(ეძღვნება გიორგი ჩუთლაშვილის ხსოვნას)

წამოწოლილი ვიყავი, კარზე რომ დააკაკუნეს, აი, ბურანში რომ ხარ და ყველაფერი გეზარება, ისე ვიყავი. თან - ნაბახუსევზე. უნდა აღვნიშნო, საშინელი "პახმელია" ვიცი.
გაზის ან დენის "ინკასატორი" მეგონა, მაგრამ ეგენი ხომ კარგა ხანია, აღარ აკაკუნებენ ხოლმე, ჩაგიჭრიან თუ გათიშავენ გაუფრთხილებლად და ეგაა. ყოველ შემთხვევაში, შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ მალე გათიშავდნენ დენსაც და გაზსაც, გადასახდელი ფული არ მქონდა, ერთი-ორჯერ გამოსავლის ძებნა დავიწყე და სოციალურ ქსელში წიგნების გაყიდვასაც ვეცადე, მაგრამ ერთი მეგობრის გარდა, რომელმაც დამაკვალიანა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, არავინ გამომეხმაურა.
კარი გავაღე, ზღურბლზე ორი, ოცდაათ წლამდე მამაკაცი იდგა, ერთი - უფრო ტლანქი და ახოვანი, მეორე - უფრო თხელი აგებულების, მაგრამ მოქნილი ჩანდა.
- მარტინი! - მითხრა მაღალმა და ხელი გამომიწოდა, უხეში ხელი ჰქონდა, ნაჯაფარი, დაკორძებული.
- ქრისტოფერი! - თქვა მეორემ და ჩემს ზურგს უკან გაიხედა.
რა სახელებია, უეჭველი იეჰოვადან არიან, ამ ნაბახუსევზე ამათი ნერვები სად მაქვს მეთქი, გამეფიქრა და ორივეს თავიდან მოშორება დავაპირე.
- შემოგვიშვებ? საქმე გვაქვს! - თქვა მარტინმა და უბოდიშოდ გამწია, მეზღვაურის სიარულის მანერით შევიდა ოთახში და დაუკითხავად ჩამოჯდა ტახტზე, ქრისტოფერიც მიჰყვა და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
- რა საქმე გაქვთ?! - ვიკითხე და, ადგილი რომ ვერ ვნახე დასაჯდომი, კედელს მივეყუდე.
- წიგნები გქონია გასაყიდი! - ჩაიცინა ქრისტოფერმა.
- წიგნები? ხო, რაღაც დავწერე სოციალურ ქსელში, მაგრამ გადავიფიქრე! - არეულად ვუპასუხე.
- ვერ აზროვნებს, ისეთ ნაბახუსევზეა! - ჩაიხითხითმა ქრისტოფერმა.
- თუმცა წიგნების გაყიდვა კი გადაუფიქრებია! - მომიწონა მარტინმა.
მაცივრისკენ წავედი და მამაჩემის გამოგზავნილი ჭაჭის არაყი გამოვიტანე, სოფლიდან გამოგზავნილი ტკბილეულიც მქონდა ცოტა, ისიც წამოვიღე და ტახტსა და სავარძელს შორის მდგარ პატარა მაგიდაზე დავდე.
- ეს რა არის?! - იკითხა მარტინმა და არაყი დასუნა. შევატყვე, როგორ აეწვა ნესტოები და თავი გაიქნია.
- ჭაჭის არაყია. მამაჩემის გამოხდილი, სულ მაგაზე ვეჩხუბები, ნუ აყენებ ამხელა გრადუსზე მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს! - მთელი სიამაყით განვაცხდე და თან ვითომ დავუწუნე სიჯიუტე მამაჩემს.
- თითქმის ყველა ნავსადგურის რომი და ჯინი დამილევია, მაგრამ ჭაჭის არაყი არ გამიგია! - თქვა მარტინმა და მაშინვე დავრწმუნდი ჩემი ვარაუდის სისწორეში, რომ მეზღვაური იყო.
- მე კიდევ ვისკის ვსვამდი ჩრდილოეთში, დაასხი! - მითხრა ქრისტოფერმა და ჭიქა გამომიწოდა.
ორივეს დავუსხი და უთქმელად გადაკრეს, გამიკვირდა, დიდად რომ არ გასჭირვებიათ, მეორეც დავუსხი და - ისევ ისე, მესამეზე მარტინმა ჭიქა გაწია.
- მეტი არა, წიგნები უნდა ავარჩიოთ!
- ხომ გითხარით, არ ვყიდი მეთქი! - ცოტა არ იყოს, გავბრაზდი.
- ერთხელ ხომ გაყიდე?! - დამცინავად მითხრა ქრისტოფერმა.
ერთხელ მართლა გავყიდე, ფოტოკონკურსზე მოვიგე ის წიგნი და მაგის მერე სულ ვნანობ მაგ ამბავს.
- ხოდა, ძაანაც მივქარე! - ვუპასუხე და მესამე ჭიქა გადავკარი.
- კარგია, რომ ნანობ, ისე, არც უნდა გეფიქრა შემდეგ გაყიდვაზე, ჩვენი გაყიდვა არ შეიძლება! - შემომცინა მარტინმა გულღიად.
- რა შუაში ხართ თქვენ?! - გამიკვირდა.
- შუაში - არა, თავში ვართ! - ფეხზე წამოდგა ქრისტოფერი და წიგნების თაროს გახედა, - საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გქონია! - და თავი ჩაიქნია მოწონების ნიშნად.
- რახან არ ყიდი, ჩვენ წავალთ! - მარტინი ადგა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, - მეორედ ტყუილად არ მოგვიყვანო, უკეთესი იქნება, თუ საერთოდ არ მოგვიწევს მოსვლა! - ჩამორთმეული ხელი მხარზე მომითათუნა.
- ისე, ამ არაყზე კი მოვიდოდი სიამოვნებით! - თქვა ქრისტოფერმა და არაყი თვითონ დაისხა. უცებ გადაკრა და კარამდე მისულ მარტინს მიჰყვა, კართან მობრუნდა და თვალი ჩამიკრა, - ქრისტოფერი მქვია, მაგრამ სმოკ ბელიუსაც მეძახიან! - მითხრა და კარი გაიხურა.
საშინელი ნაბახუსევი ვიცი, ძლივს გამეღვიძა, გავახილე თვალები და წიგნების თაროსკენ გავიხედე - ჯეკ ლონდონის ორი წიგნი მომხვდა ეგრევე თვალებში. „მარტინ იდენი“ და „სმოკ ბელიუ“
არა ისე წიგნებს მართლა რა გამაყიდინებდა.

