
***
სამშობლო დედის გულია,
დედა ვინ ნახა უგულო.
შენ ჩემს ბუდეში კვერცხს რომ დებ,
ვინ დაგპატიჟა, გუგულო.
როცა ქვეყანა მთვლემარებს,
ძველებურად ვერ გუგუნებს,
სხვის ბუდეს დაეპატრონონ,
იმედი რჩებათ გუგულებს.
სამშობლო დედის გულია,
დედა ვინ ნახა უგულო.
შენ ჩემს ბუდეში კვერცხს რომ დებ,
ვინ დაგპატიჟა, გუგულო.
***
ჩემს დაკრძალვაზე, ჩემს კუბოში არავინ იწვა,
იყო ფიტული, გონების და გარეშე ფიქრის,
ვიღაც ღნაოდა,რომ საბრალოს შემჭამდა მიწა,
იყო ნოემბრის ჭიამყრალი ამიდი იმ თვის.
ყურჩამოყრილ ჭირისუფლებს ცრემლი არ ჰქონდათ,
სიტყვა არ ჰქონდათ,არაფერი არ ჰქონდათ თითქმის,
ფოთლებშემჭკნარი ყვავილები გარეთ გაჰქონდათ,
ცოტავდებოდა სახლში ყოფნის წუთები იმ თვის.
და მე ვიგრძენი მარტო დავრჩი,მოვხვდი იმ დროში,
როცა სიკვდილი არსებობას, მალავს, არ ამხელს,
მესიზმრა საწყლად გაშოტილი ვეგდე მინდორში,
ჩემი სიკვდილი დამიმალეს არ დამანახეს.
***
ძეგლს აღარავინ აგიგებს,
ძველი რაც იყო დაიმსხვრა,
ისეთი რამე შესძელი,
რომ შენი თავი დაიხსნა.
მუდამ სხვის ომში იბრძოდი,
სხვისთვის სიკვდილი გერჩივნა,
სანამ ღვთის ძალას იგრძნობდი,
თავი რომ გადაგერჩინა.
ქვეყანა შენი გეგონა,
და ქედმაღლობა დაგჩემდა,
ილიას ტყვია ესროლეს,
შენ ვიღა გადაგარჩენდა.
პირჯვარს იწერდა,ღმერთს გმობდი,
ხელში მახვილი გეჭირა,
სხვას კლავდი იმის იმედით,
თავი რომ გადაგერჩინა.
ცოდვები რომ შეგახსენონ,
გამონახავენ მაგის დროს,
ილიას ტყვია ესროლეს,
შენ ვინ ეშმაკი დაგინდობს.
***
ლომი ლომს წაჰკიდებოდა,
ცა ზანზარებდა რისხვიდან,
ყვავილი ამოდიოდა,
ლომის მჩქეფარე სისხლიდან,
ყვავილს ყნოსვდნენ სვავები,
ეგონათ იარწივებდბენ,
ჯერ ცოცხლად მყოფი ლომების,
დიდებას ინაწილებენ.
გული სტკიოდათ არწივებს,
(გრძნობდნენ რჩებოდნენ მარტონი),
რომ აკლდებოდა ქვეყანას,
მოსარჩლე,მხსნელი,პატრონი.
ძილწართმეული ქვეყანა,
იხარჯებოდა ომებად,
მთავარი იყო ლომები,
იხოცებოდნენ ლომებად.
სინათლე გამოპარვოდათ,
ბნელს აშუქებდა მთვარიდან,
ლომი კვდებოდა, ქვეყანა,
იბადებოდა თავიდან.
***
ვეღარ იტანენ ქალაქში,
კაცს უულვაშოს,უწვეროს,
მხატვარს, რომელიც ვერ ხატავს,
და მითუმეტეს თუ მწერლობს.
მომრავლდნენ ,,გენიოსები,,
ღირებულება ყალბდება,
და უფრო ფასობს ქალაქი,
რაც მეტად აყაყანდება.
