თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა

ჩვენ არ გვსურს, გვრცხვენოდეს იმის გამო, რასაც ვწერთ და არც ოდნავი სურვილი არ გვაქვს ვილაპარაკოთ, რათა არაფერი არ ვთქვათ. თუმცა ამას რომც ვეწრაფოდეთ, მაინც არაფერი გამოგვივიდოდა და, საერთოდ, არც არავის გამოუვა. ყოველი დაწერილი თავის თავში მოიცავს განსაზღვრულ აზრს, მაშინაც კი, როცა ის შორსაა იმისაგან, რის გადმოცემაზეც ოცნებობდა ავტორი. ჩვენ მწერალში ვხედავთ არა ვესტალს და არა არიელს: მწერალი ძალაუნებურად „ჩაბმულია", „ნიშანდებულია", ის - თანამონაწილეა და მისგან ვერ დაიმალება ყველაზე შორეულ თავშესაფარშიც კი; და თუკი არსებობს ეპოქები, როცა ის თავის ხელოვნებას იყენებს არაფრის მაქნისი ჟღერადობის წვრილმანი რამის გამოსაჭედად, ეს რაღაცაზე მეტყველებს, მაშასადამე, ან ლიტერატურა და ალბათ, საზოგადოება კრიზისულ ყოფაშია, ან გაბატონებული კლასები მიუთითებენ მწერალს ფუფუნების საგნების შექმნას სიფრთხილის გამო, რათა მან არ შეავსოს რევოლუციის რაზმები. ვინაა ფლობერი ჩვენს თვალში, თუ არა ნიჭიერი რანტიე, ნაძაგები ბურჟუა, რომელსაც ჰგონია, საიმედოდ გავიმიჯნე სოციალური მანქანიდან? განა არა დგას მისი დახვეწილი ხელოვნების მიღმა კრუასეს კომფორტი, დედისა და დისწულის ზრუნვა, გამოზომილი რეჟიმი, აყვავებული საქმე, კუპონების რეგულარული შეკვეცა? არც ისე მრავალი წელია საჭირო, რათა წიგნი იქცეს საზოგადოებრივ მოვლენად, რომელიც განიხილება სოციალურ ინსტიტუტებთან და სტატისტიკით აღირიცხება სხვა საგნებთან ერთად; არც თუ ისე დიდი მანძილით დაშორებაა საჭირო, რათა წიგნი შეერწყას თავისი ეპოქის ავეჯს, მის ტანსაცმელს, ქუდებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სასურსათო პროდუქტებს. ისტორიკოსი ჩვენს შესახებ იტყვის: „თუკი ისინი კითხულობდნენ ამას, იცვამდნენ ასე". პირველი სარკინიგზო გზები, ქოლერა, ლიონელ ფეიქართა აჯანყება, ბალზაკის რომანები, ინდუსტრიის ბობოქარი განვითარება - თანაბარზომიერად ახასიათებენ ივლისის მონარქიას. ყოველივე ეს არახალია და მრავალჯერ თქმულა ჰეგელის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვინდა მისგან პრაქტიკული დასკვნები გამოვიტანოთ. მწერალს როგორც კი ჩამოერთმევა გაქცევის ყოველგვარი შესაძლებლობა, გვსურს, რომ ის განუყრელად იყოს დაკავშირებული თავის ეპოქასთან; ეს მისი ერთადერთი შანსია, ეპოქა მისთვისაა წარმოქმნილი და მწერალი ამ ეპოქისთვისაა შექმნილი. საწყენია, რომ ბალზაკი გულგრილი დარჩა 1848 წლის რევოლუციისადმი, რომ ფლობერმა გამოავლინა კომუნის ლაჩრული გაუგებლობა. გვწყინს მათ გამო; მათ რაღაც სამუდამოდ გაუშვეს ხელიდან. ჩვენ არ გვსურს ჩვენი დროიდან რაიმე გავუშვათ ხელიდან: შესაძლებელია, არსებობენ უფრო მშვენიერი დროები, მაგრამ ეს დრო - ჩვენია; ჩვენი მხოლოდ ეს ცხოვრებაა, რათა ვიცხოვროთ ამ ომის წლებში და შეიძლება ამ რევოლუციით. მაგრამ აქედან სრულებით არ გამომდინარეობს, თითქოს ერთგვარ პოპულიზმს ვქადაგებდეთ, სულაც არა. პოპულიზმი - დაძაბუნებული ბალღია, უკანასკნელ რეალისტთა სუსტი ნაშიერი; ეს - თამაშიდან გასვლის მორიგი ცდაა. ჩვენ, პირიქით, დარწმუნებული ვართ, რომ თამაშიდან გასვლა არ შეიძლება. ქვებივით მუნჯი და უტყვიც რომ ვიყოთ, თვით ჩვენი პასიურობა იქნებოდა მოქმედება. ის, ვინც თავის ცხოვრებას ხეთების შესახებ რომანების წერას მიუძღვნის, თვითონ ჩამოცილდება - სწორედ ამით უკვე დაიკავებს მკაფიო პოზიციას. მწერალი იმყოფება განსაზღვრულ ვითარებაში - თავის ეპოქაში: ყოველი მისი