მიხა

ჯერ ერთმა გამოტოპა არაგვი და ტყიანს შეეფარა, ცოტა ხანში მეორე კაციც გამოჩნდა, იმანაც აჩქარებით გადმოიარა მდინარე და მომლოდინეს შეუერთდა.
-წინ წავალ, მოშორებით მომყევი !-უთხრა პირველმა და სწრაფად შეუყვა ჩარგლის უკანა გორს.
წინ მიხა მიდიოდა, ასიოდე მეტრის დაშორებით ლევანი მიჰყვებოდა, მიხა ისე იცნობდა ყველა ბილიკს, თვალდახუჭული ივლიდა, ლევანი კი უცხოდ იყო ფშავში. გორაზე ასულები კორომს შეეფარნენ და ცეცხლი დაანთეს, სველი ტანსაცმელი გაიშრეს.
-ხავაზურო, თუ დაგვრჩა რამე გავკენკოთ, საღამოზე კი ხინკალი ჩემზე იყოს!-თავმოუბრუნებლად გასძახა მიხამ მეგობარს და ცეცხლს ფიჩხი დაამატა.
-ხმიადი და ყველი დაგვრჩა, რაღა გადაგვირჩებოდა ორ, ნადირივით დამშეულს!-ღიმილით გაეპასუხა ხავაზური.
-აი, დედასა, ფშავში ძმობილი მშიერი უნდა დამიდიოდეს?!-თავი გააქნია მიხამ.
ხურჯინზევე გაეშალა ხავაზურს, რაცა ქონდათ, და იქვე არყიანი მათარა მიეგორებინა პატარა ყანწურით.
აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს,
გამოსროლილი მტრებისა.
ჩაიმღერა მიხამ და ქვემოთ, ჩარგლის ჭალისკენ გაიხედა.
-მაიტა მაგ ლექსს ნუღარ დამძახი, ორი კვირაა, აგიჩემებია!-მოიღრუბლა ხავაზური.
-ჩვენს დღეში მყოფებისთვის ეგ გრძნობა და ფიქრი გვერდზე მყოფია, ძმისავ.
-მოდი, პირი გავიმწაროთ, ეგა სჯობს!- უპასუხა ლევანმა და ყანწურა არყით შეუვსო, - მასპინძელი შენა ხარ და შენ გეკუთვნის პირველი სადღეგრძელო!
-დედის სიკვდილის მერე ჩემს კუთხეში არა ვყოფილვარ, ლევანო, ჩემებმა მომიკლეს დედა, მაგრამ სისხლი არ ამიღია, ჩემს ტყვიას მე მაგათ სისხლში არ გავრევდი, ეგრე იარონ სირცხვილიანებმა, აქედან გადაკარგეს ეგენი, ზოგი - სად და ზოგი - სად, მაგათ ისიც ეყოფათ, სანამ ცოცხალი ვარ, მშობელ კუთხეში რომ ვერ გაიჭაჭანებენ, მაგრამ მე ჩემს კუთხეზე ნაწყენი არა ვარ, ფშავიდან დაწყებულ საქართველოს გაუმარჯოს, ჩემო ლევან, არ კი გეწყინოს, კახელო!- გაუღიმა და დაცლილი ყანწი გადააწოდა.
-ეგრე იყოს, საქართველოს და ჩვენს ბელადს გაუმარჯოს, კარგი იყო, არ გასულიყო ქვეყნიდან, მაგრამ ეგრე ჯობდა, ალბათ!-ლევანმაც დაცალა და იქვე მიაგდო დაცლილი სასმისი.
-უნდა ვიჩქაროთ, ნელა ჩავიდეთ სოფლისკენ და საღამოს პირზე ლუკასთან მივიდეთ, მელოდება!



