
წიგნიდან ,,ჩემი სულის მუსიკა“
მზევ, ჩამავალო
მზევ ჩამავალო, წამიყვანე, სხივად მიშვილე,
ვიქნები შენი ათინათის ნაზი ციალი,
მზევ ჩამავალო, მაპატიე სულის სიშიშვლე,
გადამაფარე ოქროსფერი თვლების ციაგი.
მზევ, წამიყვანე, დამაბნიე შენს დიადემას,
იჩუქე ჩემი სისავსე და ახალგაზრდობა,
განმაცდევინე, ცის კიდეზე რაც დიადდება,
რაც კი მეყოფა სამუდამოდ ხსნად და საზრდოდაც.
მზევ, ჩამავალო, აიკრიფე სხივები მწველი,
გადამიყოლე უსასრულო დაისებს მიღმა,
შეაღე ჩემთვის საოცნებო მნათობთა ველი
და დაიმშვენე ჩემი გულით დედოფლის ჯიღა.
მეტს არას ვითხოვ, მოგეახლე ჩემივე ნებით,
მომეც უფლება, შენს სხივებში თავი დავკარგო,
გამაცისკროვნე სინათლით და ისეთი გზნებით,
ჩემი ლექსებით შენი კაბის კალთა დავქარგო...
მზევ დიდებულო, აწ ჩასულო კაბადონიდან,
არ შეისმინე, რაც გევედრე ჩემი ქართულით,
აღარ მესიზმრო, მოვილოცე კაბადოკია,
დე, მომეტევოს შენი ტრფობა მე-წარმართული.
2017 წ.
აღსარება
ცის მორევში ვარსკვლავები იხრჩობოდნენ,
მოცურავდა მთვარის თეთრი ხომალდი,
მონატრების ლავისაგან წალეკილი,
ძლივს, მიმქრალი ვულკანივით ვბოლავდი.
შორით ჩანდა მოგონების მთის ნაშალი
და მდინარეს დავიწყება მოჰქონდა,
აღარავის სჯეროდა, რომ ვიცოცხლებდი,
თუმცა ჩემს გულს არ იცნობდნენ ბობოქარს.
რას ვმალავდი წიაღში და ღიმილს მიღმა,
არასოდეს არავისთან გამითქვამს,
სადარდელმა ვერ დამაკლო ვერაფერი,
როდის იყო ერეოდა ჟამი ქვას?!
მერე, რა, თუ იმსხვრეოდა მირაჟები,
მერე, რა, თუ ვეწირვოდი ზვარაკად,
ჩემი იყო, მინდოდა და ვევნებოდი,
სიყვარულში დამარცხების არა მწამს.
ახლა თუმცა მოგონების კლდეზე ვცხოვრობ
და ძირს მითხრის დავიწყების მდინარე,
ასე ვწერე ჩემი ბედის სავალები,
განგებას არ დავხვედრივარ მძინარე.
მიყვარდა და ვულკანივით ვდუღდებოდი,
ვტოვებდი და ხანძარს ცრემლით ვაქრობდი,
მთავარია, რომ ცხოვრება შევიგრძენი,
ხან ვდუმდი და ხან ქარივით დავქროდი.
ცის მორევში ვარსკვლავები იხრჩობოდნენ,
წლები მწნავდა, როგორც თოკებს საყულფეს,
ჩემს ცხოვრებას მე ლექსებში ვინახავდი,
როგორც ქალი - დედისეულ საყურეს.
2017 წ.
...და იქმნა ქალი
მოვდიოდი, ძნელი გზებით მოვდიოდი,
ვერსად ვპოვე საოცნებო ელდორადო,
მეგონა, რომ ჩემთვის კრთოდა ორიონი,
მაგრამ თურმე ტკივილების მელოდა დრო...
მე ვიყავი დაკარგული სამოთხიდან,
მერე გავხდი აიეტის ასულიც,
ჩემგან ეშმამ ანგელოზი გამოხიზნა
და შემოვრჩი მითებს, როგორც ავსული.
დავიბადე ეგვიპტეში ხეოფსისა,
სისხლით მოვრწყე კლეოპატრას სასახლე,
კეისარს რომ ვერ მივაგე კეისრისა,
გავერიდე ფარაონთა სანახებს.
ფეხშიშველი გამოვიქეც ჰარემიდან,
ათას ღამეს კიდევ ერთხელ გავათევ,
მე ვიყავი შეჰრეზადას ზღაპრებიდან,
შაჰრიარის სასთუმალიც გავათბე.
მერე წლებმა ტიგროსივით ჩაიარა,
ყველა ქალის ბედი ჩემზე ვიწვნიე,
საძირკველში ბევრი ცრემლი ჩაიყარა
და აშენდა ჩემში ქალის სიწმინდე.
ისევ შემრჩა ოცნებები ასაგები,
შევეჩვიე წუთისოფლის სიმოკლეს,
თუ ოდესმე, როგორც ქალი, დავმთავრდები,
სხვა არაფრად არ ვისურვებ სიცოცხლეს!