სიტყვა და დუმილიც გამოხმაურებას იწვევს. მე ფლობერსა და გონკურს პასუხისმგებლად მივიჩნევ კომუნის დაცემის შემდგომი რეპრესიებისათვის, ვინაიდან მათ ერთი სტრიქონიც არ დაწერეს, რათა რეპრესიებისათვის ხელი შეეშალათ. იტყვიან - ეს არ იყო მათი საქმე, აბა, კალასის პროცესი იყო ვოლტერის საქმე? აბა, დრეიფუსის მსჯავრის დადება იყო ზოლას საქმე? ან კიდევ, კონგოში ადმინისტრაციული წესები იყო ჟიდის საქმე? ამ ავტორთაგან თითოეულმა თავისი ცხოვრების განსაზღვრულ ვითარებაში აწონ-დაწონა თავისი მწერლური პასუხისმგებლობა. ჩვენ ოკუპაციამ გვასწავლა ჩვენი პასუხისმგებლობა. ვინაიდან თვით ჩვენი არსებობის ფაქტით ზემოქმედებას ვახდენთ ჩვენს დროზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ შეგნებულად. მაგრამ აქ აუცილებელია დაზუსტება: მწერლები ხშირად მიისწრაფვიან შეიტანონ თავიანთი მოკრძალებული წვლილი მომავლის მომზადებაში. მაგრამ მომავალი ბუნდოვანი და სპეკულაციურია, კაცობრიობის ეს საერთო მომავალი ჩვენთვის უცნობია. სასრულია თუ არა ისტორია? ჩაქრება თუ არა მზე? როგორი იქნება ადამიანის მდგომარეობა სოციალიზმის დროს 3000 წელს? ამგვარი სახის ოცნებებს ფანტასტებს ვუტოვებთ - ჩვენ უნდა გვაწუხებდეს ჩვენი ეპოქის მომავალი, შეზღუდული მომავალი, აწმყოსაგან თითქმის განუყოფელი - რადგანაც ყოველი ეპოქა, როგორც ადამიანი, უპირველეს ყოვლისა - მომავალია. ის არის დაწყებულ შრომებში, განხორციელებულ ჩანაფიქრში, მეტად თუ ნაკლებად თვალმისაწვდომ დროში განხორციელებულ ჩვენს პროექტებში, ჩვენს მშფოთვარებაში, ჩვენს ბრძოლაში, ჩვენს იმედებში. როდის დასრულდება ომი? როგორ წაიმართება ქვეყნის აღდგენა? როგორ აეწყობა საერთაშორისო ურთიერთობები; როგორი იქნება სოციალური რეფორმები? აღჯობებენ კი რეაქციული ძალები? აღსრულდება კი რევოლუცია და როგორი იქნება ის? აი, ეს მომავალი - ჩვენია და სხვაგვარი არ გვსურს. რა თქმა უნდა, არიან მწერლები, არც თუ იმდენად საჭირბოროტო საქმეებით შეწუხებულნი და ჩვენზე შორსმჭვრეტელნი. ისინი ჩვენს შორის გაივლიან, როგორც არმყოფნი. მაგრამ სად არიან ისინი? თავიანთ ბაბიშვილებთან ერთად ბრუნდებიან, რათა განსაჯონ განვლილი ეპოქა, რომელიც ჩვენი ეპოქა იყო და რომლისგანაც ცოცხლები დარჩნენ მხოლოდ ისინი. მაგრამ მათი ანგარიში მცდარია: სიკვდილშემდგომი სახელი არასაიმედოა. რა არის მათთვის ცნობილი შთამომავლობის შესახებ და იმის შესახებ, რომელ ჩვენგანს გამოსტყუებენ დავიწყებას? უკვდავება - საშიში ალიბია: ძნელია იცხოვრო ისე, რომ ერთი ფეხით საფლავის ერთ მხარეს იდგე, ხოლო მეორეთი - მეორე მხარეს. როგორ უნდა აკეთო ყოველდღიური საქმე, როცა მათ ამ სიშორიდან უცქერი? როგორ გაგიტაცოს ბრძოლამ, როგორ გავიხაროთ გამარჯვებით. ყველაფერი თანაბარი ღირებულებისაა. ისინი გვიცქერენ და ვერ გვხედავენ: მათ თვალში ჩვენ უკვე ცხედრები ვართ და ისინი უბრუნდებიან თავიანთ რომანს იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ვერასოდეს ვერ ნახავენ. მათ ნება მისცეს უკვდავებას, მოეპარა მათთვის ცხოვრება. ჩვენ კი თანამედროვეებისათვის ვწერთ, ჩვენ არა გვსურს სამყაროს ვუცქიროთ მომავლის თვალით - ეს იქნებოდა ჩვენი სამყაროს ჩაკვლა ყველაზე უტყუარი საშუალებით. ჩვენ მას ვუცქერით ადამიანური თვალებით, ჩვენი ნამდვილი მიწიერი თვალებით. ჩვენ უნდა მოვიგოთ ჩვენი პროცესი არა უმაღლეს სააპელაციო ინსტანციაში და ჩვენ არ გვაინტერესებს სიკვდილშემდგომი რეაბილიტაცია - პროცესი მოიგება ან წაიგება მხოლოდ აქ, მხოლოდ ჩვენი სიცოცხლის ჟამს.

