
1.საკითხის დასმა
საკითხს ძირითად საკვანძო სიტყვებად გასდევს შური, მოშურნე და მოშურნეობა, რომელთაც სამი სემანტიკური მნიშვნელობით განვიხილავთ: I.სხვისის თავისად გადაქცევის ბოროტი სურვილი; II.ზედმეტი სურვილით გაბოროტება; III.ძალისხმევით აღძრული სურვილი*. ისინი სემანტიკური ველის სიმრავლეს ქმნიან, რომელთა გამაერთიანებელია სემოერთეული - „სურვილი". სამივე ზემოხსენებული სიტყვის მნიშვნელობის წარმმართველი - ნეგატიური მოტივია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მოტივაციის მიმართულების შეცვლაც და სასიკეთო მიზნით ძალისხმევის გადატანა.
ამდენად, ნება-სურვილის მიხედვით ხდება შურის, როგორც ადამიანის სულის დამანგრეველი ნეგატიური ნიშნის დესემანტიზაცია, ანუ დადებითი სემანტიკური მნიშვნელობით გარდაქმნა, როცა ნეგატიური სურვილის უარყოფით, გონივრულად იქმნება დადებითი, ადამიანისთვის სასარგებლო, საღმრთო სიკეთის მოტივაცია. ეს პროცესი საღვთისმეტყველო საკითხია და ადამიანის თავისუფალ ნებას უკავშირდება.
2. ნება, სურვილი და შესაძლებლობა
ნებელობა - ადამიანის მიერ საკუთარი ფსიქიკისა და საქციელის ცნობიერი მართვაა. იგი ვლინდება ცნობიერად დასახული მიზნისკენ სწრაფვისას წამოჭრილი სირთულეების გადალახვაში1. ნეტარი ავგუსტინე განასხვავებს გონებას და ნებელობას ერთმანეთისაგან და აღიარებს ინტელექტის უპირატესობას ნებელობის მიმართ მათ ფუნქციონირებაში.
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის „უხილავი ბრძოლაში" ვკითხულობთ, ჩვენში არსებული ორი ნება ებრძვის ერთმანეთს. ერთი სულის გონიერ ნაწილს მიეკუთვნება და ამიტომაც გონიერი, უმაღლესი ნება ეწოდება. მეორე - ჩვენს მგრძნობელობით ნაწილს ეკუთვნის და გრძნობადი, უმდაბლესი, ვნებიანი, ხორციელი, უტყვი ნება რომ ეწოდება. უმაღლეს ნებას ყოველთვის კეთილი სურს, უმდაბლესს - მხოლოდ ბოროტი. ერთიც და მეორეც თავისათავად ხდება, ამიტომ არც კეთილი სურვილი გვეთვლება სიკეთედ, და არც ბოროტი - ბოროტებად, ეს ჩვენს თავისუფალ ნებელობაზეა დამოკიდებული. რომლისკენაც გადაიხრება, იმჯერად ის იმარჯვებს. სწორედ ესაა უხილავი სულიერი ბრძოლა. მისი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თავისუფალ ნებას უმდაბლესი, ხორციელი და ვნებიანი ნებისკენ გადახრის საშუალება არ მივცეთ. ის მხოლოდ გონიერ უმაღლეს ნებას უნდა დაემორჩილოს, რადგან ეს უკანასკნელი ღვთის ნებაა, რომელიც ჩვენი არსებობის უმთავრესი კანონია (ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვ:32-33)2. წმიდა მოციქული პავლე ჩვენში მიმდინარე ბრძოლის შესახებ წერს: და ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიძევს წინ, რადგან შინაგანი კაცისამებრ, მხოლოდ ღმრთის რჯულით ვტკბები. მაგარმ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ერუჩება ჩემი გონების რჯულს, და იმ ცოდვილი რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ____________________________________________________________________________ *შურის ლექსიკურ-სემანტიკური ბუდისათვის, კვლევა მომაწოდა ენათმეცნიერმა მედეა ღლონტმა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას, თანაავტორ მაია კობიაშვილთან ერთად.
ასოებში (რომ. 4, 21-23). და შემდეგ ყველას დაუდგენს, როგორც კანონს: სულისამებრ იარებოდეთ და ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილს (გალ. 5,16). ხორციელი სურვილი, უმეტესად, გაუცნობიერებელი ლტოლვაა მიზნისკენ.