ლუკა მარცვალიშვილი ცეცხლს მიშტერებული იჯდა, თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, ორი წლის წინ მისთვის მიხას დაჭერა ან მკვლელობა რომ შეეთავაზებინათ, მაგის მთქმელს იქვე დაახლიდა ტყვიას, მაგრამ ეს ორი თვეა, ვერაფრით ამოიგდო ეს აზრი თავიდან, ცალკე - კომისარი და ცალკე - ვახტანგი ყოველდღე ამას ჩასძახებდნენ, ვახტანგი - განსაკუთრებით, დღე არ გავიდოდა არ გაეხსენებინა, ჭურღულია გენდობაო. ეგ პირსისხლიანი ძაღლისშვილი, ჯერ ეგაა მოსაკლავი, ნეტავ, მაგის სიკვდილისთვის იძლეოდნენ ჯილდოსო, გაიფიქრა.
ცხენი, შაშხანა და მაუზერიო, ფული ფულადო, ცალკე მიხას მკვლელობისთვის სახელი გაუვარდებოდა, მაღაროსკარის მილიცია კი არა, შეიძლება, თბილისშიც გადამიყვანონო, ფიქრობდა. ვინ შემარჩენსო, გაიფიქრა, თუმცა იქვე უკუაგდო ეგ აზრი, ვინღა დარჩა მიხას მეგობრებიო, მისი ბელადი, მისი დაუნდობელი ძმაკაცებით, დიდი ხანია, გასულია ქვეყნიდან და სისხლის ამღებიც აღარავინააო, და სითამამე ემატებოდა.
გარსევანაშვილს გაენდო, ეგ მაინც ყველაფერზე წამსვლელია, ერთი ლუკმა რომ მიუგდო, დანას გამოუსვამს ყელში, ვისაც გინდა, მაგრამ არაა სანდო.
მიხას შემონათვალი ერთი თვის წინ მოუვიდა, იანვარ-თებერვალში ამოვალ ფშავში და მელოდებოდეო. ყოველდღე ელოდება იმის მერე, ყოველდღე წმინდავს შაშხანას და ტყვიას უცვლის, რატომ შვრებოდა ამას, თვითონაც ვერ ხვდებოდა. იარაღს ღალატი არ უყვარსო, გაეფიქრებოდა, ვისთვის ამზადებდა, ვერ ხვდებოდა, რომელი მტერი ლუკას ყავდა, რომ იარაღი სულ მზად ჰქონოდა.
სახურავზე ხმაური გაისმა, კენჭის დავარდნას ჰგავდა, ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ისე იჯდა ცეცხლს მიშტერებული, კიდევ რომ გაისმა ხმაური, აიხედა და წამოდგა, უკანა კარის მხრიდან მოდიოდა ხმა, იარაღი აიღო მაინც და ნელა გამოაღო კარი, სახლს უკან მდგარ პანტასთან ორი სილუეტი შეამჩნია და დაფრთხა, სანამ იარაღის გადატენვას შეეცდებოდა, ერთი სილუეტი გამოეყო ხეს და სიცილით წამოვიდა.
-მიხა!-ისე ამოაძახა, თითქოს, გული ამოაყოლა.
-დაუშვი, ლუკავ, მე ვარ!- მონატრებული ხმით თქვა მიხამ და მეგობარს გადაეხვია, - მოდი, ლევან, ლუკა ჩვენია!-დაუძახა იქვე მდგომ ხავაზურს.
ლევანი მოახლოვდა და ლუკას ხელი ჩამოართვა, სახეში ჩახედა და უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ისეთი ცივი და სველი ჰქონდა ლუკას ხელი, რომ ლევანს მოეჩვენა, გველს ხომ არ შევეხეო.
-დროზე შევიდეთ, არ გვნახოს ვინმემ!- ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ლუკამ.
-ორი საათია, აქაურობას ვზვერავ, არავინაა მომსვლელი, შიში ნუ გაქვს, შენ ხინკალი გვაჭამე, შეპირებული ვარ ლევანს და პირობა არ დამარღვევინო!-სიცილით ეუბნებოდა მიხა და თან იარაღს იხსნიდა.
მარცვალაშვილი ცომის მოზელას შეუდგა, მიხა ხორცს კეპავდა.
-მე ხინკლის მოხვევის არაფერი გამეგება და, თუ გინდათ, ცეცხლს მივხედავ!-გაიხუმრა ლევანმა.
-ეგეც საქმეა!-გამოსძახა მიხამ, - ლუკავ, არაყი თუ არ გაქვს, წყალშია ეს ჩვენი შრომა ჩაყრილი, ხო იცი?!
-არაყი იმდენი მაქვს, მთელ საფშავლოს ეყოფა, ორნახადიცა მაქვს, მოგიხდებათ ნამგზავრებს !- ხასიათზე მოსულიყო ლუკაც.
ხინკალი ჩაყარეს და ცეცხლს მიუსხდნენ.
-ლუკავ, - თავააუღებლად თქვა მიხამ, - ბალღი უნდა ვნახო, უნდა მომიხერხო, აგერ ორი წლის ხდება და მე ერთხელ ვნახე დურბინდით შორიდან, მომიხერხე ეგ საქმე და რა გინდა, მთხოვე.
ლუკამ ფიჩხს წკნელი ატეხა, ნერვიულად შეატრიალა ხელში, შუაზე გადატეხა და ცეცხლში შეაგდო, მერე თავი გააქნია და მიხას შეხედა.
-არ გამოვა, ძმაო, და ნურც აიჩემებ, იქაურობას სულ უთვალთვალებს ვიღაც, მილიცია და კომკავშირლები თუ არა, ვინმე მეზობელი მაინც იქნება მოყურადებული. დღეს და ხვალ ეგ საქმე არ გამოვა, დარჩი ერთი ორი კვირა და ვნახოთ!-იქვე გულში გაიფიქრა, ორ კვირაში ან ისე გადავწყვეტ, ან - ასე, დრო მაინც მაქვს მოსაფიქრებლადო.
გარეთ ძახილი გაისმა, მიხას არც აუწევია თავი, ხავაზურს ხელი მაუზერისკენ გაექცა და უნებურად ამოწია.
-ნუ გეშინიათ, ლევანია ჩვენი, გარსევანაშვილი!-თქვა ლუკამ და კარის გასაღებად წამოდგა.


-შენი არ ვიცი და მე ეგ შენი ლუკა და ჩემი სეხნია დიდად არ დამეხატა გულზე!-ჩაიბურტყუნა ხავაზურმა და იქვე მდგომ ხეს მხრით მიეყუდა.
- ლუკა ნაცადი მყავს, ეგ ლევანი კიდევ დიდი ვერაფერი შვილია, მაგას ვინ მისცა სროლის გამბედაობა!-ჩაიცინა მიხამ.
-შენ კარგად მოგეკიდა ეგ მყრალი არაყი, მე ცოტას ვსვამდი და მაგათი გადახედვები არ გამომპარვია, არ არიან ეგენი სანდო ხალხი, სადაც არ ელოდები, იქ გიღალატებენ, დამიჯერე, დღესვე წავიდეთ კახეთისკენ და იქ გადავიზამთროთ, გაზაფხულზე ისევ გადმოვიდეთ, გაფოთლილ ტყეში მაინც გვექნება თავშესაფარი!
-ლევან, მე შვილი უნდა ვნახო, ამისთვის გადმოვედი, ვახტანგი დასდევს თურმე დედუნას და ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო, არც სიზმარი მასვენებს და...!-არ დაამთავრა მიხამ სათქმელი.
-ორ თვეს გთხოვ, მიხავ, გული მეც ცუდს მიგრძნობს, გადავიდეთ კახეთს, ჩვენს ძველ ბინებში დავდგეთ, იქ ხალხიც გვიცნობს და გვეხმარება, მილიცია და ჩეკაც არ გველოდება იქ, მეტი გასაქანი გვექნება!-ადგილს ვერ პოულობდა ხავაზური.
-მისმინე, ლევან, ახლა ერთ რამეს გეტყვი და არ გამიჯიუტდე, შენ წადი კახეთში, მატნის თავში, ჩვენ ძველ ბინებში სადგომი მოამზადე, ათ დღეში მეც გადმოვალ, სიტყვას გაძლევ, არ დაგაღალატებ, ჩვენს ძმობას გაფიცებ, არ შემეწინააღმდეგო, ნაფიქრი მაქვს ამაზე!-ქვემოდან ამოხედა მიხამ.
-მეხუმრები?-თავი გააქნია ლევანმა, - შენ ძალიან კარგად იცი, მე აქედან წამსვლელი არა ვარ უშენოდ.
-წახვალ!
-არ წავალ!
-ასე სჯობს, რა აზრი აქვს ერთად ყოფნას, შენ რომ წახვალ, ბინის ამბავი მოგვარებული იქნება და საქმე - წინ წაგდებული, ათ დღეში გადმოვალ, გეფიცები.
-მპირდები?!
-სალოცავებს გეფიცები.
ხავაზურმა თავისი ბარგი წამოკრიფა, იარაღი აისხა და ნაბადი მოიგდო.
-რაც აქ საგზალია, სულ წაიღე, მე ლუკასთან ჩავალ ამაღამ ისევ და შენ გზაში დაგჭირდება!-უთხრა მიხამ.
თვალზე ცრემლი მოადგა ლევან ხავაზურს, ხელგაშლილები წავიდნენ ერთმანეთისკენ და მაგრად გადაეხვივნენ. მიხასაც თვალები აუწითლდა.
-წადი, სანამ ქალებივით ავტირებულვართ!-გაეცინა მიხას და ოდნავ უბიძგა ხელი.
ხავაზურმა ოციოდ მეტრი გაიარა, გაჩერდა და მოიხედა.
-ჰა?-თან თავი გაიქნია დაბლისკენ.
-არა მეთქი, ათ დღეში!-დაუძახა მიხამ.
ყოველ ას მეტრში ჩერდებოდა ხავაზური, მოხედავდა გორის თავზე მდგარ მიხას და ერთმანეთს ხელს უქნევდნენ, სანამ არაგვის ჭალაში არ ჩაიმალა.