სქოლიო:

ჟან-პოლ სარტრის მიერ დაარსებული ჟურნალი (1945 წ. ოქტომბერი).

ოჯახის ღვთაების - ვესტას ქალწული ქურუმი.

ჰაეროვანი, უხორცო არსება.

ფლობერის ადგილ-მამული ნორმანდიაში.

ფრანგი ვაჭარი ჟ. კალასი, შვილის მკვლელობაში დადანაშაულებული, უსამართლოდ იქნა დასჯილი 1762 წ. ვოლტერის ჩარევით საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 1765 წ. მოხდა კალასის სიკვდილშემდგომი რეაბილიტაცია.

ჯაშუშობაში უსაფუძვლოდ დადანაშაულებული ებრაელ კაპიტან დრეიფუსს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა და გადასახლება (1894 წ.). ზოლას წერილმა „მე ბრალს ვდებ" მოახდინა არაჩვეულებრივი ეფექტი და 1899 წ. ინდივიდუალური ამნისტიის წესით დრეიფუსი გაათავისუფლეს, ხოლო 1905 წ. დანაშაულის შემადგენლობის უქონლობის გამო მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია.

1925-1926 წ.წ. ჟიდმა იმოგზაურა კონგოსა და ჩადში. კოლონიალური ხელისუფლების თვითნებობით აღშფოთებულმა წამოიწყო აქტიური ბრძოლა, რის შედეგადაც საფრანგეთის პარლამენტმა გააუქმა იქ არსებული ადმინისტრაციული წესები.