2018 წ.
ასი წლის მერეც
ასი წლის მერეც გელოდები,
გადამაჩვიე ამ ცრემლდიდობას,
ისევ მიხერგავენ გზებს ლოდები,
არ დავიწყებია ბედს ფლიდობა.
ასი წლის მერეც შენი მქვია,
ვერასრულებული ნატვრისფერო,
გრძელი მოლოდინი შემინდვია,
ჩვენ ისევ მოგველის ატმის ჩერო.
ას წელს ჩამოვტეხე თვე-კვირები,
დროსთან ვიომე და დროც მეომა,
კვლავ სულის წიაღში მეკირები,
ნადავლით ვბრუნდები როდეოდან.
ასი წლის მერეც შევიმოსე
ცრემლებით ნაქარგი ხავერდებით,
ვეძებე საშველი მეც, ვით-მოსემ,
შემორჩა უდაბნოს ხმა ვედრების.
ას წელს ჩამოვქენი კელაპტრები
ლანდების მჭვირვალე სხეულებით,
ზედ ამოვატვიფრე „მენატრები",
შენთვის შევინახე ხელუხლები.
ასი წლის მერეც გელოდები,
დრომაც ვერ დამატყვევა ხუნდებით,
ისევ სიყვარულში გეტოლები
და ისევ შენზე ლოცვას ვუნდები...
ას წელს მოლოდინად ჩამომახმე,
კიდევ ას წელიწადს მოგიცდი,
მერე სამარეში ჩამომძახე,
ვაი, თუ ტყუილად მოგიკვდი...
2018 წ.
არ დაითვალო
არ დაითვალო ვის აჩუქე შენი ღიმილი,
ვინ დაგიბრუნა, ვინ უარყო, არ დაითვალო,
თორემ ინანებ, რომ გაეცი ვინმეზე მეტი,
სჯობს, სხვას მართებდეს, შენ კი თავი არ დაივალო.
არ დაითვალო, სიყვარულით სავსე წუთები,
ზოგჯერ ერთ წამში ირეკლება წელთა ქრონიკა,
არ დაითვალო ვინ წავიდა შენი გზებიდან,
ან ვინ შემოგრჩა გასაჭირში ერთგულ მოჰიკნად.
იდინონ წყლებმა ერთხელ ნაკვალ კალაპოტებში,
არ დაითვალო, რა წაიღეს, რა გადათელეს,
არ დაითვალო ოცნებების კლდეზე ნატანჯი
რამდენი ვინმეს მოტეხილი ფრთა გაამთელე.
არ დაითვალო, ვინ გატკინა ცილისწამებით,
ვინ დაიმძიმა სული შენი ცრემლების ფასად,
არ დაითვალო, თორემ შენც სხვებს დაემსგავსები,
სხვები კი... სხვები სულ იოლად ვეჩვევით ფარსსაც.
მინდოდა, მეთქვა კიდევ ბევრი „არ დაითვალო",
მაგრამ სათქმელი ენის წვერზე მაგრად გავბოჭე,
მზის სხივებივით აქეთ-იქით მიმობნეულებს,
გთხოვ, ნუ დაითვლი დედის თვალთან ნაქარგ ნაოჭებს!
2018 წ.
თეთრი ქრონიკა
ახალი მთვარე სხივებად ჩადნა
ჩემს უშენობით სავსე ემბაზში,
გარდაისახა ნატიფ ცრემლებად
და ამიტირდა, როგორც მზე-ვაზში.
აკლიხარ დღეებს, წამებს და წუთებს,
ვეღარ სრულდება უშენოდ ვალსი,
გადაუხდელი ალერსის წლების
სამარადჟამოდ დამტოვე ვალში.
ჩემს სიზმრებს შერჩი ობობის ქსელად,
სულ გიშორებ და უფრო მეხვევი,
ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე
სუსტი სიმივით სულში მერხევი.
გიხსენებ, ისევ მკერდში მიფეთქავ,
ისევ მაგონებ წვიმაში ვერლენს,
კვლავ იღვენთები ჩემში რითმებად,
მე უშენოდ და ულექსოდ ვერ ვძლებ...
პეპლის ფრთებივით მოგონებები
ზამთრის ქარებმა მოფანტ-მიფანტეს,
და უშენობის თეთრი ქრონიკა
ჰგავს ველასკესის ფერმკრთალ ინფანტებს.
2018 წ.
სიმშვიდე
სიმშვიდე ყოველთვის არ არის სიწყნარე,
სიმშვიდეს ვპოულობ ქალაქის ხმაურშიც,
უმცირეს მისხლებად ვაგროვებ ტალღებშიც,
როდესაც მიბერავს ნელ-თბილი ზღვაური.
სიმშვიდეს დავეძებ ქუჩების კუთხეში,
ვპოულობ ნაცარა მტრედების თვალებში,
გოგმანით მიდიან და ფრთებს ისწორებენ,
არაფრად არ უღირთ ქარების თარეში.
