
ძველებს დავშორდი, ვერ მივედი ახლოს ახლებთან...
ადრე გოგონებს ვაცილებდი, ახლა იმედებს
ვაცილებ... არის შთამბეჭდავი მათში სხვაობა...
როგორც მწყურვალე აფრიკელი ეძებს ბაობაბს,
მე ვეძებ თვალებს, ჩემთვის ცრემლს რომ გამოიმეტებს.
დაკეტილია ყველა ბირჟა... ქაღალდს ფასიანს
ჩემთვის ისედაც აღარა აქვს რაიმე ფასი.
ცამ მომახურა დაღვრემილი დაისის ფლასი
და მე ვშლი ძველი ვარსკვლავებით ახალ პასეანსს.
იელვებს თითქოს ალაგ ქვევრი, ალაგ ტიკი და
ვგრძნობ, დაღლილ მხრებზე ქვალოდივით მაწევს წარსული.
გადარჩენაზე მწარე ფიქრით ვარ მოგარსული
და უცნაური ხმები მესმის გალაქტიკიდან.
რაც მახარებდა, რაც მათბობდა, რაც მამაღლებდა,
სადაა ახლა ან საერთოდ იყო თუ არა!
თითქოს საწიერს ქარიშხალმა გადაუარა,
ძველებს დავშორდი, ვერ მივედი ახლოს ახლებთან.
13 მაისი, 2025, თბილისი
და არც კი ვიცი, ამ წარღვნაში თუ გადავრჩები!..
ჩვენ ვიძირებით. მოთქიშინებს ტრიუმში წყალი.
ქვეყანა მყრალი მაღლა რჩება, დაბლა შლამია.
სუფრას ღვინიანს, მწვადებიანს და ხაშლამიანს
ჰყრის გემბანიდან თმებგაშლილი, შეშლილი ალი.
ფარავს ბურუსი საწყვდიადე მტრების ნაციხარ
თხემებს... სახეში დაუნდობლად გვცემს ხოშკაკალი.
უყვირის ძმაკაცს ძმაკაცი და დაქალს დაქალი
აშკარა ზიზღით: "შენ ქოცი ხარ!.. შენ კი - ნაცი ხარ!"
მღვრიე მორევმა წამოაგდო ზეზე რვა ტივი,
მეცხრე გაირღვა და ხეების რიცხვი მცირდება,
რომლებსაც უკვე ორთაყვირი არ დასჭირდება,
როგორც ცვედანის შემთხვევით ქალს პრეზერვატივი.
გავცვითე უკვე წუთისოფლის სტავრა-ფარჩები
და ვდგავარ ტანზე თითქმის სამოსშემოძარცული.
აწმყოსთან ერთად იმსხვრევა და ქრება წარსული
და არც კი ვიცი, ამ წარღვნაში თუ გადავრჩები!
13 მაისი, 2025, თბილისი
ვეჩვევი დუმილს, როგორც ფორმას ახალი ყოფის...
დაშრა სათქმელის როსმე მართლაც უფსკერო ჭა და
გაუწყდა ჯაჭვი უსამანო ფიქრის ოწინარს.
რა ვქნა, ვერ ვხედავ უკვე ქარში, როგორც უწინ, არსს,
რომ აშრიალებს გაუძლისი ტკივილის ჭადარს.
სანუკვარ სიტყვებს აღარ შერჩა ძველი ჯავარი,
ვუსმენ, ვუსმენ და, ვგრძნობ, ძარღვებში სისხლი არ ტოკავს.
უთვალავ ხალხში ამიერით მე ვარ მარტოკა
და ჭკნება ყანა, როსმე უხვად ნათავთავარი.
მაგრამ რაც იყო, აქაა და არსად არ წავა.
მას დროის ცელი ვერასოდეს ვერ შეეხება.
წარსულის ლანდი, მზისსახა და ოქროსფეხება,
გვერდით მახლავს და მეტის მდომი უკვე არცა ვარ.
ვეჩვევი დუმილს, როგორც ფორმას ახალი ყოფის,
თუ რაზე ვდუმვარ, მე ვიცი და შენ იცი ოდენ.
მე მახსოვს, შენი ბაგეები თუ როგორ თრთოდენ
და საუკუნო ნეტარებად ეს ხსოვნაც მყოფნის.
14 მაისი, 2025, თბილისი
ვარ ულოტბარო, უორკესტრო, უროიალო!
ვაგროვებ ჩუმად უკვე ჩავლილ დღეთა არილებს,
ჩემი სამყარო ცალ პეშვშიაც კარგად მეტევა.