ბევრს სხვისი ჯილდო ახელებს,
ხვდები სიკეთე არ ხარობს,
ხიდზე აწერენ სტრიქონებს,
ისეთს, რომ ხალხი ხარხარობს.
ჭრელია ხასიათები,
დრო ნიჭით აღარ ფასდება,
შენ რომ გგონია გხვდებიან,
დრო ყვავილებით სხვას ხვდება.
მთავარი არის იმედი,
და რათქმა უნდა გაძლება,
ზოგი ზის, წიგნებს კითხულობს,
ზოგო კარტს აწყობს, დაძვრება.
ნახვამდის ჩემო წარსულო,
და რუსთაველის ქვეყანავ,
სიკვდილსაც ვეღარ ვნახულობ,
გაგვიღარიბდა ქვეყანა.
მოდაში რჩება ვანგოგი,
არ ივიწყებენ პიკასოს,
ცაში ღმერთს ერკინებიან,
ადამიანი ვის ახსოვს.
ელგუჯა ბუაძის ხსოვნას
სამი დღით ადრე სიკვდილამდე,
მეგობრებს ვთვლიდით,
სამი დღით ადრე უიმედოთ
ჩვენ საფლავს ვთხრიდით.
წავიდა ჩემგან სევდიანი, საკმაოდ მშვიდად,
მიაჩოჩებდა ფეხებს, თითქოს ნაკვალევს შლიდა.
როდის მოხვალთქო,დავადევნე შეკითხვა უძლურს,
გნახაო,როცა წამლებისთვის მოვრჩები ძუნძულს.
თქვა,შემომხედა,არ დატოვა ჩემში იმედი,
მითხრეს კვდებაო,სანახავად ვეღარ მივედი.
დამრჩა ტკივილი,სინანული და სიმარტოვე,
იმაზე დარდი, რომ ვერ ვნახე და მივატოვე.
***
ეს თვეც ჩათავდა,
დარჩა ერთი შაბათი-კვირა.
მთელი თვისაგან,მაინც ბოლო
შაბათი მტკივა.
დაგემშვიდობეთ,სხვა გზა არ გვაქვს,
უნდა დაგმარხოთ,
ამ ერთხელ კიდე
ერთგულება რომ დაგანახოთ.
ბევრს ყვარებიხარ,
გაგაცილეს ცრემლით, გოდებით,
მოჩვენებები დაგვეწყება, მოგვაგონდები.
ჩვეულებრივად მზე ჩავა და მთვარე ამოვა,
ვერც ერთს გაიგებ,მდუმარება ამის გამოა.
ეს თვეც ჩათავდა...
***
აგვისტოს თვე შიშველია,
არ აცვია,ახურავს,
მცხუნვარე მზე ცეცხლს უკიდებს,
ოცნებების სახურავს.
ზღვა მკურნალობს,სიშიშვლისგან,
ქალებს თვალით ანარჩევს,
მის ტალღებში შეიტყუებს,
გემოვნებით აარჩევს.
ხშირად ზღვაზე რაც მრუდია,
სწორდება და ხალისობს,
სხვა ასრულებს დროებითად,
საკუთარი ქალის როლს.
აგვისტოს თვე შიშველია,
არ აცვია, ახურავს,
გრძნობ ცისფერი ოცნებები,
ტალღებივით გახურავს.
გრჩება ძვირფას რელიქვიად,
მოგონება ქალების,
მოლანდება,გახსენება,
მომლოდინე თვალების.
იხარჯება აგვისტოს მზე,
ითვლი,მაგრამ ითვლი რას,
შენ რომ ქალთან გორაობდი,
თვითმფრინავით მიფრინავს.
ისევ ფიქრი მომავლისთვის,
დაგეგმილი შეხვედრა,
და გაცნობა ხელახალი,
თუ გიკადრა შემხვედრმა.