სიმშვიდე შემოაქვთ მუსიკის აკორდებს
და სულზე მაფენენ უნაზეს სალბუნად,
სიმშვიდე ყოველთვის არ არის სიწყნარე,
სიმშვიდე ბობოქრობს და ფეთქავს ძალუმად.
დავეძებ, ვპოულობ, ვკარგავ და ვიგონებ,
სიმშვიდეს ვაგროვებ, სულს შიგნით ვიგუბებ,
ხანდახან ვიპარავ ჩვილის ღიმილიდან
და მერე დარდებსაც იოლად ვიგუებ.
მე ჩემი სიმშვიდით - ცხადით თუ ფარულით,
შევავსე ტკივილის სასტიკი ხევები
და ვისაც ვიყვარებ, ფერებად ვურიგებ
სიმშვიდის ნამცეცებს ფაქიზი ხელებით.
2017 წ.
სიყვარული უდაბნოში
დღეს აღარ სდუმან პირამიდები,
ვუსმენ გოლიათ ლოდების ღაღადს
და ვგრძნობ, თანდათან გინაპირდები,
ვერ გაპატიებ ლექსებთან ღალატს.
ხმაურობს ქვიშა უდაბნოს ქარში,
მდუმარე სფინქსი ყვირის: - არ გინდა!
მე მაინც შევალ მოლურჯო ზღვაში,
თუნდ შემეყაროს გზაზე ქარიბდა.
პირამიდებზე დავტოვებ ჩემს კვალს
ვერამოსახსნელ იეროგლიფით,
შენ გააგრძელებ ლექსებით ჩემს კვლას
და სულს ამომხდი პიანოს რიტმით.
საუკუნეებს დარჩება მძევლად
ჩემი სახება, ვით - ნეფერტიტის,
შენი ლექსებით მაქციე მხევლად
პოეზიისა და მეფე რითმის.
არ მსურს, შეგინდო უსაზღვრო ნიჭი,
ცივი ვარ, მსგავსად მარმარილოსი,
შენგან მივდივარ და თუმცა მიჭირს,
აღმა არ ავა აღარც ნილოსი!
2017 წ.
მზე, რომელიც წაიღეს
ფორთოხლისფერი მზე ჩავარდა მთების ხახაში,
ეგემრიელათ, გადაყლაპეს, წვეთიც არ დარჩათ,
მოინელებენ, შეირგებენ სიცილ-ხარხარში
და მერე მთვარეს დაისვამენ ღამეულ ხარჭად.
ასეა მუდამ, ყოველღამე მართმევენ მზისფერს,
გულისპირიდან ძალით მგლეჯენ თოთო ათინათს,
მე მაინც ვრჩები მარადმწვანედ, კოლხური ბზისებრ,
სინათლის იმედს ვერაფერი ჰკლავს და გათიბავს.
ჩამომყურებენ მთები, თითქოს, ნიშნის მოგებით,
მწვერვალებიდან დამძახიან, რომ მზე წამართვეს,
არაფერს ვითხოვ და დუმილით მჯერა მოგვების,
რწმენის მორევი თავის ზღვაში ითრევს წარმართებს.
ფორთოხლისფერი მზე ჩავარდა მთების ხახაში,
ყელამომწვარი მთები ნისლებს დაახველებენ,
სხივები დამაქვს გულში, როგორც სანდო ქარქაშში
და მზის წართმევით ვეღარასდროს გამახელებენ!
2018 წ.
ყვავილ-ქალი
ჩემი მარტოობა სათუთია,
ნაზად გამოთლილი ლერწმისგან,
ჩემი მარტოობის ყვავილები
შენი თვალების ფერს ერწყმიან.
არა, მე არ ვდარდობ, მხოლოდ გელი,
თმები გადამექცა სოსანად,
ვიცი, ოდეს მოხვალ და სულს დამიმშვიდებს
შენგან მოსმენილი „ოსანა".
ჩემი მარტოობა მივაძინე,
კალთაში ვარწიე ბავშვივით,
თითებზე ავინთე სანთლები და
მარტის წვიმებივით გავხშირდი.
თვალები იებად ამიყვავდა
და დავუმეგობრდი იელებს,
ღამის მნათობივით სიბნელეში
ღრუბლების მიღმიდან ვიელვებ.
ყველგან მოვეფინე მოლოდინად,
ტაძარში დავეცი ქადაგად,
იქნება, ლოცვებში ამოიხსნას
ჩემი მარტოობის ქარაგმა?!
არა, მე არ ვდარდობ, ვაგემოვნებ
ჩემი მარტოობის ულუფებს,
კითხვებით თვალებში შემოგცქერი,
დავეძებ, უფალი თუ სუფევს...
ჩემი მარტოობა შემეჩვია,
ნაზი მარწუხებით მეფერა,
გელოდე, სანამ მეც ქალი მერქვა,
მერე ყვავილობა მეწერა...
2018 წ.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