არც ვინმეს ველი, აღარც ვინმეს მოიმედე ვარ,
ცარიელია ძველი სუფრა საპურმარილე.
მე ვინც მიყვარდა, თითო-თითოდ ყველამ დამტოვა,
არც მეგობარი, არც მოკეთე, არც ნათესავი!
წარსული სულში ჩაესვენა ჩამქრალ მზესავით
და ვუმზერ, როგორც პროცესიას, ახლა ამ თოვას.
"რა კარგი იყო!.." - წამომცდება დაღლილს ანაზდად
და გაიელვებს თვალწინ წყება ნათელ სახეთა.
ო, მათ თვალებში წამით ისევ რომ ჩამახედა,
არ მექნებოდა სამდურავი ამ ქვეყანასთან!
არ გაქვს საბაბი, ჩემს გარშემო, შურო, იალო!
შეგრჩი მარტოდენ ტკივილის და ჩონჩხის ამარა.
საჩემო სცენა წლების ზვავმა დაასამარა,
ვარ ულოტბარო, უორკესტრო, უროიალო!
15 მაისი, 2025, თბილისი
და ამას ჰქვია: "ბლოკნოტიდან ნოუტბუკამდე!"
ვათვალიერებ ძველ დღიურებს... რა სინათლეა!
არც სინანული, არც თვითგვემა, არც გაორება!
მიმოღვრილია სიხარულის ცრემლი ტბორებად,
თითქოს ემბაზთან თავზე მადგას ასი ნათლია!
მე ვუბრუნდები ძვირფას ქუჩებს, სახლებს, ვერანდებს,
სადაც მეგონა, რომ ცხოვრება არის მარადი.
ო, ციცქნა განძო დავიწყებულ წიგნის კარადის,
არ გაიფანტო, არ გაიბნე, არ გავერანდე!
მე ვინც მიყვარდა, მე ვინც მიყვარს, ისევ აქ არი,
და ყოველ მათგანს სისათუთის ნაყში ავლია.
არ მსურს ვირწმუნო, რომ ჩემ თვალწინ მხოლოდ ნავლია
და იავარქმნილ ოცნებათა ნაქალაქარი.
მოგონებათა ლანდი, სადაც წავალ, უკან მდევს,
ორ ნაპირს შორის ხსოვნა ბონდის ხიდად ჰკიდია.
იქ წარსული და მომავალი ერთად მიდიან
და ამას ჰქვია: "ბლოკნოტიდან ნოუტბუკამდე!"
17 მაისი, 2025, თბილისი.
ცვივა ფიფქები, ყინავს ყინვა, ქარები სტვენენ...
რასაც ველოდი, არც მოვიდა, აღარც წავიდა,
და მეც იქა ვარ, სადაც ცივი ქარები სტვენენ.
არ იწერება, აღარ რეკავს ძვირფასი N.N.
გააქვთ ზოდები სიყვარულის განძსაცავიდან.
მე შევეჩვიე ამგვარ ყოფას... მე ვარ ამ ყოფის
უხმო მძევალი... არ დამეძებს უკვე არავინ.
იყო სასახლე, გახდა ქოხი, გახდა კარავი,
მომრავლდა ჭირი, აღარ დარჩა ჭირის გამყოფი.
ალვაც რომ იყო, აირჩევენ ბრიყვნი მაინც ძელს,
შენ კი იდექი და ტოტები უქმად არხიე!
ვინ გაგიხსენებს როსმე ქადაგს, ლექსის არქიელს
და დამაშვრალთა უანგარო, კეთილ მაინძელს!
გაქრა ნისლებში, ბურუსებში ნანატრი N.N.
და აღარ მომდის მისი სუნთქვა N ქალაქიდან.
ზამთარმა ცაზე დავიწყების დროშა დაკიდა -
ცვივა ფიფქები, ყინავს ყინვა, ქარები სტვენენ.
21 მაისი, 2025, თბილისი
და დარჩენილ გზას მზერას ვავლებ თვალდახუჭული...
დავხუჭავ თვალებს და მგონია, ვაჩერებ დროჟამს,
ვხედავ, რაც მინდა, რაც მწყურია, რაც მენატრება.
ხსოვნის ლანდები ციმციმებენ კინოკადრებად,
და სიზმარეთის ყვავილებით ივსება ლოჟა.
მე მარტო ვზივარ ბნელ დარბაზში... აქ არც ცხელა და
არც ცივა... ეკრანს ესევიან ფიქრის პეპლები.