***
შენ საით, ჩემო ქვეყანავ,
საითკენ გაგიწევია,
დროებამ სევდა შეგყარა,
წვალობ რამდენი წელია.
ხარ საოცნებო, მარადი
და საოცრებად დარჩები,
სიკვდილს სიცოცხლეს პარავდი,
ვალში არავის არ რჩები.
ღმერთია შენი მოკეთე,
თვითონ არავის მონა ხარ,
ვინც გიორგულებს, მოკვეთე,
ერთგულს უამრავს მონახავ.
შენ საით, ჩემო ქვეყანავ,
საითკენ გაგიწევია,
ღმერთი გფარველობს რომახარ,
სიკვდილი არ გვიწერია.
***
მიტოვებული გელათი,
ტკივილებს აჩვევს ქართველს,
გელათით ბევრჯერ ვღელავდი,
მონანიება მმართებს.
ჩამოუჟანგავს სამრეკლო,
ყინვას,თოვლსა და წვიმას,
გადაავიწყდათ ლოცვები,
ერიდებიან წირვას,
არ სძინავს აღმაშენებელს,
მთელ საქართველოს სძინავს.
***
სიკვდილს შეგუებული,
განერიდა სანახებს,
უყვავილოდ,უცრემლოდ,
წაასვენეს,დამარხეს.
დარჩა სიცარიელე,
კარებღია ოთახებს,
მარტო დარჩენილებმა,
მისი წიგნი მონახეს.
ნათლად იკითხებოდა,
რატომ,რისთვის იწვალა,
მოლოდინის ნატვრაში,
რისთვის გარდაიცვალა.
მიწას ჩახუტებული,
არაფერზე ფიქრობდა,
არაფერით მოვიდა,
არაფერი მიჰქონდა.
ღამეს გზას უნათებდა,
შუქი ბებერ მთვარიდან,
ზეციური სიცოცხლე,
იწყებოდა თავიდან.
არაფერი დამთავრდა,
მიწის მიყრით,დაკრძალვით,
პროცესს ღმერთი მართავდა,
თქვენ რომ სახლში წაბრძანდით.
***
აფხაზეთის დღეები,
მახსოვს როგორც სიზმარი,
რა ვქნა,ვერ ჩამოვდივარ,
მოგონებებს გიგზავნი.
ახლაც თვალწინ წარსულის,
წლები მელანდებიან,
დაკარგული დღეები,
წლები მედარდებიან.
თითქოს მეხსიერება,
დროებითად დავკარგე,
შორეულად გიხსენებ,
თითქოს ახლოს არ მყავდე.
თითქოს გულში არ მყავდე,
თითქოს წლები დამშრალა,
თითქოს ჩვენი წარსული,
მტრობამ ამოამშრალა.
ვერ მიშველის სიბერე,
ვიცი პასუხს რომ ვაგებ,
თვალები რომ ამიკრან,
უთვალებოდ მოგაგნებ.
მოგონება იმ დღეთა,
გულში ღვივის,ფათურებს,
ჩვენი ურთიერთობა,
ძველებურად ქართულობს.
ძველებურად აფხაზობს,
არ ჩამკვდარა წარსული,
არსად არ დაკარგულა,
ტრფობა დრო გადასული.
ძველებურად მიყვარხარ,
ძველებურად გნატრულობ,
თვითონ ვიცი ვინ მყავხარ,
განა სიტყვით ვხალტურობ.
აფხაზეთის დღეები,
მახსოვს როგორც სიზმარი,
რავქნა, ვერ ჩამოვდივარ,
მოგონებებს გიგზავნი.
***
საქართველო ქართველების ქვეყანაა,
თავს იწონებს ტურისტებთან გიდი,
ერთი გიჟი სამარცხვინოდ ყველგანაა,
ამ კაცს,ერთ დროს მეც სულელად ვთვლიდი.
