლადაც არაა საქმე: თავდაპირვე-
ლად გვჭირდება ინვესტიცია, რომელსაც ამ საქმეში ჩავდებთ, - თქვა და სიგარეტზე მომი-
კიდა. ყველაფერი გასაგები იყო - შემეძლო დიდი ბიზნესის მეწილე გავმხდარიყავი. პრეპარატის სახელი ვკითხე, დაწვრილებითაც მომიყვა მისი ფუნქციები თუ სამკურნალო თვისებები, მაგრამ აკი ვთქვი, ამ საქმისა არაფერი გამეგებოდა-მეთქი.
ფიქრი დავიწყე, საიდან უნდა მეშოვნა ფული. არც ერთ ბანკში ამხელა სესხს ჰაერზე არ მომცემდნენ და სიტყვაზე ვერ მენდობოდნენ. ისევ ჩემები გამახსენდნენ. ნეტავ განახათ, როგორი ოსტატობით ვადგენდი ამ გეგმას, თითქოს დიდი გამოცდილება მქონოდა ამ საქმის.
შაბათ-კვირას დავუცადე, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოსდა უნივერსიტეტში სწავლისაგან ძალიან გადაღლილმა მხოლოდ დასვენების დღეებზე მოვახერხე მშობლების ნახვა. ჩემი უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების საბუთის ყალბი ასლიც თან მქონდა. ვუთხარი, რომ მხოლოდ ფორმალობისთვის იყო საჭირო მასზე ხელის მოწერა. დანარჩენი საკითხებისთვის უკვე იმ იურისტს უნდა მიეხედა, რომელიც ქრისტინეს მეგობარი იყო
ორშაბათს უკვე თბილისში ვიყავი.
თბილისის სახლი არ აღმიწერია - ალბათ იმიტომ, რომ თავი კეთილმოწყობის მხრივ განსაკუთრებულად არ მიგრძნია - სოფელში ჩვენ ხომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბინა გვქო-
ნდა. აბა მართლა რიღასთვის ჩამოვედი თბილისში? ამასთან ერთად ქრისტინეს კითხვაც გამახსენდა, მაშინ რომ მკითხა და საბოლოოდ მომეშხამა ხასიათი.
სოფელში ერთი ბიჭი „დავიქირავე“, რომელიც ბანკიდან თანხის შეტანის თაობაზე მისულ განცხადებასა თუ შეხსენებას ხევდა კარებიდან. ისიც რა სულელი იყო ამდაგვარ საქმეებში - ხომ შეეძლო ამ საბუთის ჩემს მშობლებთან მიტანით დავეშანტაჟებინე და უფრო მეტი ფული გამოერთმია. სულელი. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი „მოგების“ წილის აღებისთანავე დიდ ნაწილს მეთვითონვე შევიტანდი ბანკში. სამივენი უბრალოდ ვიცდიდით.
სამსახურში ქრისტინე და სანი დამხვდნენ. კმაყოფილებიც ჩანდნენ. მივხვდი ყველაფერს. საწყობში შევედი და თვალი შევავლე დახლებს, რომელიც სავსე იყო პრეპარატით, და რომლის ადგილზე მოტანაც ახლახან დაესრულებინათ, და როგორც მივხვდი, უკვე ჩაეშვათ
სარეალიზაციო ქსელში.
* * *
ღია და მუქი ფერები არ არსებობს. შავის სიმკვეთრე თეთრის ფონზე გამოვლინდება და თეთრის - შავზე, ისევე, როგორც კალმით შავ ფურცელზე დაწერით არ გამოჩნდება არაფერი. ყველაფერში უკანა ფონს აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ მისი მეოხებით შეგვიძლია ამოვიცნოთ კონტურები. როდესაც მანქანაში ზიხარ და შუქნიშანთან გაჩერებული უცქერ, როგორი სიმდაბლით უყურებ გაჩერებასთან მდგომ მგზავრებს, უნდა გახსოვდეს, რომ ის მანქანაც სადღაც გაჩერდება და შენც ისე მოგიწევს გაჩერებასთან ლოდინი, მეტროს მატარებლის ხმის მოსმენა ვაგონიდან ვაგონამდე და სამგზავროს ოცი თეთრის გადახდა, როგორც იმ ხალხს. ასეთი სიტყვები ჩემი თავისთვის ხშირად უნდა შემეხსენებინა, რომ ერთი შეცდომაც და ჩემს სოფლამდე ჩასვლას ავტობუსი მხოლოდ ორ საათს ანდომებდა. იცლებოდა საწყობის თაროები. იზრდებოდა ჩემი მოგების წილიც.
ფული სანიმ ანგარიშზე ჩამირიცხა. თავიდან ანგარიშის ნომერი მეგონა, მერე პირადი ნომერი და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი გასამრჯელო იყო.
ბანკის გადასახადი მეორე დღესვე შევიტანე, დანარჩენი ორი კვირის განმავლოაში არ მახსოვს, რას ვაკეთებდი: მხოლოდ მახსოვს ბარების ბანერები და ტაქსის მანქანის მარკები. არადა ქვე ვცხოვრობდი, ტაქსისტებს უფრო პორტიეებსად ვიყენებდი. ყველანი გამაძღარნი ვიყავით და, როგორც ვთქვით, სანამ „ახალ პარტიას“ შემოვიტანდით, ყველანი ჩვენი ცხოვრე-ბით ვცხოვრობდით. ერთმანეთს თუ დავურეკავდით საქმეზე და მენეჯერულ სააღრიცხვო წვრილმანებზე. ვიცდიდით დილიჟანსის მძღოლის მოთმინებით, პირში ჩიბუხი რომ გა-
უჩრია, ცილინდრი და ფრაკი წვიმისაგან სულ რომ დასველებია და ფრაკის საყელოში ჩა-
მძვრალს ჯიუტად რომ უჭირავს ცხენის სადავეები და მიიკვლევს გზას შამბნარიან უდაბურ ტრამალებში.