ალბათ, ოდესმე მათ ფარფატში დავიფერფლები
და ისტორიის ფსკერზე წავალ, როგორც ელადა!
ცხოვრება ძუნწი ვაჭარია, ხარბი მევახშე...
და არასოდეს ზედმეტ წამს არ გამოიმეტებს.
მე ვსდიე კვალში მირაჟივით ჩამქრალ იმედებს
და კატასტროფის შემზარავი ხმებიც მე ვახშე!
მოვვლე სურვილთა ყველა კუთხე, ყველა კუნჭული,
(ოჰ, გულუბრყვილოს მდომებია რამდენი რამე!..)
ვზივარ, ვიგონებ აწ ჩაქროლილ ფარსებს და დრამებს
და დარჩენილ გზას მზერას ვავლებ თვალდახუჭული.
22 მაისი, 2025, თბილისი
ო, ესეც, ალბათ, წარმოსახვის იყო თამაში...
საოცარია, მახსოვს ის, რაც მე არ მინახავს,
მტკივა, რაც ჩემი სატკივარი არაა თითქოს.
მაშ, ეს ფანტომი საიდან გაქვს, ვინმემ რომ მკითხოს,
ვეტყვი: მე იგი წარმოსახვამ შემომინახა!
მახსოვს სასახლე (უნახავად), სადაც მირონი
გადმოსდიოდა სიყვარულის ოქროს ფიალას.
შენ იქ იყავი, იქ ცხოვრობდი, გერქვა "ტრფიალა"
და მოგიხმობდა უნაპირო ცის საფირონი.
მე ისიც მახსოვს (დაუსწრებლად), ზღვა იყო წყნარი
და შენ მზის ჩასვლას გასცქეროდი პალმის ჩეროდან.
არც კი გიცნობდი, არც მენახე, მაგრამ მჯეროდა,
რომ გულში უკვე მებადება საშენო პწკარი.
და ისიც იშვა... თითქოს თმებში დამა მაქსოვდა
ელვარე სხივებს... შეგიცანი მე იმ დამაში...
ო, ესეც, ალბათ, წარმოსახვის იყო თამაში,
მე რომ რატომღაც საუკუნოდ დამამახსოვრდა!
24 მაისი, 2025, თბილისი
ჩვენი ამგვარი ყოფა, ალბათ, უფალს ენება...
დიდი ხანია, ეს ქვეყანა ჩემი არ არი,
აქ ხალხთან ერთად შეცვლილია უკვე ჰაერიც.
დავდივარ ცოცხალ გვამთა შორის, როგორც ფრაერი,
წინ უფსკრულია, ქვესკნელია და ტარტარარი.
დღეს ნაყოფს ისხამს ჩვენი მწარე დაუდევრობა,
ორჯერ ორივით ნათელია, ვის რა შეშლია!
ზუზუნებს ქარი: "დაიხსომე, ბრალი შენშია!"
"დიახ, შენშია!" - გვიმეორებს შორით ევროპა.
მწერენ: "რას დუმხარ, როცა ზეცის თაღი ინგრევა!"
ვპასუხობ: "ვდუმვარ, რადგან სიტყვის ნიჭი დავკარგე!"
მართლაც ვინ მკითხავს ამ ჭაობში სოფლის ავ-კარგებს!
როგორც დაღლილი გლეხი იტყვის, ახლა "ინგრე ვარ!"
ჩვენი ასეთი ყოფა, ალბათ, უფალს ენება,
გიგანტურ ქვაბში განუწყვეტლივ ბუყბუყებს ბოღმა...
მე შემახსენა იპოდრომზე ვირების დოღმა
ბედაურების უსახელოდ გადაშენება!
24 მაისი, 2025, თბილისი
არა, ბატონო, ასჯერ ვიტყვი: არა, ბატონო!..
აღარაფერი აღარ დარჩა, გაქრა ყოველი.
რა მელექსება, ღმერთო ჩემო, რა მეწიგნება!
განა არ ვიცი, დღე თუ იყო, ღამეც იქნება,
და მოვა ერთხელ უსათუოდ, რასაც მოველი.
კაცი კი არა, მთის მწვერვალიც ჭაღარავდება,
მწვერვალი რაა, ჩამოთოვა უკვე ბარშიაც.
ასაკი გაძღა. მიითვალა წლები. არ შია,
ბოლო დროს სულაც დამშვიდდა და აღარ ავდება.