დრო გავიდა, ყველაფერი გადაგვარდა,
შეიცვალა განსაზღვრება ვინხარ,
დავაკვირდი,შეურაცხადს აღარ ჰგავდა,
ვთქვი დროებავ, დაფიქრებად ღირხარ.
საქართველო ქართველების ქვეყანაა,
ვიმეორებ და ჩემ ნათქვამს ვიცავ,
თითო გიჟი სამარცხვინოდ ყველგანაა,
შენ ნუ მეტყვი,თვითონ ვხვდები ვინც ვარ.
***
პირჯვარს იწერ,ბედნიერი ამ ცით,
ყოველ დილას ეგებები ლოცვით,
არ ახარებ მტერს ტკივილით, მარცხით,
მდიდარი ხარ სულითა და ხორცით.
ძველი ხარ და ახალი ხარ მუდამ,
შენი სიბრძნით მოთმინებით,მრწამსით,
შენ ყოვეთვის პირველობა გსურდა,
მტრის ჯინაზე გაგიტეხავს ნამსი.
ვინც წავიდა, მიგატოვა, გნატრობს,
ახლა უარმყოფელია ბედის,
ცაში ეძებ მშველელსა და პატრონს,
მუდამ დგეხარ ღვთის და ღმერთის გვერდით.
ლექსებია ერთადერთი მოწმე...
თუმცა ლექსიც ვერ ითმენს და ბორგავს,
დრო გკარნახობს იმ სტრიქონებს, რომ წერ,
შენი ლექსი საქართველოს რომ ჰგავს.
***
ცერზე შემდგარი ვუცქერდი ბავშვი,
ვიღაც ახმახი გოგოს ჟიმავდა,
იყო ხორხოცი,ჭამა-სმა ბარში,
მერე ვიღაცა მობოჟიალდა
და ყველაფერი არივ-დარია,
ითხოვდა არაყს, იგინებოდა,
იდგა ლამაზი გოგონა დახლში,
და მომხიბვლელად იღიმებოდა.
ცეკვავდნენ რუსის გოგო-ბიჭები,
გადადიოდნენ გიჟურად მალაყს,
ემატებოდა ფასი და გემო
ეკარგებოდა თანდათან არაყს.
ის დღე ბევრ რამემ დამამახსოვრა,
უპირველესად გოგოს კრუსუნმა,
შტერის უკბილო სიცილ მასხრობამ
და არეულმა ქართულ-რუსულმა.
ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ ბავშვი,
ისევ ფხიზელი მქონდა გონება,
უბიწოებას ვხედავდი ქალში,
არ მსურდა ტრფობის გამოგონება.
გაფრინდნენ წლები,ვგრძნობ ცერის ტკივილს,
მე რომ ვიღაცის ცქერით ამტკივდა,
გახდა ცხოვრება თანდათან რთული,
და არაფერი არ გამარტივდა.
ახლაც ვიხსენებ იმ ლამაზ გოგოს
თვალებს,რომლებიც ყრიდნენ ნაპერწკლებს,
იმ დღეს დაკარგულს,ჩემს წრფელ ბავშვობას,
მოგონებებში ახლაც დავეძებ.
***
თანდათან სიკვდილს ეჩვევი,
ვერ ეგუები ლაჩარს,
შენ მარტოობას შერჩები,
განმხნევებელი არჩანს.
არაჩანს, რაიც არაა,
უსასრულობას ერთვი,
სიტყვაში ღმერთია ძალაა,
სხვა თუ ვერ ამბობს, შენ თქვი.
***
ყველაზე ცოდვა ისაა,
ვინც ვერ გაჩნდა და იშვა,
ვერ ააყვავა სიცოცხლე
გვარმა, სახელმა, ჯიშმა.
არ გაუგია არავის
არ არსებულის მოსვლა,
დროა ქურდის და მპარავის
და გრძნობ საწამლავს რომ სვამ.
