
ასეთ ჩანაწერებს გაზეთ „თბილისში“ ვაქვეყნებდი ხოლმე, რასაც ჩემზე თავდასხმა მოჰყვა.
მაშინ ნახევრად ხუმრობით იკითხა პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა: „ვისთვის აღმოჩნდა სახიფათო რედაქტორის ჩანაწერები?“ შეკითხვას თვითონვე უპასუხა: „ავტორისათვის!“ და, ამით, ეპოქის კურიოზულობა გამოკვეთა. მაშინ სხვა დრო იყო. დღეს კი ამ ჩანაწერებს „სახიფათოს“ პირობითად თუ ვუწოდებთ, რადგან იმედია, მათი პერსონაჟები თავს არ დამესხმებიან. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად.
რაც მთავარია, უფალმა იცის, რომ „მოყვარეს პირში უძრახეს“ პრინციპი მაწერინებს დაზოგიერთი მაინც, არსებითად, უწყინარია.
ვერსია
საქართველოს პირველ პრეზიდენტს რომ თავი არ მოუკლავს, ეს ურყევად მჯერა.
მკვლელობის ყველაზე სარწმუნო ვერსიად კი ის მესახება, რაც ბასილ მკალავიშვილისთვის, სავარაუდოდ, შევარდნაძის სპეცრაზმელს, ყოფილ თანასაკნელს უამბნია:
ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულამდე მიმავალ გზაზე, ტყვედ აყვანილ ზვიად გამსახურდიასაგან დაჟინებით მოითხოვდნენ, დაეწერა მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. საწერ-კალამი რომ ვერ დააჭერინეს, ნეკნები და ხელის მტევნები ჩაულეწეს. შემდეგ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა კისრის მარჯვენა მხარეს ესროლა სასიკვდილო ტყვია. და გარდაცვლილი მიასვენეს ღურწკაიების სახლში.
შეპყრობილნი
თეატრმცოდნე ნათელა არველაძეს დაურეკეს და უთხრეს, უნივერსიტეტის კიბეებზე მიხეილ თუმანიშვილიც ზისო.
შეშფოთებული გაეშურა თეთრი ტაძრისკენ.
აღმოჩნდა, რომ ბიძაშვილს მიამსგავსეს.
მაინც ვერ მოისვენა და სახლში მიაკითხა.
უამბო, რაც მოხდა.
ბატონმა მიხეილმა უთხრა: „ მე შეპყრობილი ვარ თეატრით, ის შეპყრობილია იდეით. როგორ შემიძლია, მას არ გავუგო?!“
ბუღაძე
ცნობილია, რომ ვაჟა-ფშაველა თამარ მეფეს ქებას ძლივს უბედავდა(„რად არ ვჩუმდები ნეტაო?“) და მოკრძალებით სთხოვდა:
„მოწყალედ გვექმენ ქართველთა, ჩვენო ლამაზო დედაო“...
ლამაზოო, - ვაჟამ.
ლაშა ბუღაძე კი თამარის გარეგნობას ასე „გვიხატავს“:
„უკანალი ჩავარდნილი - ანუ ქართული.
ოდნავ შესამჩნევი ღინღლი ნორჩ სახეზე - ესეც ქართული. ჯანმრთელი თმა და გადაბმული წარბები, როგორც ფრესკაზეა“.
ფრესკასაც რა კარგად კითხულობს?!
როგორ ეტყობა, რომ მამა მხატვარი ჰყავს, სადაც კედელს ნახავს, მოხატვას რომ იწყებს და ბოლო დროს, კედლებს რომ უმალავენ.
ლაშას დავუბრუნდეთ.
ფრესკის წაკითხვა და გარეგნობის აღწერა რა გასაკვირია, თამარის ხმაც კი ჩაესმის:
„ქართველ ქალებს რომ ხმები აქვთ, ალბათ, ისეთი - სადღაც მოუქნელი და სადღაც სასიამოვნოც“...
მოწყალედ გვექმენ ქართველთაო - ვაჟა ევედრებოდა.
ბუღაძესაც გულისხმობდა...
