
თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა
ადამიანთა მოდგმის საბოლოო დანიშნულებაა უმაღლესი მორალური სრულყოფილება, რომელიც მიიღწევა ადამიანის თავისუფლების მეშვეობით, რომლის წყალობითაც იგი შეიძენს უნარს უმაღლესი ბედნიერებისათვის.
ღმერთს შეეძლო ადამიანი გაეხადა სრულყოფილი და ბედნიერი, მაგრამ მაშინ ასეთი მდგომარეობა არ წარმოიშვებოდა სამყაროს მოწყობის იმანენტური პრინციპიდან. სამყაროს იმანენტური პრინციპი – თავისუფლებაა. მაშასადამე, ადამიანის დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ მიაღწიოს უმაღლეს სრულყოფილებას ტავისუფლების მეშვეობით. ღმერთის სურვილია არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვიყოთ ბედნიერები, არამედ ისიც, რომ ჩვენი თავი ჩვენ თვითონ გავხადოთ თავისუფალი, – ამაში მდგომარეობს ჭეშმარიტი მორალურობა.
უმაღლესი მორალური სრულყოფილება კაცობრიობის საყოველთაო მიზანია. ყველა რომ იმგვარადვე იქცეოდეს, რომ მათი ქცევა ემთხვეოდეს კაცობრიობის საბოლოო მიზანს, მაშინ ამით უკვე მიღწეული იქნებოდა უმაღლესი სრულყოფილება. ყველა ადამიანი ამ მიზნის ადექვატური ქცევის განსახორციელებლად უნდა მიისწრაფვოდეს, რომლის მეშვეობითაც თავის წვლილს შეიტანდა მასში და თუკი თითოეული ასე მოიქცევა, მაშინ სრულყოფილება მიღწეული იქნება.
რამდენად შორს წაიწია ადამიანთა მოდგმამ სრულყოფილების გზაზე? თუკი ჩვენ დავაკვირდებით მსოფლიოს ყველაზე განათლებულ ნაწილს, დავინახავთ, რომ ყველა პირისპირ მდგომი სახელმწიფო მტრულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან და თვით მშვიდობიან დროშიც კი ლესავენ იარაღს, მეორის წინააღმდეგ. ამ მდგომარეობას მოაქვს იმგვარი შედეგები, რომელიც შეუძლებელს ხდის ადამიანთა მიახლოებას საყოველთაო მიზანთან–სრულყოფილებასთან. აბატ სენ–პიერის წინადადება, ხალხთა საყოველთაო სენატის შექმნის შესახებ, თუკი განხორციელდებოდა, იქნებოდა ის მომენტი, როდესაც ადამიანთა მოდგმა შეძლებდა უდიდესი ნაბიჯის გადადგმას სრულყოფილებისაკენ. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ის დრო, რომელიც დღეს გამოყენებულია უშიშროების შენარჩუნებიასთვის, გამოყენებულიყო ამ მიზნის განსახორციელებლად. მაგრამ ვინაიდან სამართლის იდეა მთავრებთან არ არის ისე ძლიერი, როგორც იდეა დამოუკიდებლობის, საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი ნებით მართვის წყურვილი, ამდენად არ უნდა გვქონდეს იმედი ამ მიზნის ამგვარი გზით განხორციელებაზე.
სადღა ვეძიოთ ეს სრულყოფილება და რისი იმედიღა უნდა გვქონდეს მისი მიღწევისათვის? არსად, გარდა აღზრდისა. იგი უნდა შეეხებოდეს ბუნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოჯახის ყველა მიზანს. ჩვენ აღზრდას ოჯახშიც და სკოლაშიც სჭირს მრავალი ნაკლოვანება, როგორც ტალანტთა, დისციპლინისა და დოქტრინის კულტივირებასთან დამოკიდებულებაში, ასევე მორალურ პრინციპებთან შესაბამისობაში ხასიათის ფორმირებასთან. იგი მიმართულია უფრო გაწაფულობის განვითარებისაკენ, ვიდრე მრწამსის, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას სიკეთისათვის. ამგვარ შემთხვევაში სახელმწიფოს უკეთესად როგორ მართავენ ადამიანები, რომლებიც თვითონ არ არიან კარგად აღზრდილნი? მაგრამ თუკი აღზრდა მიმართული იქნება ტალანტების განვითარებისაკენ, ადამიანის მორალური ხასიათის ფორმირებისაკენ, მაშინ ამგვარი აღზრდა გავრცელდებოდა ტახტამდე და პრინციპებიც აღიზრდებოდნენ დახელოვნებულ ადამიანებად. დღემდე არც ერთ მათგანს არაფერი არ გაუკეთებია კაცობრიობის სრულყფილების, შინაგანი ღირეულებისა და კაცობრიობის ბედნიერებისათვის, ისინი ყოველთვის ზრუნავდნენ მხოლოდ თავისი სახელმწიფოს ბრწყინვალებისათვის, რომელიც მათთვის ყოველთვის უპირველესი საქმე იყო. ამგვარი აღზრდა კი მიგვიყვანდა იქამდე, რომ ის ზეგავლენას მოახდენდა მათ მშვიდობის მოყვარეობაზე. თუკი წყაროები ერთხელ უკვე გამოვლენილია და ამ ვითარებამ უკვე ჰპოვა გავრცელება, მაშინ იგი მხოლოდ მხარდაჭერილი იქნება თითოეული ადამიანის აზრით. არა მხოლოდ მონარქი, არამედ სახელმწიფოს ყველა მოქალაქეც ასეთი განათლებული უნდა იყოს და მხოლოდ მაშინ გახდება სახელმწიფო მტკიცე. შეიძლება კი ამის იმედი ვიქონიოთ?
ბაზედოვის მიერ შექმნილი აღმზრდელობითი დაწესებულება იძლევა ამის პატარა და სუსტ იმედს. როდესაც ადამიანური ბუნება მიაღწევს მის სრულ დანიშნულებას და უმთავრეს სრულყოფილებას, ეს იქნება ღვთის სამეფო დედამიწაზე. მხოლოდ მაშინ გაბატონდება არა ადამიანისტრაციული ძალაუფლება, არამედ სამართლიანობა და შინაგანი სინდისის სამართალი. სწორედ ესაა საბოლოო განსაზღვრული მიზანი და უმაღლესი მორალური სრულყოფილება, რომლის მიღწევასაც ადამიანთა მოდგმა შეძლებს მრავალი საუკუნის შემდეგ.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