ტაბლასთან მჯდომ მიხას ხელში ფანდური ეჭირა და დაბალ ხმაზე უკრავდა, ნაარყალს გონება აღარ უჭრიდა და არც დაკვრა გამოსდიოდა, ლევან გარსევანაშვილი კიდევ არაყს უმარჯვებდა, ლუკა მარცვალაშვილს შაშხანისკენ გაშტერებოდა თვალი. არა, აქ არ გამოვაო, ფიქრობდა გულში, იქნება, ხევგაღმა, საბძელში გავიყვანო, იქ მოსახერხებელიაო.
-ლუკავ, ბალღის ამბავზე რა გამიგე?!-ოდნავ ენაარეულად ჰკითხა მიხამ.
-ჰა, ხო, ბალღისა? ხვალ ან ზეგ მოხერხდება, მიხავ, მიდი, კიდევ გადაჰკარ, ბალღებისა დავლიოთ!-აჩქარებით უთხრა ლუკამ და არაყი მიუწია შეცვლილი და უფრო დიდი ჭიქით.
მიხამ სასმისი აიღო, არც დაუხედავს ჭიქისთვის.
-კიდევ კარგი, ერთი ჩემფერა მაინც დადის მიწაზე და უშვილოდ არ წავალ ამქვეყნიდან, კარგი იქნებოდა, ბიჭიცა მყოლოდა, რომ გოდერძაულთა გვარის ჩემი შტოც გაგრძელებულიყო, მაგრამ, რაც არის, არის!-ერთი მოყუდებით დააშრო ჭიქა.
ნელნელა უმძიბდებოდა თავი და მკერდზე უვარდებოდა.
-მოისვენე, მიხავ, აგერ გაგიშლი საწოლს!-უთხრა ლუკამ და წამოიწია.
მიხა უცებ მოფხიზლდა, ყაჩაღის გუმანმა უკარნახა, რომ სახლში წოლა სახიფათო იყო.
-აქ არა, საფრთხეა მაინც, შენს საბძელში გავალ, თივა იქაა და ნაბადი კი მაქვს!- ამის თქმაზე წამოიწია, მაგრამ დაბარბაცდა, გარსევანაშვილი წამოვარდა და მხარში შეუდგა, კარებში როცა გაჰყავდა, ლუკას მოუტრიალდა.
-შაშხანა, შაშხანა წამოიღე!-წაისისინა და თვალით იარაღზე ანიშნა.



საბძელში ნამთვრალევი მიხას წყვეტილი სუნთქვა და ორი ადამიანის ჩურჩული ისმოდა.
-მიდი, ესროლე, რას გაიგებს!-ხმაჩაწყვეტით ეუბნებოდა გარსევანაშვილი.
-მე ვერ ვიზამ. მაგან იცის ჩემზე ყველაფერი, წეღან, წვერს რომ ვპარსავდი, მითხრა, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელიო, მერე თავისი სახეთქი ტყვია მომცა და მითხრა, როცა გადასწყვეტ, ეს მესროლე, უცებ მომკლავს და ვერაფერს გავიგებო.
-სად გაქვს ეგ ტყვია?
-აგერ, ჯიბეში.
-მომე.
მარცვალაშვილმა ერთხანს აფათურა ჯიბეებში ხელი და ბოლოს მიაგნო, შაშხანის თავწაფერადებული ტყვია ამოიღო და გარსევანაშვილს გაუწოდა, გარსევანაშვილმა ტყვია გამოაგდო შაშხანიდან და მეორეთი შეცვალა.
გადატენვის ჩხაკუნმა ორივეს ლამის გული ამოუგდო საგულედან.
-ჭრაქი აანთე და მომინათე!-ამოიხავლა გარსევანაშვილმა.
ლუკამ, ხელის კანკალით, ძლივს აანთო ჭრაქი და მიუნათა, მიხა გულაღმა იწვა, ცალი ფეხი მუხლში ჰქონდა მოკეცილი, ხელები კი - გაშლილი, გარსევანაშვილმა იარაღი მიუშვირა, ამ დროს მიხამ ძლიერად ამოისუნთქა და მიჩუმდა, ლევანს სახეზე ფერი დაეკარგა, ოფლმა დაასხა და ხელი აუკანკალდა, სანამ ლუკას მოხედავდა და რამეს იტყოდა, მარცვალაშვილმა ხელიდან იარაღი წაგლიჯა.
ღამის სიბნელე გასროლის ხმამ გახია, გაღმა-გამოღმა გორს მიეხალა და ჩაჩუმდა.
-წადი, ვახტანგს უთხარი, მაღაროსკარიდან მილიცია მოიყვანოს!-დაუყვირა კედელზე აკრულ გარსევანაშვილს მარცვალაშვილმა.
დილის ბინდში არაგვის პირზე ჭენებით მიჰყავდა მხედარს ცხენი მაღაროსკარისკენ.