ფსიქოანალიზის დამფუძნებელი ზიგმუნდ ფროდი „ფსიქოანალიზის შესავალ ლექციებში" საუბრობს ლტოლვის შესახებ. მოგეხსენებათ, ლტოლვას, ადამიანის სურვილი, სწრაფვა განაპირობებს ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ლტოლვა ძალაა, რომელიც აქტივობისკენ გვიბიძგებს, ხოლო ობიექტები ამ ლტოლვების მიზნებს წარმოადგენენ. ფროიდი ლტოლვის ერთერთ ფორმად განიხილავს აგრესიას, რომლის მიზანი დესტრუქციაა, განურჩევლად ლტოლვის ობიექტისა. ინდივიდის ფანტაზიებსა და წარმოსახვებში დესტრუქცია და სიკვდილი ურთიერთგაიგივებულია(Freud, 1920, 1930)3.
ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მიღმა" ფროიდი წერდა, რომ სიკვდილისკენ ლტოლვა ფართოდ არის გავრცელებული ყველა ცოცხალ არსებაში, უჯრედული აქტივობის დონეზეც კი. ფროიდი ინტენსიურად საუბრობს აგრესიაზე, ან სიკვდილის ინსტინქტზე, როგორც ალტერნატიულ პირველად ლტოლვაზე. აგრესიული ლტოლვა სიკვდილისკენ ლტოლვად განიხილებოდა, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია. აგრესიის მიზანი მეს ან ობიექტის სიკვდილი და ნგრევაა(Freud1920, 1924).
ფროიდი საუბრობს ლტოლვის ცნების მითოლოგიურ ბუნებაზე. მისი აზრით, ლტოლვები მითიურ ქმნილებებს ჰგვანან, დიდებულნი არიან თავიანთი ბუნდოვანებით. ლტოლვის თეორიას ჩვენი მითოლოგია შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან ჩვენ არასოდეს არ გვაქვს ნათელი წარმოდგენა მათზე" (Freud, 1933, გვ. 95)4.
შურის სემანტიკური გაგება, როგორც სხვისის თავისად ქცევის მავნე სურვილი თუ ზედმეტი სურვილით აღძრული გაბოროტება, სწორედ სურვილის ბუნდოვანი გაცნობიერების შედეგია. ადამიანს ეძლევა სურვილი, რომლის სწორად გააზრების შესაძლებლობა ეკარგება ისეთი ვნებების აღძვრის გამო, როგორიცაა სიხარბე, ვერცხლისმოყვარეობა, სიძულვილით სამაგიეროს მიზღვის დაუოკებელი ლტოლვა და სხვა ბოროტებანი. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანმა ნება წარმართოს გონივრული განსჯის საფუძველზე, არასწორი არჩევანით სრულდება და გონდაკარგული, ვნებებთან გამკლავების ნაცვლად, მას ემორჩილება. „შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს"(სიბრძნე სოლომონისა 6,23). შესაძლებლობების სათანადოდ არ გამოყენების შემთხვევაში, სახეზეა შურის ვნებისმიერი შედეგები.
3. შური, შურვილი - მწუხარება, სასარგებლო წადილის ასრულების ნაცვლად
ადამიანს შექმნიდანვე ჰქონდა შემოქმედისგან მიცემული თავისუფალი ნება, რომლითაც მიეცა შესაძლებლობა თავისი სურვილი წარემართა ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ და, შესაბამისად, მისთვის სასარგებლო ყველა წადილი უსაზღვრო ნეტარებაში ცხოვრებით აღესრულებინა. მიუხედავად ამისა, ზედმეტი სურვილით შეპყრობილმა, ღვთის გარეშე ინდომა ყოვლისმცოდნეობის მოპოვება, და პასუხადაც უღმერთო ცხოვრებაში აღმოჩნდა. ეს ფაქტორი, დღესაც ზუსტად ასევე იჩენს თავს, როცა კაცი არ ნებდება საღვთო სათნოებაში ცხოვრებას, რის შედეგადაც სხვისი სიკეთით სიხარულისა და საღმრთო შურის სიამოვნების ნაცვლად მწუხარება ეუფლება.
ქართ. შური სულხან-საბა ორბელიანის მიერ განიმარტება, როგორც „მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა". ბასილი დიდიც იმავეს განავრცობს: „შური მწუხარებაა მოყვასის სიკეთეთა გამო და, რადგანაც მწუხარებაა, მოშურნეს დარდი და ჭირი არასოდეს მოაკლდება". ...მოშურნეს თავისი კეთილისმყოფელის მიმართაც კი აღეძვრება ხოლმე შური, იმდენად საზარელია ბოროტების ეს სენი - ამბობს წმიდა ბასილი დიდი, და ებრაელთა მეფე საულს იხსენებს, რომელიც არაერთგზის იხსნა საფრთხისაგან წმინდა დავით მეფემ, მაგრამ საპასუხოდ, მისადმი შურით აღძრული მოსაკლავად დაეძებდა მას.