მე ბევრ რამეში გამიმართლა... ბედს არ ვუჩივი,
თუმც არ დავმალავ, მეტი მსურდა, მეტი მეწადა,
და ის სასტიკი დარტყმა რომ არ გამომეცადა,
არ ჩამახშობდა ეს ცხოვრება ხმის მაყუჩივით.
შენში წერია, ჩემი ყოფის კარაბადინო,
რა ავიტანე, რას ვიტან და რისი ატანა
მომიწევს კიდევ... გაიმარჯვებს ბოლოს სატანა?
არა, ბატონო, ასჯერ ვიტყვი: არა, ბატონო!
25 მაისი, 2025, თბილისი
და ჰყვავის სევდა, ტკივილიდან ამონაზარდი...
ვცდილობ, ხსოვნიდან ამოვძირკვო ძველი დარდები,
ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა, წლები გადიან.
და სევდავ, ჩემო უთბილესო, სათნო გადია,
უფრო და უფრო, გატყობ, მეტად შეგიყვარდები.
რაც მამზევებდა, რაც მატკბობდა, რაც მახარებდა,
გაქრა, წავიდა, საუკუნოდ თვალს მიეფარა.
და აღმაფრენის ელექსირი, მე რომ მებარა,
დამექცა უცებ გადარჩენის აღთქმულ კარებთან.
მე არ ვიყვირე: "ვიღუპები, ვკვდები, ვთავდები!"
არ შევიმჩნიე, თითქოს კოღომ მიკბინა მკლავზე.
ჩემი სხეული, მოთქმითა და ვაებით სავსე,
სულის სიმშვიდის, სისპეტაკის გახდა თავდები.
სადღაა ახლა ოდინდელი ჟინი, აზარტი.
მახსოვს ცრემლი და აღარ მახსოვს ცრემლის მიზეზი.
თენდება დილა, ტრფიალივით უფაქიზესი
და ჰყვავის სევდა, ტკივილიდან ამონაზარდი.
25 მაისი, 2025, თბილისი
ნუ გეგონება, რომ ეს თითქოს ახლახან ვნახე...
თეთრი ცხენები ბალახობენ მდინარის პირას,
ჩამავალ მზეზე ოქროსფერი გადაჰკრავთ ფაფრებს.
წყალში შესვლის წინ ისწორებენ ნავები აფრებს,
შორით მოისმის სევდიანი მეგრული ბირა.*
სანახებიდან სიცხე წვიმამ უნდა მოლოკოს,
წვიმა კი არ ჩანს, წვიმამ ისევ დაიგვიანა.
დაბლა ბალახში უდარდელად ჰყვავის რძიანა,
მაღლა თეთრ ღრუბლებს მე ვამსგავსებ სიტყვა „молоко“-ს.
ჰგავს ქამა სოკო ცელქ ბიჭუნას, ხელში აყვანილს,
ურთხმელი ურთხმელს, თხმელა თხმელას გადაჭდობია.
მომწონს,ხეები ერთურთს ასე რომ ენდობიან,
რომ ბარდებიდან ნატვრისთვალად ბზინავს მაყვალი.
ტოტიდან ტოტზე დახტუნავენ მარდად ციყვები,
ბუჩქებში ტურას ელოდება ამაოდ მახე...
ნუ გეგონება, რომ ეს თითქოს ახლახან ვნახე,
სამოცდაათი წლის წინანდელ ამბავს გიყვები.
*ბირა *მეგრ.) - სიმღერა
27 მაისი, 2025, თბილისი
მე ოაზისის წყლით ვიშუშებ მძიმე ნატყვიარს...
ამოიწურა დრო, რომელსაც ერქვა "საჩვენო"
და შენს ნაჩუქარ საათს უკვე აღარ დავყურებ.
გადავდე განზე კალამი და წიგნიც დავხურე.
არ გეუბნები: "მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო!"
თურმე ასედაც შეიძლება: არც მე გელი და
არც შენ დარეკავ დომოფონში: "მოველ, აქა ვარ!"
და ჩემი ლექსი - ბოლო ბოდვა დაღლილ ასოთა,
უკანასკნელად აყვავდება, როგორც აგავა.
"მშვიდობა გქონდეს!" - ძველ იარას არ შევეხები,
რაც უკვე იყო, ხელმეორედ აღარ იქნება.
მაღლა ღრუბლები დაეკიდა წვიმის ჯიქნებად,
დაბლა დაიმსხვრა სიყვარულის ოჩოფეხები.