„მრავალი წლის მერე, სრულიად დაბრმავებულ ხავაზურს რომ ხელაშვილს უხსენებდნენ, თვალებში ნათელი ჩაუდგებოდა და იტყოდაო, - იქ რომ ვყოფილიყავ, ვერაფერს დააკლებდნენო“

2023 წელი, შაბათი. 11 თებერვალი

ნიში ტყეში

(ეძღვნება გია და შოთა თათარაძეებს)

–სამჯერ ვთხოვე მამაჩემს კისისხევის ტყეში წაყვანა და იმ ძველი ნიშის ჩვენება, ვერასდროს მოვახერხეთ ერთად წასვლა!–მეუბნება ძმაკაცი და ჯამში ასხამს ღვინოს.

მარანში ვიჯექით, ფეჩთან პატარა ტაბლა გვედგა, ცრიატი ამინდი იდგა, კახეთში იცის ასეთი ამინდები,გორებს რომ ნისლები მოსდევენ,ყველაფერი გავიწყდება ასეთ დროს. სასწაული კაცია ჩემი ძმაკაცი და მამაც უმაგრესი ადამიანი ყავს. სოფლის იმედს იტყვიან ესეთ კაცზე, ყველას დამხმარეს და იმედს.

–არ დადგებოდი მაინც უნახავად ხომ ვიცი!– ვეუბნები და ცეცხლს შეშას ვუკეთებ.

შოთამ ფანჯრიდან ცივის მთას გახედა და მობრუნდა.

–გომბორზე თოვს, როცა ცივა ეგეთი ნისლი შეუდგება გომბორზე ნამდვილად თოვს!–ჩაილაპარაკა.

–ხოდა შეშა შემოგვაკლდა, დეკემბრის შუა რიცხვები იყო,დილით წავიდეთო მამაჩემმა, კისისხევის ტყეში შეშა მოვჭრათ და ტაჭკით წამოვიღოთ, ცოტა ხანი გვეყოფა და მერე მანქანით ჩამოვიტანო.

დილაუთენია წამომაგდო და წავედით,ახალნათოვი იყო, სანამ ტყემდე მივედით გზაში გავთბი,მამას კი იცი ეგრე ადვილად არ აწუხებს სიცივე,ძველი სპორტსმენია,გამოჯეკილი, მიუძღვება წინ ამ ვირს და აბოლებს სიგარეტს, ტყისპირთან გავაჩერეთ ტაჭკა და დავიწყეთ საშეშე ხეების ძებნა. რამდენიმე ავარჩიეთ რომ მამაჩემის ხმა მომესმა.

–შოთიავ კაცოუ, აექ უნდა იყოს ის ნიში სადღაც, ამ დათოვლილში ვერ ვაგნებ!

_კი იცი ჩემი ამბავი სიძველეების მიმართ, სულ გადამავიწყდა შეშა,შემოვიარე იქაურობა და ვერაფერი ვნახე, ვიფიქრე აბა ხეზე ავალ და გადავიხედავთქო, ავედი ერთ რცხილაზე და აგერ არა დგას დალოცვილი სადღაც ას მეტრში, პირდაპირ თვალში მომხვდა, არადა ორ–სამჯერ ჩავუარე, იმ დათოვლილ ბუჩქებში ვერ ვნახე თუ რა იყო რავიცი.

–აგერაა მამი, შენგან მარჯვნივ!–გავძახე

–რა თვალი გაქვს შე ლეკო შენა!–გამეხმიანა მამაჩემი და წალდით ხელში ნიშისკენ წავიდა.

მივედით, ძველი და ლამაზი ნიში იყო, იმდენი ხნის მიტოვებული რომ სანთლის კვალიც არ ეტყობოდა არსად, მამაჩემმა პალტოს ჯიბიდან სანთლები ამოიღო, სამი ცალი მე მომცა, დავანთეთ, პირჯვარი გადავიწერეთ და იქვე ჩამოვჯექით. ნიში თითქოს განათდა, გაშუქდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სიცოცხლე დავუბრუნეთ მიტოვებულ სალოცავს. გული ამევსო რაღაც მადლიანი სხივით.

–ნეტა მცოდნოდა აქ რომ მოვიდოდით, ღვინო წამოგვეღო ეს ოხერი, ჩავილაპარაკე და წამოვდექი, აღარც მციოდა, გამათბო ამ ყველაფერმა. ტყეში სასწაული სიწყნარე იდგა, სანთლის ალის ხმაც კი მესმოდა თითქოს.

მამაჩემმა ჩაიცინა,კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, წავიდეთ გავაგრძელოთ საქმეო და ტაჭკისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი, ტაჭკასთან მისულმა ურემზე დაყრილ ტომრებში რაღაცას დაუწყო ძებნა.

–ლეკოო, ჰაი ლეკოო! –დამიძახა, მივტრიალდი და რას ვხედავ ,გოდორყურიდან ხუთლიტრიან შემოწნული ბოცა ამოუღია და მიცინის.

–ეს საიდანღა გააჩინე კაცო!–მივვარდი გახარებული.

იცის ბიჭმაო, გაიცინა და ახლა საგზალი გამოაჩინა. ეგრე მგონი არაფერი გამხარებია რა. ჩამოვჯექით იქვე და ჩამოვახით ჩვენებური რქაწითელი,

პირველი სალოცავისა ვთქვით, მერე ქვეყნისა და შევყევით, თოვაც წამოიწყო, აი ჩვენ რომ გვიყვარს ეგეთი ამინდი დადგა. ცოტა ხანში რაჭულიც შევუბერეთ და ჩამოვუარეთ კიდეც.

პირველად ვსვამდი ძმაო მამასთან ერთად და თითქოს ასმაგად გავიზარდე.

–მოდი ლეკო, მამაშვილობისა ვთქვათ!–ჯამი გამომიწოდა მამაჩემმა, სხვა გრძნობა გამიჩნდა,ყელში ბურთი გამეჩხირა და გადავეხვიე მამას, მეამაყებოდა რომ მამაჩემს ჩემი ძმაკაცი ერქვა ამ მომენტში.