„შური", საზოგადოდ, ის უკეთური ვნებაა, თვით ანგელოზებრივი ქმნილებანიც თავისი მსხვერპლი რომ გახადა და სატანად ქცეულნი, დღემდე, ადმიანის დაუძინებელ მტრად აქცია. „ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან" გვიხსნის წმინდა ბასილი დიდი, და აქვე გვაფრთხილებს: „როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური - სულს, რომელშიც მკვიდრობს". აქვეა იოანე ოქროპირის გაფრთხილებაც: „როცა ჩვენ შურით ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებას ვიწყებთ, მაშინ ჩვენს დასაღუპად ეშმაკიც აღარაა საჭირო" 5.
„...სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე." (იაკობი 3:16). შურისგან აღძრულმა შფოთმა შეიპყრო კაენი თავისი, ღვთის ერთგული ძმის მოსაკლავად და პირველ მკვლელობასაც შურის გამო დაუდო საფუძველი. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ წმინდა მამები შურს სიკვდილის ძირს უწოდებენ: „შური ძირი არს სიკუდილისაი, და მრავალი სალმობანი შეუდგნან" (მამათა სწავლების 8,28)6.
ხრწნილება სულისა არის შური ( A-1101,116v,3) ერსა მას ურწმუნოსა შეუხდა შური ბოროტი (A1103,160v, 6b) ვითარცა სიყვარული განყოფილთა შემაერთებელ, ეგრევე შური შეერთებულთა განმაწვალებელ არს (S-384, 650b, 27). იხილა რაი ესე ... ეშმაკმან ვერღარა თავს-იდვა შურითა სიბოროტისაითა (S-384, 819a, 19). თავად ქრისტეც შურის გამო გადასცეს პილატეს სამსჯავროს „რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი"(მათე 27,18). ფაქტია, ნებისმიერი რიგითი ადამიანიდან დაწყებული, ბიბლიური პერსონაჟებით დამთავრებული, სრულიად კაცობრიობა შურის ვერაგობით დამწუხრებულა, თვით ანგელოზებრივ ძალებთან ერთად. ეს ყველაფერი კი უცოდინრობისგან თავსმოხვეული ბოროტებაა, როცა ადამიანი ვერ არკვევს რა სწადია სინამდვილეში, რა არის მისთვის სასარგებლო და რას ემონება თავად (1კორინთელთა 6:12).
4. სულისა და შურის ურთიერთკავშირი
ტერმინი შურის ნეგატიურ ასპექტში დამკვიდრება გამოწვეულია მხოლოდ გაუცნობიერებელი ადამიანის აღძვრით შურის ვნებისადმი, რომელიც, ფაქტობრივად, სათავე ხდება სხვა უამრავი ცოდვისა, რომელსაც მთელი თავისი მრუდე ცხოვრების მანძილზე თავისუფალი ნების უგუნური გამოყენებით სულიერად ემონება იგი. სინამდვილეში, სულის არსობრივი (ონტოლოგიური) კონცეფციიდან გამომდინარე, ადამიანს ძალუძს, საკუთარ „ვნებათა წადილს" სძლიოს და ეს უკეთურება გარდაქმნას ღმრთისაკენ ლტოლვად, რადგანაც სწორედ ამ დანიშნულებისთვის შექმნა სულიერი კაცი ზეციერმა შემოქმედმა - „სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა" (შესაქმე 1, 27).
სული ერთ-ერთი უძველესი, საერთო-ქართველური ფუძე ენიდან მომდინარე ლექსიკური ერთეულია, რომელიც „სურ" ფუძის სახით აღდგება და მისი ფონეტიკურ-სემანტიკური განშტოებებია ქართული სულ-ი, სუნ-ი, შურ-ი, მეგრული შურ-ი („სული, სუნი"), ლაზური შურ-ი („სული"), შურ-ა (სუნი), სვანური ქუნ-ქუინ →სქუნ, შქუნ („სული; სუნი"). სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა(ფს.118.20). სურიან სულსა ჩემსა შენდამი(ფს.62,2). სემანტიკური კავშირი სულსა და სურვილს შორის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, როგორც ილ სუფიქსით ნაწარმოები სურ-ვ-ილი წყურ-ვ-ილი, სი-ძულ-ვი-ლი(ჭუმბურიძე,1999, 116-120)7.