გასაკვირი
საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა დიდი გავლენა მოახდინა სოლომონ დოდაშვილმა ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.
ტატო სიყმაწვილიდანვე ყურს უგდებდა თავის მასწავლებელს და ყურს არ უგდებდა მამის რჩევას: „გაანებე თავი დოდაშვილს, თორემ გაგთოკავენ“...
მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისევე ამშვენებს დიდი მამულიშვილისა და მისი გენიალური მოწაფის ურთიერთობა, როგორც მთაწმინდის პანთეონს მათი ერთად ყოფნა.
მაგრამ...
როცა დოდაშვილსა და ბარათაშვილზე ვფიქრობ, ლოგიკურად მებადება კითხვა:
რატომ არ ჰპოვა გამოძახილი მოწაფის შემოქმედებაში, ლექსებსა თუ პირად ბარათებში, მასწავლებლის გარდაცვალებამ?
შორეულ ვიატკაში გადასახლებული და იქ ჭლექით დაავადებული სოლომონ დოდაშვილი 1836 წელს გარდაიცვალა.
ამ დროს ნიკოლოზ ბარათაშვილი ცხრამეტი წლისა იყო.
და არანაირი გამოძახილი?!
***
ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა აკაკი გაწერელიას ასე აქვს აღწერილი და შეფასებული:
„ორმოცამდე ლირიკული ლექსის, ერთი პოემის, რამდენიმე სახუმარო ეპიგრამის, თვრამეტამდე კერძო წერილისა და ორიოდე თარგმანის კრებული დევს ჩვენ წინაშე. შეგიძლიათ, იგი ჯიბით ატაროთ. მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანია რიცხობრივად ეს მცირე საჩუქარი ქართველი ხალხისათვის, კაცობრიობისათვის!
არცერთ ქართველ ლირიკოსს არ გაუმდიდრებია თავისი ერის სულიერი და გონებრივი სამყარო ისე უხვად, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილს“.
***
და არც ერთი სიტყვა სოლომონ დოდაშვილის „უღვთო სიკვდილზე?!“
ნუთუ ჩვენამდე ვერ მოაღწია?!
სხვადასხვა რანგის რამდენ მკვლევარს უკვლევია ბარათაშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ეს კითხვა კი ერთსაც არ გასჩენია.
რექტორები
დამირეკა დ. ა. - მ და მითხრა:
„ბოლო დროს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ყოფილხარ? გთხოვ, გაიარო და რექტორების პორტრეტები ნახო“...
გავიარე.
ვნახე.
ნეტა არ მენახა.
თავზარდამცემია ყველა რექტორის პორტრეტი, ერთ სტილში შესრულებული და კედელზე გამწკრივებული.
ასე ომში დაღუპულთა ფოტოებსაც არ გამოფენდნენ სტალინისდროინდელ კლუბში.
ამ დამთრგუნველ ერთფეროვნებასაც აიტანდა კაცი, მხოლოდ ღირსეული რექტორები მაინც რომ გამოერჩიათ.
არა! ყველა ერთიანად წარმოუდგენიათ - ივანე ჯახიშვილიც და თედო ღლონტიც, ნიკო კეცხოველიც და მალაქია ტოროშელიძეც...
ღირსეულნიც და ოდიოზურნიც.
გავეცნოთ ერთ-ერთი ოდიოზურის ბიოგრაფიას:
თედო ღლონტი. 1924 წელს შევიდა კომუნისტურ პარტიაში. 1926 წელს დანიშნეს უნივერსიტეტის რექტორად. შალვა ამირეჯიბმა ეს ფაქტი კალიგულას მიერ სენატორად ცხენის დანიშვნას შეადარა. 1927 წელს დააარსა გაზეთი „პროლეტარ სტუდენტთა ხმა“. 1928 წელს გააკრიტიკა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამოაზრეების მოღვაწეობა.
ასეთი არაერთია.
და დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საპატიო დაფაზე“ გამოჭიმულან.
ესენი განსაკუთრებით ამძიმებენ საერთო სურათს, თუმცა, ესენიც რომ არ იყვნენ, მაინც სირცხვილია თანამედროვე უნივერსიტეტში ასეთი „დაფის“ არსებობა.