–ზედმეტი სიტყვების გარეშე, არ მიყვარს გაჯანჯლება ხომ იცი? ჩვენს მამაშვილობას გაუმარჯოს!–თქვა მამამ და ნახევარი ჯამი დაცალა, დანარჩენი ნახევარი სიტყვის უთქმელად გამოვცალე, ვერც ვამბობდი ვერაფერს.

დაღამებულა ოხერიო!–მამამ, არ იყო დაღამებული მაგრამ მუშაობის თავი სადღა იყო. შევკაზმეთ ეს ჩვენი სახედარი, დავუჯექით ტაჭკას და სიმღერ–სიმღერით ჩამოვლიეთ გზა სოფელამდე.

დედაჩემი შეშას ელოდებოდა და ჭიშკართან დაგვხვდა, რო შეგვხედა ჯერ ჩვენ და მერე ტაჭკას გადახედა–ნეტა ან რას აივლით ან რას ჩამაივლით ეგრე ცარიელ–ტარიელიო, ხელი ჩაიქნია და სახლში შებრუნდა.

დაამთავრა შოთამ მოყოლა და შემომხედა, გაღიმებული და სიამაყით სავსე ვუყურებდი.

–მოდი ჩვენს მამებს გაუმარჯოს!–ვთქვი მე.

–გაუმარჯოს!–თქვა შოთამ და ფანჯრისკენ თვალმოუშორებლად დაცალა ჯამი.

–ხვალ გომბორზე ვერ გადახვალ, ჩაკეტილი იქნება, როცა ასეთი ნისლია ზევით თოვს, ხვალაც ჩემი სტუმარი ხარ!–გაიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა.

იბრაგიმი


(ეძღვნება ხასო ხანგოშვილს)

… და როცა ბოლომდე გადაეწურა ხორგვანს იმედი, სწორედ მაშინ გაისმა ბალალაიკის ხმა ქოხიდან…

ვერც ერთი მოალყე ვერ მიხვდა, რა ხდებოდა ქოხში…

მარტო ერთი, ქისტებთან კარგა ხანს ნაცხოვრები, ხევსური მიხვდა, რომ “აბრაგულს” უკრავდა ქოხში მარტო დარჩენილი აბრაგი და ასე ეთხოვებოდა დახოცილ მეგობრებს.

კარაბინების გადატენვის ხმა გაისმა აქა-იქ, ხორგვანს თვალები ფართოდ გაეხილა და ისე უჭერდა ხელს იარაღს, თითები გათეთრებოდა. ვერც ის გაეგო, რომელი იყო ქოხში, კუშტანი კი იცნო თავისი გოლიათური სხეულით, მაგრამ დანარჩენს ვერ არჩევდა, პირველი გამოსული კი მიამსგავსა იბის, მაგრამ არც ეჯერა, მას თუ ასე ადვილად მოკლავდნენ.

ბოსელში კი არ წყდებოდა ბალალაიკის ხმა, რომელიც ყველა მოალყეს სისხლს უფორიაქებდა.

ზოგჯერ ქისტური ყიჟინაც ერთვოდა… თითქოს მთებს ეთხოვებოდა მარტოდ დარჩენილი აბრაგი.

ყარიმანსაც ოდნავ შეწითლებოდა თვალები, მას კუშტანის სისხლი აღებული ჰქონდა და იმდენად აღარ ბორგავდა…

ხორგვანს მოთმინების ფიალა ევსებოდა, იმასღა ნატრობდა, ბოსლის კარი გაღებულიყო და გამოსულიყო ბოლო ტყვე, რომ ეს ნერვების მომშლელი მუსიკა და ყიჟინა საბოლოოდ გაეჩერებინა.

– ცეცხლი! – მოკლედ მოსჭრა ისევ, ისევ აწივლდნენ სიპი ქვებით ნაშენ შენობაზე ტყვიები… შეატყო ხორგვანმა, რომ არ გამოდიოდა არაფერი და ახლა ისევ ქვების დაგორებით სცადა მიზნის მიღწევა…

მარტო დარჩენილ იბრაგიმს სიცოცხლე უკვე ჩალადაც არ უღირდა, გამოვიდოდა და ისიც თავის ამხანაგებთან დაეცემოდა, იცოდა, ეს წუთი, ადრე თუ გვიან, დღესვე უნდა დამდგარიყო, იბის ძმისწული არავის ათქმევინებდა, რომ ლაჩარი იყო. მაგრამ ბალალაიკაზე დაკვრის ისეთმა უეცარმა სურვილმა მოუარა, რომ ვერც მიხვდა, საკრავი როგორ აიღო, თითებიც უნებურად აყვნენ სიმებს და აბრაგული გამოუვიდა, თვალწინ დაუდგა თავისი აოხრებული სოფელი, დედ-მამა, ბუნდოვნად რომ ახსოვდა, გადასახლება, ტყეში გასვლა და თარეშები, ზამთარში გამოქვაბულებში ცხოვრება.

და ფატიმა… რომელიც ახლა პანკისში ცხოვრობდა… რას არ მისცემდა, ოღონდ ახლა ფატიმას ეხილა, დანგრეულ ბოსელში როგორ იჯდა მარტო, ალყაში მოქცეული, და როგორ უკრავდა, როგორ არცხვენდა სიკვდილს. თითები ისე ჰქონდა გათოშილი, სიმებს ვერ აცილებდა.

გარეთ ძევგაევის და კუშტანის სხეულებს ხედავდა, რომელთა გარშემოც თოვლი გაწითლებულიყო, სადღაც, გულის ერთ კუთხეში, მცირე იმედიც ქონდა, რომ ბიძამისი გადარჩა და მუსას მოსაყვანად წავიდა, ხონე იქვეა, მალე მოვლენ და მერე მეც აქედან დავეხმარებიო, გაიფიქრა, მაგრამ სისულელედ ჩათვალა ეგეც. იბის ერთი გზა ქონდა – კლდემდე. იქამდე ვინ მიუშვებდა.