შესაბამისად, ვახდენთ სულისა და სურვილის - შურთან კავშირის სემანტიკურ რეფლექსიას. ამგვარი შეპირისპირება სემიოტიკური თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ შურის ნეგატიური სემიოზისის სასარგებლო მიმართულებით განვითარების გონივრულ მცდელობაზე. ის, ვინც აკონტროლებს თავის სურვილებს და არ აქცევს მას შურვილად, შურის ბიწიერი გზით წარმართვას არასდროს შეეცდება, და ამ ენერგიას ყოველთვის თავისა და მოყვასის სასარგებლო სურვილად აქცევს. ამგვარად მოქმედი გონიერი ადამიანის შურს ეძლევა საღვთისმეტყველო მიზანდასახულობა და ასეთი შურის სემანტიკური მოტივი დადებითი ხდება, სადაც სურვილი - ნდომა, სწრაფვა წადილი, ნატვრა გარდაიქმნება სიყვარულად და სიკეთის სამსახურად. სწორედ აქედან დამკვიდრებულია გამოთქმაც - კეთილი შური, ანუ კარგ საქმეში მიბაძვის სურვილი.
5. ბაძვა და მოშურნეობა - მრჩობლი სემანტიკური განვითარება
საღვთისმეტყველო ლიტერატურაში შურის ვნებას ერთერთი ყველაზე ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი. შურის გამოვლინების ერთერთ ნიშანს წარმოადგენს ბაძვა. რომელი ხედვიდნენ და განიცდიდნენ, შურად და ბაძვად აღიძვროდინ(S-384, 597, 38a). ბაძვა, შეიძლება იყოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური სემანტიკური თვალსაზრისით.
„ხოლო ბაძიცა ჰგავს შურსა, არამედ განვყოფვის: კეთილი ნახოს მოყვსისა ანუ ბოროტი და კეთილად უჩნდეს და მჴურვალედ მგზებარეობითა საწადლისა მის მსგავს მისდა ქმნას და ეგრე იქცეოდეს ... ხოლო განიყოფებიან შური და ბაძვა: რამეთუ ბაძვაჲ მსგავსება არს კეთილთა მჴურვალედ მგზებარეობით(ა) (+ და წადიერებით D) მათ(დ)ა მიმართ, ხოლო შური მწუხარება არს მოყვსისა კეთილსა ზედა CD" (სულხან-საბა II : 310)8.
სულხან საბას ეს განმარტება გვიმოწმებს შურის მრჩობლ ლექსიკურ-სემანტიკურ მოტივაციას ერთი მხრივ, შურის ბაძვით წარმოდგენილია ცოდვა, რომელიც ადამიანს თავს აკარგვინებს და აიძულებს სხვას შეედაროს. უფრო მეტიც, აღიქვას კონკურენტად. ესაა ცოდვა, რომელიც აქვავებს გულს და აწყებინებს ბრძოლას მთელ სამყაროსთან, სადაც მიზანი ხდება - სხვებისგან აღიარება. მეორე მხრივ, შესაძლებელია ბაძვა სიკეთის მიმართულებით გვქონდეს და, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „მე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს" (1კორინთელთა 12:1) აღსანიშნავია, რომ საღვთისმეტყველო განმარტებისთვის სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე მუშაობისას საგანგებოდ ხელმძღვანელობდა წმიდა წერილითა და ქრისტიანული საღვთისმეტყველო ლიტერატურით, საიდანაც ლექსიკოგრაფი მარგალიტებივით აგროვებდა გამორჩეულ ნიმუშებს ქართული სიტყვის სრულფასოვანი და ამომწურავი განმარტებისთვის. ამის ერთერთი დასტურია, მის მიერ შურის განსამარტავად მოხმობილი მასალაც (ღლონტი, კობიაშვილი174-175)9.
ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებულ ლექსიკონში ვკითხულობთ: μιμέoμαι ბაძვა, ერთთან ზიარების(უკუქცევის) გზა, საშუალებაა ყოველი წარმომაარსებელი ჰბაძავს მას ერთსა და ყოველთა წარმოყენებისა მიზეზსა; ...სრულებაჲ ნაწილ ვიდრემე კეთილისაჲ არს, და სრული, ვითარ იგი არს სრული, ჰბაძავს კეთილობასა; ...ყოველი მწუერვალი ღმრთებრივთა აღმკულებათაჲ თჳსთ ზესთმდებარეთა დასაბამთავე ებაძვების; -ქმნადობითა ეზიაროს უდარესთა, ხოლო სამარადისოობითა ებაძვებოდის საუკუნითსა ბუნებასა - ὁμοιόω - ყოველი ღმრთებრივთა მოქცევთა დასასრული თჳსთა დასაბამთა ებაძვის. ამავე ლექსიკონში, საგულისხმოდ განიმარტება მოშურნე - Gk. ζηλωτής ὁ - ვინაჲცა საღმრთოდ განსწავლულნი მოშურნედცა სახელ-სდებენ მას, ვითარცა ფრიადსა არსთა მომართ სახიერებითითა ტრფიალებითა და ვითარცა შურად აღდგინებულსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.13)10.
როგორც ვხედავთ, სახეზეა ბაძვისა და მოშურნის საღვთისმეტყველო მიმართება, მათი დადებითი სემანტიკური მნიშვნელობით წარმოჩენა, ასეთი რამ სიტყვა მოშურნეზე, რამდენადაც დავაკვირდით, უფრო გვიანდელი პერიოდის მოვლენაა, ადრე პერიოდის ძველ ქართულში კი იგი უმეტესად ნეგატიური მიმართულებით გვხვდება გამოყენებაში. გამონაკლისია სახარებისეული თარგმანები. მაგალითად, წმინდა მოციქული სვიმეონ მოშურნე კანანელი, იესო ქრისტეს ერთი თორმეტ მოციქულთაგანი, რადიკალურად განწყობილი ებრაული ორგანიზაციის ზელოტების(შურიანთა) წევრი.
ზელოტები (მოშურნენი) (Etym. ბერძნ. zelotés „მონდომებული", „მოშურნე", „ფანატიკური", სიტყვიდან zeloun „რამე მიზნისაკენ მგზნებარედ სწრაფვა") იყვნენ პალესტინის ნაციონალისტური პარტიის წევრები (ქრისტემდე I საუკუნე - ქრისტეს შემდეგ I საუკუნე). ღმრთისა და რჯულის მგზნებარე მიმდევრები, ისინი თავიანთ რჯულს ტერორისტული საქმიანობითაც იცავდნენ, რომელიც ძირითადად რომაელ „დამპყრობთა" წინააღმდეგ იყო მიმართული11.
მოშურნეა ადამიანი, ვინც ენერგიას არ იშურებს. ამ კონტექსტს შეესაბამება სიტყვა - გამოეშურებ-ა (გამოეშურა, გამოშურებულა) გრდუვ. ვნებ. აქეთკენ მოაშურებს, ჩქარა წამოვა, აჩქარებით გამოსწევს, გამოემართება. და ა.შ. ასევე მსგავსი მნიშვნელობისაა - საშური შემოკლ. შესაშური საჩქარო, სასწრაფო, დასაშურებელი და ბოლოს, საყურადღებოა ძველქართული შურომა, შრომა „დაშურომა", „ღუწა", კეთება, მუშაობა, აგრეთვე: დასაშრომელი, დაშრობა, დაშრომა, დაშურომა/დაშრობა, დაშურობა, დაშრომითი,მაშურალი, მოშრომება,მოშ(უ)რომა, ნაშრომი, უშრომელად, ურვა12.
6. ბოროტი მოშურნეობის სიკეთედ გარდაქმნა
ამ საკითხის განხილვისას, ქრისტიანობის მდევნელი სავლე, შემდეგში გარდაქმნილი -პავლე მოციქული გვახსენდება: „და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროის მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათვის მოძღურებათა" (გალ. 1.14); ძმანო, ნებაჲ გულისა ჩემისაჲ და ვედრებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ ისრაჱლისათჳს არს საცხორებელად. ვეწამები მათ, რამეთუ შური საღმრთოჲ აქუს, არამედ არა მეცნიერებით რამეთუ უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლისა მისგან ღმრთისა და თჳსსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად, და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს (რომაელთა მიმართ 10: 1-3).