2
ამასობაში თავს მერამდენედ გამოვუტყდი, რომ ვვიმიტირებდი. ვიჭყიპებოდი ამ ვიღაც ფანტაზიორის მიერ შექმნილი კოქტეილებით, რაღაც ნარკოტიკებით, რომელთა ყველა სა-
ხეობის დამახსოვრება ძალიან მეთაკილებოდა და და ვხვდვებოდი, რომ ორგანიზმს აღარ შე-
ეძლო. და მერე მივხვდი, რომ არ არსებობდა არანაირი „La vie de bohème”, როგორც სადღაც ამოკითხული მქონდა და არანაირი 60-იანი წლების საფრანგეთი და ხელოვნება, და ვუთხარი საკუთარ თავს: მიიღე რეალობა, როგორც აქსიომა! და მას შემდგომ მე-20 საუკუნის საფრანგე-
თვის ხელოვანთა და ბურჟუაზიული საზოგადოების ცხოვრების წაკითხვა კი არა, ასოებისა-
გან შემდგარი ყოველი სიტყვის წაკითხვა მეზიზღებოდა ცხოვრებაში. ყოველივე ამას თავზე გვირგვინი დაადგა და ხელში სკიპტრა დააჭერინა ტელეფონის ზარმა. ძლივს ვიპოვნე სა-
დღაც მიგდებული. დედაჩემი მირეკავდა, მაგრამ რომ ვუპასუხე, მამაჩემი დამელაპარაკა.
- გისმენ.
- ცენტრში ჩამოდი ხვალვე, მე დაა დედაშენი დაგხვდებით.
ხანდახან როგორ მიყვარდა ეს კაცი: ზუსტად მიხვდა, რომ მოკლე-მოკლე პასუხები მჭირდე-
ბოდა ახლა. მეორე დღეს ავდექი, ჩაშავებული თვალები ამოვივსე, ნახევრად მოდურად და ნახევრად უგემოვნოდ ჩავიცვი, რომ ბალანსი დამეცვა და მამაჩემი ვერ მიმხვდარიყო, რომ აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ულაგამო ცხენივით ავიწყვიტე.
აი, ცენტრში რომ მივედი და ტაქსიდან რომ გადმოვედი, მაშინ მივხვდი, რომ რაღაცა იე-
ჭვა, მაგრამ არ მაინტერესებდა - ეს უკვე კარგ ცხოვრებას მიჩვეული გოგო, სოფლის როხროხა ავტობუსს ვიკადრებდი?! მათ სახეებს რომ დავაკვირდი და კითხვა რომ დავაპირე, რა მოხდა-მეთქი, რადგან მამაჩემი უბრალოდ არ დსმირეკავდა და იმხელა წინადადებას არ მეტყოდა, მაშინ არ გადმოცვიბდნენ? ხელები გადამიგრ-გადმომიგრიხეს, ფურცელი პერგამენტივით დაიჭირეს და ნარკორეალიზატორობაში დამდეს ბრალი. საიდან გაიგეს? მე ხომ სოფელში ვიყავი ჩაწერილი. ახლა გამახსენდა ქრისტინეს სიტყვები: მე და სანიმ ბილეთები ვიყიდეთ, იმ კაცთან ჩავდივართ, მოლაპარაკებაზე, შემდეგი პარტიისთვის. ვნახოთ როგორ იქნება, შე-
იძლება, სულ არ გამოვიდეს. შეიცვალა რაღაცები.
- რაღაცები კი არ შეიცვალა, მიხვდით, რომ გაებით, თქვე მუხთალო და-ძმანნო! - გა
ბრაზებისაგან წამომცდა ხმამამღლა. წინა დღეს ისე ვიყავი, აღარ მაინტერესებდა ამ ბიზნესის ბედი და გზა-კვალი, არადა ზუსტად ეგ იყო კოდური სიტყვა. მერე მეც რომ ვუთხარი ჩემი ხვალინდელი, აწ უკვე დღევანდელი დედულეთ-მამულეთში გამომგზავრების ამბავი.
მანქანაში ჩამტენეს.
- ოხ, ქრისტინე, ოხ სანი, თქვენი!...
ციხეში მხოლოდ იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რატომ დამინიშნეს პაემანი ცენტრში ჩემმა მშობლებმა. და ბოლოს, როგორც იქნა, მითხრეს. ციხეში მომივიდა ამბავი. იმ დღეს თურმე გასვენებაზე მივყავდი და ნელ-ნელა უნდოდათ ეთქვათ ყველაფერი. მე რა ვიცოდი, რომ ეს პრეპარატი ჩემს სოფლამდეც ჩააღწევდა - ჩემი ძმა გარდაცვლილიყო.
* * *
ნეტავ სოფელში ვცხოვრობდე. ოღრო-ჩოღრო ორღობეებში მივიკვლევდე გზას. ჭრიჭინა ღამე დაძინების საშუალებას არ მაძლევდეს. მამლის ყივილი მაღვიძებდეს ყოველ გარიჟრაჟს.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