დრო კი სურვილთა უდაბნოში განაგრძობს დენას,
სად ქვიშას ჩემი ნაფეხური აღარც ატყვია.
მე ოაზისის წყლით ვიშუშებ მძიმე ნატყვიარს,
რომლის ავტორსაც არასოდეს არ გასცემს ენა!
26 მაისი, 2025, თბილისი
არ დაიჯეროთ, რომ მე მხედავთ, მე უკვე მოვკვდი!..
ვიყავი ყველგან, სადაც ყოფნა გულმა ინება,
გავიხედე და დავინახე - არა ვარ არსად.
სევდის მდინარე, მთით მომსკდარი ენგურის მსგავსად,
ასჯერ ნამეხარ ჩემს სხეულზე მოედინება.
ხსნას არ ვთხოვ ვინმეს და რომც ვთხოვო, სადაა მხსნელი!
ირგვლივ ვინცაა, ხსნა და შველა სჭირდება თავად.
შავი პროფილი იმზირება ღრუბლიდან ავად
და საჯალათე ნაჯახს ლესავს მსახვრალის ხელი.
ვიყავი ყველგან, მერე რა, რომ ვიყავი... არ ვარ
უკვე სადაც ვარ, იქაც... აღარ შევრჩი ლანდადაც
ცხოვრების ლანდშაფტს... ბინდში მიწყდა ბოლო კანტატა
და დავიწყების ზღვაში ჩადნა სურვილთა ქარვა.
მსგავსი ფიქრები, იცის ვინმემ, საიდან მოგვდის?..
მიზეზი მესმის, მაგრამ შედეგს, შედეგს ვერ ვხვდები.
და ამიტომაც გთხოვთ გულწრფელად, როცა შემხვდებით,
არ დაიჯეროთ, რომ მე მხედავთ, მე უკვე მოვკვდი!
28 მაისი, 2025, თბილისი
და... ცისკრის შუქი ეფინება ოცნების საყდარს...
თენდება უკვე. სოფლის თავზე ცა იფაკლება.
ამოისუნთქეს ღელეებმა თავსხმების შემდეგ.
გავედი კარში და ჩემს ახალ ჭიშკართან შევდექ.
მახარებს ეს დღე ღელეებზე არანაკლებად.
მე ისევ შინ ვარ და ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
რასაც მოვასწრებ, დაერქმევა შენი სახელი.
მე ახლა ვიცი ფასი დილით თვალის გახელის,
და მისი ფასიც, ვინც თავისით ცაში ავიდა.
ვკითხულობ წიგნებს, ბავშვობაში წაკითხულს... მათი
ყდების სურნელი კვლავ მაბრუნებს უხსოვარ დროში,
როცა მსუსხავდა სამეგრელოს ყინვა და თოში
და მაცხუნებდა მის ტატნობზე ციმციმა მნათი.
შრიალებს ალვა, მე რომ დავრგე ოდესღაც სახლთან,
და მის შრიალში ყურს ჩაესმის ბავშვობის ნანა.
აქ სხვა ხეებიც თითქოს სიყრმის ძეგლებად დგანან
და... ცისკრის შუქი ეფინება ოცნების საყდარს.
29 მაისი, 2025, თბილისი
დაუფლებია ხილვებს ჩემსას მეფისტოფელი...
ვტენი ტელეფონს, თუმც დარეკვას არ ველოდები.
(ეჰ, მიჩვეულის გადაჩვევა ყოფილა ძნელი!)
სახლის სტუმარი აქ ყოველდღე ღამეა ბნელი,
გაქრნენ ღუდები, გერონტები, არველოდები.
მე მახსენდება ამ ეზოში მესა თუთების,
ტყრუშულ ღობეზე აცოცებულ კიტრების გემო.
საით გაცურდი, სად ჩაყვინთე სიამის გემო,
შენ მოგონების ფსკერიდანაც მესათუთები.
როგორ მაკლია (გასკდა გული) დედ-მამა, და-ძმა,
ნათესავები, მეზობლები, მთელი სოფელი,
დაუფლებია ხილვებს ჩემსას მეფისტოფელი
და მიაქვს თავის ცხრაკლიტულში სიზმრების აცმა.
ჯერ კიდევ გუშინ მარტო ყოფნას სევდა არ ერქვა,
დღეს კი გარშემო იმ გუშინდლის ქუფრი ჩრდილია!..
იცოდეთ, ჩემი ტელეფონი დატენილია,
თუკი უეცრად მოგენატროთ ჩემთან დარეკვა.
29 მაისი, თბილისი, 2025
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