კარი ნახევრად ჩამოგდებული იყო, გარეთ უკვე კარგად გათენებულიყო… კიდევ ერთხელ მაგრად ჩამოკრა სიმებს და გარეთ გავიდა…

ხორგვანი უკვე ტყვედ აყვანილ ყაჩაღზე ფიქრობდა, როცა ქოხის კარი გაიღო და ზღურბლზე ბალალაიკიანი აბრაგი გამოჩნდა… პირველი ხორგვანის ტყვია მოხვდა, აბრაგი დაბარბაცდა, მაგრამ ისევ წინ გაიჭრა, კუშტანს აუარა გვერდი და კლდისკენ წავიდა. აქუხდნენ თოფები, რაღაც ძალით მაინც მიიწევდა წინ და, ბოლოს, იბისთან ახლოს ჩაიკეცა, ბალალაიკა მკერდზე მიიხუტა და გულაღმა დაეცა…

თექვსმეტი წლის იბრაგიმ ალხასტს თვალწინ კიდევ ერთხელ დაუდგა ფატიმა, მერე მთებს მოავლო მზერა და საბოლოოდ დახუჭა თვალი.

ალილო

სოფელში იმ წელს ხვავრიელად ჩამოთოვა. ვზივარ მეც სახლში გამრჯე მუშაკაცივით და შევექცევი მამაჩემის მოწეულ ჭირნახულს, ბუხართან წამოვწვები ფადიშაჰივით და ვნაბავ თვალებს. ვინ გაცალა ეს ნებივრობა, დაიძახა ვიღაცამ ჩემი სახელი ჭიშკართან და გამომეცხადნენ ჩემი მამიდაშვილები, ჩემი ძმაკაცითურთ. დავსვი ესენი ბუხართან და გავვარდი მარნისკენ, ავავსე ათლიტრიანი ბოცა, “ბაჩონკას” რომ ეძახიან ჩვენში, და გავშალეთ კაი პურმარილი, შობაა თან მეორე დღეს. ეს ჩემი ძმაკაცი და ერთი მამიდაშვილი ხუთჭიქიანები არიან და კი მოვიდნენ უცებ ხასიათზე, მე კიდე რაღაც უბედურება მჭირს, თუ არ ჩავისხი ორი ლიტრი, ხმას ვერ გამაღებინებ. სვამენ ესენი ჭიქით, ვსვამ მე განსხვავებულით. შევზარხოშდი უკვე და – “სტოპო”, დაიძახა ჩემმა ძმაკაცმა. – ლექსი უნდა ვთქვა მეო! – რას ვეტყოდი, და დასჭექა ამანაც, ლექსებს იძახის სიყვარულზე იმისთანას, რომ მომიკვდა გული, ეს ჩემი მამიდაშვილი ცოტა უცნაურად შეყვარებული კაცია და ეს უნდოდა კიდე?! ფშვინავს კაცი, ოხრავს, ცრემლებს აფრქვევს. წავედი მეო – დაიძახა უცებ. მოდი და გააჩერე ახლა, დაუდგები, ხო იცი, წინ! უბედური ჯანის პატრონია, ჭიდაობაზე დადიოდა ათი წელი, რას გადააფიქრებინებ. –სად მიდიხარ, კაცო, ამ თოვლში მეთქი! – გავბედე ერთხელ კითხვა. – არაა შენი საქმე! შეყვარებული უნდა ვნახოო! –შემომიბღვირა. მაგის შეყვარებული კია კარგი გოგო, მაგრამ მამა ყავს უბედურის ერთი, ხასიათით და გარეგნობით ისე ყავს შეხამებული იმ ჩვენს დალოცვილ გამჩენს, რაღას ნახავ უკეთესს. – არიქა, არ გინდა მაგი საქმე ახლა შენ მეთქი! – ვიცი მაგის სასიმამროს ამბავი მე, არაა ის კაცი ამ თოვლში შვილის გარეთ გამომშვები, თუ უშვებს, მხოლოდ – ჭიშკრამდე. ამ დროს, მგონია, მთვრალია ეს ჩემი ძმაკაცი, კი ეძინა მაგიდასთან და არ წამოყო თავი?! – თუ უნდა კაცს შეყვარებულის ნახვა, შენ ვინა … !? – აქ ისეთი სიტყვა იხმარა, მრცხვენია თქმა. ამის თქმაზე გავთავდი კაცი სულ. ეს უნდა ამ გადარეულს კიდევ?! მოფიქრებაა რაღაცის საჭირო და გამეხსნა ტვინი. მათქმევინე ერთი სადგღერგძელო მაინც, ისე სად მიდიხარ შე დალოცვილო მეთქი! – ეგ სხვა თემაა, კი ბატონოო, დამრთო ნება ჩემმა ძმაკაცმაც. – მაგრამ დაუჩქარე, მეც უნდა გავყვე და გვეჩქარება ცოტაო. ავავსე ერთი კაი მოზრდილი ჭიქა და დავიწყე. – დღეს შობა შემოდის, ხო იცით მეთქი! – კიო, დამიქნიეს თავები. – ხოდა, ამაღამ მივადგეთ ალილოზე, იქნებ, შეგვიპატიჟონ და უფრო ლამაზადაც გამოვა მეთქი! აუფ, ატეხეს ერთი ამბავი,შენ შემოგევლეთო, აი, ნაკითხი კაცი რამდენს ნიშნავსო. შევიფერე მეც, სხვა რა გზა მქონდა.

ბაბუაჩემი მღეროდა ერთ დროს და სახლში მქონდა მისი ნაქონი ათასნაირი ეროვნული ტანსაცმელი, ჩოხები გინდა, ჩაქურები, ყაბალახები და ასე შემდეგ. გამოვაწყვე ესენი, მაგრამ ჩექმები ექნათ დიდი, განსაკუთრებით – ჩემს ძმაკაცს, ცოტა არ იყოს, პატარა ფეხი აქვს, არც სიმაღლით და ახოვანებით მყავს ყარამან ყანთელი, მაგრამ მაინც. ავწევთ ამას, ჩავსვამთ ამ ჩექმებში, რო გადადგამს ნაბიჯს, ვერ მიდის კაცი. ბოლოს მოვიფიქრეთ და ბამბით დავუგმანეთ ჩექმის ცხვირები. გავუდექით გზას.

ერთი ოჯახიღა დაგვრჩა ქაჯეთის ციხემდე და გავხედე ბიჭებს, მანამდე კი იყვნენ მაგრად, მაგრამ ახლა ფერი აღარ ადევთ სახეზე. არადა, როგორია, არ მიხვიდე, აგერაა, ჩემგან ოც მეტრში, გადმოყუდებული თავის ჭიშკარზე ის ურჩხული და გველოდება, როდის ვიმღერებთ მაგასთანაც. სიმღერას ვამბობ, თორემ რაღა სიმღერა ის ჩვენი ღმუილი და ღრიალი იყო, თუმცა შობას მაინც სხვანაირი ხალისი და სიხარული აქვს სოფელში და გვაძლევდა ხალხი ფულს.