ადამიანს, სიმართლის ცოდნით და მონდომებით შეუძლია ვნებითი წადილი გარდაქმნას ღმრთისაკენ ლტოლვად, რადგანაც მას ვნებითი პოტენციალი, სწორედ ამ დანიშნულებისთვის მიეცა სინამდვილეში, და არა ბიწიერების განსახორციელებლად. როგორც მაქსიმე აღმსარებელი გვიხსნის, ვისი გონებაც მუდამ ღმერთთანაა, მისი წადილი (ἐπιθυμία) გადაიზრდება ღმრთისაკენ ლტოლვაში, ხოლო რისხვა (θυμός) სრულიად ღმრთის სიყვარულად გარდაიქმნება. რადგან ღმრთაებრივ ნათელთან ხანგრძლივი ზიარებით, იგი (გონება) განათლდება და, მჭიდროდ უკავშირდება რა თავის მსურველობით ძალას, აქცევს მას ღმრთისაკენ უსასრულო ლტოლვად და მოუკლებელ სიყვარულად, ხოლო მიწიერი საგნებისგან მთლიანად ღმრთაებრივისკენ მიემართება. შესაბამისად, აღმოჩნდება რა განღმრთობის მდგომარეობაში სული თავისუფლდება თავისი გულისთქმითი ნაწილის ყოველგვარი ბიწიერი აქტიურობისგან(მაქსიმე აღმსარებელი)13.
საყოველთაოდ ცნობილია რამდენად ძლიერია შურისძიების წყურვილით აღძრული ძალა ადამიანში, შესაბამისი ქმედებისას. რთული წარმოსადგენია ამ პოტენციალის სწორად წარმართვით რამდენი სიკეთის რეალიზება შეიძლებოდა მოეხდინა მას. ერთი კი ფაქტია, იმ უზარმაზარი ბოროტებისგან იხსნიდა, რითაც სავსეა კაცობრიობა თავის არსებობის მანძილზე. როცა ადამიანს ღმერთმა ასეთი შესაძლებლობა მისცა, რამდენად უგუნური უნდა იყოს კაცი, რომ სხვისი სიკეთით შეწუხებული თუ სხვადასხვა სიავის გამო შურისმაძიებელი ათას ბოროტებას სჩადიოდეს. მაშინ, როცა შესაძლებელია ჰქონდეს მოშურნეობა, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების საკითხი, რითაც სურვილი ნდომა, სიყვარული, სწრაფვა წადილი, ნატვრა მხოლოდ სიკეთის სამსახურშია. უდავოა, რომ შურის, როგორც ადამიანის სულის დამანგრეველი ნეგატიური ნიშნის დესემანტიზაციით, სახეზეა დადებითი სემანტიკური მნიშვნელობის, ადამიანისთვის სასარგებლო მოტივაციის შექმნის სრულად გონივრულ შედეგი. ამდენად, ყველა ადამიანს, ვისაც ღვთვსათნო გონივრულობაზე აქვს პრეტენზია, მარტივად შეუძლია აქეთკენ წარმართოს შურის ვნება, რათა განთავისუფლდეს მისი მავნე ზეგავლენებისგან.
გამოყენებული ლიტერატურა:
ენციკლოპედიური ლექსიკონი
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15997
წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელი, უხილავი ბრძოლა, საეკლესიო გამომცემლობა "ახალი ივერონი ", თბილისი, 2014წ.
Freud. S. ( 1920). Beyond the pleasure principle. Standard Edition (Vol. I II . pp. 1-6 4).
Freud, S. ( 1 933). New introductory lectures on psychoanalysis. Standard edition (Vol. 22. pp. 1-1 82).
წმინდა ბასილი დიდი „სწავლანი შურის შესახებ" martlmadidebloba.ge
მამათა სწავლანი. X და XI სს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილ.აბულაძემ (ძვ.ქართული ენის ძეგლები. 8), 1955წ.
ზურაბ ჭუმბურიძე, ქართული სული და შური, მესამე ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბილისი 1999წ.
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული IIტომი, გამომცემლობა „მერანი" თბილისი, 1993წ.
მედეა ღლონტი, მაია კობიაშვილი, „შურის ლექსიკურ-სემანტიკური ბუდისათვის", იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თბილისი, 2010წ.
ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010.
ბიბლიის ენციკლოპედია. ერთტომეული. თბილისი 1998 წ.
ძველი ქართული ენის შეერთებული ლექსიკონი : 16800 სიტყვა : [შემდგ. გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე ; - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2008 (გამ-ბა "სამშობლოს" სტ.). - 452გვ.
მაქსიმე აღმსარებელი. V საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციების მასალები 2015.
თბილისი.
20.12.2022.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