ყველაზე ცოდვაა ისაა
არარსებულს რომ ერთვის,
რას იზამ, სული ცისაა,
საჩუქარია ღმერთის.
***
დღეები დაღამდებიან,
გათენდებიან ძილში,
ხარ ბედნიერი იმითაც,
დაიბადე და იშვი.
დღეები დაღამდებიან,
გათენდებიან ძილში,
სიტყვა მოკვდება,
სათქმელი შეგეყინება პირში.
გაგახსენდება იყავი,
დაგავიწყდება რომ ხარ,
სხეულს დაკონტნის ჭილყვავი
და არასოდეს მოხვალ.
***
ბიჭს სარკე ჩააყოლეთო,
საბრალო დედა ტიროდა,
მკვდარს სარკე რაღად უნდაო,
სოფელ-ქვეყანა კვირვობდა.
იქ მარტოდმარტო დარჩება,
ვერაფერს ნახავს ახალსო,
ვინმე რომ მომენატრება,
თავისთავს მაინც ნახავსო.
მიაცილებდნენ საბრალოს,
ხალხის ისმოდა გოდება,
სარკეში რომ ვიხედები,
რაც ვნახე მომაგონდება,
ვთქვი საბრალო ხარ სიკვდილო,
კაცი მშველელი არ გყავსო,
შენც ჩვენთან დასაფლავდები,
შენც ჭიაღუა დაგხრავსო.
დემოკრატიას ვერავინ წაშლის,
უკეთეს დროზე იზრუნოს სხვებმა.
ვინც ტახტზე იჯდა, წყალში ტივტივებს,
იხრჩობა კაცი, ვერავინ შველის,
თუ დრო შებრუნდა, დედას გვიტირებს,
მაგრამ არა აქვს იმედი შველის.
დაუძლევლობის დაიმსხვრა მითი,
ჯერ კიდევ ბევრი ამძიმებს მიწას,
მერამდენეა, სიცილით ვითვლი
და მავიწყდება ვინც იყო იმ წამს,
ძველი დიდება წლებმა წაშალა,
დაიწყო ძვრები, გრიალებს ხალხი,
ქუჩაში ყრია, წარსულის ძვლები,
გაბრწყინებული სიახლის ძვრებით.
თეთრი ფერებით იცვლება თალხი,
წვავენ ქუჩაში რაც რომ ძველია,
აზვირთებულა და გმინავს ხალხი,
ხალხის გენია უძლეველია.
მიუგდეთ წარსულს, მგელივით ვყმუი,
დაუძლევლობის იწყება მარში,
დაუფსეთ თვალი, დაუფსეთ ყური,
ვებრძვი, ვინც ნაცარს გვაყრიდა თვალში.
ბელადის თავი აგდია წყალში,
დრო უკვე ეძებს ახალ სახეებს,
ისეთი დროა ყველაფერს წაშლის
და მითუმეტეს წაშლის მნახველებს.
***
ჩემში ღამე შემოვიდა,
უვარსკვლავო, უმთვარო,
სიბნელე ვარ, გამათენე
დამეხმარე უფალო.
შემიბრალე, დამანახვე,
რომ სიმართლის მცველი ხარ,
სხვას უყურებ მე მგონია
მხოლოდ მე მიცქერიხარ.
ჩემში ღამე შემოვიდა,
უვარსკვლავო, უმთვარო,
სიბნელე ვარ გამათენე,
გევედრები, უფალო.
უპატრონოდ აღვიქმები,
თვალს მარიდებს ქვეყანა,
დამესიზმრა ჩემს საფლავზე
ყვავილები ეყარა.
ყვავილები სხვისი იყო,
მე მტიროდა ქვეყანა.
ჩემში ღამე შემოვიდა
უვარსკვლავო, უმთვარო,
ნეტა სხვისი ყვავილები
რად მინდოდა უფალო.
კომენტარები
- ჯერ არავის დაუწერია — იყავით პირველი.