ბოლოს მივადექით ციხის გალავანსაც. დაიწყო ჩემმა მეორე მამიდაშვილმა და ავყევი მეც. ეტყობა, მუსიკალური გემოვნებაც დაენანა დალოცვილ ღმერთს იმ ჩემი მამიდაშვილის მტარვალისთვის, თორე რატომ სიამოვნებდა ის ჩვენი ღრიალი, არ ვიცი. სხვაგან, სადაც სიმღერას ვიწყებდით, წუხდებოდა ხალხი და ეგრევე გვაძლევდნენ ფულს, ეს ჩემი ცოდვით სავსე კი იდგა თვალმინაბული, სანამ ბოლოში არ გავედით. ბოლოსკენ ტექსტიც არ ვიცოდით და ალილო, ალილოს ღრიალით ჩავამთავრეთ, როგორც იქნა. – ოხ, თქვენი ჭირიმეო! – გაუხარდა ჯალათს, – მობრძანდით აგერო. ჯერჯერობით გამართლდა ჩვენი გეგმა, მაგრამ შესვლა არ გინდა შიგნით?! არა ბატონო მეთქი, კი ჩავილაპარაკე ერთი, მაგრამ გავიხედე და არ გაგულადებულან ეს რაინდები?! უკვე შუა ეზოში მიარღვევენ თოვლს და ვინ გაქცევს ყურადღებას. შევყევი მეც. გამოიტანა ამ კაცმა აივანზე პურმარილი, ათლიტრიანით ღვინო. – უნდა დაიცალოს ეს აქო, და დავიწყეთ დალევა. უშუქობის პერიოდის ამბავს ვამბობ ახლა მე, დენი ახალ წელს რო მოდიოდა მარტო ათიდან ორ საათამდე და ჩემი მეზობლის სამი წლის ბავშვს კარალიოკი რომ ეგონა ნათურა და გასკდა ტირილით, მომიწყვიტეთო, მაგ დროის ამბავია.

კაი ხანი კი ვსვით შეხმატკილებულად. ამ ჩემმა მეორე მამიდაშვილმა, აქამდე რო ხმა არ გაუღია, არ წამოყო თავი?! მეც მათქმევინეთ ერთი ჭიქაო, ურჩხული უკვე ბახუსის ორბიტაზე დანავარდობდა და, აბა, მიდი შენი ჭირიმეო. დაიწყო ამ ჩემი ცოდვით სავსემაც, ჩვენო კაი ოჯახის შვილები ვართო და მათხოვრები არ გეგონოთო, აქო ჩვენო კაი საქმისთვის ვართ მოსულებიო, რახან შობაა და გვიხარია ყველას, ბარემ ერთი კაი საქმეც გავაკეთოთო! – ჯერ უსმინა იმ დალოცვილმა და სულგანათლებულმა და ვისი ხარ ბიჭო შენო. დაუსახელა ამანაც დიდის ამბით თავისი წარმომავლობა, თითქოს ბაგრატიონ-პანკრანტოვანი ყოფილიყო. ამის გაგონება იყო და, აბა, დამიდექით მანდაო. გიჟი ვინ იყო, მაგ ნაჯიბგირალს იქ დავდგომოდით და გამოვცვივდით. ისე გაჭირვება რა ყოფილა, ერთმეტრიან თოვლში ზედ მოვრბოდით თუ მოვფრინავდით, არ ვიცი. გამოვედით სამშვიდობოს და ერთი მოვინაკლისე, ეს ჩემი ძმაკაცი აღარაა არსად. ვაი, შენს ირაკლის მეთქი, დავიძახე, თუ ჩაეფლო, საწყალი, სადმე და თუ ყავს ახლა დაჭერილი მაგ შეურაცხადს და ურახუნებს მეთქი. რაღას ვიზამდი, ხო არ დავტოვებდი და გავბრუნდი უკან, არ გამოვიყოლე ესენი, დავუბარე, თუ ვერ მოვედი, ჩემებს გადაეცით, ძმაკაცობას შესწირა თავი მეთქი. ისე, კაი გვირბენია თურმე, აღარ დაილია გზა, მივიპარე, როგორც იქნა, ურჩხულის საბუდართან, და გადავიხედე ეზოში, სისხლს ვეძებ კაცო ამ ქათქათა თოვლზე, აჰ, შენც არ მოუკვდე შენს პატრონს, არაფერი ჩანს, სახლიდან კი ისმის ლაპარაკი. გადავიპარე ეზოში, ძაღლი არ ყავდათ, ან რად უნდოდათ ძაღლი, ვინ შებედავდა მანდ. მივეპარე სახლს და შევიხედე ფანჯარაში. აგერ არ სხედან კაცო გაშლილ სუფრასთან? რა უთხრა ეგეთი და როგორ დაამშვიდა, დღესაც არ ვიცი, თვითონ არ ახსოვდა და ლექსებით მაგას ვერ მოხიბლავდა ეგ. დამავიწყდა მეთქვა, ლექსებს წერს ეს ჩემი ძმაკაცი. ქეიფობენ, ბიჭო, გაიგე?! ხორხოცობენ და არიან ერთ ამბავში. რაღას ვიზამდი, წამოვედი უკან.

იმ ღამეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, ეს ჩემი ძმაკაცი თავისი “ნივით” მომაყენა სახლში იმ კაცმა. დალია ჩემთანაც კაი ერთი ლიტრი ღვინო, ჩემი მამიდაშვილები არ გამოვუჩინე მაინც, რა იცი, რა მოეპრიანებოდა, კაი ბიჭები ხართო, დაიბარა და გაუდგა გზას. ა, ამაზეა ნათქვამი, გველსა ხვრელითო, თუ როგორც არის. ორ თვეში კი გააყოლა ჩემს მამიდაშვილს თავისი გოგო ცოლად და თვითონაც კი აღმოჩნდა მერე კაი ადამიანი. ეს ჩემი ძმაკაცი მეჯვარე იყო, მე – თამადა და ვიქეიფეთ ბოლომდე.

თუმცა მეალილეების ცოტა შიში კი დამჩემდა, რაც არ უნდა იყოს, ორი გოგოს პატრონი ვარ.