მაიაკოვსკი მახსენდება:
„ბიუროკრატიზმს დავკბენ მგელივით!“
აქ ბიუროკრატიზმი პროვინციალიზმით უნდა ჩავანაცვლოთ.
მისალმება
ამის შესახებ წლების წინათაც დავწერე.
ყურად არ იღეს.
იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ ვთქვა.
საქმე ეხება „მისალმების“ ტექსტს, საქართველოს მწერალთა კავშირი იუბილარ მწერლებს რომ უგზავნის.
სამყაროში ყველაფერი იცვლება, ამ ტექსტის გარდა.
განსაკუთრებით შემაღონებელია მარად უცვლელი შესავალი:
„ბატონო თ..........ზ, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულითადად მოგესალმებიან თვალსაჩინო მწერალსა და მრავალმხრივ შემოქმედს“.
არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის, თუ ვინ არის ეს თვალსაჩინო მწერალი და მრავალმხრივი შემოქმედი? რა დაწერა? რატომ არ ვიცით?!
ეს - შესავალი.
ამას მოჰყვება კიდევ უფრო გულის შემაღონებელი ამბავი - მეგობარი(?!) მწერლები იქით უამბობენ იუბილარს მისსავე ბიოგრაფიას - როდის დაწერა და სად გამოაქვეყნა პირველი ლექსი თუ მოთხრობა, როდის გამოსცა პირველი წიგნი, სად იმუშავა...
და ფინალი:
„კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით ქართული მწერლობის ჭაშნაგირს, მამულის მეციხოვნეს“ და მისთანანი.
არ ვარგა ასე, მეგობრებო.
არ ვარგა.
უნდა შეიცვალოს...
გარეგნობა
სიმონ ჩიქოვანი ასე აღწერს ნიკო ლორთქიფანიძის გარეგნობას:
„სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი „მწარე“ ღიმილი. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა“.
დაწერდა ასეთი კაცი „იყიდება საქართველოს“, აბა რას იზამდა?!
„მრისხანე ბატონსაც“ დაწერდა...
და კიდევ რამდენს?!
არადა, მისი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობა სულ რაღაც სამ ტომში თავსდება.
არ ვიცი, რით ვანუგეშო ოცდაათტომეულების ავტორი პროზაიკოსები.
ორასტომიან პოეტებზე აღარას ვიტყვი.
პარალელი
ტკბილად დავამთავროთ.
განსაცვიფრებელია მეათე საუკუნის ბიზანტიელი პოეტი ქალის, კასიას, ლექსი, მანანა გიგინეიშვილის თარგმანით, ასე რომ ჟღერს:
„ხელთ როგორ მეპყრას ჩვილი, რომელსაც
თვით ხელთ უპყრია მთელი სამყარო?!“
მთარგმნელის აზრით, პოეტმა ქალმა ღვთისმშობლის ფიქრებსა და განცდებშიც კი შეაღწია.
ანუ დედა ღვთისამ იცოდა, ხელთ ვინ ეპყრა.
***
ყველა შედარება მოიკოჭლებსო.
უფალთან ვინმეს შედარება კი, ვიცი, მკრეხელობაა.
მაგრამ მწამს, რომ ამ პარალელს უფალი შემინდობს:
არტემ ერქომაიშვილმაც იცოდა, ვის უზრდიდა საქართველოს და უმამოდ დარჩენილ შვილიშვილს ბავშვობიდანვე ჩააგონებდა, რომ ამქვეყნად განსაკუთრებული მისიით იყო მოვლინებული.
და ვისგან?
რა თქმა უნდა, უფლისგან.
ამიტომაც შემინდობს.
და კიდევ ერთი შედარება, ამჯერად, - პოეზიის ღმერთთან.
გალაკტიონი: „ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი, მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი, რომ გამომევლო ჯერარსმენილი ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა და მომეტანა საქართველოში სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა“.
ანზორ ერქომაიშვილმა კი თვითონ სიმღერა გადაარჩინა.
ამიტომაც, პოეზიის ღმერთიც შემინდობს.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



